მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი გუგავა: ხელისუფლება განწირულია დამარცხებისთვის, მისი რეიტინგი უბრალოდ გაცამტვერებულია - 03 მაისი 2016

„დასავლეთში ამას ჩამოწერილ ხელისუფლებას უწოდებენ“

myrights.ge

„ლეიბორისტული პარტია“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მარტო გადის. შალვა ნათელაშვილის გუნდი კენჭისყრაში გამარჯვებას და შემდეგ პარლამენტში ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებთან კოალიციური მთავრობის შექმნას გეგმავს. პარტიისთვის ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების ტენდენციები მისაღებია, გარდა პოლიტიკურ ძალთა და ლიდერთა რეიტინგისა.  

„ქრონიკა პლუსი“ „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი გუგავას ესაუბრება:

- ბოლო სოციოლოგიურმა კვლევებმა ქვეყნის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობა პირდაპირ ციფრებში გვიჩვენა. ამიტომ, უპირველესად, აქცენტს მის სოციალურ და ეკონომიკურ ნაწილზე გავაკეთებდი. 

ჩვენ ვუყურებთ როგორ გაზრდილია უმუშევრობა და უიმედობა. ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაციაა და სწორედ ამის გამო კატასტროფული მაჩვენებლები ფიქსირდება. ეს რეალურად აჩვენებს საზოგადოების განწყობას, დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ. 

ასევე გვიჩვენებს, რომ ეს ხელისუფლება პრაქტიკულად განწირულია დამარცხებისთვის. ეს უკვე პოლიტიკურ ნაწილში გამოჩნდა, - მათი რეიტინგი უბრალოდ გაცამტვერებულია. 

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ეს გამოკითხვები ჯერ კიდევ მაშინ ჩატარდა, სანამ მმართველი კოალიცია დაიშლებოდა. ამიტომ ადვილი წარმოსადგენია, დღეს იგივე ტიპის გამოკითხვები რომ ჩატარდეს, არსებულ ხელისუფლებას ბევრად დაბალი მაჩვენებელი ექნება. 

გავიაზროთ კიდევ ერთი გარემოება - როდესაც ასეთი გამოკითხვა ტარდება, ხელისუფლების მხარდამჭერი ღიად, ყოველგვარი ზეწოლისა და შიშის გარეშე  გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას. ამიტომ ამომრჩეველი, რომელიც ჯერ არ აფიქსირებს პოზიციას, რეალურად მთავრობის მომხრე არ არის.

ზოგადად, როდესაც ხელისუფლების რეიტინგი 40%-ს ქვემოთ ჩამოდის, ეს უკვე საგანგაშო ამბავია. ასეთი მმართველობა უბრალოდ განწირულია და მას დასავლეთში ჩამოწერილ ხელისუფლებას უწოდებენ. როდესაც მთავრობის რეიტინგი 15%-ს ქვემოთაა, ეს კატასტროფულ რეალობაზე მოასწავებს, - ხელისუფლება ჩამოშლილია და ეს, უბრალოდ, უნდა გაფორმდეს ოქტომბრის არჩევნებზე. არსებული სიტუაციის ზოგადო შეფასება ასეთი. 

- რამ მიგვიყვანა აღნიშნულ რეალობამდე? 

- ამას აბსოლუტურად ობიექტური საფუძვლები გააჩნია. ციფრებზე მეტად რაც უნდა დაგვენახა, ეს არის ტენდენციების გამოკვეთა და საერთო სურათი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

2012 წელს საზოგადოებაში გაჩნდა უდიდესი იმედი, იმის განცდა, რომ ქვეყანაში რეალურად გატარდებოდა მნიშვნელოვანი სახელმწიფო პოლიტიკური რეფორმები - მოხდებოდა ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია, სამართლიანობის აღდგენა, უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნება, საარჩევნო სისტემის რეფორმა, - ეს პოლიტიკურ ნაწილში.

ეკონომიკურ-სოციალურ ნაწილში გაჯანსაღდებოდა სოციალური გარემო. საზოგადოებას დაპირდნენ (უპირველს ყოვლისა ივანიშვილი), რომ მიიღებდა უფასო ფულს და ამ დროს პირიქით, ლარის სახით გაუფასურებული ფული მიიღო. რამაც პირდაპირი დარტყმა მიაყენა ადამიანებს და ასეთი 600 ათასი ოჯახია, რომელსაც უცხოურ ვალუტაში თანხა აქვს გამოტანილი. 

ამავე დროს, პროცესმა ინფლაცია გამოიწვია, ფასების ზრდა პროდუქტზე, მომსახურებაზე. რეალურად, არ გაიზარდა პენსია, სოციალური დახმარებები. შემცირდა სამუშაო ადგილები. ვგრძნობთ, თუ რა ღრმა კრიზისში და ეკონომიკურ სტაგნაციაში იმყოფება ქვეყანა. 

ბუნებრივია, როცა იმედების გაცრუება, მათი მსხვრევა ხდება, ამ შემთხვევაში ადეკვატურად არის წარმოდგენული ის მაჩვენებელი, რომელიც საზოგადოების რეალურ განცდებს ასახავს. ანუ უარყოფით დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ. 

ამ მდგომარეობაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მაგრამ მთავარი ერთია, მოსახლეობას ოცნებები ბოლომდე დაესხვრა. უკვე ამის შემდეგ დაიმსხვრა რეიტინგი, მხარდაჭერა ივანიშვილისა და მის მიერ მართული ხელისუფლების მიმართ. 

- პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების რეიტინგებზე რა შეგიძლით გვითხრათ? 

- კონკრეტული ციფრები შეიძლება სადავო იყოს. ხშირად იგივე „ენდიაი“ ჩვენ მიმართ ტენდენციური იყო და არასოდეს ერთ პროცენტზე მეტი არ დაუწერია. ახლა ჯერ 4%, მეორე გამოკითხვებში 6% გვაქვს და ასევე ლიდერ პოლიტიკოსებს შორის შალვა ნათელაშვილი სამეულში დაასახელეს. 

აქ შეგვიძლია ვედაოთ და ჩვენი პოზიციები დავაფიქსიროთ. ვფიქრობთ, რომ დღეს ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური ძალა ლეიბორისტული პარტია და მისი ლიდერი შალვა ნათელაშვილია. ჩვენ სამუშაო წესით საკუთარ გამოკვლევებს ვატარებთ საქართველოს მასშტაბით. ეს რეალობა აქაც კარგად ჩანს. 

ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჩვენ ხალხის, საზოგადოების რეალური ცხოვრებით ვსულდგმულობთ, მის პულსაციაზე ხელი გვიდევს. და ამიტომ ვიცით, ჩვენ მიმართ რა დამოკიდებულებაა. 

მაგრამ ვიმეორებ, ასეთი ტიპის კვლევები იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მასში გარკვეული ტენდენციები დაინახო და მისგან გამომდინარე საერთო სურათი ჩამოაყალიბო. თუ არსებულ სურათს ობიექტურად შევაფასებთ, ამის კარგად გამოყენება შესაძლებელია. პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა ასე მოიქცევა, რომელმაც წინასაარჩევნოდ შესაბამისი სტრატეგია უნდა განავითაროს. 

ზოგადად, ამ ბოლო რეიტინგებიდან ჩანს, რომ ოცნება დამთავრებულია, უბრალოდ, განწირულია დამარცხებისთვის. 

ნაციონალურ მოძრაობას ზრდის ტენდენცია არ გააჩნია და უკვე წლებია მათი რეიტინგის გამყინვარებას ვუყურებთ. მათ რაღაც სტაბილური ამომრჩეველი ჩამოუყალიბდათ, რომელიც პერსპექტივაში არ გაიზრდება. 

თუნდაც ამ კვლევებით (რომლის ციფრებთან მიმართებაში გარკვეული პრეტენზიები გაგვაჩნია) ჩანს, რომ მზარდი რეიტინგი ლეიბორისტულ პარტიას და მის ლიდერს აქვს. ამიტომ ჩვენ ვიქნებით პოლიტიკური ძალა, რომელიც მომავალ პარლამენტში სერიოზულად იქნება წარმოდგენილი. 

- ახსენეთ საკუთარი კვლევები მოსახლეობაში, ის რა სურათს აჩვენებს თქვენი პარტიისა და ზოგადად პოლიტიკური პროცესების მიმართ?

- ზოგადი ტენდენციები, ბუნებრივია, ემთხვევა. „ენდიაის“ კვლევები მხოლოდ ჩვენთან მიმართებაში არის თავდაყირად დაყენებული. უბრალოდ, დღეს უალტერნატივო პარტია ვართ და ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი რეიტინგული თვალსაზრისით პირველ ადგილზეა. 

მაგრამ ჩვენი გამოკითხვები იმასაც გვიჩვენებს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ეტაპზე თავს იკავებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან. სხვა პარამეტრებშიც ჩვენი გამოკითხვები ერთმანეთს ემთხვევა. 

ის გარემოებაც გასათვალისწინებელია, რომ ვინც თავის პოზიციას არ აფიქსირებს, ვფიქრობთ, რომ უმეტესობა ლეიბორისტული პარტიის, მისი ლიდერის  მხარდამჭერია. როგორც წესი, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი თავის პოზიციას მალავს ასეთი გამოკითხვების დროს. რადგან ხელისუფლებასთან ყველაზე რადიკალურად დაპირისპირებული სწორედ შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიაა. 

სამწუხაროდ, ამომრჩეველი, მოქალაქე მსგავსი გამოკითხვების დროს თავის პოზიციას ღიად მაინც არ აფიქსირებს, შიშისა თუ თავის დაზღვევის გამო. 

- არჩევნების დანიშვნის საკითხზე რა პოზიცია გაქვთ? 

- კომიკური სიტუაციაა შექმნილი. ეს რომ ჩვენ ქვეყანას არ შეეხებოდეს, ბუნებრივია, ამაზე ბევრს ვიხალისებდით. მაგრამ ვაი, რომ ამას ჩვენი ხელისუფლება აკეთებს. უმარტივესი საკითხი ვერ გადაწყვიტეს, რასაც არჩევნების დანიშვნა ჰქვია. ეს რაღაც დაპირისპირებად, დაბნეულობად, ლამის ჩიხურ მდგომარეობად აქციეს. 

პრეზიდენტის მიერ ახალი თარიღის გამოცხადებისას, თუ პრემიერმა მას კონტრასიგნაცია არ მისცა, სახელმწიფოს მეთაურს უკვე ექვსი თვე იგივე ბრძანებულების გამოცემა არ შეუძლია. ამიტომ შეიძლება არჩევნების თარიღი არ ვიცოდეთ და კენჭისყრა საერთოდ არ დაინიშნოს. 

ანუ ელემენტარული იურიდიული საკითხი ვერ გადაწყვიტეს და რას უნდე ველოდეთ ამ ხელისუფლებისგან? რომელსაც არანაირი ძალა არ შესწევს დაძლიოს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. 

ხელისუფლების მიზანია რაც შეიძლება მოკლე წინასაარჩევნო პერიოდი იყოს. დაემთხვეს ზაფხულის მძიმე კლიმატურ პირობებს (სიცხისა  და ხვატის თვალსაზრისით), რათა ოპოზიციურმა პარტიებმა რაც შეიძლება ნაკლებად იაქტიურონ, ამომრჩევლებს ნაკლებად შეხვდნენ, ვერ მოახდინონ მათი მობილიზება და ა.შ. ისარგებლონ რა ამ სიტუაციით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მათთვის სასურველი შედეგი მიიღონ. 

ოფიციალურად, წინასაარჩევნო პერიოდი ორი თვით ადრე, ანუ 8 აგვისტოს იწყება. და როგორ წარმოგიდგენიათ, აგვისტოს თვეში და სექტემბრის პირველ ნახევარში არსებული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე (ზოგჯერ 40%-ზე მეტი სიცხეა) რა საარჩევნო კამპანია უნდა აწარმოო?

მით უმეტეს, როცა ამ პერიოდში სატელევიზიო სეზონიც პრაქტიკულად დახურულია. მოქალაქეები გასულები არიან - ზოგი სოფელში, ზოგი ზღვაზე, ზოგი მთაში და ა.შ. აი ეს ვირეშმაკული გათვლა აქვს ამ შემთხვევაში ხელისუფლებას და ყველაფერს ცდილობს, რომ რამენაირად თავის მიზანს მიაღწიოს. 

მაგრამ იმდენდ ბეცები, არაკომპეტენტურები და არაპროფესიონალები არიან, რომ ამ იურიდიულ კაზუისტიკაში ბილომდე გაიბლანდნენ და შეიძლება საქმე იქამდე მიიყვანონ, რომ შემოდგომაზე არჩევნები დანიშნულიც არ ჰქონდეთ. რეალურად კი, ეს ყველაფერი კონსტიტუციური გადატრიალება გამოვა. 

კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პარლამენტი არჩეულია 4 წლით. თუ ისე გამოვიდა, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებას არჩევნების დანიშვნაზე მთავრობამ კონტრასიგნაცია არ მისცა, ქვეყანაში არჩევნები ვერ გაიმართება და სრულიად არალეგიტიმური ხელისუფლება გვეყოლება. ეს კონსტიტუციური გადატრიალების ტოლფასი იქნება. 

სიტუაცია აჩვენებს, თუ რა ჩიხშია შესული ხელისუფლება. მას რეალურად არამხოლოდ საზოგადოებასთან აქვს დაკარგული კონტაქტები, პოლიტიკურ პროცესს საერთოდ ვეღარ აკონტროლებს. ეს უკვე აშკარად შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდს წააგავს. ვიცით, თუ როგორ დასრულდა თავის დროზე ის მმართველობა. 

- „ლეიბორისტული პარტია“ არჩევნების დანიშვნის რომელი ვარიანტის მომხრეა? 

- წესით, არჩევნები ოქტომბრის ბოლოს უნდა დანიშნულიყო, რომ პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო პერიოდის სრულყოფილად ჩატარების საშუალება ჰქონოდათ. გამოყენებული ყოფილიყო პოლიტიკური თოქ-შოუები, რაც წინასაარჩევნოდ მთავარი იარაღია. სადაც ამომრჩეველს პოზიციას სთავაზობ, ამავე დროს აჩვენებ მოწინააღმდეგის სისუსტეს, არაკომპეტენტურობას, მის მიერ გატარებული პოლიტიკის უმძიმეს შედეგებს და ელექტორატი საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ აქ იღებს.  

ამიტომ ჩვენი პოზიციაა, რომ რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს წინასაარჩევნო პერიოდი, რათა პარტიებისთვის ოდნავ მაინც თანაბარი პირობები შეიქმნას; იმისთვის, რომ ნორმალურად წარმართონ წინასაარჩევნო პერიოდი. 

რა სურვილიც პრემიერს, ანუ ხელისუფლებას გააჩნია (რომ შუა ზაფხულში გაიხსნას წინასაარჩევნო პერიოდი), ეს ბუნებრივია სწორედ ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ არის მიმართული, რომ მათ ვერანაირი წინასაარჩევნო პროცესი ვერ აწარმოონ; ვერ მოახერხონ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, ნაკლებად იყოს თოქ-შოუები, დებატები,  საარჩევნო პროგრამების პრეზენტაცია. ყოველივე სწორედ ამისკენ არის გამიზნული.

ამიტომ წინასაარჩევნო პერიოდი ადრე უნდა დაიწყოს. ამავე დროს, არჩევნები ოქტომბრის ბოლოს უნდა გაიმართოს. ეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა. 

- კენჭისყრისთვის სწორი სტრატეგიის აუცილებლობა ახსენეთ. რას აპირებს თქვენი პარტია, ცალკე გადიხართ თუ წინასაარჩევნო კოალიციური გაერთიანება არის მოსალოდნელი? 

- თუნდაც ბოლო კოალიციამ გვიჩვენა, თუ რა შედეგებით მთავრდება წინასაარჩევნო კოალიციების შექმნა. ეს ჩვენ სინამდვილეში, ძირათადად, პირადი ანგარებითი მოტივებით არის განპირობებული. როდესაც პოლიტიკური პარტიები იმის გამო შეიყრებიან, რომ რაც შეიძლება მეტი მანდატი დაითრიონ, ხელისუფლებაში მოსკუპდნენ და ამ ქვეყნის ძარცვა გააგრძელონ. 

საბოლოო ჯამში, ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებელი არავინ აღმოჩნდება ხოლმე. იმ უმძიმეს შედეგებზე, რომელიც შემდგომ დგება. ამ ბოლო კოალიციამაც გვიჩვენა, თუ როგორ ჩამოიშალა, ჩამოინგრა და ამ ნანგრევებში თითოეული ჩვენი მოქალაქე ყვება. 

ასეთ მოჯადოებულ წრეში იმყოფება ეს ქვეყანა. და რაც მთავარია, მთავარ მტრებად შემდეგ იგივე კოალიციის წევრები გვევლინებიან. კოალიციების კლასიკური ევროპული მაგალითები არჩევნების შემდეგ იქმნება. კენჭისყრაზე ყველა გადის საკუთარი სახელით, პროგრამით, პასუხისმგებლობით და არჩევნები აჩვენებს, თუ ვის ანიჭებს მანდატს მოსახლეობა. ამის შემდეგ იქმნება კოალიციები. 

ჩვენ სწორედ ამ პრინციპის მომხრე ვართ. ყველა თავისი სახელით, პროგრამითა და პასუხისმგებლობით უნდა გავიდეს, საკუთარი წასრულითა თუ მომავლით. აქედან გამომდინარე ამომრჩეველმა უნდა განსაზღვროს, თუ ვის უნდა დაუჭიროს მხარი. 

მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, უნდა შეიქმნას კოალიციური მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს იმ დანაპირების შესრულებაზე, რაც ამომრჩევლის წინაშე აქვს აღებული. 

ამიტომ ჩვენ დამოუკიდებლად გავდივართ და ეს ჩვენი სტრატეგიაა. ამ პრინციპისთვის, იდეისთვის არასოდეს გვიღალატია, მოსახლეობა არასდროს არ მოგვიტყუებია. არ ავკიდებივართ არც ერთ ოლიგარქს ფულისა და მანდატების გამო. ამ არჩევნებზეც დამოუკიდებლად გავდივართ. შემდეგ ჯანსაღ, ეროვნულ, გაუსვრელ ძალებთან ერთად აუცილებლად ჩამოყალიბდება კოალიციური მთავრობა. 

რაც უნდა წარმატებული იყოს და დიდი შემადგენლობით შევიდეს პარტია, ვფიქრობთ მაინც კოალიციური მთავრობა აუცილებელია. რადგან ყველა ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიაში არიან ისეთი პროფესიონალი კადრები, პატიოსნებით გამორჩეული ხალხი, რომელთან ერთადაც პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენი ქვეყნის მართვაზე. 

- რა შედეგს ელოდებით ოქტომბრის არჩევნებზე? 

- ლეიბორისტული პარტია ამ არჩევნებში წარმატებული იქნება, ჩვენ გამარჯვებას ველოდებით. ვფიქრობთ, რომ პარტია საკმაოდ სოლიდურად იქნება წარმოდგენილი მომავალ პარლამენტსა და მთავრობაში. 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია