მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
უზენაესმა სასამართლომ კერძო მევახშეების სესხის პროცენტის შემცირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა - 12 ივლისი 2016

"ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და მაღალი პროცენტების გამო გაწამებული ყველა ადამიანის გამარჯვებაა"

myrights.ge

ცოტა ხნის წინ, უზენაესმა სასამართლომ კერძო მევახშეების სესხის პროცენტის შემცირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, ისეთი სასესხო ურთიერთობა, როდესაც კერძო მევახშეები მოვალეებს სესხზე თვეში 10 პროცენტიან სარგებელს არიცხავდნენ საჯარო წესრიგთან და ზნეობრივ ნორმებთან შეუთავსებლობიდან გამომდინარე ბათილად იქნა ცნობილი.

ამასთან დაკავშირებით, "ქრონიკა პლუსი" საქმის ადვოკატს, "თავისუფალი დემოკრატების" წევრ ამირან გიგუაშვილს ესაუბრება:

- უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ისეთი სასესხო ურთიერთობა, როდესაც კერძო მევახშეები მოვალეებს სესხზე თვეში 10 პროცენტიან სარგებელს არიცხავდნენ საჯარო წესრიგთან და ზნეობრივ ნორმებთან შეუთავსებლობიდან გამომდინარე ბათილად იქნა ცნობილი. 

ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და მაღალი პროცენტების გამო გაწამებული ყველა ადამიანის გამარჯვება. ამით ფაქტობრივად დასრულდა სამწლიანი სასამართლო დავა, რომელიც ჩემ კლიენტსა და კერძო მევახშეს შორის მიმდინარეობდა. 

უზენაესმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ თვეში ათი და მეტი საპროცენტო განაკვეთი ეწინააღმდეგება საჯარო წერიგს, ვინაიდან ადამიანები წლიური 120 პროცენტის გადახდისას ფაქტობრივად მევახშეებზე დამოკიდებულები ხდებიან და მონურ მდგომარეობაში იმყოფებიან. 

ეს გადაწყვეტილება უკვე შეიძლება გამოყენებული იქნეს, როგორც პრეცედენტი სხვა მსგავსი კატეგორიის დავებისას და მოვალეებს ეძლევათ საშუალება ამ გადაწყვეტილებაზე მითითებით თავი დაიცვან შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთების გადახდისაგან.

მას შემდეგ, რაც სამოქალაქო კოდექსში 2007 წელს გაუქმდა ნორმა, რომელიც კერძო სასესხო ურთიერთობაში პროცენტის მაქსიმალურ ზღვარს განსაზღვრავდა, კერძო მევახშეებმა დაიწყეს სესხებზე თვეში რვა, ათი და ზოგჯერ უფრო მაღალი პროცენტების დარიცხვა. ადამიანები წლების მანძილზე პროცენტის სახით იმაზე მეტს იხდიან, ვიდრე სესხი აქვთ აღებული, მაგრამ სესხი არ მცირდება რადგანაც მთელი თანხა პროცენტში მიდის. 

შესაბამისად სასამართლოს ეს გადაწყვეტილება თავისი შინაარსით უპრეცედენტო ჩარევას წარმოადგენს კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში და დაფუძნებულია სამართლიანობის, საჯარო წესრიგის და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებზე, რაც სრულად შეესაბამება მათ შორის ევროპულ კანონმდებლობას და სასამართლო პრაქტიკას.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პირველადი სახით 2014 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იქნა მიღებული. სასამართლომ დაადგინა, რომ ისეთი გარიგება, როდესაც სესხის ხელშეკრულების პროცენტი არის შეუსაბამოდ მაღალი ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს, საჯარო წესრიგს, სოციალური სამართლიანობის პრინციპს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. 

ეს გადაწყვეტილება 2016 წლის 12 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ ძალაში დარჩა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ კერძო მევახშის სარჩელი მოცემულ საქმეზე დაუშვებლად ცნო მიიჩნია რა, რომ პირველი და სააპელაციო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამებოდა სამოქალაქო კოდექსით დადგენილ სამართლიანობის პრინციპებს და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობას. 

ამით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება კერძო სასესხო ურთიერთოებებში შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთების არსებობა. უნდა გვესმოდეს, რომ მაშინ როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს და ბანკები მათ უმეტეს შემთხვევაში კრედიტის გაცემაზე უარს ეუბნებიან, არაგონივრულად მაღალი საპროცენტო განაკვეთები მევახშეების არათანაზომიერ გამდიდრებას იწვევს და აშკარად არღვევს სოციალური თანასწორობის პრინციპს, რაზეც ზოგადად სამართლებრივი სახელმწიფოა დაფუძნებული.

- რატომ გაუქმდა სამოქალაქო კოდექსში 2007 წელს აღნიშნული  ნორმა, რომელიც კერძო სასესხო ურთიერთობაში პროცენტის მაქსიმალურ ზღვარს განსაზღვრავდა?

- ცვლილება შევიდა სამოქალაქო კოდექსში, სადაც სესხის მაქსიმალური ზღვარი კანონმდებლობით იყო დადგენილი.  ეს იმდროინდელი ე.წ. ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის გავლენით იყო გამოწვეული. 

შესაბამისად, მხარეები გათავისუფლდნენ იმ ვალდებულებისგან, რომ სესხის პროცენტისთვის მაქსიმალური ზღვარი დაედგინათ. 

აქედან წამოვიდა პრობლემების მთელი წყება იმასთან დაკავშირებით, რომ კერძო სასესხო ურთიერთობებში აშკარად და შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთები იქნა მხრეებს შორის დადგენილი. ხშირ შემთხვევაში ეს წლიურ ას, ასოც, ზოგჯერ სამას პროცენტსაც კი აღწევდა. 

მაგრამ საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც ამას პრაქტიკულად დაუპირისპირდებოდა, მევალეთა ინტერესებს დაიცავდა, რეალურად აღარ არსებობდა. შესაბამისად, ჩვენი საზოგადოება ამ მოცემულობის წინაშე აღმოჩნდა. 

- ამ პროცესმა რა შედეგები გამოიწვია, უპირველესად, მომხმარებლების მდგომარეობას ვგულისხმობ...

- ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ სესხი და არ აქვთ უზრუნველყოფის საშუალებები (რომ მიმართონ ბანკებს, აიღონ იპოთეკური სესხები და უფრო  ცივილიზებული მიდგომა განახორციელონ თავიანთ საკრედიტო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით), იძულებული გახდნენ, რომ კერძო მევახშეებისთვის მიემართათ. 

ბუნებრივია, როდესაც სესხის უზრუნველყოფა გაკეთებული არ არის, პროცენტიც მაღალია და ეს სწორიც არის. რადგან ამ შემთხვევაში გამსესხებლის ინტერესებიც დაცული უნდა იქნეს, რადგან ისინი მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. 

მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ამ სიტუაციამ გამოიწვია მევალეთა ისეთი ტიპის დამოკიდებულება კრედიტორების, ანუ კერძო მევახშეთა მიმართ, ისეთი დისპროპორცია მხარეებს შორის, რომ მევალეები წლების განმავლობაში ამ თანხებს იხდიან, რომელიც ძირითადად პროცენტში მიდის. ამით სესხი არათუ მცირდება, არამედ პირიქით, იზრდება და პრაქტიკულად ადამიანები ამორალური და საჯარო წესრიგთან შეუთავსებელი გარიგებების ტყვეობაში აღმოჩნდნენ. 

- იქნებ უფრო დაწვრილებით გვითხრათ თქვენ კლიენტსა და მევახშეს  შორის არსებულ დავაზე?

- ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ასეთი სიტუაცია იყო. მანამდე, მე ადვოკატი ვარ და მხარეთა იდენტიფიცირებას ვერ მოვახდენ, გვარებს, კომპანიების სახელებს ვერ გეტყვით. მაგრამ მოცემულობა ასეთი იყო - კერძო მევახშემ ჩვენ კლიენტს 84 ათასი აშშ დოლარი ასესხა. ამ 84 ათას დოლარში კლიენტმა 125 ათსი ამერიკული დოლარი გადაიხადა. მევახშე კიდევ დამატებით 12 ათას დოლარს ითხოვდა, რადგან თვლიდა, რომ მთელი ფული, რაც ჩვენ კლიენტს ჰქონდა გადახდილი, ეს სესხის პროცენტი იყო. და რომ მას ძირითადი ვალდებულება ისევ შესასრულებელი ჰქონდა. 

ეს დავა საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა. ჯერ მხარეთა შორის მოლაპარაკება შედგა და ამის შემდეგ საქმე უკვე სასამართლოში გადავიდა. ამ შემთხვევაში კრედიტორმა იჩივლა და ჩვენ უკვე მოპასუხეები ვიყავით. 

ჩვენ სასამართლოს ყურადღება მხარეთა აშკარა დისპროპორციაზე მივაქციეთ. კერძოდ იმაზე, რომ ადამიანი, ამ შემთხვევში მევალე იმდენად დამოკიდებული გახდა კრედიტორთან მიმართებაში, რომ მისი თავისუფლების ხარისხიც კი შეიზღუდა. რადგან ის მთლიანად ორიენტირებული იყო ამ სასესხო ურთიერთობაზე და ელემენტარულად, მისთვის სხვა სივრცე არ რჩებოდა, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას მოახდენდა. 

შედეგად, სასამართლომ ასეთი გაბედული გადაწყვეტილება მიიღო. ჯერ კიდევ 2014 წელს, საქალაქო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით აღნიშნული ხელშეკრულება პროცენტის ნაწილში, საჯარო წესრიგთან მისი არსებითად შუთავსებლობიდან გამომდინარე ბათილად ცნო. 

მერე ჩვენ ეს საკითხი, ბუნებრივია, საჯარო არ გავხადეთ. რადგან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებოდით. სააპელაციო სასამართლომ კიდევ უფრო ვრცელი განმარტება მისცა აღნიშნულ საქმეს და ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

ხოლო უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული კრედიტორის საჩივარი დაუშვებლად ცნო.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც ბოლო და ზემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. ამიტომ ეს არის თითოეული მევალის გამარჯვება. 

მართალია, ჩვენ არ ვცხოვრობთ ანგლო-საქსური სამართლის ქვეყანაში, სადაც ზემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებებს კანონის ძალა გააჩნია, მაგრამ რეალურად, თითოეულ მოვალეს შეუძლია აიღოს ეს გადაწყვეტილება, მივიდეს სასამართლოში და ამ გადაწყვეტილებაზე მითითებით (მისი სარეკომენდაციო ხასიათიდან გამომდინარე) თავისი შეუსაბამოდ მაღალი პროცეტის ბათილობა მოითხოვოს.

ამიტომ ეს არის თითოეული იმ ადამიანის წარმატება, ვინც მსგავს სიტუაციაში იმყოფება. 

- ფიქრობთ, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ დადებითი შედეგის მიღწევა?

- მე მინდა ვთხოვო და მივმართო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც წლებიც განმავლობაში ასეთ მდგომარეობაში იმყოფება, - აიღონ ეს გადაწყვეტილება და სასამართლოს საკუთარი ინტერესების დასაცავად მიმართონ. 

სასამართლომ უკვე დაადგინა ისეთი პრაქტიკა, რომელზეც უკვე მოგახსენეთ და შესაბამისად, ვინც შეუსაბამოდ მაღალ, წლიურად ასოც, ასორმოცდაათ და სამას პროცენტს იხდის კერძო მევახშეებთან, დიდი იმედი მაქვს, რომ მათთან მიმართებაში სასამართლო ამ გადაწყვეტილების შესაბამის გადაწყვეტილებებს გამოიტანს. 

- თქვენ ხაზს უსვამთ "საჯარო წესრიგთან და ზნოებრივ ნორმებთან" შეუთავსებლობას, ქვეყანაში დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ამას რეალურად რა დატვირთა აქვს?

- ეს არ არის მხოლოდ საქართველოში დადგენილი პრაქტიკა. ზნეობა არ არის კოდიფიცირებული სისტემა. ანუ არსად წერია, რა არის ზნეობრივი და რა არის არაზნეობრივი. ამას სასამართლო კონკრეტული მოცემულობებიდან გამომდინარე იღებს. და ეს არ არის მარტო საქართველოში დანერგილი პრაქტიკა. 

მინდა გითხრათ, რომ ეს მიდგომა ევროპის ბევრ ქვეყანაშია, მაგ. გერმანიის სამოქალაქო კოდექსში, ავსტრიის კოდექსში, შვეიცარიის კანონი არსებობს სავალო ურთიერთბის შესახებ, სადაც პირდაპირ არის მითითებული, თუ რა ტიპის პროცენტი ითვლება იმაზე შეუსაბამოდ, ვიდრე ადამიანებს შორის შეიძლება არსებობდეს სასესხო ურთიერთობა.

საერთოდ, მინდა გითხრათ, სამოქალაქო კოდექსის უმთავრესი დანიშნულებაა და პირველივე მუხლი განსაზღვრავს, რომ მხარეთა ურთერთობები მხარეთა თანასწორობაზე უნდა იყოს დამოკიდებული. 

ანუ ევროპის ბევრ ქვეყანაში იგივე ტიპის სასამართლო პრაქტიკა არსებობს. მათ შორის, გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის საკანონმდებლო სივრცეში. 

ამიტომ რაც ახლა საქართველოში მოხდა, გამონაკლისი ნამდვილად არ არის. ეს ევროპული სასასამართლოს პრაქტიკისგან განსხვავებელი არ არის. ადამიანებს შეიძლება უნდოდეთ გარკვეული ტიპის ურთიერთობების დამყარება, მაგრამ არსებობს სამოქალაქო კოდექსით გარანტირებული თანასწორობის პრინციპი, რომელიც ამოსავალი წერტილია. 

ხელშეკრულების თავისუფლება თავისთავად ძალიან დიდი ღირებულებაა, მაგრამ თანასწორობა გაცილებით უფრო მაღალი ღირებულებაა. და თუ ერთი მხარე მონურ მდგომარეობაში აღმოჩნდება მეორე მხრის მიერ საკუთარი შესაძლებლობების ბოროტად გამოყენების გამო, მაშინ ასეთი ტიპის ხელშეკრულება თავშივე ბათილად ითვლება. 

კიდევ ერთი ცოცხალი მაგალითი რომ გითხრათ. რომელიმე ადამიანს შეიძლება საკუთარი შვილის მკურნალობისთვის იმდენად ესაჭიროებოდეს თანხა, რომ მზად იყოს ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულება გააფორმოს. თუნდაც, გარკვეული ტიპის სამუშაო შეასრულოს, რომელიც ღირსებასთან და მორალთან შესაბამისი არ არის. ასეთი გარიგება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელშეკრულება მხარეებმა გააფორმეს, თავშივე ბათილად მიიჩნევა.

ანუ ხელშეკრულება, რომელიც არღვევს საჯარო წესრიგს, ზნეობასა და მორალს (მხრეთა სურვილის მიუხედავად), მაინც ბათილად ითვლება სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, რომელიც თანასწორობის პრინციპის ხაზს უსვამს. 

ასევე 54-ე მუხლიდან გამომდინარე, რომელიც საჯარო წესრიგსა და ზნეობასთან შეუთავსებელი გარიგებების ბათილობას არეგულირებს.         

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია