მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ გადაუჭრეს კოდაში მცხოვრებ დევნილებს ბუნებრივი აირი? - 10 ივნისი 2016

"ვეხვეწებოდით, ჯერ გაგვარკვიეთ რა ხდება, საბუთი მოგვიტანეთ ამას რის საფუძველზე აკეთებთ-მეთქი და მაინც ჩაგვიჭრეს" 

myrights.ge

კოდის ე.წ. სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს ადგილობრივი პოლიციის დახმარებით ბუნებრივი აირი ჩაუჭრეს. მათ "ძველ დავალიანებას", ყოველთვიურ 15 ლარს ედავებიან, რომლის გადახდაზეც დევნილები უარს ამბობენ. მათი შეფასებით, კომპანიის მხრიდან ეს ნამდვილი რეკეტია, რადგან აღნიშნული დავალიანების წარმოშობას ისინი ვერანაირი დოკუმენტაციით ვერ ადასტურებენ. დევნილები შესაბამის სტრუქტურებს დახმარებისკენ მოუწოდებენ, ხოლო პროკურატურას გაზის უკანონოდ ჩაჭრაზე სამართლიან რეაგირებას სთხოვენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილელბობის შემთხვევაში, ისინი ცენტრალური გზის გადაკეტვას აპირებენ.  

ამ თმაზე, "ქრონიკა პლუსი" კოდის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ სვეტლანა ჩხვიმიანს ესაუბრება:

- კოდის ე.წ. სამხედრო ჩასახლებაში, მერვე კორპუსში ვცხოვრობთ, ასეთი სულ 10 საცხოვრებელია. ბუნებრივი აირი მერვე კორპუსშიც ჩაგვიჭრეს. 

- კონკრეტულად რა მოხდა? 

- იმით დავიწყოთ, რომ ადრე ჩვენთან ხელშეკრულება "ყაზტრანსგაზს" ჰქონდა, მერე ეს სისტემა "სოკარმა" შეისყიდა. "სოკარი" აქ ისე შემოვიდა, რომ ჩვენთან ხელშეკრულებები არ გაუფორმებია. გაზი ისე ჩაგვიჭრა, არც ერთი ოჯახი წინასწარ არ გაუფრთხილებია. 

ვეკითხებოდით, - აქამდე სახელმწიფო ხომ იხდიდა, ახლა ხომ არ არის რამე გადასახდელი, ჩვენზე, დევნილებზე რამე ანგარიში ხომ არ არის გამოწერილიო, სულ არა და არას გვპასუხობდნენ. 

2015 წლის მაისის თვეში შემოვიდა ქვითრები, რომელზეც ჩვენ მრიცხველზე არსებული დანახარჯი იყო აღიშნული. ამას ყოველთვიურად ოთხ რიცხვში აღწერენ, ქვითრები 22-ში მოაქვთ და 25-მდე ბოლო ვადა გვაქვს, როდესაც აბსოლუტურად ყველა ოჯახი დავალიანებას ვიხდით. 

უკვე დეკემბერში დავა დაიწყეს, - თქვენ ადრე დავალიანება გქონდათ, ის გაგიყავით (ჩვენთან შეუთანხმებლად) და ყოველთვიურად არსებულ დანახარჯზე დამატებით 15 ლარი გადაიხადეთო. 

რასაკვირველია, ამაზე ოფიციალური დოკუმენტი მოვითხოვეთ, საბუთი, რომ მე "სოკარ ჯორჯიას" რაიმე ვალი მაქვს. რეალურად, ასეთი დოკუმენტი არ არსებობს და დღემდე აქაურ მცხოვრებლებს არ მოგვიტანეს. 

იმ 15 ლარს გვედავებიან და ჩვენ დოკუმენტის გარეშე ფულს არ ვიხდით. რადგან ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ეს რეკეტია, მეტი არაფერი. ფაქტია, ამას არაოფიციალურად გვთხოვენ და გვაიძულებენ, რომ გადავიხადოთ. 

მით უმეტეს, ამხელა კომპანიაა "სოკარ ჯორჯია" და თავის გადაწყვტილებას ვერაფრით ასაბუთებს. 

რადგან დოკუმენტაციის გარეშე დამატებით 15 ლარს არ ვიხდით, მოვიდნენ და პირდაპირ ჩვენ კორპუსში შემოვიდნენ. აქ 19 ოჯახი ვცხოვრობთ და აქედან ხუთს ოჯახს ბუნებრივ აირის დახარჯვაზე დანაზოგიც კი გვაქვს. ზოგი ინვალიდია, შვილებთანაა, ზოგი ძალიან ცოტა გაზს ხარჯავს, სვანური ფეჩი უდგას და ფონს ასე გადის.  

აი ამ დანაზოგის მიუხედავად, მოვიდენ და აირის ცენტრალური შემოსასვლელი ე.წ. "სვარკით" გადაჭრეს. ასევე პოლიცია მოიყვანეს, მისი დახმარებით სრულად შეგვიწყვიტეს და ახლა 19 ოჯახიდან გაზი არც ერთს არ გვაქვს. 

ვიმეორებ, ხუთ ოჯახს ისიც კი არ დაუხარჯავს, რაც სახელმწიფომ ჩაგვირიცხა. ამ დროს ყველა გათიშულია. დანარჩენ 14 ოჯახს ყოველთვიური გადახდა აქვს და არც ერთი თეთრის დავალიანება ქვითარზე არ ეწერება. კაპიკ-კაპიკ ვიხდით და ეს მრიცხველშიც ასახულია. 

ასეთ გაურკვევლობაში ადგილობრივ გაზის კანტორაში მივედით. იქ კომპეტენტურ პასუხს არ გვცემენ. ორი წელია ოფიციალურ დოკუმენტს ვითხოვთ, არ გვაძლევენ.  

სამაგიეროდ, 6 პოლიციელი თავზე დაგვაყენეს, გვიყვირეს და გვიღრიალეს. ეს ყველაფერი, ვიდეოკადრები ტელეფონით გადაღებული გვაქვს. 

ვეხვეწებოდით, ჯერ გაგვარკვიეთ რა ხდება, საბუთი მოგვიტანეთ ამას რის საფუძველზე აკეთებთ-მეთქი და მაინც ჩაგვიჭრეს. 

- 15 ლარიან ძველ დავალიანებზე საბუთს რატომ არ იძლევიან?

- იმიტომ, რომ ეს თავიდან ბოლომდე აფიორაა, ასეთი დოკუმენტაცია არ არსებობს, რადგან ჩვენ კომპანიის ვალი არ გვაქვს. მსგავსი დავალიანება ბუნებაში არ არსებობს. თორემ "სოკარს" იმის საშუალება არ აქვს, რომ ოფიციალური დოკუმენტი მოიტანოს, რომ შენ ამდენი ვალი გაქვსო. 

პირადად მე და ჩემთან ერთად 19-მა ოჯახმა აღნიშნული საბუთი მოვითხოვე,  დღემდე არავინ მოგვცა. დავა სწორედ ამაზე მიდის, 

- მოთხოვნაზე მაინც რა პასუხს გცემენ?

- ადგილობრივ გაზკანტორაში გვპასუხობენ, - ჩვენი ზემდგომები მცხეთაში არიან და ისინი არ გვაძლევენო. ამიტომ განვაცხადეთ, რომ პრობლემაზე უკვე მეორედ პროკურატურას მივმართავდით. ერთხელ ეს საქმე გასაჩივრებული გვაქვს - ვითხოვთ ბეჭდით ან ხელმოწერით მაინც დამოწმებულ დოკუმენტს, რომ ვინმეს ვალი გვაქვს. 

- ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს, ზემდგომებმა ელფოსტით გვიბრძანეს, რომ მიდით და ბუნებრივი აირი მოსახლეობას ჩაუჭერითო, - ეს არის მათი განმარტება. იქამდე მივიდნენ, რომ ჩვენ წინააღმდეგ პოლიცია გამოიძახეს. 

თავის მხრივ პოლიციას ვეხვეწეთ, - ოფიციალურად საქმის კურში ჩაგვაყენეთ, რომ მართლა ვალი გვაქვს, თქვენ ხომ სამართალდამცველები ხართ-მეთქი. მაგრამ პოლიციაც მათ მხარეზე დადგა და ისევ არანაირი საბუთი არ მოგვიტანეს. 

ხალხო, ჩვენ ამისთანა უკანონოს რას ვითხოვთ? 

- გაზზე შეღავათები 2014 წლამდე გქონდათ? 

- ამ საკითხზე იურიდიულად ჩვენ ვერაფერს დავადასტურებთ. ადრე მოდიოდა კობა სუბელიანი და გვეუბნებოდა, - ჩვენ ვიხდით თქვენი დახარჯული აირის საფასურს, საშუალოდ ორმოცდახუთ ლარსო. ყველა ოჯახის დანახარჯს დავაკვირდით, ეს საშუალოდ 45 ლარი გამოვიდა და ამდენს ყოველთვიურად გინაზღაურებთ, თქვენ კაპიკი არ გაქვთ გადასახდელიო. ასე ვიყენებდით ამ გაზს. 

როცა ქსელი "სოკარმა" იყიდა, აქაურ ქალებს ვეჩხუბე, წადით ადგილობრივ ოფისში და ნახეთ, რამე გადასახდელი ხომ არ გვაქვს-მეთქი. ეტყობა გული მიგრძნობდა, რომ ასეთი სრული გაუგებრობა მოხდებოდა ჩვენ თავს. 

ასევე მათ ვკითხე, რომ დადიხართ და მრიცხველებს ცვლით, რამე გადასახდელი ხომ არ იქნება-მეთქი. 

- ქალო, არაფერი გადასახდელი არ არის, წადი სახლში, დაჯექი, სხვა საქმე არ გაქვსო, - ადგილობრივი სადგურიდან, გაზკანტორიდან მუდმივად ასეთი პასუხი გვესმოდა ჩვენ დასმულ კითხვაზე. 

მაგრამ ჩვენ უვიცები არ ვართ. ამიტომ კონკრეტულ საბუთს ვითხოვთ, რომ გვაქვს ვიღაცის ვალი - მამაჩემის, დედაჩემის თუ ბაბუაჩემის. ვიხდი, ოღონდ მანამდე ამ ვალის დამადასტურებელი რაიმე საბუთი ხომ მინდა?

ხაზს ვუსვამ, 2015-მდე არაფერი არ ხდებოდა, ამ წლის დეკემბერში მოგვადგნენ, რომ უკვე გადასახდელი გაქვთო. 

- ბოლოს მიმდინარე ქვითრებზე დავალიანება არავის ჰქონია? იმ ძველი 15 ლარის გარეშე თანხას ვგულისხმობ...

- არა, ყოველთვიური დანახარჯზე, 2014 წლის მეთერმეტე თვის ქვითარიც კი აგერ ხელზე გვაქვს, სადაც არანაირი დავალიანება არ არის მითითებული. წერია მიმდინარე დავალიანება, კონკრეტული ციფრია მითითებული, რომელსაც ყოველთვიურად პატიოსნად ვფარავთ. ყოველი შემთხვევისთვის, ამ ქვითრებს ვინახავთ კიდეც.

გეფიცებით, კორპუსის 19 ოჯახიდან ამის ზემოთ დავალიანება არავის არ აქვს. მათ შორის, როგორც უკვე გითხარით, ხუთ ოჯახს დანაზოგიც კი გვაქვს. გადახდა ყოველი თვის 25 რიცხვამდე ხდება. ლუკმას დავიკლებთ და ვალს ისე გადავიხდით.  

ამიტომ ამ ყველაფერს რეკეტს ვუწოდებთ.  

- თავის დროზე "სოკარისთვის" გადაცემა გასაგებია, მაგრამ სახელმწიფომ თქვენი, როგორც დევნილების დანახარჯი რატომ აღარ დაფარა? 

- არ მინდა რამე არასწორად ვთქვა, მაგრამ 2013 წელს ენერგეტიკის მინისტრი კალაძე ტელევიზორში გამოვიდა და განაცხადა, რომ თქვენი ერთწლიანი ვალი არეშიძემ გადაიხადაო. ეს ამბავი სიტყვა-სიტყვით ითქვა. 

ამიტომ შემდეგ წელს არავინ არ მოგვადგა. ხომ შეიძლებოდა ვიღაც მოსულიყო წლის განმავლობაში და ეთქვა, რომ ვალი გაქვსო, ასეთი რამ არ ყოფილა. 

- რომელ არეშიძეზეა საუბარი, ვინც მაშინ დავალიანება დაფარა? 

- თუ არ ვცდებით, ენერგეტიკის მინისტრის სიძეზე, გიორგი არეშიძეზეა საუბარი. განცხადება კალაძემ 2013 წელს გააკეთა, წლევანდელი თანხა გადახდილია, თქვენ ამაზე არ ინერვიულოთო. შემდეგ წელს არავის შევუწუხებივართ, მშვიდად ვიყავით. 2015 წლის მაისიდან ქვითრები მოგვივიდა და ამის მიხედვით ყველა ვიხდით.

- კალაძის სიძე რა შუაში იყო ამ დავალიანების დაფარვასთან? 

- ვერ გეტყვით, ტელევიზორშიც იყო ეს ამბავი. სიმართლე გითხრათ, ამ ამბებისგან შორს ვართ და ღმერთო გვაპატიე, რაიმე აუგს ვერც კალაძეზე ვიტყვით და ვერც  მის სიძეზე, პირიქით, მაშინ კარგი საქმე გაგვიკეთეს. ამას ჩვენ ხომ არ ვიგონებთ. 

- მაგრამ შემდგომში დევნილთა შეღავათი რატომ გააუქმეს? 

- დიახ, ამაზე ნაციონალებმა დაგვცინეს კიდეც, - აი ჩვენ ვიხდითით თქვენს დავალიანებას და ქართული ოცნება არაფერსაც არ გინაზღაურებთო. ქართულ ოცნებაში კი ლაპარაკობენ, რომ ნაციონალებმა თავის დროზე მოგატყუეს, არაფერსაც არ იხდიდნენ, ეს თანხები ვალად ეწყობოდა, ნელ-ნელა გროვდებოდა და ილექებოდაო. 

ახლა რომელს დავუჯეროთ, ესეც აღარ ვიცით. რეალურად, ეს ყველაფერი ჭორის დონეზე და საქმის არსში დაზუსტებით ვერ გავრკვეულვართ. ფაქტია, რომ კობა სუბელიანი გვიხდიდა და მერე ეს დახმარება გაუქმდა. მათ ნალაპარაკევზე კი დაზუსტებულ პასუხს ვერ გაგცემთ. 

- რას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ? 

- დღეს აგერ შეკრებილები ვართ, თეთრიწყაროდან პარტიული წარმომადგენელიც მოსულია. როგორც კერძო პირი, ცენტრალურ ოფისში პასუხის მისაღებად შევუშვით. მერე არ გავჩერდებით, თუ არ მოგვხედეს, დავლუქავთ შენობას და თანამშრომლებს სამსახურში არ მივუშვებთ. გარწმუნებთ, რომ ეს აუცილებლად მოხდება. 

თუ საქმეს ამანაც არ უშველა, მრიცხველები არ ჩაგვირთეს და ის მატყუარა 15 ლარი არ გაანულეს, მაშინ ცენტრალურ გზას გადავკეტავთ და ისეთ ამბებს მოვუწყობთ, რომ ეს მოგონილი იქნება. აქ 447 ოჯახზეა საუბარი და ბოლომდე ვიბრძოლებთ. აქ ისეთები ვართ, უსამართლობას არ შევეგუებით. 

ჩვენ ომგადახდილი ხალხი ვართ და უკან დახევა არ გვჩვევია. ამ დროს 15 ლარზე და ელემენტარულ კაპიკებზე მიდის საუბარი, რომლის წარმოშობასაც რეალურად ვერავინ ამტკიცებს. 

- მსგავსი პრობლემა დასახლების სხვა კორპუსებშიც დგას? 

- დიახ, მთლიანობაში 447 ოჯახს დააწერეს ეს ყოველთვიური 15 ლარი. მაგრამ ხომ იცით, როგორც ხდება. ვიღაც გაზკანტორაში მუშობს, ვიღაცამ გაირბინა და ის 15 ლარი გადაიხადა. და ამის შემყურე ჩვენ გვაწვებიან, - თქვენ ამას რატომ არ იხდითო. 

მე არ გადავიხდი. კრიმინალური წარმოშობის 15 ლარს არავის მივცემთ ჩვენი კორპუსიდან.

- პარტიული წარმომადგენელი ახსენეთ; რომელი პარტია გიჭერთ მხარს?

- ყველა პარტია თანადგომას გვიცხადებს, მათ შორის ქართული ოცნებაც. ასევე ირმა ინაშვილის პატრიოტთა ალიანსი, აგერ მათი თეთრიწყაროელი წარმომადგენელი, ლიპარტელიანი არის მობრძანებული ჩვენთან. გვეხმარება, რომ გაგვარკვიოს საქმის არსში და ამ ტყუილებიდან გამოსავალი მოვძებნოთ. 

ეს ჯერ დასაწყისია. გუშინ ჩვენ ძალიან გვანერვიულეს, პოლიციასთან ერთად რომ მოვარდნენ და გაზი ჩაგვიჭრეს. ყველას ფეხზე დავაყენებთ, დიდსა და პატარას. 

- ადგილობრივი ფილიალის გარდა, ცენტრალურ ოფისს ხომ არ დაკავშირებიხართ? 

- აფხაზეთის სამინისტროდან რუსთაველი წარმომადგენელი მივუგზავნეთ. ის დაიბარეს ცენტრალურ ოფისში, რომელიც მცხეთაში ჰქონიათ. მივიდა იქ და ოფიციალური დოკემენტი მასაც ვერაფრით გამოატანეს. 

- გამოსავალი სად არის? 

- თუ ეს ცრუ 15 ლარი ობიექტურად ჩამოწერილი არ იქნება, მაშინ ჩვენ უკვე შესაძლებლობის მაქსიმუმს გამოვიყენებთ - გზასაც გადავკეტავთ და ძალიან დიდი პროტესტი იქნება. ჩვენი გამოსავალი ეს არის, სხვა გზას უბრალოდ არ გვიტოვებენ. 

ველოდებით ოფიციალურ საბუთს ჩაგვაბერებენ თუ არა და ამის მიუხედავადაც, მთავარ პროკურატურაში ვწერთ საჩივარს. რაზეა საუბარი, 83 ლარის დანაზოგი მქონდა და არავითარი უფლება არ ჰქონდათ, მაგალითად, ჩემთვის გაზი ჩაეჭრათ. თეორიულად, მრიცხველი შეიძლება იმისთვის ჩაეჭრათ, ვისაც ვალი ექნებოდა. 

მაგრამ ხაზს ვუსვამ, ამ წუთში "სოკარს" ამ კორპუსში მევალე არ ჰყავს, თითოეული ოჯახს ვალს ბოლო თეთრამდე ვიხდით. ამიტომ არც გაზის გადაკეტვას მოვერიდებით და არც პროტესტის სხვა ფორმას. ხოლო პროკურატურას ჩვენი შელახული უფლებების აღდგენას მოვთხოვთ.  

ამ პრობლემატიკაზე, ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა შემდეგი განმარტება მოგვაწოდა:

- კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ 2014 წლის ბოლოს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შესთავაზა არსებული დავალიანების დაფარვის უპრეცედენტო პირობები. 

კერძოდ, ძველი დავალიანების რესტრუქტურიზაციის შედეგად, თვეში 15 ლარის გადახდის შემთხვევაში მათ არ შეუწყდებოდათ გაზმომარაგება. 

რაც შეეხება აღნიშნულ დავალიანების წარმოშობაზე დოკუმენტაციის წარდგენას, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ ვალდებულია, აბონენტის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ამონაწერი ბილინგის სისტემიდან. ამომწურავი ინფორმაციის მიღება აბონენტს შეუძლია კომპანიის ცხელ ხაზზე 16114.

ამასთან, მომხმარებელსა და გამანაწილებელ კომპანიას შორის ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2009 წლის 9 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესით“.  

შესაბამისად, მომხმარებელმა საკითხის დეტალურად შესწავლისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა მიმართოს „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას“.

თეონა რუხაძე, კომპანია „სოკარ ჯორჯიას“ მარკეტინგისა და კომუნიკაციების სამსახურის უფროსი: 

- ყოველთვიური 15 ლარი ძველი დავალიანებაა, რომელიც კოდაში აღნიშნულ აბონენტებს ჰქონდათ. ეს თანხა თვეების განმავლობაში ჰქონდათ დაგროვილი. რადგან ვერ იხდიდნენ, კომპანიამ ასეთი შეღავათი გააკეთა, ყოველთვიურად 15-15 ლარებით ვალის დაფარვა მოითხოვა.  

ამას მიმდინარე თვის დავალიანება ემატება. ამის გადაუხდელობის შემდეგ, გაზის მიწოდების შეზღუდვა მოხდა. 

რაც შეეხება თავიანთი ბარათების, დამადასტურებელი დომუმენტების ამოღებას, ამისთვის შეუძლიათ კოდაში სპეციალურად გახსნილ სერვის-ცენტრში მივიდნენ. მოითხოვონ პირადი ბარათი, სადაც აღნიშნულ გადახდებს ამოუბეჭდავენ და მისცემენ. გაზიფიცირების დღიდან მოყოლებული შეუძლიათ მთლიანი ისტორია ამოიღონ და ნახონ - დარიცხვის, გადახდის და მათ შორის დაგროვილი ვალის შესახებაც.   

მურად აბლოთია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი:

- 2008 წლის აგვისტოს ომის ყველა დევნილ ოჯახს, 2014 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, დავალიანება სრულად დავუფარეთ. გარდა ამისა, 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერში და 2015 წლის იანვარ-თებერვალში ყოველთვიური დახმარება, 50-50 ლარი გამოვუყავით. ისევ 2008 წლის დევნილებისთვის, სადაც კი ბუნებრივი გაზი იყო. 

გარდა ამისა, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც 70 ათასზე ნაკლები ქულა ჰქონდათ, დამატებით ორასლარიანი ვაუჩერები მივეცით იმისთვის, რომ ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადი გადაეხადათ. 

2015 წლის შემდეგ, ჩვენი სამინისტროსა და ენერგეტიკის სამინისტროს შუამდგომლობით „სოკარ გაზმა“ მათ მიერ დაგროვილი დავალიანება გადაუნაწილა. თვეში მხოლოდ 15 ლარის გადახდა უწევდათ ძველი ვალიის დასაფარად. 

ამასთან დაკავშირებით განმარტებები როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე „სოკარის“ მხრიდან გაკეთდა. წინასწარ ახსნა-განმარტებითი სამუშაო იყო ჩატარებული. დღესაც „სოკარის“ რეგიონული იურისტი, მიხეილ კაკაბაძე, ნებისმიერ დროს, დილის ათი საათიდან საღამოს ექვს საათამდე კოდაში, ადგილზეა, რომ ყველა საკითხი განმარტოს, - კონკრეტულ აბონენტებზე დავალიანების წარმოშობა ა.შ.

ასე რომ, ინფორმაციული თვალსაზირით პრობლემა, თუ საიდან აქვთ ეს დავალიანება, იქ აგილზე არ არსებობს. ამის გაგება მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ქვითრები მუდმივად მისდიოდათ.      

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია