მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
უნდა შეხვდეს თუ არა მიხელ ჯანელიძე სერგეი ლავროვს? - 23 მაისი 2016

"დახურული კარების მიღმა, რასაკვირველია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი უნდა დაისვას"

myrights.ge

არ წყდება საუბრები ქართულ-რუსული პოლიტიკური დიალოგის საჭიროებაზე. საგარეო მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში არ გამორიცხავს, რომ კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდეს. პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჯანელიძის ამ განცხადებაა აბსოლუტურად ადეკვატურად აფასებს. მისი აზრით, ეს შეხვედრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის განმტკიცებაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს უნდა ეფუძნებოდეს. 

"ასეთ შეხვედრებს მომზადება სჭირდება. შეხვედრა უნდა იყოს გამიზნული იმისთვის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. თუ ასეთი გადაწყვეტილებები მომზადდება და ეს გადაწყვეტილებები, უპირველეს ყოვლისა, უნდა განამტკიცებდეს და დაფუძნებული იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით, რომ ასეთ შეხვედრაში მონაწილეობა მივიღოთ", - ამბობს პრემიერი.

თავის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის აზრით, ქართულმა მხარემ უარი არ უნდა თქვას ლავროვი-ჯანელიძის შეხვედრაზე, თუკი შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა იარსებებს. თუმცა იმ პირობებში, როდესაც რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ ნაბიჯებს, ბაქრაძეს ეს შეხვედრა კონტრპროდუქტიულად ეჩვენება. 

"თუ შეხვედრა იქნება მომზადებული და იქნება კონკრეტული თემები, სადაც იარსებებს შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა, რა თქმა უნდა, შეხვედრაზე უარი არ უნდა ვთქვათ, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც არ მიმდინარეობს არავითარი მზადება, როდესაც რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ ნაბიჯებს, როდესაც 2 დღის წინ პრეზიდენტმა პუტიმა ცალ-ცალკე მიულოცა საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ფაშიზმზე გამარჯვება, როდესაც გრძელდება საქართველოს ტერიტორიების მიტაცება, ამ ყველაფრის ფონზე შეხვედრა მე  კონტრპოზიტიურად მეჩვენება", - აცხადებს ბაქრაძე. 

პარლამენტარი თვლის, რომ ასეთი შეხვედრის შემდეგ რუსეთი შეეცდება დაარწმუნოს დასავლელი პარტნიორები, რომ არ ჩაერიონ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, რადგან ის ვითარდება:

"ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ასეთი შეხვედრიდან. მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, კარგად გაიაზრონ ეს საფრთხე და უბრალოდ უაზრო პიარქულების ჩაწერისთვის ნუ ჩაატარებენ ასეთ შეხვედრას, რადგან ეს ვერ მოიტანს ვერანაირ სარგებელს". 

ამ თემაზე "ქრონიკა პლუსის" კითხვებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეს პასუხობს:

- ბატონო რამაზ, რამდენად დგას ამ შეხვედრის საჭიროება და მას რა შედეგი შეიძლება მოყვეს?

- ღია ომების დროსაც (მაგ. ახლა უკრაინაში რომ მიმდინარეობს), არათუ წარმომადგენლები, არამედ პირველი პირებიც კი ხვდებიან ხოლმე. იმისთვის, რომ პროცესები არა მხოლოდ ძალისმიერი, არამედ დიპლომატიური გზებით დარეგულირდეს. 

ანალოგიურად, ამგვარი შეხვედრები არც ქართულ-რუსულ ურთიერთობას აწყენს. თუნდაც იმიტომ, რომ ქართულმა მხარემ გაიგოს როგორია რუსეთის შორეული მიზნები. და საერთოდაც გაიგოს, აზრი აქვს თუ არა ამ ეტაპზე მოსკოვთან ლაპარაკს. 

რადგან ამ შეხვედრებში, დახურული კარების მიღმა, რასაკვირველია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი უნდა დაისვას. თუ რუსეთმა ამ პრობლემაზე მსჯელობა საერთოდ უარყო (არ მოისურვა), ე.ი. საუბარს აზრი არ აქვს და მხარეები ერთმანეთს დაშორდებიან. მოკლედ, ამით არაფერი იკრაგება. 

და თუ მოხდა ის, რამაც რამდენჯერმე გაიჟღერა რუსულ პოლიტიკურ რიტორიკაში, რომ ყველაფერზე ლაპარაკი, განხილვა შეიძლება და ამ მხრივ გამორიცხული არაფერია, ამ დამოკიდებულების ფონზე ე.ი. დიალოგის გაგრძელებასაც აზრი აქვს. 

ასე რომ, პრაქტიკულად, ეს სასინჯი შეხვერდა იქნება, სადაც სერიოზულ, მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საკითხებში (არა მხოლოდ იმ საკითხებში, რომელიც ყოველდღიურად გადასაწყვეტია და რასაც ემსახურება როგორც ერთი, ასევე მეორე ფორმატი) უნდა ინახოს აქვს თუ არა აზრი ორი ქვეყნის დიალოგს.

ვიმეორებ, თუკი აღმოჩნდა, რომ ამას აზრი არ აქვს, ძალით დიპლომატიურ მაგიდასთან ვერავინ ვერავის დააბამს. და თუ ამის საპირისპირო გაირკვა, ამ შანსის გამოტოვება გამართლებულად არ მიმაჩნია. 

- ქართული მხარე სწორედ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის აქტუალიზებაზე საუბრობს. ამ ფონზე, პუტინი 9 მაისს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს ცალ-ცალკე ულოცავს. რამდენად ექნება დღეს რუსულ მხარეს მზაობა, რომ ამ პრობლემატიკაზე ისაუბროს? 

- 9 მაისის მილოცვა, თუ შეიზლება ითქვას, პოლიტიკის დეკლარაციული ნაწილია. ჩვენ ახლა მოლაპარაკებაზე ვსაუბრობთ. იმაზე, რომ მოლაპარაკებაზე შეიძლება რუსული პოლიტიკის ის მხარეები გამოვლინდეს, რომელიც დეკლარირებული არაა. 

ვინმესთვის მოსალოდნელი იყო, რომ დავუშვათ ამ კონტექსტში რუსული მხარე აფხაზურ და ოსურ რეგიონებს ბოიკოტს გამოუცხადებდა? რასაკვირველია, არა. 

მაგრამ მეორე მხრივ გამორიცხული არაა, რომ თვითონ რუსეთის ინტერესებში იყოს ამ რეგიონების ტვირთისგან ეკონომიკური და პოლიტიკური გათავისუფლება. მით უმეტეს, ვიცით, დღეს ჩრდილოელ მეზობელს როგორი ეკონომიკური მდგომარეობა აქვს. 

თუკი ასეა, მაშინ, რა თქნა უნდა, ფარული გზებით უნდა ეძებოს ის ვარიანტი, რომელიც მას სახეს შეუნარჩუნებს. ჩვენ თუ იმის მოთხოვნილება გვაქვს, რომ ყველაფერი ტელევიზორში ითქვას, ასეთი პოლიტიკა უბრალოდ არ არსებობს. და მე უბრალოდ მაწუხებს ის, რომ საქართველოში პოლიტიკური რეალიზმის დეფიციტი იზრდება. ძირითადად, პოლიტიკოსების რიტორიკას მიყვებიან ხოლმე. 

რასაკვირველია, მმართველი პარტიის პოლიტიკას ამ გადაწყვეტილებაში ოპონენტები ეყოლება. ვისაც აწყობს, რომ პარტია ქართული ოცნება გააკრიტიკოს. 

მაგრამ ნაციონალური მოძრაობა რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში და ამ სიტუაციაში მხარეებს შორის რაღაც დიალოგის პერსპექტივა გაჩენილიყო, თვითონაც იტყოდა იმას, რომ რუსეთთან დიალოგი საჭიროა, რათა მოგვარდეს არსებული პრობლემები. ხომ გააკეთებდა ამას? და არაერთხელ უთქვია კიდეც. 

რომელიღაც წელი იყო რუსეთთან ომამდე, ზუსტად არ მახსოვს. რუსულ გამოცემა "არგუმენტი ი ფაქტი-ში" გამოქვეყნებული იყო პუტინის სატელეფონო საუბრების ნუსხა სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებთან; ანუ სიხშირე ამ საუბრების. იქ პირველი ადგილი მიხეილ სააკაშვილს ეკავა. ეს იმ ფონზე, როცა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რეალურად უკვე ოკუპირებული იყო. უბრალოდ, კრემლს ჯერ ამის იურიდიული აღიარება არ ჰქონდა გაკეთებული. 

ასე რომ, დიალოგსა და ურთიერთობაზე თვითონ ნაციონალური მოძრაობა უკან არ იხევდა. სწორიცაა, უკან არც უნდა დაიხიო ადამიანმა, თუკი ამ ურთიერთობიდან რაღაც შეიძლება მოიგო. ეს დღეს არის, რომ ნაციონალური მოძრაობა თუ რომელიმე სხვა პოლიტიკური ჯგუფი იტყვის, - როგორ შეიძლება ოკუპანტთან დიალოგზე წასვლაო. 

დიალოგი არ არის დათმობაზე წასვლა. დიალოგი იმის გარკვევის მცდელობაა, თუ ვინ რას ითხოვს სამომავლოდ; ვის როგორ ესახება არსებული პრობლემების გადაჭრის სურათი. და ამისთვის ვინ რა მოთხოვნები აქვს.

ყველა პოლიტიკური ძალა ამას გააკეთებდა და მაგალითი სწორედ ამიტომ მოვიყვანე სააკაშვილის სატელეფობო საუბრებიდან. ახლა ეს მსჯელობის საგანი რატომაც არის, პრინციპში გასაგებია. მაგრამ სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ ქიშპობაში ხურდავდება ის თემები, რომელთან მიმართებაშიც ყველა პოლიტიკური პარტია ერთნაირად უნდა იყოს განწყობილი. 

- ფიქრობთ, რომ რუსეთის გარკვეულმა შიდა თუ გარე პრობლემებმა შეიძლება სასიკეთო გავლენა მოახდინოს აღნიშნულ პროცესზე? 

- მე საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს გართულება რომც არ ყოფილიყო (რაც რუსეთს აქვს), მაინც ამ მიმართულებით უნდა წასულიყო. რადგან რუსეთმა აფხაზეთისა და ოსეთის ანექსიისგან რაც შეიძლებოდა რომ მიეღო, პოლიტიკური თვალსაზრისით პრაქტიკულად ყველაფერი მიიღო. 

დანარჩენი დროის განმავლობაში ეს რეგიონები მისთვის უკვე არაფრის მომცემია. სამაგიეროდ, ამ რეგიონებისთვის საკმაოდ დიდი თანხების მიცემა უწევს. 

ალბათ, ლოგიკურია დაუშვა, რომ იმ პერიოდში, როცა რუსეთისთვის თანხები ძალიან მნიშვნელოვანი ხდება, ის ხარჯების შემცირებას ეცდება. მით უფრო ისეთი მიმართულებებით, საიდანაც ახალს ერაფერს ელოდება.

სოსო ცისკარიშვილი, "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი, პოლიტოლოგი:

- მეზობელი ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა მინისტრების კომუნიკაცია, რასაკვირველია, უნდა არსებობდეს. განურჩევლად იმასა, თუ რა პრეტენზიები გააჩნიათ ერთმანეთის მიმართ.

დიპლომატია ის იარაღია რომელიც ძალიან ფაქიზად უნდა იქნეს გამოყენებული. მაგრამ ასეთი შეხვედრის რაიმე რეალურ წინაპირობას ვერ ვაფიქსირებ. რადგან ის მწირი საკომუნიკაციო სივრცე, რასაც აბაშიძე-კარასინის დუეტი წარმოადგენს, თავად ვერ ჩამოყალიბდება, თუ რა თემებზე შეიძლება იყოს საუბარი. 

ამიტომ თემებზე შეთანხმება არანაკლებ პრობლემური იქნება, ვიდრე თვითონ ღია საუბარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე. ალბათ, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვახერხოთ დამყარდეს ისეთი ურთიერთობები ორი ქვეყნის პოლიტიკოსების მონაწილეობით, რომელიც ჩვენი პერსპექტივისთვის თუნდაც მცირე, მაგრამ მაინც პროგრესული ნაბიჯის მომასწავებელი იქნება. 

ამასთან ძალიან სათუოა, რომ უახლოესი ათეული წლის განმავლობაში, კრემლმა, რომელიც დღევანდელი შემადგენლობის გახლავთ, რაიმე სერიოზული პოზიტიური ნაბიჯი გადადგას საქართველოს მიმართ. როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ჯერ აცხადებს უვიზო რეჟიმს საქართველოსთან და სამიოდე დღის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს ასე არ იქნება. 

ურთიერთნდობა, რასაკვირველია, მინიმალურია. შევხვედრას წინ არაფერი უდგას, მაგრამ ამ შემთხვევაში ინფორმაცია უფრო სანდო იქნება, თუ ეს მხოლოდ ორი სუბიექტის პირისპირ შეხვედრა არ იქნება. ასეთ ვითარებაში მასში მონაწილეობის სურვილის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებიც უფრო სანდო ატმოსფეროს შექმნიან. 

მიტ უმეტეს, როდესაც ჩვენთვის აღარ არის საიდუმლო, რომ ბატონი ლავროვი, როგორც წესი, აჟღერებს არა საკუთარ აზრს, არამედ მისივე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოგზავნილი წერილების გავრცელებას ემსახურება სატელევიზიო სივრცეში. 

- ამ რეალობის გათვალისწინებით, ქართულმა სახელმწიფომ, ხელისუფლებამ რა პოლიტიკა უნდა აწარმოოს, ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ ქვეყანამ ტერიტრიული მთლიანობის აღდგენის რეალური პერსპექტივები შეინარჩუნოს? 

- ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაგვიანებულია, სასწრაფოდ კეთილმეზობლობის აღდგენის სახელმწიფო პროგრამა უნდა შევქმნათ. ვიდრე არ აღდგება სამეზობლო ურთიერთობები აფხაზეთის მოსახლეობასთან, რაიმე სახის წინსვლა ჩვენი მიზნებისკენ გამორიცხულია. ჩვენ გვინდა კომუნიკაციები აფხაზებთან და არა მიწასთან. 

ამიტომ შესაბამისი ცვილებებიც უნდა გატარდეს არსებულ კანონმდებლობაში. და საერთაშორისო დახმარება სწორედ იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ ჩვენი კომუნიკაცია აფხაზ თანამემამულეებთან ხშირი იყოს. თანაც, ასეთი შეხვედრებისას შემადგენლობაც საინტერესოდ უნდა გამოიყურებოდეს. 

თავად უნდა ვისწავლოთ უმაღლეს სასწავლებლებში აფხაზური ენაც შესაბამის მიმართულებებში, სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე. რასაკვირველია, უნდა ვეცადოთ, რომ უპირველესად ქართული მოსახლეობით გაყოფილ ტერიტორიაზე მშობლიური ენის შესწალა აღდგენილ იქნას. რასაც შარშანდლამდე ადგილი ჰქონდა. ამისთვის ასევე სერიოზული ძალისხმევა არის საჭირო. 

ბოლოს და ბოლოს, ჟენევის მოლაპარაკებების შეფასება უნდა მოხდეს, რასაც პრაქტიკულად ექსკურსიების სტატუსი აქვს. რეალურად, იქ გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება. ეს კი მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შემავალი ვითარებაა. 

დიახ, შედეგის არდადგომა რუსეთის სტრატეგიაა და ჩვენ არ უნდა ვემორჩილებოდეთ ასეთ სტრატეგიას. და არ უნდა ვიღებდეთ მონაწილობას ასეთ ფსევდომოლაპარაკებების პროცესში. 

ჯობს იმავე ჟენევაში მოვნახოთ საშუალება ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად. და ცალ-ცალკე ვესაუბროთ ცხინვალს, სოხუმსა და მოსკოვს, ვიდრე ერთი მაგიდის ირგვლივ პოლიტიკური აჯაფსანდალის მუდმივი მოწმე ვიყოთ.        

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია