მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნატა ფერაძე: ნარმანიას მხრიდან პასუხის გაცემა უკვე დაგვიანებულია - 18 მაისი 2016

"მარტივად მოსაგები პროცესები არ იქნება, რაც უფრო დიდია ინვესტიცია, მით უფრო დიდია წინააღმდეგობა" 

myrights.ge

"მწვანე" აქცია ტელეკომპანია "ჯიდიესის" მისადგომებთან აქტივისტების დაკავებით დასრულდა. რამდენიმე მათგანი, მათ შორის "პარტიზანული მებაღეობის" ლიდერი ნატა ფერაძე ადმინისტრაციული წესით უკვე დააჯარიმეს. ამჯერად მას უკვე სისხლის სამართლის წესით ედავებიან. პროტესტანტები გაჩერებას არ აპირებენ და უკვე სხვა არასამთავრობოების დახმარებით გარემოს დასაცავად ბრძოლას გეგმავენ.

"თბილისი პანორამა", ბოტანიკური ბაღი, მისი მიმდებარე ტერიტორიები, ტელეკომპანია "ჯიდიესთან" მიმდებარედ არსებული საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც რეალურად გადაღობილია და იქ ადამიანებს არ უშვებენ - ის საკითხებია, რამაც არასამთვრობოები და ოპოზიციის ნაწილი ქუჩაში გამოიყვანა. ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხმად ირწმუნებიან, რომ აღნიშნული პროექტები მხოლოდ განვითარებისკენ არის მიმართული. ოპონენტებს ამ პერსპექტივის არ სჯერათ და ქალაქის იერსახის, ბუნების განადგურებაზე ამახვილებენ ყურადღებას.   

ამ პრობლემატიკაზე, "ქრონიკა პლუსი" "პარტიზანული მებაღეობის" დამფუძნებელს, ნატა ფერაძეს ესაუბრება:

- ქალბატონო ნატა, რა ეტაპზეა თქვენ მიმართ სამართლებრივი დევნა?

- ჯერჯერობით სხდომა ადმინისტრაციულ საქმეზე გაიმართა და 250-ლარიანი ჯარიმა, პატრულისთვის დაუმორჩილებლობისთვის დაგვაკისრეს. სისხლის სამართალს რაც შეეხება, ორ საქმეს (პატრულის ცემა და მანქანის დაზიანება), ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და დაზუსტებით არც ვიცით, ამაზე სასამართლო იქნება თუ არა. 

ამას გარდა, წამიყვანეს ნარკოლოგიურში და იქვე ზედაპირული დათვალიერებით არანაირი ნარკოტიკული თრობა არ აღმომაჩნდა. თუმცა ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი განვაცხადე. 

- რატომ დაგაკავეს და წაყენებული ბრალდებების საფუძველი რაში მდგომარეობს? 

- პატრულის მხრიდან მისთვის შეწინააღმდეგების მუხლი იყო, თუმცა ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ. შეწინააღმდეგება არ ყოფილა, რადგან გაფრთხილებას ადგილი არ ჰქონია. არავის უთქვამს, რომ მე ჩამოვსულიყავი მანქანიდან. რეალურად, ამ მანქანიდან ჩამომახეთქეს და ეგრევე დაკავებული აღმოვჩნდი. 

თუმცა, როგორც ეს სამართლებრივად ხდება, ჯერ გაფრთხილება უნდა მოეცათ და შემდეგ გონივრული ვადა, - იქნებ მე მანქანიდან ჩამოვდიოდი. ხოლო ჩემი მანქანაზე აძრომა იმან განაპირობა, რომ დააკავეს აქტივისტი. ჩვენ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მონაწილე პირი დააკავეს, რომელიც ჩვენნაირ მოთხოვნებს აყენებდა. 

- კონკრეტულად რა მოთხოვნა იყო?

- ჩავეშვით საზოგადო სივრცეში, რომლის წინ კორდონი დაგვხვდა. ძალიან სასაცილო იყო პატრულის არგუმენტაცია სასამართლო პროცესზე. ადვოკატის შეკითხვაზე, თუ საიდან შეიტყვეს მათ (ანუ ამ კორდონმა), რომ იცავენ აღნიშნულ ტერიტორიას, პატრულის პასუხი იყო, რომ ეს თავად აქციის მონაწილეებისგან შეიტყვეს. 

ანუ ასეთი რამ თქვეს, თურმე აქციის მონაწილეები მივედით და მათ ვუთხარით, - ეს ახლა სხვის ტერიტორიაა, სადაც შესვლა მოგვინდება და თქვენ არ შეგვიშვებთო. მოკლედ, ასეთ აბსურამდე იყო დასული აღნიშნული სასამართლო პროცესი. 

მიიღებენ თუ არა განჩინებას, ეგრევე სააპელაციოში შევიტანთ ჩვენს სარჩელს. 

- ადმინისტრაციული სახდელი უკვე გაასაჩივრეთ? 

- ამაზე ორშაბათს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დაბარებულები ვართ; რომ უკვე წავიკითხოთ რას ითვალისწინებს, ხელი მოვაწეროთ და ორშაბათსვე შევიტანთ ადმინისტრაციულის გასაჩივრების საქმეს. 

- რომელ ტერიტორიაზე შეჭრაზე იყო საუბარი? 

- ეს არის ტელეკომპანია "ჯიდიესის" ტერიტორიის მიმდებარედ. ეს ტერიტორია ნამდვილად ბიძინა ივანაშვილის, ანუ "ჯიდიესის" კერძო საკუთრებაა. თუმცა ამ კერძო საკუთრების გავლის შემდეგ არის საზოგადო სივცრე, რომელიც მუნიციპალური კუთვნილებაა. სადაც არის მდინარე, დასასვენებელი, საპიკნიკე ადგილები და ასევე კლდე, სადაც მეკლდეურები დადიან და კლდეზე ცოცვაში ვარჯიშობენ. 

ადრე მას ჩასასვლელი ჰქონდა და უკვე "ჯიდიესის" აშენების მერე, ეს მარშრუტი შეიცვალა. თუმცა მერე ივანიშვილმა ისიც შეისყიდა. ახლა ივანიშვილს უნდა გახსნის ამ ბილიკს და უნდა დაკეტავს. ანუ დაახლოებით 50 მეტრის გზა კერძო საკუთრებაა, რომელიც მოქალაქეებს საზოგადო სივრცეში ჩასვლას გვიზღუდავს. 

- ამ კონკრეტულ საკითხზე სარჩელის შეტანას თუ აპირებთ?

- ნამდვილად ვაპირებთ. იურისტ ანანო ცინცაბაძეს (არასამთავრობო ორგანიზაციიდან) ახლა გამოთხოვილი აქვს დოკუმენტაცია, რომელიც პანორამა თბილისს და ასევე ამ გასხვისებებს ეხება. და, რასაკვირველია, სამოქალაქო პროტესტის პარალელურად იურიდიულად ამის გაპროტესტებასაც ვგეგმავთ. 

- ბოლო აუქციონის შედეგების ფონზე, რა პროცესი მიმდინარეობს ბოტანიკურ ბაღში და მიმდებარე ტერიტორიაზე? 

- მოკლედ, პანორამა თბილისის მშენებლობა რომ დაიწყო, ვინც ამას ვაპროტესტებდით, ერთ-ერთი არგუმენტი ის იყო, რომ ამაღლების ქუჩა არ ეყოფოდა იმ მანქანების ნაკადს, რომელიც პანორამა თბილისის კომპლექსს უნდა მოემსახუროს. 

რაზეც დავით ნარმანიას პასუხი იყო, რომ სპეციალურად პანორამა თბილისისთვის აშენდება შემოვლითი გზა, შინდისი-კრწანისის მონაკვეთზე. ეს მოხდება პანორამა თბილისისთვის და არაერთი ვიდეო თუ ციფრული ჩანაწერი არსებობს, სადაც ამბობენ, რომ სწორედ პანორამისთვის სპეციალური გზა შინდისი-კრწანისის მონაკვეთზე გაკეთდება. 

მაშინ ამაზე საუბარი დასრულდა. 2015 წლის დეკემბერში ჩვენ შევიტყვეთ, რომ  500-მდე ხე გაიჩეხა. სამწუხაროდ, ამის შესახებ პოსტ-ფაქტუმ ავიგეთ. და ამ გზის კეთება დაუწყიათ, რომელიც მერე აღმოჩნდა, რომ გზა სულაც არ არის. ამან, რასაკვირველია, ჩვენი მხრიდან ძალიან დიდი აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია. 

რადგან ეს გზა საზოგადოებასთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე გაკეთდა. მერე პროექტი არ გვინახავს და რამდენადაც ინფორმაცია მოვიძიეთ, არსებობს ამ გზის რამდენიმე ალტერნატიული პროექტი, რომელიც ამდენი ხის გაჩეხვას არ ითვალისწინებს. 

ჩვენ ამ თემაზე მერიაში თანამდებობის პირებს შევხვდით. ჩვენი ინიციატივით შეგვხვდა დავით ნარმანია, ასევე კეთილმოწყობის, არქიტექტურის, გამწვანების სამსახურების უფროსები, ანუ მთელი მერიის ტოპმენეჯმენტი. სადაც გვითხრეს, რომ ამ გზის გაყვანა ნამდვილად დაუგეგმავად მოხდაო. ბოდიშიც კი მოგვიხადეს და პირობა მოგვცეს სიტყვიერი, რომ ჩვენთან შეთანხმების გარეშე ეს გზა არ გაგრძელდებოდა; ანუ მისი მშენებლობა და განიხილავდნენ პროექტს, რომელიც ხეების ჭრას აღარ ითვალისწინებს. 

ამის შემდეგ ჩვენი მხრიდან არაერთი მოკითხვის მიუხედავად, პასუხი არავის გაუცია, თუ რა ხდება რეალურად ამ გზაზე. და უცებ, დაახლოებით ერთი თვის წინ ვიგებთ, რომ თურმე ეს გზა სულაც აღარ არის გზა. გატანილია აუქციონზე და მასში უკვე ჩადებულია, რომ შემძენ ინვესტორს პირობაში მინიმუმ 80-ადგილიანის სასტუმროს აშენება აქვს, მინიმუმ 50 ავტოპარკირებით. 

ყველა "სიკეთესთან" ერთად დაშვებული იქნა ის, რაც ჩვენ ვაკის პარკში მოვიგეთ. კერძოდ, სპეციალური ზონალური შეთანხმება (დავით ნარმანის მიერ) და ესეც კანონდარღვევით მოხდა. რადგან ამას სჭირდება არგუმენტაცია, თუ რამ გამოიწვია ეს სპეციალური ზონალური შეთანხმება სარეკრეაციო ზონა 2-ში მშენებლობის დაშვებასთან დაკავშირებით. 

ამან, რასაკვირველია, ჩვენი აღშფოთება გამოიწვია. ახლა, გზა მეტ-ნაკლებად საჭიროა და პანორამა თბილისს სულ თავი რომ დავანებოთ, ეს შეიძლება შინდისსაც სჭირდებოდეს. თუმცა ეს ყველაფერი გაუთვლელად კეთდებოდა. 

როცა ჯერ 500 ხეს ჭრი და მერე ეს ტერიტორია გასაყიდად გაგაქვს, ძალიან აღმაშფოთებელია. დღეს ისევ ახალ გზაზეა საუბარი, რომლის საჭიროება ისევ რჩება. და როგორც ამბობენ, ამ ახალი გზისთვის ისევ 900-მდე ხე ისევ უნდა მოიჭრას. 

ეს გზის ნაკვეთი, რომელიც მერე აუქციონზე გაიყიდა, ზუსტად ემიჯნება იქვე არსებულ ათ ჰექტარს, რომელიც მანამდე ეკუთვნოდა ბიძინა ივანისვილს. ასევე ამ ათ ჰექტარს ემიჯნება ის 4 ჰექტარი, რომელიც ბოტანიკური ბაღიდან გადაცვალა ივანიშვილმა. ვითომ "ხრიოკი ტერიტორიის" მაგივრად ხეხილითა და საირიგაციო სისტემით გაშენებული წალკოტი მისცა. 

ამის არგუმენტაციაც ძალიან უმწეოა. ამბობენ, რომ ვითომ ბოტანიკურმა ბაღმა თვითონ მიმართა მერიას, რომ ჩვენი ხრიოკი ადგილის მაგივრად, თუ შეიძლება ის საირიგაციო და ჰუმუსიანი ნაკვეთი მოგვეცითო; რომელიც ისევ ამ ათ ჰექტარს ემიჯნება. ანუ ის ათ ჰექტარს ამ ბოტანიკურის ოთხი ჰექტარი და ეს გზაც დაემატა. თითქოს ეს გაცვლა ბოტანიკურის მოთხოვნით მოხდა და ეს სულაც არ იყო ინვესტორის პირობებში. 

რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ ბოტანიკურს კლდოვანი ტერიტორია ჩამოერთვა და მიეცა ჰუმუსოვანი, ამის თქმას ვინ ვინ და ბოტანიკური ბაღის დირექტორი არ უნდა კადრულობდეს. რადგან ბოტანიკური ბაღი არ არის სანერგე მეურნეობა, სადაც მნიშვნელოვანია მიწის ნაყოფიერება. ბაღი უნდა იყოს ბიომრავალფეროვანი და მისთვის ხეხილის ბაღებზე უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება ენდემური ფლორა და ფაუნა იყოს, რომელიც იქ იყო და ასევე უნდა იყოს კლდოვანი სახეობები.

იქ, ამ კლდოვან ნიადაგზე ამოდიოდა ხეები, რომელიც ენდემურია და თბილისისთვის დამახასიათებელ ფლორას წარმოადგენს. ასე, სამი წლის გაშენებული ხეხილის ბაღის მოწყობა ნებისმიერ, ასე თუ ისე შეძლებულ ადამიანს შეუძლია. 

მოკლედ, ეს ყველაფერი თბილისი პანორამის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტს დაემატა. ეს ტერიტორიები ერთმანეთთან ძალიან ახლოშია. ზუსტად ერთი ხელწერაა, ერთი ინვესტორია და ამაზე ცალკე პროტესტი არ გვაქვს. 

უბრალოდ, გავაერთიანეთ იმ პროტესტში, რაც პანორამა თბილისის წინააღმდეგ იყო მიმართული.

- როგორ აპირებთ საპროტესტო მოძრაობის გაგრძელებას? 

- ეს მარტივად მოსაგები პროცესები არ იქნება. რადგან ძალიან დიდი ინვესტიციაა. და რაც უფრო დიდია ინვესტიცია, მით უფრო დიდია წინააღმდეგობა. თუმცა მოსახლეობა უკვე საკმაოდ მომწიფდა იმის წინააღმდეგ, რაც ჩვენ თავს ხდება. უკვე მოსახლეობაც დაგვეხმრა, ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია გვერდში დაგვიდგა. მათ შორის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, გოეთეს ფონდი, ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია... 

მათ გვასწავლეს ჩვენი უფლებები და გაგვაცნეს კონვენციები. არაერთი საინტერესო შეხვედრა მოგვიწყვეს უცხოელ, ასევე ქართველ სპეციალისტებთან, სამართალდამცავებთან, სოციოლოგებთან და ა.შ. ეს არის ჩვენი სრული უფლება და მთავრობის მოვალეობაა არაერთი კონვენციის მიხედვით (რომელშიც გაწევრიანებულია საქართველოს სახელმწიფო), რომ მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე ამ ყველაფრის კეთება ქალაქისთვის დაუშვებელია. 

ამიტომ ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს უფლებას და უნდა ვაიძულოთ მთავრობა ცივილიზებული გზით მოიქცეს. ეს სახელმწიფო ცივილიზებულ ნიადაგზე უნდა დადგეს და ჩვენ ასეთი პროტესტები აღარ დაგვჭირდეს . 

ყველა მოვუხმობთ, რომ ცოტა მოთმინებით აღიჭურვონ. ერთ-ორ აქციაზე გასვლით ამბავი თავისთავად ასე მარტივად არ დასრულება. მაგრამ რაღაც აქციები, საპროტესტო ტალღა, რომელიც დავიწყეთ, გაგრძელდება და საბოლოო გამარჯვებაზე იქება მიმართული. 

- თქვენი კონსულტაციების გათვალისწინებით, აღნიშნულ მშენებლობებთან მიმართებაში რის მიღწევა არის შესაძლებელი? 

- ალბათ, საბოლოო შედეგი ადგილმონაცვლეობა უნდა იყოს. თუ ინვესტორს ქალაქში ფულის დაბანდება სურს, რასაკვირველია, ეს უნდა მოახდინოს. მაგრამ ეს იქამდე არ უნდა მოხდეს, სანამ არ დამტკიცდება თბილისის გენერალური გეგმა და სანამ ასე კონტექსტიდან ამოგლეჯილად განხილული იქნება მსგავსი გრანდიოზული მშენებლობები. 

და ჩვენ არ გვექნება რეალური ანალიზი, ეს ქალაქს აწყენს თუ პირიქით, მოუხდება. ქალაქგეგმარებლების, ურბანიტების, ტრანსპორტის სპეციალისტების, გეოლოგების სრული დასკვნითი აქტების გარეშე ქალაქში ასეთი ჩარევა დაუშვებელია. 

ჩვენ უკვე არაერთი სპეციალისტის არაოფიციალური დასკვნა გვაქვს, რომ ეს ყველაფერი ქალაქისთვის სავალალო შედეგს გამოიტანს. ამიტომ ეს უნდა შეჩერდეს და ეს ინვესტირებას რაც შეეხება, მას ადგილმონაცვლეობით ან თანხით დაუკაყოფილონ ინვესტორს. ეს უკვე თავად უნდა მოიფიქრონ ეკონომისტებთან ერთად.

- პროტესტის თვალსაზრისით უახლოეს ხანში რას აპირებთ?

- დავით ნარმანია საკრებულოში მისვლას აპირებს. ჯერ არ აპიებდა და მერე ცოტა რომ დატუქსეს, გადაიფიქრა და თქვა, რომ მოვდივარო. როგორც თავად თქვა ტელევიზორში, ერთი მოგვიყვეს დაინტერესებულ აქტივისტებს, თუ რა კარგ მშენებლობაზე მიდის საუბარი. 

რეალურად, მისი მხრიდან პასუხის გაცემა უკვე დაგვიანებულია. უკვე დამტკიცებულ და გაცემულ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებაზე მოყოლა, თუ რა კარგი რამე გააკეტა, ეს ჩვენ საერთოდ არ გვაინტერსეებს. 

ამიტომ ჩვენ მივალთ საკრებულოში. ნაწილი გარეთ იქნება და იქ გამოხატავს თავის პოზიციას. და მეორე ნაწილი საშვს მოვითხოვთ და შიგნით დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას.              

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია