მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რამდენად სწორი პოზიცია დაიკავა საქართველოს ხელისუფლებამ თურქეთის პროცესების მიმართ? - 22 ივლისი 2016

„შენი მეგობარი მაშინ დაგიფასებს, როდესაც განცხადება კრიტიკულ მომენტში ხორციელდება, თორემ გამარჯვებულთან მეგობრობა ყველას უხარია“

myrights.ge

მეზობელ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჩაფლავდა. საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება აღნიშნული პროცესების მიმართ ერთი წინადადებით შეიძლება გამოიხატოს, - „ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქეთის დემოკრატიას“. ყოფილი თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ როგორც კი ეს ყველაფერი დაიწყო, ხელისუფლებას თავისი მოვალეობა უნდა შეესრულებინა და მტკიცე მხარდამჭერი პოზიცია გამოეხატა.

„ქრონიკა პლუსი“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დიმიტრი შაშკინს ესაუბრება:

- აქ მთავარი ის არის, რომ თურქეთში შეიარაღებული ძალები ყოველთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობდნენ. ბოლო სამხდრო გადატრიალება, რომელიც იქ წარმატებით განახორციელეს, 1980 წელს იყო.

ბევრი ექსპერტი მიუთითებდა, რომ სცენარის ასეთი განვითარება შესაძლებელი იყო. მაგრამ ის, რაც ამ დღეებში მოხდა, ყველას აჩვენა, რომ სამხედრო გადატრიალების დრო წავიდა. ბუნებრივია, რომ 21 საუკუნეში, ამხელა ქვეყანაში, სადაც ინსტიტუციები უკვე ჩამოყალიბებულია, პრინციპში, სამხედრო გადატრიალება შეუძლებელია. 

თვითონ ამ მოვლენებმა აჩვენეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების როლი ქვეყანაში. იქ, სადაც არსებობს ინსტიტუციები, განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება, ოცდამეერთე საუკუნეში ასეთ მოვლენებს ადგილი უკვე არ უნდა ჰქონდეს.

- რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული გადატრიალების მცდელობამ?

- თურქეთის წინაშე ახლა ძალიან რთული ამოცანა დგას. ერთი მხრივ, ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს ელიტას შურისძიების გრძნობა ამოძრავებს. თვითონ საზოგადოებაშიც ამ შურისძიების გრძნობებმა გაიღვიძეს და, ბუნებრივია, სურვილი აქვთ, რომ ეს ხალხი დასაჯონ, ყველა ის ადამიანი, რომელიც ამაში ჩართული იყო.

მაგრამ, მეორე მხრივ, არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ახლა თურქეთი, რეალურად, ორ ფრონტზე ომობს. ერთი არის სირია და, მეორე, მას ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვს ქურთებთან. 

აქედან გამომდინარე, ახლა ერდოღანის წინაშე ძალიან რთული ამოცანაა, რომ არ გადააჭარბოს შურისძიების კუთხით და ამ გადაჭარბებამ არ მოიტანოს უფრო ღრმა პრობლემები ქვეყნის ჯარში.

- შეერთებულ შტატებთან თუ მოსალოდნელია გარკვეული დაპირისპირება?

- არა მგონია, მე, პრინციპში, ამას გამოვრიცხავ. ბუნებრივია, რომ ამ ტალღაზე გარკვეული განცხადებები იქნება გაკეთებული. მაგრამ რამდენიმე დღე და კვირა რომ გაივლის, ბუნებრივია, რომ ეს გრძნობები ჩაქრება და ყველაფერი უფრო ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდება.

- საქართველოს ხელისუფლების რეაქცია რამდენად ადეკვატური და თანმიმდევრული იყო თურქეთში განვითარებული პროცესების მიმართ?

- ძალიან სამწუხაროა და ჩვენი ხელისუფლება უკვე მერამდენეჯერ აჩვენებს, რომ კრიზისულ სიტუაციებში, კრიზის-მენეჯმენტი სადაც საჭიროა, ამ მხივ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია. თურქეთი ჩვენთვის მეზობელი, სტრატეგიული პარტნიორი, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად ძალზედ მნიშვნელოვანი ქვეყანაა.

ამ პირობებში პოზიციის არდაფიქსირება, საზღვრის ჩაკეტვა, ამის საზოგადოებისთვის,  როგორც მთავარი გადადგმული ნაბიჯის მიყიდვა, ხომ გესმით, რომ აბსოლუტურად არაადეკვატურია. 

ანუ ლოდინი იმისა, რით დამთავრდება ეს ყველაფერი და მერე პოზიციის დაფიქსირება, არასწორია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობაში, სამინისტროებში არც ხალხი ჰყავთ, ვისაც მოვლენების განვითარების პროგნოზის გაკეთება შეუძლია და არც ის ხალხი, რომელიც მკვეთრად დააფიქსირებს თუ საქართველოსთვის რა არის მნიშვნელოვანი; თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ დემოკრატიულად არჩეულმა პრეზიდენტმა შეინარჩუნოს თავისი ძალუფლება. 

ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ასეთი ხალხი დღევანდელ მთავრობაში ან არ არსებობს, ან მათ არავინ არ უსმენს. 

- ამ სიტუაციაში ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ყველაზე მართებული დამოკიდებულება რა იქნებოდა?

- როგორც კი ეს ყველაფერი დაიწყო, ხელისუფლებას თავისი მოვალეობა უნდა შეესრულებინა და პოზიცია გამოეხატა ამ გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით. ეს პირველი. 

მეორე, აუცილებლად უნდა შემდგარიყო კონტაქტი არჩეულ პრეზიდენტთან. საქართველოს ხელისუფლებას აუცილებლად უნდა გამოეხატა მხარდაჭერა დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის მიმართ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

რადგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ჩვენი პოლიტიკური პარტნიორი, მთავარი ეკონომიკური პარტნიორი. ამ სიტუაციაში, როდესაც ხელისუფლება იმალება და სიტუაციის განვითარებს ელოდება, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ პოლიტიკაში (რომელიც თურქეთს განსაკუთრებით ახასიათებს) ძალიან დიდი როლი პირად ურთიერთობებს უკავია. და ასევე ძალიან დიდი როლი უკავია ადამიანურ ურთიერთობებს.

როდესაც შენ ცდილობ დაიმალო და ცდილობ, რომ სიტუაციის განვითარებას დაელოდო, ბუნებრივია, მერე პრეტენზია არ უნდა გქონდეს თუ რატომ ადამიანური ურთიერთობები პრეზიდენტ ერდოღანთან არ არის იმ დონეზე, რომელიც უნდა იყოს. 

ერთ მაგალითს მოგიყვანთ. რუსეთ-საქართველოს შორის ომი იყო (2008 წლის აქტიურ ომს ვგულისხობ) პრეზიდენტები ჩამოფრინდნენ საქართველოში, თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს და მხარი დაგვიჭირეს. ეს ჩვენთვის ადამიანურად ხომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო? 

ბუნებრივია, ვინც ჩვენთან ჩამოვიდნენ, ამით თავიანთი აბსოლუტური მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს მიმართ. 

მაგრამ ის, ვინც დაიმალა და ხმა არ ამოიღო, ბუნებრივია, ჩვენ მნიშვნელოვან პარტნიორად ვერასოდეს ვერ იქნება განხილული.  

როდესაც თურქეთის პრეზიდენტს უჭირს, რეალური გადატრიალების მცდელობაა და შენ, ერთ-ერთი ყველაზე ახლობელი მეზობელი ცდილობ დაიმალო და ხმა არ ამოიღო, დაელოდო, ეს ყველაფერი რით დამთავრდება, როგორც ადამიანურად, ასევე პოლიტიკურად არასწორია. 

- გარკვეული განცხადებები პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერის მხრიდან გაკეთდა, უშიშროების საბჭოს სხდომა იყო მოწვეული, მაინც ფიქრობთ, რომ არასაკარისი ნაბიჯები?

- ეს, პირველ რიგში, დაგვიანებული იყო. ასეთი განცხადებები კეთდება და ამას შენი მეგობარი მაშინ დაგიფასებს, როდესაც ის კრიტიკულ მომენტში ხორციელდება. თორემ გამარჯვებულთან მეგობრობა ყველას უხარია და ის ყველას უყვარს. 

ბუნებრივია, საქართველო ვერც სამხედრო მხარდაჭერას ვერ აღუქვამდა, ვერც განსაკუთრებით პოლიტიკურს, მაგრამ ადამიანური მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. და ჩვენმა მთავრობამ, სამწუხაროდ, ეს მომენტი ხელიდან გაუშვა. 

- მოვლენების რა გზით განვითარება შედის თურქეთ-საქართველოს ინტერესებში?

- ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი იყოს სტაბილური, სტაბილური განვითარების გზაზე, იყოს დემოკრატიული. და თურქეთის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, პოლიტიკური სტაბილურობა პირდაპირ კორელაციას ახდენს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ და თქვენ შეგიძლიათ სტატისტიკას გადახედოთ, თურქეთი ჩვენი მთავარი ეკონომიკური პარტნიორების სამეულში შედის. თურქეთში ნებისმიერი განვითარებული მოვლენა პირდაპირ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, თურქეთში ნებისმიერი პოლიტიკური პრობლემა ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაზე აისახება. 

ამიტომ რაც უფრო მდგრადი და დემოკრატიული პროცესები იქნება თურქეთში, ეს ჩვენთის მხოლოდ კარგია.       

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია