მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კახა კუკავა: ქვეყანაში უკმაყოფილება იზრდება და კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - 22 აპრილი 2016

„მთელი ერი თანხმდება ერთში - ეს მთავრობა უნდა წავიდეს“ 

myrights.ge

აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (ენდიაი) ბოლო სოციოლოგიური გამოკითვის შედეგები ნამდვილი „განაჩენია“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის. ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანში 15%-იანი რეიტინგის მქონე მთავრობა (როდესაც მოსახლეობის ლამის 80% მიიჩნევს, რომ ქვეყნაა არასწორი გზით მიექანება), ბოდიშს მოიხდიდა, ქუდს დაიხურავდა და სახლში წავიდოდა (ანუ ხელისუფლებას გადააბარებდა). მაგრამ აქ ისევ მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნაზე ოცნებობენ. მეორე მხრივ, რა შანსები აქვს მომავალ კენჭისყრაზე ოპოზიციას, ესეც გაურკვეველი ამბავია.    

„ქრონიკა პლუსი“ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს, კახა კუკავას ესაუბრება:

- რა დამოკიდებულება გაქვთ „ენდიაის“ ბოლო გამოკითხვის შედეგებთან?

- „ენდიაის“, ისევე როგორც ნებისმიერი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები სადავოა, მაგრამ უმრავლესობა თანხმება, რომ ქვეყანაში არსებულ ტენდენციებს მეტ-ნაკლებად სწორად ასახავს. ჩვენც ასე მივიჩნევთ. პოლიტიკური პარტიების ჩამონათვალში „თავისუფალი საქართველო“ მეექვსე თუ მეშვიდე ადგილზე არის დასახელებული. ვფიქრობ, რომ პრინციპში ეს ობიექტური მონაცემია. ახლა რომ ვამტკიცოთ პირველ და მეორე ადგილზე ვართო, ეს რეალობა არ იქნება. 

სხვა საქმეა, არ მოგვწონს ეს მონაცემი და გვირჩევნია, რომ უფრო მაღალი რეიტინგი გვქონდეს, ვიდრე „ენდიაიმ“ დაგვიწერა. მაგრამ პარტიის შემთხვევაში სამი პროცენტი და მეშვიდე ადგილი (რომელიც გამოკითხვებში არის მითითებული), არსებულ რეალობას მეტ-ნაკლებად ობიექტურად ასახავს. 

პრინციპში, ორი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ისტერიკა მოაწყო ამ შედეგებზე, ქართული ოცნება და ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა. დანარჩენი პოლიტიკური ძალები ამ საკითხს უფრო ანალიტიკურად უდგებიან. 

- რატომ ასახავს გამოკითხვის ტენდენციები ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობას? 

- არსებული სიტუაცია ბევრი სხვადასხვა პარამეტრით შეიძლება შეფასდეს. მაგრამ მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში უკმაყოფილება იზრდება და კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. ამ კრიტიკულ ზღვარზე მიუთითებს ის, რომ მთელი ერი თანხმდება ერთში - ეს მთავრობა უნდა წავიდეს. 

სხვა საკითხებზე სხვადასხვა მოსაზრება შეიძლება იყოს. მაგრამ საქართველოში ასეთი მომენტები სხვა დროსაც ყოფილა, როცა 80%  ამბობს, რომ ოღონდ ეს მთავრობა მოშორდეს და ვინც გინდა ის მოვიდესო. 

ერთხელ ეს მოხდა 2000-იანების დასაწყისში, რაც „ვარდების რევოლუციით“ დამთავრდა.  გვახსოვს მაშინდელი განწყობა, „ენდიაი“ მაშინაც აჩვენებდა შექმნილ რეალობას - ოღონდ შევარდნაძე წავიდეს და მასზე უარესი ვინ იქნებაო. 

მეორეჯერ მსგავსი განწყობა 2010 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა, როდესაც ხალხი ასევე ამბობდა, რომ ოღონდ სააკაშვილი წავიდეს ხელისუფლებიდან და ვინც გინდა მოვიდესო; მაშინაც ასეთი ტოტალური დაკვეთა არსებობდა. 

ამიტომ ვფიქრობ, რომ „ენდიაის“ ახლანდელ გამოკვლევებშიც ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს სოციალურ-პოლიტიკური დაკვეთაა. სრულიად აშკარად ჩანს, რომ ქართველი ხალხი ამბობს - ოღონდ ივანიშვილის რეჟიმი წავიდეს და ნებისმიერი ცვლილებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. 

და ის, რომ ხელისუფლებას 15%-იანი რეიტინგი აქვს. „ენდიაი“ გამოკითხვებს მარტო საქართველოში არა, ძალიან ბევრ ქვეყანაში ატარებს. ნებისმიერი მედიასაშუალება პატარა ჟურნალისტურ მოკვლევას თუ ჩაატარებს, ვნახავთ, რომ ალბათ უნიკალური შემთხვევაა ხელისუფლებას 15%-იანი რეიტინგი ჰქონდეს. 

ასეთი რეიტინგის შემთხვევაში ყველა ქვეყანაში რევოლუცია ხდება. 

ზუსტი ციფრი არავის დაუდგენია, მაგრამ მიიჩნევა, რომ ხელისუფლების რეიტინგის და მხარდაჭერის ქვედა ზღვარი 40%-ია. ნორმალური მაჩვენებელი 50%-ია. თუ ამაზე მეტი მხარს უჭერს ხელისუფლებას, ეს კარგი მაჩვენებელია. 40%-იანი მხარდაჭერა უკვე დაბალია, მაგრამ თუ ამის ქვემოთ ჩამოდის ხელისუფლების მიმართ თანადგომა, დღის წესრიგში ლეგიტიმაციის საკითხი დგება. 

საქართველოში 40%-ს ქვემოთ კი არა, ნათლად ვხედავთ, რომ მოსახლეობის მხოლოდ 15% არის მათი მხარდამჭერი. 

- რამ მოიტანა ეს მდგომარეობა, როდესაც მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება? 

- ეს მართვის ავტორიტარულმა მეთოდმა მოიტანა, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოგონილი არ არის. იგივე სიტუაციაა, რაც იყო ჯერ შევარდნაძის და მერე სააკაშვილის რეჟიმის პირობებში; როდესაც ქვეყანას ვიწრო ჯგუფი მართავს. ვიწრო ჯგუფს არასდროს არ შეუძლია საზოგადოების ფართო ფენები დააკმაყოფილოს. ეს საზოგადოება ხომ განსხვავებულია? 

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შედგება ქართველებისგან და ეთნიკური უმცირესობებისგან, ქალაქელებისგან და სოფლელებისგან, მდიდრებისგან და ღარიბებისგან, სრულიად სხვადასხვა განათლებისა და სოციალური მდგომარეობის მქონე ადამიანებისგან; პროდასავლური და პრორუსული განწყობის ხალხისგან; და თუ ჩვენ გვინდა ქვეყანა სტაბილურად განვითარდეს, საპარლამენტო, დასავლური დემოკრატია იმას გულისხმობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა სოციალური ჯგუფი. ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკა ისეთნაირად უნდა გამომუშავდეს, რომ მეტ-ნაკლებდ ყველა ჯგუფის ინტერესი ასახული იყოს. 

ამ დროს საქართველოში როგორ ხდება? ხელისუფლებაში მოდის ხოლმე ერთი ჯგუფი, თავიანთ ბიძაშვილ-მამიდაშვილებს მოიყვანენ და ეს ერთი პროცენტი ქვეყანას მართავს, რომელსაც დანარჩენი 99% ფეხებზე კიდია. ბუნებრივია, რომ ეს 99% მერე საკუთარ პროტესტს ძალიან აქტიურად გამოხატავს.

ასე მოხდა შევარდნაძის დროს. გაუარესდა მდგომარეობა სააკაშვილის დროს და უფრო გაუარესდა ბიძინა ივანიშვილის პირობებში. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი და მასთან დაახლოებული რამდენიმე ოჯახი მართავს. 

ეს არ გამოხატავს ქართველი ხალხის, არც ერთი სოციალური ჯგუფისა და ფენის ინტერესებს. და ბუნებრივია, რომ მხოლოდ ტყუილებითა და დაპირებებით საზოგადოების 99% დიდხანს კმაყოფილი ვერ იქნებოდა. 

ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მწვავე პოლიტიკური პროცესები, მწვავე პროტესტი დღის წესრიგში დგას. 

- სადამდე მივიდა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხი? 

- ჯერჯერობით არანაირი პროგრესი არ არის. პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუარესება ხდება. ხელისუფლებამ შემოიტაა კანონპროექტი, რომელიც  ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძლვის გაუქმებას ითვალისწინებს. 

ვგულისხმობ, რომ პრემიერ-მინისტრსა და მინისტებს აღარ მოუწევთ პოსტიდან გადადგომა საარჩევნო კამპანიის დროს. ასევე ვგულისხმობ იმას, რომ არჩევნების თარიღი დაინიშნა ოპოზიციიასთან კონსულტაციების გარეშე ადრეულ შემოდგომაზე, რაც საარჩევნო კამპანიის ნორმალურად ჩატარების შესაძლებლობას გამორიცხავს.

ანუ ჯერჯერობით ჩვენ ვუყურებთ არა გაუმჯობესებისკენ, არამედ საარჩევნო გარემოს გაუარესებისისკენ მიმართულ ღონსძიებებსა და ნაბიჯებს. 

- დარჩენილ პერიოდში ამ მიმართულებით რაიმე პროგრესი თუ არის მოსალოდნელი? 

- პარტია თავისუფალი საქართველო ყოველთვის, ყველა ხელისუფლების პირობებში კონსტრუქციულად ვართ განწყობილი. და თუ თეორიულად ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ნაბიჯები გადმოდგმული იქნება, ჩვენ ამას აუცილებლად მივესალმებით და შევეცდებით, რომ ეს გამოვიყენოთ. 

მცირედი პოზიტიური ნაპერწკალი  გაჩნდა ხელისუფლებაში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა. ღარიბაშვილი ველური ქვის ხანის ადამიანი იყო, რომელთანაც ნებისმიერი სახის თანამშრომლობა უბრალოდ შეუძლებელი იყო. ის იყო კრიმინალი და ვფიქრობ აუცილებლად დადგება იმის დრო, როდესაც ღარიბაშვილი ციხესი ჩაჯდება. ეს დრო შორს არ არის. 

მისგან განსხვავებით კვირიკაშვილი ნორმალური ადამიანია. განათლებული, ცივილიზებულია, ვისთანაც დიალოგის წარმოება შესაძლებელია. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ გიორგი კვირიკაშვილს გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. 

ჯერჯერობით ჩვენ კვირიკაშვილთან ვერანაირ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. უბრალოდ, თუ ღარიბაშვილთან ნებისმიერი სახის თანაშრომლობა გამორიცხული იყო, კვირიკაშილთან ეს თეორიულად გამორიცხული არ არის; და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ ერთპროცენტიანი შანსის პირობებში ეს შეთანხმებისთვის მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

- თუ სასურველი ცვლილებები არ მოხდება, ასეთი საარჩევნო მოდელის პირობებში რა შედეგები დადგება? 

- მაშინ ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება ქუჩის პროტესტის შედეგად. შეიძლება წელს არა და გაისად მოხდეს, სულაც ორი წლით გადავადდეს პოლიტიკური პროცესები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ვფიქრობ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული მოხდება ქუჩის აქციების შედეგად და აგიხსნით რატომაც. 

ეს არ არის ჩემი პროგნოზი, საქართველოს თუ სხვა ავტორიტარული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობითაა. როდესაც ხელისუფლება თვითო არ ტოვებს მმართველობის ლეგიტიმურ-დემოკრატიული გზით შეცვლის საშუალებას, საზოგადოებაში ჩნდება სოციალური დაკვეთა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ დაამხოს ეს რეჟიმი. 

გვახსოვს, შევარდნაძემ იმდენჯერ გააყალბა არჩევნები, რომ საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი ეძებდა რადიკალურ ლიდერს, რომელიც მის მმართველობს დაამხობდა. გაჩნდა ასეთი ლიდერი სააკაშვილი და მან საზოგადობის სრული მხარდაჭერა მიიღო. რეჟიმი დაამხო, მისი მინისტრები დაიჭირა, ციხეში ჩასვა და გაყვლიფა კიდეც. 

იგივე მოხდა შემდეგ სააკაშვილის პირობებში. მანაც იმდენჯერ გააყალბა არჩევნები და როცა ხალხი დარწმუნდა, რომ შეუძლებელი იყო ამ რეჟიმის არჩევნების გზით შეცვლა, საბოლოო ჯამში მხარი დაუჭირა გამაერთიანებე ლიდერს, მესიას, ბიძინა ივანიშვილს, რომლის ირგვლივ მთელი ოპოზიცია გაერთიანდა. და ჩვენ ვნახეთ, რომ ახლა სააკაშვილის რეჟიმის ჩინოვნიკებიც ვირის აბანოში მოკალათებულნი არიან. 

დღევანდელი ხელისუფლებაც თავისი ცინიკური განცხადებებით (როდესაც არ ცვლის საარჩევნო კოდექსს, ამბობს, 15%-იანი რეიტინგის პირობებში საკონსტიტუციო უმრავლესობას შექმას აპირებს, ფეხებზე კიდია საზოგადოებრივი აზრი და მის მიმართ აბუჩადამგდები დამოკიდებულება აქვს), საზოგადოებაში ლიდერზე მოთხოვნას აჩენს. 

ეს ლიდერი ჯერ არ არის, მაგრამ მთავარია გაჩნდა მოთხოვნა, რომ ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია სჭირდება; რომელიც დაამხობს ამ რეჟიმს და ივანიშვილს ციხესი ჩასვამს. ეს მოთხოვნა თვითონ ქართულმა ოცნებამ გააჩინა. იმის გამო, რომ ისინი არ ტოვებენ შესაძლებლობას ლეგაურ-კონსტიტუციური საპარლამენტო არჩევნების გზით შეიცვალოს ამ ქვეყანაში ხელისუფლება. 

როგორც შევარდნაძეს გაყალბებული არჩევნები ბუმერანგივით მოუბრუნდა (ასევე სააკაშვილს), ვარწუნებ ქართული ოცნების ლიდერებს, რომ მათაც ასევე მოუბრუნდებათ ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ატარებენ. და აუცილებლად ქართული ოცნების ლიდერები ვირის აბანოში ადგილებს ახალაისა და მერაბიშვილის გვერდზე დაიკავებენ. 

- თქვენი პარტია მარტო გადის არჩევნებზე, თუ სხვა პოლიტიკურ ძალებთან გაერთიანებას აპირებთ? 

- ჩვენ კონსულტაციებს რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან ვაწარმოებთ. ჯერჯერობით ეს პროცესი წარმატებული არ არის. „თავისუფალი საქართველო“ მიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთიანი ბლოკის სახით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და დაამარცხებს ქართულ ოცნებას. 

სამწუხაროდ, ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა ოპოზიციური პარტიების რეალური გამოხმაურება არ გვაქვს. 

- ასეთი დიალოგი ინტერპარტიული ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს? 

- ინტერპარტული ჯგუფი საარჩევნო გარემოსთვის შექმნილია. ხოლო ბლოკთან დაკავშირებით ინდივიდუალური კონსულტაციები რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ჩვენი პარტიის გარდა საარჩევნო ბლოკის შექმნის იდეას არც ერთი პოლიტიკური პარტია მხარს არ უჭერს. 

- რა შედეგებს ელოდებით უშუალოდ არჩევნებზე?

- ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე არჩევნების შედეგების პროგნოზირება ძალიან რთულია. თეორიულად ხვალ არჩევნები თუ იქნებოდა, ალბათ პარლამენტში გარანტირებულად ორი პარტია მოხვდებოდა - ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. და არის კიდევ 5-6 პარტია, მათ შორის თავისუფალი საქართველო, რომელსაც შანსი აქვს, რომ პარლამენტში მოხვდეს - ცალკე ან საარჩევნო ბლოკის წევრებთან ერთად.     

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია