მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა მიზეზით აღიგავა მიწისაგან პირისა ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტი? - 01 ივნისი 2016

"ციდან მოვლენილივით გაჩენილმა თანხამ დაუყოვნებლივ აამუშავა „მავანთა მადა  ქართული“

myrights.ge

თავის დროზე, ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ერთ-ერთი საუკეთესო უმაღესი სასწავლებელი იყო. მერე ისე გააუქმეს, რომ ინსტიტუტის თანამშრომლებისთვის არაფერი უკითხიათ. კათედრის გამგე აკაკი ცივაძე 10 წელზე მეტია პროკურატურისაგან მოითხოვს, სამართლებრივი პასუხი გაეცეს კითხვას: რა მიზეზით აღიგავა მიწისაგან პირისა, ქვეყანაში ერთ-ერთი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი? მისივე შეფასებით, ამ მოთხოვნაზე ადეკვატური რეაგირება არ არის. 

"ქრონიკა პლუსი", ბატონ აკაკი ცივაძეს ესაუბრება:

- ჩემი საუბარი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, "იყო და არა იყო რა-თი" უნდა იწყებოდეს. 2004/2005 სასწავლო წელია, ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მაშინ, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ უმაღლეს სასწავლებელში 780-ზე მეტი ახალგაზრდა წარმატებით ეუფლებოდა საინჟინრო საქმეს. შემდეგ ინსტიტუტი რეესტრიდან ისე გაქრა, მიზეზი დღემდე ვერავინ გაიგო.  

ამ საქმესთან დაკავშირებით, დღეს აჭარაში რაც ხდება, ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის. ამის თაობაზე თითქმის ყველა ჩემს საჩივარში მივანიშნებ. მაგრამ აჭარის პროკურატურა ან ვერ აღიქვამს, ან სააკაშვილის დაბრუნების იმედი აქვს. პროკურატურის უმოქმედობამ აჭარა, ეს ყოველთვის კანონმორჩილი მხარე, აღვირახსნილთა ადგილად აქცია, მოსახლეობას ასლან აბაშიძე სანატრელად ექცა. 

თქვენ გაზეთში ადრე გამოქვეყნებულ მასალას საფუძვლიანად გაეცნენ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, აკადემიჯოსი ივანე კიღურაძე და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის უფროსი, ვალერი ტეტუნაშვილი. შედეგად, 9 აპრილს, პარლამენტიდან მთავარი პროკურორის მისამართზე გაიგზავნა წერილი,  ამ საკითხზე სამართლიანი და კანონიერი რეაგირების მოთხოვნით.

- ამას რა რეაგირება მოყვა?

- რეაგირება დღემდე არ მომხდარა. ჩემი მთავარ პროკურორთან შეტანილი თითქმის ყველა საჩივარი ასე მთავრდებოდა: ბატონო პროკურორო, თუ ამ საჩივარსაც წაუკითხავად, აჭარის პროკურატურას გადაუგზავნით, უფლებას ვიტოვებ გამოვიყენო საქართველოში არსებული ყველა, ჩემთვის ხელმისაწვდომი საინფორმაციო და მედია საშუალებები და ღია წერილით მოგმართოდ თქვენცა და ფართო საზოგადოებასაც. 

როგორც წესი, არავითარი რეაგირება. პირიქით, თუ ადრე ჩემი საჩივრები აჭარის პროკურორს ეგზავნებოდა, დღეს უაზრო პასუხებს ქალაქის  რიგითი პროკურორის ხელწერით ვიღებ.

- რა არის თქვენი პროტესტის საფუძველი?

- შევეცდები მაქსიმალურად მოკლედ მოგახსენოთ რატომ „ვაწიოკებ“, ისედაც უსაშველოდ გადატვირთულ პროკურატურას. მიზეზი არც ისე უმნიშველოა და მარტო ჩემი პიროვნული ღირსებების ფეხქვეშ გათელვას არ ეხება.

საქართველოში, ერთდროს განვითარების მაღალ საფეხურზე მყოფი განათლების სისტემა, უკვე საერთოდ აღარ არსებობს. 70-იან წლებში დაწყებული ვანდალიზმი ნაციონალებმა წარმატებით გააგრძელეს. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სისტემა დაემარხათ. 

დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოსახვედრად, უკვე აღარაა აუცილებელი მათემატიკის ცოდნა. მისაღებ გამოცდებზე მის ნაცვლად აბიტურიენტთა უმრავლესობა გეოგრაფიას(?) აბარებს.

ინჟინრისთვის აუცილებლად საჭირო უმაღლეს მათემატიკას რომ ეს აბიტურიენტი ვერ დაძლევს, მხოლოდ სირაქლემას პოზაში მყოფ განათლების სისტემის მესვეურებს არ სჯერათ. მათ ამის დასაფარად, დაახლოებით ათჯერ შეამცირეს უმაღლესი მათემატიკის პროგრამა და მის შესასწავლად გამოყოფილი საათები. ჯერჯერობით, არავინ ფიქრობს ჩვენი უნივერსიტეტების გამოშვებულ „სპეციალისტთა“ დონის  შემოწმებას.

ასეთი ქმედებით ჩვენ იმ ონკანს ვკეტავთ, რომლიდანაც  საარსებო წყარო უნდა დაგველია.  არადა, საქართველო იმ საკმაოდ მცირე რაოდენობის ქვეყანათა რიცხვს ეკუთვნის, რომლის მოსახლეობის დიდ ნაწილს, მათემატიკის სწავლისათვის საჭირო, განსაკუთრებული მონაცემები აქვს. 

გამოყენების ნაცვლად, ეს თვისება ამოვშანთეთ, ღმერთი ამას არ გვაპატიებს. 

სანამ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი ერქვა, ის დასავლეთ საქართველოს საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლებით უზრუნველყოფდა. დღეს ამ უნივერსიტეტს აქცენტი იურისტების, ექიმების და ინჟინრების მომზადებაზე აქვს  გადატანილი. 

არ მგონია ვინმემ შეძლოს ჩემი დარწმუნება, რომ მათ ძალებს ეს არ აღემატება. მერწმუნეთ, არ არსებობს ქვეყნის წინაშე სხვა უფრო დიდი და მძიმე დანაშაული, ვიდრე განათლების სისტემის დაუფიქრებელი ქმედებებით, ასე უღმერთოდ მოშლაა. 

საქართველო, რომ ბოლო-ბოლო დალაგდება, ამაში ეჭვიც არ მგონია ვინმეს ეპარებოდეს. არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ კადრების შერჩევა მხოლოდ ღია კონკურსით მოხდება და არც იმაში, რომ ჩვენ უნივერსიტეტდამთავრებულთა შორის უმეტესობას გამარჯვების შანსი არ ექნება. დალაგებულ ქვეყანაში კი ყველა დამარცხებულს ექნება იმის შანსი, რომ უნივერსიტეტის  პასუხისმგებლობის საკითხი სასამართლოს მეშვეობით გაარკვიოს - ერთი წუთით წარმოიდგინეთ  რა სიტუაციაში აღმოჩნდება ქვეყანა.

- ამ ფონზე, რას ითხოვთ?

- ალბათ დაუჯერებლად ჟღერს, რომ მე 10 წელზე მეტია პროკურატურისაგან მოვითხოვ, მიეცეს სამართლებრივი შეფასება კითხვას: რა მიზეზით აღიგავა მიწისაგან პირისა, ქვეყანაში ერთ-ერთი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი, ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტი? 

მისი პრესტიჟულობის დასამტკიცებლად, ალბათ, საკმარისია ის ფაქტიც, რომ ფასიანი სწავლების სექტორზე, აბიტურიენტთა გასაუბრების გარეშე ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემისთანავე, ბათუმის პოლიტექნიკურ ინსტიტუტის ფასიან სექტორზე სწავლის სურვილი 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა.  გაცილებით მეტმა, ვიდრე ნებისმიერ სხვა უმაღლეს სასწავლებელში. 

ამ პატარა ინსტიტუტის (საბიჯეტო სწავლებაზე სულ 80 აბიტურიენტს ვიღებდით) სალარო, 90 000 ამერიკული დოლარით  შეივსო. ეს იმ დროისთვის  წარმოუდგენლად დიდი თანხა იყო. მაშინ ყველა უმაღლეს  სასწავლებელში, მაქსიმალური, ანუ პროფესორის ხელფასი მხოლოდ 25 ლარს შეადგენდა. 

როგორც ჩანს, ციდან მოვლენილივით გაჩენილმა თანხამ დაუყოვნებლივ აამუშავა „მავანთა მადა  ქართული“. 

როგორც შემდგომში ცხადი გახდა, ამ ინსტიტუტში დატაცებები ადრეც იყო და მას ადრეც მფარველობდნენ ძალიან მაღალი  ეშელონიდან. ოღონდ ძალიან დაბალი  ერუდიციის მქონენი, რადგან დატაცებები და ყველა სხვა დანაშაულები აბსოლუტურად მიუღებელი, დაუდევრად მოფიქრებული ფორმით ხდებოდა. 

- რას გულისხმობთ?

- მაგალითად: 2004/2005 სასწავლო წელს ამ ინსტიტუტში, ყოველ „სანდო“ პიროვნებაზე ხელფასს ზევით, 5 000 საათზე მეტია გამოწერილი. როცა უმაღლესი სკოლის პედაგოგის სააუდიტორიო და სამეცნიერო  სამუშაოს შესასრულებლად მთლიანი წლიური დატვირთვა 1 500 აკადემიურ საათს შეადგენს.

ამის გარდა, მ. შვიდობაძეს 2004 – 2005 სასწავლო წელს 7042 ლარი აქვს აღებული, თითქოს ერთდროულად 8 ჯგუფს კურირებდა. 

ამ ფაქტების გახმაურების შემდეგ, აჭარის კონტროლის პალატამ ინსტიტუტში ჩადენილი სხვა უფრო სერიოზული დარღვევებიც აღმოჩინა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ კონტროლის პალატის რევიზორმა ვაჟკაცურად გაუძლო ზეწოლას და აქტი არ გააყალბა. მაგრამ დამნაშავე, წარმოუდგენლად დაუდევარი ფორმით ბათუმის იმდროინდელმა რაიონულმა პროკურორმა, ავთანდილ კილაძემ დაიცვა. რომელმაც ინსტიტუტის აღშფოთებული თანამშრომლები 2005 წლის 3 ივნისს, ამ შოკისმომგვრელი წერილით "დაამშვიდა": 

"მშვიდობაძის მხრიდან ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს შეუთანმებლად სასწავლო გეგემების ერთპიროვნულად შედგენა, მიმღები კომისიის გვერდის ავლით, სათანადო  რეგისტრაციის გარეშე ოთხი სტუდენტის ინსტიტუტში ჩარიცხვა, ზოგიერთ შემთხვევაში ლექტორ-მასწავლებელთა სალექციო დატვირთვების ხელოვნურად გაზრდის გზით, თანხების გაფლანგვა და სხვა დარღვევები, არ იძლევა მ. მშვიდობაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საკმარის საფუძველს". 

ეს წერილი სრულიად საკმარისი გახდა იმისთვის, რომ 2005 წლის 14 ივნისს მ. შვიდობაძე ინსტიტუტის დირექტორად (!) დაეწინაურებინათ. 15 ივნისს ის მეწვია ჩემს სამუშაო ოთახში და „გული გამიხსნა“: - ბატონო კაკო, ალბათ ხვდებით, ჩემს უკან  ძლიერი  პიროვნება დგას  და მისი სურვილია თქვენც ჩვენთან იყოთ... 

...კაბინეტიდან გამასწრო, დერეფანი კი სტუდენტებით იყო სავსე. ფაქტობრივად, მხოლოდ ამ ფორმით ნათქვამი უარი „სარფიან“ წინადადებაზე გახდა ჩემი განადგურების ძირითადი მიზეზი. 

მ. მშვიდობაძე იმდენად გულუბრყვილოა, რომ პროკურორ-გამომძიებელისთვაც უთქვამს:  "ჩვენ აკაკი ცივაძეს პროფესორის თანამდებობა შევთავაზეთ და მან უარი განაცხადა-ო", რაც პროკურორ-გამომძიბელმა დადგენილებაში ისე შეიტანა, ჩემთვის არც უკითხავს, ასეთ დაწინაურებას როგორ არ დათანხმდიო. 

სინამდვილეში მ. შვიდობაძემ, როგორც ზემოთ ავღნიშნე, სულ სხვა რამ შემომთავაზა და უარის მიღების გამო, 29 ივლისს, როცა თვითონაც და ტექნიკური უნივერსიტეტის აბსოლუტურად ყველა სხვა თანამშრომლებიც შვებულებაში ვიყავით, „ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს წარუდგინა და ხელი მოაწერინა (კიდევ კარგი, რომ რექტორმა მოაწერა ხელი, წინააღმდეგ  შემთხვევაში დღეს ერთით მეტი პოლიტპატიმარი გვეყოლებოდა) ბრძანებას # 471/03, რომელიც, მიქციეთ ყურადღება, როგორ იწყება: 

"საქართველოს კანონის უმაღლესი განათლების შესახებ მოთხოვნების შესაბამისად და ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტრუქტურული რეორგანიზაციის აუცილებლობიდან გამომდინარე ვბრძანებ“ (ცხადია, არც რექტორს და არც საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის მქონე, კანცელარიის უფროსს, წაკითხვის საშუალებაც არ მიეცათ, თორემ ეს აბდაუბდა შესავალი აუცილებლად გასწორდებოდა). 

რაც მთავარია, მ. შვიდობაძეს, მის უკანმდგომმა „ძლიერმა პიროვნებამ“ ისე შეუთავსა განათლების მინისტრისა და პრემიერ მინისტრის თანამდებობები, რომ ვერც ერთი დონის პროკურორი ხმის ამოღებას დღესაც ვერ ბედავს. ამ ბრძანების მე-13 პუნქტით ჩემს კათედრასთან ერთად გაუქმდა ინსტიტუტის არსებობისათვის აუცილებელი სხვა ყველა ერთეული. 

- როგორ გაგძელდა ეს პროცესი?

- აჭარის ძალოვანი სტრუქტურებისაგან განსხვავებით, საოცარი სიმტკიცე გამოიჩინა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო შარაძემ და მართალია გვიან, მაგრამ გაუძლო მავანთა შემოტევებს და 2007 წლის 20 მარტს 471/03 ბრძანება ბათილად სცნო. 

ეს დაგვიანება სრულიად საკმარისი გახდა მ. შვიდობაძისათვის, მზაკვრული  გეგმის შესასრულებლად. თუ მას ადრე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხ. ბოლქვაძე და ბათუმის პროკურორი ა. კილაძე ედგნენ მხარში, ახლა დამატებითი ძალა, აჭარის ფინანსური პოლიცია ჩაერთო; რომელმაც 2005 წლის 31 ნოემბერს მ. შვიდობაძის მიერ კილაძეზე წარდგენილი კომიკური მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, წინასწარი  გამოძიების დაწყების ნაცვლად, ისე, რომ საქმეში არც ჩაუხედავს, დაუყოვნებლივ „აღძრა“ სისხლის  სამართლის საქმე ჩემს მიმართ და მოსამართლე ხ. ბოლქვაძეს მიეწოდა ფინანსური  პოლიციის გამომძიებლის კ. კირვალიძის ხელმოწერილი ცნობა, რომელშიც წერია: 

„ჩემს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე აკაკი ცივაძის  მიმართ... აღნიშნულ საქმეში შესასწავლი რიგი საკითხები არის იმავე გარემოებებზე, რაზეც დამყარებულია აკაკი ცივაძის  სამოქალაქო სარჩელი“. 

ამ წერილმა ხელფეხი გაუხსნა შარაგზის ყაჩაღების მენტალიტეტის  მქონე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ  არაორაზროვნად მიუთითა მოსამართლე ხ. ბოლქვაძეს და გააუქმა მისი ჯიუტად გამეორებული რამოდენიმე განჩინება, მაინც ვერაფერი შეასმინა. მომართლე ხ. ბოლქვაძემ ბოლომდე თავისი გაიტანა და ჯერჯერობით შერჩა კიდეც, ის ისევ მოსამართლეა.

ბათუმის სასამართლოში წარდგენილი ჩემი სამოქალაქო სარჩელი იყო მხოლოდ ის, რომ მ. მშვიდობაძემ ბრძანების გამოცემის გარეშე ჩამთვალა კათედრის დოცენტის თანამდებობიდან გათავისუფლებულად; დამიქვითა შვებულების ხელფასი, გატეხა ჩემი კაბინეტი და მიითვისა მასში არსებული ყველა ჩემი ნივთი. 

საინტერესოა, რატომ არ დაებადა,  არც ერთ სამართალდამველს კითხვა მ. შვიდობაძისადმი, - თუ ა. ცივაძეს არც ცოდნა ჰქონდა და არც ხარისხი, პროფესორის თანამდებობას როგორ სთავაზობდითო.

აჭარის ძალოვანი სტრუქტურების იმ მაღალჩინოსნებს, რომლებმაც ჩემზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, ერთხელაც არ მკითხეს, რატომ ჩავიდინე ასეთი სამარცხვინო საქციელი. 

იძულებული ვარ, ცოტა რამ, ჩემს შესახებაც მოგახსენოთ: მე, კათედრის გამგედ  დავინიშნე სტუ-ს ტექტორის გ. ჩოგოვაძის თხოვნით, დროებით კონკურსის  გამოცხადებამდე. პირადად კათედრის გამგეობა მაშინ ისე მჭირდებოდა, როგორც ვირს უნაგირი. კათედრის გამგის ხელფასი იყო 25 ლარი, მე კი ძირითადად ინსტიტუტში ყოფნით, ბიზნესში 25 ათასზე მეტი მეკარგებოდა. 

თითქმის ყველამ იცოდა, რომ მე, ჩემს ბიზნესში, მარტო აჭარაში დასაქმებული მყავდა 100-ზე მეტი პიროვნება, რომელთა ხელფასი პროფესორის ხელფასზე მინიმუმ 4-ჯერ მეტი იყო.  ტექნიკური უნივერსიტეტი კი წლების განმავლობაში კონკურს  იმიტომ არ აცხადებდა, რომ თანამდებობის დატოვების მორალური უფლება არ გამჩენოდა. 

მე მეამაყებოდა ჩემი ბათუმელი სტუდენტები, ისინი მართლაც  განსაკუთრებულები იყვნენ. ვისაც გეეჭვებათ გირჩევთ ნახოთ მათი, თუნდაც საზრიანთა და მხიარულთა კლუბების ფინალში გამოსვლის ჩანაწერი. მე მათ მიტოვებზე არც მიფიქრია, მიუხედავად ბოლო პედიოდში შექმნილი უმძიმესი ოჯახური მდგომარეობისა.

მართალია, ჩემი ქველმოქმედება ინკოგნიტოდ იყო, მაგრამ მისი უშუალოდ შემსრულებლები ცოცხლები არიან და ყველაფერი ახსოვთ. მე არა მარტო ტექნიკური  უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს, არამედ ყველას, ვინც ჩემს ირგვლივ გადაუდებელ  დახმარებას საჭიროებდა, ვეხმარებოდი. ტელეკომუნიკაციის სპეციალობის სტუდენტებზე ჩემს მიერ ნაჩუქარი 300 ნომრიანი ავტომატური სატელეფონო სადგურის დასამონტაჟებლად 500 დოლარი ვერ გაიმეტეს (მოსაპარავს აკლდებოდა) და ჯართში ჩააბარეს. არადა, ის ჰაერივით სჭირდებოდა და მით უმეტეს, დღესაც სჭირდებათ, ტელეკომუნიკაციის სპეციალისტების სტუდენტებს.

მ. შვიდობაძეს 6 თვე დასჭირდა იმაში დასარწმუნებლად, რომ 471/03 ბრძანებით მან, ფაქტობრივად, ბათუმის პოლიტექნიკური  ინსტიტუტი  გააუქმა; და 2006 წლის  24 იანვარს, უკვე მორიგი და ისევ აბსურდული ბრძანება (#07/03) წარუდგინა რექტორს, რომლითაც უკვე ისედაც აღარარსებულ ინსტიტუტს, ფაკულტეტი ოფიციალურად ეწოდა. 

ამ ფონზე, სასაცილოდ გამოიყურებოდა 2006 წლის 23 თებერვალს საქართველოს მთავრობის #37 დადგენილება, რომლის მე-3 პუნქტის ძალით, უკვე აღარარსებული ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტი გამოეყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და გადაეცა  ბათუმის უნივერსიტეტს, რომელსაც ამ საქმეში ტექნიკური უნივერსიტეტის როლის შესრულების არავითარი რესურსი არ გააჩნია.

კითხვაზე, თუ როგორ მოხერხდა უკვე აღარარსებული ინსტიტუტის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, რუსთაველის უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსმა ჟ. ჯიბლაძემ, საზოგადოების  წარმომადგენლის თანდასწრებით რიხიანად მიპასუხა: 

"მე მყავს სამინისტრო და მონიტორინგის სამსახური, ისინი ჩემი საქმიანობით კმაყოფილები არიან“. 

მისი ნათქვამიდან გამოდის, რომ განათლებისა და  მეცნიერების მინისტრიც კი მშვიდობაძის დამცველთა რიგებში ჩამდგარა. გასაოცარია, როგორ შეიძლება იმ უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი, რომელიც იურისტებს ამზადებს, დარწმუნებული იყოს იმაში, რომ ის თავის ზემდგომების  სურვილების დამცველია და არა კანონიერების. 

რას უნდა მივაწეროთ, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ამ უნივერსიტეტის  თითქმის  ყველა რექტორის მიერ, არაერთი და ორი 471/03-ბრძანების  ანალოგიური პატარა ბრძანებების გამოცემა, როცა ჟ. ჯიბლაძეს (და რა თქმა უნდა რექტორებსაც) ხელთ ჰონდათ ნ. შარაძის გამოტანილი განჩინება, რომელშიც  პოპულარულადაა განმარტებული, თუ კანონის რომელი  მუხლები და პუნქტებია იგნორირებული 471/03 ბრძანების  გამოცემით. 

ზემოთ მოყვანილი, ბათუმის პროკურორს პასუხის ციტატიდან აშკარაა: 

ბათუმის პროკურატურას არც უფიქრია რაიმე  ზომების მიღება. პირიქით,  მან  ყველაფერი გააკეთა ადრე ჩადენილი დანაშაულების დასაფარავად, თანაც „ვირტუოზულად“.  

გასაგებია, რომ 2012 წლამდე საქართველოს პროკურატურა აკეთებდა მხოლოდ იმას, რასაც ხელისუფლება უკარნახებდა. მაგრამ განახლებულ პროკურატურას ვინ შეუშალა ხელი? მათზე ამ კითხვის დასმას, ისევ ხანდაზმულობის  ვადის გასვლამდე უნდა ველოდო? 

გზირიშვილის  აჭარის პროკურორად დანიშვნისთანავე მივმართე განცხადებით, შევხვდი პირადადაც. დამპირდა საქმის პირად  კონტროლზე აყვანას. ღრმად ვყავი დარწმუნებული, თუ გზირიშვილი ასე მოიქცეოდა ა. კილაძეც, ა. უტიაძეც, ნ. პაქსაძეც, ხ. ბოლქვაძეც, კ. კირვალიძეც და თვით მშვიდობაძეც, დასმულ პირველივე შეკითხვაზე აღიარებდნენ იმას, თუ ვინ აიძულა ისინი ჩაედინათ ესოდენ უღირსი საქციელი. 

ჩემთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ არც ერთ მათგანს რაიმე პირადი ინტერესი არ ამოძრავებდა. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ძალდატანების გარეშე, არც ერთი მათგანი ასეთ სისულელეზე არ წავიდოდა. როცა გზირიშვილი ა. კილაძის დაწინაურებას დაეთანხმა, განათლების ქვეკომისიის სხდომაზე, ბატონი ბიძინას ნათქვამი გამახსენდა: 

"ჩვენ ყველას უნდა მივცეთ რეაბილიტაციის საშუალება" და მეორე დღესვე დავიწყე ამ დაწინაურების საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მონაწილეთა დაშოშმინება. მაგრამ აქაც შევცდი. 

სულ მალე აშკარა გახდა, რომ მშვიდობაძის მფარველი ისევ ისეთივე ფორმაშია. მან გზირიშვილსაც უმალ დაავიწყა, რომ ის აჭარის ა.რ. პროკურორი იყო და არა ნაციონალების. 

რა თქმა უნდა, გული მწყდება, რომ ამ ბრძლაში სასტიკად დავმარცხდი. შეუძლია შუძლებელია, ამან უარყოფითი როლი არ შეასრულოს აჭარის საზოგადოებას ოცნების მიმართ განწყობაში. 

ამიტომ გაზეთის საშუალებით მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო ყველას, მათ შორის ჩემს თანამებრძოლებს ოცნებიდან,  პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ ჩემი შესაძლებლობა არ გახდა საკმარისი ამ რთული ბრძოლის მოსაგებად. რადგან პროკურატურა მაგრადაა დახელოვნებული წესების გარეშე ბრძოლაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია