მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სოხუმის „მერი“: რუსეთი აფხაზეთში უზარმაზარი ტერიტორიით სარგებლობს და ამისთვის აფხაზებს „კაპიკებს“ უხდის - 13 ივლისი 2016

„აფხაზეთის დაბრუნება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დასუსტდება რუსეთი“

myrights.ge

სოხუმის დე ფაქტო მერი ადგურ ხარაზია ადგილობრივ გამოცემა „Нужная Газета-სთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთი აფხაზეთში უზარმაზარი ტერიტორიით სარგებლობს და ამისთვის აფხაზებს „კაპიკებს“ უხდის. მისივე თქმით, მოსკოვი აფხაზებს მოკავშირეებივით არ ექცევა.

„ერთი მხრივ, ჩვენ საკუთარი ძალების იმედი გვაქვს, მაგრამ მეორე მხრივ, რუსეთთან ურთიერთობა უფრო გამჭვირვალე უნდა გავხადოთ. ისინი კაპიკებს გვაძლევენ და უზარმაზარი ტერიტორიით სარგებლობენ, რომელიც სამხედრო ბაზებისთვის მივეცით. მათ ეს ბაზები მხოლოდ ჩვენს დასაცავად არ გაუხსნიათ. პირველ რიგში, ეს ბაზები სჭირდებათ რუსეთის ნატო-სგან დასაცავად. რატომ არ უნდა გადაგვიხადონ ამისთვის? რატომ არ უნდა გადავიტანოთ ჩვენი ურთიერთობა ცივილიზებულ ჭრილში? მთელი მსოფლიო ასე ცხოვრობს, რატომ უნდა არსებობდეს რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებში განსაკუთრებული წესები?“, - კითხულობს სოხუმის დე ფაქტო მერი. 

მისი თქმით, ე.წ. პარლამენტთაშორისი კომისიის წევრობის დროს მან აღნიშნული საკითხი დააყენა და მხარდამჭერები იპოვა კიდეც.

„საქმე ისაა, რომ რუსებს ჰგონიათ, რომ საჩუქარს გვიკეთებენ. მაგრამ აქ არანაირ საჩუქარზე საუბარი არ არის. ის კაპიკები, რასაც ჩვენ გვაძლევენ არაფერია იმასთან შედარებით, რაც ჩვენ მივეცით“, - მიიჩნევს ადგურ ხარაზია.

მისივე მოსაზრებით, რუსეთი აფხაზებს როგორც მოკავშირეებს, ისე არ ექცევა.

„რატომ არ გვექცევიან როგორც მოკავშირეებს? ჩვენ რა, ამერიკაში მივდივართ? ჩვენ მხოლოდ ერთს ვაცხადებთ, რომ გვსურს რუსეთთან ერთად გავაგრძელოთ გზა. ამიტომ რუსეთი სხვანაირად უნდა გვიყურებდეს“, - აცხადებს სოხუმის დე ფაქტო მერი.

ამ თემაზე „ქრონიკა პლუსი“ ექსპერტ ირაკლი ცქიტიშვილს ესაუბრება:

- მსაგვსი განწყობა აფხაზურ საზოგადოებაში არის. მართალია, ამას გულში იკლავენ, რომ ფაქტობრივად, რუსეთი აღნიშნულ ბაზებს კაპიკებში იყენებს. მაგრამ მეორე მხრივ, განსაკუთრებულად პრორუსულად განწყობილი თემები მიუთითებენ, რომ რუსებმა ისინი თითქოს გადაარჩინეს და აფხაზები მათთან ვალში არიან. და შესაბამისად, მათი სახელმწიფოებრიობა უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ის ფული, რომელიც რუსეთმა რეალურად შეიძლება სამხედრო ბაზებისთვის გადაიხადოს. 

ამას პლუს, მათი პოზიციით, რუსეთი ისედაც უხდის გარკველ თანხებს ამ სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის. 

ზოგადად კი, ზემოაღნიშნული კრიტიკული განწყობები არის, მაგრამ მათ გამოხატვას ერიდებიან. როდესაც სოხუმის ე.წ. მერმა ეს კრიტიკული პოზიცია გაახმოვანა, ფაქტობრივად, მთელი საზოგადოება მის წინააღმდეგ წავიდა. არა იმიტომ, რომ ასე არ ფიქრობენ, არამედ იმის გამო, რომ ამაზე ხმამაღლა საუბარი მიღებული არ არის. 

- დე ფაქტო მერის ამ განცხადებაზე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან თუ მოყვა რაიმე რეაგირება?

- არა, არ მაქვს ინფორმაცია, რომ რუსებმა ამაზე რაიმე რეაგირება მოახდინეს. და ალბათ, ამის პრევენცია სწორედ ის იყო, რომ აფხაზურმა საზოგადოებამ თვითონ დაგმო თანამდებობის პირის აღნიშნული განცხადებები. 

ასე რომ, ამაზე რუსული მხრიდან, ყოველ შემთხვევაში ღიად არაფერი თქმულა. 

- იმავე ხარაზიას თქმით, ე.წ. პარლამენტთაშორისი კომისიის წევრობის დროს მან აღნიშნული საკითხი დააყენა და მხარდამჭერები იპოვა კიდეც. მგავსი ტიპის გამოსვლები სხვა წარმომადგენლების მხრიდანაც ხომ არ ყოფილა?

- მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ასეთი განცხადებები არ ყოფილა. ამასთან, შეიძლება იცის, რომ პირად საუბრებში მსგავსი განწყობები ნამდვილად არსებობს და მან სწორედ ეს გაახმოვანა. კიდევ ვამბობ, არც ერთი თანამდებობის პირი ან აფხაზურ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი ასე რომც ფიქრობდეს, ამის შესახებ ხმამაღლა არ განაცხადებს. 

ისევე, როგორც არ განაცხადებენ, თუ როდისმე აფხაზებს ქართველებთან უფრო მეტი დაახლოება მოუნდათ, ეს დაახლოებით ერთი ჭრილია. ეს არის რუსეთის წინააღმდეგ წასვლა, რაც მიუღებელია გახმოვანებისთვის. 

ხოლო კრიტიკული პოზიციები ნამდვილად არის. უფრო მკვეთრი და მკაცრი განწყობებიც ფიქსირდება რუსეთის მიმართ. ბევრმა აფხაზმა და იცის, რომ რუსეთი მაინცდამაინც არ არის ის მსოფლიო მოთამაშე, რომელიც აფხაზებს ყველანაირ სიკეთეს დააყრის, ააშენებს და ააყვავებს. 

მაგრამ ისინი ერთ მომენტში ჩერდებიან. იმაზე ფიქრს იწყებენ, რომ თუ არა რუსეთი, მაშინ საქართველოა და ამ შეთხვევაში ამის ხმამაღლა გახმოვანებას ერიდებიამ. რადგან ამ ყველაფერზე საზოგადოებიდან ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება. 

საზოგადოების ის წევრები ამგვარად შეიძლება ფიქრობდნენ კიდევაც, მაგრამ სხვების დასანახად ამას არასდროს არ აღიარებენ. 

- უფრო მკვეთრი და რადიკალური პოზიცია იქაური საზოგადოების რომელ წრეებშია?

- აფხაზურ პოლიტიკაში არსებული პირები დღეს ამ თემას საერთოდ არ ეკარებიან. ანუ ხმამაღალ განცხადებას საერთოდ არ აკეთებენ. ის, რაც ჩვენამდე მოდის, ან პირადი საუბრების შინაარსია, ან ხალხის პოზიცია, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, დიალოგებსა თუ დებატებში მონაწილეობენ. მათი განწყობები, ასე თუ ისე, მათსავე განცხადებებში გამოიხატება. 

აქ უკვე ნათლად ჩანს იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ რეაგირებს ამ ყველაფერზე. თუ რეაგირება შედარებით სუსტია, ნიშნავს, რომ ასეთი განწყობები რეალურად არსებობს. თუ ძალიან მკვეთრი და აბსოლუტურად მიუღებელია, ეს ნიშნავს, რომ ძირითადი მასა მაინც ამის წინააღმდეგია. 

ასე რომ, არის გარკვეული ბერკეტები, რომ შეფასდეს ასეთი განწყობების გავრცელების დონე აფხაზურ საზოგადოებაში. ეს შეიძლება აბსოლუტური საზომი ერთეულები არ იყოს, მაგრამ გარკვეულ ინფორმაციას გვძლევს იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ამა თუ იმ საკითხის მიმართ თვითონ აფხაზურ საზოგადოებას. 

- რა შეფასება მოყვა ხურჩაში გიგა ოთხოზორის მკვლელობას და ქართული მხარის მოთხოვნას, რომ მკვლელი უნდა დაისაჯოს...

- ხურჩის მკვლელობასთან დაკავშირებით იქაური საზოგადოების დამოკიდებულება იყოფა. ჯერ ერთი, არის ნაწილი, რომლისთვისაც ასეთი ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია. 

მეორე ნაწილია, რომლისთვისაც ასევე მიუღებელია, მაგრამ მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ, როგორც თვითონ ამბობენ, აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და საერთაშორისო, ადამიანის უფლებათა ჭრილში უნდა მოქმედებდეს და ა.შ. ანუ რეალურად, ეს მკვლელობა მათთვისაც მიუღებელია. 

არის კიდევ კატეგორია ადამიანებისა, რომელიც მომხდარზე, პრინციპში, არც ნანობს და არც თავს იტკივებს ამ ყველაფერზე, ყურდღებასაც არ აქცევენ. 

და არის კატეგორია, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ ყველა ქართველს ასეც უნდა მოექცეო. 

ამიტომ პროცენტულად შეფასება რთული იქნება, რომელი კატეგორია უფრო უმრავლესობას წარმოადგენს. მაგრამ ზოგადად ასეთი დაყოფა შეიძლება იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ ქუჩაში მომხდარ მკვლელობას აფასებენ. 

- ეს საქმე მხოლოდ შიდაპატიმრობით შემოიფარგლა?

- დიახ, ოფიციალურად ეს შინაპატიმრობაა. ანუ ეს ადამიანი თავისუფალია, სამსახურიდან გათავისუფლებულია და თავის სახლში იმყოფება. ახლა მართალი გითხრათ გამიკვირდება, რომ აფხაზურმა მხარემ გადმოგვცეს ეს ადამიანი. თუ ისინი პოზიციონირებას უკთებენ თავიანთ თავს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, მაშინ მკვლელს არ გადმოგვცემენ.

მეორე მხრივ, ჩვენ გვაწყობს თუ არა მისი გადმოცემა? რადგან ამ გადმოცემის პირობებში ისინი მოინდომებენ, რომ აფხაზური მხარე დაფიქსირდეს, როგორც დამოუკიდებელი მხარე. ექსტრადაციას კი არა, ყოველ შემთხვევაში არ ვიცი რა იურიდიულ ტერმინოლოგიას მიმართავენ, მაგრამ მოინდომებენ, რომ დოკუმენტებში მათი თუნდაც გარკვეული, ირიბი აღირება მოხდეს. 

ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გადმოცემა არ მოხდება. 

რაც შეეხება დასჯას, დღევანდელი აფხაზური საზოგადოება არ არის ისე განწყობილი, რომ ქართველის მკვლელობისთვის რომელიმე აფხაზი დასაჯოს. მე ამ სიტუაციას გამოვრიცხავ. თუმცა შეიძლება საერთაშორისო ზეწოლამ ის გამოიწვიოს, რომ დამნაშავე გარკვეული სახის პატიმრობაში იყოს. მაგრამ ეს არ იქნება ისეთი პატიმრობა, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია და გვინდა. 

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიც ეთანხმება ქართულ მხარეს. ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად, რომ შინაპატიმრობა ადეკვატური ქცევა არ არის. ამ შემთხვევში რუსეთის პოზიციაც გასაგებია, რადგან საკუთარი თავიდან აღნიშნული ლაქის ჩამორეცხვა სურს;  ყველაფერი აფხაზურ მხარეს გადააბრალოს და შესაბამისად, მისი დასჯა მოსთხოვოს. 

მაგრამ ამ საკითხში დიდ პერსპექტივას ვერ ვხედავ.

- რა შედეგი მიიღეს სოხუმში ე.წ. საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის ჩატარებით?

- ახლა კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ძალიან რთულია, რადგან საერთაშორისო არენაზე როგორც მიუღებელი იყვნენ აფხაზები, ასევე დარჩნენ. ვისთვისაც აქმდეც მისაღები იყვნენ, აქაც ასევე დარჩნენ. ამიტომ ამ მხრივ არაფერი შეიცვალა.

ამ ტურნირში მონაწილე წარმონაქმნების წარომადგენლებთან გაპიარდა აფხაზეთი. მათ იფიქრეს, რომ რადგან ასეთ ტურნირში გავიმარჯვეთ, გვაქვს უფლება და შესაძლებლობა მივმართოთ ფიფას და ამ ორგანიზაციაში გავწევრიანდეთო. კიდევაც წერილი დაწერეს, მაგრამ ამ მხრივაც რაიმე პერსპექტივებს არ ველოდები. 

ამ შეთხვევაში აფხაზები აპელირებენ კოსოვოს მაგალითზე, რომელიც ფიფამ მიიღო. მაგრამ კოსოვოს შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ იქ აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა. კოსოვო ასზე მეტმა სახელმწიფომ სცნო და სწორედ ამ სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს მის ფიფაში მიღებას. 

სადღეისოდ, აფხაზებს ამისთანა 4 თუ 5 სახელმწიფო ჰყავს, რომელიც მის ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებს და ეს ნამდვილად საკმარისი არ იქნება, რომ რაიმე დახლოების პროცესი დაიწყოს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორიც ფიფაა. რომელიც თავის მხრივ ყველა საერთაშორისო ნორმას აღიარებს. 

- სოხუმელი რეპორტიორი ინალ ხაშიგი გარკვეულწილად დასცინის ქართული მხარის შემრიგებლურ წინადადებებს აფხაზური საზოგადოებისადმი, იგივე სამედიცინო პროგრამას, როდესაც აფხაზური საზოგადოების წარმომადგელები აქაურ საავადმყოფოებში უფასოდ მკურნალობენ, ასევე ადმინისტრაციულ საზღვარზე გახსნილ სუპერმარკეტს და ა.შ. ეს პოზიცია რამდენად გამოხატავს აფხაზური საზოგადოების რეალურ განწყობას?

- ხაშიგი, პრინციპში, ნაციონალისტურად განწყობილი აფხაზების დამოკიდებულებებს გამოხატავს აღნიშნული წერილით. მათ, ვინც უფრო პრორუსული მიმართულების მატარებელი არიან. რომლებისთვისაც ერთადერთი იდეაფიქსი ე.წ დამოუკიდებლობაა, მათთვის მიუღებელია ის, რასაც ამ მიმართულებით თბილისი აკეთბს.

არის მოსახლეობის მეორე ნაწილი, რომელმაც თბილისის მიერ შეთავაზებული გარკვეული სერვისები უკვე მიიღო, იგივე მკურნალობა და ნაკლებად რადიკალურები არიან. უფრო სწორად ისინი საერთოდ არ არიან რადიკალურად განწყობილნი, მიუხედავად იმისა, რომ ვერ რისკავენ საქართველოსთან დაახლოებაზე რამე ხმამაღლა თქვან.     

ამის მიუხედავად, რადიკალურად განწყობილი არ არიან. პირიქით, თბილად მოიხსენიებენ, ადეკვატურები არიან და მათთან შეიძლება ნორმალური საუბარი. 

დღეისთვის, მაინც გუდაუთის მხარე და მათი კლანები უფრო რადიკალურად განწყობილი არიან ნებისმიერი ასეთი შეთავაზების მიმართ. რადგან მათი აზრით, ნებისმიერი ეს მომსახურება თუ კონტაქტი ქართველებსა და აფხაზებს შორის იმისკენ არის მიმართული, რომ საქართველომ დაიბრუნოს აფხაზეთი. ახლა მე მათი ციტატებით ვსაუბრობ. ეს მათთვის ყველანაირად დაუშვებელია. 

მათ შორის საუბარია იმ სუპერმარკეტზე, რომელიც რუხში აშენდა და რომელმაც, პრინციპში, უნდა გააკეთოს, ის რასაც ერგნეთის ბაზრობა აკეთებდა, ოღონდ უკვე აფხაზებთან მიმართებაში. 

თუმცა პირადად მეც ვთვლი, რომ ეს ნაბიჯები კარგია, მაგრამ აბსოლუტურად უშედეგოა. ასეთი ნაბიჯები სასურველ შედეგს არასოდეს მოიტანს, მით უმეტგეს აფხაზებთან ურთიერთობაში. 

- მაშინ რა მოიტანს შედეგს?

- რეალურად რომ ვთქვათ, დღეს აფხაზეთის დაბრუნება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დასუსტდება რუსეთი. და რამდენად გაურთულდება სიტუაცია, რომ იძულებული გახდება წამოვიდეს ქართული ინტერესების დაკმაყოფილებაზე. დღეს და ხვალ ამის პერსპექტივა ნამდვილად არ ჩანს. 

ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ყველა ურთიერთობა, საუბრები აბსოლუტურად უშედეგო იქნება. მაგრამ საერთოდ უმოქმედობას გარკვეული მოქმედება მაინც სწობია. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ და თუნდაც საერთაშორისო თანამეგობრობას დავანახოთ, რომ მცდელობას არ ვაკლებთ კონფლიქტის დარეგულირების საქმეს. და რომ ამ ყველაფერში რუსეთი ხელს გვიშლის. 

თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ამით აფხაზი ერთხელ არ გაიღვიძებს და თბილისთან,  ქართველებთან დაახლოებაზე, საქართველოს ნაწილად გახდომაზე არ იფიქრებს. როგორც კი აფხაზები ამას გაიფიქრებენ, რუსეთი მაშინვე ძალიან მკაცრ ზომებს მიიღებს მათ მიმართ.

ამიტომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის და რამდენად დასუსტდება რუსეთი ისე, რომ მას უკვე აღარ სჭირდებოდეს და აღარ იყოს მისი საფიქრალი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.   

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია