მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გია გაჩეჩილაძე: არასამთავრობოები „ნაციონალური მოძრაობის“ სქემაში ჯდებიან - 16 მაისი 2016

„რასაკვირველია, ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემებია“

myrights.ge

რა დამოკიდებულება აქვს „მწვანეთ პარტიის“ თავმჯდომარეს ბოტანიკური ბაღის გარშემო მიმდინარე პროცესებზე, რატომ ურჩევს ის არასამთავრობოებს, რომ  ამასთან დაკავშირებით ნუ ჩაჯდებიან ნაციონალური მოძრაობის სქემაში, როგორ აფასებს ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო რეალობას იმ ფონზე, როდესაც ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყნის არასწორ განვითარებაზე საუბრობს, რა ფორმით აპირებს პოლიტიკური ორგანიზაცია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გასვლას, ამ და სხვა საკითხებზე, "ქრონიკა პლუსი" "მწვანეთა პარტიის" ლიდერს, პარლამენტარ გია გაჩეჩილაძეს ესაუბრება:

- ბატონო გია, როგორ აფასებთ ბოტანიკური ბაღის ირგვლივ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს?

- ზოგადად კარგია, რომ არასამთავრობო სექტორი ასე გააქტიურებულია. მთავარი ის არის, რომ ნაციონალური მოძრაობის დანაშაულობის დაფარვაში მონაწილეობა არ მიიღონ. რადგან, ბოტანიკურ ბაღთან, საერთოდ გარემო-გამწვანებასთან დაკავშირებით ნაციონალურმა მოძრაობამ მმართველობის დროს დანაშაული ჩაიდინა. და ისე გამოდის, რომ დღეს არასამთავრობოები მათ სქემაში ჯდებიან. 

რეალურად, ნაცმოძრაობა ცდილობს დაფაროს ყველა ის დანაშაული, რომელიც გარემოს მიმართ ჩაიდინეს. ამის უამრავი მონაცემი არსებობს. სხვათაშორის, ოფიციალურ ციფრებზეა საუბარი. 

მარტო თბილისთან დაკავშირებულ მონაცებებს თუ აიღებთ და ამაზე აუდიტის სამსახურის ოფიციალური დასკვნა არსებობს, 2009-2011 წლებში ნაცმოძრაობამ , უფრო სწორად ქალაქის მაშინდელმა ხელმძღანელობამ 20 ათას 690 ხის მოჭრაზე გასცა ნებართვა. ამავე დასკვნაში კორუფციული მომენტებიც არის წარმოდგენული. 

კერძოდ, ამ პროცესში 800 ათასამდე ლარი როგორ მიითვისეს, უბედურების ჩამდენებს კიდევ გადაუხადეს ზედმეტი საბიუჯეტო თანხები. 

ამის გარდა, კიდევ არსებობს დასკვნები, საქართველოს ტყეებში რა ჩაიდინეს. მაგალითად, ერთმანეთს შეადარეს 2002-2012 წლის კოსმოსური სურათები და აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 9500 ჰექტარი ტყე გამქრალია საქართელოს ტერიტორიაზე. ეს დაახლოებით 4-5 მილიონი ხეა და ა.შ. 

რაც შეეხება ბოტანიკურ ბაღს, რომელთან დაკავშირებითაც ერთი ამბავი არის ატეხილი. იგივე ნაციონალების მმართველობისას ბოტანიკურ ბაღს დამხმარე მეურნეობები გაუყიდეს. მათ შორის უნიკალური საცდელი მეურნეობები მცენარეული ჯიშებისთვის.   

ასევე არსებობს მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც 2007 წელს ბოტანიკურმა ბაღმა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიიღო, მისი გარკვეული ტერიტორია, სწორედ კულტურული მემკვიდრეობის ფარგლებში, ერთ ლარად გაყიდეს და ა.შ. 

ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ამაზე არ საუბრობენ და ასე ვთქვათ, ნაციონალების მიერ ატეხილ აჟიოტაჟში მონაწილეობენ. 

- დღევანდელ რეალობას რომ დავუბრუნდეთ; საპროტესტო წინააღმდეგობაა ბოტანიკურ ბაღის მონაკვეთის გაცვლაზე, ბაღის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით; ასეთივე დამოკიებულებაა „თბილისი პანორამასთან“ მიმართებაში, ამაზე თქვენი პოზიცია როგორია?

-  ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით სამართლებივად, იურიდიულად ტერიტორიების საზღვრების კორექტირება ხდება. ანუ ვსაუბრობთ იმ ოთხ ჰექტარზე, რომელიც ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზეა. 

ჯერ ერთი, ეს 4 ჰექტარი ნაციონალების დროს გადაეცა თბილსერვიისს. თუ არ ვცდები, ეს  2007 წელს მოხდა. მერე იქ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილმა ნიადაგი შეიტანა, ახალი უნიკალური ჯიშები დარგო, სარწყავი სისტემა გააკეთა... და სწორედ ეს ტერიტორია ახლა ბოტანიკურ ბაღს მიემატა.

სამაგიეროდ, მეორე მომიჯნავე ტერიტორია, 4 ჰექტარი, რომელსაც ბოტანიკურ ბაღთან მიმართებაში არავითარი ფუნქცია არ აქვს (ქვა-ღორღიანი ფერდობია), სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაში გაიცვალა.  

ანუ ტერიტორია, რომელიც თავისი გამწვანებითა და სარწყავი სისტემით შუერთდა, ბოტანიკურ ბაღს საშუალებას აძლევს, რომ ამ მიმართულებით ინტენსიურად განვითარდეს. 

რაც შეეხება მეორე ტერიტორიას, მას არავითარი პერსპექტივა და დანიშნულება არ ჰქონდა თბილისის ბოტანიკური ბაღისთვის. 

რაც შეეხება იმ 29,7 მეათედ ჰექტარს, პროექტის მიხედვით, ინვესტორს ტერიტორიის  მხოლოდ და მხოლოდ 2 ჰექტარის ათვისების უფლება აქვს. ეს ინვესტორი, თუ არ ვცდები, საპარტნიორო ფონდია, რომელსაც თავის მხრივ 9 დამფუძნებელი ჰყავს. მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ფონდებია. სხვადასხვა ბიზნეს-ჯგუფები არიან ამ საქმეში ჩართულები.

ამ ორ ჰექტარზე გარკვეული ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს. დანარჩენი 27 ჰექტარი მთლიანად რეკრეაციულ, გამწვანებულ ტერიტორიას დაეთომობა. სადაც საზოგადოებრივი სარგებლობისთვის ძალიან კარგად მოეწყობა რეკრეაციული ზონა; სადაც გაკეთდება სასეირნო ბილიკები და ა.შ. 

ასევე ამ ტერიტორიაზე ძალიან სერიოზული პრობლემებია. იცით, რომ ამჟამად თბილისის ტყეები დაავადებულია. გარკვეული ნაწილი გამხმარია. ამიტომაც ჩანაცვლება მოხდება და მათ ადგილებზე ახალი ჯიშების დარგვა იგეგმება. ყოველ შემთხევაში ასე წერია პროექტში, რომელიც ხელთ გვაქვს. 

ამ პრობლემატიკის მთელი ფილოსოფია ეს არის. მოკლედ რომ გითხრათ, კარგი საქმე კეთდება. კარგი ეკოლოგიის, თბილისის განვითარების თვალსაზრისით. გზა, რომელიც იქ გაივლის, მისი სიგანე 8 მეტრია და დედაქალაქს კიდევ განმუხტავს და ა.შ. მოკლედ, ძალიან სერიოზული და სასარგებლო საქმე კეთდება. 

- ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე რას იტყვით, თუნდაც „ენდიაისა“ და „აირაის“ ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების ფონზე? 

- „ენდიაისა“ და „აირაის“ გამოკითხვების ერთმანეთთან შედარებაც კი უკვე აღარ შეიძლება.  ძალიან საინტერესოა და თუ თქვენც ამ ორ გამოკითხვას შეადარებთ (სხვათაშორის, ეს გამოკითხვები ერთ პერიოდში ჩატარდა), იმდენად დიდი განსხვავებაა მონაცემებში, რომ უზარმაზარი ცდომილება არასწორ ტექნოლოგიაზე მეტყველებს. 

ამიტომ „ენდისა“ და „აირაის“ გამოკითხვებზე დაყრდნობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. თუნდაც რეიტინგები ავიღოთ და ერთმანეთს შევადაროთ. ამაზე დაყრდნობა ყოვლად შეუძლებელია. 

ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ქვეყანაში ერთი სანდო სოციოლოგიური კვლევის ცენტრი არ არსებობს, რომელსაც როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საზოგადოებაც დაეყრდნობა. და იქნებ მომავალში მაინც ჩამოყალიბდეს ასეთი ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს.  

რაც შეეხება იმას, თუ რა გავლენა ექნება აღნიშნულ გამოკითხვებს არჩევნებზე, არ მგონია, რომ ასეთი გავლენა ჰქონდეს, რადგან  საზოგადოებას აღნიშნული გამოკითხვების უკვე აღარ სჯერა. მოვა არჩევნები და სხვადახვა პარტიების პიარკამპანიები რომ დაიწყება, საზოგადოება თვითონ გადაწყვეტს ვის მისცემს ხმას და ვის არა. 

- ერთ-ერთი მაჩვენებელი, რაც ორივე გამოკითხვაში მეორდება, - მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს მონაცემიც არ იმსახურებს რაიმე ნდობას? 

- თუ თქვენ ამ გამოკითხვებს ღრმად გაანალიზებთ, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პოლიტიკურ კურსს (ევროკავშირთან, ნატოსთან მიმართებაში) ემხრობა. ამიტომ არასწორი განვითარების ეს შეგრძნება არ არის დაკავშირებული პოლიტიკურ კურსთან. ეს არის წმინდა წყლის სოციალურ-ეკონომიკური საკითხები და ეს გასაგებიცაა. როგორც ჩანს, მოსახლეობა თავის განწყობას საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე აყალიბებს. 

მოსახლეობა ქვეყნის განვითარებას წმინდა პოლიტიკური მიმართულებით უნდა აფასებდეს. ანუ იმას, რომ ევროპული ორიენტაცია სწორია, სხვა კურსი მცდარია და ა.შ. ამ ორივე გამოკითხვით კი, ფაქტობრივად, ქვეყნის მოსახლეობა ემხრობა იმ დასავლურ კურსს, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებს. მაგრამ ეს უცნაურ წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რაზეც თქვენ ამახვილებთ ყურადღებას. 

ამიტომ ვიმეორებ, ეს ალბათ უფრო არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული. 

ვთქვათ, დასაქმების ციფრები ავიღოთ, რაც ყველაზე მნიშვნელოანია და პირველი ადგილი უკავიოა ადამიანების სურვილებში. მათ უნდათ, რომ დასაქმებულები იყვნენ. მგონი, ბოლოს 65% იყო, რომელიც ამბობდა, რომ დასაქმებული არ ვარო. მაგრამ საინტერესო ის არის (თუ ეს ციფრები სანდოა), რომ 2012 წლის იგივე გამოკითხვაში 72% ამბობდა დასაქმებული არ ვარო. 

აღნიშნულ გამოკითხვებს თუ დავუჯერებთ, გამოდის, რომ დასაქმების მაჩვენებელი ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ 7%-ით გაუმჯობესებულია და ა.შ. ამიტომ არც კი ვიცი, ამასთან დაკავშირებით რა გიპასუხოთ. აქ რა არის სწორი და რა ხელოვნურია, დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. 

- იგივე შეგიძლიათ თქვათ, ქვეყანაში არსებულ ზოგად სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე? 

- ვიმეორებ, რომ იგივე „ენდიაისა“ და „აირაის“ გამოკითხვებს თუ შევადარებთ, ადრინდელი, 2012 წლის გამოკითხვებით დასაქმების მაჩვენებელი უარესი იყო. თუ საერთოდ ენდობით ამ კვლევებს. ამასთან, რასაკვირველია, ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემებია. მით უმეტეს, ლარის გაუფასურებამ ეს შედეგები მოიტანა. 

ვალუტის გაუფასურება მარტო ჩვენი არა, გლობალური პრობლემა იყო. ამან მოსახლეობას ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა, რად უნდა ამას ლაპარაკი. თუმცა ამას თავისი მიზეზები გააჩნია. იცით, რაც მოხდა აზერბაიჯანში, თურქეთში, რუსეთში, ევროკავშირში, ეს გლობალური პროცესი იყო. 

მაგრამ შიდა პრობლემებიც არსებობს. მე ერთხელ პარლამენტში ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გამოვაქვეყნე. ეს გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის მოღვაწეობასთან დაკავშირებით. 

ალბათ, უნდა ვენდოთ თსუ-ს ექსპერტთა ჯგუფს. იქ საოცარი რაღაც ეწერა. პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ქვეყანაში ლარის კრიზისის დაწყებისას, 2014 წლის ნოემბრიდან, ეროვნულმა ბანკმა  ლარის მასა ხელოვნურად გაზარდა. 

ანუ რეალურად ხელი შუწყო ლარის გაუფასურებას ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ როგორც გლობალურად, ასევე ჩვენ ქვეყანაში სერიოზული მოვლენები ვითარდებოდა.  სხვათა შორის, ძალიან სერიოზული დასკვნაა. ამაზე პარლამენტის სხდომაზე განცხადება გავაკეთე. 

სამწუხაროდ, ამ გამოსვლას არავითარი რეაგირება არ მოყვა. რა გითხრათ, ასეთ ამბებაც ჰქონდა ადგილი. 

- ხომ არ გადაწყვიტეთ, როგორ, რა ფორმით აპირებს „მწვანეთა პარტია“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას?

- არჩევნებში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. მაგრამ რა ფორმით, ეს საბოლოოდ გადაწყვეტილი არ გვაქვს. ან დამოუკიდებლად ვიქნებით, ან ვნახოთ, შეიძლება ვინმესთან ერთად.

ოღონდ ჩვენთვის მთავარია, რომ იდეოლოგიურად ჩვენთან დაახლოებული პოლიტიკური ორგანიზაცია იყოს. თუ ვინმესთან ვიქნებით, ეს აუცილებლად უნდა იყოს მემარცხენე-ცენტრისტული ორგანიზაცია, როგორიც მწვანეთა პარტიაა. და აუცილებლდ უნდა ჰქონდეს ევროპული მიმართულება. ჩვენ ევროპის მწვანეთა პარტიის შემადგენელი ნაწილი ვართ. ამიტომ საგარეო მიმართულების მთავარი ღერძი სწორედ დასავლეთი და ევროპული მისწრაფებაა.

აი ასეთი გზით მივუდგებით პატნიორებს, თუკი ისინი გვეყოლებიან.

- არის თუ არა გამოკვეთილი მსგავსი გაერთიანების კონტურები? 

- ჯერჯერობით არა, მაგრამ ვნახოთ, დრო ამისთვის ჯერ კიდევ არის.     

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია