მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ არის „გაზპრომის“ საქართველოში შემოყვანა ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ გამიზნული? - 01 თებერვალი 2016

„ხომ არა აქვს რუსეთს საქართველოს მთავრობაზე, მის არაფორმარულ მმართველზე ზემოქმედების დამატებითი, ჩვენთვის დღემდე უცნობი ბერკეტები?“

myrights.ge

ოპოზიციისა და საექსპერტო საზოგადობის პროტესტის მიუხედავად, მთავრობის წარმომადგენლები რუსულ „გაზპრომთან“ ნახევრად გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებას აგრძელებენ. ექსპერტ რომან გოცირიძის განცხადებით, „გაზპრომის“ საქართველოში შემოყვანა ქვეყნის  ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ არის გამიზნული. მისივე თქმით, ხდება მოვლენების დაჩქარება, მაშინ, როცა არ არსებობს ამისი არანაირი აუცილებლობა, - რუსეთისათვის უფრო ადვილია ურთიერთობა იქონიოს ქვეყნის ერთადერთ არაფორმალურ მმართველთან, ვიდრე იმ ჭრელ პოლიტიკურ სპექტრთან, რომლის ფორმირება დიდი ალბათობით არის მოსალოდნელი მომავალ არჩევნებში.

„ქრონიკა პლუსი“ ეკონომიკური განვითარების ცენტრის დირექტორს, ექსპერტ რომან გოცირიძეს ესაუბრება:

- „გაზპრომის“ საქართველოში შემოყვანა ქვეყნის  ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ არის გამიზნული. ამასთან დაკავშირებით რუსეთთან მიმდინარე ფარული მოლაპარაკებები საშიშ სახეს ღებულობს და  იგი ცდება საქართველოსათვის რუსეთიდან მცირეოდენი რაოდენობის გაზის მიწოდების საკითხს.

ეს პროცესი ხასიათდება მთელი რიგი საეჭვო ქცევებით, კერძოდ:

1. სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ მოლაპარაკებებს ასაიდუმლოებს საქართველოს მთავრობა, მაშინ როცა მას პირველად ყოველთვის ამჟღავნებს რუსული მხარე.  ისე ჩანს, თითქოს ამით რუსეთი ცდილობს საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და აიძულებს ქართულ მხარეს უფრო აქტიურად იმოქმედოს და ღიად დაიცვას მის მიერ აღებული კურსი,  ამტკიცოს მიღებული გადაწყვეტილებების მართებულობა.

2. ხდება მოვლენების დაჩქარება, მაშინ, როცა არ არსებობს ამისი არანაირი აუცილებლობა. საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის არსებობს აზერბაიჯანიდან დამატებითი რაოდენობის გაზის მიღების შესაძლებლობა.

ასეთი სიჩქარე შეიძლება აიხსნას რუსეთის სურვილით,  გააფორმოს ხელშეკრულება დღევანდელ მთავრობასთან საპარლამენტო არჩევნებამდე. ნათელია, რომ ეს უკანასკნელი ვერ ღებულობს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას და რუსეთისათვის უფრო ადვილია ურთიერთობა იქონიოს ქვეყნის ერთადერთ არაფორმალურ მმართველთან, ვიდრე იმ ჭრელ პოლიტიკურ სპექტრთან, რომლის ფორმირება დიდი ალბათობით არის მოსალოდნელი მომავალ არჩევნებში.

რუსეთის სიჩქარე განპირობებულია იმითაც, რომ 2018 წლიდან საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის აზერბაიჯანული „შაჰდენიზ 2-ის“ პროექტის ფარგლებში მოპოვებული გაზის ახალი ნაკადები, რითაც შეწყდება ყოველგვარი სპეკულაციები გაზის მიწოდების ახალი წყაროების საჭიროების შესახებ.

გარდა ამისა, მომავალ წელს საქართველოში იწყება მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა, რითაც საბოლოოდ დაზღვეული იქნება ქვეყანა ყველა სახის, მათ შორის ტექნიკური ხასიათის რისკებისაგან. ასეთ ვითარებაში არ რჩება რაიმე სახის არგუმენტი რუსულ გაზზე საქართველოს მიბმის დასასაბუთებლად.

3. რუსეთისთვის „გაზპრომის“ შემოყვანას უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ეს შეიძლება გაზის რეალიზებით მიღებული მცირეოდენი ფინანსური სარგებელი იყოს. არ არის გამორიცხული, რომ  რუსეთის მთავარი სამიზნე  აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის აღდგენა იყოს. ამით საბოლოოდ მოხდება სომხეთის მსგავსად, საქართველოს მოქცევა რუსეთის ეკონომიკურ არტახებში.

ამ მიზნისაკენ გადადგმულ ნაბიჯებად შეიძლება განვიხილოთ „როსნეფტის“ მიერ საქართველოს მთავრობასთან შეუთანხმებლად ფოთის ნავთობტერმინალის მოულოდნელი შეძენა. ისევე როგორც რუსული სახელმწიფო თუ კერძო კომპანიების აქტიურობა საქართველოს ენერგეტიკის, კავშირგაბმულობისა თუ სხვა მნიშვნელოვანი სახის ობიექტების შეძენის მიმართულებით.

4.რუსეთისათვის საქართველოს რკინიგზის ამა თუ იმ ფორმით კონტროლს სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია რეგიონში მისი სამხედრო ყოფნის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნის საკითხი შესაძლოა სულ მალე დადგეს დღის წესრიგში, რათა ამის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იქნას ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებამდე, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს არის დაგეგმილი და რომლითაც მოხდება აზიის დაკავშირება ევროპასთან უნიკალური ახალი აბრეშუმის გზის მეშვეობით.

5. რუსეთის მიერ საქართველოს ჩათრევა ახალ ენერგეტიკულ სქემებში და „მოსკოვი-თბილისი-ერევანი-თეირანის“ ენერგოღერძის შექმნის შესახებ ახლახან გაკეთებული განცხადებები აშკარად მიმართულია თურქეთისა და აზერბაიჯანის, როგორც ენერგეტიკის სფეროში ჩვენი მთავარი გეოსტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ.

ამის ერთ-ერთი მაგალითია საქართველოს მთავრობის დაინტერესება „გაზპრომთან“ კოოპირებით ირანიდან სომხეთის გავლით გაზის შემოტანის თაობაზე. დღეისათვის  ამ იდეის ხორცშესხმის არავითარი ტექნიკური შესაძლებლიბა არ არსებობს და ამ თემის წამოწევა და მასში საქართველოს ჩათრევა კიდევ ერთი ხრიკია რუსეთის მიერ აზერბაიჯანის გასაღიზიანებლად და მასზე პოლიტიკური ზეწოლის გასაძლიერებლად.

თუმცა აზერბაიჯანზე ზემოქმედების მთავარ იარაღად რუსეთი მაინც აფზხაზეთის რკინიგზის აღდგენით სომხეთში განლაგებულ სამხედრო ბაზებთან პირდაპირი სახმელეთო კავშირების აღდგენას განიხილავს.

6. ყველა ზემოთჩამოთვლილი პრობლემა შეუძლებელია რომ არ იწვევდეს საქართველოს მეგობარი ქვეყნების შეშფოთებას.

ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების აქტიურობა უარყოფითადაა აღქმული მთელი პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობო სექტორის მიერ. მკვეთრად უარყოფითია ასევე საზოგადოებრივი აზრი. საბოლოო ჯამში ეს წამგებიანი გამოდის მმართველი პოლიტიკური ძალისთვის საარჩევნო მიზნების თვალსაზრისით.

მიუხედავად საკითხის არაპოპულარობისა ხელისუფლება ჯიუტად და საეჭვოდ აგრძელებს აღებულ კურსს. ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ პროცესებში არის ან კერძო პირების კორუფციული ინტერესები, ან რუსული ფაქტორის გამოყენების მცდელობა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების ტოლფასია. არ არის გამორიცხული  არსებობდეს აგრეთვე ქვეყნის არაფორმარულ მმართველზე ზემოქმედების ჩვენთვის უცნობი ეკონომიკური თუ სხვა სახის ზემოქმედების ბერკეტები. 

პრობლემის დრამატულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ არც მთავრობა და არც პარლამენტი რეალურად არ არის მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში, გარიყული არიან პროცესებისაგან, არა აქვთ წარმოდგენა ნამდვილ მოტივებზე და მიზნებზე. მოლაპარაკებებში საეჭვოდ აქტიურობს მხოლოდ ენერგეტიკის მინისტრი და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისიც მარიონეტად,  განტევების ვაცად არის გამოყენებული.

ასეთ ვითარებაში, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის ერთადერთ ქმედით გზად რჩება საზოგადოების მხრიდან მტკიცე პროტესტის გამოხატვა და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების დროული ჩართვა მოვლენების არასასურველი სცენარით წარმართვის თავიდან ასაცილებლად.

საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე და მთავრობისადმი ნდობის უკიდურესად დაბალი ხარისხის პირობებში, არ არის გამორიცხული, ეს საკითხი პოლიტიკური დესტაბილიზაციის მიზეზიც გახდეს.

- რით დასრულდება ეს პროცესი?

- „გზპრომის“ მიერ ერთი თბოსადგურისთვის ან ქარხნისთვის გაზის მიწოდებით არ დამთავრდება ეს ისტორია. ასევე საეჭვო პროცესები მიმდინარეობს „ყაზტრანსგაზ თბილისთან“ დაკავშირებით. ყაზახურ პრესაში ჯერ კიდევ კალაძის ამ ქვეყანაში ვიზიტისას იწერებოდა, რომ მას შემდეგ, რაც ყაზახები დაბრუნდებიან თბილისის გაზის სისტემის მართვაში, ისინი აპირებენ მის გაყიდვას. სავარაუდო მყიდველად რუსული კომპანიები სახელდებოდნენ.

დღეს მართლაც არ არსებობს 70 მილიონი ლარის ოდენობის დავალიანების მქონე კომპანიის რომელიმე სოლიდური დასავლური კომპანიის მიერ შესყიდვის პერსპექტივა. თუ რაიმე მექანიზმი არ იქნა ჩადებული, ყაზახებს ვერავინ დაუშლის რუსეთისათვის მის გადაცემას. ეს კი ნიშნავს „გაზპრომის“ შემოსვლას თბილისის თოთოეულ ოჯახში.

საქართველოს მთავრობის საგაზო ვნებების აღწერისას ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ ყაზახეთში ენერგეტიკის მინისტრის ვიზიტის შემდეგ მთავრობაში განაცხადეს, რომ თბილისი შეიძლება მომარაგდეს ყაზახური გაზით.

სინამდვილეში ყაზახური გაზი რუსულ მილებში სხვა არაფერია, თუ არა „გაზპრომის“ გაზი-ანუ ე.წ. სვოპი. ყაზახეთი მიაწვდიდა გაზს რუსეთის მეზობელ რეგიონებს, „გაზპრომი“ კი თბილისს. მოგეხსენებათ, ყაზახეთს თავის მილი არა აქვს არც საქართველომდე და არც ევროპასთან. რა ინტერესი უნდა ჰქონოდა რუსეთს ყაზახური გაზის მის მილებში გატარების? მხოლოდ ჩვენზე ზემოქმედების დამატებითი ბერკეტების ხელში ჩაგდების.

იგივე ხდება ე.წ. ირანული გაზის სომხეთის გავლით საქართველოში შემოტანის ახლახან გახმაურებული თემის ირგვლივ. რომ არა ირანულ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია, საქართველოს მთავრობა ამ მოლაპარაკებებსაც ასაიდუმლოებდა.

- მთავრობამ შეიძლება ირანული შირმით ისევ „გაზპრომი“ შემოიყვანოს?

- მას შემდეგ, რაც ირანულმა პრესამ საქართველოსთვის გაზის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებების შინაარსი გამოაქვეყნა, მთავრობა იძულებული გახდა ეს ფაქტი დაედასტურებინა. გაზის შემოტანას სომხეთის გავლით აპირებენ. დღეს ამის განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობები არ არსებობს.

საბჭოთა პერიოდში ირანული გაზი, აზერბაიჯანის გავლით, ცალკე მილსადენით შემოდიოდა საქართველოში. დღეს ის ამორტიზებულია. იგი ამ ოციოდე წლის წინათ გამოგვადგა, როცა რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში სპეციალურად ააფეთქა ჩვენთან დამაკავშირებელი გაზსადენი და ცივ ზამთარში გასაყინად გაგვწირა. იგი ერთ თვეში „აღადგინეს“. სწორედ ერთი თვე ყოფნის სომხეთს თავისი მიწისქვეშა გაზსაცავის რეზერვები. ამიტომაც გახდა რუსეთი იძულებული, განეახლებინა გაზის მიწოდება.

ირანიდან სომხეთში ვიწრო, დაბალი გამტარიანობის მილსადენით მიეწოდება გაზი. თეორიულად შეიძლება ამ გაზის მიერთება ჩრდილოეთ-სამხრეთის (რუსეთ -საქართველო-სომხეთის) მაგისტრალურ გაზსადენთან. აქედან რუსული გაზი მიედინება სომხეთისაკენ და იქიდან ირანული გაზის მიღება ტექნიკურად შეუძლებელია. თუნდაც იმ შემთხვევაში, რუსული გაზისგან საერთოდ რომ დავაცარიელოთ.

უფრო სხვა რამეა მოსალოდნელი: ირანი სომხეთს მიაწვდის დამატებით გაზს, რუსეთი კი სანაცვლოდ ჩვენ. არავითარი ირანული გაზი აქ არ შემოვა. გარკვეული დროის შემდეგ აღმოჩნდება, რომ რუსული გაზი უფრო „იაფია“ ირანულთან შედარებით, რაც საფუძველი გახდება კონტრაქტის შეცვლის.

გარდა ამისა, სომხეთში არსებული მილსადენები ეკუთვნის რუსეთს და ყოველთვის შეიძლება იგი გადაიკეტოს საქართველოსთვის „გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების“ გამო.

ირანთან გასაფორმებელი ხელშეკრულების აუცილებელი მონაწილე „გაზპრომიც“ იქნება. ეს ახლახან დაადასტურა კიდევაც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ. ამ პროცესში იკარგება დრო აზერბაიჯანისადმი დამატებითი გაზის მოსათხოვნად.

მას შემდეგ, რაც თურქეთის და აზერბაიჯანის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარონ „შაჰდენიზ 2-ის“ პროექტი და დამატებითი გაზის მოცულობები დაგეგმილ 2018 წელზე ადრე იქნას მიღებული და შესაბამისად, ჩვენ ტერიტორიაზე გატარებული, მთავრობის ასეთი ფორსირებული აქტივობები რუსული მიმართულებით ბევრ ეჭვს აღძრავს. მათ შორის იმას, რასაც ზემოთ ვამბობდი - ხომ არა აქვს რუსეთს საქართველოს მთავრობაზე, უფრო ზუსტად მის არაფორმარულ მმართველზე ზემოქმედების დამატებითი, ჩვენთვის დღემდე უცნობი ბერკეტები? ან შეიძლება, უბრალოდ ეს ინტერესთა თანხვედრა იყოს?

ისევ ყაზახურ-რუსული თემა: საქართველოდან ნელ-ნელა გადის ყაზახური ბიზნესი. დიდი ალბათობით, მას რუსული ჩაანაცვლებს. აგერ „ბილაინი“ ყიდულობს „კავკასუსს“, შარშან „როსნეფტი“ შემოვიდა უკითხავად. მოკლედ, მიდის მცოცავი  ეკონომიკური ანექსია ხელისუფლების წაყრუებით თუ ხელშეწყობით.

გაზპრომის შემოყვანის მცდელობა უკვე იმდენად ღიად და თავხედურად ხდება, რომ მეტის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება.

„გაზპრომთან“ მოლაპარაკება, როგორც ჩანს, იმით მთავრდება, რომ მრავალი წლის განმავლობაში მოქმედი ხელშეკრულება იცვლება საქართველოს საზიანოდ. სომხეთისკენ გატარებული გაზის სანაცვლოდ, დღეს ვღებულობთ გაზს ნატურით, მისი 10 პროცენტის ოდენობით. ახლა თურმე გაზის ნაცვლად გვთავაზობენ ფულს. ამ ფულით უნდა ვიყიდოთ გაზი ისევ „გაზპრომისგან“. ნაცვლად გარანტირებული გაზისა, ვღებულობთ ფასზე დამოკიდებულ მცოცავ სიდიდეს. დღეს შეიძლება ეს გატარებული გაზის ათი პროცენტი იყოს, ხვალ ხუთიც არა.

ენერგეტიკის მინისტრი რიხით აცხადებდა ამ ერთი თვის წინ, რომ არ დაუშვებდა კონტრაქტის ამ ფორმით ცვლილებას. თუ შედეგს ვერ მიაღწია, მინისტრი თავისი მთავრობიანად უნდა გადადგეს. ზარალზე ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი, თუნდაც პოლიტიკურად.

- ეროვნული ბანკის გარშემო რა პროცესები ვითარდება?

- თებერვალში ქადაგიძის ნაცვლად ეროვნული ბანკის საბჭოში დასანიშნ კანდიდატურას პრეზიდენტი ეძებს სპეციალისტების დახმარებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი აუცილებლად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდება. არც ისაა გარანტირებული, დაამტკიცებს თუ არა მას პარლამენტი. არც ესაა დიდი პრობლემა.

მომავალი წლის დეკემბრამდე ეყოლება ეროვნულ ბანკს მოვალეობის დროებითი შემსრულებელი. შემდეგ კი კიდევ საბჭოს სამ წევრს, მათ შორის ორ ვიცე-პრეზიდენტს გასდის ვადა. ასე, რომ არჩევნების შემდეგ პრეზიდენტს მოუწევს ოთხი გამოთავისუფლებული წევრის წარდგენა. ძალთა თანაფარდობა აშკარად პრეზიდენტის სასარგებლოდ იქნება შეცვლილი. ის მთავრობა უკვე არ იქნება ამნაირი მთავრობა. პარლამენტიც სულ სხვა პროფილის იქნება. თანაც დრო პრეზიდენტის სასარგებლოდ მუშაობს.

შვიდიდან ოთხი წევრის ნაკლებობა ეროვნული ბანკის საბჭოში გამოიწვევს მის სრულ პარალიზებას. ამიტომ პარლამენტი იძულებული გახდება დაამტკიცოს პრეზიდენტის კანდიდატურები. რომც ივაჭრონ და ერთი-ორი საკუთარი კადრი გაიყვანონ, ეს არაფერს ცვლის, - საბჭოს წევრებიდან ერთ-ერთს ქვეყნის პრეზიდენტი დანიშნავს ეროვნული  ბანკის პრეზიდენტად.

მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს სპეციალისტების დახმარებით ეძებს, რაც პროცესისადმი ნდობას იწვევს. გასათვალისწუნებელია ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტი საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევას ახორციელებს სპეციალისტების დახმარებით. ეს მეტ ნდობას აღძრავს ამ პროცესისადმი და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწონებასა და მხარდაჭერას იწვევს; რითაც პრეზიდენტი მარგველაშვილის პოზიციები კიდევ უფრო მყრდება ამ პროცესთან დაკავშირებით.

იანვრის ბოლოს პრეზიდენტი უკვე წარადგენს გამოთავისუფლებული წევრის სანაცვლოდ ახალს. იქნება თუ არა იგი ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი, ეს დამოკიდებული იქნება მის ავტორიტეტზე და პროფესიონალიზმზე. საბჭოს წევრისადმი მოთხოვნები როგორც პროფესიული საზოგადოებიდან, ასევე პოლიტიკური ძალების მხრიდან ერთია და როცა იგი ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მოიაზრება, --მეორე. ამიტომ ბევრი რამ წარდგენილი პიროვნების „პროფილზე“იქნება დამოკიდებული.

- რა ხდება აზერბაიჯანის მანათთან დაკავშირებით და რა საფრთხეები შეიძლება წარმოიქმნას; აზერბაიჯანში სავალუტო პუნქტები დახურულია და ვალუტის დეფიციტი გაჩნდა. ხომ არ მოხდება ჩვენი ქვეყნიდან იქით გადადინება?

- ვალუტის დეფიციტის ცნება არ არსებობს. არის არასწორი გაცვლის კურსი. იქნება რეალური კურსი, გაჩნდება ვალუტაც.

აზერბაიჯანში თითქოს თავისუფლად მცურავი კურსი შემოიღეს, სინამდვილეში მაინც ეწეოდნენ მის კონტროლს. შედეგიც ასეთია, რასაც ვხედავთ.

არ გამოდის ნახევრად ფეხმძიმობა: ან უნდა მიუშვა და თავისით იპოვის წონასწორობას, ან უნდა არეგულირო და რეზერვები დახარჯო. არც ერთი უნდათ და არც მეორე.

- რაც შეეხება ლარის ამჟამინდელ მცირეოდენ გაუფასურებას?

- ეს კვლავ გამოწვეულია დეკემბრის ბოლო კვირაში განხორციელებული დიდი საბიუჯეტო ხარჯვებით და საახალწლო ნავაჭრის კონვერტირებით იმპორტიორების მიერ და არავითარი კავშირი მას აზერბაიჯანთან არა აქვს.

აზერბაიჯანი აღმოჩნდა ის ბოლო ქვეყანა, რომელიც იკვებებოდა იმ ილუზიით, რომ შეეძლო თავიდან აეცილებინა საკუთარი ეროვნული ვალუტის მკვეთრი დევალვაცია ეკონომიკის იმ სტრუქტურისა და იმ საბიუჯეტო პოლიტიკის პირობებში, რომელსაც იგი ეწევა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად დაეცა ნავთობის ფასები და დოლარის გლობალურ გამყარებაც ხდებოდა მთელი წლის განმავლობაში, აზერბაიჯანში ეროვნული ვალუტის დრამატული გაუფასურებაში  შიდა ეკონომიკურმა შეცდომებსაც სერიოზული როლი ითამაშა.

აზერბაიჯანი 2015 წელს გახდა მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა ეროვნული ვალუტის დევალვაციის სიდიდის მიხედვით. მომდევნო ადგილები  ყაზახეთს, ზამბიას, ბელორუსიას  არგენტინას და უკრაინას ეკავათ.

აზერბაიჯანმა ზუსტად გაიმეორა ის შეცდომები, რომელიც ყაზახეთის მთავრობამ და ცენტრალურმა ბანკმა. იქაც ეროვნული ვალუტის ორეტაპობრივი დევალვაცია განხორციელდა. ყაზახეთში პირველი დევალვაცია მოხდა გასული წლის თებერვალში,  მეორე-აგვისტოში. თავდაპირველად, ტენგეს გაცვლის კურსი ფორმალურად იქნა გაშვებული თავისუფალ ცურვაში. მაგრამ ყაზახეთის  ცენტრალური ბანკი მაინც არეგულირებდა მას, რითაც  ქმნიდა ადგილობრივი ვალუტის ხელოვნურ დეფიციტს.

ასეთმა პოლიტიკამ საბოლოოდ ის შედეგი გამოიღო, რომ აგვისტოში მოუწიათ ხელახალი, მნიშვნელოვანი დევალვაციის განხორციელება. დეკემბრის შუა რიცხვებისათვის ვალუტის კურსი დაეცა  1993 წლის ისტორიულ მინიმუმამდე. მთლიანობაში ყაზახური ტენგე წელიწადში  ორჯერ და უფრო მეტად გაუფასურდა აშშ დოლართან მიმართებაში.

მსგავსი პროცესები შეიმჩნევა აზერბაიჯანშიც.

დრომ გვაჩვენა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიცია იყო სწორი. მიუხედავად ზეწოლისა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან, ფორმალური თუ არაფორმალური სახელისუფლო ძალებისაგან და მათ მიერ დაქირავებული „ექსპერტებისგან“, ლარის თავისუფალ მცურავ კურსზე გადასვლა კრიზისის დაწყების პირველივე დღეებიდანვე  იყო გამართლებული ნაბიჯი.

ფაქტობრივად, არჩეული იქნა ეკონომიკის გარე შოკების ზემოქმედებასთან  ადაპტაციის უნივერსალური მექანიზმი, როცა ვალუტის გაცვლის კურსს მართავს ბაზარი და არა ეროვნული ბანკი. ამ პოლიტიკამ თავიდან აგვაცილა უცხოური ვალუტის რეზერვების განიავება, მნიშვნელოვნად იმოქმედა იმპორტის მოცულობაზე და უზრუნველყო ლარის კურსის ახალი, მეტნაკლებად სტაბილური წონასწორების ნიშნულისკენ  გადანაცვლება.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია