მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„თავს გაუვიდათ და ქართველი კაცი უკვე ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს“ - 26 მაისი 2016

„ჩვენ დროს ამაზე სამაგიეროს აუცილებლად მიიღებდნენ“

myrights.ge

19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია, რომელიც მოგვიანებით ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქართველოს საგარეო უწყებამ თანახმად მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას დააკისრა. პროკურატურა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე რაშიდ კანჯიოღლის მიმართ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ძებნის გამოცხადებას გეგმავს.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით 14 საათსა და 15 წუთზე გიგა ოთხოზორიამ მისი მართვის ქვეშ მყოფი „ოპელ-ასტრას“ მოდელის ავტომანქანით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან ნაცნობები - ლ.ა. და რ.ქ. მიიყვანა, რომლებსაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე სურდათ გადაეტანათ საკვები პროდუქტი.

გიგა ოთხოზორია გადავიდა ავტომანქანიდან და მდინარე ხაიაზე არსებული ხიდის გავლით გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით, სადაც სურდა მოლაპარაკებოდა იქ მყოფ პირებს, რომლებსაც საზიდარით უნდა გადაეტანათ პროდუქტი. მათ საუბარში ჩაერთვნენ ადმინისტრაციულ საზღვართან მყოფი აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლები, მათ შორის ე.წ. „მესაზღვრე“ რაშიდ კანჯიოღლი. საუბარი გადაიზარდა შელაპარაკებაში. 

კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, გიგა ოთხოზორია გამობრუნდა და გაემართა საქართველოს კონტროლირებად, ზუგდიდის რაიონის, სოფელ ხურჩას მიმართულებით. მას მუქარით დაედევნენ ე.წ. „მესაზღვრეები“, მათ შორის რაშიდ კანჯიოღლი, რომელიც შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ რაშიდ კანჯიოღლი დაეწია გიგა ოთხოზორიას და ცეცხლსასროლი იარაღიდან განზრახ მოკვლის მიზნით ესროლა ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია ძირს დაეცა, რა დროსაც განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით რაშიდ კანჯიოღლიმ მას თავის არეში საკონტროლო გასროლით მიაყენა დაზიანება, რის შემდეგაც თანმხლებ პირებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა. 

მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

საქმეზე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხნენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ ზემოაღნიშნულ გარემოებას. გამოძიების მიერ მოპოვებულია ვიდეოჩანაწერი, რომელზეც დაფიქსირებულია ჩადენილი დანაშაული, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, კომპლექსური ბიოლოგიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა რაშიდ კანჯიოღლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში რაშიდ კანჯიოღლის მიმართ გამოცხადდება ძებნა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო სამინისტრო“ „საზღვარზე“ საქართველოს მოქალაქის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში აღნიშნული ინციდენტის განხილვას ქართულ მხარესთან გეგმავს. 

ამ თემაზე „ქრონიკა პლუსი“ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ყოფილ უშიშროების მინისტრს, ექსპერტ ლევან კიკნაძეს ესაუბრება:

- აფხაზებს თავს გაუვიდათ და ქართველი კაცი უკვე ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს. ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს? ამას ვერც პროვოკაციას და ვერც სხვა რამეს ვერ ვუწოდებთ. უბრალოდ, თავს გაუვიდათ. 

აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე კარგა ხანია ასეთი რამ არ ხდებოდა. ამიტომ ეს რაღაცის მანიშნებელია. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი? ცხინვალის რეგიონის შემდეგ ახლა მანდ თუ დაიწყო მსგავსი ამბები, ალბათ, შესაბამისი ორგანოები ჩაერთვებიან და რაღაც პრევენციულ ზომებს მიიღებენ; რათა ასეთი რამ კიდევ არ მოხდეს.

პრინციპში, დამნაშავემ პასუხი ხომ უნდა აგოს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ასეთ საზარელ მკვლელობას სჩადის? ეს ტერიტორიები სულ ჩვენია და ეს გასაგები ამბავია. მაგრამ ამით თავი ვიმშვიდოთ, რომ ისიც ჩვენია და ესეც? მაგრამ აქეთ ხომ სრულად ჩვენი კონტროლირებადია? რადგან ასეა, ამ ტერიტორიაზე მაინც უნდა გავატაროთ აუცილებელი ღონისძიებები. რათა მათ ხალისი დავუკარგოთ შემდეგში ასეთი ქმედებების ჩასადენად. 

- თავს რატომ გაუვიდათ, ამის მიზეზს რაში ხედავთ?

- მიზეზებზე საუბარი რთულია. აგერ ოპოზიცია გამოდის და ჩვენი მხრიდან უსუსურობასა და მსგავს პრობლემებზე საუბრობს. მაგრამ ადრე ამაზე უარესებიც ხდებოდა. რადგან აღარ ხდებოდა და ისევ მოხდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამის შემდეგ მაინც მსგავსი ტრაგედია არ დატრიალდეს. 

- ჩვენი მხრიდან რამდენად სათანადო კონტროლი ხორციელდება? 

- მე იმ გადასასვლელზე ნამყოფი ვარ, ჩვენები ცოტა აქეთ, ხიდთან არიან. რუსის მესაზღვრეები პირდაპირ იმ ადმინსტრაციულ საზღვართან დგანან. იქ მდინარის ერთი შტო ჩამოდის და პატარა გადასასვლელია. ხიდსაც ვერ დაარქმევ. უფრო სწორად, ბეტონის გადასასვლელია. ჰოდა, რუსები იქვე დგანან და ჩვენები ცოტა მოშორებით არიან. 

ახლა ცოტა გარიდებული, აქეთ არიან, ამასაც თავისი ახსნა აქვს. იქ ერთმანეთის პირისპირ რომ დადგე და ცხვირი ცხივრს მიადო, პროვოკაციები ასეთ დროს უფრო მეტი არის მოსალოდნელი. 

- თბილისში, ხელისუფლების ორგანოების რეაქციები რამდენად ადეკვატური იყო?

- ამაზე შეფასებას არ გავაკეთებ, რადგან მოქმედი მუშაკი არ ვარ. მაგრამ ჩვენ დროს მაგდენს ვერ გაბედავდნენ. და თუ გაბედავდნენ, ამაზე სამაგიეროს აუცილებლად მიიღებდნენ. როგორ მიიღებდნენ, ეს უკვე სხვა საკითხია. 

მაგალითს მოგიყვანთ. თავის დროზე რაულ ხაჯიმბა (ე.წ. პრეზიდენტი) ჩემი თანამშრომელი იყო. ის ტყვარჩელში უფროსი ოპერრწმუნებული იყო, ხოლო მე თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი. ასეთი ამბები ხშირად იყო მათი მხრიდან და ჩვენი მხრიდანაც. მათ ბოევიკებს იქეთ ჩვენი ხალხი გადაყავდათ, ზუგდიდის რაიონიდან. მერე ჩვენ პარტიზანებს იქიდან გადმოყავდათ და ა.შ. სულ ასეთ გაწევ-გამოწევა და დაძაბული სიტუაცია იყო. 

რასაკვირველია, ეს არ იყო ნორმალური მდგომარეობა. მე არ ვიტყვი, რომ ის სიტუაცია ჯობდა ამას. მაგრამ მაშინ მე შეხვედრაზე ვნახე რაულ ხაჯიმბა, ზუსტად არ მახსოვს პრემიერი იყო თუ პირველი მოადგილე. შევხვდი და პირდაპირ წინადადება დავუყენე - არ გააკეთებთ ამას, არც ჩვენი პარტიზანები გააკეთებენ. გააკეთებთ და ჩვენს იგივეს ვიზამთ. მორჩა, გინდათ ომი, მიიღებთ ომს. 

არადა, ძალიან რთული მდგომარეობა იყო შექმნილი. ჩვენ ხალხს იტაცებდნენ და ჩვენი პარტიზანებიც იგივეს აკეთებდნენ. 

- დაახლოებით რომელ პერიოდზეა საუბარი? 

- სადღაც 2000-20001 წლები იყო.

- მაშინ წამოვიდნენ ერთგვარ თანამშრომლობაზე? 

- თანაშრომლობაზე არასოდეს მოდიოდნენ, მაგრამ ისინი მიხვდნენ, რომ ცხვირში მოხვდებოდათ და ამის გამო შეჩერდნენ. ვთქვათ, რომ სულ შეჩერებულები იყვნენ, საქმე არც ასე ყოფილა.    

- ანუ დღეს ჩვენი მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ ხდება მეორე მხარის გამოხდომებზე?

- იმის თქმა, რომ დღევანდელ რეალობაში ჩვენც იგივე ზომას უნდა მივმართოთო, რასაკვირველია, ეს სწორი არ იქნება. მერე ისევ დაიწყება გაუთავებლად გატაცება-გამოტაცებები და ა.შ. 

მაგრამ ზომები მისაღებია. ამასთან დაკავშირებით, მეორე მხარე მკაცრად გასაფრთხილებელია, ამას წყალი არ გაუვა. არ ვიცი, ამ სიტუაციაში მათ ვინმე თუ ხვდება. ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვქონდა სეპარატისტებთან. საუბარია პირდაპირ კონტაქტებზე გალის შეხვედრების სახით.

ამიტომ რაც უნდა დაუჯდეთ, აღდგეს ეს გალის შეხვედრები. ორმხრივი იქნება, სამმხრივი თუ ოთხმხრივი, მთავარია ჩვენ აფხაზებს შევხვდეთ და ყველა ასეთ ინციდენტზე მკაცრი რეაგირება მოვახდინოთ. 

- მსგავსი განცხადება უკვე გაკეთდა და საუბარი მართლაც მიდის გალის შეხვედრების აღდგენაზე...

- ამას მხოლოდ მივესალმები. მაგრამ განცხადება ერთია და მეორე მხარეს რომ შეხვდები და დაელაპარაკები, ეს მეორეა. 

- მკაცრ პასუხში კონტროლის გაძლიერებასაც გულისხმობთ მიმდებარე ტერიტორიაზე?

- იცით რაშია საქმე, თუ მას პროვოცირება სურს, რაც უნდა კონტროლი გაამკაცრო, აღნიშნულს მაინც მოგიწყობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იქ სადღაც სნაიპერი ჩაჯდება, გაისვრის და კაცს მოგიკლავს. ამიტომ ეს გამოსავალი არ არის, არ ვთვლი, რომ იქ რაღაც ჩვენი დამატებით ნაწილები უნდა ჩავაყენოთ და ა.შ. ეს თავის დროზე ჩაყენებული იყო, მაგრამ შედეგი არ ჰქონდა. 

ყველაზე კარგი შედეგი მაშინ იყო, როდესაც ჯუბურხინჯის შეხვედრები დაიწყო. აღარ მახსოვს პერიოდულობა, ორ კვირაში ერთხელ იყო თუ თვეში ერთხელ, მაგრამ მუდმივი შეხვედრები ტარდებოდა. 

ახლაც ადგილზე გავარჩევდით არსებულ სიტუაციას. ამ შემთხვევაში ფაქტები დაიდება  და მეორე მხარეს თავის გასამართლებელი არაფერი რჩება. 

ამიტომ ეს ფორმატი უნდა აღდგეს, იქ რუსებიც იყვნენ, გაეროს დამკვირვებლებიც. შეიძლება იყოს  გაერო ან ეუთო, ესეც გადასაწყვეტია. რასაკვირველია, პირდაპირ შეხვედრებს ალტერნატივა არ აქვს.

- აფხაზური მხარის, ე.წ. საგარეო უწყების განცხადება როგორ უნდა განვიხილოთ, იქ მკვლელობის ფაქტზე გარკვეული თანამშრომლობის სურვილის არის გამოთქმული...

- არ მგონია, ჩვენებმა ამაზე უარი თქვან. მთავარია ეს შეხვედრები დაიწყოს და მას სისტემატური სახე მიეცეს. მერე იქ ისეთი ადამიანები უნდა ჩავიდნენ, რომლებიც ფლობენ არსებულ სიტუაციას, გარკვეული ავტორიტეტი აქვთ. და კონკრეტულ ფაქტებს რომ დაულაგებენ, იქ შეიძლება ცოტა სხვა ტიპის საუბრებიც წავიდეს. საგაზეთოდ ბევრს ვერ იტყვი, მაგრამ ბევრი საკითხის მოგვარებაც შეიძლება, რომელსაც ასე დეკლარირებულად, განცხადებებით  ვერ გააკეთებ. 

- რა შედეგი უნდა იყოს მიღწეული იმ პიროვნებასთან დაკავშირებით, ვინც ეს სასტიკი მკვლელობა ჩაიდინა? 

- ცდება თუ ვინმეს ჰგონია, რომ აღნიშნულ მკვლელს აქეთ გადმოსცემენ ანდა თვითომ მიუსჯიან, სათანადოდ  დასჯიან. ახლა ისინი ათასგვარ მიზეზს მოძებნიან, თუ რატომ გახდა ის ბრჭყალებში იძულებული, რომ ესროლა. არადა, როგორც მე ვიცი, არავინ აპირებდა იქით გადასვლას, არც მეორე მხრიდან გამოქცევას. 

თუნდაც ეს საკითხი განვიხილოთ, რა, რახან ეს კაცი გადადიოდა და არ დაემორჩილა, ამისთვის უნდა ესროლოს? 

- იქითა მხრიდან ამას რამე სასჯელი არ უნდა მოყვეს? მათივე მხრიდან გადაწყვეტილების მიღება რამდენად წარმოსადგენია?

- ძნელად წარმოსადგენი ამბავია. თუ დასჯიან, სასამართლო იქნება, ყველაფერს განიხილავენ და რაღაც აღკვეთ ღონისძიებას მიმართვენ, კიდევ მესმის. მაგრამ ჩემი აზრით, ამდაგვარს არაფერს გააკეთებენ. 

- რუსული მხარის განცხადებაც შევაფასოთ...

- ადგილობრივ  სიტუაციაზე გადაბრალება იქნებოდა, აბა სხვა რა იქნება? რუსი ხომ გრძნობს, რომ აფხაზური მხარეა დამნაშავე. და ის ყველაფერს შექმნილ სიტუაციას მიაწერს. ჰოდა, რუსი საითკენ მიდის იცით? იქითკენ, რომ ე.წ. საზღვარი საერთოდ ჩაკეტოს. 

- ეს საბოლოო ანექსიისთვის სჭირდება? 

- რასაკვირველია, საბოლოო კონტროლის დამყარებისთვის. 

- გამოსავალი ამ სიტუაციაში? 

- მთლიანად, ჩვენთვის სასარგებლო გამოსავალს ვერ მივაღწევთ, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ აღდგეს ეს შეხვედრები. შეიძლება ბევრს აღარ ახსოვს, თავის დროზე ორმხრივი საგამოძიებო ჯგუფიც კი იყო შექმნილი. როდესაც სიტუაცია ისე გამწვავდა, რომ თავიანთი ბოევიკების თარეში მათაც ყელში ამოუვიდათ გალის ტერიტორიაზე. ამიტომ დათანხმდნენ იმას, რომ ორმხრივი საგამოძიებო ჯგუფი შექმნილიყო. 

ახლა ის მაინც მოხდეს, რომ აღგენილ შეხვედრებზე  ეს ყველაფერი გავარჩიოთ. და ფაქტებს რომ დავულაგებთ, მოწმეთა ჩვენებები იქნება და ა.შ. გაჩუმდებიან მაინც და ასეთ სულელურ რაღაცებს აღარ განაცხადებენ. 

ირაკლი მენაღარიშვილი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ექსპერტი: 

- მკვლელობის უშუალო მიზეზი და ყველა გარემოება ძიების თემაა. მაგრამ ერთი რამ უეჭველია, - ის არანორმალური სიტუაცია, რომელიც შექნილია საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შემდგომ (ორივე რეგიონში, როგორც შიდა ქართლში, ასევე აფხაზეთში) ამგვარი და სხვა სახის დანაშაულის ჩადენისთვის წინაპირობას ქმნის. ვფიქრობ, რომ ეს მაინც პრინციპული მნიშვნელობის თემა გახლავთ. 

- რამდენად ადეკვატური რეაქციები მოყვა აღნიშნულ დანაშაულს?

- ადეკვატური რეაქცია უნდა იყოს მაქსიმალურად ყველა ზომის მიღება,რათა ეს შემთხვევა ბოლომდე გამოძიებული და ობიექტურად შეფასებული იყოს. ამ შემთხვევაში ეს როგორც ქართული მხარის პასუხისმგებლობაა (რადგან ჩვენ მოქალაქეზეა საუბარი), ასევე რუსული მხარისაც. ისინი, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიზე ფაქტობრივი სიტუაციის მაკონტროლებელი მხარე პასუხს აგებენ ყველაფერზე. მათ შორის მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, საიდანაც და ვინც არ უნდა იყოს ის. 

ჯერჯერობით გამიჭირდება საუბარი, ადეკვატური და საკმარისია თუ არა ამაზე რეაქციები.  რადგან არ ვიცი, კონკრეტულად რა კეთდება. პირველ ეტაპზე, მოკვლევა საგამოძიებო ღონისძიებების აფიშირების გარეშეც შეძლება ტარდებოდეს. მაგრამ ალბათ რამდენიმე დღეში ნათელი გახდება თუ რამდენად ადეკვატურად და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით იმოქმედეს მხარეებმა. 

- გალის შეხვედრების აღდგენა სასურველ შედეგს რამდენად მოიტანს?

- რასაკვირველია, ეს ინციდენტებს არ გამორიცხავს. მაგრამ ეს ინციდენტები რეალურად მხარეების რეაქციის გარეშე რომ რჩება (როგორც ოკუპაციის შედეგი), იმის ერთ-ერთი პირობაა, რომ შემდგომში სიტუაციის გართულებას ხელი ეწყობა. 

ამიტომ ამგვარი იციდენტების თავიდან აცილების ადრე არსებული მექანიზმი სასწრაფოდ უნდა იქნეს აღდგენილი. ეს საკითხი დიდი ხანია ისმება და მის გადაწყვეტას დღემდე საშველი არ დაადგა.

ერთადერთი შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მორიგი ტრაგედია აიძულებს პასუხისმგებელ მხარეს, რომ ეს თემა მკვდარი წერტილიდან დაიძრას. 

- წინასაარჩევნოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან რაიმე სახის პროვოკაციებს ხომ არ უნდა ველოდოთ? 

- სამწუხაროდ, საფუძველი არ მაქვს ვთქვა, რომ ეს გამორიცხული და შეუძლებელია. რადგან მხარე, რომელიც სიტუაციას აკონტროლებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათ შორის ამ პროცესში პოლიტიკური ინტერესების მქონეა. 

ამიტომ დღეს რაიმე კონკრეტულის მტკიცება შეუძლებელია. მაგრამ თქვენ კითხვას პირდაპირ ვუპასუხებ - ამის გამორიცხვა არ შეიძლება.     

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია