მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ირაკლი ღლონტი: ქართულმა საზოგადოებამ ხელისუფლებასთან კავშირის დამყარება ვერ შეძლო - 15 ივლისი 2016

„მივიღეთ უთავმოყვარეო, უპრინციპო ლიდერი, რომელმაც პასუხისმგებლობა მოიხსნა, დაჯდა სახლში და იქიდან არაფორმალურად მართავს“

myrights.ge

„რეფორმატორები“ წინასაარჩევნოდ დასავლური ორიენტაციის პოლიტიკურ ძალებთან კოალიციის ჩამოყალიბებას გეგმავს. პარტიის ლიდერის, ირაკლი ღლონტის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, არადემოკრატიულ და არაჯანსაღ გარემოში შედეგების დადება გაძნელდება. მისივე შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური კარიერა დაასრულა, - გაკოტრებული პოლიტიკური ძალაა და 8 ოქტომბერს ყველამ ნახვამდის უნდა უთხრას. 

„ქრონიკა პლუსი“ პარტია „რეფორმატორების“ ლიდერს, ირაკლი ღლონტს ესაუბრება:

- ბატონო ირაკლი, როგორ აფასებთ ბოლო სოციოლოგიური კვლევების შედეგებს, რომელიც „რუსთავი 2-ისა“ და პარტია „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარდა?

- ეს არის პარტიების მხრიდან ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური მექანიზმების გამოყენება, რათა ქვეყანაში არსებულ განწყობებზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინონ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ორივე კვლევის მიმართ ერთნაირი განწყობა არ მაქვს და ვერც მექნება. 

ზურაბ ბიგვავას მიერ ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ეს თავიდან ბოლომდე მიკერძოებული იყო ქართული ოცნების მიმართ. ცდილობენ საზოგადოებას თავს მოახვიონ, რომ თითქოს ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა. თითქოსდა, პოლიტიკურად მზადყოფნაში არიან, რომ ისევ ხელისუფლებაში დარჩნენ. მე ამ პერსპექტივას გამოვრიცხავ. 

ამას საზოგადოებაში იმ განწყობებიდან გამომდინარე გეუბნებით, რასაც ჩვენ ყოველდღიურდ ვხედავთ. არ შეიძლება უამრავი შეუსრულებელი დაპირებების შემდეგ, მატყუარა ხელისუფლებას პრეტენზია ჰქონდეს, რომ ისევ სათავეში დარჩეს. ბატონმა ბიგვავამ სრულიად ხელოვნურად დადო ის რეიტინგები, რითაც ვითომ სახელისუფლებო ძალა სარგებლობს. 

რა შეხება „ჯიეფკეის“, ეს არის საკმაოდ მაღალრეიტინგული და ძალიან ცნობილი კვლევითი ცენტრი. თუმცა მუსირებს მოსაზრებები, რომ ეს დაკვეთა ქართული ოფისის მიერ იქნა შესრულებული და აქ შესაძლებელია გარკვეული გადაცდომები ვლინდებოდეს. 

ამიტომ ჯობს არც საზოგადოება მოვატყუოთ და არც საკუთარი თავი, - ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ სადღეისოდ ძალიან დაბალია ქართული ოცნების რეიტინგი. ამასთან არ ვიცით, კონკრეტულად რა და როგორ გამოიხატება, რადგან არ გვაქვს ისეთი კვლევითი სოციოლოგიური ორგანიზაცია, რომელსაც ქართული პოლიტიკური სპექტრი ბოლომდე ვენდობოდით და გავყვებოდით. 

ამიტომ ვივარაუდოთ და ვთქვათ, რომ დღეს ქართული ოცნება ისევე ბოლომდე გაკოტრებულია, როგორც ნაციონალური მოძრაობა იყო გაკოტრებული 2012 წლის არჩევნებისთვის. დღევანდელი რეალობა ეს არის. 

ნამდვილი და დამაჯერებელი შედეგები 2016 წლის 8 ოქტომბერს უნდა დაიდოს. მთავარია კენჭისყრა არ გაყალბდეს და ამისთვის მთელი პოლიტიკური სპექტრი, საზოგადოება კონსოლოდირებული ვიყოთ. 

- „ჯიეფკეისთან“ გამკითხულთა 51% პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამ მხრივ, უფრო დიდი პროცენტები დაფიქსირდა თავის დროზე „ენდიაისა“ და „აირაის“ გამოკითხვებშიც. ეს რაზე მიანიშნებს?  

- თუ ამ კვლევებს ნდობას გამოვუცხადებთ და ვთვლით, რომ ყველაში არა, მაგრამ ამ ნაწილში მაინც მართალია, ეს ნიშნავს იმას, რაზეც მოგახსენეთ - ისევე, როგორც ნაციონალური მოძრაობა 2012 წლისთვის გაკოტრებული ხელისუფლება იყო, ბოლომდე გაკოტრებულია ქართული ოცნება თავისი მმართველობის მეოთხე წლისთავზე. 

უფრო მეტსაც გეტყვით, მიმაჩნია, რომ 51% პროცენტი კი არა, მინიმუმ 75% ფიქრობს, რომ ეს არის რაღაც გაურკვეველი პოლიტიკური ძალებისგან შედგენილი, ასევე გაურკვეველი ე.წ. პოლიტიკური ძალა, რომელიც მომავალ არჩევნებში ლეგიტიმაციას საერთოდ არ იმსახურებს. 

ეს არ არის ჩემი, როგორც რიგითი ოპოზიციონერის შეფასება. რეალურად, ეს იმ დაპირებების შეუსრულებლობის შედეგია, რომელიც მათ 2012 წელს წინასაარჩევნოდ უხვად ჩამოარიგეს. მათ აღნიშნული დაპირებებიდან თითქმის ვერც ერთი ბოლომდე ვერ შეასრულეს.

შეგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობის დროს ასეთი კრიტიკა იყო, რომ რა ვქნათ, ასფალტი ვჭამოთო? 

დღეს ერთი სიკეთე ნამდვილად არის, რომ ყველაფრის გამოხატვა შედარებით თავისუფლად არის შესაძლებელი. ეს მომენტი გაუმჯობესებულია. მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ თავისუფალი სიტყვა ქართულ ოცნებას ნერვებს უშლის და მე რუსთავი 2-ის ქეისზე ვსაუბრობ. ასევე ყურადღება უნდა გავამხვილოთ ინგა გრიგოლიას ცნობილ გადაცემაზე, ეკა მიშველაძის თოქ-შოუს დახურვაზე და ა.შ. 

ამიტომ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ქართული ოცნების ის დაპირებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. პირადად ჩემთვის აქ არც კი დგას რაიმე განსაკუთრებული კითხვის ნიშნები. ვესწრებოდი ამ პროცესებს და თვალნათლივ ვხედავდი დამოკიდებულებას თავისუფალი მედიასაშუალების წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ გააჩაღა. 

ამიტომ ვამბობ, რომ მათ დაპირება ამ ნაწილშიც კი არ შეასრულეს. 

- სადამდე შეიძლება წავიდეს ეს პროცესი „რუსთავი 2-თან“ მიმართებაში?

- თითქმის ყველა ამ პროცესს დავესწარი. აქვე მსურს ხაზი გავუსვა, რომ რუსთავი ორი გარკვეულწილად მიკერძოებული იყო ნაციონალური მოძრაობის მიმართ. მაგრამ თვითონ ნიკა გვარამიამაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განმარტება, - დიახ, ჩვენ მიკერძოებული ვართ იმ პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომლებიც დასავლული ორიენტაციის მიმდევები არიანო. მათ შორის მოვიაზრებით ჩვენ, რეფორმატორები, თავისუფალი დემოკრტები და ა.შ. 

ძალიან კარგი და კიდევ კარგი, რომ რუსთავი 2 გვერდში არ უდგას იმ პრორუსულ ძალებს, რომლებიც ასპარეზზე არიან წარმოდგენილნი და მე მათ პოლიტიკურ კიკუებს ვუწოდებ. და ეს არ ნიშნავს, რომ მედია, ამ შემთხვევაში რუსთავი ორი თავისუფალი არ არის. პირიქით, თავისუფალი, კრიტიკულია და ეს ქართულ საზოგადოებას სჭირდება. არამხოლოდ ოპოზიციონერებს, რომ ჩვენი ბრიფინგები, სათქმელი მივიტანოთ რუსთავი 2-ის ეთერით საზოგადოებამდე. 

ზოგადად, ჩვენ საზოგადოებას სჭირდება პლურალისტური გარემო. სახელმწიფოს და საზოგადოებას სჭირდება მედიასაშუალებები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მარიონეტები არ იქნებინ. მისი თითის დაქნევის მიხედვით არ გადაწყვეტენ არც საინფორმაციო ბადის აგებას, ზოგადად, საინფორმაციო პოლიტიკას და თოქ შოუების მიზნობრიობას. 

ამიტომ მე მხარს ვუჭერ რუსთავი ორს. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან წარმატებული გუნდით დაკომპლექტებული ერთ-ერთი ყველაზე მაღალპროფესიული გუნდი და მათ ბოლომდე გვერდში დავუდგები. 

რაც შეეხება შეფასებით ნაწილს, პროცესებზე აშკარად ჩანდა მოსამართლეების არასწორი, უკანონო დამოკიდებულება ტელეკომპანიის მიმართ. რეალურად, ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელი პაატა სალია უსაქმოდ იჯდა. სასამართლო პროცესები მოსამართლეებსა და რუსთავი ორის დამცველებს შორის მიმდინარეობდა. ეს ენით აღუწერელი ბოროტება იყო, რასაც მე თვალყურას ვადევნებდი. 

თანაც იურისტი ვარ და ჩემთვის ეს ამბავი მარტივად იდენტიფიცირებადია, თუ როგორ მიმდინარებდა ეს პროცესი. მე შემიძლია პროცესი სამართლებრივ ჭრილში შევაფასო და გადაწყვეტილების სრულ უკანონობაზე გავამახვილი ყურადღება. ასევე შემიძლია პოლიტიკური კუთხით შევაფასო, - ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელდასმული, ყმადქცეული მოსამართლეების ბრძოლა ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ. ამას სხვა სახელი არ ჰქვია. 

ერთი, რომ ეს ქართულ საზოგადოებაში შიდა განწყობებს ანგრევს და ამით ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს პირდაპირ აზიანებს. ვფიქრობ, რომ საზოგადოება ერთიანი და კონოლიდირებული უნდა ვიყოთ, რათა რუსთავი 2 გადავრჩინოთ. 

ახლა უზენაესი სასამართლოს პასუხს ველოდებით. ტელეკომპანია გაასაჩივრებს ქვედა ინსტანციის გადაწვეტილებას და დანარჩენი უზენაეს სასამართლოზე იქნება დამოკიდებული. 

აქვე მსურს პარალელი გავავლო - ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება. სააკაშვილის ხელისუფლება ტელეკომპანია იბერიაში თუ იგივე იმედში იარაღის ჟღარუნით შევარდა, ეს იყო კოშმარი და ძალიან ცუდი შედეგების მომტანი. 

დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ მთავრობა რუსთავი ორის, ოპოზიციური მედიასაშუალების  წინააღმდეგ უფრო დახვეწილი, საშიში, მზაკვრული, და არადემოკრატული მეთოდით, სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებით იბრძვის. ეს ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნის აწმყოსთვის და რასაკირველია, მომავლისთვისაც. 

არის კიდევ საკითხი. ვიცით, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს ქონებების უკანონოდ ჩამორთმევა ხდებოდა, ამაზე არ ვდაობ, ასე იყო. მაგრამ არასწორია დამოკიდებულება, რომ  ქიბარ ხალვაშს ვინმემ რამე წაართვა. რადგან მე ვნახე ეს მასალები, ხალვაშმა იმაზე მეტი აიღო, ვიდრე თვიდან ამაში გადაიხადა. რეალურად, მან მოგება ნახა აღნიშნულ გარიგებაში. 

შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ თავის დროზე სახელმწიფომ ხალვაშს რუსთავი ორი წაართვა, აბსურდული ტყუილია. თუ წართმევა იყო, 22-ს არა, ასივე პროცენტს წაართმევდა და იმდენ თანხასაც არ გადაუხდიდა, რომ ეს თავის დროზე შეძენილზე მეტი  ყოფილიყო.

ამიტომ ეს ჩვეულებრივი, მორიგი ტრიუკია, რომელზეც ვფიქრობ, რომ ხელისუფლებისთვის წარუმატებელი იქნება. ერთი კონკრეტული ბიზნესმენი ნახეს და ისეთ ელფერს აძლევენ თითოქოს ეს სამართლიანობის აღდგენის პროცესია. ამ ჩარჩოში სამართლიანობას კი არ აღადგენენ, პირიქით, სამართლიანობას, კანონიერებას, მართლწესრიგს და ყველაფერს სწორედ სასამართლოს ხელით სპობენ. 

ამიტომ ეს ძალიან დიდი დარტყმა იგივე მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ.

- ივანიშვილის ბოლო ღია წერილი შევაფასოთ და მისი ჩართვა წინასაარჩევნო პროცესში „ქართულ ოცნებას“ რას მოუტანს?

- ივანიშვილთან დაკავშირებით რა უნდა გითხრათ, როდესაც ის ქართულმა საზოგადოებამ შეცდომით აირჩია, ეს იმ გაგებით არ გაუკეთებია, რომ ის წერილებს მოგვწერდა. საზოგადოებამ ივანიშვილი იმიტომ აირჩია, რომ მას კონკრეტული დაპირებები ჰქონდა გაცემული, რომელიც უნდა შეესრულებინა. 

უბრალოდ, ჩვენ მივიღეთ, უთავმოყვარეო, უპრინციპო ლიდერი, რომელმაც  სამართლებრივად ყველაფერი მიატოვა, პასუხისმგებლობა მოიხსნა, დაჯდა სახლში და იქიდან არაფორმალურად მართავს მთავრობას, მთლიანად ხელისუფლებას. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ სასამართლოსაც ის მართავს. ეს ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. 

რაც შეეხება წერილს, მგონია, რომ ის ამხელა უსტარს ვერ დაწერდა. ის არის რამდენიმე სპეციალისტის მიერ შედგენილი, რომელიც, უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილის სახელით გამოქვეყნდა. რეალურად, ივანიშვილი სახლიდან არ გამოდის და თუ გამოდის, მხოლოდ ნათესაურ წრეში გადაადგილდება. ამიტომ მას წარმოდგენა არ აქვს არსებულ რეალობაზე. 

ივანიშვილი მინისტრებს, პრემიერ-მინისტრსაც კი საკუთარ სახლში იბარებს, ჩვენდა სამწუხაროდ და სამარცხვინოდ. მას წარმოდგენაც არ აქვს რა მდგომარეობაში იმყოფება ქართული სახელმწიფო, მოსახლეობა და ალბათ, თავისივე გუნდის წევრების მიერ გაბრიყვებულია. ის შეცდომაში არის შეყვანილი.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ივანიშვილის მონაწილეობაც წინასაარჩევნო კამპანიაში დაგვიანებულია. თითქოს, ის ჩაერთვება პროცესში და ვიღაცას რაღაცაში დაარწმუნებს. გამორიცხულია ეს ყველაფერი. არ მჯერა და არც მინდა დავიჯერო, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ისევ გაბრიყვდებიან, შეცდომაში შევლენ და დაუჯერებენ ადამიანს, რომელიც ერთი ჩვეულებრივი მატყუარაა. 

- არსებული წინასაარჩევნო გარემო როგორია?

- რეფორმატორები ინტერპარტიული ოპოზიციური სამუშო ჯგუფის წევრი ვიყავით. არაერთი შეხვედრა გავმართეთ, პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, დიპლომატიურ კორპუსთან, უცხოურ ორგანიზაციებში ჩვენი წარმომადგენლები გვყავდა, მაგრამ ვერაფერიც ვერ გავაკეთეთ. იგივე სისტემა დარჩა, რაც შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის დროს იყო. ის სისტემა დარჩა, რომელსაც თავად ბიძინა ივანიშვილი ფეოდალურ სისტემას უწოდებდა და რის შეცვლასაც გვპირდებოდა. 

დარჩა ის არაჯანსაღი, არადემოკრატიული სისტემა, რომელიც პოლიტიკურ ოპოზიციას ასპარეზს არ უტოვებს. სწორედ ამასვე აპროტესტებდა ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი, სხვათა შორის, ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის კიბეებზეც ხდებოდა. 

ამიტომ ეს არის სისტემა, რომელიც დემოკრატიულად ვერანაირად ვერ ჩაითვლება. რასაკვირველია, შედეგების ლეგიტიმიზაციაზეც დიდ ზეგავლენას იქონიებს. ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს ვისაუბროთ ამ სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. 

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი, რამდენად მშვიდ და სამართლებრივ სივრცეში ჩატარდება ეს არჩევნები. გიორგი კვირიკაშვილი გამოვიდა და ფუქსავატური ოთხი წლის თავზე პარტიებს შორის რაღაც მემორანდუმის გაფორმებაზე საუბრობს. ეს ნიშნავს, რომ ისინი უფრთხიან პოლიტიკურ ოპოზიციას, მზად არ არიან ჩვენთან დებატებისთვის. 

ცდილობენ როგორმე თავს მოგვახვიონ თავიანთი შიში და თქვან, რომ მოდით, კორექტულად ვისაუბროთ, კორექტულად ვიმსჯელოთ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებითო. 

ძალიან რთულია ოთხი წლის თავზე ჩვენ კორექტულად და კონსტრუქციულად ველაპარაკოთ ქართულ ოცნებას. რადგან ამ წლების განმავლობაში ჩვენ არაერთხელ ვეცადეთ, რომ მთავრობასთან კონსტრუქციული ურთიერთობა ჩამოგვეყალიბებინა. ჩვენ ეს ვერ შევძლით, კონსტრუქციული ურთიერთობა მხოლოდ პრეზიდენტთან მოვახერხეთ. 

ქართულმა საზოგადოებამ ხელისუფლებასთან კავშირის დამყარება ვერ შეძლო. ეს არის ხელისუფლება, რომელიც არჩევნების შემდეგ საკუთარ კაბინეტებში ჩაიკეტა, ავტომანქანებზე ციმციმები დაიყენეს, სპეციალური ხმოვანი სიგნალები და ქუჩაში საცობებშიც კი ხალხთან ერთად დგომა, გაჩერება არ უნდათ. ეს ხელისუფლება უკვე დიდი ხანია რეალობას მოწყვეტილია და საზოგადოებისგან გამიჯნულია. 

ამიტომ არ მჯერა და არც მსურს დავიჯერო, რომ ქართული საზოგადოება კვლავ შეცდება და ამით ხელშესახები შედეგები დაუდგება ქართულ ოცნებას. ვფიქრობ, რომ ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური კარიერა დაასრულა, ის გაკოტრებული პოლიტიკური ძალაა და მას ყველამ ნახვამდის უნდა უთხრას. 

- როგორ გადიხართ „რეფორმატორები“ საპარლამენტო არჩევნებზე?

- ამ ეტაზე გაერთიანების შექმნის საკითხი დგას. კონკრეტულად ჩამოყალიბებული არ ვართ, თუ რომელ ძალასთან ერთად ვიასპარეზებთ არჩევნებზე. ჯერჯერობით კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. ალბათ, გაერთიანების გარეშე არადემოკრატიულ და არაჯანსაღ გარემოში გაგვიჭირდება შედეგების დადება.

ამიტომ ვიმსჯელებთ, რომ დასავლურ ძალებთან კოალიციის სახით წარვუდგეთ საზოგადოებას ლეგიტიმაციის მისაღებად.

- არსებობს თუ არა თქვენი გაერთიანების მონახაზი?

- მოლაპარაკების პროცესი საწყის ეტაპზეა, დასრულებული არ არის. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ კოალიციაში, რომელშიც რეფორმატორები და ირაკლი ღლონტი შეიძლება მოიაზრებოდეს, აუცილებლად დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ძალები გაერთიანდებიან. პრორუსულ ძალებთან ნებისმიერი სახის ურთიერთანამშრომლობას გამოვრიცხავ, რადგან პარლამენტში გარკვეული კვოტის ქონა თვითმიზანი არ არის. ჩვენთვის მთავარი სხვაა, ვიდრე ნებისმიერი გზით პარლამენტის მანდატების მოპოვება.           

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია