მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პროფკავშირები მთავრობას მინიმალური ხელფასის გადახედვისკენ მოუწოდებს - 03 იანვარი 2016

„ქვეყანაში კანონით გათვალისწინებული შრომითი უფლებების დაცვა არ სრულდება“

პროფკავშირების გაერთიანება მთავრობას მიმართავს, მოხდეს მინიმალური ხელფასის ოდენობის გადახედვა. რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან, პროფკავშირების ოგანიზებით ღირსეული შრომის დღის აქცია ჩატარდა და მასში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის, ახალგაზრდული პროფკავშირების წარმომადგენლები. გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა ისაუბრა იმ სავალალო მდგომარეობაზე, რომელიც არსებობს საქართველოს საწარმოებში: ჭიათურაში, ზესტაფონში, ტყიბულში, კაჭრეთში, აჭარის ტექსტილის ფაბრიკებში, შრომის პირობებთან დაკავშირებით. პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კანონით გათვალისწინებული შრომითი უფლებების დაცვა არ სრულდება და დაბალია ანაზღაურება. 

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა ალექსანდრიამ მთავრობისა და პარლამენტისადმი მიმართვა წაიკითხა, რომლითაც პროფკავშირები ქვეყანაში მინიმალური ხელფასის გაზრდას ითხოვს. მიმართვის თანახმად, საჯარო სექტორისათვის მინიმალური ხელფასი 115 ლარს შეადგენს, ხოლო კერძო სექტორში დაწესებული სახელფასი მინიმუმი 20 ლარი 1997 წლიდან აღარ შეცვლილა. 

„აღსანიშნავია, რომ ერთი მხრივ, 20 ლარი ყოველთვიურ საარსებო მინიმუმზე 157 ლარზე თითქმის 8-ჯერ ნაკლებია, ხოლო 115 ლარი, ოფიციალური საარსებო მინიმუმის მხოლოდ 73 პროცენტს შეადგენს. მეორე მხრივ, საკუთრივ საარსებო მინიმუმის გამოთვლის წესი იწვევს სერიოზულ ეჭვებს“, - ნათქვამია მიმართვის ტექსტში.

მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ არა მხოლოდ პროფკავშირები, არამედ უცხოური ბიზნესორგანიზაციებიც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს მინიმალური ხელფასის პოლიტიკას და მისი ოდენობა გაზარდოს. კერძოდ, ასეთი ოფიციალური კოლექტიური წერილით საქართველოს მთავრობას „ადიდასის“ „ნაიკის“, „ნიუ ბალანსის“ და „პუმას" კორპორაციების ხელმძღვანელებმა მიმართეს, მათ 2015 წლის აგვისტოში მოითხოვეს ქვეყნის სამკერვალო სექტორში მინიმალური ხელფასის გაზრდა. 

პროფკავშირები მოუწოდებს მთავრობასა და პარლამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები სოციალურ პარტნიორებთან, პროფკავშირებთან ქვეყანაში მინიმალური ხელფასის პოლიტიკის გადახედვის მიზნით. 

ამასთან, საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა სემეკ-ის ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა. მას სოლიდარობის ნიშნად საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და მისი წევრი სხვადასხვა დარგობრივი პროფკავშირების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. ენერგეტიკოსებმა ხელფასების გაზრდა მოითხოვეს.

„ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირმა ტარიფის კორექტირებამდე, რამდენჯერმე მიმართა თხოვნით სემეკს, რომ განაწილების ტარიფის გაანგარიშებისას 2015 წელსვე საოპერაციო ხარჯებში სახელფასო ფონდის 30%-იანი ზრდა გაეთვალისწინებინა. ეს თხოვნა მოტივირებული იყო ძირითად სამუშაოზე დასაქმებულთა დაბალი ხელფასებით (ხელზე ასაღები 300-დან 500 ლარამდე), ზეგანაკვეთური სამუშაოს აუნაზღაურებლობით, ლარის ინფლაციით და სხვა, რის გამოც მძიმე დღეში აღმოჩნდნენ კომპანიის რიგითი დასაქმებულები და მათი ოჯახები, სადაც ძირითადად, ოჯახის ერთი წევრია დასაქმებული. დღემდე საკითხი გადაუწყვეტელია“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ზემოაღნიშნულ პრობლემატიკაზე, „ქრონიკა პლუსი“ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეს, გოჩა ალექსანდრიას ესაუბრება:

- დავიწყოთ მინიმალური ხელფასის გაზრდის მოთხოვნიდან. ცნობილია, რომ მთელ მსოფლიოში, ყოველ შემთხვევაში ცივილიზებულ სამყაროში საარსებო მინიმუმი ერთგვარი, ყველაზე მცირე შემოსავალია, რომელიც შრომისუნარიან ადამიანს უნდა ჰქონდეს. ერთსულიან, ორსულიან და ა.შ. ოჯახს. ეს სახელმწიფოს რომელიმე სააგენტოს მიერ გამოითვლება. ჩვენთან ამას აკეთებს სტატისტიკს სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც მონაცემებს ყოველთვიურად აქვეყნებს. 

ასევე ცნობილია, რომ ქვეყანაში არსებული მინიმალური ხელფასი უნდა უსწრებდეს საარსებო მინიმუმს. ვინაიდან საარსებო მინიმუმი ეს არის ერთგვარად ბიოლოგიური არსებობისთვის საჭირო აუცილებელი თანხა, მომსახურებაზე გასაწევი მცირე ოდენობის თანხის დამატებით. ხოლო მინიმალური ხელფასი ეს არის არამხოლოდ ბიოლოგიური მოთხოვნილებებისთვის საჭირო თანხის რაოდენობა; არამედ ეს არის ადამიანის როგორც სოციალურ, კულტურულ ასევე სხვა სფეროებში ნორმალური ფუნქციონირებისთვის, შესაძლებლობებებისთვის საჭირო ფინანსური ჯამი. 

საქართველოში პირიქით არის, საარსებო მინიმუმი უსწრებს მინიმალურ ხელფასს. თუ დავკონკრეტდებით, აღმოვაჩენთ, რომ კერძო სექტორში საარსებო მინიმუმი, რომელიც აგვისტოს თვეში 157 ლარი იყო (სექტემბრის ჯერ უცნობია),  თითქმის რვაჯერ მეტია მინიმალურ ხელფასზე. მოგეხსენებათ, კერძო სექტორში მინიმალური ხელფასი დღემდე 20 ლარია. ეს საკითხი პრეზიდენტის ბრძანებით არის დარეგულირებული. ხოლო საჯარო სექტორში არსებულ მინიმალურ ხელფასს 115 ლარს, საარსებო მინიმუმი 30-32%-ით უსწრებს. ანუ გამოდის, რომ საქართველოში როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მინიმალური ხელფასი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე საარსებო მინიმუმი. 

უფრო მეტიც, პენსია, რომელიც აგვისტოს თვემდე 150 ლარს შეადგენდა, ასევე ჩამოუვარდებოდა საარსებო მინიმუმს მთელ ამ პერიოდში. მხოლოდ სექტემბერში, იმის გამო, რომ პენსია 10 ლარით გაიზარდა, ის საარსებო მინიმუმამდე აიწია. ანუ არანორმალურია, რაც საქართველოში მინიმალური ხელფასის კუთხით ხდება და მეორე მხრივ, ეს სამარცხვინო რეალობაა ხელისუფლებისთვის და ზოგადად, ჩვენი საზოგადოებისთვის. 

რაც შეეხება ჩვენს ბოლო მოთხოვნას, ღირსეული შრომის დღე ჩავატარეთ...

- სანამ ბოლო მოთხოვნებზე გადავალთ, 1997 წლის შემდეგ მინიმალურ ხელფასზე (20 ლარი) პრეზიდენტის ბრძანებულება დღემდე შეცვლილი რომ არ არის, ამის მიზეზი, მოტივაცია სად უნდა ვეძიოთ? 

- ჩვენთვის ეს მოტივაცია გაუგებარია. პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მთავრობა, პოლიტიკოსები ამაზე ოფიციალურად არ საუბრობენ. თუ კულუარებში მათ ლაპარაკს მოუსმენთ, მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი, როგორც ასეთი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. პრინციპში, ასეც გამოდის - კერძო სექტორში 20 ლარი გინდ ყოფილა, გინდა არა ხომ? ამიტომ მათთვის ის არ არსებობს. მაგრამ პრინციპულად არ აუქმებენ და ქაღალდზე მაინც არსებობს. 

რომ ჰკითხოთ, ძირითად, არაოფიციალურ მიზეზად რასაც ასახელებენ, ეს არის ინვესტორებისთვის უფრო ხელსაყრელი გარემოს შექმნა. ანუ მათთვის ქვეყანაში მინიმალური ხელფასის არსებობა ხელშემშლელი ფაქტორია ინვესტიციის განხორციელებისთვის. მიაჩნიათ, რომ მინიმალური ხელფასის დაწესება, ეს რაღაც ერთგვარი რეგულაციაა, რომელიც ბიზნესისთვის, ინვესტორებისთვის სასურველი არ არის. ამდენად მიაჩნიათ, რომ ეს უსარგებლო ნაბიჯია 

წინა მთავრობა რეგულაციების მოსპობის გულმხურვალე მხარდამჭერი იყო და ზოგადოდ, ყველაფრის ლიბერალიზაციას მხარს უჭერდნენ. მათი პოლიტიკა ასეთი იყო, რომ საჯარო სექტორში კიდევ შეიძლება გავზარდოთ მინიმალური ხელფასი, რადგან იქ ხომ ინვესტიციები არ მიდის, საჯარო სექტორია და სახელმწიფოა იქ დამსაქმებელი. აი, კერძო სექტორში არ უნდა გავზარდოთ, საერთოდაც უნდა დავივიწყოთ, რადგან ამ სექტორში ინვესტიციები არის განსახორციელებელი, ბიზნესმენები უნდა ჩამოვიდნენ და ა.შ. და თუ გავზრდით ამ ოც ლარს, მათ შევაშინებთ და აღარ ჩამოვლენო. 

- მერე რამდენად მისაღებია ეს პოზიცია?

- სინამდვილეში ეს ბლეფი და სიცრუეა. ჩვენ სწორედ ბოლო მიმართვაში აღვნიშნეთ, რომ უკვე არამხოლოდ პროფესიული კავშირების გაერთიანება ან დასაქმებულები მოითხოვენ მინიმალური ხელფასის გაზრდას, არამედ ამას უკვე მსხვილი ბიზნესიც მოითხოვს; თან მით უმეტეს, უცხოური ბიზნესიც, აგერ სერიოზული ბრენდებია. ხელისუფლებას წერილით მიმართეს ადიდასმა, ნაიკმა, ნიუბალანსმა, პუმამ, მსოფლიოს ოთხმა უმსხვილესმა ბრენდმა, რომელიც სამკერვალო სფეროში მოღვაწეობს. მიმართეს საქართველოს მთავრობას, კერძოდ შრომისა და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს, სადაც მოითხოვეს, რომ ჩვენი სახელით ნუ მანიპულირებთო. ანუ ჩვენ კომპანიები, ინვესტორები მომხრე ვართ ნორმალური, რაციონალური დონის მინიმალური ხელფასისო. პირიქით, უფრო მეტიც გვინდა იყოს და თქვენ გადახედეთ თქვენს სამარცხვინო პოლიტიკას და ოცლარიანი მინიმალური ხელფასი ქვეყანაში რეალურ საარსებო მინიმუმს დაუხალოვეთო. 

ამავდროულად მოითხოვეს, რომ საქართველოში ამოქმედდეს ეფექტური შრომის ინსპექცია, რათა გაკონტროლდეს რამდენად შესრულდება მინიმლური ხელფასის მოთხოვნა ქვეყანაში და მას დაიცავენ კომპანიები. რასაკვირველია, ეს უკვე სერიოზული არგუმენტია საზოგადოების ხელში, ჩვენთვისაც, როდესაც მშრომელები და ბიზნესი მთავრობს უკვე ერთ ხმაში ეუბნებიან, რომ ჩვენით ნუ მანიპულირებთ და სპეკულირებთ, გაზარდეთ მინიმალური ხელფასი ღირსეულ ოდენობამდეო. ვფიქრობ, მთავრობას არ აქვს არანაირი არგუმენტი კიდევ წაუყრუოს და გადაწიოს მინიმალური ხელფასის გადახედვის მოთხოვნას. 

- იყო თუ არა მთავრობის მხრიდან რაიმე რეაგირება და რას ელოდებით? 

- ოთხი კომპანიის წერილი საქართველოს მთავრობას, თუ არ ვცდები, 25 აგვისტოს მოუვიდა, ანუ თვეზე ცოტა მეტია გასული. ამ კომპანიებს, რომლებსაც ამერიკული, ვაშინგტონში არსებული სამართლიანი შრომის ასოციაცია წარმოადგენდა, პასუხი ჯერ არ მიუღია. 

ჩვენი მოთხოვნა მთავრობას სამ ოქტომბერს გავუგზავნეთ და ასევე პასუხს ველოდებით. რაიმე კონკრეტული გამოხმაურება ჯერ არ ყოფილა. დაველოდებით ერთი კვირა, ათიოდე დღე და შემდეგ თუ პასუხი არ იქნა, უკვე საინფორმაციო-საპროტესტო კამპანიის ელემენტებს მივმართავთ. რათა მთავრობას ბოლოს და ბოლოს ვათქმევინოთ, თუ რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით. 

- „ღირსეული შრომის“ დღეს ირაკლი პეტრიაშვილმა ისაუბრა იმ სავალალო მდგომარეობაზე, რომელიც არსებობს საქართველოს საწარმოებში: ჭიათურაში, ზესტაფონში, ტყიბულში, კაჭრეთში, აჭარის ტექსტილის ფაბრიკებში, შრომის პირობებთან დაკავშირებით. ამ საწარმოებს რა პრობლემატიკა აერთიანებთ, რაც სასწრაფოდ გადაწყვეტას მოითხოვს?  

- მთავარი პრობლემები მძიმე მრეწველობაშია, როგორიცაა სათბობ-მომპოვებელი საწარმოები, მეტალურგიული და ა.შ. მათ უმთავრესი აერთიანებთ შრომის უსაფრთხოების პირობები, შრომითი ექსპლუატაცია... 

იგულისხმება ის, რომ არასაკმარისი მუშახელით მთელი დატვირთით მუშაობენ ეს საწარმოები. ანუ იქ, სადაც აქამდე ექვსი-შვიდი ადამიანი მუშაობდა, იმ უბანზე დღეს 3-4 ადამიანი არის დარჩენილი. ძალიან ხშირად, შვებულებაში ან სამკურნალოდ გასვლის დროს არავინაა, რომ უბანზე ის შეცვალოს სრულფასოვნად. ისევ დარჩენილებს უწევთ იმ ადამიანის დატვირთვის საკუთარ თავზე აღება. ანუ რეალურად ეს არის შრომითი ექსპლუატაციის ნიშნების შემცველი და ადამიანებს ძალიან მძიმე ფიზიკური შრომა უწევთ. 

ეს ხდება განსაკუთრებით ჭიათურაში, სადაც მოძველებულია ტექნიკა, მთელი ინფრასტრუქტურა. ძალიან ბავრია სამუშაო ადგილზე ტრავმატული, სიკვდილის შემთხვევები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვენს მიერ ჩამოთვლილ მძიმე მრეწველობის კომპანიებში ძალიან რთულია ისერთი კანონით დაწესებული უფლებების აღსრულება- ამოქმედება, როგორიცაა მაგალითად, ზეგანაკვეთური ანაზღაურების მიღება, ათდღიანი ანაზღაურებადი შვებულების დანამატის სახით მიღება, ვინაიდან ისინი საშიშპირობებიან სამუშაოებზე არიან დასაქმებული. 

მათ ასევე აერთიანებთ ის, რომ დამსაქმებელთან რთულია კოლექტიური მოლაპარაკების წარმოება. დამსაქმებელი ფაქტობრივად არ ცნობს დასაქმებულების კოლექტიურ წარმომადგენლობას. მათთან არ აქვთ ისეთი ურთიერობა, როგორც ამას კანონმდებლობა მოითხოვს; ასევე ამას მოითხოვს მსოფლიოში არსებული ცივილიზებული პრაქტიკა. აქედან გამომდინარეა ყველა ის პრობლემა, რომელიც დასაქმებულებს გააჩნიათ. 

- ამ ფონზე, რა ელის ნორმალური ფუნქციის მქონე შრომის ინსპექცის ამოქმედებას? 

- კარგი შეკითხვაა. 2016 წლისთვის ბუჯეტის დაგეგმვის პროცესი დაიწყო და პირველი პროექტი უკვე შევიდა პარლამენტში. რასაკვირველია, ეს პროექტი ჯერ პარლამენტიდან უკან მთავრობაში დაბრუნდება. მაგრამ უკვე შეტანილ პროექტში ჩვენ შევეცადეთ აღმოგვეჩინა შრომის ინსპექციისთვის გათვალისწინებული ხარჯები არის თუ არა. ანუ რა უწერია შრომის ინსპექციის რეალურად შექმნას, რადგან მთავრობა მომავალი წლიდან მის ქმედით ფუნქციონირებას გვპირდებოდა. ამ შემთხვევაში, ეს შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ხარჯებში უნდა გამოჩნდეს. ამ ეტაპზე ეს ვერ ვნახეთ, რადგან ბიუჯეტი ჩვენ ვერ მოვიპოვეთ. 

ახლა თხოვნით მივმართავთ ფინანსთა სამინისტროს, რათა გავარკვიოთ დეტალურად, თუ რას მოიცავს შრომისა და ჯანდაცვის ხარჯები. იქნებ მოვიპოვოთ ინფორმაცია ქმედითი შრომის ინსპქციის ამოქმედების შესახებ, რათა დავწყნარდეთ და ეს სასიხარულო ინფორმაცია ჩვენს წევრებს გავაცნოთ, თუ ასეთი იქნება. 

ანუ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხარჯები იქნება გათვალისწინებული ამ საქმისთვის. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქაღალდზე დაწერილიც რომ იყოს, შეიძლება ეს სიხარული ნაადრევი აღმოჩნდეს. ჯერ დაველოდოთ დეკემბერში ბიუჯეტის დამტკიცებას და მეორე - ის, რომ რეალურად დაიწყოს ფულის ხარჯვა იანვრის თვიდან. მაშინ უკვე დავრწმუნდებით, როცა რეალურად დავინახავთ დასაქმებულებს ამ დეპარტამენტში. ვგულისხმობ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს, ვნახავთ მის ხემძღვანელს, შრომის ინსპექტორებს და ა.შ. ამიტომ პერსპექტივა ჯერჯერობით მაინც ბუნდოვანია და ველოდებით როგორ შეასრულებს მთავრობა მთელი წლის დანაპირებს. 

- ხელფასის გაზრდის მოთხოვნით აქცია ჰქონდათ ენერგეტიკოსებსაც...

- პრობლემა მდგომარეობს შემდეგში, რომ როდესაც ენერგო-პროს ახალი ტარიფი დაუმტკიცდა, მასში შრომის ანაზღარების მატება უნდა ყოფლიყო ასახული. მაგრამ მოხდა ისე, რომ არც კომპანიამ წარადგინა ტარიფში მატების კუთხით წინადადება და რომც წარედგინა, ცნობილი იყო, რომ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია არ აპირებდა  სახელფასო დანამატის ტარიფის კომპონენტში შეტანას. შესაბამისად, კომპანია ხელს იშვერს კომისიისკენ, კომისია კომპანიისკენ; მაგრამ ამავდროულად ამბობს, რომ რომც შემოეტანა, ჩვენ მაინც არ გავითვალისწინებდით გაზრდილ სახელფასო განაკვეთსო. პრობლემა ეს არის. 

ფაქტობრივად, ხელფასების მატების საკითხი ყველგან დაბლოკილია. ყველა იმ კომპანიასა და ორგანიზაციაში, რომელიც მარეგულირებლის ამათუიმ ქვეკომისიის განსჯის საგანია.

იგივე სიტუაციაა მაგალითად თელასში. მისი თანამშრომლები ხელფასის მატებას დიდი ხანია მოითხოვენ. ისევ და ისევ კომისიამ ეს მატება დაბლოკა ტარიფის გაზრდის საშიშროების მოტივით. იგივე სიტუაციაა წყალმომარაგების სფეროში. ანუ ხელისუფლებას ასეთი პოლიტიკა აქვს, რომ ტარიფი უფრო მეტად რომ არ გაიზარდოს, ხელფასების გაზრდა არ უნდა იყოს მოთხოვნული კომპანიების მხრიდან; და თუ  მოითხოვეს, კომისიამ უნდა დაბლოკოს და არ დაუშვას ტარიფის მატება ხელფასის განაკვეთის ზრდის ხარჯზე.       

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია