მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ონკოლოგთა ასოციაცია: წელიწადში 10 000-ზე მეტი ადამიანი ნაადრევად გვეღუპება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით - 28 ივნისი 2016

„გამოსავალი კანონმდებლობის რეალური გამკაცრება და პარალელურად, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა“     

myrights.ge

„საქართველოს ონკოლოგთა ასოცოიაცია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ასოციაციის წევრები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას თამბაქოს კონტროლის დროულად გამკაცრებისკენ მოუწოდებენ. ასოციაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ონკოლოგიური დაავადებები საგანგაშოდ იზრდება, რის გამომწვევ მიზეზად თამბაქოს ასახელებენ.

„მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია და ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგას. ამიტომ ვუერთდებით „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინიციატივას და მოვითხოვთ პარლამენტმა უახლოეს პერიოდში განიხილოს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა, რომლის მიღების შედეგად ყველა დახურული ტიპის შენობა-ნაგებობაში და ტრანსპორტში აიკრძალება თამბაქოს მოწევა, უარს ვიტყვით თამბაქოს რეკლამასა და პოპულარიზაციაზე, გამარტივდება ადმინისტრირება, გაიზრდება საჯარიმო სანქციები და განხორციელდება მსოფლიოში აპრობირებული ღონისძიებები. 

მრავალ ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის გამკაცრების შემდეგ ყოველწლიურად სწრაფი ტემპით იკლებს ფილტვის კიბოს სტატისტიკა. საქართველოში კი ონკოლოგიური დაავადებები საგანგაშოდ იზრდება. სიმსივნეს მრავალი მიზეზი იწვევს, მათ შორის თამბაქოს მოხმარება. 

წელიწადში 10 000-ზე მეტი ადამიანი ნაადრევად გვეღუპება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით. ყოველდღიურად მატულობს თამბაქოთი გამოწვეული სიმსივნეების, განსაკუთრებით ფილტვის კიბოს შემთხვევები. აღნიშნული დაავადებები ახალგაზრდავდება და უკვე ხშირია ქალებს შორის. 

ანალოგიური მდგომარეობაა გულსისხლძარღვთა, რესპირაციული, პედიატრიული, რეპროდუქციული და მრავალი სხვა დაავადებების მხრივ. უამრავი პათოლოგიის თავიდან აცილება უფრო იოლად შეიძლება თამბაქოზე კონტროლის გამკაცრებით, ამიტომ ვთხოვთ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს, ნუ გადადებთ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვას და დაუყოვნებლივ მიიღეთ კანონმდებლობა, რომელიც შეამცირებს თამბაქოს მოხმარებას და დაიცავს მისი მომაკვდინებელი ზეგავლენისაგან თაობებს“, – აღნიშნულია ონკოლოგთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ პრობლემატიკაზე „ქრონიკა პლუსი“ „საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის“ პრეზიდენტს, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გენერალურ დირექტორს, რეზო გაგუას ესაუბრება: 

- ბატონო რეზო, რატომ არ ხდება ამ სფეროში სამედიცინო საზოგადოების კონკრეტული მოთხოვნების გათვალისწინება?

- რატომ არ ითვალისწინებენ, ამაზე საუბარი ჩემ კომპეტენციას სცდება. მე იმაზე ვსაუბრობ, რომ სიგარეტის მოწევა აუცილებლად უნდა აიკრძალოს დახურულ შენობა-ნაგებობებში, რადგან ის ძალიან ბევრ დაავადებებს იწვევს. მათ შორის, ონკოლოგიური დაავადებების ზრდა სიგარეტის მოწევასთან არის დაკავშირებული, თანაც ხანგრძლივ მოწევასთან. 

ახლა, რატომ არ ხორციელდება ამის საწინაღმდეგო რეალური ღონისძიებები, ალბათ, ამის ადრესატები სხვაგან არიან. 

- ხშირად, იგივე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მძღოლები ელემენტარულ წესებს არ იცავენ და სავსე სალონში ეწევიან, ეს რა შედეგს იწვევს?

- არიან პირველადი მწეველები (რომლებიც სიგარეტს თვითომ ეწევიან) კაცი იქნება თუ ქალი. ჩვენდა საუბედუროდ, ქვეყანაში მწეველი ქალების რაოდენობა დღითი-დღე მატულობს. ხოლო ე.წ. მარშრუტკებში რატომ არ უკრძალავენ სიგარეტის მოწევას (თუ უკრძალავენ, მაშინ ამას არ ემორჩილებიან), ეს ის თემებია, რომელზეც პასუხის გაცემა ძნელია. მაგრამ რეაგირებას აუცილებლად მოითხოვს.

ამიტომ სჯობს იმაზე გიპასუხოთ, თუ რას იწვევს სიგარეტის მოწევა, რეალურად ზრდის თუ არა ონკოლოგიურ დაავადებათა რიცხვს. რასაკვირველია, ზრდის და კვლევები, ფაქტები სახეზეა. 

ფილტვის კიბოს გახშირების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ სიგარეტის მოწევაა. სიგარეტის ბოლში შედის დაახლოებით 20 ათასზე მეტი ქიმიური ნივთიერება, რომელთაგან 60%-ზე მეტი კარცენოგენურია, ანუ რეალურად კიბოს გამომწვევი ნივთიერებაა. 

ეს ჩვენ მოსახლეობასაც უნდა შევაგნებინოთ, ყველამ უნდა იცოდეს და აქედან გამომდინარე, ქვეყანაში სიგარეტის მიმართ კონტროლი აუცილებად უნდ გამკაცრდეს. 

ეს კანონპროექტი თამბაქოს კონტროლის ალიანსმა შეიმუშავა, რომელსაც არამარტო ონკოლოგიური, არამედ მთლიანად, საქართველოს სამედიცინო საზოგადოება აქტიურად მხარს დაუჭერს. 

დღემდე ეს სათანადოდ რატომ არ ხორციელდება , ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, ეს ჩემთვის ცოტა ძნელად საპასუხოა. 

- ბრძანეთ, რომ თვითშეგნება არასაკმარისია, როგორ უნდა მოხდეს ამ სფეროში ცნობიერების ამაღლება?

- ალბათ, უნდა ჩატარდეს საუბრები, ლექციები, ვიზუალური მასალის დემონსტრირება უნდა მოხდეს, თუ რას იწვევს სიგარეტის მოწევა. კი, სიგარეტის კოლოფებზე აწერია, რომ მოწევა კლავს, მარამ ეს არასაკარისია. 

რეალურად ჩანს, რომ საქმეს მარტო ეს არ ყოფნის. საზოგადოებრივი გააქტიურება არის საჭირო, რომ ყველგან საჯაროდ და ცალსახად ითქვას, თუ რას იწვევს სიგარეტის მოწევა. ეს უნდა მოხდეს მედიის საშუალებებით, პრესით თუ ტელევიზიით. ამ მიზნით ყველა რესურსი გამოყენებულ უნდა იქნას. 

- განცხადებაში გაახალგაზრდავებასა და ქალებში ზრდა აღნიშნავთ...

- იცით რა არის, ახალგაზრდები სიგარეტის მოწევას უკვე ბავშვობის ასაკიდან იწყებენ. მე როგორც ონკოლოგი და ამავე დროს, ფილტვის კიბოს სპეციალისტი, როდესაც სამედიცინო დოკუმენტაციებს ვავსებთ, ვეკითხებით - რომელი ასაკიდან დაიწყეთ სიგარეტის მოწევა? 

საუბედუროდ, ათი, თერთმეტი წლის ასაკიდან იწყებენ მოწევას. და როგორც გითხარით, ქალებშიც სიგარეტის მოწევა უკვე საკმაოდ გახშირებულია. 

- პარლამენტის რეაქცია როგორია თქვენ მოწოდებასთან დაკავშირებით?

- საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით ამ ბოლო დღეებში მივმართეთ. ვერ გეტვით, რას აპირებენ. ვფიქრობ, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ განცხადებას და მის სულისკვეთებას. და ეს მარტო ჩვენი განცხადება არ არის. 

როგორც ვიცი, მსგავსი მოწოდებით გამოსვლას სხვა ასოციაციებიც აპირებენ. კარდიოლოგები, თერაპევტები და სხვები, ალბათ, შემოგვიერთდებიან და პრევენციულ განცხადებებს გააკეთებენ.

რადგან სიგარეტი ნამდვილად კლავს ადამიანს. ხაზგასასმელია, რომ სიგარეტის წევისგან საქართველოში წელიწადში 10 ათასი ადამიანი იღუპება. 

ამასთან დაკავშირებით გამოსავალი კანონმდებლობის რეალური გამკაცრება და პარალელურად, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა. 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია