მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სადამდე გაგრძლდება რუსული აგრესია საქართველოში? - 24 აგვისტო 2015

„ჩვენ სული გავყიდეთ და ღმერთმა ამიტომ დაგვსაჯა, ვირებს დარჩათ მოედანი და ვინ უნდა უშველოს საქართველოს?“

რუსეთი საქართველოს ტერიტორიის მცოცავ ანექსიას აგრძელებს. ე.წ. სამხეთ ოსეთს რესპუბლიკის „სასაზღვრო ბანერი“ უკვე დასავლეთის ტრასიდან ერთ კილომეტრში დადგეს. ქართული მხარის და საერთაშორისო თანამეგობრობის პროტესტს შედეგი არ მოაქვს. ადგილობრივ მოსახლეობას „საზღვარს“ იქით დარჩენილი მიწებიდან მოსავლის აღების შესაძლებლობა მხოლოდ შემოდგომამდე ექნება, ისიც თუ თბილისში „ჭკვიანად“ იქნებიან და ზედმეტს არ იხმაურებენ. 

სამაჩაბლოში არსებულ რეალობასა და პერსპექტივებზე, „ქრონიკა პლუსი“ დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილს, ა/ო „იბერიელთა კავშირის“ თავმჯდომარე ლევან ხაჭაპურიძეს ესაუბრება: 

-ყველა შედეგს თავისი მიზეზი აქვს. თუ ამ მიზეზს არ გავაცნობიერებთ, ვერც ბოლო ფაქტებს შევაფასებთ. ყველაფრის მიზეზი 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალებაა. მანამდე არც ერთი ტერიტორია არ იყო დაკარგული. მე თვითონ სამაჩაბლოში, ქურთაში ვცხოვრობდი, 89 წლიდან ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი ჩართული. მოვლენები სხვადასხვა კუთხით შეიძლება შეაფასო. სულიერი კუთხით რომ შევხედოთ, სამაჩაბლოს ქვეყნის წინაშე დიდი მისია აკისრია. გახსოვთ, რომ საქართველოს სულიერი გამოღვიძება სამაჩაბლოს კონფლიქტით დაიწყო. მაშინ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები ცხინვალში ჩავიდნენ და მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, რომ ოსებსა და ქართველებს შორის დაპირისპირება არ მომხდარიყო. აქ ოსების ფენომენიც გასათვალისწინებელია, ვახტანგ გორგასლის პერიოდიდან მოყოლებული, გიორგი ბრწყინვალის დროს და ა.შ. ბევრი რამ სახელმწიფოს ბრალია, იმ დონეზე არ უნდა გაათამამო უცხო ტომი, რომ მერე მოგიტრიალდეს და შენი სიკეთე ბოროტებით გადაგიხადოს.  

- თანამედროვე კონტექსტში რას გულისხმობთ?

- იმის თქმა მსურს, რომ ოსებთან კონფლიქტი 90-იან წლებში არ დაწყებულა. ბიძაჩემი ელიოზ ხაჭაპურიძე პროფესორია, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია. თავის დროზე, მოსკოვში ასპირანტურა დაამთავრა და რომ ჩამოვიდა ცხინვალში მაშინდელი მიმართვით თუ რეკომენდაციით, სამსახური არ მისცეს, ქართველი ცოლი რატომ გყავსო. მერე ისიც უთქვიათ, ჯერ ოსის ბავშვი მონათლე და მერე მიგიღებთო. რეალურად, ასეთი პოლიტიკა იყო ჩვენთან. 

იცით, რომ ომამდე ცხინვალში ოსები უმრავლესობა არ ყოფილან. ყველაზე მეტი მოსახლე იყო ებრაელი, მერე ქართველები, სომხები და ბოლოს ოსები. თანაც, ცხინვალიდან თამარეშენამდე ჩრდილოეთით იყო სოფელი დგვრისი, რაჭველებით დასახლებული საბჭოთა მეურნეობა. მოგვიანებით ეს სოფელიც ცხინვალს შეუერთეს. ხოლო სამხრეთში იყო სოფელი გუჯაბაური, რომელიც ასევე ცხინვალს გზას გაუყენეს. აღმოსავლეთში მამისაანთუბანი შეუერთეს და ამ გზით ხელოვნურად გააფართოვეს ცხინვალი. ძალით გაკეთდა ეს ყველაფერი. 

ასევე, ცხინვალისა და დიდი ლიახვის ხეობის სოფლები იდეურად, სულიერადაც ერთმანეთისგან გაყოფილი იყო. გეტყვით რატომაც. ცხინვალელი ქართველები მაინც უფრო დამთმობები იყვნენ ოსების მიმართ, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო. გაყოფილი ვიყავით და ეროვნული სული ხეობაში უფრო ტრიალებდა. გუმბარიძის მთავრობა სწორედ მაშინ დაემხო, როდესაც სამაჩაბლოელებმა თბილისში აქციები წამოიწყეს; რადგან ჩვენთან ქართველობა ყველანაირად იჩაგრებოდა. 

მერე კიდევ უმაღლესდამთავრებული ქართველი იქ ვერაფერს მიაღწევდა და საშუალოდამთავრებული ოსი რაიკომის მდივნადაც ინიშნებოდა, ქალაქკომის მდივნად და ა.შ. 

ამ რეალობის გათვალისწინებით, ოსები ადრევე გვემუქრებოდნენ და გვირაბის გათხრას ელოდებოდნენ.  როკის გვირაბი როგორც კი გაიხსნა, მოქმედება დაიწყეს. მანამდე გვეუბნებოდნენ, რომ აი, ახლა გვირაბი გაიჭრას და მერე დედას გიტირებთო. ახლა ამის შეფასება აღარ ხდება. ფაქტია, რომ ეს პროცესი მოსკოვიდან იმართებოდა. რუსეთს რისთვის სჭირდებოდა სამაჩაბლოს რეგიონი? იმისთვის, რომ ჩვენი ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია დაემუხრუჭებინა. აფხაზეთი შავ ზღვაზე დომინირებისთვის სჭირდებოდა. შიდა ქართლი ყოველთვის იმისთვის უნდოდა, რომ ევროინტეგრაცია არ მომხდარიყო და ქართველ კაცს ევროპისკენ არ გაეხედა. 

მაგრამ ყველაფრის სხვისთვის გადაბრალებაც არ გამოვა. კაცი რომ თავის თავს უზამს, ისე სხვა ვერაფერს დააკლებსო, ასეა ჩვენი საქმე. 

2008 წლის ომის დროს ჩემი მშობლებიც იქ ჩარჩნენ. მე  თვითონ 15 წელია ირანში, სპარსეთის ყურეში ვმუშაობ და იქ ვიმყოფებოდი. მთლიანობაში, არც კი ვიცოდი, აქ რა მოხდა, იქ ტელეფონიც არ იჭერდა. ჩამოვედი და უკვე აღარაფერი იყო. ჩემი მშობლები იქიდან ბოლოს, 24 აგვისტოს გამოვიყვანე. მოხუცები ერთად შეკრიბეს, სახლები თვალწინ დაუწვეს და ა.შ. გახსენებაც კი არ მინდა იმ ყველაფრის, რაც თავს დაგვატყდა. 

- დღეს რა ხდება ადგილზე, რასაც ყველა თვალყურას ვადევნებთ?

- ე.წ. საზღვარზე ამაო ფაფხურობას აქვს ადგილი. როგორც ყველგან, კარგი ხალხი ნაციონალებშიც არის, მაგრამ სამაჩაბლოში შექმნილ მდგომარეობაზე მთავარი პასუხისმგებელი მათი პოლიტიკური ლიდერია. რატომ შექმნეს თავის დროზე  დიმა სანაკოევის ე.წ. მთავრობა, ყველაფერი აქედან დაიწო. 

თუ გახსოვთ, 2006 წელში 80 მილიონი ევრო გამოიყო ევროკავშირისგან. აქედან სადღაც 60% საქართველოს ხელისუფლებას რჩებოდა, 40% კი კოკოითთან მიდიოდა. ეს რომ არ მომხდარიყო, მათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა შექმნეს. ეს საქმე ფულის საკეთებლად გაკეთდა, მეტი მიზანი მათ არ ჰქონდათ. სამხრეთ ოსეთის ოლქი 1991 წელს გაუქმდა. მერე ზვიადმა ყაზბეგში ელცინი ჩამოიყვანა და ამ გაუქმებაზე ხელი მოაწერინა. იქ არანაირ ოსურ რესპუბლიკაზე საუბარი აღარ მიდიოდა და ამას რუსიც შეგუებული იყო. სააკაშვილმა ე.წ. რესპუბლიკა საზღვრებში აღადგინა. თუ რუსებთან ჩახუტებული არ იყო, ამას ვინ ეძალებოდა? გაუქმებული ოლქი რესპუბლიკად გარდაქმნა, პრეზიდენტად სამაჩაბლოში, მაჩაბლების ფუძეზე ოსი დაგვისვა. ფაქტობრივად, ხეობას სული გააყიდვინა და ამიტომაც დავისაჯეთ. ჩვენ სული გავყიდეთ და ღმერთმა ამიტომ დაგვსაჯა. ღირსნი ვართ იმისა, რაც შემდგომში მოგვივიდა. 

როგორ შეიძლებოდა სანაკოევი მჯდარიყო სამაჩაბლოში? ჩვენი დიდი ლიახვის ხეობა სულ რაჭა-იმერლებით დასახლებულია, სუფთა ქართული რეგიონი იყო, განსხვავებით თუნდაც გორის რაიონისგან და სხვა რეგიონებისგან. 

შექმნეს ადმინისტრაცია და მერე რა გააკეთეს? დალის ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვეს, ჩვენს რეგიონს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და ეს არის საწყისი იმისა, რაც ახლა ხდება ჩვენს თავს. დღესაც ჩვენი უბედურება იმაშია, რომ ისევ რუსის უშიშროების ემისრების „გულაობაა“ საქართველოში. დღესაც რუსული ნომენკლატურის ხალხი  მართავს ყველაფერს და რა უნდა ეშველოს ამ საქმეს? ყველაფერი ხომ მათზეა გაყიდული? 

ეს ე.წ საზღვრის გადმოწევაც სპეციალურად არის შემოგდებული, რათა შეგვაჩვიონ, რომ მათი ხაზი ცენტრალური ტრასიდან სულ რაღაც კილომეტრშია. ჩვენი საზღვარი კავკასიონზეა და არა ტრასასთან. ეს პირველ რიგში სამაჩაბლოელების და მთელი საქართველოს შეურაცხყოფაა. ამიტომ ჩვენგან სიტყვა საზღვარი საერთოდ არ უნდა ისმოდეს. რა საზღვარი, საქართველო ოკუპირებულია და სხვა, შესაბამისი ტერმინები უნდა გამოვიყენოთ. 

ახლა წიგნი უნდა გამოვცეთ სამაჩაბლოს სულიერი მისიაზე და რა გვინდა ამით ვთქვათ? ერთხელ გროზნოდან ზუგდიდში რომ ჩამოვიდა, ზვიადმა სესიაზე განაცხადა - როგორც საქართველოს ეკისრება მომავალში მსოფლიოს მხილების მისია, ასევე სამაჩაბლოს ჩვენი ცოდვილი ქვეყნის მხილების მისია აკისრია და ეს გამოიხატება ღვთით მოვლენილ იმ პირველ განსაცდელში, რომელიც საქართველოში სამაჩაბლომ მიიღოო. და სამაჩაბლო როცა ამოქმედდება, საქართველოსაც მაშინ ეშველებაო. მთელი უბედურება იმაშია, რომ რაც მოხდა და რაც ხდება, არ ვამხელთ. ვინმეზე რამეს იტყვი და უიმე, შენ ხომ განიკითხავო. მხილება და განკითხვა სხვადასხვა ცნებებია. დაჩლუნგებული ჰყავთ ხალხი ცალკე მღვდლებს, ცალკე პოლიტიკოსებს. ქრისტე რისთვის მოვიდა, პირველ რიგში ამხელდა მწიგნობრებს, ფარისევლებსა და მღვდელმთავრებს. ფარისევლები პოლიტიკოსები არიან და მწიგნობრები კი ვაიმეცნიერები. ასე ხდება დღესაც ხალხის დაბრმავება. მოაზროვნე, მოქმედების მოყვარული ქართველების  70% პროცენტი ქვეყნიდან წასულია. ვირებს დარჩათ მოედანი და ვინ უნდა უშველოს საქართველოს?

თუ ხალხმა არ გააცნობიერა, რომ პირადულზე კი არა, საზოგადოებრივსა და ქვეყნისაზე უნდა იფიქრო, არაფერს ეშველება. ქვეყანაში ეროვნული მოძრაობის ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს. 

- ბანერი ისევ გადმოიტანეს, ცდილობენ ჩვენს შეგუებას, ხელისუფლება რამდენად ქმედითად რეაგირებს ამაზე? 

- 1992 წლიდან ქვეყნის ინტერესებზე მოფიქრალი ხელისუფლება სათავეში არ მოსულა. როგორმე ხუთი ოთხი-წელი თავის გატანაზე ფიქრობენ, მეტი არაფერზე. ხელისუფლებაში ისეთი ხალხია თავმოყრილი, ამათ პასუხი რაზე უნდა მოსთხოვო? რამეს შეცვლინ პოლიტიკოსები, რომლებიც 90-იანი წლებიდან ჩვენ თვალწინ არიან? აქეთ-იქით გადაჯგუფდებიან ხოლმე, ამით ხომ შინაარსი არ იცვლება. ამათი პოლიტიკაა - შემაფურთხა, მოვიწმინდეო. ხალხის გასაბითურებლად საჯაროდ ერთმანეთს ლანძღავენ, მერე ერთმანეთს ეარშიყებიან, ყველაფერზე მიდიან; ერთურთზე ისეთი კომპრომატები აქვთ, რომ სულით და ხორცით ერთნი არიან. 

ამიტომ ეს ხალხი თუ არ მოშორდა (ვინც ქვეყანა დააქცია), არაფერი გვეშველება. ახალი სახეები უნდა მოვიდნენ, ახალგაზრდობა, ახალი სისხლი უნდა მოვიდეს, დღეს ჩრდილში მყოფი პატიოსანი ხალხი. კრიტერიუმი მორალი, პატიოსნება, ზნეობა, ქვეყნის სიყვარული უნდა გახდეს. სხელმწიფო მამაა. მამა და დედა თუ არ იარსებებს, შვილი ხომ არ დაიბადება. სახელმწიფო მამა, ეროვნული სული დედაა. საქართველოს ეროვნული სული რომ აღარ აქვს, ამიტომ დედაც აღარ გვყავს. 

ხელისუფლებაში ეროვნული ხალხი თუ მოვა, იმ ოსებთანაც დიალოგს დაამყარებს, აფხაზებთან, სხვებთანაც. 

- სადამდე გაგრძელდება ე.წ. საზღვრის გადმოწევის პროცესი? 

- რაც ახლა გადმოტანილია, მაშინვე დაფიქსირდა, როდესაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა შექმნეს. წინა ხელისუფლებამ დააფიქსირა ეს ხაზები და აქ სხვას რა უნდა დავაბრალოთ? ნაციონალები ახლა რომ დარბიან, რატომ არ ამბობენ, ვინ ეძალებოდა სააკაშვილს, როდესაც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა შექმნა? მარტო ამ ერთ კითხვას ვუსვამ ნაციონალების წარმომადგენლებს და მიპასუხონ.

- მივა თუ არა ეს პროცესი ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვამდე? 

- არა, რადგან ვიმეორებ, 2006 წელს რაც შეიქმნა, დღესაც იმ პროცესის გაგრძელებაა. სხვა დანარჩენი გადათამაშებებია, მეტი არაფერი. საზღვარს გაგივლებენ თუ არა, დღეს რეალურად მაინც მათია. რა, შედის ჩვენი პოლიცია, 2008 წლის შემდეგ ერთი ნაბიჯით იქით გადასულა? ნავთობსადენის სამკილომეტრიანი ზოლის იქით დარჩენაც მაშინვე დაფიქსირებული იყო. ეს ახალი ამბავი არ არის. 

ამიტომ მათ უკვე საკმარისად აქვთ „დათრეული“ და საქართველოზე ზემოქმედების დიდი ბერკეტი ხელში ჩაგდებული. რუსეთს აქ იმდენი ემისარი ჰყავს (რბილად რომ ვთქვათ), რომ ამ პირობებში, თბილისში შემოსვლაც არ გაუჭირდებათ, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება?

- რამდენად მიაღწევენ მთავარ მიზანს, ქვეყნის ევროინტეგრაციის დამუხრუჭებას? 

- ძალიან ძნელია ამ ვითარებაში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება. სანამ რუსის ჯარი სამაჩაბლოს და აფხაზეთის ტერიტორიაზეა, ეჭვი მეპარება, რომ ჩვენ ევროსტრუქტურებში ან ნატოში გავწევრიანდეთ. 

ერთადერთ გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ რუსეთმა აქედან ჯარი გაიყვანოს, როცა საკუთარი თავი დასაცავი გაუხდება. 

კიდევ იმედს ის მისახავს, რომ ირანს დასავლეთმა 35-წლიანი ბლოკადა მოუხსნა. ამის გამო, ალბათ, ნავთობის ფასი ძალიან დაეცემა. რუსეთის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი, ფაქტობრივად, ნავთობსა და გაზზე არის ჩამოკიდებული. მგონია, რომ ეს პროცესი ჩვენთვის შეღავათის მომტანი უნდა გახდეს, რადგან რუსეთის ეკონომიკა ძალიან დაეცემა. ვნახოთ რა პროცესები განვითარდება. ირანის თემის იმედი მაქვს, რადგან თეირანი მსოფლიოს სანავთობო ბირჟაზე სერიოზული მოთამაშეა. 

თუ რუსმა ჯარი არ გაიყვანა და საქართველოს ტერიტორია არ დატოვა, ეჭვი მეპარება, რომ ევროატლნტიკურ ინტეგრაციას დიდი პერსპექტივა ჰქონდეს. 

- ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნების პერსპექტივას როგორ უყურებთ?

- რუსის ჩექმის ქვეშ სამაჩაბლოში ქართველების დაბრუნებას არანაირი აზრი არ ექნება. ბოდიში და „დაჩმორებულ“ მდგომარეობაში ქართველები იქ ვერ იცხოვრებენ. ჩვენ ამაყი ხალხი ვართ და ამ თვალსაზრისით ყველაფერი ნათელია. ხაზს ვუსვამ, რომ დაბრუნების ერთადერთი პერსპექტივა რუსული ჯარის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებაა, ამ შემთხვევაში ჩვენ მამულში დაბრუნებას წინ ვერაფერი აღუდგება. 

ამასთან, ჩემსავით ვინც იბრძოდა, მისი ამ პირობებში დაბრუნება ისედაც გამორიცხულია. 

- რა შემთხვევაში შეიძლება აქედან გავიდეს რუსეთის ჯარი? 

- ერთი სცენარი არის უკრაინა, მეორე ჩრდილოეთ კავკასია და მესამე ჩინეთი. თუ აქ პრობლებემი შეექმნა, ჯარს უკან გაიწვევს. მისი ჯარი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ დიდი წინააღმდეგობები გაწიოს, მათი ძალა მოჩვენებითია და ეს ყველამ იცის. რუსეთს არანაირი განსაკუთრებული წარმოება არ აქვს, დამოკიდებულია მხოლოდ გაზსა და ნავთობზე. ჰოლანდიას უფრო მეტი წარმოება აქვს, ვიდრე რუსეთს. საბჭოთა კავშირი მაშინ დაინგრა, როცა რეიგანმა ნავთობის ფასი დააგდო, ეს კარგად იცით. ალბათ, ახალაც იგივე გზის გავლა მოუწევს. ყველა ბოროტება, რაც მოსკოვმა სხვაზე არ ვიტყვი ჩვენ დაგვაწია, არ შერჩება. 

ასევე ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან საფრთხეები ქვთ. დაღესტანში სერიოზული მოძრაობებია. ამას დიდი ხანია ვაკვირდები. აზერბაიჯანის გავლით წლების განმავლობაში ირანი დავდიოდი. მთელი რეგიონიდან მიდიან და მიდინ მლოცველები მექაში, მათ შორის არიან რადიკალი ფანტიკოსები. სულ ამბობდნენ, რომ მალე რუსეთს დედას ვუტირებთო. წლებისწინანდელ ამბავს გეუბნებით და ეს განწყობა არ ჩამცხრალა. მარტო სალოცავად კი არა, რეგიონში იმხელა ფული  შემოდის, თვლა არ აქვს. ცალკე ირანიდან რეგიონის აქაურ შიიტებში, ცალკე თურქეთი აფინანსებს გარკვეულ წრეებს. ჩრდილო კავკასია ძირითადად საუდის არაბეთიდან, ომანიდან, ყატარიდან და ა.შ ფინანსდება. ამ მხრივ ცუდი სიტუაციაა და ლამის ყველა რუსეთს უმიზნებს. 

რუსეთს ჭკკუა რომ ჰქონდეს, რეგიონში ყველაზე დიდი მოკავშირე საქართველოს სახით ეყოლებოდა. მაგრამ ჯერ ქვეყანას ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დაუბრუნოს.  

ბოლოს მინდა გითხრათ, რომ სამაჩაბლო საქართველოს ხერხემალია და მისი დაბრუნების გარეშე არ არსებობს ქვეყანა წელში გასწორდეს; საქართველო ხერხემალში გადატეხილია. უკვე 25 წელია, რაც ქვეყანა გაპარტახებულია და ახლა ნელ-ნელა აღმასვლა უნდა დაწყოს. ივანიშვილს ერთადერთი მისია აქვს, რომ ქვეყნის მდგომარეობა ცოტა მატერიალურად გამოასწოროს, თორემ საქართველო რომ მის ხელში გაბრწყინდეს, ეს არ მოხდება. ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა ეროვნული ხალხი გაერთიანდება და ქვეყანას უშველიან. 

- მაგრამ ქვეყანას დღეს არც მატერიალური თვალსაზრისით აქვს საშველი...

- ქართველებს ცოტა გვინდა, თავზე საყრელი კი არა. მაგრამ ეს ხელისუფლება იმასაც ვერ ახერხებს, მოსახლეობისთვის ელემენტარული ეკონომიკური გარანტიების შექმნას, სხვაზე რა უნდა ვთქვათ. 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია