მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რომან გოცირიძე: ქართველი გაყალბებას არ პატიობს! - 10 მაისი 2016

„საფრთხეების შემცველი წინასაარჩევნო პერიოდი ქვეყნის არასტაბილურობაზე მეტყველებს“

myrights.ge

როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში წინასაარჩევნო პროცესი, გაცამტვერებული რეიტინგის ფონზე წაუცდება თუ არა მთავრობას ხელი უკანონობაზე, რატომ უნდა შეიქმნას „ურთმელიძის საქმის“ პრეცედენტი, როგორ უნდა დაიცვას თავი სახელმწიფომ რუსული აგრესიისაგან ჰიბირდული ომის პირობებში, რა ვითარებაა ეკონომიკაში და უნდა ველოდოთ თუ არა ბიუჯეტის სეკვესტრს, რამდენად უწყობს ხელს ლარის კურსის სტაბილიზაციას და გამყარებას მთავრობის მიერ საბიუჯეტო ხარჯების გაწევა, წლის ბოლოსთვის მაინც რა ბედი ეწევა ლარს, ამ და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე „ქრონიკა პლუსი“ „საქართველოს განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელს, ექსპერტ რომან გოცირიძეს ესაუბრება.  

- ბატონო რომან,  ქვეყანა წინასარჩევნო რეჟიმში  გადადის.  არავინ იცის, როგორ ჩაივლის იგი. გარკვეული დაძაბულობა ახლავე იგრძნობა. შეიძლება ხელისუფლება არაპროგნოზირებადი და სარისკო ნაბიჯები გადადგას დაცემული რეიტინგის ფონზე. ამ ეჭვის საფუძველს „რუსთავი 2-ის“ საკითხის სასამართლო განხილვის მოულოდნელი დაჩქარებაც აჩენს. ყოველივე ამან  შეიძლება თუ არა რომ ეკონომიკური ფონი დაამძიმოს?

- ნორმალურ ქვეყანაში საარჩევნო პროცესი არც ცხოვრების რიტმს არღვევს და არც ეკონომიკას უქმნის საფრთხეს. ჩვენნაირ ქვეყნებში კი, არჩევნების შედეგები, ფაქტობრივად, რევოლუციური ცვლილების ტოლფასია. გაუტკბება ძალაუფლება ვიღაცებს  და მერე ძნელად ეთმობათ. ამიტომ მიდის დაუნდობელი ბრძოლა. 

ჩვენ საარჩევნო ციკლში შევდივართ: ჯერ საპარლამენტო, მერე თვითმმართველობის, მერე საპრეზიდენტო. თუ ასე ვიძახეთ ყოველთვის, - არჩევნებია და ეკონომიკა( ბიუჯეტი) მას უნდა მოვარგოთო, - ვერ გვეღირსება წინსვლა.

როცა არჩევნების მოსალოდნელ რისკებზე საუბრობენ, ამაში არა იმდენად საარჩევნო პერიოდში წარმოქმნილი ეკონომიკური დანაკარგები იგულისხმება (ინვესტორების მოლოდინი , არარაციონალური ხარჯები და სხვა), არამედ ქვეცნობიერად იმის შიში, ხომ არ გაყალბდება და ხომ არ მოხდება შემდეგ სერიოზული დესტაბილიზაცია. 

ერთი რამ კარგად დავინახეთ: ქართველი გაყალბებას არ პატიობს! როცა წინასაარჩევნო პერიოდი საფრთხეების შემცველია, ეს ქვეყნის არასტაბილურობაზე მეტყველებს.

- არის ამის  საფრთხე? 

- კი, რა თქმა უნდა. რატომ გაახსენდათ  თუნდაც იგივე რუსთავი 2-ის საკითხი ახლა,  წინასაარჩევნოდ? რუსთავი 2-ზე შეტევის მორიგი რაუნდი დაიწყო ხელისუფლებამ სასამართლოს მეშვეობით. კვლავ მართული მოსამართლეებით დააკომპლექტეს კოლეგია.

ყველა ასეთი მოსამართლე საგანგებოდ უნდა დაისაჯოს. როგორც მთელმა მსოფლიომ იცის „მაგნიტსკის საქმის“ შესახებ, ასევე უნდა შეიქმნას „ურთმელიძის საქმის“ პრეცედენტი.  

უნდა მივმართოთ ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ სანიმუშოდ დასაჯონ  ურთმელიძე; აუკრძალონ უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში და გაუყინონ საბანკო ანგარიშები. საჭიროა კამპანიის წამოწყება და იურიდიული არგუმენტების წარდგენა. ის, რაც წინა სასამართლო განხილვებისას ხდებოდა, საკმარისია მისი მოქმედების მიკერძოებულობასა და უკანონობაში დასარწმუნებლად. 

ეს სხვა მოსამართლეებისთვისაც ჭკუის სასწავლი იქნება. მაგნიტსკის შემთხვევა, როგორც პრეცედენტი, უკვე სხვა შემთხვევებშიც იქნა გამოყენებული.  რუსეთში ადამიანი მოკლეს მოსამართლეების ხელით, აქ თავისუფალ სიტყვას კლავენ. 

„ურთმელიძის საქმე“ ახლავეა დასაწყები. კარგი იქნება, თუ მის ინიცირებას მოახდენენ პოლიტიკური პარტიები და ყველა დონის დეპუტატები.  არასამთავრობო სექტორიც შეუერთდება ალბათ. 

-  ეს ხომ სახიფათო თამაშია ხელისუფლებისთვის? 

- მას შემდეგ, რაც უმრავლესობა დაიშალა, იქ ისეთი ხალხი დარჩა, რომლებსაც ვეჭვობ, რომ სწორად  შეეძლოთ პროცესების  განჭვრეტა. არაა გამორიცხული, რომ უაზრო ნაბიჯებიც გადადგან. 

-ახლახან არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილმა და ცალკეულმა პიროვნებებმა გამოაქვეყნა მიმართვა ხელისუფლებისადმი, მოთხოვნით, ყურადღება მიექციათ რუსეთის მხრიდან წარმოებული ე.წ. ჰიბრიდული ომისადმი. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ზოგიერთი რუსული საინფორმაციო საშუალების საქმიანობის შეზღუდვა საქართველოს ტერიტორიაზე. ამ მიმართვას თქვენც აწერთ ხელს. ფიქრობთ, რომ ეს საკითხი იმდენად აქტუალურია, რომ საჭიროა განგაშის ზარის შემოკვრა? რამდენად დემოკრატიულად მიგაჩნიათ მსგავსი ქმედება?

- რუსული გავლენა დღითიდღე რომ იზრდება, ყველა კარგად ვხედავთ. საპარლამენტო  უმრავლესობაშიც უამრავი ანტიდასავლური და პრორუსული ორიენტაციის ადამიანია. ხელისუფლება ბევრ რამეზე თვალს ხუჭავს. უფრო მეტიც, რეკლამებსაც კი  აძლევს და ამით ხელს  უწყობს ზოგიერთი ანტისახელმწიფოებრივი მედიასაშუალებების გაძლიერებას.

აგერ, უკრაინაში მრავალი რუსული არხის ჩვენება აკრძალულია, რადგან ეწევიან ომის პროპაგანდას და აღვივებენ შუღლს. 

ჩვენთან ამ და მსგავსი ქართული მედიასაშუალებებით მიდის ხალხის გამოთაყვანება და პრორუსული აგიტაცია.

ზოგიერთი რუსული ტელეარხის ტრანსლირება აკრძალულია ბალტიის რესპუბლიკებში, მოლდოვაში. 

რუსეთი აქტიურად აგრძელებს ჩვენი ქვეყნის  წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით. ეს სტრატეგია გულისხმობს საქართველოში რუსეთის ეკონომიკური გავლენის გაძლიერებას, რუსეთზე მომუშავე ორგანიზაციების დაფინანსებას და მათ გააქტიურებას, კულტურული ზეგავლენის დაბრუნებას,  ჩვენი საზოგადოების პოლარიზებას.  

ჰიბრიდული ომის სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარი კომპონენტი საქართველოს მოსახელობის წინააღმდეგ მიმდინარე „საინფორმაციო ომია“, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს მოსახლეობაში დასავლეთისა და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების მიმართ უარყოფითი და ნიჰილისტური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა.  

რუსეთის პროპაგანდა საქართველოში ისეთი საზოგადოებრივი განწყობის შექმნას ცდილობს, რომელიც მას საშუალებას მისცემს მართოს პოლიტიკური პროცესები, საზოგადოებრივ აზრზე მოპოვებული ზეგავლენის გზით. 

მოახლოვებული არჩევნები და ამ არჩევნებში რუსეთიდან მართული პოლიტიკური ძალების გააქტიურება, აჩენს ამოცანას - სახელმწიფომ თავი დაიცვას რუსული აგრესიისაგან ჰიბირდული ომის პირობებში.  პირველ რიგში, აუცილებელია პროპაგანდისტულ რუსულ მასმედიას შეეზღუდოს საქართველოში მოქმედების სივრცე. 

- ამით ხომ  ადამიანებს ვუზღუდავთ კონსტიტუციურ  უფლებას, დაუბრკოვლებრივ მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია... 

- არავინ უკრძალავს უყუროს რუსულ არხებს ინტერნეტში ან დაიდგას თეფში სახურავზე. აქ საუბარია საკაბელო ქსელით თუ სახელმწიფო სიხშირეებით მათ ტრანსლირებაზე. საქართველოს კონსტიტუციაც ითვალისწინებს იმ ინფორმაციის გავრცელების აკრძალვას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უშიშროებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ( კონსტიტუციის 24-ე მუხლი).

მაშინ, როცა ღია თავდასხმა მიდის იგივე რუსთავი 2-ზე, ოპოზიციურ, მაგრამ  პრო-დასავლურ მედია საშუალებაზე, ეს კიდევ უფრო დაუცველს ხდის ქართველ ამომრჩეველს რუსული პროპაგანდის წინაშე. პრორუსული ქართული არხების ნაკლებობასაც რომ არ განვიცდით, ეს უკვე ცალკე თემაა.  

- დავუბრუნდეთ ეკონომიკას. რა ვითარებაა დღეს. მთავრობის მიერ გაცხადებული მშპ-ს 3- პროცენტიანი ზრდა სავალუტო ფონდმა ეჭქვეშ დააყენა, მხოლოდ 2,5 პროცენტი იქნებაო. რა გავლენას მოახდენს ეს თუნდაც ბიუჯეტზე. უნდა ველოდოთ თუ არა სეკვესტრს და როდის?

- ეკონომიკაში სრული უძრაობაა. ამაზე ერთი პატარა სტატისტიკური მაგალითიც მეტყველებს: ფულადი ბაზა რამდენიმე პროცენტით შემცირდა. ასევე მინუსში წავიდა ლარის სხვა ფულადი აგრეგატები. ცოცხალ ორგანიზმს თუ შევადარებთ, ამას სისხლნაკლულობა ჰქვია. თუ ამაში რაიმე „კარგია“, მხოლოდ ლარის კურსის გამყარებაა. ცოტა მეტი შემოდის დოლარი და საკმაოდ ნაკლებია ლარი. ამიტომაც გაჩნდა ახალი წონასწორობა. 

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ჩვენი ეკონომიკა არის სუსტად მონეტიზებული, ანუ მიმოქცევაში არსებული ფულის მასის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში არის ძალიან დაბალი. ამიტომ საკმარისია მცირეოდენ შეიცვალოს თანაფარდობა ვალუტის მოთხოვნა-მიწოდებას შორის, რომ იგი მომენტალურად აისახება ლარის კურსზე. ეს წყლის პატარა მოცულობის ჭურჭელს ჰგავს: მცირეოდენმა მატებამ შეიძლება გადაავსოს და პირიქით. 

ამიტომ არის ახლა საჭირო სიფრთხილე და არ უნდა მიეცეს მთავრობა და ეროვნული ბანკი თვითდამშვიდებას. 

მთავარი რისკი ბიუჯეტის გადავადებულ ხარჯვებშია, რომელიც შეიძლება შეკუმშულ ზამბარას შევადაროთ. ოქტომბრამდე თავს მივიტანთ და მერე ახალმა მთავრობამ იმტვრიოს თავიო - ეს დაახლოებით ამას ჰგავს.

სიღარიბე იზრდება. შემოსავლების ძირითადი წყარო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯებია (მათ შორის ხელფასებზე), რაც ხშირად პრივილეგირებულთათვის ფულის დარიგებას ნიშნავს საქმის კეთების გარეშე. 

სამუშაო ადგილები მცირდება. თუ ეს მცირე და საშუალო ბიზნესში თვალშისაცემი იყო, ახლა ზოგიერთი მხვილი საწარმოც დროებით გაჩერდა.

- რა მდგომარეობაა ბიუჯეტში?

- სრული ქაოსია შემოსავლების აღრიცხვის კუთხით.

მიმდინარე წლის პირველ იანვრამდე ბიუჯეტში შემოსული ფული შესაბამისი გადასახადების მიხედვით აღირიცხებოდა. მაგ. მოგების გადასახდს თავისი კოდი ჰქონდა, საშემოსავლოს თავისი და ასე შემდეგ. ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს ასე ცალ-ცალკე შევსებისთვის რომ არ ეწვალათ, ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტა კეთილი საქმის გაკეთება და შემოიღო ერთიანი ანგარიში, ანუ ერთი ქვაბის პრინციპი. თუმცა ამ ქვაბიდან შემდეგ, დეკლარირების დროს ფული კვლავ ცალ-ცალკე სახეობებად უნდა დაშლილიყო.

უნდოდათ კარგი, გამოუვიდათ როგორც ყოველთვის.

დღეისათვის ბიუჯეტში შემოსული თანხის საკმაოდ დიდი ნაწილი არაკლასიფიცირებულია, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, არ ვიცით, რა ფულია ეს.

უფრო მეტიც, მარტის ბოლოსათვის ბიუჯეტში გადასახადების სახით შემოსული 1,9 მილიარდი ლარიდან, უცნობი იყო 570 მილიონი ლარის წარმომავლობა.

ეს ბადებს მრავალ კითხვას, აჩენს ეჭვს და ავლენს იმ ადამიანების არაკომპეტენტურობას, რომლებმაც კარგის კეთების სურვილით გააფუჭეს დღემდე მოქმედი შედარებით გამჭვირვალე მექანიზმი. ფინანსთა სამინისტრო არც განმარტებას იძლევა, ვერც ასწორებს ხარვეზს. 

ნაცვლად იმისა, რომ დაუბრუნდეს ძველ მექანიზმს, ჯიუტად იმყოფება სირაქლემას პოზაში. როგორ უნდა ვენდოთ სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მშპ-ს ზრდის შესახებ, როცა არ ვიცით ზუსტად, რამდენი იყო შემოსავალი, მაგალითად, დღგ-დან.

- ახლახან აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც წერია, რომ ფინანსთა სამინისტრომ დაარღვია კანონი. მან კომერციული ბანკებიდან აიღო სესხი და კვლავ უკან ჩაასესხა. რატომ აკეთებს ამას და როგორი უნდა იყოს რეაგირება კანონდარღვევაზე?

- დიახ, მთავრობას არ ჰქონდა კომერციული ბანკიდან ამ მიზნით სესხის აღების უფლება. 

იღებს სესხს და უკანვე უბრუნებს ბანკს ზედმეტი ერთი პროცენტით. რატომღაც ამას უაზრო ტერმინით ხსნის, რომელსაც „ფულის დაგრძელებას“ უწოდებენ.

რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს მთავრობას?

რაღაც კაპიკებს იგებსო, ეს არაა არგუმენტი. მთავრობა მევახშე არ არის. აუდიტის სამსახურს ბანკებთან ხელშეკრულებები უნდა შეესწავლა, რომელიც რატომღაც საიდუმლოა.

რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს კომერციულ ბანკს? ამ გარიგებით ბანკი აშკარად აგებს ერთ პროცენტს. რატომ მიდის ამაზე? ეს მხოლოდ ხელშეკრულებაში ჩანს, რომელიც გასაიდუმლოებულია. ბანკს ორი სტიმული შეიძლება ჰქონდეს:

ა) სახაზინო ვალდებულებები შეიძლება გამოიყენოს ეროვნულ ბანკში რეფინანსირების სესხების ასაღებად. მთავრობა კი ამით აიძულებს ბანკებს ასესხონ ფული ბიუჯეტს. თანაც სახაზინო ვალდებულებით გარანტირებულად შეიძლება აიღო აუქციონის გარეშე ე.წ. მუდმივმოქმედი რეფინანსირების სესხი (ერთკვირიანი, ზედმეტი ერთი პროცენტის გადახდით). ამაზე იყო რომ ყვიროდნენ, ქადაგიძემ სესხი გასცაო. სინამდვილეში არაა მისი თანხმობა საჭირო. ეს ავტომატურად ხდება, თუ გაქვს უზრუნველყოფა სახაზინო ვალდებულების სახით. 

ბ) ხომ არ არის გათავისუფლებული ეს ფული, ანუ მთავრობის მიერ კომერციულ ბანკში განთავსებული დეპოზიტი დარეზერვებისაგან. თუ ასეა, არ იქცევა სწორად ეროვნული ბანკი. თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ასე იყოს. ეს ღიად უნდა ეთქვა მაშინ ეროვნულ ბანკს, რადგან ირღვევა სამართლიანი კონკურენციის პრინციპი. 

გ) რაღაც სხვა წერია ხელშეკრულებაში. რატომ არ შეამოწმა ეს რაღაც აუდიტის სამსახურმა?

ფაქტია, რომ ფინანსთა სამინისტრომ კანონი დაარღვია და ამაზე უნდა აგოს პასუხი. 

- კვლავ ლარის საკითხს დავუბრუნდეთ: ბოლო პერიოდის გამყარებამ იმედები გააჩინა. რამდენად სტაბილურია მდგომარეობა?  რამ განაპირობა ლარის ასეთი გამყარება და გაგრძელდება, თუ არა ეს ტენდენცია? ახლო მომავალში, დაახლოებით რა ეღირება 1 აშშ დოლარი?

- მიუხედავად იმისა, რომ კვლავ მცირდება ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ისევე როგორც უცხოეთიდან გადმორიცხვები, კლების ტემპი მცირდება, რაც კარგია. განსაკუთრებით ეს ეხება ტრანსფერტებს. შეიმჩნევა ტენდენცია მარტში და აპრილში მისი ზრდისა წინა თვესთან შედარებით; და მომდევნო თვეებშიც (წინებთან შედარებით) ასე გაგრძელდება, ძირითად „გადმომრიცხავ“ ქვეყნებში ვალუტების გამყარების გამო (რუსეთი, საბერძნეთი, თურქეთი და სხვა). 

ტურიზმიდან შემოსავლები იზრდება, რაც გვახარებს. ამასთან, იმპორტმა იკლო მნიშვნელოვნად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არა აქვს ფული უცხოური საქონლის შესაძენად.  

- რამდენად უწყობს ხელს ლარის კურსის სტაბილიზაციას და გამყარებას მთავრობის მიერ საბიუჯეტო ხარჯების გაწევა? 

- იანვრის დასაწყისში დოლარის კურსი 2.39-ის ნიშნულზე რომ იყო და მერე 3 კვირაში 2.50-მდე რომ გაუფასურდა, რეალურად ეს არალოგიკური იყო, ვინაიდან სავალუტო ბაზარზე ამის არავითარი სიმპტომები არ შეიმჩნეოდა. ერთი მხრივ, ექსპორტის კლება კი შეინიშნებოდა, თუმცა იმ პერიოდში ასევე იკლო იმპორტმაც. ძირითადად, სავალუტო ბაზარი მეტ-ნაკლებად თანაბარი იყო და წონასწორობის ის ნიშნული, რაც მაშინ არსებობდა, არ უნდა დარღვეულიყო. 

მაგრამ მისი მოშლა მთავრობის ხარჯებმა გამოიწვია. ბიუჯეტში ფული ფაქტობრივად არ შემოდიოდა და მთავრობამ ძველი ნაშთებიდან ხარჯვა დაიწყო. თებერვლის ბოლოსთვის ხარჯვამ უკვე 265 მლნ ლარს მიაღწია. ანუ მთელი იანვარ-თებერვალი, შარშანდელი პერიოდისგან განსხვავებით, მთავრობამ ნაშთებიდან ხარჯა. 

ასეთ ხარჯვას ხანდახან მოიხსენიებენ, როგორც დეფიციტურ ხარჯვას, მაგრამ ეს სწორი ტერმინი არ არის. დეფიციტური ხარჯვა ნიშნავს, რომ ჩვენი ბიუჯეტი დეფიციტურია, მთლიან შიგა პროდუქტთან  მიმართებაში დეფიციტი არის 3%-ის ფარგლებში. ეს განსაზღვრულია „თავისუფლების აქტით“ და ამ კანონიდან გამომდინარე, დეფიციტი არ შეიძლება მშპ-ის 3%-ზე მეტი იყოს. ხოლო შემდეგ ამ დეფიციტს აქვს თავისი დაფინანსების წყაროები, ესენია:  საგარეო ვალი, გრანტები, საშინაო ვალი და პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლები. 

რასაკვირველია, დეფიციტური ბიუჯეტი არის ცუდი, მაგრამ ცუდია თუ კარგია, ეს არის მოცემულობა და ეს არის კანონით განსაზღვრული. აქ საუბარი არ არის ამ დეფიციტზე. ეს დეფიციტი ბიუჯეტს ისედაც აქვს და ისედაც იხარჯება ფული. აქ საუბარია ისეთ ხარჯვაზე, როდესაც ბიუჯეტში ფული არ შემოდის და ძველი წლების განმავლობაში ნაგროვები თანხა, რომელსაც ნაშთებს უწოდებენ, მთავრობის მიერ ხარჯების შესავსებად გამოიყენება. 

ასეთი ხარჯვის ორნაირი ინტერპრეტეცია შეიძლება. ერთი მხრივ, შეიძლება ვთქვათ, რომ ირღვევა კანონი 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ. მეორე მხრივ კი, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს საკითხი კანონმდებლობით დარეგულირებული არ არის: არსად წერია, როდის და როგორ შეიძლება ნაშთების გამოყენება. 

მთავრობას თავის ასე იმართლებს: ბიუჯეტის შემოსავლებს სეზონურობა ახასიათებს, ამიტომ ზამთრის თვეებში ნაკლები თანხა შემოდის და მეტ ხარჯებს ვეწევითო.  შარშან ნაშთების ხარჯვა არ ხდებოდა, ოღონდ სხვა პრობლემები იყო, ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვა ხდებოდა.

ნაშთების განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ხარჯვა 2013 წელს ხდებოდა.  ასეთი ხარჯები არა მარტო პირველ კვარტალში, არამედ მთელი წლის განმავლობაში იყო და ის სავალალო შედეგი, რომელიც 2013 წელს მივიღეთ, მთავრობამ ვერ გააცნობიერა როგორც გაკვეთილი და ვერ გამოიტანა დასკვნები. 

რა მოხდა მაშინ? მაშინაც შემოსავლები არ შემოდიოდა და მთავრობა წლის პირველ ნახევარში ნაშთებს ხარჯავდა. მან დაახლოებით 620 მლნ დახარჯა იმ იმედით, რომ წლის დარჩენილ პერიოდში გადასახადების შემოსვლის კვალობაზე ნაშთებს უკან დააბრუნებდა. ამ ნაშთებით დააფინანსა მისთვის სატრაბახო პროგრამები, როგორიც იყო ხვნა-თესვა, სუბსიდირება, ჯანდაცვის პროგრამები და ასე შემდეგ. 

მაგრამ აღმოჩნდა, რომ დეკემბერში ბიჯეტში შემოსავლები 632 მლნ ლარით გაირღვა. ანუ იმედი, რომ ამ თანხების დასაფარავად გადასახადები შემოვიდოდა, არ ახდა და უბრალოდ, წლის ბოლოს ეს ნაშთებიდან აღებული ფაქტობრივი ხარჯი დაემატა მთლიანი ბიუჯეტის ხარჯს; რამაც ლარზე სერიოზული ზეწოლა გამოიწვია და ეროვნული ბანკი იძულებული გახდა  2013 წლის დეკემბერში 200 მლნ დოლარი, ხოლო 2014 წლის იანვარში 230 მლნ დოლარი გაეყიდა; ანუ ეროვნულმა ბანკმა ორ თვეში 430 მლნ დოლარი დახარჯა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა. 

ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა და რეალურად, ეს იყო ლარის პირველი ფარული „დევალვაცია“, როდესაც არც საგარეო შოკები იყო, საერთოდ, ყირიმის თემაც კი არ იყო პროგრამაში; მით უმეტეს, რუსეთ-უკრაინის ომის საკითხები და უამრავი ის საგარეო შოკი, რაც შემდგომ წელიწადში იყო. მაშინ 1 დოლარი 1.75 ლარი ღირდა და რომ არა 400 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის  ინტერვენცია, 1 დოლარი, ალბათ, მომენტალურად 2 ლარს გადასცდებოდა; ანუ მოხდებოდა ის, რაც 2014 წლის ნოემბერში მოხდა.  ეს იყო სწორედ ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვის შედეგი. 

წინა ხელისუფლებამ ახალს  2013 წელს დაუტოვა 850 მლნ ლარი მხოლოდ ცენტრალურ ბიუჯეტში ნაშთების სახით, ხოლო ადგილობრივ ბიუჯეტში და საბიუჯეტო ფონდებში ერთად აღებული - 1,2 მილიარდი. ეს 1,2 მილიარდი იმ მთავრობის შემცვლელს მემკვიდრეობით ერგო და ეს ფული „შავი დღისთვის“, რეზერვებისთვის, საგარეო ვალის გასტუმრებისთვის, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის იყო გათვალისწინებული, მაგრამ 2013 წელს მიმდინარე ხარჯებზე მიიმართა; ასე გაგრძელდა ნაშთების ათვისება ნელ-ნელა სხვა წლებშიც  და ახლა  ცენტრალური ბიუჯეტის ნაშთები სადღაც 300 მილიონი ლარის  ფარგლებშია. 

ამ ნაშთების ხარჯვას, როგორც უკვე აღვნიშნე, კანონმდებლობა არ არეგულირებს და ეს აუცილებლად მოსაწესრიგებელია. მთავრობა ხარჯავს ბიუჯეტში ჩანაწერის გარეშე, ისე, რომ არ არის განსაზღვრული, თუ რა მიმართულებით, რა ტემპით და რამდენი უნდა დაიხარჯოს და როგორ უნდა მოხდეს მისი უკან ჩანაცვლება. 

- მოგეხსენებათ, რომ ლარის კურსი მცურავი რეჟიმით დგინდება და დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, რომელთაგან ზოგი დადებით და ზოგიც უარყოფით გავლენს ახდენს. რა როლს თამაშობს მოლოდინები?

- ბუნებრივია, ლარის კურსზე ყოველთვის ახდენს ხოლმე გავლენას გარკვეული მოლოდინები, ვთქვათ, უარყოფითი ან დადებითი. ბოლო პერიოდში გამყარებაში გარკვეული როლი დადებითმა მოლოდინებმაც შეასრულა. გადასახადების გადახდის პერიოდი ლარის კურსზე დადებითად აისახება ხოლმე . 

დღეისთვის, დეფიციტური ხარჯვის შემცირების გარდა მმთავრობამ ბიუჯეტიდან  ხარჯვაც შეანელა. ამ ფულს კვლავინდებურად ბოლომდე ვერ ვერ ითვისებდნენ. მაგალითად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ისევ ვერ ხდება გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად გაკეთება; პროექტების თანხებს ვერ ითვისებენ მუნიციპალიტეტები. 

დადებითი  როლი ითამაშა საგარეო ფაქტორმა, იმან, რომ ნავთობის ფასი გაიზარდა. ამიტომ რუსულმა რუბლმა გამყარება დაიწყო და შესაბამისად, რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული იგივე რაოდენობის რუბლებიც კი დოლარებში უფრო მეტი გამოდიოდა. ეს ექსპორტის წახალისებასაც უწყობს ხელს ამ ქვეყანაში. ევროს კურსიც გამყარდა. 

ამიტომ მოხდა არა მარტო რუსეთიდან, საბერძნეთიდან და სხვა ქვეყნებიდანაც გადმორიცხვების ზრდა. ამას  სეზონური ფაქტორიც დაემატა, როდესაც ნაკლები თანხები გაედინება საზღვარგარეთ, ენერგომატარებლების შეძენის ხარჯების შემცირების გამო. 

ასე რომ, ყველა ამ ობიექტურმა და სუბიექტურმა ფაქტორმა, მათ შორის  ლარზე აჟიოტაჟური მოთხოვნის გაჩენამ ლარი გაამყარა.  

ცუდია, რომ მთავრობამ ვერ შეძლო ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, არ მოინდომა ბიუროკრატიის და სახელმწიფო აპარატის განაწყენება წინასაარჩევნოდ და გადაავადა  მოგების გადასახადის გაუქმება. 

აქედან გამომდინარე, ბიუჯეტი კვლავ ლარის გაუფასურებისა  და ფასების ზრდის მაპროვოცირებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ხდება.

- საქართველოს ეროვნული ბანკმა  რეფინანსირების განაკვეთი 8-დან 7.5%-მდე შეამცირა. გარდა ამისა, ლარით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა 10%-დან 7%-მდე შეამცირა, უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე კი 15%-დან 20%-ამდე გაზარდა. რამდენად დროული და სწორი იყო ეს გადაწყვეტილება?

- ესეც იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება. ის, რომ კურსი მყარდება და ინფლაცია დაბალია, არ ნიშნავს, რომ ორგანიზმი გამოჯანმრთელდა. ეს მხოლოდ დადებითი ტენდენციის მაჩვენებელია. 

ორიოდე თვის წინ, როცა ლარის კურსი 2.39-დან 2.5-მდე დაეცა, ვერავინ იფიქრებდა, რომ მონეტარული პოლიტიკა შერბილდებოდა უახლოეს მომავალში. უფრო პირიქით. აგერ უკვე სულ სხვა გადაწყვეტილება იქნა მიღებული. რაიმე შეიცვალა ამ ორ თვეში ფუნდამენტალურად? არაფერი. ნუ გვგონია, რომ  ყველა საფრთხემ ჩაიარა.

- რატომ არის ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შეცვლა მისი შერბილების მიმართულებით,  არადროული? 

- სტაბილიზება არის მყიფე. ლარის გამყარება ლოგიკურია და მოსალოდნელიც იყო. საერთაშორისო პრაქტიკით, ანალოგიური სავალუტო კრიზისებიდან გამოსვლა  დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ იწყება. ეს ნაცნობი სცენარია. ნელ-ნელა იწყებს ექსპორტი ზრდას, საფონდო ბაზარი გამოცოცხლებას და ასე შემდეგ. ჩვენ ახლა ამ ციკლის საწყის ეტაპზე ვიმყოფებით. სიფერთხილეა საჭირო. 

მილიარდი დოლარით შემცირდა იმპორტი, ე.ი. შემცირდა დოლარზე მოთხოვნაც, რაც დიდწილად კურსის კორექტირების ეფექტია. ანუ უფრო მოთხოვნის შემცირება ამყარებს ლარს და არა უცხოური ვალუტის მიწოდების ზრდა. როგორც ითქვა,  დადებითი ნიშნები ბოლო დროს შეიმჩნევა ექსპორტისა და გადმორიცხვების მხრივ. მთავარი დადებით ფაქტორი ტურიზმია. შარშან 2 მილიარდი დოლარი შემოვიდა ამ დარგიდან. წელს მეტი იქნება თურქეთში და ეგვიპტეში  ტურისტების რუსეთის მთავრობის მიერ ამ ქვეყნებში შესვლის შეზღუდვის გამო. ინვესტიციური აქტივობაცაა შესასწავლილი.  

რაც მთავარია, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება ცუდ სიგნალს აძლევს მთავრობასაც და ნაცვლად მომჭირნე საბიუჯეტო პოლიტიკის გატარებისა, აიმედებს დეფიციტური ხარჯვის უვნებლობაში. ცოტა ხნის წინათ მთავრობა 300-400 მილიონი ლარის ოდენობის სეკვესტრზე ლაპარაკობდა. ახლა რა გამოდის, თურმე  ფულის მასის ზრდა ყოფილა საჭირო და არა მისი მკაცრი კონტროლი. 

ეკონომიკური ზრდის წახალისება შემდგომი ეტაპია. ამ მდგომარეობაში დიდი ფუფუნებაა ჩვენთვის და სარისკოც. ჯერ სტაბილიზაცია - ფისკალური, მონეტარული და მერე ფიქრი წახალისებაზე, ესტონურ მოდელზე თუ მონეტარული პოლიტიკის შერბნილებაზე. 

აგერ, პირველი კვარტლის ბიუჯეტის ხარჯების გეგმა ვერ შესრულდა 7 პროცენტით, იგივე ხდება აპრილის თვეში და ეს ძველი სენი გრძელდება და ხარჯვის მთელი სიმძიმე ბოლო კვარტალზე გადავა. ხარჯებში ჩამორჩენაცაა ლარის გამყარების ერთ-ერთი მიზეზი.  ვერ აითვისებენ ფულს ინფრასტრუქტურაში, გადაისვრიან წლის ბოლოს ჯანდაცვაში. შარშან ასი მილიონი ლარით გაირღვა ამ სფეროს ბიუჯეტი, წელსაც იგივე პირი უჩანს. 

იმის თქმა მინდა, რომ ფული იყოს და ამთვისებელი გამოჩნდებაო. ეს ყველაფერი კი არჩევნების ბოლოს მოხდება და ახალ მთავრობას დაატყდება თავს. ამიტომ არის ბიუჯეტის გაჯანსაღება მნიშვნელოვანი. მერე უფრო უადვილდება ეროვნულ ბანკს თავის ინსტრუმენტენტებით მონეტარული პოლიტიკის გატარება.

- რამდენად სწორია თვით ის ცვლილებები, რომელიც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებაში და ბანკების მიერ მოზიდული სახსრების დარეზერვების ცვლილებაში გამოიხატა?

- მხოლოდ რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირება რომ მომხდარიყო, მას არ ექნებოდა არსებითი ეფექტი. მაგრამ როცა სერიოზული კორექტირება ხდება მოზიდული სახსრების „გაყინვის“ თუ „გალღობის“ მიმართულებით, აუცილებლადაა შესასწავლი და  დასასაბუთებელი მისი მოსალოდნელი ეფექტი.

- ამ გადაწყვეტილების მიზანია ლარით დოლარის გარკვეული მოცულობით ჩანაცვლება.  ლარზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა როცა 10-დან 7 პროცენტამდე მცირდება, როგორ უნდა გავიგოთ ეს?

- თუ ბანკები მოიზიდავენ ფიზიკური ან იურიდიული პირებიდან ანაბრებს, მისი 10 პროცენტი იყინება ეროვნულ ბანკში, ანუ ამცირებს მიმოქცევაში ლარის მოცულობას; რაც კურსის გამყარებას და დაბალ ინფლაციას იწვევს. ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებით მეტი ლარი გავა, ანუ მხოლოდ 7 პროცენტი გაიყინება. 

უფრო რთულადაა საქმე უცხოური ვალუტით მოზიდული თანხების დარეზერვების მხრივ. 15-პროცენტიანი ნორმატივი იცვლება 20 პროცენტით. ანუ ყოველი მიღებული ერთი დოლარიდან 20 ცენტი უნდა იყოს უმოძრაოდ - ვერ გასცემ სესხად და ვერ სხვა რამისთვის გამოიყენებ. ეს კომერციულ ბანკებს გაუძვირებს უცხოური ვალუტის მოზიდვის ხარჯებს, რაც ან სესხის საპროცენტო განაკვეთის ზრდაში, ან მეანაბრეებისთვის გასაცემი საპროცენტო თანხის შემცირებაში აისახება.

- ეროვნული ბანკი ამბობს, რომ ეს დედოლარიზაციის მიზნით კეთდება...

- შეიძლება დავეთანხმოთ, თუმცა დედოლარიზაცია მრავალწლიანი პროცესია და მას მხოლოდ ნორმატივის ცვლილებით ვერ მიაღწევ. უცხოური ვალუტის ლარში გადატანისათვის ამჟამად არ არსებობს არც ეკონომიკური და არც ფსიქოლოგიური ფონი. კომერციულ ბანკებს დიდძალი რესურსები აქვთ მოზიდული უცხოეთიდან. 

ახლა, როცა უცხოური ვალუტის შიმშილია, ეს ნაბიჯი არ შეუწყობს ხელს ვალუტის შემოტანას, რაც უცხოური ინვესტიციების ტოლფასია. ის, რომ  დიდი საგარეო ვალი (მათ შორის კომერციული სექტორის) არის პრობლემა, ეს ნათელია. ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული  ვალუტაში დარეზერვების ცვლილება ამ ვალის შეზღუდვას ემსახურება. ეს კარგია, მაგრამ  ვალს ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილება და სტაბილური ეკონომიკური ზრდა თუ შეამცირებს. 

ამ წუთას სულ სხვა ამოცანის წინაშე ვიმყოფებით: ვალუტის კურსის მოძრაობა პროგნოზირებად კორიდორში და ფასების სტაბილურობა. გრძელვადიანი მიზნები მხოლოდ ეროვნული ბანკის ინსტრუმენტებით ვერ მიიღწევა. აქ უკვე მთავრობამაც უნდა გაანძრიოს ხელი.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია