მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ლარის და ფასების ბედი მთავრობის ხელშია - 16 მარტი 2016

„სინამდვილეში ეკონომიკა გაჩერებულია და შემოსავლებშიც პრობლემებია“

myrights.ge

რატომ დაეცა ან რატომ მყარდება ასე მოკლე პერიოდში, რა გავლენას ახდენს ეს პროცესი საერთო ეკონომიკურ მდგომარეობაზე, „ქრონიკა პლუსი“ „საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ თავმჯდომარეს, ექსპერტ რომან გოცირიძეს ესაუბრება. 

- ბატონო რომან, ბოლო პერიოდში ლარის გამყრების ტენდენცია შეიმჩნევა. ჯერ იყო და 2,39-დან  2, 5-მდე დაეცა და ხალხი შემდგომი გაუფასურების შიშით შოკში ჩააგდო; ახლა აგერ ისევ ძველ ნიშნულს უბრუნდება. რატომ დაეცა ან რატომ მყარდება ასე მოკლე პერიოდში?

- მოდით, ფუნდამენტური ფაქტორებით დავწყოთ. შეიცვალა თუ არა იგი და თუ კი, მაშინ ასე მომენტალურად ახდენს თუ არა იგი გავლენას ვალუტის გაცვლის კურსზე? 

პასუხი მარტივია: არც შეცვლილა და არც მისი ცვლილების გადაცემის მექანიზმი არ არის ისეთი, რომ იგი მყისიერად აისახოს.

- მყისიერად?

- ჩამეკითხეთ? 

- კი, ჩაგეკითხეთ, ჩასაანალიზებლად...

- ხანდახან, გრკვეული მოვლენების გამო, ესა თუ ის სიტყვა უფასურდება, დევალვაციას განიცდის. უხერხულად ხვდება ყურთასმენას და დიდი ხნით ამოვარდება ხმარებიდან. ბრეჟნევის დროს ასეთი სიტყვა იყო „აღორძინება“. ორი წიგნი დაწერა. უფრო სწორად, დაუწერეს. სად ჰქონდა იმ დროს ამის თავი. უკვე გამოთაყვანებული იყო. 

ყველა დაწესებულებაში სავალდებულო წესით უნდა მომხდარიყო მისი განხილვა და ბუნებრივია, მანამდე შესწავლა. შეაძულეს ეს სიტყვა ხალხს. ანეკდოტებიც უამრავი შეიქმნა ამაზე.  

მეორე წიგნი იყო  „მცირე მიწა“, მეორე მსოფლიო ომში ბრეჟნევის გმირულ ბრძოლაზე.  

„დაგაყარე მცირე მიწა და შენ არ გეღირსოს აღორძინება“, - ასეთი წყევლა გაჩნდა იმ დროს. მერე, ორი ათეული წლის შემდეგ კვლავ დაიბრუნა ამ სიტყვამ ლეგიტიმაცია. მაგრამ გაჩნდა ასლან აბაშიძის პოლიტიკური პარტია „აღორძინება“  და კვლავ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა ეს ერთ-ერთი ხშირადსახმარი სიტყვა.  

ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ახლა „ოცნება“ ხვდება ცუდად ყურს. „მყისიერიც“ ვანოს შოუშიც ხშირად გამოიყენება. კიდევ კარგი, ქართული ენა მდიდარია და შეიძლება მისი მყისიერად ჩანაცვლება სინონიმით.

ეს ლირიული გადახვევა დევალვაციის თემაზე. მარტო ფული კი არ განიცდის ამას, არამედ სიტყვები, ნივთები, ადამიანები...

რაც შეეხება ლარს, მასზე ზეწოლის ფუნდამენტური ფაქტორები არ მოხსნილა. მთავარი პრობლემა არის ვალუტის შემოდინების შემცირება. თუმცა იანვარში ვალუტის შემოდინებისა და გადინების ბალანსში რაიმე ისეთი არ მომხდარა, რომ ამას სწრაფი (ხომ ხედავთ, „მყისიერი“ როგორ ლამაზად ჩავანაცვლე) გამყარება ან გაუფასურება მოჰყოლოდა.

საქართველოს ექსპორტმა 2016 წლის იანვარში 22 პროცენტით იკლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ მძიმე სურათია. თუმცა ეს ბოლომდე ვერ ასახავს იმ კატასტროფულ მდგომარეობას, რაც ამ სფეროში ხდება: 2014 წელთან შედარებით კლებამ 55 პროცენტი შეადგინა. ექსპორტის მოცულობა იმაზე ნაკლებიცაა, ვიდრე ეს იყო 2012 წელს.

მთავრობა ვერ აცნობიერებს, თუ რა ხდება ქვეყანაში და რა უნდა მოიმოქმედოს. რაღაც გეგმებზე საუბრობს და სწორიც რომ იყოს, მის განხორციელებას ვერც იწყებს.  

ახლა ყველას პირზე აკერია სტიმულირება. რისი ან როგორ, ამას დალაგებულად არავინ ამბობს. ქაღალდზე გადატანილი პროგრამა კარგა ხანია არ გვინახავს. ამ მთავრობის მთავარი სტილია ზეპირმეტყველებითი პროგრამირება და ქაღალდზე გადატანილი ნახევარგვერდინი თეზისები. 

ისევ ვიმეორებ, აქ საუბარი არაა იმაზე, წორია თუ არა ეს იდეები. ფეხმოტეხილ კაცს სირბილი რომ დააწყებინო, ჯერ თაბაშირი უნდა დაადო, მერე უნდა დააკვირდე აღდგენის პროცესს და ამის შემდეგ უნდა აამოქმედო „სტიმულები“, რომ გაიქცეს.

მთავრობა ვერ აცნობიერებს, რომ სტაბილიზაციის აუცილებლობის წინაშე ვდგავართ და არა ე. წ. „წახალისების“, როგორც უყვართ ხოლმე თქმა. 

ახლა პანაცეად მოგების გადასახადის ტრანსფორმაცია გაიხადეს, ე. წ. ესტონური მოდელი,  როცა ბიუჯეტი უკვე დაშლილია და ფაქტობრივად ცარიელი. მთელი თვეა ნაშთებიდან ხარჯავენ ფულს. ორ წელიწადში გამოჩნდება, რომ ეს იყო, სულ რბილად რომ ვთქვათ, არადროული გადაწყვეტილება, რეალისტურად თუ შევაფასებთ - ავანტიურა.

- ხომ აგებს ამაზე პასუხს მთავრობა, იგივე თუნდაც პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ეკუთვნის ეს იდეა?

- იდეა შეიძლება იყოს კარგი, მაგრამ ცუდ დროს რეალიზებამ შეიძლება საფუძველშივე მკვდრადშობილი გახადოს. ივლისში უნდათ ამის შემოღება, წინასაარჩევნოდ ბიზნესის გულის მოგება. სულ მცირე, მომავალი წლის იანვრამდე არ უნდა მოხდეს მისი ამოქმედება. ჯერ ინფლაციის საფრთხე უნდა აიცილო, შეკრა ჯანსაღი ბიუჯეტი და მერე უნდას იფიქრო მაღალ მატერიებზე.

ისე, ორიოდე  წლის მერე არც ერთი პრემიერ-მინისტრის, არც ამ იდეის გამტარებლის გვარი არ ემახსოვრება არავის. 

ჩემი დაკვირვებით, პრემიერ-მინისტრის გვარსახელის მახსოვრობის დრო არის გადადგომიდან ექვსი თვე. იმის მერე მოსახლეობის 99 პროცენტს ავიწყდება. 

იმათ რა ენაღვლებათ, სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყოფილნი არიან დაცვა-ესკორტებით და შესაბამისი პრივილეგიებით.

ისე რომ ვთქვათ, არ უნდა გუქმდეს ეს უაზრო ხარჯები?

ისევ სხვაგან წაგვიყვანა აზრებმა. არა და, რაზეც არ უნდა ილაპარაკო, ყველგან სერიოზული პრობლემაა.

რომ შევაჯამოთ, ექსპორტის ასეთ მასშტაბური კლების გამო, ასევე უცხოეთიდან ჩვენი მოქალაქეების მიერ ფულადი გადმორიცხვების კლების გამო ლარი  უნდა გაუფასურებულიყო, მაგრამ ამავე პერიოდში მოხდა იმპორტის კიდევ უფრო დიდი ოდენობით. ეს გამოწვეული იყო ერთის მხრივ ნავთობის გაიაფებით და მეორეს მხრივ, ჩვენი მოქალაქეებისა და საწარმოების მსყიდველობითუნარიანობის მკვეთრი შემცირებით. ანუ ბალანსი მეტნაკლებად თანაბარი იყო.

- მაშინ რატომ მოხდა ლარის ისტორიულ მინიმუმამდე, 2,5-მდე დაცემა?

- ამაში მთავრობა იყო დამნაშავე. მთავრობა წარსულის მავნე გადმონაშთს დაუბრუნდა -ინფლაციურ დაფინანსებას მიჰყო ხელი.

წლის დასაწყისიდან მთელი ორი თვის განმავლობაში ხარჯავდა იმაზე მეტს, ვიდრე შემოდიოდა. ე.წ. დეფიციტურმა დაფინანსებამ თებერვლის ბოლოსათვის  264, 8 მილიონ ლარი შეადგინა.

„დეფიციტური დაფინანსება“ არასწორი ტერმინია. როცა ბიუჯეტში ხარჯები შემოსავლებს აჭარბებს, მას დეფიციტი ჰქვია და იგი იფარება ისეთი წყაროებიდან, როგორიცაა საგარეო და საშინაო სესხები, გრანტები, პრივატიზაციიდან მიღებული თანხები და სხვა. 

ჩვენს შემთხვევაში კი, მთავრობამ ამ წყაროებიდანაც ვერ მიიღო შემოსავალი და ფული ხარჯების გასაწევად ძველი ნაშთებიდან აიღო. ამას ოვერდრაფტი ჰქვია: არა გაქვს ფული და მაინც ხარჯავ. ამის ყველაზე მავნე ნაირსახეობა არის ეროვნული ბანკიდან ფულის აღება, ე.წ. ემისია, რომელსაც ჟარგონით „ფულის მოჭრასაც“ ეძახიან. ეს დღეს ჩვენთან კანონით აკრძალულია, წარსულის მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე. 

სამაგიეროდ კანონით დაურეგულირებელია მთავრობის ხაზინის ანგარიშზე არსებული ძველი ნაშთების „უპრაგონოდ“ ხარჯა. ამიტომ მიადგა ფინანსთა სამინისტრო ბეღელს. ლომის წილი ლარის გაუფასურების ახალი ტალღის წარმოქმნაში მას მიუძღვის.

როცა შემოსავალი არა გაქვს, ხარჯები უნდა შეამცირო. როგორც ჩანს, უჭირთ ქამრების შემოჭერა. მხოლოდ რბილი ავეჯისა და საკანცელარიო საქონლის ეკონომიით ვერ გავლენ ფონს. გაზარდეს წლევანდელი ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 600 მილიონი ლარით, ჩამოარიგეს ფულები და როგორია მიადგე და უკან გამოართვა. გეტყვიან, ჯერ შენი შემოჭერილი ქამარი გვაჩვენეო. 

ბიუჯეტში ფული არ შემოდის. მთავრობა ბიუჯეტის სეკვესტრისგან ფეხს ითრევს. თავს იმართლებს, რომ ამას მოგების გადასახადის შემცირებით წარმოქმნილი დანაკლისის დასაბალანსებლად გავაკეთებთო. ანუ იქით აყვედრის ხალს: გინდათ ნაკლები გადაიხადოთ, ე.წ. ესტონური მოდელი დავნერგოთ? მეტად მოუჭირეთ ქამრებსო. 

სინამდვილეში ეკონომიკა გაჩერებულია და შემოსავლებშიც პრობლემებია.

საკითხი ასე დგას: ან სეკვესტრი, ან ლარის გაუფასურება და ინფლაცია. ორნახევარი თვე გავიდა, მთავრობა კი კვლავ ილუზიებში დაცურავს. შარშანდელივით.

- მაშინ ბოლო პერიოდში ლარის გამყარება რას უნდა მივაწეროთ? იმასაც კი ამბობენ, ეს გიორგი ქადაგიძის ეროვნული ბანკიდან წასვლასთანააო დაკავშირებული.

- რამდენიმე ფაქტორია, მაგრამ აქედან მთავარი მთავრობის მიერ დეფიციტური ხარჯვის მკვეთრი შემცირებაა.

ერთ-ერთი მიზეზი ბიუჯეტის ხარჯების გეგმიდან ჩამორჩენაცაა, რაც გადავადებულ საფრთხედ უნდა იქნას განხილული.

მთავრობის დაქირავებული ე.წ. ექსპერტები ლარის გამყარებას ეროვნული ბანკიდან ქადაგიძის წასვლას რომ უკავშირებენ და მთავრობასაც რომ სიამოვნებს ეს ვერსია, ძალიან ცუდად შემოუბრუნდება.  მთავრობა ფეხს ითრევს. მის მიერ გამოცხადებული ბიუჯეტის სეკვესტრის გადავადება, წლის მომდევნო თვეებში ინფლაციის ზრდასა და ლარის შემდგომ გაუფასურებაში აისახება.

რაც შეეხება ე.წ. დეფიციტურ, სინამდვილეში კი ნაშთებიდან ხარჯვას, მას შემდეგ, რაც 26 თებერვლისთვის მან 264,8 მილიონ ლარს მიაღწია, შემდგომ პერიოდში ას მილიონ ლარზე მეტით შემცირდა, რაც ლარზეც აისახა.

როგორც უკვე აღვნიშნე, ბიუჯეტი დეფიციტურია და მას აქვს დაფინანსების კანონიერი წყაროები-საგარეო და საშინაო კრედიტები და სხვა. როცა ე.წ. დეფიციტურ ხარჯვაზეა საუბარი, აქ იგულისხმება ძველი ნაშთებიდან ხარჯების გაწევა, რაც ფაქტობრივად უკანონოა. 

არსად წერია კანონში ბიუჯეტის შესახებ, რომ დეფიციტის დაფინანსების ლაგალური წყაროების დაგვიანების ან გადასახადების მობილიზებაში პრობლემების წარმოქმნისას მას შეუძლია „მარაგებიდან“ ხარჯოს ფული. ასეთ ვითარებაში კანონიერი გამოსავალი არის სეკვესტრი. თუ მთავრობას სურს ნაშთების გამოყენება, მაშინ ეს უნდა აისახოს კანონში და პასუხი უნდა აგოს მოსალოდნელ შედეგებზე. 

ბიჯეტში მარტის თვეში დასახარჯია დაახლოებით 750 მილიონი ლარი. პირველ 9 დღეში დაიხარჯა მხოლოდ 82 მილიონი. დღეისათვის ამ თვეში დახარჯულია 274 მილიონი ლარი და აქედან უმეტესობა პენსიებია. თითქმის ორი  ამდენი დასახარჯია დარჩენილ მეორე ნახევარში. თუ კვლავ ნაშთებიდან აპირებენ, გასაგებია რაც მოხდება. თუ გადასახადებიც შემოვა და საგარეო გრანტები და კრედიტებიც არ დაიგვიანებს, მაშინ გაუფასურება ნაკლებადაა მოსალოდნელი.

თებერვლის თვეში უკეთესობა იგრძნობა ექსპორტის მხრივაც. თუ იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, როგორც ზემოთ აღვნიშნე კლება 22 პროცენტი იყო, იანვარ-თებერვალშო იგი 11 პროცენტამდე შემცირდა. 

მიუხედავად ამისა, ეს არ იძლევა თვითდამშვიდების საშუალებას, რადგან იმპორტმა იმატა და იგი იანვარ-თებერვალში  ერთი პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გადმორიცხვების სტატისტიკა  ორიოდე დღეში გამოქვეყნდება და ვნახოთ, შეიცვალა თუ არა რაიმე სასიკეთოდ. 

რაც შეეხება მომსახურების ბალანს, იგი ძალიან გვიან დგება. ერთი რამის თქმა შეიძლება, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარდა მიმდინარე წლის ორ თვეში, რაც ასევე გარკვეულ გავლენას ახდენს ლარის სტაბილურობაზე. სამაგიეროდ, ინვესტიციებში კლებაა. მოკლედ, მთავრობას ბევრი აქვს საფიქრალი და პირველ რიგში ბიუჯეტს უნდა მიხედოს.

გარდა ამისა, შეიმჩნევა დოლარის გარკვეული გლობალური გამყარება ნავთობის ფასების ზრდის გამო. თუმცა ამ მოკლე პერიოდში არა მგონია, რომ მას რაიმე სერიოზული გავლენის მოხდენა შეეძლოს.

- შეიძლება უცნურად მოგეჩვენოთ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ რადგან ვიღაც თაღლითები ხალხს ატყუებენ და ამას არა აქვს ჯერ კიდევ დიდი მასშტაბი შეძენილი, მინდა გკითხოთ ერთ საკითხზე.  ეს ეხება 50 თეთრიანების საკმაოდ ძვირად შეძენის ფაქტებს, იმის იმედად, რომ შემდგომ გაცილებით ძვირდ გადაყიდონ. რა სქემა მუშაობს და ვინ აკეთებს ამას?

- 50-თეთრიანი არის ყველაზე იაფი შენადნობებისაგან-სპილენძისა და თუთიისაგან დამზადებული მონეტა. მას არა აქვს რაიმე განსაკუთრებული დამცავი ნიშანი, გარდა მასზე ამოტვიფრული ნახატებისა. მისი გაყალბება იყო ელემენტარული, ამიტომ ათასობით ყალბი ფული გაჩნდა მიმოქცევაში. ნამდვილისაგან მისი გარჩევა თითქმის შეუძლებელი იყო. 

როგორც შემდეგ გავარკვიეთ, მისი ამოცნობა ყველაზე კარგად შეეძლოთ „მარშრუტკის“ მძღოლებს. ხელში დაჭერისას გრძნობდნენ სხვაობას ორიგინალსა და თვითნაკეთს შორის წონის მიხედვით. 

გადავწყვიტეთ, რომ პარალელურ ბრუნვაში გაგვეშვა ახალი, ყოველმხრივ დაცული 50 თეთრიანი და მიმოქცევიდან ძველების ამოღების შემდეგ ისინი კვლავ არ ჩაგვებრუნებინა უკან. დღეისათვის უდიდესი ნაწილი ამოღებულია. ამიტომ, მისმა იშვიათობამ თაღლითებში გააჩინა იდეა, რომ შეექმნათ აჟიოტაჟური მოთხოვნა და შემდეგ საკუთარ მარაგებში არსებული მონეტები ათმაგად და ასმაგად გაეყიდათ. სწორედ ამ პროცესის საწყისი ეტაპის მომსწრენი ვართ ახლა.

50 თეთრიანის სწრაფად შეცვლას გულდასდაწყვეტი შედეგიც მოჰყვა: გაქრება მასზე გამოსახული XI საუკუნის სამთავისის ტაძრის ფასადზე განთავსებული გრიფონის რელიეფური გამოსახულება. სამწუხაროდ, მაშინ პრიორიტეტი სხვა რამ იყო. იმედია, მომავალში დიზაინის ეს ელემენტი კვლავ აღდგება ქართულ ხურდა ფულზე.

სადღაც წავიკითხე, რომ ძველ საბჭოთა სავარჯიშო გირებს იბარებენ დიდ ფასადო. თურმე პლატინა ურევია მცირე ოდენობით. ეს უკვე უფრო დიდი, პოსტსაბჭოთა სივრცეში დატრიალებული აფიორაა.

არ ენდოთ! 

ზოგადად, არ ენდოთ, რაც ეკონომიკაში ყველაზე ადვილად მისღწევი მოგეჩვენებათ. სწორედ ეს ქმნიდა საფრთხეებს მთელი ისტორიის მანძილზე და დღემდე ვერ განთავისუფლებულა კაცობრიობა ამ ილუზიისაგან. 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია