მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მარწმუნებელი ადვოკატს ინტერესების დაუცველობაში ადანაშაულებს - 22 ივნისი 2016

„გვერდით მეჯდა, მისი ნების გარეშე რაღაც შეთანხმებაზე როგორ წავიდოდი?“

myrights.ge

ქალბატონი მანანა ჭელიძე მართლმსაჯულებას უჩივის. მისი თქმით, ინვესტორთან სასამართლო დავისას ადვოკატი მეორე მხარეს გადასახდელ თანხაზე ისე მოურიგდა, რომ ამის შესახებ ბოლო გადაწყვეტილება მარწმუნებელს არ შეატყობინა. მისივე შეფასებით, შედეგი მოსამართლეების არაკვალიფიციურობითაც არის გამოწვეული.

ამ თემაზე „ქრონიკა +“ ქალბატონ მანანა ჭელიძეს ესაუბრება: 

- თბილისში, კიბალჩიჩის ხევი 23-ში (ბარათაშვილის ძეგლთან), ორსართულიან სახლში ვცხოვრობდით. მიწის ფართი 790კვ.მეტრი იყო. პირველ სართულზე სხვა ოჯახები ცხოვრობდნენ, რომლებსაც პრივატიზაცია არ ქონდათ გაკეთებული, სამი ოჯახი ერთმანეთს ქონებაზე ედავებოდა.

2008 წელს ჩვენი ტერიტორიით ინვესტორები ინტერესდებოდნენ. ნებისმიერი ინვესტორი ითხოვდა, რომ რეესტრი ერთ ოჯახზე გაფორმებული ყოფოლიყო. ამით მათთან მოლაპარაკება უფრო ადვილი გამხდარიყო. 

გადავწყვიტეთ, იპოთეკაში ჩემი ფართი ჩამედო და ამ გზით პირველი სართულის პრობლემა გადამეწყვიტა. მსურველები ბევრნი იყვნენ და იპოთეკის არ შეგვშინებია. ინვესტორები - ბაცრი სასონი და დანი ნახუმი მოვიდნენ. გავაფორმეთ ნოტარიული ხელშეკრულება წინასწარ ე.წ. „ბ-ეც“ დატოვეს. ჩადებული, ჩვენი მეორე სართულის თანხა გადაგვიხადეს, მაგრამ ეს თანხა პირველ სართულს მოვახმარეთ, რომ ადგილზე მცხოვრებნი გასულიყვნენ. 

ოჯახების გაყვანა ძალიან რთულია, ზოგი ალთას არის, ზოგი ბალთას, ამიტომ არ უნდათ ინვესტორებს რამდენიმესთან ურთიერთობა. ეჭვიც არ გაგვჩენია, რომ ინვესტორები არაფერს არ გააკეთებდნენ. 

- ამის საფუძველს რა გაძლევდათ?

- ამონაწერი ნოტარიული ხელშეკრულებიდან:

  3.2 მყიდველი ვალდებულია:

„მყიდველის სახელზე ნასყიდობის საგნის საჯარო რეესტრში დარეგისტრირების შემდეგ, მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 30 თვის განმალობაში გამყიდველს უსასყიდლოდ აუშენოს და გადასცეს საკუთრების უფლებით გარემონტებული 120 კვ. საცხოვრებელი ფართი გატიხრული 2 ნაწილად, აგრეთვე ავტოსადგომი. 

3.2,3 თუ მყიდველი არ შეასრულებს ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს და 30 თვის განმალობაში გამყიდველს არ დააკმაყოფილებს ფართით - მყიდველისგან კომპენსაციის სახით მიიღებს 250 000$-ის ღირებულების უძრავ ქონებას.

რეალურად, არც მშენებლობის ნებართვა აუღიათ და არც უფიქრიათ აშენება. მათ სხვა რამ ამოძრავებდათ, როგორც ეს მოახერხეს ჩვენი ადვოკატის, ნიკა გულუასა და უზენაესი მოსამართლეების დახმარებით, - მათ ნახევარ ფასში ჩაიგდეს ქონება.

ინვესტორს შეეძლო ფართი გაესხვისებინა და ამიტომ ვიჩივლეთ სასამართლოში. ჩვენ ველოდებოდით სახლის აშენებას და არა თანხას.

- სასამართლოში რა შედეგი მიიღეთ?

- პირველი ინსტანციის სასამართლო მოვიგეთ და ქონება  დავიბრუნეთ; 

მეორე სააპელაციო სასამართლო ასევე მოვიგეთ და დავიბრუნეთ ქონება; 

მესამე, უზენაესში მოხდა გაუგებრობა - მორიგება ისე გაკეთდა, ჩვენთვის არც უკითხიათ. მარწმუნებელი (ჩემი მეუღლე) სხდომას არ ესწრებოდა, რაგან იცოდა მორიგება რა თანხაზე უნდა ყოფილიყო. ვესწრებოდი მე, ჭელიძე მანანა. არასწორ საუბარს რომ შევამჩნევდი და ხმას ამოვიღებდი, მოსამართლე მეუბნებოდა:

- თქვენ მხარე არ ხართო.  

მე თუ მხარე არ ვიყავი, მარწმუნებელი რატომ არ გამოიძახა გულუამ ან ტელეფონით რატომ არ დაუკავშირდა? როგორც მოწინააღდეგე მხარის ადვოკატი, ლევან ჯანაშია იქცეოდა. შეიძლება მორიგებაზე დათანხმებულიყო, როდესაც ფირმის ხელშეკრულებაში „მორიგება დათანხმების შემთხვევაში“ ეწერა? ხოლო ნოტარიულ ხელშეკრულებაში: გააგებინოს მარწმუნებელს  საქმის მიმდინარეობის შესახებ. 

აგრეთვე მორიგების აქტი ისე შეადგინეს, მხარეს არც გააგებინეს. არც ვიცოდით მისი არსებობის შესახებ. სასამართლოდან გამოვითხოვე მორიგების აქტი, სადაც წერია: ერთმანეთის მიერ გადახდილ თანხაზე უარს ვამბობთო. პირველ სასამართლოში 3000 ლარის ბაჟი გადავიხადე, ამაზე უარს რატომ ვიტყოდი? ჩვენი ნების გარეშე რა უფლება ჰქონდა ადვოკატს?

მოკლედ, უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მეორე მხარის სასარგებლოდ მინიმალურ თანხაზე მიიღო და აქედან ადვოკატებმა 25% წაიღეს. ამაზე გვიჩივლეს სასამართლოში, არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. თუ თვითონ გააკეთეს მორიგება, ჩვენც ხომ შეგვეძლო ერთმანეთში მოვრიგებულიყავით? მაგრამ ყაჩაღები იყვნენ, ჩვენ შორის არანაირი საუბარი, არანაირი შეთავაზება არ მომხდარა. საერთოდ, არაფრად არ ჩაგვაგდეს, როგორც უნდოდათ ისე გააკეთეს.

გულუას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა ევარაუდა, რომ ქაცარავა (მარწმუნებელი) მოიწონებდა გადახვევას, მისთვის საზიანო მორიგების პირობას. მას შეეძლო მცირე ხნით ეთხოვა შესვენება ქაცარავასთან დასაკავშირებლად, ახალი პირობის შესათანხმებლად, როგორც იქცეოდა პროცესზე მისი მოწინაამღდეგე ადვოკატი ლევან ჯანაშია. 

გულუამ და მისმა წარმომადგენელმა აღნიშნეს, რომ არც იყვნენ ვალდებულნი ეს გაეკეთებინათ. მათი განმარტებით, თავად ქაცარავას უნდა მიემართა მათთვის განცხადებით და მხოლოდ ამის შემდეგ შეხვდებოდნენ მას. ამრიგად, ნიკა გულუამ სასამართლო სხდომაზე აღიარა, რომ ისინი ქაცარავასთან მორიგების შეცვლილ პირობებზე არ შეთანხმებულან.

- ხელშეკრულება რას ითვალისწინებდა?

- ფირმის იურიდიულ ხელშეკრულებაში წერია:

1) 4.2.2-პერიოდულად მოაწოდოს კლიენტს ინფორმაცია მიმდინარე საქმიანობის შესახებ. არ      გაუკეთებია.

2) 4.2.4-დაიცვას კლიენტის კანონიერი ინტერესები. არ გაუკეთებია.

3) 5.1.3-კლიენტის მიერ მორიგების პირობებზე დათანხმების შემთხვევაში, შემსრულებელი მიიღებს მორიგებით კლიენტისთვის გათვალისწინებით შესრულების 25%-ს.                            დათანხმება არ ყოფილა.

7.1 მუხლი 7 დავათა გადაწყვეტა. მხარეები იღებენ ყველა ზომას, რათა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა სადავო საკითხი გადაწყდეს მოლაპარაკების გზით - არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა.

ჩემი სარჩელის ფასი იყო 400 000 ლარი - მე რატომ ვიყავი იძულებული, რომ მოვრიგებულიყავი? მათი სარჩელის ფასი იყო 33.490 ლარი, არანაირ მორიგებაზე არ წამოსულან.

- ამის შემდეგ რა გააკეთეთ?

- ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მივმართეთ.

ამონაწერი ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებიდან; კომისიის შემადგენლობა - დავით კაკაბაძე, ირაკლი შონია, ლაშა ტუღუში, პირველი ორი იურისტია.

გვ 7 5.1 - იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ადვოკატი გულუა მის კლიენტს, ქაცარავას არ აწვდიდა ინფორმაციას სასამართლოში საქმის განხილვის მიმდდინარეობის შესახებ, მასთან შეთანხმების გარეშე განსაზღვრა მოდავე მხარესთან მორიგების პირობები და  მორიგების აქტი ქაცარავას მოწონების გარეშე გააფორმა, სავარაუდოდ, დარღვეული იქნება შემდეგი მუხლები:

5.1.1 „ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის მეექვსე მუხლის მეორე პუნქტი: ადვოკატი ვალდებულია დროულად მიაწოდოს კლიენტს ყველა ინფორმაცია და განუმარტოს ყველა შესაძლო ფინანსური ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია მისი საქმის წარმოებასთან.

გვ 8 5.2 საპროცესო კოლეგია განმარტავს, რომ კლიენტი წარმოადგენს საქმის შედეგით დაინტერესებულ პირს და მნიშვნელოვანია ის ფლობდეს ინფორმაციას მისი საქმის მიმდინარეობის თაობაზე. ადვოკატი მუდმივად უნდა უკავშირდებოდეს კლიენტს საქმესთან დაკავშირებით ყოველი ახალი ინფორმაციის მოწოდების მიზნით. ადვოკატმა უნდა იმოქმედოს კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე და არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს კლიენტის ინტერესებს. 

5.9 ადვოკატის მიერ კლიენტისთვის საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობა, მასთან შეთანხმების გარეშე მოდავე მხარესთან მორიგების პირობების განსაზღვრა და მორიგების აქტის ქაცარავას მიერ მოწონების გარეშე გაფორმება, მისი დადასტურების შემთხვევაში წარმოადგენს ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევას.

5.10 ეთიკის კომისიამ განმარტა, რომ ადვოკატი ვალდებულია საქმის წამოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს უშუალოდ კლიენტს.

მე-3 სარეზოლუციო ნაწილი:

საპროცესო კოლეგიამ იხელმძღვანელა „ადვოკატთა შესახებ“ საქ. კანონის კანონის 33 მუხლით, მეექვსე მუხლის მე-2 ნაწილით, ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით: „ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ“ დებულების მე-4 მუხლის მე-5-6 პუნქტებით, მე-19 მე-20 მუხლით, 27-ე 28-ე მუხლით, 30-ე მუხლის პირველი პინქტით, 31.40 მუხლის 1 პუნქტით და გადაწყვიტა:

ნიკოლოზ გულუას მიმართ აღიძრას დისციპლინური დევნა.

23.04.2013წ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 721-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმადაც, „რწმუნებული მოვალეა შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები. 

სინამდვილეში, გულუამ თვითნებური მორიგებით, თავისი და მოწინააღმდეგე მხარის ინტერესები ქაცარავას ინტერესებზე მაღლა დააყენა. თუნდაც ის, მორიგების აქტში წერს, რომ მხარეები უარს ვაცხადებთ ერთმანეთის მიმართ გადახდილ თანხაზეო. ვინ უთხრა უარი? აქაც მისი ღალატია. ის 3000 ლარი, რომელიც პირველ სასამართლოში გადავიხადეთ, ისიც არ აგვაღებინა, თუნდაც ნახევარი. 

გულუა ორივე მხარის მიმართ უზენაესი სასამართლოს დაჟინებულ მოთხოვნაზე საუბრობს, რომ საქმე მორიგებით დამთავრებულიყო და კონკრეტულ თანხაზე შევთანხმებულიყავით. რას ნიშნავს დაჟინებული მოთხოვნა? მოსამართლემ 100 000-ზე აწია მორიგება და ნუნუ კვანტალიანი ადვოკატს ეუბნება, - 100 კარგი თანხააო და შემდეგ გულუა 80 ათასზე რიგდება. ამაზე ბრძოლაც არ მოინდომა და თავიანთ 20 000-ზე გიჟებივით დარბოდნენ. მოწინააღმდეგე მხარეს აფრთხილებდენ, თანხა ჩვენ გარეშე არ გადასცეთო. ლევან ჯანაშია მოწინააღმდეგე მხრის ადვოკატი გადიოდა და უთანხმებდა თავის მარწმუნებელს. 

გულუას ახსნა-განმარტება მეორე დისციპლინური კოლეგიის თავმჯდომარეს, ბატონ დავით კაკაბაძეს: 

რაც შეეხება უზენაეს სასამართლოზე მორიგებას, ეს საკითხი ინიცირებული იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიერ და მათი აქტიური მონაწილეობით. რატომ არ აყენებდა ქაცარავა მორიგების ბათილობის საკითხს, თუ ის არ შეესაბამებოდა მის ნებას და იყო მისი ნების საწინააღმდეგო? მორიგების გაუქმებაზე ქაცარავას არ გაუკეთებია განცხადება და არც დღეს ხდის სადავოს მორიგებასო. 

როგორ არ გავხადე სადავო, სასამართლოში გავასაჩივრე, აპელაციაში გავასაჩივრე, ეთიკის კომისიაში გავასაჩივრე. ესეც არ ცოდნია გულუას, რა არის გასაჩივრება და რა არის თანხმობა. 

ეთიკის კომისიიდან ამონაწერი: 

5.1 იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება, რომ ნიკოლოზ გულუა მის კლიენტს, ქაცარავას არ აწვდიდა ინფორმაციას სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობის შესახებ, მასთან შეთანხმების გარეშე განსაზღვა მოდავე მხარესთან მორიგების პირობები და მორიგების აქტი ქაცარავას მიერ მოწონების გარეშე გააფორმა, დარღვეული იქნება ადვოკატთა შესახებ საქ. კანონის მეექვსე მუხლის მეორე პუნქტი: ადვოკატი ვალდებულია დროულად მიაწოდოს კლიენტს ყველა ინფორმაცია და განუმარტოს ყველა შესაძლო ფინანსური ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია მისი საქმის წარმოებასთან. 

5.2 კლიენტი წარმოადგენს საქმის შედეგით დაინტერესებულ პირს და მნიშვნელოვანია ის ფლობდეს ინფორმაციას, მისი საქმის მიმდინარეობის თაობაზე. 

აგრეთვე მოსამართლე ეკითხება გულუას, იპოთეკა მოხსნილიაო? და გულუა პასუხობს: არაო. ვითომ არ იცოდა, რომ მოხსნილი იყო. 

თქვენ, ქალბატონო, თავი შეიკავეთ, რაც გაქვთ აღებული, ის შეირგეთ და კიდევ გიმატებთ თანხას, მეტი რაღა გინდათო, - ამას მოსამართლე ნუნუ კვანტალიანი ამბობს და ამატებს.

- ქალბატონო, მორიგება უკეთესია, კი არ გაძალებთ, ისეთი პირობებით წადით, თქვენ რომ კმაყოფილი იყოთ, უბრალოდ, ასე სჯობსო. 

მერე სხდომის ბოლოს რატომ დაწერეს მორიგების აქტი ისე, რომ თუნდაც მე, დარბაზში დამსწრეს არ წამეკითხა და არ ამეხსნა, რა მორიგებაზე იყო შეთანხმება? მარწმუნებელი არავის არ ახსოვდა. 

აღსანიშნავია, გიორგაძის ფირმა „ბი-დი-ჯი ლიგალის“ წარმომადგენლის პოზიცია, თავის ახსნა-განმარტებაში წერს:

სასამართლოს ყველაზე კარგად მოეხსენება მორიგების პროცედურები და პრაქტიკულად, როგორ ხდება მორიგების მიღწევა. თითქმის 99% შემთხვევაში მორიგებას ხელს  აწერს ადვოკატი და მის პირობას ათანხმებს იქვე სხდომის დარბაზში ან ტელეფონის მეშვეობით. რომელიც გულუას არ გაუკეთებია.

უნდა აღინიშნოს მოსამართლე დიანა ბერეკაშვილის მსჯელობა (ფირმამ მიჩივლა 20 000 ზე, სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულიებაო). სასამართლო ვერ გაიზიარებს ქაცარავას პოზიციას იმის შესახებ, რომ წარმომადგენელი, გულუა მოქმედებდა მისი, როგორც მარწმუნებლის ინტერესების საზიანოდ და მისი ნების საწინააღმდეგოდ; რითაც მან ზიანი მიაყენა. 

ზემოაღნიშნულ ფაქტობრივი გარემოება საქმეზე ვერ დადგინდა, რის გამოც შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ქაცარავას დამადასტურებელი მტკიცებულება. იგივე დაწერა ხათუნა არევაძემ აპელაციაში. 

ისევ ამონაწერი ადვოკატთა პროფესიური ეთიკის კოდექსიდან:

- ადვოკატი ვალდებულია არ დაუშვას კომპრომისი სხვა პირის ინტერესების სასარგებლოდ. მუხლი 3 ნდობის პრინციპი - კლიენტის და ადვოკატის ურთიერთობა ეფუძნება ნდობას, ადვოკატმა პატიოსნად და უშიშრად უნდა დაიცვას კლიენტის ინტერესები. არ დაუშვას კომპრომისი სხვა პირის ინტერესების სასარგებლოდ.

ჩვენ სატყუარა გაგვიკეთეს. ინვესტორს ხომ შეეძლო თანხა ერთიანად დაედო, თუნდაც აგვისტოში, რომელიც მორიგების აქტში დაწერა. დანარჩენს აგვისტოში დადებდა. ივნისში დადო 15 000, აი ეს სატყუარა გაგვიკეთეს. 

დამირეკა მოწინააღმდეგის ადვოკატმა ჯანაშიამ და მითხრა, ბაცრი სასონი მიემგზავრება ისრაელში და დიდხანს არ ჩამოვა, გახსენით ანგარიშიო. რის გამოც ჩვენც გავხსენით ანგარიში და სატყუარა, 15 000$ დადეს. იცოდნენ, რომ თანხას აუცილებლად ავიღებდით. და რადგანაც თანხას ხელი მოვკიდეთ, თურმე ამით თანახმა ვყოფილვართ მორიგებაზე. 

აი ასე აფერისტების ხელში ჩავვარდით. ეს იყო ფირმის ინტერესი, რომ სასწრაფოდ თავისი თანხა აეღოთ. სათავისოდ ყველაფერი გააკეთეს. ამიტომ არ ვამართლებ გულუას, მას უნდა  ებძოლა ჩვენთვის და არა ფირმის კეთილდღეობისთვის.

მოკლედ, ადვოკატის პასუხისმგებლობა ერთია და მოსამართლის ქმედება მეორე.

მოსამართლეები სამნი იყვნენ. ნუთუ სამი მოსამართლიდან არც ერთს არ გაუჩნდა ინტერესი, რომ მორიგების აქტი მარწმუნებლის მიერ გამყარებული ყოფილიყო? გულუას სხვისი ქონების განკარგვის არანაირი უფლება არ ჰქონდა. ამაში ვადანაშაულებ სამივე მოსამართლეს. მათი განათლებაც დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ვისაც სამართლიანობის საკითხი ეხება, მაინტერესებს რატომ სძინავთ? როდის გამოიღვიძებენ? მანამდე დაიქცა ქვეყანა. როგორ სამართალს ვუტოვებთ მომავალ თაობას?

ამ თემაზე საპასუხო კომენტარისთვის, „ქრონიკა პლუსი“ ადვოკატ ნიკოლოზ გულუას დაუკავშირდა:

- მანანა ჭელიძე პროცესს უშუალოდ ესწრებოდა და სასამართლოს სამივე ინსტანციამ ჩვენს შორის დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილა. მთელი ის ჩანაწერები წარვადგინეთ, სადაც ქალბატონი მანანა მორიგების პროცესზე აქტიურობს, მიკროფონში კონკრეტულ პირობებზე საუბრობს და მოსამართლეები სწორედ მას ესაუბრებიან. 

თვითონ შეუთანხმდა და შემდგომში თუ გადაიფიქრა, უკვე ჩემი თემა არ არის. ეს საქმე პროკურატურამაც განიხილა, დასკვნა დადო და შეწყდა აღნიშნული გამოძიება. მეორედ ეს საკითხი არც სამოქალაქო სასამართლოში განახლდება, სისხლის სამართლის წესითაც არ განიხილება. 

ამას პლუს, ადვოკატმა ასოციაციამაც გამამართლა. ახლა კიდევ რა უნდა, ვერ ვხვდები, ისეთ ამორალურ ქმედებასთან გვაქვს საქმე. 

არსებობს უზენაესი სასამართლოს პროცესის ჩანაწერი, სადაც მოსამართლესა და მანანა ჭელიძეს შორის საუბარია. მაქვს ეს ჩანაწერი და სასასამართლოში ყველგან წარვადგინე.  პირველი ინსტანციიდან დავიწყეთ და უზენაესამდე ავედით, საქმე მოვიგეთ. 

მას იურიდიული მომსახურების საფასური დაეკისრა. ხელშეკრულების ბათილობას, ვერაფერს ვერ მიაღწია. ზუსტად რა არგუმენტებიც მითხარით, ეს ამაზე დაყრდნობით მოხდა. გამოძიებამაც ვერ დადგინა, რომ არასწორი რამ ჩავიდინე. საქმე იმის გამო შეწყდა, რომ დანაშაულის ნიშნები არ არსებობს. 

ვიმეორებ, ამის მერე ადგა და პროკურატურასა და ადვოკატთა ასოციაციაში მივიდა. იქაც  დასკვნა დაიდო, რომ არანაირი უარყოფითი როლი არ მიმიძღვის. არ ვიცი, სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს ამბავი. 

თუ მაინც, ჩემს მაკომპრომიტირებელ ამბავს ვნახავ, პატივისა და ღირსების შელახვისთვის ვუჩივლებ. კანონიერი გზით ვერაფერს მიაღწია და ახლა სხვა გზით ცდილობს.

- მანანა ჭელიძის თქმით, უზენაესის სხდომაზე მოსამართლე გეკითხებოდათ, ასი ათასზე თანახმა იყავით თუ არა. ჩემი ადვოკატი 150 ათას ითხოვდა და მერე ბოლოს 80 ათასზე შეუთანხმდაო. ამ ჩანაწერში, რომელიც თქვენ ახსენეთ, ქალბატონი მანანა თანახმაა, რომ მორიგება 80 ათასზე შემდგარიყო?

- ჩანაწერი სასამართლო სხდომის გახსნის მომენტიდან არის. ჩვენი საწყისი სასარჩელო პოზიცია 150 ათასზე იყო. ახლა, მეორე მხარეს რა პოზიცია ჰქონდა? როგორც მახსოვს, 50 ათასზე მეტს არ იხდიდა. კაცი 50 ათასს იხდიდა და ვაჭრობაში 150 ათასზე როგორ ავიყვანდით? 

მერე რა მოხდა - ეს მორიგების პროცესი საოქმოდ განიხილება, სასამართლოს უფლება არ აქვს, რომ ეს ჩაიწეროს. რადგან მორიგებაში რასაც ვაცხადებთ, არ შეიძლება ეს ჩვენ საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული. ამიტომ გათიშეს მიკროფონი და ელემენტარულად, ამიტომ არ არის დაფიქსირებული. 

მერე უზენაესს მივმართე. მაგრამ ის ჩანაწერები არ ინახებოდა, სადაც ჩანს, რომ ეს ქალბატონი თვითონ ურეკავს. მე ჩემ თავზე არაფერი ამიღია. თვითონ დარეკა ოჯახში და ეს პირობები შეათანხმა. და მოსამართლეს რაზეც საბოლოოდ შევუთანხმდით, ეს თახმა დააფიქსირა კიდეც. 

წარმოიდგინეთ, ამ მოლაპარაკებაში ქალბატონი მანანა არ მონაწილეობდა? როდესაც სხდომაზე ვაჭრობა წავიდა, მოსამართლე ეუბნება, - ქალბატონო, თქვენ ამ დავიდან ფული უნდა აიღოთ, თორემ ისე მოგებული ვერ დარჩებითო (ეს დაფიქსირებულია). ამაზე პირდაპირ გვაფრთხილებდა უზენაესი სასამართლო. 

მანანა ჭელიძე თვითონ დათანხმდა აღნიშნულ პირობაზე. მერე პოზიცია რომ დაუფიქსირა, სასამართლომ სხდომა გახსნა და ამასობაში ჩვენ მორიგების პირობები შევადგინეთ, 2 საათი გავიდა. ყველაფერი დაგეგმა, გაიზიარა, გაითვალისწინა და მორიგების პირობებში ჩაგვაწერინა. 

მხარემ ნაწილ-ნაწილ გადახდა მოითხოვა. ამან უთხრა, 6 თვის განმავლობაში არა, ერთ თვეში  უნდა დამიფაროო.  ქალბატონი მანანა ყველა დეტალზე დაობდა, იბრძოდა ბოლომდე. 

მე, როგორც იურისტი მაშინ ვერთვები, როდესაც მხარეები ვერ რიგდებიან და დაობენ. სამართლებრივ საკითხებზე ვამახვილებდი ყურადღებას და არა იმაზე, რა თანხაზე შეთანხმდებოდნენ. 

მერე რა ხდება - უზენაესმა სხდომა გახსნა და გრძელდება ჩანაწერი. იმ ჩანაწერში სასამართლო გადაწყვეტილებას აცხადებს და კიდევ ამ ქალის საუბარი ჩანს, მეუბნება, - ნიკა, რაღაც ბაჟის საკითხი გაარკვიეო. თქვენ წარმოიდგინეთ, გვერდით მეჯდა, თვალებს არ ამომთხრიდა, მისი ნების გარეშე რაღაც შეთანხმებაზე როგორ წავიდოდი? თან დასაქმებული ვიყავი იმ შპს-ში, რომელთანაც იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება იყო გაფორმებული.

ამაზე ამომწურავი პასუხები ყველგან გაცემული მაქვს. 

- რაც შეეხება ეთიკის კომისიას, ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ პირველმა კომისიამ ლაშა ტუღუშის ხელმძღვანელობით ის გაამართლა, ხოლო მეორე კომისიამ თქვენ დაგიჭირათ მხარი. რა მოხდა ადვოკატთა ასოციაციაში?

- საერთოდ, ეთიკის კომისიას ორი სტადია აქვს. ერთი ეს არის დასაშვებობის სტადია. პირველად მოწმდება, დასაშვებია თუ არა წარმოდგენილი საჩივარი, ფორმალურად გამართულია თუ არა. მერე ეს ეტაპი თუ გაიარა, უკვე არსებითად იხუილება. ანუ ეს საბოლოო გადაწყეტილებაა. 

დისციპლინარული დევნის წარმოება გაიხსნა, რადგან ეთიკის კომისიამ ჩათვალა, რომ ეს საკითხი უფრო ღრმა შემოწმებას საჭიროებდა, მართალი ვიყავი თუ არა. ჩემთვის კიდევ დამატებითი საბუთების წარმოდგენის საშუალება უნდა მოეცათ. ეს ყველაფერი წარვადგინეთ. თვითონაც მეუღლესთან ერთად წარმოდგენილი იყო საბოლოო განხილვაზე. 

ეთიკის კომისიამ არსებითად განიხილა და თქვა, რომ ჩემი მხრიდან რაიმის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მას შეეძლო უზენაესში გაესაჩივრებინა, ეს გააკეთა თუ არა, არ ვიცი. თუმცა ამას რა მნიშვნელობას აქვს. ეთიკის კომისიამ თავიდან ბოლომდე, მათ შორის არსებითადაც განიხილა და თქვა, რომ ჩემი მხრიდან დარღვევას ადგილი არ ჰქონია. 

რაც შეეხება მინდობილობას, უფლებამოსილება მქონდა, რომ მორიგებაზე ხელი მომეწერა. მაგრამ ამაზეც არ ვაპელირებ. მე ყურადღებას  შინაარსზე ვამახვილებ და ვამბობ, რომ შინაარსი სრულად გავლილი იყო მანანა ჭელიძესთან. ყველა მითითება, პირობა წაიკითხა და გაიარა, კიდევ რა უნდა ვქნა, რომ შეწყდეს ჩემ მიმართ ეს ცილისწამების პროცესი?ეს უკვე პატივისა და ღირსების შელახვაა, რადგან სინამდვილეს არ შეესაბამება. ამაზე სამი მტკიცებულება მაქვს, მეტი რა გავაკეთო?  

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია