მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ჯონდი ბაღათურია: მთავარია პარტიის ყრილობას დაესწრო „ძმაო“ და შეგიძლია ხალხი ისე გაატყავო, როგორც აქამდე ატყავებდი - 27 მაისი 2016

„თანამდებობებზე შემთხვევით მოსული ადამიანები მოსწრებაზე არიან გადასულები“

myrights.ge

ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ „ქართული ოცნების“ ყრილობა „მეოთხე საუკეთესო წლისთავზე“ ასეთი უღიმღამო იქნებოდა. ორადორი გამომსვლელი, მინიმალური დრო, რამდენიმე ფოტო, ერთი ფეხზე წამოდგომა და დაპირება, რომ მთავარი სათქმელი კვირაში წერილობით ითქმებოდა. რატომ? იქვე გეთქვათ თქვე დალოცვილებო, თუ როგორ შეასრულეთ 4 წლის წინ უხვად გაცემული დაპირებები - 250-ლარიანი პენსია, ჯერარნახული დასაქმება, მაღალი სოციალური შემწეობა, იპოთეკარებისთვის უშუალო დახმარება, დაბალპროცენტიანი საბანკო სესხები, ლამის „უფასო ფული“, ოცნების ახდენა, - აი ნახავთ, ჩვენ ამ ყველაფერს ხორცს როგორ შევასხმამთო...

ამაზე ხომ უნდა გესაუბრათ, საყვარელი ხალხისთვის ოთხწლიანი ანგარიში ხომ უნდა ჩაგებარებინათ? ან სად დაიკარგნენ, გაქრნენ მთავარი „დამპირებლები“ - მწერლები, პოეტები, მსახიობები, შოუბიზნესის მუშაკები, ჟონგლიორები, სხვადასხვა ჯურის „ანგელოზები“ და უბრალოდ, თანდაყოლილი აფერისტები? სად წავიდა, რატომ არ იყო თქვენ ყრილობაზე ერთი მსახიობი, რომელიც ყველა შეხვედრაზე თითოეულ სოფელს გარანტირებულ ხუთ მილიონს პირდებოდა? ან ექსპერტი, რომელიც მარტო ერთ რაიონში მავანის „სიტყვის კაცობის“ იმედზე 300 მილიონის დახარჯვას აპირებდა, ეთხელ და სამუდამოდ წყლის პრობლემის მოსაგვარებლად? სად დაგეკარგათ წითელპერანგა პატარა ბიჭივით პოლიტიკოსი, მარტო ერთ რეგიონში 300 საწარმოს რომ პირდებოდა? 

5 მილიონი კი არა, ხალხს ჯიბეში თეთრებიც აღარ ურახუნებს, უკვე ბევრი აღნიშნავს, რომ ასეთი გაჭირვება შევრდნაძის დროსაც კი არ ყოფილა. ერთი გადით სოფლებში, კითხეთ და სიმართლეს გეტყვიან. სხვა აზრზე მხოლოდ თქვენივე აქტივისტები იქნებიან და აბა გამოიცანით, ეს რამდენია? მოსახლეობის უმეტესობამ უფასო ფულის მაგივრად ყაჩაღი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მიიღო, საიდანაც აღებული კატასტროფული სესხის გამო ადამიანები თავს იკლავენ. და ეს ე.წ. ბანკირები და და ფინანსისტები ახლა ყრილობაზე გვერდს გიმშვენებდნენ. 

ქვეყანა გაღატაკებულია და ყოველი მეორე აქედან გაქცევას, თავის შველაზე ფიქრობს. თუ არ გჯერათ, გადით უცხო ქვეყნების საელჩოების მიმდებარე ტერიტორია ნახეთ - აქ არსებობა შეუძლებელი გახდა. მაგრამ ხელისუფლებაში მოკალათებულნი ამას როგორ გაიგებენ? ოტიამ ბრძანა, - ამ ქვეყანაში რამეს რომ მიაღწიო, ან ქვეყნიდან უნდა წახვიდე, ან ხელიდანო. ჰოდა, პროცესი მთელი მონდომებით მიდის. 

ვინ არის პასუხისმგებელი ამ რეალობაზე? კვირიკაშვილი, რომელსაც პასუხისმგებლობა „უფროსის“  წინაშე აქვს აღებული და არა ხალხის წინაშე. ახლა არ თქვათ, რომ ის პარლამენტის და შესაბამისად, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელიაო. ერთი ღარიბაშვილი იყო ხალხზე მზრუნველი და მეორე კვირიკაშვილი იქნება, მიუხედავად იმასა, რომ ამ ახლანდელი პრემიერის  მიმართ პიროვნული პრეტენზიები ნაკლები შეიძლება გქობდეს და ალბათ, უფრო გარემოების მსხვერპლია. ესეც ჩვენი უხერხემლო მსჯელობით, თორემ თვითონ რა მიმართულებით აზროვნებს, ესეც საკითხავია. 

ჰოდა, „ქართული ოცნების“ ბოლო ყრილობას პარტია „ქართული დასის“ ლიდერმა ასეთი ემოციურ-ხმაურიანი შეფასება მიუძღვნა.

ჯონდი ბაღათურია: 

- მიშას ნაცვლად, ახლა ბიძინა იჯდა სათავეში, ბიძინას უძღვნიდნენ „პოლიქრონიონს“, დანარჩენი ხალხიც იგივე იყო, მუსიკაც და სიტყვებიც...

მთავარია „პარტიის“ ყრილობას დაესწრო „ძმაო“ და ხალხი და სახელმწიფო შეგიძლია ისე გაატყავო, როგორც აქამდე ატყავებდი; 

ეს პარტიის ყრილობა იყო?

მაშინ რა ესაქმებოდათ იქ ბანკირებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მფლობელებს? სპორტული ფედერაციების და კლუბების პრეზიდენტებს? მედიამფლობელებს?

სად ბანკირი და სად პარტია და პარტიის ყრილობა?

ჩვენ რა „საბჭოთა კავშირში“ დავბრუნდით თუ კიდევ უფრო უკან, ფეოდალიზმში?

ააა, გამახსენდა „აქოური წესი“, თუ ვინემ „საშოვარზე დგას“, აუცილებლად პარტიის ყრილობას უნდა ესწრებოდეს?

სამაგიეროდ, „საშოვარზე დგომის“ ნებართვა ექნება...

და ხალხი?

ხალხი რამდენიც გინდა გაატყავე ძმაო...

მთავარია „პარტიის“ ყრილობას დაესწრო და ხალხი და სახელმწიფო შეგიძლია ისე გაატყავო, როგორც აქამდე ატყავებდი, ჯერ შევარდნაძის დროს, მერე სააკაშვილის დროს...

ახლა ამათი დროა და შენც „დროს უნდა მოერგო“...

დიახ, თუ გინდა, რომ უფლება გქონდეს ქვეყანა და ხალხი ძარცვო, მაშინ „პარტიის ყრილობას“ უნდა დაესწრო და ნაქურდალის წილი სწორად და დროულად მიიტანო...

დიახ, ასეა მეგობრებო და მე რომ აქ ზოგიერთის რეაქცია და კომენტარი ვნახე, შეიძლება უარესიც გვეკუთვნოდეს, მაგრამ...

მაგრამ მე ეს მაინც უნდა მეთქვა, რომ არ მეთქვა გული გამისკდებოდა და საკუთარ თავში ეჭვი შემეპარებოდა...

ჩემი ფუნქციაც ეს არის, მე უნდა ვთქვა...

მე უნდა ვთქვა და სხვები ჩუმად გულში დამეთანხმებიან...

გულში დამეთანხმებიან, მაგრამ საჯაროდ და ხმამაღლა გამკიცხავენ, იმიტომ რომ „პარტიამ“ და „ყრილობამ“ გაიგონოს;

სამაგიეროდ „საშოვარზე დგომის“ უფლებას მოგცემენ...

ასე იყო ადრეც, მიშას დროს, მე ვამბობდი და სხვები „პარტიის ყრილობას“ ესწრებოდნენ...

ეს ხალხი ესწრებოდა ახლაც...

აქ ის შეიცვალა,  რომ მიშას ნაცვლად ახლა ბიძინა იჯდა სათავეში, ახლა ბიძინას უძღვნიდნენ „პოლიქრონიონს“, დანარჩენი ხალხიც იგივე იყო, მუსიკაც და სიტყვებიც...

- ბატონო ჯონდი, კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

- შეუძლებელია, ამხელა ჩამონათვალის გაკეთება. ვიმეორებ, არსებობს პრინციპი, რომ მთავარია პარტიის ყრილობას დაესწრო. ანუ მმართველ პარტიას ემსახურო და ეს ავტომატურად ნიშნავს უფლებას, ძარცვო ხალხი და სახელმწიფო, ბოლომდე გაატყავო დაუცველი მოსახლეობა. ეს პრინციპი მუშაობდა შევრდნაძის, სააკაშვილის დროს და ახლაც ჩვენ თვალწინ იგივეს ვხედავთ. 

ჩამოთვლა შეუძლებელია, რადგან მთელი დარბაზი ასეთი ხალხით გატენილი იყო. ბოლო 25 წლის განმავლობაში ვინც კი მოახერხა და ხალხი ან სახელმწიფო, ან ორთავე ერთად გაძარცვა და გაატყავა. ყველა იმ დარბაზში იჯდა. იქ ნორმალური ხალხიც იყო, ბევრი ღირსეული და განათლებული ადამიანია, მაგრამ... 

ეს ხელისუფლებაც ვერ გაექცა იმ პრინციპს, რაზე მე ვსაუბრობ. ყველა ბანკირი, მევახშე, კორუმპირებული ჩინოვნიკი, ვინც კი მსხვილ-მსხვილად იქურდა, იმ ადგილზე ბრძანდებოდა. ვინც წვრილად და საშუალოდ იქურდა, ისინი ხანდახან იჭყლიტებიან და ახალ შემადგენლობაში ვეღარ ხვდებიან ხოლმე. 

მსხვილად ვინც იქურდა შევარდნაძის პერიოდში, შემდგომში უცებ, უკლებლივ ყველა სააკაშვილის ხელისუფლების შემადგენლობაში აღმოჩნდა. ხოლო მერე სააკაშვილის დროს ვინც კი მსხვილად იქურდა, დღეს უკლებლივ აქ არიან, ყველა ერთად იმ დარბაზში აღმოჩნდა. 

გამოსვლების ტექსტიც და მუსიკაც აბსოლუტურად იგივე იყო. 

- რატომ არ თქვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აღნიშნულ პრინციპზე უარი? 

- ამის შესახებ, ალბათ, თვითონ ქართულ ოცნებას უნდა კითხოთ. ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. 

- ამ პრინციპზე უარის უთქმელობის პირობებში, დღეს ქვეყანაში რა მდგომარეობა გვაქვს, როგორია ამაზე „ქართული დასის“ პოზიცია? 

- ყველა მიმართულებით უმძიმესი მდგომარეობაა. ჯერ ერთი, საგარეო-პოლიტიკურ ასპარეზზე ქვეყანა მარგინალიზებულია. ერთადერთი სახელმწიფო ვართ ჩვენს ყველაზე საინტერესო რეგიონში (ღვთის წყალობით,  საინტერესო გეოგრაფიული მდგომარეობით, ეპიცენტრში ვიმყოფებით, რეგიონის ცენტრი და გასაღები ვართ), რომელიც კონტექსტიდან ამოვარდნილია; სადაც სრული ეკონომიკური და პოლიტიკური სტაგნაცია, გაურკვევლობაა. 

ხვალინდელი დღის იმედი ნაკლებია. მომდევნო დღეს რა იქნება, ეს ხალხმა კი არა, უკვე ხელისუფლებამაც აღარ იცის. რადგან ეს მთავრობა დინებას მიყვება. თანამდებობებზე შემთხვევით მოსული ადამიანები მოსწრებაზე არიან გადასულები. ცდილობენ, როგორმე მეტის წაღება მოასწრონ. რადგან გრძნობენ, რომ შემთხვევით, დაუმსახურებლად არიან მოსულები სათავეში და მათი დრო უკვე მთავრდება. 

ამიტომ ქვეყანაში ძალიან რთული მდგომარეობაა შექმნილი. სრულ ეკონომიკურ სტაგნაციას განიცდის ქვეყანა და რეალურად, სოციალური კოლაფსის წინაშე ვდგავართ. 

პირდაპირ ციფრებით შემიძლის ეს ამბავი მოგახსენოთ. 1 მილიონ 600 ათას ადამიანს დაწერილი აქვს განცხადება და სოციალურად დაუცველის სტატუსს ითხოვს. ეს ადამიანებს მხოლოდ ახლა არ დაუწერიათ. მაგრამ აქედან სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს და დახმარებას მხოლოდ 450 ათასი ადამიანი იღებს. 

თქვენ წარმოგიდგენიათ, რა სიტუაცია გვაქვს? აღნიშნულ პროგრამას სიღატაკის ზღვარს მიღმა პროგრამა ჰქვია. მილიონ 600 ათასი ადამიანი ამ ზღვარს მიღმა პროგრამაში ჩართვას ითხოვს; და აქედან ნახევარი მილიონიც კი აღნიშნულ დახმარებას ვერ იღებს. 

კიდევ მილიონნახევარი ქვეყნიდან გასულია. სტატისტიკის დეპარტამენტმა მოსახლეობის ბოლო საყოველთაო აღწერა ჩაატარა. ქვეყანაში სულ 3 მილიონ 200 ათასი ადამიანი ვართ დარჩენილი. ვიმეორებ, აქედან მილიონ ექვსასი ათასი ღატაკია. დაახლოებით ნახევარი მილიონი პენსიონერი, რომელიც ასსამოც ლარზე ცხოვრობს და რეალურად, ისიც ღატაკია. უბრალოდ, ზოგიერთს სიამაყე უფლებას არ აძლევს, რომ განცხადება დაწეროს. სხვას ამის იმედიც არ აქვს. უამრავი განცხადება უშედეგოდ აქვს დაწერილი და ამიტომ აღარ წერს. 

ქვეყანაში კატასტროფული უმუშევრობა და ხვალ რა იქნება, არავის მოეხსენება. თქვენ იცით, ხვალ რა გველის? ამის შესახებ ქვეყანაში არავის მოეხსენება. 

ამასთან ვხედავთ რა ხდება რეგიონში, სომხეთ-აზერბაიჯანს შორს სამხედრო დაპირისპირებაა. ღვთის წყალობით (რუსეთის ხელშეწყობით) ცეცხლის კერა დროებით ჩამქრალია. მაგრამ მეზობლები ფართომასშტაბიანი დაპირისპირების ზღვარზე არიან. მეორე მხრივ, რუსეთსა და თურქეთს შორის ლამის საომარი დაძაბულობაა და მოსკოვი არ აპატიებს იმას, რაც ანკარამ ჩაიდინა. 

აქეთ ერთი მეზობელი სომხეთი გყავს, მეორე მხარეს რუსეთი, უზარმაზარი სუპერსახელმწიფო. ამ დროს, ჯერ ამერიკელების ტანკები შემოგყავს და მერე თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივ სამხედრო წვრთნებს აანონსებ, რაღაც მარგინალურ, კონტექსტიდან ამოვარდნილ, სრულიად გაუგებარ სამხედრო კოალიციას ქმნი, ამას ტვინგახურულის გარდა, სხვა ვინმე გააკეთებს?  

ჯერ თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის ალიანსმა რა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს რუსეთს? ოფიციალური კომენტარი ასეთი იყო, რომ უფრო მეტი თავდაცვის მექანიზმები უნდა გვქონდესო. ხუმრობთ თუ რა ხდება, ვერაფრით გავიგე ეს ამბავი. 

- შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს რაში ხედავთ? 

- გამოსავალი სწრაფი და ეფექტური რეფორმებია. ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის რეფორმა, რაც არ გაკეთებულა. პირველ რიგში, სოციალური, საპენსიო რეფორმა უნდა განხორციელდეს. ეს ყველაფერი დაწერილი, ციფრებით დაანგარიშებული პროექტები გვაქვს და საზოგადოებას ვთავაზობთ. ასევე პარლამენტს, სადაც შედის, განიხილავენ და მერე გვერდზე ისვრიან. 

ახლა პარლამენტმა ზედიზედ რამდენიმე ჩვენი, მათ შორის საპენსიო რეფორმის პროექტი ჩააგდო. ჯერ ერთი, ერთადერთი პარტია ვართ, რომელსაც რეფორმის პროექტი გაჩნია და ამაზე ქაღალდზე დავწერეთ კიდეც. დანარჩენებს ხომ არჩევნების წინ გაახსენდებათ ხალხი და 10 თუ 15 ლარის დამატებაზე მუდმივ სპეკულაციას აქვს ადგილი. ჩვენ არამხოლოდ რეფორმის არსი ჩამოვაყალიბეთ, არამედ პირველი შემთხვევაა, როცა პენსიის ოდენობის გაანგარიშების ფორმულას ვთავაზობთ, - სამართლიან მოდელზეა საუბარი. 

პროექტის მიხედვით, მინიმალური პენსია უდრის საარსებო მინიმუმს დამამატებული სამუშაო სტაჟი, გამრავლებული ორ ლარზე. ანუ ყოველ ნამუშევარ წელიწადზე 2 ლარი რომ ემატებოდეს. საარსებო მინიმუმი 215 ლარია, ვთქვათ თქვენი სამუშაო სტაჟი სასუალოდ 30 წელია, მაშინ 215 ლარს დაემატება 30 წელი გამრავლებული ორზე, ანუ სამოცი ლარი. თქვენი პენსია 265 ლარი იქნება. თუმცა ჩვენ პენსიონერთა კავშირში ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი გვყავს, რომელსაც 50, 60 წლის სამუშაო სტაჟი აქვს. ამ შემთხვევაში, პენსია 300 ლარზე ზემოთ იქნება. 

იცით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რა მოტივით ჩააგდო საკითხი? ფინანსური წყაროები საიდან მოვიძიოთო. სულ ეს რეფორმა 460 მილიონი ჯდება. თავისთის 220 მილიონი მარტო 2015 წელს დაიმატეს. და როცა მოიკითხეს, პროექტში წერია, რომ ეს ხარჯები პარლამენტის და ხელისუფლების კომფორტული ცხოვრების შემცირების ხარჯზე უნდა დაფინანსდესო. იქ მითითებული იყო კონკრეტულად რომელი ხარჯები უნდა შეგვემცირებინა. 

სხვათა შორის, ამ თვალსაზრისით დიდი შემცირებები არ დაგვიწყია. სახეზეა ეს გაუთავებელი ჯიპები, პრემიები და დანამტები; ღვინო, დუდუკი და დროსტარება ბიუჯეტის ხარჯზე, - ჩვენ სწორედ ეს ხარჯები ამოვიღეთ, გადავთვალეთ და მივმართეთ პარლამენტს, რომ ამის ნაცვლად საპენსიო რეფორმა დაგვეფინანსებინა. 

უარი განაცხადეს და თან ეს ურცხვად და საჯაროდ გააკეთეს, - კამერები ამას აფიქსირებდა. 

- შეულებელია არ გკითხოთ პოზიცია ე.წ. კაბელების საქმეზე დაპატიმრებულებთან დაკავშირებით...

- ამ საქმეს არ ვიცნობ და სამართლებრივად კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. 7 წლიან სასჯელთან დაკავშირებით შეცოდების განცდა ყველას გაგვიჩნდა. 

- რას აპირებს „ქართული დასი“ არჩევნებზე, კოალიციურად გეგმავთ თუ ცალკე კენჭისყრას?

- არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებთ და მოკავშირე პოლიტიკურ ძალებთან ერთად ჩვენ საზოგადოებას ძალიან საინტერესო ფორმატს შევთავაზებთ. უახლოეს ხანში საზოგადოებას ამის შესახებ თქვენი საშუალებით შევატყობინებთ. 

- დღეს არ ამბობთ, თუ რომელ მოკავშირეებთან ერთად გამოხვალთ?

- ჯერ პოზიციების შეჯერება მიმდინარეობს. დაკონკრეტდება, დაზუსტდება ყველაფერი და შეგატყობინებთ. ძალიან საინტერესო ფორმატსა და გუნდს შევთავაზებთ ქართულ საზოგადოებას.  

- რა შედეგს იმედოვნებთ საპარლამენტო არჩევნებზე?

- ახლა პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. პროცესები მართლაც თვითდინებაზე არის მიშვებული, ვერ კონტროლდება. ამას ვერც ხელისუფლება აკონტროლებს, რაც სულაც არ არის კარგი ამბავი. ამიტომ ხვალ ხელისუფლებამ შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვას, რომ სიტუაცია საერთოდ ამოტრიალდეს. 

ამიტომ რაიმე სერიოზული ვარაუდის გაკეთება შეუძლებელია. მაგრამ დღევანდელი მოცემულობით თუ რაიმე ტრაგიკული შეცდომა არ დაუშვა ხელისუფლბამ ან ცაში რაღაც ვარსკვლავების წყვეტა არ დაიწყო, წესით ვფიქრობ, რომ ჩვენ 15%-იანი შედეგი უნდა გვქონდეს. ასევე ვფიქრობ, რომ კიდევ ორ ან სამ პოლიტიკურ პარტიას შანსი აქვს, რომ ბარიერი გადალახოს.

ჩემი ვარაუდით, ქართული ოცნებას პროპორციული სიით 25-30%-ზე მეტის აღება, ალბათ, გაუჭირდება. ახლა რომ ტარდებოდეს არჩევნები, ასეთი სურათი იქნებოდა. თუმცა მაჟორიტარებში დიდი უპირატესობა ექნებათ. რადგან მაჟორიტარული არჩევნების თავისებურებაა, რომ ფული ძალიან ჭრის. საერთოდ, არჩევნებში, პოლიტიკაში ფული ხომ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს და იქ პრაქტიკულად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ხდება, რომ იმარჯვებს ფულის ტომარა და არა ჭკუა, სინდისი, ინტელექტი  და საარჩევნო პროგრამა. ჩვენ სწორედ ამიტომ ვუპირისპირდებოდით აღნიშნულ მაჟორიტარულ არჩევნებს (მიუხედავად იმისა, რომ მასაც  თავისი ლოგიკა აქვს). მან ისეთი ფორმა მიიღო, რომ ფულის ტომარა გადის და მერე ის მთელი 4 წლის განმავლობაში იმაზე ზრუნავს, რომ ეს ტომარა გაიზარდოს. 

ამიტომ გვინდოდა საარჩევნო რეფორმის განხორციელება, რათა ხელისუფლება, სახელმწიფო და ხალხი განგვეთავისუფლებინა ასეთი პარაზიტებისგან. თუმცა აქვე ვიტვი, რომ მათ შორის ყველა ასეთი არ არის, ზოგი ღირსეული ადამიანია. მაგრამ ბევრს ჩამოუყალიბდა ასეთი პარაზიტული ფსიქოლოგია და ეს კერძო კომერეციული ინტერესების გამო მოხდა. შექმნილმა ვითარებამ და ამ 25 წლის განმავლობაში ზემოაღნიშნულმს პრინცპმა, რომ მთავარი ძმაო პარტიის ყრილობას დაეწრო და მერე შეგიძლია ისევე ძარცვო, როგორც ამას 25 წლის განმავლობაში აკეთებდი. ამან და დაუსჯელობის სინდრომმა ეს ადამიანები საერთოდ გააფუჭა.          

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია