მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სასამართლო, პროკურატურა და საჯარო რეესტრი დანაშაულს ფარავენ? - 15 ივნისი 2016

"მე ვარ უვიცების, თაღლითების და სამარცხვინო ქვეყნის მოქალაქე"

myrights.ge

"კორუმპირებული და უპასუხისმგებლო თანამშრომლებით დაკომპლექტებული სამართალდამცავთა სისტემა, მრავალი წელია, საზოგადოებაში სრულ უნდობლობას იწვევს. მაგრამ მაინც არიან ისეთი პიროვებები, რომლებიც თვლიან, რომ საქართველო არ არის ჩალით დახურული, რომ კანონი უზენაესია და უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად. ჩემი მამა გერმანულ ფაშიზმს ებრძოდა და გაიმარჯვა, მე კი ქართული ფაშიზმის წინააღმდეგ ვიბრძვი", - აცხადებს "ქრონიკა პლუსთან" ინტერვიუში ქალბატონი მანანა რისბერგი.

"ქრონიკა პლუსი" მანანა რისბერგს ესაუბრება.

- უკვე ათი წელია დავდივარ მცხეთა-თბილისის სასამართლოებსა და პროკურატურაში. იმიტომ, რომ საქმე მაქვს დიპლომიან უვიცებთან და თაღლითებთან. ისინი ერთმანეთს კარგად იცავენ და მფარველობენ. სამკვიდრო ქონების მისაღებად სანაქებო ადვოკატს, ანზორ ჩოჩიშვილს მივმართე. მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც ტექბიუროს არქივში, ასევე სახელმწიფო ეროვნულ არქივში ყველა ინფორმაცია მოვიძიე.

- რა ინფორმაციაზეა საუბარი?

- 2004 წლის 08 აპრილს არქივიდან მამის კუთვნილი ქონების საარქივო ამონაწერი და საკომლო ჩანაწერი მივიღე. გაირკვა, რომ მამას, ზაქარია ხიტალიშვილს, 1950 წლის 23 იანვარს, მცხეთის მშრომელთა დეპუტატების სადაბო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მიეცა მისი სიმამრის მიწის ჩამონაჭერი 920 კვ/მ. 1954 წელს ააშენა 0.02 კვ/მ. სახლი, 0.07 კვ/მ. მიწის ნაკვეთზე. 

1955-57 წლებში ჩვენი ოჯახი (ოთხი წევრისგან შემდგარი) კომლად აღვირიცხეთ, ოჯახის უფროსი კი მამაჩემი იყო. ამასთან, მცხეთის ტექბიუროს არქივში აღმოჩნდა ხელშეკრულებები - 1962 წ. 24.12 რ. 2238 და 1963 წ. 07.02. რ. 262. 

ამის საფუძველზე სრულიად მოულოდნელად, გაურკვეველ სიტუაციაში აღმოვჩნდი. თურმე დედას მის თაღლით დებზე, გულჩორა და ქალთამზე მრევლიშვილებზე 1962 წელს თითო ოთახი გაუჩუქებია. თაღლითი ნოტარიუსი ანნა ჯოხაძე დედას აწერინებს ხელწერილს, რომ ნუნუ ხიტალიშვილს ქმარი არა ჰყავს და ეს გარემოება მისმა დებმა იციან. ამ დროს დედა კანონიერ ქორწინებაში იყო და ორი შვილი ვყავდით. 

ვინაიდან ყველა გარდაცვლილი იყო, მე მივენდე ადვოკატს და მისი კონსულტაციით დოკუმენტის მოძიებას ვაწარმოებდი. 

სწორედ 2006 წელს, სასამართლო სხდომაზე, მოსამართლე ეკატერინე ყანჩელის მონაწილეობით დამავალეს, რომ გარდაცვლილ დეიდებზე სამართლებრივი რეგისტრაცია მომეხდინა. 2006 წლის 4 აპრილს მიღებული იქნა გამგეობის დადგენილება #165, რომ  გარდაცვლილ დეიდებს, გულჩორა და ქალთამზე მრევლიშვილებს უპროექტოდ აუშენებიათ საცხოვრებელი სახლი აღმაშენებლის ქ. #66-ში. 

მე ვერ ვერკვეოდი რას ნიშნავდა მათზე სამართლებრივი რეგისტრაცია და მივიღე მეორე ყალბი დოკუმენტი, რომელიც მე ადვოკატმა დამარეგისტრირებინა. სინამდვილეში, სახლი არ არსებობს.

- როგორ გაგრძელდა ეს პროცესი?

- 2006 წლის 12 იანვრიდან რამდენიმე პროცესი ჩატარდა. 11 აპრილს ადვოკატის მითითებით საჯარო რეესტრში სამი დოკუმენტი დავარეგისტრირე:

1. მცხეთის სახ. არქივის ამონაწერი - 08.04.2004 წ.

2. 1962 წ. 24 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულება - რ. 2238.

3. მცხეთის გამგეობის დადგენილება - 2006 წ. 04 აპრილი #165.

სამი ურთიერთსაწინააღმდეგო დოკუმენტი მივიღეთ. ადვოკატმა მითხრა, ვინაიდან არსებობს ჩუქების ხელშეკრულება, ვისიც სახლია, მიწაც იმას ეკუთვნისო. ასე დარეგისტრირდა მამის კუთვნილი ქონება გარდაცვლილ დეიდებზე, 1955-57 წლების საკომლო ჩანაწერით. 

2006 წლის 14 ივნისს მივიღე გაუთხოვარი დეიდის, გულჩორა მრევლიშვილის ბინის 2/3 წილი, რომელიც საჯარო-რეესტრში ჩემს საკუთრებაში დარეგისტრირდა. ბინის 1/3 წილი  დეიდაშვილის გარდაცვლილ დედაზე, ქალთამზე მრევლიშვილზე დარეგისტრირდა. 

2006 წლიდან  2008 წლის ჩათვლით, ადვოკატი ჩემი, როგორც დეიდის მემკვიდრის უფლებებს იცავდა; ვიდრე მცხეთის მოსამართლემ, სამართლიანმა და უაღრესად მიუკერძოებელმა სოსო ღურწკაიამ ანზორ ჩოჩიშვილს განუმარტა, რომ მან არასწორად წარმართა სამკვიდრო მოთხოვნა, - მე და ჩემი და დეიდის კი არა, ჩვენი მშობლების მემკვიდრე და თვითონ მართლზომიერი მფლობელები ვიყავით.

მიწის ნაკვეთი რეალურად არის 1327 კვ/მ, რეესტრში კი საკომლო ჩანაწერით 900.00 კვ/მ მიწა დარეგისტრირდა. 2009 წლის 10 თებერვალს, ნოტარიუსთა პალატიდან ვერ მივიღე 1986 წლის 18 ოქტომბერს გარდაცვლილი მამის, სამკვიდროს მიღების ჩანაწერი. პასუხად იყო, რომ არ იძებნება რეგისტრირებული ჩანაწერი. ხოლო 2012 წლის 23 მარტს დოკუმენტი ადგილზე  აღმოჩნდა. 

ვფიქრობ, ასეთი დაფარვა შეგნებულად გაკეთდა, როგორც ანზორ ჩოჩიშვილის, ასევე ირმა მრევლიშვილის ადვოკატის, გიორგი უსუფაშვილის მხრიდან. 

2009 წლის 13 თებერვალს, თბილისის ნოტარიუსის მხრიდან სამკვიდროს მისაღებად კანონით დაგენილი ვადის გაგრძელებაზე უარი მეთქვა, რის შემდგომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე. 2009 წლის 22 მაისს, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (ჩემი სამი დედმამიშვილის თანხმობით) სწორედ 2004 წლის 08 აპრილის საკომლო ჩანაწერით, მამის, ზაქარია ხიტალიშვილის სამკვიდრო ქონება (მდებარე ქ. მცხეთა დ. აღმაშენებლის ქ. 66-ში (ყოფ. სტალინის ქ. #11) მივიღე. 06.07.2009 წელს გაიცა სამკვიდრო მოწმობა. 

როდესაც ყველა საჭირო დოკუმენტი რეგისტრაციისთვის მცხეთის საჯარო-რეესტრში წარვადგინე, 29 ივლისის გადაწყვეტილებით უარი მეთქვა. რადგან სახელმწიფო არქივის ამონაწერი უკვე გარდაცვლილი გულჩორა და ქალთამზე მრევლიშვილების უფლებით დარეგისტრირდა. ე.ი. მათზე კუთვნილი აღმოჩნდა სამი საცხოვრებელი სახლი. 

ადვოკატს და მოსამართლეებს სამი წლის განმავლობაში უნდა სცოდნოდათ თუ არა სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლი? ამ კანონის თანახმად, კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან იხსნება. კომლის ბოლო წევრები კი მე და ჩემი და ვართ. ადვოკატმა ანზორ ჩოჩიშვილმა არც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება იცოდა (#252, 2007 წლის 15 სექტემბრის)? რომ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტია საკომლო წიგნიდან ამონაწერი. 

- რა გააკეთეთ?

- სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მივმართე შს მცხეთის სამმართველოს და მოვითხოვე ირმა მრევლიშვილის გამოსახლება ჩემი კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან. 25 ივლისს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ნანა ნასყიდაშვილმა შეადგინა გასაუბრების ოქმი, რა დროსაც აღინიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით მე მამის, ზაქარია ხიტალიშვილის ერთადერთი მემკვიდრე ვარ. 

2008 წლის დეკემბრის თვის საჯარო რეესტრის ამონაწერით, ისევ ბინის 2/3 წილის მესაკუთრე ვიყავი. 2009 წლის 12 აგვისტოს, ირმა მრევლიშვილის ადვოკატმა ნონა ოტიაშვილმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ. ადვოკატმა გამიზნულად, ხელოვნურად შექმნა ცრუ ჩვენება, რომ 2009 წლის 22 მაისს, #2/2017-09 საქმეზე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჩემი სარჩელი დარეჯან რისბერგის მიმართ და მე ცნობილი ვიქენი მემკვიდრედ და მესაკუთრედ გულჩორა მრევლიშვილის სამკვიდრო ქონებაზე ქ. მცხეთაში დ. აღმაშენებლის ქ. #66-ში. თაღლითობაც გამიგონია და ცილისწამებაც, მაგრამ ასეთი ძალადობა არ მსმენია.

ირმა მრევლიშვილის მეორე ადვოკატმა გიორგი უსუფაშვილმა მიიღო ჩემი მოთხოვნილი განცხადება, თანდართული მასალები (27.08.09 წელს) შს მცხეთის სამმართველოდან, სადაც უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ნანა ნასყიდაშვილის ოქმი იყო. ვიცით, რომ ადვოკატმა მისი მარწმუნებლის უფლებები უნდა დაიცვას, მაგრამ მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძე რას ფიქრობდა? რამდენი თანხა გადაუხადა ირმა მრევლიშვილმა იმ განჩინებისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა? ნუთუ მხედველობაც და აზროვნებაც დაუქვეითდა, რომ ბინაზე გამოგვიგზავნა სამარცხვინო განჩინება 01.10.2009 წელს, - თურმე მე 2009 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით მიმიღია მემკვიდრეობა გულჩორა მრევლიშვილის სამკვიდრო ქონებაზე ქ. მცხეთა, დ. აღმაშენებლის ქ. #66-ში. გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნას ცნობილი, ვინაიდან ირმა მრევლიშვილი გულჩორა მრევლიშვილს მეორე რიგის მემკვიდრეს წარმოადგენს, სადავო ბინაში ცხოვრობს და სასამართლოში განხილვაში მხარედ მოწვეული არ იყოფილა. 

ასეთი სამარცხვინო მოსამართლე ნეტავ რა ოჯახში გაიზარდა, ან თვითონ მამას და დეიდას ვერ ცნობს? თუ მე არ ვიცი, მცხეთაში ვისი ქონება მოვითხოვე და თბილისში ვისი? 

2013 წლის 25 მარტს, #147 ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მაცნობა, რომ 2009 წლის 22 მაისის #2/2017-09 გადაწყვეტილება, რომელიც ეხება გულჩორა მრევლიშვილის საცხოვრებელ სახლზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობას, არ მოიპოვება. ე.ი. მოსამართლის ფაქტის გაყალბება და თაღლითობა, მიკერძოება დამტკიცდა. 

11 დეკემბრის განჩინებით, ირმა მრევლიშვილის განცხადება დაკმაყოფილდა. გავასაჩივრე, მაგრამ ჩემი სარჩელი სააპელაციომ არ დააკმაყოფილა. ირმა მრევლიშვილის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დალი აბჟანდაძემ დამიბარა და განაცხადა, რომ ირმა მრევლიშვილი წარმოადგენს მოპასუხეს, ვინაიდან გადაწყვეტილება მის კანონიერ უფლებებს ეხება. ამიტომ ჩემს სამ დედმამიშვილთან ერთად, სამკვიდროს მიღებულად აღიარების თაობაზე მოპასუხედ ირმა მრევლიშვილი უნდა ჩამერთო. ირმა მრევლიშვილს არც სინდისი გააჩნია და არც თავმოყვარეობა. მაგრამ მოსამართლე დალი აბჟანდაძეც როგორ დაეცა სულიერად, რომ მთხოვა მისი ჩართვა მამაჩემის სამკვიდროში? 

ხალხო, ღმერთი აღარ სწამთ, ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, რა უნდა უკანონო დეიდაშვილს ჩემი მამის, ზაქარია ხიტალიშვილის სამკვიდროში, ჩემს დედმამიშვილებთან? ასეთმა ადვოკატებმა და მოსამართლეებმა როდემდე უნდა დაგვცინონ, წარმოუდგენელია. 

მისი თაღლითი ადვოკატი, გიორგი უსუფაშვილი ამტკიცებდა, რომ ეს სახლი ირმა მრევლიშვილის დედ-მამის აშენებულიაო. მე შევეკითხე, - იცით, რომ მას მამა არასდროს არ ჰყოლია და სახლი 1954 წელს  მამაჩემის აშენებულია, როდესაც მისი დედა 17 წლის იყო; 1957 წელს გათხოვდა და შვილიც ჰყავდა კანონიერ ქმართან. არ ჯობია დაეხმაროს ადვოკატი და მისი შემქმნელი იპოვოს, მამაჩემს თავი დაანებოს. სამარცხვინოა, აქ რისთვის დამიბარეთ, კიდევ კარგი ჩემი დედმამიშვილები ამ სისაძაგლეს არ ისმენენ-მეთქი. 

მაგრამ რა გინდა, მოსამართლე დალი აბჟანდაძემ მოპასუხეთა წრეში უკანონოდ ირმა მრევლიშვილიც მიუთითა. საზოგადოებას სრულ სიმართლეს გადმოვცემ. ასეთი შეურაცხყოფა როგორ შეიძლება, მოსამართლე ნანა კალანდაძემ ხომ მამის მემკვიდრედ მაღიარა ჩემი დედმამიშვილების თანხმობით? განა რა თანხა გადაიხადა ირმა მრევლიშვილმა, რომ ასეთი სისაძაგლე ჩაიდინეს მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძემ და ლალი აბჟანდაძემ? 

უფრო მეტად აღმაშფოთებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განმარტება, სადაც გვარსაც არ მიუთითებენ მოსამართლის, - დისციპლინური სამართალწარმოება კონფიდენციალურია და სახელმწიფო მოხელეები ვალდებულნი არიან დაიცვან ინფორმაციის საიდუმლოება. ე.ი. ეს მათთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით კეთდება. 

მე კი ასეთ მოსამართლეებსა და ადვოკატებს ასე ვეტყვი: "შეჩვენებული იყავით ჩემი წვალებისათვის თქვენ და თქვენი ოჯახები და ასევე მამაჩემის შეურაცხყოფისთვის"... იმიტომ ებრძოდა ფაშიზმს მამა, რომ მისი შვილები ასე დაამციროთ და ქონება წაართვათ? თქვე თაღლითებო და უნამუსოებო.

2011 წლის 25 ნოემბერს, ირმა მრევლიშვილი მის დედაზე და დეიდაზე ცნობებს იღებს. დედაზე ბინისა და მიწის 1/3 წილი, ხოლო დეიდაზე მიწის 2/3 წილი ირიცხება.

2006 წლის 11 აპრილს, საჯარო რეესტრში ადვოკატ ანზორი ჩოჩიშვილის მითითებით სამი დოკუმენტი დავარეგისტრირე. გარდაცვლილებს 1962 წლის 24 დეკემბერს ჩუქების ხელშეკრულებით მიუღიათ თითო ოთახი, 2006 წლის 4 აპრილს #165 მცხეთის გამგეობის დადგენილებით, უპროექტოდ აუშენებიათ კიდევ საცხოვრებელი სახლი და 1954 წელს მამაჩემის, ზაქარია ხიტალიშვილის მიერ აშენებული სახლი საკომლო ჩანაწერის მიხედვით. ე.ი. მივიღეთ სამი სახლი. ნოტარიუსმა მანანა მაჩხანელმა გასცა სამკვიდრო მამკვიდრებელ გულჩორა და ქალთამზე მრევლიშვილებზე, მემკვიდრე ი. მრევლიშვილზე 06.12.2011 წ. ე.ი. მემკვიდრეობა მიიღო 1962 და 1955-57 წლების დოკუმენტებით.  მისი დედის, დეიდის, ჩემი დედ-მამის და ჩემი და ჩემი დის კუთვნილი დოკუმენტი 2004 წლის 08.04 სახელმწიფო არქივის ამონაწერი საკომლო ჩანაწერით. ასე აღმოვჩნდით ცოცხლები საკომლო ჩანაწერით სამკვიდრო მოწმობაში. 

2012 წლის მაისში მე და ჩემმა დამ სარჩელით მცხეთის სასამართლოს მივმართეთ. 1962 და 1963 წლების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა მოვითხოვეთ. ირმა მრევლიშვილის სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა. ჩვენი მესაკუთრედ აღიარება აღმაშენებლის 66–ში მდებარე ქონების მიწის ნაკვეთზე (900,00 კვ.მ.) და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე (მამაჩემის, ზაქარია ხიტალიშვილის 1955-57 წლების საკომლო ჩანაწერის მიხედვით, რითაც ჩვენ მართზლომიერი მესაკუთრეები ვართ). 

ნოტარიუსმა მანანა მაჩხანელმა წარადგინა შესაგებელი, რა დროსაც გაირკვა, რომ მან აღიარა მის მიერ დაშვებული შეცდომა სამკვიდრო მასაში 1/3 წილთან ერთად და მიუთითა 2/3 წილის მთელი ქონება. არადა მას უნდა მიეთითებინა მხოლოდ 2/3 წილის მიწა. მან აღიარა თავისი შეცდომა, რომ მას მექანიკურად გამორჩა სიტყვა მიწა და უნდა ყოფილიყო ამავე ქონების მიწის 2/3 წილი. როგორ ფიქრობთ, ამ ნოტარიუსმა სინამდვილეში შეცდომა დაუშვა? თუ მან მიკერძოებით, შეგნებულად გასცა ბინაზეც 2/3–ში ქონების კუთვნილება, მაგრამ მოსამართლე დიანა გოგატიშვილმა არც ეს ვითომ მექანიკური შეცდომა არ გაითვალისწინა და ბათილად არ სცნო სამკვიდრო მოწმობა. მე კი ასე განმიცხადა: არაუშავს, იყავი მაგ სამკვიდრო მოწმობაში შენი დოკუმენტით რეგისტრირებულიო.

დღემდე მე და ჩემი და ვერ ვუმტკიცებთ ვერც სასამართლოს და ვერც პროკურატურას, რომ ვართ ცოცხლები და რატომ მიაკუთვნეს ჩვენი კუთვნილი საკომლო ჩანაწერი გარდაცვლილებს? ეს გააკეთა როგორც საჯარო რეესტრმა, ასევე სასამართლომ.  

მცხეთის პროკურორთან, ნაზი მირიანაშვილთან 2012 წელს ჩემი 300 ფურცელი დოკუმენტაცია წარვადგინე, რომ დაწყებულიყო გამოძიება. მაგრამ ეს დაურთო ს.ს. საქმეს და შეწყვიტა იგი. დარღვევებით გამოწვეული დანაშაულები დაფარა. რადგან სასამართლომ უკვე იმსჯელა და ეჭვი არ შეუტანია რაიმე დარღვევებზეო. ე.ი. მოსამართლე დიანა გოგატიშვილის აზროვნებით და მიღებული გადაწყვეტილებით მსჯელობს პროკურორიც. მე თურმე არც დეიდის მემკვიდრე ვყოფილვარ და არც მამის. სამაგიეროდ გარდაცვლილებთან ერთად ვართ ჩვენი კუთვნილი დოკუმენტებით რეგისტრირებულები.

ქ. მცხეთის შ.ს. სამმართველოში 2006 წელს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ყალბი დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქ. ს.ს.კ. 262-ე მუხლით. რომელიც ნოტარიუს მანანა მაჩხანელს ეხებოდა. ყველამ კარგად ვიცით რა უსამართლო ქვეყანაში მოგვიწია ბრძოლა. მაგრამ არ ვიცი იმასაც თუ ვერ დავამტკიცებდი, რომ ცოცხლებს რა გვინდა გარდაცვლილებთან? ეს ჩვენი ქვეყნის დაცინვაა, თუ ვისთან გვაქვს საქმე? სად ვეძებოთ სამართალი, როდემდის?

- რა გამოხმაურება მოყვა ამ საქმეს?

- 2015 წელს (09.04.) ეთიკის კომისიამ განიხილა ადვოკატ ანზორ  ჩოჩიშვილის ჩადენილი ქმედება. სწორედ მისი მოქმედების შედეგად მოწინააღმდეგე მხარემ მიიღო ჩემი კუთვნილი სახლი და მიწის ნაკვეთი. ადვოკატმა 2006 წლის 05 მაისს სასამართლო სხდომაზე მიაწოდა მოსამართლეს ყალბი დადგენილება, არ გამოასახლა ირმა მრევლიშვილი 2007 წლის 24 მაისის #747 ბრძანების თანახმად და არ დამეხმარა 2009 წელს მიღებული გადაწყვეტილებით მამის, ზაქარია ხიტალიშვილის სამკვიდრო ქონების მიღებაში. 

ირმა მრევლიშვილმა 2012 წლის 12 მარტს დაირეგისტრირა მთლიანი ქონება 900 კვ/მ მიწა სამკვიდრო მოწმობით. მაგრამ ჩემზე  ბინის 2/3 წილის რეგისტრაცია არ მოახდინა საჯარო რეესტრმა. ამიტომ მან ორი სასამართლო გადაწყვეტილება წარადგიინა - 2008 წლის 19 დეკემბრის (მოსამართლე სოსო ღურწკაიას) და 2010 წლის 18 ოქტომბრის (მოსამართლე დალი აბჟანდაძის). 

ჩემს შეკვეთაზე 2013 წლის 28 ივნისს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსმა ნათია ხუცურაულმა მაცნობა, რომ ეს ორი სასამართლო გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ირმა მრევლიშვილის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს უძრავ ნივთზე და საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი სამკვიდრო მოწმობაა. 

დღემდე ვერ გამცა პასუხი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, - ვისი კუთვნილი გადაწყვეტილებები წარადგინა ირმა მრევლიშვილმა და როგორ მიიღო ბინის 2/3 წილის რეგისტრაცია; რომელიც ჩემს დეიდაზე 2006 წლის 05 სექტემბერს გაუქმდა და ჩემზე აღირიცხა. 

ჩემი საჩივარი ადვოკატ ანზორ ჩოჩიშვილის განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე მცხეთის პროკურორმა არჩილ ბედუკაძემ შ.ს. მცხეთის სამმართველოში გადაგზავნა. მოკვლევა გამომძიებელმა ბექა აკობიამ დაიწყო. ხუთი თვის განმავლობაში სრულად გაეცნო ყველა მასალას. და როდესაც ადგილზე უნდა შეგვემოწმებინა, გამგეობის დადგენილების თანახმად ჩემი დეიდების მიერ აშენებული სახლი ნამდვილად არსებობდა თუ არა, პროკურორმა ნება აღარ დართო. 

- რა მოხდა?

- გაირკვა, რომ როდესაც ადვოკატი ანზორ ჩოჩიშვილი დაიბარეს, მან შეაცვლევინა პროკურორს გადაწყვეტილება. შემდეგ კი ისევ უარი მივიღე. უკვე ათი წელი გავიდა და კიდევ მივმართო სასამართლოს? რა შეიცვლება? სასამართლო, პროკურატურა, საჯარო რეესტრი ფარავენ დანაშაულს. აღმოვჩნდი ლტოლვილი ჩემს ქვეყანაში, იქნებ ესეც რუსეთის ბრალია და არა ქართველების? 

2016 წლის მაისში მივიღე გამომძიებელთან ჩემი გამოკითხვის ოქმი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ანზორ ჩოჩიშვილის უკანონო ქმედების გამო მომადგა ქონებრივი ზიანი. დოკუმენტები, რომლებიც მე წარვადგინე, ამის მიხედვით ანზორ ჩოჩიშვილი ვალდებული იყო არ დაერეგისტრირებინა ზაქარია ხიტალიშვილის კუთვნილი ქონება მანანა რისბერგის დეიდებზე. 

პროკურორმა არჩილ ბედუკაძემ აღარ დართო ნება გამომძიებელს გაეგრძელებინა მოკვლევა. დაფარა თაღლითი ადვოკატი, სასამართლომ ვერ დაადგინა სამი დოკუმენტის მიხედვით პიროვნებების საკუთრების უფლება. პროკურატურა ფარავს დანაშაულს, საჯარო რეესტრი ვერ ერკვევა დოკუმენტებში. ეს არის ჩვენი დემოკრატია, ეს არის ქართული ფაშიზმი, მეტი არაფერი. 

მათი სისასტიკიდან გამომდინარე შემერყა ჯანმრთელობა, სრულიად განადგურდა ჩემი პირადი ცხოვრება. ვცხოვრობ მტკიცებულებათა სამყაროში. უკვე ასაკში ვცხოვრობ ქირით, მიძნელდება ბინის საფასურის გადახდა, შეილახა ჩემი კონსტიტუციური უფლებები და კანონიერი ინტერესები. 

მივიღე ფსიქოლოგიური, დოკუმენტურ-მაზოხისტური წამება. ათი წელი, ეს ცოტა დრო არ არის. რისთვის იბრძოდა მამაჩემი, რომ მისი შვილი ასე ვეწემებინე ამ უვიცებს? რა ვერ გაარკვიეს და დაადგინეს? მაგრამ ჩინოვნიკებს არ სურთ თავიანთი კოლეგების მიერ ჩადენილი დანაშაულები აღიარონ.  

მამაჩემი 17 წლის ასაკში ომში იბრძოდა და ამათ ათი წელი ცოცხალი და გარდაცვლილი ვერ გაარჩიონ, გეკითხებით ვისთან გვაქვს საქმე? მაგიდაზე დაწყობილ დოკუმენტებს ვერ არჩევენ. მაშინ მამას როგორ უნდა გაერჩია ციდან მტრის ტერიტორია, ღამით, ნისლში? ერთ დროს მარცხენა თვალში დაჭრილმა 30 კმ. ატარა თვითმფრინავი და გამოექცა ფაშისტებს. ესენი კი 21-ე საუკუნეში რას მუშაობენ კაბინეტებში, ეს სამარცხვინო სამართალდამცავები? დაივიწყეს ჩვენი მამა-პაპის ღვაწლი, ნუთუ ეს გვეწერა, ამათი მონები ვყოფილიყავით? 

მამა 1941 წლის 22 ივნისიდან ომის დასრულებამდე იცავდა მოსკოვს, სტალინგრადს, ლენინგრადს, ათავისუფლებდა უკრაინას, ბალტიისპირეთს, პოლონეთს, იბრძოდა გერმანიის ცაში. 1943 წლის 25 ოქტომბრამდე პირადად გაანადგურა 96 ტანკი, 31 ჯავშანმანქანა, 29 თვითმფრინავი, 14 ერთეული იარაღი, 415 ავტომანქანა, 3 მდინარის ბორანი, 5 სარკინიგზო ეშელონი, 17 ნაღმსატყორცნი ბატარეა, 317 მოტოციკლი, 7 საწყობი, გამოიწვია ცეცხლი მტრის მდებარეობასთან ახლოს 172 ადგილას, გაანადგურა მოწინააღმდეგის 2500 ჯარისკაცი და ოფიცერი. 1945 წლის იანვარში ორმაგი საბჭოთა კავშირის გმირის წოდების მინიჭებაზე იყო წარდგენილი.

საზოგადოებას იმიტომ ვაცნობ ამ ინფორმაციას, რომ ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს, რომ მე ვიქნებოდი უვიცების, თარლითების და სამარცხვინო ქვეყნის მოქალაქე; იმ ქვეყნის, სადაც დაივიწყეს ღირსება და სამართლიანობა. სამაგიეროდ შეიძინეს შური, ბოროტება, ცინიზმი. 

მივმართავ საქართველოს პროკურატურას, მცხეთის პროკურორების: ნაზი მირიანაშვილის და არჩილ ბედუკაძის მიმართ დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი. ჩემი საჩივარი, რომელიც დაევალა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურას, წარიმართოს არა მიკერძოებით, არამედ კანონშესაბამისად.

განახლდეს გამოძიება, გამომძიებელ ბექა აკობიას მიერ დაწყებული. უარს ვაცხადებ საქართველოს ორმაგ მოქალაქეობაზე, სააქაოს და საიქიოს. მე ცოცხალ-მკვდარი არ ვარ, თქვე ურჯულოებო.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია