მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა შედეგები ექნება ცხინვალის „რეფერენდუმს“ რუსეთთან შეერთებაზე? - 06 მაისი 2016

„რუსეთს სტრატეგიული ამოცანები მიღწეული აქვს, იქ განლაგებულია ბაზა, რომელიც  ამიერკავკასიის და პირველ რიგში საქართველოს კონტროლისთვის სჭირდება“

myrights.ge

როგორც ჩანს, ოკუპირებულ ცხინვალში „დამოუკიდებლობა“ მობეზრდათ და რუსეთთან შეერთებაზე მუშობა დაიწყეს. ე.წ. პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი რუსულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით აგვისტომდე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. „ჩვენ უკვე ვმსჯელობთ ჩატარების თარიღებზე. კონკრეტული თარიღის დასახელება ახლა ჯერ ვერ ხერხდება, მაგრამ იგი უახლოეს მომავალში, აგვისტომდე ჩატარდება“, - ამბობს თიბილოვი.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლისას აცხადებს, რომ ქართული მხარე შეშფოთებულია ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების გეგმებით, ჩატარდეს რეფერენდუმი რუსეთთან გაერთიანების საკითხზე. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა, რომელიც საქართველოს მთავრობის წინაშე დგას, სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობაა:

„ჩვენ შეშფოთებული ვართ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების გეგმებით, ჩატარდეს რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების საკითხზე. აღნიშნული უკანონო მოვლენა არამხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას გამოუთხრის ძირს, არამედ უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება სამხრეთ კავკასიაში არსებული მყიფე სიტუაციისთვის“.

თავის მხრივ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ცხინვალი არის ოკუპირებული ტერიტორია და ყველა პროცესი, მათ შორის ე.წ. რეფერენდუმი არის არალეგიტიმური. 

როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, ეს არ არის არც პირველი განცხადება და არც პირველი ე.წ. რეფერენდუმი, რომელიც ამავე კითხვით ტარდება. მესივე შეფასებით, ეს პროცესი მთლიანად გამოიყენება ერთი დანიშნულებით - ეს არის საქართველოს პოლიტიკური შანტაჟის მცდელობა: 

„აღსანიშნავია ის, რომ ეს ე.წ. რეფერენდუმი პრაქტიკაშიც ვერანაიარად ვერ დაუკავშირდება ვინმეს ნებას, იმიტომ, რომ ეს რეგიონი ფაქტობრივად დაცლილია მოსახლეობისგან. 90-იანი წლების კონფლიქტამდე მოსახლეობის 80% დღეს აღარ ცხოვრობს ცხინვალის რეგიონში, აქედან უმეტესობა გამოდევნილია, მაგრამ სხვებმა დატოვეს იმიტომ, რომ არის თვითოზილირებული რეგიონი“.

ამ თემაზე „ქრონიკა პლუსი“ ექსპერტ ირაკლი ცქიტიშვილს ესაუბრება:

- ბატონო ირაკლი, რეალურად საითკენ არის მიმართული ეს პროცესი?

- პირველ რიგში, იმასთან არის დაკავშირებილი, რომ ბატონი თიბილოვი ცდილობს მის პერსონასთან მიმართებაში რუსეთის ლოიალობა შეინარჩუნოს და არჩევნებისთვის, რომელიც ცხინვალის რეგიონში მომავალ წელს უნდა გაიმართოს, გარკვეული პოზიციები გაიმყაროს. 

მეორე - დავაკვირდეთ, თიბილოვი უკვე დიდი ხანია ამბობს, რომ რუსეთთან შეერთება უნდა. მას შემდეგ, რაც ე.წ. საზღვრებთან დაკავშირებით ხელშკრულებას ხელი მოეწერა, თიბილოვმა თავისი ტონი ცოტა შეცვალა. მის განცხადებებებში ნათლად გამოიკვეთა, - მოსკოვში ყოფნის დროს ცალსახად უთხრეს, რომ არანაირ შემოერთებაზე ახლა ლაპარაკი არ არის. 

სხვათაშორის, თავის მრავალსაათიან გამოსვლაში პუტინმაც აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონის შეერთებაზე არანაირი საუბარი არ არის. თუმცა იქაურებს რეფერენდუმის ჩატარებას ვერ დაუშლიან. 

რეალურად რომ შევხედოთ, თიბილოვს  ნამდვილად ვერავინ დაუშლის, რომ ოკუპირებულ რეგიონში აღნიშნული რეფერენდუმი ჩაატაროს. ამისთვის ბერკეტები მის ხელთაა. ამიტომ ჩაატარებს და, პრინციპში, შედეგებიც ისეთი იქნება, როგორც თვითონ თიბილოვს აწყობს. 

ეს მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალის რეგიონში ძალიან ბევრ ადამიანს სრულებითაც არ სურს რუსეთთან მიერთება. ე.წ. პრეზიდენტს ახსენებენ, რომ ისინი, ასე ვთქვათ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. 

მაგრამ ეს პოლიტიკური საკითხია. ვიცით, ისეთ ქვეყნებში, როგორიც რუსეთია და რუსული სისტემა სადაც კი არის, როგორ ტარდება მსგავსი რეფერენდუმები. ყოველთვის ის შედეგი იდება, რომელიც ხელმძღვანელობას სჭირდება. 

ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეფერენდუმი თიბილოვის მოსაზრებებს გაითვალისწინებს. 

მაგრამ რუსეთს ამ ეტაპზე არ სჭირდება, არც სურვილი აქვს და არც რაიმეს აკეთებს იმისთვის, რომ ცხინვალის რეგიონი შეიერთოს. რუსეთს თავისი სტრატეგიული ამოცანები ცხინვალის მიმართულებით მიღწეული აქვს. იქ განლაგებულია ის სამხედრო კონტინგენტი და ბაზა, რომელიც რუსეთს ამიერკავკასიის და პირველ რიგში საქართველოს კონტროლისთვის სჭირდება. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე მოსკოვს სხვა ამოცანები არ გააჩნია. 

- ამ რეალობის გათვალისწინებით, რა პრაქტიკული შედეგები ექნება აღნიშნულ ე.წ. რეფერენდუმს? 

- პრაქტიკულად, თიბილოვი ამას გამოიყენებს იმისთვის, რომ მუდმივი აპელირება მოახდინოს რუსეთის ხელისუფლების მიმართ, რომ აი ჩვენ ჩავატარეთ რეფერენდუმი, ოსმა ხალხმა გამოთქვა თავისი სურვილი შეუერთდეს რუსეთს და ამ მიმართულებით რატომ არაფერს აკეთებთო. 

ანუ ამით, პირველ რიგში, სურს კრემლს თავისი ლოალობა დაანახოს. მეორე, ამ გზით რაც შეიძლება მეტი თანხები გამოსტყუოს. იმისთვის, რომ მას უთხრან, - გაჩუმდი, ეს არ არის შენი საქმე, აგერ თანხებს გადმოგირიცხავთო. 

და მესამე - გაიმყაროს თავისი პოზიცია და უკვე მომავალ არჩევნებზე ისევ ცხინვალის რეჟიმის ლიდერად წარმოჩინდეს. 

- რისთვის სჭირდება ეს თიბილოვს, ძლიერდება თუ რა მისი ოპოზიცია, რა პროცესს აქვს ადგილი ცხინვალში? 

- ამ ეტაპზე რაიმე ოპოზიციას ვერ ვხედავ. თუმცა მთლად ისეც არ არის საქმე, როგორც ეს  კოკოითის დროს იყო. კოკოითს მაინც პირველი ვიოლინოს როლი  ეკავა და იქ მის სიტყვას უფრო მეტი გავლენა ჰქონდა, ვიდრე დღეს თიბილოვის პოზიციაა. 

მაგრამ მაშინ რეგიონში პროცესებიც მიმდინარეობდა. გარკვეულ მოძრაობებს ჰქონდა ადგილი, იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი გავლენები და ა.შ. 

მაგრამ დღეს იქ უკვე არაფერი არ ხდება. მართალი გითხრათ, იმის გარდა, რაც ვთქვი თიბილოვის რეალურ საჭიროებებთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე სხვა მიზეზებს ვერ ვხედავ. 

არც არავინ ერჩის, არავის ეუბნება, - გადადექი, შენ არ იქნებიო, რეალურად არავინ ეჭიდავება თიბილოვს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ფინანსურ საკითხთან, ფულთან არის დაკავშირებული. უბრალოდ, მის შინაგან განცდებთან, - არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს. 

- აღნიშნეთ, რომ რუსეთს ცხინვალის რეგიონის შეერთება დღეს არ სჭირდება. რა ეტაპზე შეიძლება დასჭირდეს ამ ტიპის რეფერენდუმი და მისი შედეგები? 

- ასეთი ტიპის რეფერენდუმი შეიძლება დასჭირდეს იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, საქართველო უეცრად ნატოს რიგებში აღმოჩნდება. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთმა გამოიყენოს ეს ბერკეტი და შეიერთოს ცხინვალის რეგიონი. 

ან საქართველოს მხრიდან ამდაგვარი რაიმე გეოპოლიტიკური დემარშის პირობებში რუსეთის წინმაამდეგ. მაშინ შეიძლება ეს ბერკეტი გამოიყენოს. მანამდე, არც სამხედრო და არც პოლიტიკური თვალსაზრისით, ამ ეტაპზე, რუსეთს ეს უბრალოდ არ სჭირდება. 

- როგორ უნდა შეფასდეს ქართული მხარის განცხადებები ამ მოსალოდნელ „რეფერენდუმთან“ დაკავშირებით?

- ვფიქრობ, რომ შეიძლებოდა ამ განცხადებების უფრო ხმამაღლა და მაღალი ტრიბუნებიდან გაკეთება. მაგრამ ფაქტია, რომ განცხადებების იქით ქართულ მხარეს რაიმის გაკეთება პრაქტიკულად არ შეუძლია. 

ჩვენ  ვერც რეფერენდუმს შევუშლით ხელს და ვერც იმ შედეგების მიღებას, რომელიც იგივე თიბილოვს აწყობს. ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ აღნიშნულ პროცესებზე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ. და კიდევ ერთხელ საერთაშორისო დღის წესრიგში შევიტანოთ ჩვენი კონფლიქტური რეგიონების საკითხი. 

- თქვენი დაკვირვებით, რამდენად ვითარდება დამოკიდებულება ოკუპირებულ ტერიტორიებთან, უპირველესად, ჰუმანიტარულ-სამედიცინო მიმართულებას ვგულისხმობ...

- სამედიცინო და ჰუმანიტარული მიმართულებები თავიანთ საქმეს აკეთებენ და ამ კუთხით გარკვეული მიმოსვლა არის. მაგრამ რომ ვთქვათ, ეს იგივე აფხაზების, ცხინვალელი ოსების, ყოველ შემთხვევაში იქ დარჩენილების დამოკიდებულებას შეცვლის ქართველების მიმართო, - ეს სწორი არ იქნება. 

მათი მხრიდან არანაირი დამოკიდებულების შეცვლას არ ველოდები. ისინი მზად არიან გამოიყენონ ნებისმიერი რესურსი, რომელიც მათ პირად კეთილდღეობას გააუმჯობესებს. მაგრამ ისინი ვერასოდეს ვერ გარისკავენ ხმამაღლა თქვან, რომ ქართველებთან უნდათ მეგობრობა და ისევ საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრობენ. 

ისინი ამას ვერ გაბედავენ, რადგან არც ერთს არ აქვს იმის გარანტია, რომ ამის შემდეგ ცოცხალი დარჩება. 

- ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა თუ იმოქმედებს აღნიშნულ პროცესზე? 

- ვფიქრობ, რომ ნაკლებად. აფხაზები ავიღოთ, რადგან ცხინვალში ცოტანი არიან. ის აფხაზები, ვისაც საზღვარგარეთ გასვლა სჭირდებათ, ისედაც დადიან. ანუ ვისაც შეუძლია და ფინანსური თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს, ისედაც გადაადგილდება. და მათთვის არ დგას რაიმე აუცილებლობა, რომ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობისთვის ქართული პასპორტი აიღონ. მათ ეს ნაკლებად სჭირდებათ. 

ყოველ შემთხვევაში, შეიძლება იყოს ათეულობით შემთხვევები, შიძლება ასეულობითაც, მაგრამ ეს უკვე დროში გაწელილი პროცესი იქნება. არ მოხდება ისე, რომ აფხაზები უცებ მოადგნენ ქართველებს და მოგვეცით პასპორტები, ჩვენ გვინდა ევროპაში უვიზოდ ვიაროთო.

ასე რომ, რომც აიღონ პასპორტები და აქედან წავიდნენ, მათი დამოკიდებულება ამ ეტაპზე ქართველების მიმართ არ მგონია, რომ შეიცვალოს. 

კარგია უვიზო რეჟიმი, რადგან ეს ძალიან დიდი ნაბიჯია ჩვენთვის, ქართველებისთვის და პოლიტიკურად სახელმწიფოსთვის. მაგრამ კონფლიქტების მოგვარების კუთხით ამ პროცესის რაიმე განსაკუთრებული როლის ხაზგასმა გამიჭირდება. 

- გამოსავალი სად არის, ამ პირობებში ქართულმა მხარემ რა ნაბიჯები უნდა გადადგას კონფლიქტების მოსაგვარებლად და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალური პერსპექტივის შესანარჩუნებლად?

- დღეს მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდამ გამომდინარე, განსაკუთრებული ბერკეტი, რომ დღეს-ხვალ ან უახლოეს ერთ-ორ წელიწადში მოაგვაროს ეს კონფლიქტი, საქართველოს არ გააჩნია. 

ვისაც შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს პროცესზე, თვითონაც უფრო პასიურ მდგომარეობაშია. მხედველობაში მაქვს ევროპა და ამერიკა. პასიურ მდგომრეობაში არიან იქიდან გამომდინარე, თუ რა სიტუაცია არის შექმნილი დღეს თვითონ ევროპაში და რუსეთთან მიმართებაში.

უნდა ვიფიქროთ არა იმაზე, დღეს და ხვალ როგორ გადავწყვიტოთ ეს კონფლიქტური საკითხები, არამედ იმაზე, რომ ავაშენოთ სახელმწიფო, რომელშიც თავად გვინდა ცხოვრება. უნდა ვაშენოთ ჩვენი სახელმწიფო, დემოკრატიული, განვითარებული საქართველო. სწორედ ამის დრო გვაქვს, რომ არ ვიფიქროთ სხვა დეტალებზე, მიზანსწრაფულად სწორედ აქეთკენ წავიდეთ.

და, რასაკვირველია, ამ პროცესში არ უნდა დავივიწყოთ ეს კონფლიქტური საკითხები და ისინი მუდმივად საერთაშორისი დღის წესრიგში უნდა იყოს. მაგრამ იმის პერსპექტივა, რომ ეს საკითხები პირველ ადგილზე გადაინაცვლებენ საერთაშორისო საზოგადოებისთვის,  ალბათ, უახლოეს მომავალში არ იქნება. 

ყოველ შემთხვევაში, სანამ არ დალაგდება სიტუაცია სირიასთან მიმართებაში, იგივე მიგრაციის პრობლემებთან დაკავშირებით და ა.შ. და სანამ ჩვენ თვითონ, ქართული სახელმწიფო თავისი დემოკრატიული პრინციპებით ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში  არ იქნება.   

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია