მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ გამოიყენა პროკურატურამ და სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას ყალბი დოკუმენტი? - 04 აპრილი 2016

"პროკურატურა ხელფასს ჩვენი ჯიბეებიდან იღებს იმისთვის, რომ ისევ ჩვენ ვიყოთ დამცირებული, შეურაცხყოფილი, განადგურებული, ქონებაჩამორთმეული და სამართლიანობა ქვეყანაში არ დამკვიდრდეს"

ufleba.ge

გარდაბნის რაიონის სოფელ ნაგების მკვიდრი ვაჩე ოჩიაური ამბობს, რომ დედასთან ერთად უკანონო სამართლებრივი გადაწყვეტილებების მსხვერპლია. მისი თქმით, 2011 წლის დეკემბერში პროკურატურამ ოჯახს მუქარითა და შანტაჟით უძრავი ქონება გააჩუქებინა, - ხოლო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი საჯარო რეესტრის ყალბ დოკუმენტზე დაყრდნობით გამოიტანა. ჩვენი რესპონდენტი პროკურატურისგან საქმის გადახედვას და კუთვნილი ქონების დაბრუნებას მოითხოვს.

"ufleba.ge" ვაჩე ოჩიაურს ესაუბრება.

- 2012 წლის 11 იანვარს, ჩემი და დედაჩემის წინააღმდეგ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ორივე თაღლითობასა და დოკუმენტების გაყალბებაში გვცნეს. 

სასამართლო განაჩენამდე, ჯერ კიდევ 2011 წლის დეკემბერში, პროკურატურამ მუქარითა და შანტაჟით ჩვენს ოჯახს უძრავი ქონება გააჩუქებინა. ეს იყო დუშეთის რაიონის სოფელ მლაშეში მდებარე მიწის ნაკვეთი. 

ამ საქმეში მთავარი ის არის, რომ პროკურატურამ ჩემი და დედაჩემის წინააღმდეგ ყალბი მტკიცებულება გამოიყენა. კერძოდ, საჯარო რეესტრის ყოფილი მოხელის, დავით ბიგვავას მიერ დამზადებული, საკუთრების უფლების დამდგენი ყალბი დოკუმენტი. 

სწორედ ამ დოკუმენტით პროკურორმა შოთა კვაჭანტირაძემ მე და დედაჩემი დაგვაშანტაჟა. რითაც იმას მიაღწია, რომ ჩვენი, კანონიერად დარეგისტრირებული უძრავი ქონება ვინმე ციალა კოკაიაზე გაგვაჩუქებინა. 

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლისთვის სრულიად უცნობი იყო ის ფაქტი, რომ საჯარო რეესტრის ყოფილი მოხელის, დავით ბიგვავას მიერ გაცემული დოკუმენტი ყალბ ინფორმაციას შეიცავს. 

მოგვიანებით, უკვე გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემდეგ, მე არაერთხელ შეკითხვით მივმართე საჯარო რეესტრს. და რეესტრმაც არაერთხელ ოფიციალურად დამიდასტურა, რომ ბიგვავას მირ გაცემული ინფორმაცია ყალბია. 

საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ეს პასუხები არაერთხელ წარვადგინე საქართველოს პროკურატურის არაერთ ინსტანციაში. მაგრამ შედეგად ის მივიღე, რომ პროკურატურამ დამნაშავისთვის ხელის დაფარება დაიწყო. ანუ ოფიციალური პასუხები მაქვს, სადაც წერია, რომ პროკურატურა დავით ბიგვავას დამნაშავედ არ თვლის. არ მიაჩნია, რომ მის მიერ გაცემული დოკუმენტი ყალბია. 

მაგრამ პროკურატურა ბიგვავას ხელს იმიტომ აფარებს, რომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი აუცილებლად გამოიწვევს დედაჩემისა და ჩემ მიმართ გამამართლებელ განაჩენს. რაც საბოლოო ჯამში იმას მოიტანს, რომ პროკურორი შოთა კვაჭანტირაძე, რომელიც დღეს თანამდებობრივად დაწინაურებულია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა უკანონო ბრალდების, ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და ქონების უკანონოდ ჩამორთმევისთვის. 

საქართველოს პროკურატურა სწორედ შოთა კვაჭანტირაძეს იცავს მართლმსაჯულებისგან, როცა დავით ბიგვავას ხელს აფარებს. უწყება ყველანაირად ხელს შეუშლის, რომ უბრალო მოქალაქემ მოქმედი პროკურორი ციხეში გაგზავნოს. 

მაქვს აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, როგორც დავით ბიგვავას მიერ გაცემული დოკუმენტის სიყალბეს, ასევე პროკუორ შოთა კვაჭანტირაძის ბრალეულობას. და მინდა, რომ მედიამ, "ქრონიკა პლუსმა" უსამართლობისა და უკანონობის ეს ფაქტი საჯარო გახადოს. 

- რამდენიმე კითხვა ჩნდება; განაცხადეთ, რომ თაღლითობის მუხლით იყო დევნა თქვენ მიმართ, რა შემთხვევას ჰქონდა ადგილი?

- განგიმარტავთ. საქმე ისაა, რომ დუშეთის რაიონის სოფელ მლაშეში, დედაჩემი, 1986 წლიდან მოყოლებული კერძო საკუთრებაში უძრავ ქონებას ფლობდა. კერძოდ, მიწის ნაკვეთს - 3 ათასი კვადრატული მეტრის. 

შემდეგ, უკვე 2010 წელს აღნიშნული მიწის ნაკვეთი დავარეგისტრირეთ. დედაჩემის სახელით მოხდა ამ მონაკვეთის დარეგისტრირება, ქონებრივი უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე. 

ეს დოკუმენტი იყო საარქივო ცნობა, რომელშიც წერია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე დედაჩემი , მზია ოჩიაურია. ანუ ყველაფერი სავსებით კანონიერად განხორციელდა. 

მაგრამ ჩემი დაუდევრობიდან გამომდინარე, საკადასტრო აზომვის ნახაზზე დედაჩემის ნაცვლად ხელი მოვაწერე. ახლა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ არის უფლების დამდგენი დოკუმენტი. მაგრამ ეს გამოიყენა პროკურატურამ, - ეს დოკემენტი შენ გააყალბე და სხვის ქონება მიითვისეო. 

ფაქტობრივად, თაღლითობაში ბრალდების საფუძველი აქედან წარმოიშვა. ახლა მე მოვაწერდი  თუ დედაჩემი, რეალურად ეს ყველა შემთხვევაში ჩვენი ქონება იყო და არავითარი თაღლითობა აქ არ ჩადენილა. 

- მაშინ ქონებას ვისღა წაართმევდით, ამის შეფასება როგორ მოხდა? 

- ახლა რაშია საქმე, ვინმე ციალა კოკაიამ პროკურატურას 2011 წელს წარუდგინა დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის, ე.ი. საჯარო რეესტრის ყოფილი უფროსის, დავით ბიგვავას მიერ დამზადებული დოკუმენტი. მასში წერია, რომ თურმე კოკაიას სახელზე ნასყიდობის ხელეკრულებით სოფელ მლაშეში საკუთრების უფლებით აღრიცხულია საცხოვრებელი სახლი საერთო ფართობით 35 კვ მეტრი და მასზე დამაგრებული 3 ათასი კვადრატული მეტრის სასოფლო-საემეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი. აღნიშნული უძრავი ქონება არ არის დაყადაღებული და დატვირთული რაიმე ვალდებულებით. 

ანუ თითქოს ეს უძრავი ქონება (რომელსაც დედაჩემი ფლობდა) თურმე ჩვენ უკვე გაყიდული გვქონდა და თითქოს სხვის ქონების რეგისტრაცია მოვახდინეთ საჯარო რეესტრში. აი ასე მოხდა დავით ბიგვავას გაცემული დოკუმენტით კოკაიების მიერ პროკურატურის შეცდომაში შეყვანა. 

- კოკაიებს აღნიშნულ საკუთრებასთან მანამდე არანაირი შეხება არ ქონიათ?

- აბსოლუტურად არანაირი, რადგან მაქვს ყველა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მათი საკუთრება ეს მიწა არასოდეს ყოფილა. მაქვს დუშეთის არქივის მიერ გაცემული ინფორმაცია, სადაც წრია, რომ კოკაიებს სოფელ მლაშეში არავითარი მიწა არ ეკუთვნოდათ. 

მაქვს ასევე საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ინფორმაცია, სადაც ასევე დადასტურებულია, რომ კოკაიები სოფელ მლაშეში საერთოდ არასოდეს არანაირ ქონებას არ ფლობდნენ. ეს იყო სრულიად უსაფუძვლო მოთხოვნა. 

ალბათ, ანგარებით დავით ბიგვავამ დაუმზადა კოკაიებს უფლების დამდგენი ყალბი დოკუმენტი, რომ ამით უკვე პროკურატურისთვის მიემართათ და ჩვენთვის მიწა წაერთმიათ. მაშინ ასეც ხდებოდა, მოგეხსენებათ 2011 წელია. 

- რატომ ფიქრობთ, რომ აქ მაინც ანგარება იყო წინა პლანზე? 

- ამას სხვა ლოგიკურ ახსნას ვერ ვუძებნი, დავით ბიგვავას სხვა რა ინტერესი უნდა ჰქონოდა, როცა ამ ყალბ დოკუმენტს უმზადებდა? რადგან საჯარო რეესტრი მიდასტურებს, რომ ჩვენთან სართოდ არსებობს მსგავსი მონაცემი კოკაიების ქონებრივ უფლებასთან დაკავშირებითო; და ბიგვავამ კონკრეტულად ეს 3 ათასი კვადრატული მეტრი საიდან მოიტანა? შეუძლებელია მას ამგვარი ინფორმაცია ჰქონოდა, რომ 3 ათას მეტრ მიწას ფლობს ციალა კოკაია დუშეთის რაიონის სოფელ მლაშეში. 

ვიმეორებ, ნაკვეთი სინადვილეში დედაჩემის საკუთრება იყო. ეს ყალბი დოკუმენტი დაუმზადა და ამის შემდეგ წარმოიშვა მერე ის ყველაფერი - უკანონო ბრლდება, უკანონო განაჩენი და ყველანაირი ზიანი, რაც მე და დადაჩემმა მივიღეთ. 

- ბიგვავა ახლაც მუშაობს სისტემაში? 

- როგორც ვიცი, მსგავსი დარღვევების გამო პასუხისგებაში იქნა მიცემული და 2012 წელსვე გათავისუფლდა სამსახურიდან. 

- მაგრამ პროკურატურა რატომ დაეყრდნო აღნიშნულ ყალბ დოკუმენტაციას, რომელზეც თქვენ საუბრობთ? 

- ეს უკვე პროკურატურის დაუდევრობის გამო მოხდა. პროკურატურის და კონკრეტულად დუშეთის პოლიციის უპასუხისმგებლობით იქნა გამოწვეული. 

მე აქ ბიგვავას მიერ გაცემულ ყალბ დოკუმენტზე ვაკეთებ აქცენტს. მაგრამ როდესაც ჩემ წინააღმდეგ გამოძიება მიდიოდა, სხვა უამრავი დარღვევა მოხდა. მაგალითად, დუშეთის პოლიციაში გამომძიებელმა გიორგი ფრიდონაშვილმა ჩემი დაკითხვის ოქმი გააყალბა. ანუ ტექსტი შეცვალა, მე რასაც ხელი მოვაწერე ის და ჩემი ხელმოწერა გაყალბებულ ტექსტზე სკანერის საშუალებით დაიტანა. 

ამის შემდეგ ისევ პროკურატურას მივმართე. პროკურორის პასუხი მივიღე, რომ ეს გაყალბებად არ ითვლება, თუ სკანერის საშუალებით დაიტანეს ხელმოწერაო. ამას კონკრეტულად მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილე არჩილ ბედუკაძე მპასუხობს. 

რატომღაც, პროკურატურას სწორება მაინც და მაინც იმაზე ჰქონდა აღებული, რომ მე ბრალდებული ვყოფილიყავი; ჩემთვის ქონება წაერთმიათ და ასე მუქარით და შანტაჟით კოკაიებისთვის გადაეცათ. საუბარია ოჯახის კუთვნილი ქონებაზე, რომელიც რეალურად არ გაგვისხვისებია. 

ერთ რამეზე მსურს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა, რომ ჩვენ გვედავებიან, თითქოს 1995 წლის 30 ივნისს გავყიდეთ ეს მიწის ნაკვეთი და გადავეცით ამ ნასყიდობის ხელშეკრულებით კოკაიებს. 

მაგრამ 1995 წელს საქართველოში მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაში არ იყო. როგორ შეიძლება მე გამეყიდა ის, რაც ჩემი არ იყო? ამიტომ ეს სრული აბსურდია. მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაში სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების დღიდან, ანუ 1997 წლიდან შევიდა. 95 წელს მიწის ნაკვეთები იყო სარგებლობაში და შემდეგ ეს ნაკვეთები სახელმწიფომ მოსარგებლე პირებს საკუთრებაში გადასცა. 

ანუ დედაჩემი მოსარგებლე პირი იყო და 1997 წელს უკვე ეს მიწა საკუთრებაში მიიღო. ხოლო 2010 წელს უკვე ამ მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია განხორციელდა, ყველანაირი კანონიერი დოკუმენტაციის საფუძველზე. ის უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ამ ქონების საჯარო რეესტრში გატარება მოხდა, დღესაც ძალაშია. და ვისთვისაც იძულებით გვაჩუქებინეს მათივე მუქარით და შანტაჟით (ბიგვავას მიერ გაცემული ყალბი დიკუმენტის საფუძველზე), ისინი სწორედ იმ საარქივო ცნობის საფუძველზე ფლობენ ჩემთვის წართმეულ მიწას; სადაც წერია, რომ ეს 3 ათასი კვ-მეტრი მიწა წარმოადგენს მზია ოჩიაურის საკუთრებას. 

- რა განაჩენი დადგა თავის დროზე თქვენ წინააღმდეგ? 

- როგორ ჩემი, ასევე დადაჩემის წინააღმდეგ დადგა განაჩენი -  180 მუხლი, თაღლითობა და დოკუმენტის გაყალბება. და მე რომ დედაჩემის ნაცვლად ხელი მოვაწერე საკადასტრო აზომვის ნახაზზე, ეს მიჩნეულია ცალკე როგოც თაღლითობად, ასევე დოკუნმენტის გაყალბებად. 

მინდა კიდევ ერთ საინტერესო ამბავზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. 

- მანამდე ის მითხარით, სასჯელი რა დაგეკისრათ? 

- სასჯელი იყო 6 წელი პირობითი და დამატებითი სასჯელი ათი ათასი ლარის ჯარიმა, როგორც ჩემი, ასევე დედაჩემის მიმართ.  

- გადაიხადეთ ეს ჯარიმა? 

- მე გადავიხადე, ხოლო დედაჩემს არ გადაუხდია, რადგან ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეწყალება შეეხო. 

- პირობითი სასჯელიც მარტო თქვენ შეგეხოთ? 

- პირობითი ორივეს შეგვეხო, ექვს-ექვსი წელი. 

- კიდევ ერთი მომენტი დავაზუსტოთ, დედათქვენის დოკუმენტზე ხელი როგორ მოაწერეთ, იქნებ განმარტოთ ეს მომენტი? 

- ამაზეც გეტყვით, რომ ჩვენი ოჯახი გარდაბნის რაიონში ცხოვრობს. დედაჩემი ასაკოვანია, უკვე 74 წლისაა. მაშინ 70 წლის იყო და ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ უწყობდა. საკადასტრო ნახაზი ქალაქ დუშეთში უნდა დამტკიცებულიყო. რადგან იქ  არსებულ ნაკვეთებზე ფლეშკარტები არის მხოლოდ დუშეთში. გარდაბანში მაშინ ეს არ იყო. 

მე წავედი დუშეთში. ვიდრე იმ მზომელმა ხელი არ მომაწერინა, ისე არ გამომატანა ფლეშკარტა. ასე მოხდა ამ ნახაზზე ხელმოწერის გაყალბება, ეს იყო და ეს.

ასევე იმ განაჩენში ერთი წელი იცით რისთვის მაქვს მოსჯილი? საჯარო რეესტრში ამონაწერი რომ ავიღეთ (ეს მიწა რომ დედაჩემზეა რეგისტრირებულია), - შენ საჯარო რეესტრიდან გაყალბებული ამონაწერი აიღეო და ერთი წელი ამისთვის მომისაჯეს. 

ე.ი. საჯარო რეესტრს არაფერს ედავებიან, თუ ის გაყალბებულ ამონაწერს გასცემს და მე მისჯიან ერთ წელს იმისთვის, რომ მიწა დავარეგისტრირე და იქიდან ამონაწერი ავიღე. 

- როდის აიღეთ საჯარო რეესტრიდან წერილი, რომ აღნიშნული საბუთი გაყალბებულია? 

- პასუხი აქვე მაქვს - ეს არის 2014 წლის 21 ივლისს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ირაკლი გოგოლაძის მიერ გაცემული ოფიციალური წერილი, რომელიც მიწერილია სახალხო დამცვეის აპარატისთვის, მხოლოდ ბოლო აბზაცს წაგიკითხავთ: 

- ამასთანავე გაცნობებთ, რომ საჯარო რეესტრის 2009 წლის 2 სექტემბრის ნომერი - 186880 წერილის მეორე აბზაცში მითითებული მონაცემები არ შეესაბამებოდა ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ მონაცემებს. ანუ საუბარია დავით ბიგვავას მიერ 2009 წლის 2 სექტემბერს გაცემულ წერილზე და ნათქვამია, რომ მან რა მონაცემებიც მიუთითა, ის საჯარო რეესტრში არსებულ მონაცემებს არ შეესაბამებაო; ანუ დოკუმენტი ყალბიაო. 

- ამ დოკუმენტაციით როდის მიმართეთ პროკურატურას და რა პასუხი მიიღეთ? 

- ამ დოკუმენტაციით პროკურატურას არაერთხელ მივმართე. არამხოლოდ პროკურატურას, მივმართე სახალხო დამცველს, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს და სხვ. როდესაც ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მცხეთის პროკურატურაში გადაგზავნა ჩემი განცხადება, მცხეთის პროკურორმა გიორგი ცერცვაძემ აი ასეთი ოფიციალური პასუხი გასცა - 

ვაჩე ოჩიაურის და მისი დედის, მზია ოჩიაურის ბრალდების, სისხლის სამართლის ნომერ 025110065 საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებათა ერთობლიობის ანალიზით არ დგინდება დავით ბიგვავას მიერ ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტი.   შესაბამისად, არ არსებობს დავით ბიგვავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების სამართლებრივი საფუძველი. 

აი ეს არის გიორგი ცერცვაძის მიერ გაცემული პასუხი. ყურადღება მიაქციეთ, რომ საჯარო რეესტრი, სადაც დავით ბიგვავა მუშაობდა, ოფიციალურად ადასტურებს, რომ მის მიერ გაცემული ინფორმაცია არ შეესაბამება რეესტრში არსებულ ინფორმაციას. 

და პროკურატურა საჯარო რეესტრში გაცემულ ინფორმაციაზე თვალებს იბრმავებს და ამბობს, რომ ბიგვავა არ არის დამნაშავე. რეალურად, დანაშაულის ფარვას ახდენს და ეს სრულიად აშკარად ხდება.  

- მთავარმა პროკურატურამ რა გიპასუხათ? 

- მთავარ პროკურატურაში არაერთი განცხადება მაქვს შეტანილი და მაგალითად, ბოლო განცხადებაზე პასუხიც კი არ გამცეს. რადგან ამაზე პასუხი არც აქვთ. 

- ამ ეტაპზე თქვენი მოთხოვნა რაში მდგომარეობს? 

- მედიას იმიტომ მოგმართავთ, რომ ეს ყველაფერი საჯარო გახდეს. მოსახლეობამ გაიგოს როგორ მუშაობს პროკურატურა. რეალურად, ეს არის ერთი დიდი კრიმუნალური ორგანიზაცია, რომელსაც პროკურატურა ჰქვია და ხელფასს ჩვენივე ჯიბეებიდან იღებს იმისთვის, რომ ისევ ჩვენ ვიყოთ დამცირებული, შეურაცხყოფილი, განადგურებული, ქონებაჩამორთმეული და სამართლიანობა ქვეყანაში არ აღდგეს. 

ამ მისიას ასრულებს პროკურატურა და მინდა ეს ყველსთვის ცნობილი იყოს. 

ამასთან, რასაკვირველია, მოვითხოვ საქმის რეალურად გადახედვას და ჩემი კუთვნილი ქონების დაბრუნებას. პროკურატურაში ერთი კანონმორჩილი ადამიანი მაინც გამოჩნდეს, ხელახლა გაუშვას ეს საქმე განხილვაში, დამნაშვე პირების მიმარ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და ჩემი ქონება დამიბრუნდეს.

თემაზე კომენტარისთვის მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს დავუკავშირდით. სამწუხაროდ, დასმულ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.        

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია