მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ევროპას გავუსწარით - საქართველოს გზებზე წელიწადში ექვსასზე მეტი ადამიანი კვდება - 30 მაისი 2016

„ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება საგზაო შემთხვევის მსხვერპლი გახდეს, თუ კანონს არ დავიცავთ და ქაოტურ მოძრაობას გავაგრძელებთ“ 

myrights.ge

გზა სიცოცხლეა, რომელიც საქართველოში არცთუ იშვიათად სიკვდილით მთავრდება. ამას ბოლო წლების ტრაგიკული სტატისტიკა ადასტურებს. გზებზე გამოწვეული სიკვდილიანობითა და დაშავებით უკვე ევროპაში პირველ ადგილზე გავედით. ის დროა, განგაშის ზარები შემოვკრათ და ყველა პასუხმგებლიანმა მხარემ ერთად ვიმუშაოთ პრევენციაზე. 

რეალობის სიმძიმის საჩვენებლად, მოდით ოფიციალური სტატისტიკის (შსს) მშრალ ციფრებს მოგიყვანთ, რომელიც ძალიან ბევრ სისხლსა და ცრემლზე მეტყველებს. კერძოდ,  2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოში სულ 1424 საგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან თბილისში - 674. სამი თვის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, 143 ადამიანი დაიღუპა და 1994 დაშავდა. მათგან, თბილისში 26 დაიღუპა და 876 დაშავდა. დაღუპულებს შორის საქართველოს მასშტაბით 32 ქვეითია, აქედან თბილისში 14, დაშავებული ქვეითების რაოდენობა 445-ია, თბილისში - 275.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, 2015 წლის იანვარ-მარტში, საქართველოში 1322 საგზაო შემთხვევა მოხდა, მათგან თბილისში - 619. დაიღუპა 135 და დაშავდა 1888 ადამიანი, აქედან თბილისში 18 ადამიანი დაიღუპა, 832 კი დაშავდა. შარშან საქართველოში, ავტოსაგზაო შემთხვევებს 602 ადამიანი ემსხვერპლა და 9 ათასზე მეტმა ტრავმა მიიღო.

ე.წ. ადამიანური ფაქტორი (ექსპერტთა შეფასებით, ჩვენთან მძღოლების აბსოლუტური უმეტესობა მოუმზადებელია),  ნასვამ მდგომარეობაში მართვა, დამცავი ღვედის გამოუყენებლობა, განათლების, პროფესიული უნარ-ჩვევების ნაკლებობა, სიჩქარის გადაჭარბება, გზებზე დაწესებული სისწრაფის ლიმიტის დაუცველობა, მანქანით თუ ქვეითად მოსიარულის უპასუხისმგებლობა, მოძრაობის ქაოტურობა, ტანსპორტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმართობა, საგზაო უსაფთხოების ერთიანი სტრატეგიის არქონა, ამ სფეროზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყების არარსებობა, ცნობიერების ამაღლების კამპანიების ეპიზოდურობა - იმ მიზეზების მცირე ჩამონათალია, რასაც გზებზე ადამიანების სიცოცხლის მოსპობამდე მივყავართ. 

ამ ფონზე, მოვუსმინოთ ექსპერტებს, რომლებიც დარგში უფრო მეტად ჩახედულები არიან და ხელისუფლებას კონკრეტულ რეკომენდაციებსაც სთავაზობენ. „ქრონიკა პლუსის“ პირველი რესპონდენტი არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ეკატერინე ლალიაშვილია:

„ერთიანი ხედვით გზებზე სიკვდილი უნდა დავამარცხოთ, ამ დროს დუმილი დანაშაულის ტოლფასია“ 

- ქართულ რეალობაში ასეთი აღქმაა, რომ რადგან კარგი გზაა, მასზე სწრაფად უნდა ვიაროთ. საჭიროა ცნობიერების ამაღლება, რომ მძღოლებმა გზებზე დაწესებული სიჩქარის ლიმიტი დაიცვან; ქვეითმა თავისი გადასასველი იქ მოძებნოს, სადაც ეკუთვნის და ა.შ. 

ჩქაროსნულ მაგისტრალზე შეიძლება კარგი ასფალტი, საფარი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ  ულიმიტო სიჩქარით მივქროდეთ. ამიტომ კამპანია დროულია და არამარტო მაგისტრალზე, არამედ დედაქალაქშიც გვჭირდება. 

ვიცით, რომ შარშან საქართველოში ექვსასზე მეტი ადამიანი დაგვღუპა და 9 ათასზე მეტმა ტრავმა მიიღო. პრობლემა მზარდია და ამას განსაკუთრებული კვლევა-ძიება არ სჭირდება. სტატისტიკა ყვირის და განგაშის ატეხვისკენ მოგვიწოდებს, რათა ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებაში აქტიურად ჩაერთოს. 

- მოსახლეობის ინფორმირების პროცესი სათანადოდ თუ მიმდინარეობს?

- არასამთავრობოების კამპანიები საკმარისი არ არის, რადგან მთელ ქვეყანას ვერ მოვიცავთ. ხელისუფლება ყოვედღიურ და აგრესიულ კამპანიას უნდა ახორციელებდეს. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ საგზაო წესებს თუ არ დავიცავთ, მაღალი სიჩქარით ვივლით, ტრაგიკულ შედეგს ვერ ავიცილებთ. ეს უნდა გაკეთდეს, რადგან წესიერად გააზრებულიც არ გვაქვს, რა გვემართება. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენს ცნობიერებამდე უნდა დავიყვანოთ, რომ ქუჩაში მანქანით თუ ქვეითად სიარული პასუხისმგებლობაა. 

ყველა იმ 602 დაღუპულის უკან ადამიანები, ოჯახები დგანან, დიდი ადამიანური ტრაგედიაა. ამიტომ ნურავის ეგონება, რომ მას არ დაემართება. ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება საგზაო შემთხვევის მსხვერპლი გახდეს, თუ კანონს არ დავიცავთ და ქაოტურ მოძრაობას გავაგრძელებთ. 

ასევე ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი როლი და ვალდებულება, რომ სხვადსხვა რეგულაციებით (საგანმანათლებლო კამპანია, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ქალაქებში ქვეითებისთვის მორგებული იქნება, ავტომობილების სტანდარტების ამაღლება, ტექნიკური დათვალიერების შემოღება, რაც ავტომობილების გამართულობას უზრუნველყოფს) და ინტერვენციებით, ერთიანი ხედვით გზებზე სიკვდილი დავამარცხოთ. ამ დროს დუმილი დანაშაულის ტოლფასია. 

ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ კანონპროექტის შესახებ, რომელიც შსს-მ რამდენიმე თვეა, პარლამენტში წარადგინა. პრაქტიკულად, მიღება შეფერხებულია, როცა მასში ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტებია. კერძოდ ქულების სისტემა და უკონტაქტო პატრულირება. ეს ორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ მძღოლებსა თუ ქვეითებს იმის განცდა დაეუფლებათ, რომ დარღვევებზე მონიტორინგი ხორციელდება. ქულების სისტემა იმის საშუალებას აღარ აძლევთ, რომ წესები მუდმივად დაარღვიონ, ჯარიმა გადაიხადონ და კვლავ უფლებამოსილი მძღოლები იყვნენ. 

100 ქულის გადაჭარბების შემდეგ მართვის მოწმობა ჩამოერთმევა. ეს მაიძულებელი ფაქტორი იქნება, რომ მძღოლები მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ. ისინი მეტად მობილიზებული იქნებიან და აღნიშნული კანონპროექტის მიზანი სწორედ ესაა. 

სამწუხაროდ, პარლამენტშიც ცნობიერება იმ დონეზე არ არის, რომ სწრაფად მოხდეს აღნიშნული კანონის მიღება და პროცესი არ შეფერხდეს. საქმე ადამიანის სიცოცხლესთან გვაქვს და არავითარ შემთხვევაში ეს პოლიტიკური მანიპულირებისა და არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი არ უნდა იყოს.  

- არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგელობა კიდევ რომელ სტრუქტურებს ეკისრება? 

- ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია, უბრალოდ, დაწერილ მდგომარეობაში გვაქვს, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, 2016-20 წლების განმავლობაში. მაგრამ ოფიციალურ დოკუმენტად დამტკიცებული არ არის. ეკონომიკის სამინისტრო ამ დოკუმენტის მაკოორდინირებელია. მთავრობაზე უნდა გაიტანოს და დაამტკიცოს. ველოდებით, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება. 

ამ დოკუმენტის მიზანია განვსაზღვროთ, რას ვაკეთებთ ოთხ წელიწადში იმისთვის, რომ საგზაო შემთხვევები და სიკვდილიანობა შემცირდეს. შსს-ს კანონპროექტის პარალელურად, ეს სტრატეგია უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ პროცესში სხვადასხვა უწყებები ჩაერთონ. ეს არ არის მხოლოდ ერთი სამინისტროს საქმე. პრევენცია მარტო პატრულის მოვალეობა არ არის. მხოლოდ ეკონომიკური უწყებაც ამას ვერ გააკეთებს, რადგან საგზაო უსაფრთხოების თემა არის როგორც გამართული გზები და ინფრასტრუქტურა, ასევე უსაფრთხო ავტომობილები, განათლება.  

დღეს ამ საკითხში კოორდინაცია, პრაქტიკულად, არ არსებობს. 

რაც შეეხება განათლებაზე პასუხისმგებლობას, რასაკვირველია, ამ საკითხებზე მუშაობა ბაღიდან და სკოლიდან უნდა დაიწყოს. ამ სფეროს საბაზისო ცოდნა სავალდებულო უნდა გახდეს. არამარტო საგზაო ნიშნებზე ვსაუბრობთ, არამედ როგორ უნდა მოვიქცეთ ქუჩაში უსაფრთხოდ. 

ევროპულ ქვეყნებში ამაზე ბაღის ასაკიდან ავარჯიშებენ, აჩვენებენ როგორ ხდება ეს ყველაფერი. არამარტო თეორიულად, პრაქტიკულად აკეთებინებენ ბავშვებს, მაგალითად, ველოსიპედით როგორ უნდა დავუთმოთ ქვეითს და ა.შ. ამ თითქოსდა ელემენტარულ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ. 

აკადემიური განათლების გარდა, მუდმივ რეჟიმში უნდა ტრიალებდეს ვიდეორგოლები. საშუალო ასაკის ადამიანებს ყოველდღიურად გაგვაფრთხილებს, რომ სიჩქარეს არ გადავაჭარბოთ. რადგან, თუნდაც 10 კმ/სთ-ს გადაჭარბებამ შეიძლება სასიკვდილო შედეგი მოიტანოს. 

რასაკვირველია, წლები დაგვჭირდება კანონმორჩილ და ევროპულ საზოგადოებად ჩამოვყალიბდეთ. მაგრამ მერწუნეთ, კანონის აღსრულება, ჯარიმები და პარალელურად ასეთი საინფორმაციო კამპანია კანონდებლობის ჩარჩოებში მალე ჩაგვსვამს და კანონმორჩილ ადამიანებად ჩამოგვაყალიბებს.        

ჩვენი მეორე მოპასუხე, ა/ო „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ პრეზიდენტი, დავით მესხიშვილია:

„ჩვენში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გზებზე სიჩქარის გადაჭარბებაა!“

- ეს პრობლემები უფრო სახელმწიფოს გამოსასწორებელია. ჩქაროსნული მაგისტრალის გამოწვევებს დავაკვირდეთ. პირველი, რასაც არ ვეთანხმები - პარლამენტში გაჩერებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტი, სადაც ჩანაწერია, რომ სიჩქარის მომატება არის შესაძლებელი. მაგალითად, ახლა ხომ არის 110 კმ/სთ, ეს რომ 120კმ/სთ გახდეს.

არ ვეთანხები, რადგან ეს ორზოლიანი მოძრაობაა და ასეთ პირობებში  ეს სიჩქარე ძალიან მაღალია. შეიძლება მანქანა პირველ ზოლში ორმოცით გადაადგილდებოდეს, ვიღაც სამოცით ასწრებდეს და თქვენ ამ დროს 120კმ/სთ-ით მოდიოდეთ. ამიტომ ასეთი მოძრაობისთვის სიმანამდვილეში სამი ზოლი არის საჭირო.  

შსს-მ ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს იმ ფონზე, როცა ჩვენში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გზებზე სიჩქარის გადაჭარბებაა! უპირობოდ ასეა. 

მეორე საკითხი თავად მოსახლეობას ეხება და კარგია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ცნობიერების ამაღლების კამპანიას ახორციელებს. 

განსაკუთრებული პრობლემაა ცხოველები გზებზე, ტრასებზე. ცნობიერების ამაღლება კიდევ ამ კუთხით თუ იქნება მიმართული, რომ მოსახლეობამ გზაზე და ტრასაზე საქონელი არ მიატოვოს, ძალიან კარგი იქნებოდა. მაგრამ ამ პროცესს, გარკვეულწილად, ადინისტრირება დასჭირდება. 

მესამე, რაც ასევე მნიშვნელოვანი და მუნიციპალიტეტების დასარეგულირებელია - გზის პირას, ტრასისა და მაგისტრალებისა მიმდებარედ ვაჭრობაა. ჩვენი კანონმდებლობით (რამდენადაც მახსოვს) იმ რაიონების მუნიციპალიტეტებმა ორგანიზებული ფორმით გარე ვაჭრობა უნდა უზრუნველყონ. ამიტომ გარე ვაჭრობა უნდა აიკრძალოს იქ, სადაც მოვაჭრეები გზაზე, პირდაპირ ტრასაზე სხედან. ამ სავაჭრო ობიექტების შიგნით სიღრმეში შეწევა, მისი გადახურვა და მოწესრიგება უნდა მოხდეს. ისე რომ, თუ თქვენ პროდუქტის ყიდვა გინდათ, 10-15 მეტრით მაინც ტრასიდან გადასვლას ახერხებდეთ. 

ამას პლუს, ჩვენი საგზაო ინფრასტრუქტურა, ჯერჯერობით, დაუსრულებელია. ვიცით, რომ მაგისტრალი მშენებლობის პროცესშია. ცუდია, რომ ყველგან, ყველა ადგილი დახაზული არ არის. 

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც მაგისტრალს აუცილებლად უნდა დავუკავშიროთ, ე.წ. შავი წერტილებია. ის ადგილები, სადაც სისტემატურად ავტოსაგზაო შემთხვევებია. მათ შავ ლაქებსაც უწოდებენ, სადაც თვეში, ლამის, 50-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება. 

ჩვენთან, როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში მძღოლებს ადანაშაულებენ. ვფიქრობ, ასე არ არის. როდესაც თვეში ამდენი საგზაო შემთხვევა ერთ ადგილზე ხდება და 40 ავტომობილი სხვა მანქანას ან ხეს ეჯახება, ე.ი. აქ სხვა პრობლემაა. საჭიროა ამ მიმართულებით კვლევების განხორციელება.

კიდევ ერთი: სანამ მაგისტრალი თავიდან ბოლომდე გაივლის, ჩვენი ტრასები დასახლებულ პუნქტებში შედის; სადაც მაღალი სიჩქარე განსაკუთრებული პრობლემაა. როგორც წესი, მძღოლები წესებს ნაკლებად იცავენ. ამის ნათელი მაგალითი იყო ბოლო აღდგომის პერიოდი, როდესაც საავადმყოფოები ავტოსაგზაო შემთხვევებში დაზარალებულებით გაივსო. 

ამიტომ ჩვენი ასოციაცია ვითხოვთ, რომ მუნიციპალიტეტებმა ქვეითად გადასავლელები მოაწესრიგონ დასახლებულ პუნქტებში, სადაც ეს ტრასები შედის.  

- „შავი წერტილები“ ახსენეთ, სად არის ეს ადგილები და თქვენი დაკვირვებით, რა მიზეზით ხდება იქ ავარიების უმეტესობა? 

- საქმეც ის არის, რომ ეს ადგილები ბევრმა დაზუსტებით არ იცის. ამის შესწავლა არ დაგვიწყია, რადგან გარკვეული ფინანსური რესურსი სჭირდება. სტატისტიკა უნდა ავიღოთ, ვნახოთ სად ხდებოდა ეს ავტოსაგზაო შემთხვევები, სხვა ექსპერტებთან ერთად უნდა გავიდეთ  და უამრავი რამ შევისწავლოთ. 

პირველი, ხომ არ არის მაღალი მოცურების რისკი; დავუშვათ, მოსახვევის კუთხე ძალიან მკვეთრი არის თუ არა; ხომ არ უშლის ხელს ხეების მწკვრივი; ან იქნებ გზის გვერდულებია მოსაწესრიგებელი; დაქანებას ან ე.წ. „ბუგაროკებს“ ხომ არ აქვს ადგილი და ა.შ. მაგალითად, პრობლემა ის ხომ არაა, რომ შუქნიშანი ან საგზაო ნიშნები არასწორად არის განთავსებული. უამრავი დეტალია.  

როდესაც თვის განმავლობაში მძღოლი ერთი და იგივე ადგილზე ასჯერ დაეტაკება, ე.ი. იქ რაღაც სხვა ხდება და რამენაირად უნდა დავინტერესდეთ. სახელმწიფო რომ ხარ, უნდა დაადგინო, იქ რა ხდება. ამაზე მხოლოდ გადმოცემით ვიცით. 

მაგალითად, ყოველთვის ვსაუბრობთ, რომ ტელევიზიის, პირველი არხის პირდაპირ, კოსტავაზე სულ ავტოსაგზაო შემთხვევებია. ე.ი. რაღაც გასარკვევია, მისასვლელი და სანახავია. ასევე ვხედავთ უამრავ შემთხვევას ვაჟა-ფშაველას გამზირზე. 

არის ერთი ადგილი მაგისტრალზე, სამეგრელოს მიმართულებით, რომელსაც სიკვდილის ხეივანს უწოდებენ. თუ არ ვცდები, ქალაქ ფოთიდან გამოსასვლელია. გადმოცემით, თითქოსდა, ყველამ ვიცით ეს ადგილები. მაგრამ არსად, არავინ მიდის და სიტუაციას არ სწავლობს. ეს ხალხი კიდევ ამ გზებზე კვდება და რა შეიძლებ იყოს ამაზე მნიშვნელოვანი, რომ საკუთარი მოქალაქე გადაარჩინო?

ხელისუფლების დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, შესაბამის ექსპერტებთან ერთად, თვითონ წავიდეთ, შევისწავლოთ და დასკვნები დავდოთ. მაგრამ ამას ნება ხომ სჭირდება? ეს ნება არ არის.    

- ამ პრობლემების მოსაგვარებლად ვის მიმართავთ? 

- პასუხისმგებელი, უპირველესად, სახელმწიფო, ხელისუფლებაა. ავტოავარიებით ევროპაში უკვე პირველი ადგილი რომ დავიკავეთ, ამას ჯერ კიდევ შარშან ვპროგნოზირებდით. კერძოდ, ისეთი სისწრაფით მივექანებოდით, რომ რუსეთსაც გადავუსწრებდით. 

რეალურად, ეს არის კატასტროფა, საშინელება, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ჩვენ სახელმწიფოს ეკისრება. ხელისუფლებაში მოდიხარ და ჯარიმებს ანახევრებ ისეთ დარღვევებზე, რომელიც სიკვდილიანობას იწვევს. ახლა ამბობ, რომ შეცდომა დაუშვი და ისევ ჯარიმების გაზრდაზე ფიქრობ. ამ პერიოდში ჩვენ ბევრი მოქალაქე დავკარგეთ.

ამას დავამატოთ, ტრასებზე საპატრულო პოლიცია დარღვევებზე, პრაქტიკულად, არ ადმინისტრირებს და ამის შედეგი იყო ის არაერთი ტრაგედია, რომელიც აღდგომის დღეებში დატრიალდა. 

ასევე სახელმწიფოს არ გააჩნია ხედვა, პროგრამა, არანაირი პროექტი საგზაო უსაფრთხოებაზე. უცხოელმა მრჩევლებმა, მაგალითად, მსოფლიო ბანკის ექსპერტმა, ჯინ გრინმა გვირჩია, რომ საგზაო უსაფრთხოებაზე მომუშავე რამე სტრუქტურა შეგვექმნა, რადგან ძალიან ბევრი გვყავდა დაღუპულიცა და დაშავებულიც. ეს დოკუმენტი დღემდე თაროზე დევს. 

შსს-ს მიერ წარდგენილი საგზაო უსაფრთხოების დოკუმენტი პარლამენტში გაჭედილია და არჩევნებამდე არავინ მიიღებს. ერთი დოკუმენტი ეკონომიკის სამინისტროში დევს უშედეგოდ.   

- რატომ არ იქმნება საგზაო უსაფთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო და გამოსავალი სად არის? 

- რამდენიმე მიზეზია: ქვედა რგოლში თანამდებობის პირებს გარკვეული სურვილი აქვთ, მაგრამ ზემოთ, რაღაც დონეზე ბარიერს აწყდებიან და გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. ვერ გეტყვით, ვინმეს მიმართ შიში აქვთ, უუნარობის შედეგია, თუ რა არის. 

4 წელია ექსპერტებთან ერთად ფურცლებით დავდივართ. არაერთ შეხვედრაზე დადებითი საუბარი მიდიოდა, მაგრამ ერთი ფარატინა ქაღალდიც კი დოკუმენტად მიღებული არ არის. 

მეორე საკითხი არჩევნებია, რომლის წინ ყველაფერი პრაქტიკულად პარალიზებულია, მათ შორის საპატრულო პოლიციაც. ახლა რეაგირება რომ მოვახდინოთ, მოქალაქეებს გავაღიზიანებთ და ამიტომ მოდით არაფერი გავაკეთოთო. 

მაგრამ ერთ მაგალითს გეტყვით მთავარზე: ეკონომიკის სამინისტროში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო გვაქვს. სრულიად უმოქმედო ორგანიზაცია, სამაგიეროდ ათი ათას ლარამდე ხელფასებით, პრემია-დანამატებით და ა.შ. ახლა ვსწავლობთ იქ არსებულ სიტუაციას. 

ამ სამსახურის შენახვაზე წლის განმავლობაში მილიონობით ლარი იხარჯება. მას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე პასუხისმგებლობა ევალება. გაიხსენეთ, საქალაქთაშორისო მიკროავტობუსები, ასევე ავტობუსები რა დღეშია. გაიხსენეთ შარშან ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა, მარტო ე.წ. მარშრუტკებში რამდენი ასეთი ბავშვი დაიღუპა. 

ვინახავთ სამსახურს, რომელსაც მილიონობით ლარს ვუხდით და საერთოდ არაფერს აკეთებს. აქვე დავამატებ, რომ ის „მარშრუტკები“, რომელსაც ამ ჩქაროსნულ მაგისტრალზე მგზავრები გადაყავს, ტექნიკურად სრულიად გაუმართავია და არავინ აკონტროლებს, მათ შორის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო. ტექდათვალიერება კორუფციულად აქვთ აღებული, როგორც ეს შევარდნაძის დროს ხდებოდა. მთელი ეს მექნიზმი რას გვაძლევს - ევროპაში პირველ ადგილს სიკვდილიანობითა და დაშავებულებით. 

როგორც ეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოხდა, ერთადერთი გამოსავალი არსებობს - დაღუპულებითა და დაშავებულებით ვინც კი ათეულში შევიდა  (მათ შორის, სერბეთი) პრობლემა მთავრობის მეთაურის დონეზე იქნა აყვანილი და პირდაპირ პრემიერმა მიიღო ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები. 

ქვეყნის ხელისუფლებისთვის რა უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვანი, რომ ეს ადამიანები გადაარჩინოს? სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობა ამ საკითხში, ჯერჯერობით, ინდეფერენტულია. 

- ცნობიერების ამაღლების კამპანიას რა შედეგი მოაქვს? 

- არასამთავრობოები, მათ შორის თქვენ მიერ დასახლებული, ასეთ კამპანიებს მუდმივად ვატარებთ. მაგრამ ამოვარდნილად, მხოლოდ ჩვენი ძალებით, ხედვისა და სტრატეგიების გარეშე მდგომარეობა არ შეიცვლება. სახელმწიფო ნება და კონკრეტული გადაწყვეტილებები არის საჭირო. 

დანიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე კანონმორჩილი ქვეყნებია, სახელმწიფო სოციალური რეკლამების მთელ პოლიტიკას ახორციელებს: ადამიანებს ანახვებს თუ რას იწვევს საჭესთან ე.წ. მესიჯები, ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ იქ საგზაო მოძრაობის წესებს პრაქტიკულად აღარავინ არღვევს, მინიმალური მაჩვენებელი აქვთ. 

ზაფხულისთვის, სამწუხაროდ, ცუდი პროგნოზი მაქვს. როდესაც საგზაო მოძრაობა ინტენსიური გახდება (მით უმეტეს, რეგიონების მიმართულებით), შეიძლება ისეთი კატასტროფა მივიღოთ, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში არასოდეს გვქონია. შარშან ხომ სიკვიდილიანობა-დაშავებით საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგი დავაფიქსირეთ, წელს შეიძლება მთელ მსოფლიოში პირველი ადგილი დავიკავოთ თუ რაიმე არ გამოსწორდა. 

მაგრამ არჩევნებამდე არავინ გაინძრევა. 

თბილისის საკრებულოს წევრი, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე:

„საქართველოში, მართვის მოწმობის ამღები მძღოლების 95% მხოლოდ რამდენიმე ბილეთს იზეპირებს, ასევე იზეპირებენ ავტომობილის უკუსვლით შეყენებას ან დაძვრას და...“

- ჩვენთან ასეთი დამოკიდებულებაა, - თუ გზა კარგი იქნება, ავარიები მოიკლებს, თუ ცუდია, პირიქით მოიმატებსო. ასე არ არის. ისევე, როგორც კარგი დინამოს სტადიონი არ ნიშნავს, რომ ჩვენი ნაკრები ან თბილისის დინამო უცბად კარგად ათამაშდება.  

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინდექსის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ადამიანის ფაქტორია. ანუ როგორი მძღოლია, როგორი უნარ-ჩვევები აქვს, სიჩქარის ლიმიტის განსაზღვრის თვალსაზრისით. მაგრამ ეს უნარ-ჩვევები მხოლოდ მაღალი რანგის პედაგოგ-ინსტრუქტორთან აღმზრდელობით პროცესში მოდის. ჩვენთან, სამწუხაროდ, ასე არ ხდება. 

საქართველოში, მართვის მოწმობის ამღები მძღოლების 95% მხოლოდ რამდენიმე ბილეთს იზეპირებს. ასევე იზეპირებენ ავტომობილის უკუსვლით შეყენებას ან დაძვრას და... ყოვეწლიურად სულ უფრო მეტ დაღუპულ და დასახიჩრებულ ადამიანს ვიღებთ. ეს არის ჩვენი სასტიკი რეალობა. 

მიმაჩნია, რომ პროცესები პარალელურად უნდა მიდიოდეს. მაგალითად, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ამ საკითხში სხვა უწყებებს გაასწრო. მხედველობაში მაქვს განათლების ის სეგმენტი, რომელიც უსაფრთხო და მაღალი სამძღოლო კულტურის მძღოლების გამოშვებას უზრუნველყოფს. 

- მაშინ სრული ანგარიში ვის მოვთხოვოთ, ბურთი ვის მოედანზეა? 

- რასაკვირველია, შედეგებზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. გზებზე წესრიგის სხვა ვერავინ დაამყარებს. მაგრამ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ცალკე ინსტიტუცია საქართველოში არ არსებობს, რომელიც იტყვის, რომ ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებო. 

აქვე დავძენ, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს და საპატრულო პოლიციას. ჩემი ჩამონათვალიდან საპატრულოს მხოლოდ ბოლო კომპონენტი, კონტროლი ეკუთვნის. მას არავითარ შემთხვევში არ ეხება განათლების სეგმენტი: ვთქვათ, ბავშვობიდან, სკოლამდელი და სასკოლო აღმზრდელობითი პროგრამების შემუშავება, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები. 

მხოლოდ ჯარიმების გამკაცრებით ყველაფერი რიგზე ვერ იქნება. შსს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცდილობს შემოგვთავაზოს სიახლეები, საკანონმდებლო ინტერვენციები სამართალდარღვევათა კოდექსში, სხვადასხვა მუხლებში ცვლილებების თვალსაზრისით. ეს შეეხება ქულების დარიცხვის წესს, ცალკეულ პუნქტებს და ა.შ.

ჩვენი, არასამთავრობოების პოზიცია სწორედ ეს არის - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია უნდა შეიქმნას. უფრო სწორად, დაჩქარდეს მისი მიღება, ჩანასახი და პლატფორმა უკვე არსებობს. საზოგადოება, ყოველდღიურობა მოითხოვს, რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ აღნიშნული სტრატეგია. მისგან გამომდინარე მოქმედების გეგმა, უახლოეს მომავალში რომელმა უწყებამ რა უნდა გააკეთოს. მხოლოდ ამის შემდეგ გეგმაზომიერი მუშაობა გვექნება. 

ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ევროდირექტივების შესრულებასა და ზოგადად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, ასეთი განმარტება მოგვაწოდა:   

"ქვეყნის შიგნით სააავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვის სისტემური მოწესრიგების კუთხით ინტენსიურად ვმუშაობთ"

- ბოლო წლების განმავლობაში, სააგენტო, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ქვეყნის შიგნით სააავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვის სისტემური მოწესრიგების კუთხით ინტენსიურად მუშაობს. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ შეისწავლა საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო საავტობუსო გადაყვანების თანამედროვე ევროპული და მეზობელი ქვეყნების სისტემები, ასევე „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ თანახმად განსახორციელებელი მოთხოვნები და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა. 

ბაზარზე დაშვების კრიტერიუმებად განისაზღვრება სამი ფაქტორი: 

1. გადამზიდველის კარგი რეპუტაცია; 

2. გადამზიდველის მიერ წარდგენილი შესაბამისი ფინანსური გარანტიები; 

3. გადამზიდველის პროფესიული კომპეტენტურობა. 

დირექტივის მოთხოვნები ნაწილობრივ უკვე ასახულია საქართველოს კანონმდებლობაში, რომლითაც დადგენილია დირექტივაში აღნიშნული პირობების ანალოგიური მოთხოვნები (შედარებით ლიბერალური) საერთაშორისო გადამზიდველების მიმართ. 

მოთხოვნების სრული იმპლემენტაციის მიზნით მომზადდა რამდენიმე კანონპროექტი არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლებიც განხილული იქნა სააგენტოში საჯაროდ, გადამზიდველების, ავტოსადგურების, სხვადასხვა არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელთა მონაწილეობით. შეხვედრებზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით მომზადდა კანონპროექტების საბოლოო ვერსიები და წარედგინა ზემდგომ ორგანოებს შემდგომი პროცედურებისათვის. 

კანონპროექტები ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მონაწილეობას სამგზავრო ავტოსადგურების განთავსების მიზანშეწონილობაზე გადაწყვეტილების მიღებისას. კანონპროექტი ადგენს ავტოსადგურების სავალდებულო სერტიფიცირებას, კლასის მინიჭებას და მინიჭებული კლასის შესაბამისად მათ შემდგომ ფუნქციონირებას. კანონპროექტებით სანებართვო რეჟიმში მოექცევა ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანები, შესაბამისი სანებართვო პირობებით. ამავე დროს უფრო გრძელვადიანი გახდება საერთაშორისო  და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანების განხორციელებისათვის განკუთვნილი ნებართვები და შესაბამისად იქნება 5 და 10 წლის მოქმედების ვადით. სანებართვო პირობებში გათვალისწინებული იქნება ევრორეგულაციებით დადგენილი ის სამი ძირითადი მოთხოვნა, რომლებიც ადგენს მეწარმის კომპეტენტურობას, რეპუტაციას და ფინანსურ რესურსს. 

კანონმდებლობის მიღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში საერთო სარგებლობის სამგზავრო ტრანსპორტის საქმიანობის მოწესრიგებას, მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებას, მგზავრთა გადაყვანის სფეროში თანამედროვე სერვისების დამკვიდრებას და კომფორტული და ტექნიკურად გამართული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩართულობას.

რაც შეეხება საავტომობილო ტრანსპორტის უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ სტანდარტებთან საქართველოს სტანდარტების ჰარმონიზაციისა და ქართული მხარის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებს, დაინტერესებულ მკითხველს ამაზე დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შეუძლია სააგენტოს იფიციალურ ვებ-გვერდზე - http://lta.gov.ge/.  

მკითხველი რომ არ გადავღალოთ და შრომაც წყალში არ ჩაგვეყაროს, მოკლედ შევაჯამოთ ის, რაზეც აქამდე მხარეებთან ერთად ვიმსჯელეთ. დასახელებული არგუმენტები საშუალებას გვაძლევს ვთქვათ შემდეგი: -  ჩქაროსნულ მაგისტრალზე თუ ქალაქის პირობებში სიჩქარის გადაჭარბება უმძიმესი პრობლემაა. ამას დავუმატოთ სამამულო მძღოლების ნაკლები კომპეტენცია და ქვეითების მხრიდან მოძრაობის წესების მუდმივი დარღვევები, რაც საფრთხეთა მთელ თაიგულს წარმოშობს. პლუს, დარღვებებზე ჯარიმების დაკლება და ადმინისტრირების შემსუბუქება, საგზაო უსართხოებაზე ცნობიერების კრიტიკული მაჩვენებელი...   

დასკვნის მაგიერ - მეგობრის მამა ცხოვრობს ბოლნისის რაიონში. პროფესიონალი მძღოლია, საბჭოთა პერიოდში კავკასიონის უღელტეხილები სატვირთო მანქანებით არაერთხელ გადავლილ-გადმოვლილი აქვს. ერთხელ ვკითხე, - ჯიბო ძია, თბილისში ავტომობილით რატომ არ დადიხარ-მეთქი და... მეშინიაო, მიპასუხა. რატომ-მეთქი, არ მოვეშვი. - სამწუხაროა, მაგრამ დედაქალაქელი მძღოლების 80%-მა მანქანის ნორმალურად ტარება არ იცისო. 

ამ ფონზე, ქვეყანაში არც საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია გვაქვს დამტკიცებული და არც ცალკე უწყება შექმნილი, რომელიც აღნიშნულის შესრულებაზე სრულად პასუხისმგებელი იქნება.  თუ სად ვართ და რა „ჭირი“ გვჭირს, ამის შეფასება საზოგადოებას მივანდოთ.  

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია