მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„მოხედეთ ხაშურს, სანამ ამ რაიონში აჯანყება არ დაწყებულა“ - 21 ივნისი 2016

„საკრებულო უძლურია გელაშვილი-გურასპაშვილის კლანის მიმართ“ 

myrights.ge

ჩვენი ხაშურელი რესპონდენტი ზაზა მეხრიშვილი აცხადებს, რომ რაიონში სასიკეთოდ არაფერი იცვლება და მმართველი კლანი ისევ საკუთარ თავისა და სანათასეაო-საახლობლოს კეთილდღეობაზე ზრუნავს. ის ხელისუფლებას, პრემიერს მოუწოდებს, რომ ხაშურის პრობლემებს დროულად ყურადღება მიაქციონ.   

„ქრონიკა პლუსი“ ზაზა მეხრიშვილს ესაუბრება:

- ახალი ხელისუფლების მოსვლის დღიდან ხაშურში რაც ხდებოდა, ამაზე  ყოველთვის ხმამაღლა ვამბობდი. „ქრონიკა პლუსისთვისაც“ არსებულ პრობლემებზე ინტერვიუ ბევრჯერ მიმიცია.

სამწუხაროდ, მდგომარეობა არ იცვლება. ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი გელაშვილი, იმის ნაცვლად, რომ რაიონს მიეხმაროს, მარტო საკუთარ ჯიბეზე და თავისი მეგობრების, სანათესაოს კეთილდღეობაზე ფიქრობს. 

თუ  ხაშურში რაიმე ტენდერი და პროექტები ხორციელდება, ვალერი გელაშვილის ფირმა ან მასთან დაახლოებულ პირთა ფირმები იმარჯვებენ. მსხვილი ტენდერები გელაშვილისაა, ხოლო შედარებით დაბალფასიანი ტენდერები გამგებელ გიორგი გურასპაშვილის ახლობლებისაა. აღნიშნულ ტენდერებსაც გამგებელი თავის ახლობელებსის ფირმებს არგებს. 

- შედეგები როგორია?

- საქმე ისაა, რომ განხორციელებული პროექტები ან არ კეთდება, ან უხარისხოდ არის განხორციელებულია. ასეა გაკეთებული მუსიკალური სკოლის პროექტი და ბევრი სხვა. 

ასევე, ამასწინათ, განხორციელდა მდინარე სურამულის გაწმენდითი პროექტი, რომელიც 99 000 (ოთხმოცდაცხრამეტი ათასი) ლარი დაჯდა. როდესაც შეიძლებოდა 30 ათას ლარად სათადარიგო კალაპოტი გამოეყენებინათ; კერძოდ, გაეწმინდათ, რის შედეგადაც  სოფელ ოსიაურის დატბორვა აღარ მოხდება.

ბატონმა გამგებელმა არ გაითვალისწინა მოსახლეობის ეს რჩევა და ტენდერი გამოაცხადა. ჩემი აზრით, ეს ტენდერი  მოარგო თავისი ახლობლების ფირმას, რომლებიც გამგებელს 24 საათის განმავლობაში კაბინეტში უსხედან. 

- ამაზე გამგებელთან გისაუბრიათ?

- პირადად არა ერთი შეხვედრა მქონია გამგებელთან და მისაუბრია ამ თემებზე. თუმცა, როგორც ყოველთვის, ის თვითდაჯერებულია და ირონიით უყურებს ამ ყველაფერს. იმასაც ხშირად ამბობს, რომ ისეთი მფარველები ჰყავს, ვერავინ ვერაფერს უზამს. 

რამდენიმე დღის წინ, ქრთამის აღების ფაქტზე ვალერი გელაშვილის ერთგული და გამგებლის მეგობარი (პარტიაში და გამგეობის სტრუქტურებში წახალისებული), ფაქტობრივად, ყველა საქმის განმკარგავი დავით გოგალაძე დააკავეს. რის შესახებაც არა ერთხელ მითქვამს გამგებლისთვის, რომ მისი თანამშრომლები კორუფციაში იყვნენ ჩართულები. რის გამოც პროვოკატორს მიწოდებდა, თუმცა ფაქტი სახეზეა. 

დეპუტატი ვალერი გელაშვილი და გამგებელი გიორგი გურასპაშვილი ერთად ახორციელებენ მზაკვრულ გეგმებს, რის შესახებაც არაერთი დამადასტურებელი დოკუმენტი და ჩანაწერი მაქვს. 

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- კერძოდ, თვენახევრის წინ, ვალერი გელაშვილის კომპანიამ, ხაშურში, მისივე, გელაშვილის კუთვნილ კერძო მიწაზე სუპერმარკეტის და კინოსახლის მშენებლობა დაიწყო. არსებულ ტერიტორიაზე ადრე ხაშურის კლუბი მდებარეობდა. 

გელაშვილის კომპანიამ დაანგრია ეს კლუბი, სამშენებლო ნარჩენები ანუ ნაგავი გაიტანა და ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე უკანონოდ დაყარა. მე ამის შესახებ გამგებელს დავუკავშირდი. მან მიპასუხა, რომ მისი ნებართვით ხორციელდებოდა ნაგვის შეტანა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

რეალურად კი, ეს პროცესი უკანონოდ ხორციელდებოდა. ამის შემდეგ მე ხალხთან ერთად გადავუდექი ამ მანქანებს და მოვთხოვე დოკუმენტი, ნებართვა, რაც მათ ვერ წარმომიდგინეს. 

ასევე მოვიდა ვალერი გელაშვილის ფირმის „პრარაბი“ და მანაც დამიდასტურა, რომ გამგებელს ნებართვა ჰქონდა მიცემული, ამ ტერიტორიებზე შეეტანათ ნაგავი. ამ ყველაფრის  ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები მაქვს.

- რა მოცულობაზეა საუბარი?

- არსებულ ტერიტორიებზე უკანონოდ შეტანილია დაახლოებით ოთხიათასი კუბი ნაგავი. არსებულ ფირმას ეს ნაგავი ფასიან ნაგავსაყრელზე უნდა შეეტანა. ამით ვალერი გელაშვილმა თანხა დაზოგა, გარიგებაში შევიდა გამგებელთან. 

მე ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს ვაცნობე. რის შემდეგაც ჩამოვიდნენ და აღნიშნული კანონდარღვევისთვის ვალერი გელაშვილის კომპანია ათასხუთასი ლარით დააჯარიმეს. 

ერთი თვის ვადაში უნდა გაესუფთავებინა აღნიშნული ტერიტორიები სამშენებლო ნარჩენებისგან. მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ვალერი გელაშვილმა ყველა და ყველაფერი იყიდა და სამინისტროც ამ ფაქტთან უძლური აღმოჩნდა.

ასევე ვალერი გელაშვილის კომპანიამ სადაც ნაგავი შეიტანა, ერთ-ერთი ადგილი „ემტეისის უბნის“ სტადიონის გვერდითაა. იმდენად თავხედები არაიან, ბავშვებსაც კი არ მოერიდნენ და ნაგავი ზედ სტადიონის გვერდით დაუყარეს.

ხაშურის რაიონში რაც პრიორიტეტული პროექტებია, ამ ხელისუფლების პირობებში არაფერი გაკეთებულა. გელაშვილი და გურასპაშვილი კი ყველაფერს თავის მაფიოზურ კლანს არგებენ. თანხები იხარჯება არამიზნობრივად და უყურადღებოდ რჩება მოსახლეობა. 

ქალაქს არ აქვს სტადიონი, ისეთი ქუჩების მოასფალტება ხდება, სადაც მათი კლანის წევრები ცხოვრობენ. და ამასობაში, სადაც ცხრა ბინა დგას, ასობით მოსახლე, საბავშო ბაღი და სკოლაა, იმ ქუჩებზე ასფალტს არ აგებენ. ერთ-ერთი ასეთი ქუჩა, თევდორე მღვდლის შესახვევია. 

საკრებულოს თავჯდომარე, ბატონი ვაჟა შუბითიძე ტყუილად დადის სამსახურში, იმდენად დაშინებული ჰყავს გამგებელს. რასაც უნდა, იმას აკეთებინებს. საერთოდ, მთლიანი საკრებულო უძლურია გელაშვილი-გურასპაშვილის კლანის მიმართ. 

ამავდროულად, არ დაგავიწყდეთ, რომ საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წევრებს უფრო მეტი გავლენა და მხარდაჭერა აქვთ ვალერი გელაშვილისა და გურასპაშვილის მიმართ, ვიდრე ოცნების წარმომადგენლებს. ერთი სიტყვით, ბატონებო, სრული სიბრმავე და სიყრუეა ხაშურში.

მივმართავ ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრს, მოხედეთ ხაშურს, სანამ ამ რაიონში აჯანყება არ დაწყებულა.

საპასუხო კომენტარისთვის, ხაშურის გამგებელს, გიორგი გურასპაშვილს დავუკავშირდით:

- მეხრიშვილის პოზიცია ჩემთვის პატიოსნების საზომი ვერ გახდება. გელაშვილმა რა ტენდერი მოიგო? მისი შვილის კომპანიამ სპორტკომპლექსის ტენდერი მოიგო, სხვა კონკურენტებიც ჰყავდა, ყველაზე დაბალი ფასი მან დადო და სამუშაოს ასრულებს. ვალერი გელაშვილის ფირმას მე ტენდერში მონაწილეობას ვერ ავუკრძალავ. 

თუ ვინმეს რამე ეჭვი აქვს, შეუძლია ამასთან დაკავშირებით სამართალდამცავებს მიმართოს. თუ სატენდერო დოკუმენტაციაში ან სატენდერო კომისიის ნებისმიერ ოქში რაიმე შეცდომაა დაშვებული ან მიკერძოებული მიდგომა, მიმართონ სასამართლოს. 

ისევე, როგორც ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობენ, ესეც განვუმარტე, როგორც ეს საგადასახადო კოდექსითაა გათვალისწინებული. მზად ვარ პასუხი ვაგო. მაგრამ ვიმეორებ, მე ტენდერში მონაწილეობის მიღებას არავის დავუშლი. 

რაც შეეხება ე.წ. ახლობლების როლს, დამისახელოს ამ პროცესში ერთი ახლობელი, ერთი ჩემი შინაური. ახლა ცნობით ხაშურში ყველას ვიცნობ, ამიტომაც ვარ გამგებელი. ხალხმა ხმა მომცა, რადგან ცნობადი ადამიანი ვარ. 

ამიტომ ერთი ახლობელი დამისახელოს, ვინც აღნიშნულ ტენდერებს იგებს. 

და მეორეც, ძალიან გთხოვთ ერთი რამ გავარჩიოთ - ტენდერის საკითხი ვიღაცის ოთახებში არ წყდება. ეს არის ატვირთული ინფორმაცია, სადაც ნებისმიერ პრედენტენტს, ვისაც საკვალიფიკაციო მოთხოვნები ყოფნის, შეუძლია მასში მონაწილეობა მიიღოს. სახელებითა და გვარებით ტენდერში გამარჯვებულებს არ ვარჩევთ. 

ასე რომ, ზაზა მეხრიშვილს შეუძლია თავისი ემოციები დაიოკოს და მაგ კუთხით ცოტა მეტი განათლება მიიღოს, მისთვის უკეთესი იქნება. 

რაც შეეხება მდინარე სურამულის გაწმენდას, რომელი მოსახლეობის რჩევის გაუთვალისწინებლობაზეა საუბარი? დიახ, ტენდერი უნდა გამოგვეცხადებინა სურამულის წმენდაზე, რომელიც მონაკვეთში საკმაოდ დაბინძურებული იყო. კალაპოტი გაგანიერდა და ძალიან ბევრი ნარჩენისგან გაიწმინდა.

და რომელ მოსახლეობაზე, რა ალტერნატიულ კალაპოტზეა საუბარი? სურამულას ერთი კალაპოტი აქვს და ვინმემ თუ ახალი რუკა გამიგონა და ახალი კალაპოტები თავის ფანტაზიებში, ამის შესახებ არაფერი ვიცი. რომელ უარყოფით პოზიციაზე საუბრობს?

სამშენებლო ნარჩენების დაყრასთან დაკავშირებით, კი ბატონო, მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა. როგორც ბატონი მეხრიშვილი აცხადებს, თურმე ამაზე თანხმობა მე მივეცი. მანახოს, სად არის ეს თანხმობა? 

რამდენადაც ვიცი, ამისთვის გარემოს დაცვის სამინისტრომ კომპანია დააჯარიმა. გარწმუნებთ, რომ ასეთ შემთხვევში ჯარიმას ყველა გადაიხდის, ვინც არ უნდა იყოს ის. 

ნებისმიერ ადმინისტრაციულ დარღვევაზე ყველა პასუხს აგებს, გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას, თავის წილ პასუხისმგებლობას გაიზიარებს. გინდა დეპუტატი იყოს, გამგებელი თუ სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკი. ამიტომ ვის კომპეტენციაშიც იყო ეს ყველაფერი (გარემოს დაცვის სამინისტრო) შესაბამისი ღონისძიებები გაატარა. ამაზე ჩვენგანაც გარკვეული მითითებები გაიცა.   

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია