მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ არ აქცევს ხელისუფლება ყურადღებას ქეთევან წამებვულის 71-ში მცხოვრებ ომის ვეტერანებს? - 26 ივლისი 2016

"თუკი პრემიერ მინისტრი ამ პრობლემაზე რეაგირებას არ მოხდენს, ამ ხალხს ნამდვილად არაფერი ეშველება"

myrights.ge

სახალხო დამცველი თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, ვეტერანთა დასახლებაში, 14 ივლისს მომხდარ ფაქტს ეხმაურება და მთავრობას დროული მოქმედებისკენ მოუწოდებს. ვეტერანთა დასახლებაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კედელი ჩამოინგრა, რომლის დროსაც ერთ-ერთმა ბინადარმა თავის არეში დაზიანებები მიიღო და ტვინის მსუბუქი შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ომბუდსმენის განცხადებით, აღნიშნულ დასახლებაში, სადაც 14 ოჯახი ცხოვრობს, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 

"თბილისში, ქეთევან წამებულის 71-ში, 1997 წლიდან, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა ზეპირი თანხმობით ცხოვრობენ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები. აღნიშნული ტერიტორია და შენობა – ნაგებობები 2008 წელს თავდაცვის სამინისტროს ბალანსიდან გადავიდა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, ხოლო ამ უკანასკნელმა შპს "სახელმწიფო უზრუნველყოფ–ის" სახელით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა ს.ს. "რეალ ინვესტ–ზე". 

2008 წლის 20 მაისს დადებული ხელშეკრულების მიხედვით მყიდველისთვის ცნობილია, რომ ტერიტორიაზე ცხოვრობენ გარეშე პირები და ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად გამყიდველის პასუხისმგებლობა გამოირიცხება. 

მთლიან ტერიტორიაზე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა 14 ოჯახი ცხოვრობს. ტერიტორიაზე არსებული შენობები ავარიულია და არსებობს მათი დანგრევის საფრთხე. შენობებში ჩადის წვიმა და განსაკუთრებული საფრთხე ემუქრება ხის კოტეჯს, რომელში ცხოვრებაც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია.

კოტეჯში ერთ-ერთ ბინაში 1997 წლიდან თავდაცვის სამინისტროს ნებართვით ცხოვრობს აფხაზეთის ომის ვეტერანი მ.შ., შვილთან, 2008 წლის ომის ვეტერან, ს. გ-სთან ერთად.

მიმდინარე წლის 14 ივლისს მ.შ-ს საცხოვრებელ ოთახში ჩამოინგრა ჭერის ნაწილი და ჩაინგრა მეზობლის ოთახისგან გამყოფი ხის ფიცრის კედელი. ჩამონგრევის დროს ოთახში იმყოფებოდა მ. შ., რომელსაც დაეცა ნანგრევები და მიიღო დაზიანებები თავის არეში, თავის ტვინის მსუბუქი შერყევა. დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ, სადაც აღმოუჩინეს საჭირო სამედიცინო დახმარება.

მ. შ – ს და ს. გ–ს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ და ამჟამადაც ამ შენობაში ცხოვრობენ. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ადგილზე მოინახულა მდგომარეობა. ოთახში ჭერის დიდი ნაწილი ჩამონგრეულია, ხის იატაკი ჩაცვენილია, ფიცრის კედლები დაზიანებულია და არსებობს საფრთხე რომ ჭერი მთლიანად ჩამოინგრევა.

ზემოთ მოყვანილმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ქ. თბილისში, ქეთევან წამებულის N 71–შივეტერანთა დასახლებაში არსებული მდგომარეობა სავალალოა და საჭიროებს მყისიერ და ეფექტურ რეაგირებას. საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები იქ მცხოვრებ ადამიანთა თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის, რათა არ დადგეს უფრო მძიმე შედეგი.

2015 წლის სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში დეტალურად იქნა აღწერილი ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე მყოფი ვეტერანების გაუსაძლისი მდგომარეობა და საქართველოს მთავრობას გაეწია რეკომენდაცია ქ. თბილისში, ქეთევან წამებულის #71 –ში შპს "რეალ ინვესტ– ის" ტერიტორიაზე მცხოვრები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის გამოყოფილოყო ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. 

თუმცა, საქართველოს პარლამენტის "2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში აღნიშნული რეკომენდაცია გათვალისწინებული არ არის.

საქართველოს კანონმდებლობით, ერთადერთი გარანტია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ არის "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონი, სადაც მითითებულია, რომ დაუშვებელია დაკავებული სასამსახურო საცხოვრებელი სახლებიდან ომისა და სამხედო ძალების ვეტერანთა გამოსახლება, სამაგიეროს მიუცემლად. სხვა შემთხვევაში, ომისა და სამხედრო ძალის ვეტერანები ხვდებიან რიგით უსახლკაროთა კატეგორიაშ, ყოველგვარი განსაკუთრებული სტატუსის გარეშე.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში სათანადო საცხოვრებლის უფლება ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას წარმოადგენს და დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით. 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის საფუძველზე სახელმწიფოებმა აღიარეს, რომ ყველას აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. 

გარდა ამისა, საქართველოს მიერ საცხოვრებლის უფლება აღიარებულია გაეროს 1966 წლის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების პაქტის საფუძველზე. შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებებისა, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს სტრატეგია და იზრუნოს ქვეყანაში არსებული უსახლკარობის პრობლემის ეფექტურად და მოკლე ვადებში აღმოფხვრისათვის.

სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური გარანტიების უზრუნველყოფა და მათ არ უნდა ტოვებდნენ ყურადღების მიღმა, რადგან ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხითაც.

ადამიანები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ქვეყნის მთლიანობისათვის ბრძოლაში იმსახურებენ ღირსეულ მოპყრობას და ზრუნვას სახელმწიფოს მხრიდან, რაც მაგალითი უნდა იყოს მოქმედი და მომავალი სამხედროებისათვის და ომის მონაწილებისთვის,"- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.    

ამ პრობლემაზე, "ქრონიკა პლუსი" ა/ო "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის" იურისტს, ეკა ქობესაშვილს ესაუბრება:

- ამ საკითხთან დაკაშირებით სახალხო დამცველის განცხადება დროულია და, უბრალოდ, აუცილებელია აღნიშნულ პრობლემაზე რეაგირება. ხელისუფლებამ ის ქმედითი ღონისძიებები უნდა გაატაროს, რომ ამ ხალხის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაცული იყოს. 

რეალურად, ეს ადამიანები წლების განმავლობაში ძალიან საგანგაშო პირობებში ცხოვრობენ, თუ ამას რაიმე პირობები ჰქვია. ყოველწუთიერად იქ მცხოვრებლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ძალიან არაადამიანურ და ღირსების შემლახველ პირობებში უწევთ ყოფნა. 

- თქვენ რაც დაიწყეთ აღნიშნულ პრობლემაზე სამართლებრივი მუშაობა, მას მერე ადგილზე საერთოდ არაფერი შეიცვალა?

- სამწუხაროდ, არაფერი შეცვლილა. ამ საქმესთან დაკავშირებით,  ადამიანის უფლებათა ცენტრს მრგვალი მაგიდა ჰქონდა გამართული, სადაც თავდაცვის სამინისტროდან, ხელისუფლების რამდენიმე ორგანოდან წარმომადგენლები მოვიდნენ. განაცხადეს, რომ ეს მათი პირდაპირი ვალდებულება არ არის. 

ყველა თავის ვალდებულებას თავს არიდებს, - ეს ჩემ პირდაპირ ვალდებულებაში რომ მეწეროს, მაშინ  გავაკეთებდიო, - ეს მრგვალ მაგიდაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა. 

საერთოდ, ხისტი და შეუვალი აღმოჩნდნენ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები. ისინი ჩვენ შეხვედრაზე  საერთოდ არ მოვიდნენ და არაფერი არც განუცხადებიათ. მხოლოდ ის თქვეს, რომ ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაა და მასზე აღარანაირი უფლება არ აქვთ.

ხოლო, თავის დროზე, რატომ გაასხვისეს და გაყიდეს კერძო საკუთრებად, როდესაც ეს ხალხი იქ ადგილზე ცხოვრობდა, ამაზე პასუხი საერთოდ არ გაგვცეს, ძალიან ხისტად მოგვექცნენ. რეალურად, ჩვენ მოთხოვნაზე  არანაირი რეაგირება არ მოახდინეს.

- აბა, ვის ეკისრება ამ პრობლემის მოგვარებაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა?

- ამ დღეებში, აღნიშნულმა ადამიანებმა პირდაპირ, ღია წერილი გააკეთეს ქვეყნის პერმიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სახელზე. ჩვენ ერთად ვთხოვთ პრემიერს, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე და თვითონ უშუალოდ გადაწყვიტოს, ეს რომელი სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციაა. და რომელმა უწყებამ უნდა მოახერხოს ამ ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარების გაწევა. 

თუკი პრემიერ მინისტრი ამ პრობლემაზე რეაგირებას არ მოხდენს, ამ ხალხს ნამდვილად არაფერი ეშველება. ასე მათ ელემენტარულ კეთილდღეობაზე არავინ არ იზრუნებს.

იმაზე აღარაფერს ვამბობ, რაოდენ სირცხვილია ქვეყნისთვის, როცა სამხედრო ძალების ვეტერანები დღეს ასეთ წარმოუდგენელ პირობებში ცხოვრობენ. 

- პრემიერის უშუალო ჩართულობის გარეშე, ამ საკითხის გადაწყვეტაში სხვა გამოსავალს ვერ ხედავთ?

- სხვა გზას ნამდვილად ვერ ვხედავთ. გამოსავალი მხოლოდ იმაშია, რომ პრემიერმა ვალდებულება საკუთარ თავზე აიღოს და საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს; ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რომ ამ ადამიანებს შესაბამისი საცხოვრებელი ფართები მიეცეთ, რათა ღირსეულად, ადამიანურ პირობებში იცხოვრონ.

- მაშინ თავდაცვის სამინისტროს წამომადგენლები რომ მოვიდნენ, შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ვის დააკისრეს, კომპანია „რეალ ინვესტს“ ხომ არა?

- დიახ, აპირებდნენ, რომ სრული პასუხისმგებლობა რეალ ინვესტისთვის დაეკისრებინათ. თუმცა ეს მიდგომა ცალსახად გავაკრიტიკეთ და ვთქვით, რომ ჩვენ კერძო მესაკუთრეს ვერაფერს დავავალდებულებთ, რომ ქვეყნის სამხედრო ძალების ვეტერანები უზრუნველყოს, მისცეს ფართი. ამ შემთხვევაში, ეს მხოლოდ კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული და არა სხვა ტიპის პასუხისმგებლობაზე.

ამიტომ ეს ვალდებულება ქვეყნის და ხელისუფლებისაა. ხოლო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ეს ყველაფერი (შექმნილი პრობლემა) წინა ხელისუფლებას დააბრალეს. მაგრამ, როგორც ჩანს, ნებისმიერი მთავრობის წარმომადგენლები ამას წინა ხელისუფლებას აბრალებენ და იმას არ ფიქრობენ, რომ სამართალმემკვიდრეები სწორედ ისინი არიან და შესაბამისი ვალდებულებაც მათ ეკისრებათ.

- თვითონ კომპანია „რეალ ინვესტის" წარმომადგენლებთან თუ გქონდათ ამ თემაზე საუბარი, რას ამბობენ?

- რეალ ინსვესტმა თქვა, ჩვენ ეს შევიძინეთ, ამ დროს შევამოწმეთ ყველა სახის დოკუმენტაცია და რაიმე დოკუმენტური, წერილობითი ვალდებულება ამ სახლზე არ იყოო; და, შესაბამისად, ამიტომ შევიძინეთ, ვეტერანების დაკმაყოფილება ჩვენი ვალდებულება არ არის, ეს ხელისუფლების ვალდებულებააო, - რაშიც, რალურად, მართლები არიან.

- ადრე თქვენ ამ საქმის სასამართლოში შეტანასაც აპირებდით...

- სასამართლო წარმოებაში არ იღებს, რამდენადაც ეს ადამიანები მხარეს არ წარმოადგენენ. რადგან ხელშეკრულება სახელმწიფოსა და რეალ ინვესტს შორის გაფორმდა. ეს ადამიანები ვერც მესამე პირები არიან, ამიტომ სასამართლო საქმეს არ იღებს. 

ამ შემთხვევაში სასამართლო გამოსავალი არ არის. გამოსავალი ხელისუფლების ნება და ვალდებულებებია.

- სახალხო დამცველი წერს, რომ მან ამ პრობლემაზე მიმართა პარლამენტს, მაგრამ მისი მოთხოვნა გათვალისწინებული არ არის...

- დიახ, ეს საკითხი სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში იყო მოხვედრილი და არც ამაზე იყო შესაბამისი პასუხი გაცემული. 

- ამას რას უკავშირებთ?

- ეს არის უპასუხისმგებლობა ხელისუფლების მხრიდან, რომ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები დღეს ასეთ პირობებში ცხოვრობენ. ხაზს ვუსვამ, ეს არის არაადამიანური და ღირსების შემლახავი პირობები.     

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია