მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ემზარ კვიციანი: მთელი ინფორმაცია, რაც ჩვენ მინისტრებს ჰქონდათ, ხუთ წუთში მოსკოვში ხვდებოდა - 09 აგვისტო 2016

„ემზარ, მიშველე რამე, ისეთ "ტუპიკში" ვართ შესული, ახლა ომი რომ დაიწყოს, ამისთვის ჩვენ მზად არ ვართ, ომსაც წავაგებთ და ტერიტორიებსაც დავკარგავთო“

myrights.ge

„ქრონიკა პლუსის“ წინა ნომერში გამოქვეყნდა წერილი, სადაც გამოცემის წყარო ამტკიცებს, რომ ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაური რუსლან გელაევი აფხაზეთში ყოფნისას რუსებთან თამაზ თამაზაშვილმა, კობა კობალაძემ და ემზარ კვიციანმა ჩუშვეს. ჩვენთან საუბრისას ემზარ კვიციანი აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, ნებისმიერი ინფორმაცია რუსულ მხარესთან მაშინდელ ქართველ მინისტრებსა და გენერლებს მიჰქონდათ.   

„ქრონიკა პლუსი“ ყოფილ პრეზიდენტის რწმუნებულს კოდორის ხეობაში, ემზარ კვიციანს ესაუბრება.

- რუსლან გელაევი თამაზ თამაზაშვილმა, კობა კობალაძემ და ემზარ კვიციანმა ჩაუშვესო, - ახლა ეს ცოტა მკბენარე სათაურია. თავშივე სიცრუე დევს და გეტყვით ეს რაში მდგომარეობს. თამაზ თამაზაშვილი მე 2015 წლის მერე გავიცანი, რაც გავთავისუფლდი. მითხრა, ჩვენ შეხვედრილი ვართო. სად-მეთქი, სხვათა შორის, სახეზეც კი არ მახსოვდა. კოლეგა გუბერნატორის, ბიძინა სონღულაშვილის დაბადების დღეზე შუამთაში ვიყავით რესტორანში მე და ჩემი მეგობრები. გამახსენა, იქ მეც ვიყავიო. თუ არ ვცდები, მაშინ ახმეტის პოლიციის უფროსი ყოფილა. მახსოვდა, რომ რაღაცებს აბრალებდნენ, ეს თავს იმართლებდა და აღნიშნული ხმების გამო, მაინცდამაინც პატივს არ ვცემდი. ერთი რამ ვიცოდი, რომ ის კახა თარგამაძესთან დაახლოებული პირი იყო და ამიტომ მასთან სიახლოვის სურვილი არასოდეს არ მქონდა. მაგრამ ახლა რომ გავიცანი, ჩემში ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა. დღესაც რომ შევხვდეთ, ნორმალური მოკითხვა გვექნება. 

დანარჩენი, ის იმ პერიოდში კოდორის ხეობაში არ მინახია. სპეცსამსახურებიდან 70-კაციანი სპეცრაზმი იყო, რომელიც ტყიბულის ბატალიონად იყო წარმოდგენილი. ესეც ჩემთვის აღმოჩენაა, რომ იქ თითქოს გია გულუას სპეცრაზმიც იყო. შეიძლება მისი ჯგუფიდან ვინმე იყო, მაგრამ იქ ჩემთვის არავის უთქვამს ამის შესახებ. 

ჩემთვის ისიც კარგი აღმოჩენაა, რომ მე მეგონა ამ ყველაფერს რუსეთის შს მინისტრი, რუშაილო ხელმძღვანელობდა და, თურმე, სხვა გენერლები ყოფილან. მათი გვარ-სახელები ახლა გავიგე და შეიძლება ეს სწორიც იყოს და რუშაილო მათ თავზე იდგა. რადგან კახა თარგამაძე ყოველთვის რუშაილოს აგენტად ითლებოდა, მეგონა, რომ ამაში მარტო თარგამაზე იყო ბრალდებული. მაშინ ამასთან დაკავშირებით აზრზეც ვერ მოვდიოდით, რადგან ასეა, სპეცსამსახურების მუშობა ყოველთვის ფარულია. 

მერე აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფერს ირაკლი ალასანია კურირებდა. ამ წერილში კი ალასანია ნახსენები არ ყავთ, ასევე ანზორ მარგიანი. რაც, თავისთავად, ეჭვს იწვევს, რომ ამათგან ხომ არ მოდის ეს წერილი. ის, რაც თავად ჰქონდათ ჩაფიქრებული-გაკეთებული (ჩეჩნები ჩემთან ერთად უნდა გაენადგურებინათ და კოდორის ხეობაც ჩაებარებინათ), ახლა არჩევნების წინ მე შემომიტრიალეს. 

ამაზე კობა კობალაძეს ვესაუბრე და ის სასამართლოში საჩივრის შეტანას აპირებს. თან წერილი დაიბეჭდა და მე არავინ დამირეკა, კომენტარი არავინ მთხოვა, მასალას ესეც ხომ უნდა ერთვებოდეს? გასაგებია, რომ მედიას სენსაციები სჭრდება, მაგრამ ჟურნალისტები რატომ არ უფრთხილდებით ჩვენ რეპუტაციას, ქვეყნის წინაშე სუფთა რომ ვართ? მთელი ეს წლები რა არ დაგვაბრალეს და ახლა ეს ისევ გრძელდება. 

ამ წერილის ავტორი აუცილებლად უნდა შემომხმიანებოდა, ჩემგან კომენტარი აეღო, რაც ძალიან სწორი საქციელი იქნებოდა. 

- არის ხოლმე შემთხვევა, როცა რესპონდენტი ითხოვს, რომ ჯერ მისი პოზიცია დაფიქსირდეს და ამის შემდეგ მოხდეს მეორე მხარის პოზიციის წარმოჩენა... საპასუხო პოზიციას რაც შეეხება, ჩვენ ახლა სწორედ ამას ვაკეთებთ, ვწერთ ვრცელ ინტერვიუს იმდროინდელ ფაქტობრივ მდგომარეობაზე...

- მაგრამ მე შეიძლება ისეთ აზრზე ვიყო, რომ საერთოდ არ მოგცეთ საპასუხო ინტერვიუ და სხვა გაზეთებსა და ტელევიზიებში ვისაუბრო ამ პრობლემატიკაზე. მე მაინც გაძლევთ ინტერვიუს, მიუხედავად იმისა, რომ საქმის კურსში არ ჩამაყენეს და არ დამირეკეს. ჩემი პოზიცია ერთი კვირის მერე ფიქსირდება, როცა ხალხს ის წერილი უკვე წაკითხული აქვს. ეს 0,001%-ს მაინც ხომ ჩარჩება გონებაში და არჩევნების წინ რეპუტაციას მილახავს? ამიტომ ვფიქრობ ეს ყველაფერი ჩემ საწინააღმდეგოდ შეგნებულად არის გაკეთებული. ამიტომ, ამას ხაზს ვუსვამ. 

ახლა რაც შეეხება სიცრუეს, რაც ამ წყაროს მონაცემებშია. ჯერ ერთი, ასეთი ინფორმაციები თქვენ არ გაწყობთ. ყოველთვის ჯობს სიმართლე დაიწეროს. ჩემთვის ეს "სატოპკე" იყო, არც მწყენია, უბრალოდ, არ მომეწონა დამოკიდებულება ჩემ მიმართ. ახლა რასაც მიიღებენ ეს ადამიანები, ვინც ის ჩიტი გამოგზავნა, ამასაც დავანახვებ. 

მე სუფთა ფაქტებით ვისაუბრებ. აქ რა ფაქტებია, როცა ყველაფერი ერთმანეთში არეულია ქრონოლოგიურად და გეოგრაფიულადაც? არაფერი ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს ისეთი ადამიანის მიერ მოტანილია, რომელიც ჩვენთან რუსების მიერ იყო მომაგრებული. მაგრამ იქ ვერ ბედავდა შემოსვლას, რადგან ტყვიები და ბომბები ცვიოდა და გარედან რასაც ხედავდა, მხოლოდ ის აქვს მოყოლილი. 

- მაშინ ჩამოვაყალიბოთ ფაქტები, რა ხდებოდა ადგილზე?

- მოკლედ, 2001 წელს ჩემთან დავით თევზაძეს აგზავნიან. მაგრამ მანამდე ჩემს ერთ-ერთ აკადემიელ მეგობარს, ჯონი ტომარაძეს ვურეკავ. ის კახეთისკენ იყო, ჯერ შინაგან ჯარში და მერე თავდაცვაში. ვურეკავ და... - ვაჰ, გაგიმარჯოს ემზარ, იმის გამო მირეკავ, რაც ხდებაო? რა ხდება-მეთქი. რა, არაფერი იცი, 500 კაცამდე ჩეჩნების მთელი კოლონები რომ დასავლეთში, კოდორის მხარეს გადმოისროლეს, ვიღაცამ წამოიყვანა ისინი, ამაზე მირეკავო? 

რა ხუთასი კაცი, რის კოდორი-მეთქი. საერთოდ აზრზე არ ვიყავი, რომ 500 კაცი ვიღაცამ გადაისროლა ჩემი მიმართულებით. მაშინვე ვურეკავ და მივდივარ დათო თევზაძესთან, ვუყვები, ასე და ასეა-მეთქი. ეგრევე ტელეფონი აიღო და რეკვები დაიწყო. გაიგო ყველაფერი თუ რეალურად რა ხდებოდა. 

ამდენად, არც დათო თევზაძემ, არც კობა კობალაძემ, არც მე არაფერი ვიცოდით, რომ ჩეჩნები გადაიყვანეს. ამის მერე, თევზაძე ნუგზარ საჯაიას ურეკავს. ის ეუბნება, შენ და კვიციანი ჩემთან მოდითო, უშიშროების საბჭოში. ავედით და იქ საბჭო შეკრებილია, მხოლოდ გარკვეული პირები, გენერლები ესწრებოდნენ. კერძოდ, კახა თარგამაძე, ავთო იოსელიანი, ვალერი ჩხეიძე, დათო თევზაძე, მე და თავად ნუგზარ საჯაია თათბირის თავში ზის. 

ცოტა ხანში ვახტანგ ქუთათელაძე შემოგვიერთდა. რაღაც მიზეზი თქვა, წელი მტკივაო თუ რაღაც. ახლა ასეთი ლაპარაკი მიდის, - რუსლან გელაევმა სურვილი გამოთქვა, რომ წავიდეს, დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, შენ, როგორც სვანი კაცი, თან გუბერნატორი, მთავრობის წარმომადგენელი, ერთადერთი ხარ, ვინც იცი უღელტეხილები და შეგიძლია ისინი გადაიყვანო, სამშობლოში გადაუშვაო; და ჩვენ ჩაგვეთვლება, რომ ისინი შევიფარეთ, დაჭრილები მოვარჩინეთ, ფაქტობრივად, გადავარჩინეთ და გავუშვითო. 

მე ვუთხარი, ამას თქვენ რატომ მეუბნებით, როცა ჩემი უფროსი მყავს-მეთქი, ამ დროს პრეზიდენტის რწმუნებული ვარ. მან ჩვენ გვთხოვა, რომ ეს შენთვის გადმოგვეცაო. კარგი-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაც ღალატს აქვს ადგილი. 

ჩემთან არასდროს არ მეგობრობდნენ თარგამაძე, ქუთათელაძე და ჩხეიძე, ეს "სასტავი" ყოველთის "შპილკებს“ მიდგამდა და მათთან დაძაბული სიტუაცია მქონდა. ალბათ გახსოვთ, არქივი რომ ამოიღოთ, ერთმანეთში სულ ომი გვქონდა. ეს განსაკუთრებით კახა თარგამაძეს ეხება, რომელმაც გამინადგურა კოდორის ხეობა, ფაქტობრივად, ჩასაბარებლად გაამზადა. 53 კაცი მოკლული დამხვდა, როდესაც დნეპროპეტროვკიდან, უკრაინიდან ჩამოვედი ორი წლის შემდეგ. იქ დავდიოდი, ბიზნესი მქონდა, მერე იძულებული გავხდი მიმეტოვებინდა და კოდორში დავბრუნებულიყავი.

ახლა გავაგრძელოთ იმ თათბირიდან. მეუბნებიან, უნდა წახვიდეო. 

- ჯერ არ ვიცი, რას აპირებს გელაევი, თქვენ კი რაღაცას მეუბნებით, მაგრამ იქნებ სხვა რამე აქვს გონებაში, ამას ყველაფერს დავადგენ, ჯერ შევხვდები, გავიცნობ და გავიგებ ყველაფერს-მეთქი. მოკლედ, მივდივარ. მისამართი მითხრეს, მანქანაში ჩამსვეს, საჭესთან ანზორ მარგიანი იჯდა, კიდევ დათო შენგელია გვახლდა. მიმიყვანეს ენგურჰესის კაშხლის გადაღმა ასეთი სოფელია დალაკვაკვა, ერთი ოჯახი ცხოვრობდა. 

მანამდე, მთელ საქართველოზე რომ გადაიყვანეს ეს ხალხი, წარმოიდგინეთ, რამდენი მანქანა იქნებოდა. ყველა შს სამინისტროს ტექნიკა. წერენ, იქ ვითომ გაყალბებულ ნომრებზე, ამ დროს სულ შსს მანქანები იყო, არც ერთი თავდაცვის მანქანა არ ერია. ეს ხალხი უკვე დალაკვაკვაში გადაყვანილი ყავდათ და მხოლოდ ამის მერე ვიგებთ ამის თაობაზე. 

მათთან იყო ვინმე ჯოლოგუა, რომელიც ჩემთან დადიოდა ხოლმე და რაღაც ინფორმაციებს მაწვდიდა. ისიც ჩემთან ალასანიას მიერ მოგზავნილი ყოფილა, მამუშავებდა, რომ, აი, აფხაზეთის დაბრუნებაზე უნდა ვიზრუნოთო და ა.შ. ანუ მე მეორე მხრიდანაც მაქვს ინფორმაციები, რომ რუსლან გელაევს სხვა აზრები აწუხებს. არა ის, რასაც მე ჩვენი გენერალიტეტი მავალდებულებს. 

მოკლედ, ჩავედით და ნავით მეორე მხარეს გადამიყვანეს. ავედით და კარვები იყო დადგმული. ერთ-ერთთან მივედით და გელაევმა კარგა ხანს გვალოდინა. გამოვიდა და ვითომ ლოცულობდა, ბოდიში მოიხადა, მაგრამ განრისხებული იყო, - მერამდენედ უნდა მომატყუოთ ქართველებმა, რამდენჯერ შევთნხმდით, ყოველთვის არღვევენო; მაგრამ მე ამაზე არასოდეს არ დავთანხმდებოდი, თუკი შენს სახელს არ მიხსენებდნენო. 

კი მაგრამ, ჩემი სახელი შენ რას გაძლევს, პირველად ვხვდებით ერთმანეთს-მეთქი. ეს შენ გგონია, რომ პირველად ვხვდებით, მე მთლიანად გიცნობ, სად რა გაგიკეთებია და შენზე მთელი რიგი ინფორმაციები მაქვსო. ერთადერთი კაცი იყავი, ვისაც გენდობოდი, რადგან შენგან ღალატი მოსალოდნელი არ არისო. ეს პირდაპირ მითხრა, დანარჩენებიც იქვე ისხდნენ. 

- მითხრეს, რომ მთელ ამ ოპერაციას შენ უხელმძღვანელებო. 

რანაირი საერთო ხელმძღვანელი უნდა ვიყო, როცა ჯერ გადაწყვეტილიც არ მაქვს, წამოვალ თუ არა-მეთქი. ჯერ მივალ პრეზიდენტთან, ჩემს უფროსთან, მას მოვახსენებ იმაზე, რაც ჩვენ გენერალიტეტთან მოლაპარაკებულია (ისინი სხვანაირად მეუბნებიან და შენ სხვას-მეთქი) და თუ დამავალებს, წამოვალ, თუ არ დამავალებს, გამორიცხულია, რა წამოვალ-მეთქი. 

ძალიან გაიკვირვა ეს ყველაფერი და წეღან რაც დაგისახელეთ, ის გვარები ჩამომითვალა, - ეზო ამიტალახიანეს, ყოველდღე მოდიოდნენ და მეხვეწებოდნენ, დაგვეხმარე აფხაზეთის დაბრუნებაშიო. მეც ვიფიქრე, თავის დროზე ქართველების წინაშე მივქარე, ორი კვირა ვიყავი აფხაზეთის მხრიდან გაგრაში საომრად შემოსული (მომიყვა მთლი ეს ისტორიები), მაგრამ იქ უსამართლობა ვნახეო; ადილობრივებს ტყვეები ჩავაბარე, ქართველები, ორი სვანი იყო და ორი თბილისელი, სოჭში გადავედი და როცა დავრუნდი, თბილისელები დახვრეტილები დამახვედრესო; აი მაშინ ვთქვი, რომ საქმე ისე არ ყოფილა, როგორც ამას პროპაგანდისტულად ატრიალებენ, ავდექი და "დასვიდანია" ვუთხარი, შევკრიბე ყველა ჩეჩენი და გამოვუცხადე, - აქ ჩვენ არასწორი ინფორმაციით ვართ ჩამოსულები, ქართველების წინააღმდეგ ტყუილუბრალოდ ვიბრძვით, საქმე ასე არ ყოფილა, მე მივდივარ და ვინც გინდათ წამომყევითო; 38 კაცი დარჩა, ბასაევის ხალხი, სხვა არავინ, დანარჩენები მე გამომყვნენო.       

მაგრამ მე ეს ორი კვირა ყელში მაქვს გაჩხერილი, რაც ახლა ქართველებმა ჩემთვის გააკეთეს, ამის გამო თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობო; მაგრამ თვის დროზე მეც ძალიან ცუდი ნაბიჯი გადავდგი, მინდა გამოვასწორო და ამის გამო დღეს აქ ვარო. ანუ საუბარია აფხაზეთის დაბრუნებაში მონაწილეობის მიღებაზე. 

კარგი-მეთქი და პრეზიდენტთან შესახვედრად წამოვედი. პრეზიდენტი ლიკანში ისვენებს, ბორჯომშია. გზად რომ მოვდიოდი, ვიღაცამ საჯაიას ინფორმაცია მიაწოდა, რომ მე პრეზიდენტთან მივდიოდი და ამის გამო სულხან პაპაშვილი სამი თვე პრეზიდენტთან არ მიშვებდა, - არ სცალია, დაკავებულია და ა.შ. მას სამი თვე არ მაკარებდნენ. 

მირეკავს დათო თევზაძე, - საჯაია პანიკაშია, ემზარი პრეზიდენტთან რატომ მიდისო. ვუთხარი, ის ჩემი უფროსია, უნდა მოვახსენო რა ხდება, თუ წასვლას დამავალებს, წავალ, თუ არა, არ წავალ. ყველაფერი კარგად დამთავრდება, ამას კაციშვილი არ დამიფასებს, მაგრამ რამე ცუდად რომ დასრულდეს, ყველაფერს ჩემზე გადატეხავდნენ. ჩემ დაუკითხავად რატომ წახვედიო, პრეზიდენტი მეტყვის და ამიტომ დავეკითხები-მეთქი. 

მირეკავს საჯაია და მასაც იგივე ვუთხარი. კარგი, მაშინ სულხან პაპაშვილთან მიდი და ის შეგახვედრებსო. მივედი თუ არა, შევარდნაძესთან შემახვედრა. პრეზიდენტი ძალიან ცივად შემხვდა. გამიკვირდა, ყოველთვის ჩამიხუტებდა ხოლმე. 

ბატონო პრეზიდენტო, ასეთი სიტუაციაა-მეთქი და ყველაფერი მოვუყევი. ასე მიყურებს და ... ამ ყველაფერს შენ აკეთებო? ანუ პრეზიდენტთან ინფორმაცია აქვთ მიტანილი, რომ ამ ყველაფერს მე ვაკეთებ. ჩეჩნები იქით შენ და დათო თევზაძემ არ გადაიყვანეთო? ვინ გადაიყვანა, რა გადაიყვანა-მეთქი და ავუხსენი მთელი ეს ფაქტობრივი მდგომარეობა. შევახსენე რაღაც ძველი მომენტები და მაშინ მიხვდა, რომ ცრუ ინფორმაციები ჰქონდა მიღებული. ჩამოუშვა ხელები და მეუბნება, - ემზარ, მიშველე რამე, ისეთ "ტუპიკში" ვართ შესული, ახლა ომი რომ დაიწყოს, ამისთვის ჩვენ მზად არ ვართ, ომსაც წავაგებთ და ტერიტორიებსაც დავკარგავთო; რამე გავაკეთოთო.

ვუთხარი, ჩეჩნები უკან, პანკისში დავაბრუნოთ-მეთქი. ჰოპ, არავითარ შემთხვევაში, კახეთს დავკარგავო. სიტყვა-სიტყვით მახსოვს ეს საუბარი, ამას რა დამავიწყებს. აბა, რა გავაკეთოთ ბატონო პრეზიდენტო, წავიდე, გავყვე-მეთქი? მე თუ წავედი, სრული თავისუფლება უნდა მქონდეს და ისე უნდა მოვიქცე, როგორც ამას მე საჭიროდ ჩავთვლი-მეთქი; თორემ ახლა რადგან ჩვენდაუნებურად იქ ამხელა ძალა მოხვდა, მათ გეგმაც ექნებათ, რომელიც ბოლოს ღალატით დასრულდება-მეთქი. ჩვენ ღალატს ავცდეთ, ტერიტორიები არ დავკარგოთ და ომიც რომ არ დაიწყოს ქვეყანაში, ამისთვის მე თავისუფლება მჭირდება-მეთქი.  აბსოლუტური თავისუფლება გაქვს, ერთადერთი, სანამ კავშირი არსებობს, ყოველდღე დამირეკე და მელაპარაკეო. კი ბატონო-მეთქი.

- ჩეჩნები სულ რამდენი იყვნენ?

- 470 ჩეჩენი იყო, 70 ჩვენი სპეცნაზელები და ცხრა სვანი. ახლა როგორი სიტუაციაა. კარებში რომ გამოვდივარ, პრეზიდენტმა დამიძახა, - ემზარ, დაბრუნდი. მივედი და ასეთ სიტყვებს მეუბნება, - ემზარ, იცოდე, განწირული ხარ, მაგრამ ერთი კაცი არაფერს ნიშნავს სახელმწიფოსთვის, არც შენ და არც მეო. სიტყვა-სიტყვით ასე მითხრა. 

ვიცი, ბატონო პრეზიდენტო, რომ განწირული ვარ, მე რომ მოვისმინე შენი გენერლებისა და მინისტრების ლაპარაკი, უკვე მივხვდი, რომ განწირული ვიყავი, მაგრამ თქვენ დიდი მადლობა, რომ ამას პირში მეუბნებით და გამიმხილეთ; მათ იეშმაკეს, თქვენ კი ყველაფერი მითხარით, მაგრამ მე დავბრუნდები-მეთქი, გადავკოცნე და წამოვედი. 

შევხვდი დათო თევზაძეს და ვთხოვე, დახმარება მჭირდება-მეთქი. მე ვერ ვენდობი შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროებას, ვერავის ვენდობი, არც მათი ჩანერგილი 70-კაციანი ჯგუფი მინდა-მეთქი. იქ მთელი სპექტაკლები გაითამაშეს, რომ თითქოს გია შერვაშიძესა და კახა თარგამაძეს არ უნდოდათ მათი წასვლა, თითქოს ისინი სამსახურებიდან გაუშვეს და ა.შ. ასეთი ტქსტებით ჩემ დაბოლებას ცდილობენ. 

მაგრამ ახლა შეხედეთ, ეს სამოცდაათივე კაცი, მეომრები, ძალიან მაგარი ბიჭები იყვნენ, ძალიან კარგი ქართველები, ქვეყნისთვის თავს რომ დადებენ ისეთები. მაგრამ ისეთი ხელმძღვანელობა ყავდათ, რომელიც მათ მოტანილ ინფორმაციას ისეც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენებდა. ამიტომ მათ არ ვენდობოდი. 

მოკლედ, ავედით, მათი გადაზიდვა დავიწყეთ. აი მაშინ ჩაერთო უკვე 21-ე ბრიგადის მანქანები. წავედით, ჭუბერს გავცდით და აქეთა მხარეს, ერთი ორი კვირა ტყეში ვართ დაბანაკებული. ახლა საჭმელ-სასმელი ხომ გვინდა, ხუმრობა ხომ არ არის, როცა ამ ყველაფერს ამხელა ზურგი სჭირდება. აქამდე მამარაგებენ, ამ დროს რაღაცებს მეც ვშოულობ, ჩემი რეზერვები მქონდა, ასე ვმუშაობთ რომ თავი გავიტანოთ. 

თან გელაევს ვეუბნები, - არ არის გამორიცხული, რომ გაყიდულები ვართ და ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ-მეთქი. თუ საერთოდ გონებაშიც კი რამე გეგმა გქონდა, ისიც ამოიშალე, აბსოლუტურად ახალი გეგმით უნდა წავიდეთ, რომ ჩვენ გადავრჩეთ-მეთქი. სხვათა შორის, ამ საქმეში დამიჯერა და ჩემებურად დავიწყე. სადაც საერთოდ არ ფიქრობდნენ, რომ დავრჩებოდით (იქ უღრანი ტყეებია), ისინი დავმალე. მაგრამ აქეთ საშიშროება მაინც არ გველოდებოდა, რადგან ვფიქრობდი რუსებს სჭირდებოდათ, რომ ჩვენ კოდორში დავეჭირეთ; რათა ხეობა დაებომბათ და ამის მიზეზი ჩეჩნები გამხდარიყვნენ. ამით შემოსვლის გარკვეული ნიადაგი ჰქონებოდათ. 

მაგრამ ეს მოვუშალე და როგორ. გადავედით იქითა მხარეზე, კარგა ხანს, სექტემბრის შუა რიცხვებამდე მჟავე წყლებზე ვიყავით საკენში. გადავედით თუ არა, მეორე თუ მესამე დღეს (მუდმივად მათთან ვარ, თვითონაც ერთი წუთით არ მიშვებს და მეც არ მინდა გავიდე, რადგან ღალატი რომ მოხდეს, მე არ დამბრალდეს) ჩემ დაუკითხავად, მზვერავების ერთი ჯგუფი ორ ადგილობრივთან ერთად მანქანით ჩხალთაში გაუშვია. წასულან და იქ ხიდზე რომ გადავდივართ ჩხალთაში, ხელმარჯვნივ ჩემი დის, ნორას ოჯახია. და ბაჩო, ჩემი დისშვილიც იქვე იყო. ახლა ბაჩოსთან სტუმრად მოსულია მისი მამიდაშვილი, დარეჯან გურჩიანი ქმართან ერთად, - იგორი ჰქვია, გვარი არ მახსოვს, პეტერბურგელია. ეს კაცი იქ ყველაფერს სურათებს უღებს და, ... ბრახ, ერთ-ერთმა ამოიცნო თუ ვიღაცას დაამსგავსა. გელაევს ამბავი ჩამოუტანეს, რომ იქ ბაჩოს სახლში ეს კაცი ვნახეთ, რომელმაც ამა და ამ წელს ჩეჩნეთში დაგვაღალატა და ამდენი ხალხი ამოგვიხოცესო; ჩვენთან კორესპონდენტად იყო მოსული, სხვა სახელ-გვარით და მის გამო ბევრი ხალხი დავკარგეთო. 

გელაევმა ეგრევე ჯგუფი გაგზავნა მის წამოსაყვანად. რა თქმა უნდა, გავეკიდე. ბაჩომ სიძე როგორ უნდა გაატანოს, ჩვენი წესი როგორია? ამიტომ ბაჩომ ეგრევე იარაღი დააძრო და წინ დაუდგა. მათ ალყაში მოაქციეს ავტომატებით. შუაში ჩავდექი, დაწყნარდი, მე ყველაფერს მოვუვლი-მეთქი. წამოვედით, ბაჩო დავამშვიდე, ჩემ თავზე ვიღებ, იგორს უკან დავაბრუნებ-მეთქი. ახლა მე იმედი მაქვს, რომ გელაევს დაველაპარაკები. გატანებით არ გავატან, მერე როგორ უნდა იცხოვრო ადამიანმა?

ავედით, საკენამდე 21 კილომეტრია. საკენს რომ გავცდით, ტყეში, მჟავე წყლებსა და საკენს შორის გელაევი დაგვხვდა თავისი ჯგუფით. გადმოვედით და გელაევს ვუთხარი, - გავიდეთ, ერთი-ერთში ვილაპარაკოთ-მეთქი. ძალიან ცუდი რამ მქონდა ჩაფიქრებული. გავედით იქ უფრო მდინარისკენ, რიყისკენ წავიყვანე, მერე რომ დამჭირვებოდა, გასაქცევიც ადგილიც რომ მქონოდა, რადგან მარტო ვიყავი. 

ვუთხარი, თქვენ ბიჭებს რაღაც ეშლებათ, შეიძლება მიამსგავსეს-მეთქი. ემზარ, ახლავე გავერკვევითო. დაუძახა თავის ერთ-ერთ ბოევიკს, ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აღმოჩნდა, რომელმაც იქვე დაიჩოქა, რაღაც ლოცვა წაიკითხა და დაიფიცა, რომ ყველაფერ სიმართლეს ვყვები, რაც კი ჩემ თვალწინ მოხდაო. 

- ეს ადამიანი ჩეჩნეთში ამა და ამ სახელით იყო შემოსული, ვითომ კორესპონდენტი, ირგვლივ ყველაფერი ვაჩვენეთ, რაც ხდებოდა, ნახა პოზიციები, სად გვყავდა ჩეჩნეთში მშვიდობიანი მოსახლეობა დამალული და გავიდა თუ არა, ორ საათში დაბომბვა დაგვიწყეს, მთელი კოორდინატები მან გადასცა და ამის გამო ხალხი ამოგვიწყვიტესო. 

ახლა გელაევს ვეუბნები, - დავუშვათ რომ მართლაც ისაა, მე უბრალოდ გეუბნები, რომ მაჩუქე ეს ადამიანი-მეთქი. სიტყვა სიტყვით, - "ვსიო" ემზარ, საუბარი არ არისო, შვილებს ვფიცავარ ასე მიპასუხა. უბრალოდ, ერთი თხოვნა მაქვს, არ გაუშვა ეგ კაცი, თორემ კიდევ დაგვაღალატებსო; სანამ ჩვენ აქ ვიქნებით არსად გაუშვა და შენთან ერთად იყოს მჟავე წყლებზე აქვეო. 

ამოვიყვანე მეუღლეც, შვილიც, ორივე იქვე კარავში, მთელი ოჯახი ჩემთან ერთად მყავდა, გაყიდვის შიში რომ არ ყოფილიყო. მერე როდესაც წამოვედით, ესენი ყველა ჩხალთაში დავტოვეთ და გზა მარუხისკენ გავაგრძელეთ. და მერე მარუხზეც გადავედით. არსად ამ პერიოდში თამაზაშვილი კი არა, იქ ჩამოსულიც სხვა არავინ ყოფილა. ერთადერთი, თამაზ დუმბაძე იყო, ჩემი უფრო ძმა და მეგობარი, გენერალი, რომელიც ყოველთვის გვერდში მედგა და მეხმარეობდა. დანარჩენი მე იქ არავინ მინახია. ხოლო დუმბაძე თავდაცვის მინისტრის მრჩეველი იყო.

ახლა როგორი სიტუაციაა. უკვე ყველაფერს ვხვდები, რაც ჩვენ თავს ხდება. მე აქეთ კარავში ვარ და ისინი იქით, ტყეში დამალული მყავს. დუმბაძეს ვეუბნები, თამაზ წამოდი და ერთის სპექტაკლი ნახე-მეთქი. რა სპექტაკლიო. ახლა შეიკრიბებიან და საერთო ხელმძღვანელად მე ამირჩევენ, რომ მერე ერთი კაი ჯოხი თავზე გადამატარონ-მეთქი. მაგრამ მე დავთანხმდები და ისინი ჩემი ჭკუით უნდა ვატარო, რათა ისინიც გაავარჩინოთ და საკუთარი თავებიც გადავირჩინოთ-მეთქი. 

მივედით და ზუსტად ასე აგიხდეთ ყველაფერი. ჯოლოგუამ დაიწყო, - ჩვენ ახლა ისეთ საქმეს ხელი მოვკიდეთ, სამშობლოს დაცვის, დაბრუნების (მაღალფარდოვანი სიტყვები) და ჩვენ ერთი საერთო ხელმძღვანელი გვჭირდებაო; და წინადადება მაქვს, საერთო ხელმძღვანელი ემზარ კვიციანი იყოსო. ყველამ ტაში დაუკრა, სპექტაკლი შედგა. შტაბის უფროსიც დამინიშნეს, რომლის სახელ-გვარი არ მახსოვს, რადგან იმავე საღამოს იქიდან გამიქრა. 

ახლა ვეუბნები, ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის, მაგრამ აქ ყველაფერი ისე წავა, როგორც მე, ოპერაციის ხელმძღვანელი გადავწყვეტ-მეთქი. პირველი რაც არის, თუ ვინმეს სახლში ავადმყოფი გყავთ, ან თავად ავადმყოფი ხართ ან გული აღარ მოგიწევთ, დღესვე აქედან წადით-მეთქი. თუ არადა, აქედან რომ დავიძვრებით, მერე იცოდეთ, არც ერთს არ გაგიშვებთ უკან, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს, მოღალატე იქნება და საველე კანონებით ადგილზე დაგხვრეტთ-მეთქი. დღეს დაისვენეთ და ხვალიდან მუშობას დავიწყებთ-მეთქი. 

იმ ღამესვე რვა კაცი გამიქრა, მათ შორის ის შტაბის უფროსი, რომელიც მანამდე დამინიშნეს. ამ რვა კაცს მერე ჩხალთაში ჩემი და დახვდა და რატომ მიდიხართ, ჩემი ძმა მიატოვეთ, ინფორმაცია რომ ვინმეს მიაწოდოთ, ისინი დაბობმონ და ძმა მომიკლანო. ორი დღე ისინი არ გაუშვა, ეს ჩვენთვის სასკეთოდ იყო, რადგან ამასობაში ჩვენ ადგილები შევიცვალეთ. ისინი აძგარის მჟავე წყლებიდან გამექცნენ 

- საუბარია იმაზე, რომ ჩეჩნების კოორდინატები გადაიცა და ამის შემდეგ ისინი დაბომბეს...

- ვინ იცოდა ეს კოორდინატები? მე საიდან ვიცოდი ის კოორდინატები, ორი დღის დატოვებული მყავს, ის მოძრაობს და სად წავიდოდა, მე რა ვიცი. მაგრამ ერთი რაღაცაა, მე არ გამოვრიცხავ, რომ მარშრუტი იყო მიცემული, მაგრამ ვის შეეძლო, რომ ის მიეცა? მე ქუთათელაძესთან ვარ დაპირისპირებული, თარგამაძესთან ხომ საერთოდ. ყველაფერი, რაც კი ჩვენ წინააღმდეგ ცუდი კეთდებოდა, ალასანია იყო ამის კურატორი. ნუგზარ საჯაიამ კი გამარჯობაც კი არ მითხრა იმის გამო, რომ ცოცხალი დავბრუნდი. 

მთელი ინფორმაცია, რაც ჩვენ მინისტრებს ჰქონდათ, ხუთ წუთში მოსკოვში ხვდებოდა. ამიტომ ახლა უკან მიბრუნებენ იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი. 

- ჩეჩნების ის ჯგუფი ვის მიერ დაიბომბა?

- რუსებმა დაბომბეს და მე ეს გელაევმა მითხრა. მთელ ამ პერიოდში ჩვენ გვყავდა ერთი მეგზური, მეტსახელად ბაბუ. მან ეს გულრიფშის რაიონი მთლიანად იცოდა. როდესაც აქეთ ქუთაისში ჩამოვფრინდით, ეს ულვაშებიანი ბაბუ გამიქრა. მერე გავიგე, რომ ის სწორედ უშიშროებიდან ჩემზე მომაგრებული ყოფილა. მაგრამ ეს ბაბუ ძალიან მაგარი კაცი იყო. მას ინფორმაცია ალასანიასთან და მის უწყებასთან იმიტომ კი არ მიუტანია, რომ ისინი ჩაეშვათ. ეს იმიტომ გააკეთა, რომ თავის სახელმწიფოს ემსახურებოდა. მთელი გზა ვეუბნებოდი, რომ თქვენი უფროსები მთალად სუფთები არ არიან და ბოლომდე ნუ ენდობით-მეთქი, მაგრამ მე რას დამიჯერებდნენ, მოგეხსენებათ, "კამანდის" ქვეშ არიან. 

მოკლედ, ამ ბაბუმ ჩვენებს ეს მარშრუტი უთხრა, ჩვენებმა რუსებს გადასცეს და მათ რომ დაბომბეს, ეს ასპროცენტიანია. ჩეჩნებმა მათი ერთი ვეტმფრენი ჩამოაგეს კიდეც. 8 ცალი „იგლა“ ჰქონდათ. ამას თვითონ გელაევი მიყვება. ალბათ, 12-13 ოქტომბერი იქნებოდა 2001 წლის, თურმე ვეტმფრენები რომ წამოვიდნენ, ესენი ცეხლთან სხედან. ვეტმფრენის ხმა რომ გაიგეს, გუბერნატორი (მე ვეგონე) მოფრინავსო, გახარებულები ყოფილან, ახლა საჭმელ-სასმელს მოგვიტანსო. ჩვენ მტერს, გუბერანტორი კი არა, დასცხეს და დასცხესო. არ დაიმალნენ, შეეძლოთ დამალვა და არაფერი მოუვიდოდათ.

ანუ სამი ზუგდიდელი ბიჭი (სპეცნაზელები)  და ერთი ბაბუ გადმომყვნენ ქუთაისში,რომელიღაცამ მოახსენა უშიშროებას და მერე დაიბომბა ხეობა და ჩეჩნები. შეცდომა ამაშია, არ უნდა გადმომეყვანა არც ერთი მათგანი.

- როგორ გაგრძელდა პროცესი?

- ახლა იქ რვა ქისტი დაიღუპა, ძალიან მაგარი ბიჭები, დამეგობრებული ვიყავით. დაბომბვისას ჩეჩნები არ დაღუპულან, ისევ ჩვენი ქისტი-ქართველები შეეწირნენ. ჩავედი და დავქოქე კობაც, დათოც, მარტო ვერაფერს გავხდებოდო. თევზაძე და კობალაძე რომ არ ყოფილიყვნენ, მე ვერაფერს გავხდებოდი. მანქანები, ვეტმფრენი გამომიგზავნეს. 

ახლა ისეთი სიტუაციაა, იქიდან გელაევი ცოცხალი როგორ გამოვაპარო, ძალიან საშიში რეალობაა. რაციით ველაპარკები თბილისში და ვეუბნები, - ვეტმფრენით ვაგზავნი ქალებსა და ბავშვებს, აქ დაგვბომბეს, მთელი ამბებია და ქალებსა და ბავშვებს ხეობიდან ვიშორებ-მეთქი. რაციაზე, რა თქმა უნდა, მისმენენ.

ამ დროს ვეტმფრენი მიფრინავს და ორმა რუსულმა გამანადგურებელმა პირდაპირ ვეტმფრენს ჩაუქროლა, შიგნით კიდევ გეალევი ზის, წარმოიდგინეთ. მაგრამ მე რომ გადაცემული მქონდა, ბავშვებსა და ქალებს ვაგზავნი-მეთქი, ეს, რა თქმა უნდა, მოსმენილი ჰქონდათ და რეალურად ასეც ეგონათ. 

მოკლედ, გეალევი იქიდან მოვაშორეთ და მერე უკვე მანქანებით დანარჩენებიც. ქუთაისში, კოპიტნარში, ტყეში მყავდა და მერე იქიდან მანქანებით წამოვიყვანე და პანკისში გადავიყვანე. მშვიდობიანად თავის ოჯახს ჩავაბარე, მთელი თავისი ჯგუფით. 

ასევე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩუმ-ჩუმად გვეპარებოდნენ და ტყვეობში ვარდებოდნენ. ჩეჩნებიც გადავიდნენ. ასევე 9 ოქტომბერს გაეროს ვეტმფრენი ჩამოაგეს. ჩეჩნებს აწყობდათ მისი ჩამოგდება, რადგან საერთშორისო ტერორისტის წოდება მაშინ მიიღეს. 

გელაევს ვკითხე, ეს რა გააკეთე მეთქი და ... ემზარ, მაპატიე, მაგრამ მე თუ დავალებას არ შევასრულებ, რაც სპონსორებმა შემიკვეთეს, ფულს არ მომცემენ და ამ ადამიანებთან რა გავაკეთოო. ანუ დაკვეთილი იყო, რომ ვეტმფრენი უნდა ჩამოეგდოთ. 9 კაცი დაიღუპა, ერთი ჩვენი ქართველი გოგოც იყო იქ, თარჯიმანი. იქ ყოველთვის სომეხი მთარგმნელი იყო, არტურა, მაგრამ იმ დღეს რატომღაც ის არ იყო. იქ უნდა ყოფილიყო გენერალი ბაჯვა, ისიც შვებულებაში ჰყავდათ გაშვებული. ხოლო უნგრელი პოლკოვნიკი, რომელიც ყველაზე მეტად მხარს გვიჭერდა, იმ დღეს მაინცდამაინც ისიც ჩამოაგდეს. ამასთან დაკავშირებით დღემდე დაკითხულიც უნდა ვყოფილავით, მაგრამ ეს არავის აინტერესებს. 

ახლა როგორი სიტუაციაა. უთენია დილით ესროლეს და ვეტმფრენი ჩამოაგდეს. სასმელ-საჭმელი საერთოდ აღარ გვქონდა. სადღაც ცხენი მოკლეს და იმას უმად ვჭამდით, სისხლი ასე ჩამოგვდიოდა. მეორე დილით ეს ამბავი მოხდა, რადგან ცეცხლს ვერ ვანთებდით, თავზე ვეტმფრენები დაგვტრიალებდნენ. 

ამის მერე, როგორც კი ვეტმფრენი ჩამოაგდეს, - ახლავე ჩავალთ, ვეტმფრენს ვნახავთ, სიტუაციას დავათვალიერებთო. იქ ღამით რუსულ ძალებთან შეტაკება მოგვივიდა, ვეტმფრენებიდან დაგვბობმეს. დავბრუნდით ისე, რომ იქ ერთი-ორი კაცი დაჭრეს, სიკვდილით არავინ მომკვდარა. უკან წამოვედით. როგორი სიტაციაა, - "ვსიო", დავალება შესრულებულიაო. გელაევს ვეუბნები, კი მაგრამ ჩვენ ხომ საომრად წამოვედით, უკან რატომ მივდივართ-მეთქი.

- არა, დამთავრდა ემზარ, მე ვხედავ, რომ ქართველებს აქ არ ვჭირდები და უკან წავედითო. 

მაგრამ აქამდე კიდევ ერთ კარგ ეპიზოდს მოგიყვებით.

ვალერი ჩხეიძეს მე ფული მივეცი, რომ ყარაჩაევო-ჩერქეზეთიდან, ნაკრის უღელტეხილიდან 14 ჩემი ბოევიკი გადმოეყვანაო; ჰოდა, გადმოიყვანეს, განაიარაღეს და ციხეში ჩასვესო; ამისთანა რა არის, ამას ქართველები რატომ შვრებითო, - მეკითხება გელაევი თავშივე, როცა ერთმანეთს შევხვდით. 

ახლა რომ გადავედით, ორი თვე ერთად ვართ, უკვე დავძმაკაცდით, ბევრი ვიჩხუბეთ კიდევაც, ლამის დავაყარეთ, იარაღებამდე მივედით, მაგრამ ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა და მას მერე ძმობა ვთქვით, იქამდე მივედით. 

ერთხელაც, იქით ვართ გადასულები, მოდის, და.... ემზარ, ერთი წუთით შენთან შეიძლებაო? კი ბატონო-მეთქი. გამიყვანა და, - მე დიდი ხანია მივხვდი, რომ ჩვენ ჩეჩნები ქართული პოლიტიკისთვის ზედმეტი აღმოვჩნდით, მაგრამ ვერ გამიგია, შენგან რა უნდათ, რას გერჩიანო. რა მოხდა-მეთქი. თქვენ რადიოში ახლა გადმოსცეს, რომ ჩემი 14 კაცი, რომელიც ჩემთან უნდა მოეყვანათ, რუსეთს გადასცესო.

ახლა წარმოიდგინეთ, მე გუბერნატორი ვარ, ხელისუფლების წარმომადგენელი, მასთან ერთად ვარ მცირე ძალით. არანაირი განსაკუთრებული ძალა არ გამაჩნია, 470 კბილებამდე შეიარაღებული ბოევიკია. მას შეუძლია უბრალოდ ამიყვანოს ხომ ჩემ ბიჭებთან ერთად, ან ადგილზე შევაკვდებით ერთმანეთს.

- თქვენ მაშინ რამდენი იყავით?

- სულ ცხრა კაცი ვიყავით. ცრა კაცი ვეტმფრენში იყო, ვინც დაიღუპა და ასევე ცხრა კაცი დამეღუპა ხეობაში, იმ სამ ოქტომბერს, როგორი დამთხვევებია. ამის მერე გელაევი მეუბნება, - შეკრიბე შენი ბიჭები და უკან სახლში დაბრუნდიო. მე კი როგორმე აქედან გამოვძვრები, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რუსებთან სად ვიომებო; იქიდანვე ჩემი გზით წავალ, შენ კი შენებთან დაბრუნდიო.

ახლა როგორია, წახვალ და ლაჩრული საქციელია, მეტი არაფერი. ვუთხარი, ერთად შემოვედით, ორი თვეა ერთად ვართ, დავმეგობრდით, ახლა მეგობარი გაჭირვებაში მიგატოვო, წავიდე, არა, ასე გაზრდილი არ ვარ-მეთქი და ... ბეჭზე ხელი მომარტყა, - მაპატიე ემზარ, მაპატიე ემზარ და ... დედას ვფიცავარ, ცრემლები გადმოღვარა. მაპატიეო და ეგრევე იქიდან გავიდა. 

ერთად გამოვედით და იქიდან მე გამოვიყვანე. 

წამოვედი სპეციალურად მთავრობის სხდომაზე და მინისტრებმა გამარჯობაც არ მითხრეს. თავდაცვის მინისტრმა დათო თევზაძემ შევარდნაძეს დაურეკა,-  ბატონო პრეზიდენტო, ემზარი იქ მოგიყვანოთ თუ ტელეფონზე დაელაპარაკებითო. ვინ ემზარი, დაბრუნდაო, გაგიჟებული იყო. 

ავიღე ყურმილი, - ბატონო პრეზიდენტო, თქვენი დავალება შესრულებულია და ცოცხალი ჩამოვედი-მეთქი. 

- მადლობთ, მადლობთ, მადლობთ, - სამჯერ გამიმეორა, გილოცავ ცოცხალი რომ დაბრუნდიო და მამაშვილურად მომეფერა. ეს იყო მთელი ჩემი ჯილდო. 

მოვედი მთავრობის სხდომაზე, თათბირზე და იმ მინისტრებმა და საჯაიამ გამარჯობაც არ მითხრეს. 

- რატომ?

- იმიტომ, რომ მათ სხვა გეგმები ჰქონდათ, იქიდან ცოცხალი არ უნდა დავბრუნებულიყავი. მათი გეგმები რაც იყო, სულ შევცვალე და ჩემებურად გავაკეთე. ამიტომაც გადავარჩინე ჯერ ქვეყანა ომს, კოდორის ხეობა დაკარგვას, ჩეჩნები სიკვდილს გადავარჩინე, 500-მე კაცი და საკუთარი თავიც გადავირჩინე, ჩემი ქართველები, ვინც კი იქ იყო. 

ერთადერთი, რაც ჩემებში მოხდა ის იყო, რომ როდესაც უკვე უკან ვბრუნდებოდით, ერთ-ერთმა ჩემიანმა გენური გუგუსიანმა, ცოცხალი თავით ამაღამ კარავში უნდა დავიძინოო. საღამოა, დაფლეთილ-დაღლილები ვართ, ეს ჩემი ბიჭებიც მაგარი მოსიარულეები იყვნენ და იქით, ორ კილომეტრში ჩვენი კარავია და იქ დავიძინებო. არ გაგიშვებ, თავში ჯოხს ჩაგარტყამ-მეთქი, ისე ვიყავი. მეხვეწება, არ მეშვება. მოკლედ, იქ დაგხვდებითო. ვუთხარი, ჩვენ შორის ტერიტორია დანაღმულია და, - მე ეს ვიცი, მაგ დანაღმვასაც ვესწრებოდი, გამიშვი გამიშვიო. ორი ჩემი ბიძაშვილი გაიყოლია და დაახლოებით ოც წუთში აფეთქების ხმა მესმის. წარმოიდგინეთ ახლა რა დღეში ვიქნებოდი.

მივედი და ზის ეს გენური, ფეხი აღარ აქვს, მისი ფეხი იქით გდია, ესენი ერთ ადგილზე გაჩერებული არიან. გენური ზის და სიგარეტს ეწევა, მანამდე საერთოდარ ეწეოდა. მიყურებს, ისე არაა, ტკივილს გრძნობდეს და ა.შ. 

- აჰა, ბაბაჯო, მოვნახე რასაც ვეძებდიო.

ახლა შეხედეთ, ყველაზე უარესი რა არის. იქიდან გამოვიყვანეთ, ცეცხლი დავანთეთ და დილამდე ხან იქით, ხან აქეთ ვატრიალებთ. ჩეჩენს გამაყუჩებელი წამალი ჰქონდა, გაუკეთა. სხვათაშორის ძალიან მომზადებული ჩეჩენი იყო, პროფესიით გამნაღმველიც. 

- ტელეფონი მაქვს სატელიტი, მაგრამ ელემენტი დამჯდარიაო. აბომ, ჩემმა დისშვილმა მითხრა (ცხონებულმა), - ემზარი ბიძია, გავათბოთ ეგ ელემენტი და, იქნებ, ერთი ზარი გაუშვაო. მომცეს, გავათბეთ და მართლაც ჩაირთო. მე ზეპირად ვიცოდი ჩვენი ერთ-ერთი მფრინავის, ფრიდონ ფალიანის ტელეფონი. დავურეკე, ერთ ზარს მოვასწრებდი. 

ვუთხარი, შარშან ამა და ამ დროს რომ წამომიყვანე და დესანტით დამტოვე, იქ ვიმყოფები, დაჭრილი მყავს-მეთქი და ტელეფონიც გაითიშა. არ ვიცი გაიგო თუ არა, ტელეფონი მოკვდა. დილის რიჟრაჟია და ვეტმფრენის ხმა მესმის, აქ არ მომადგა? წამოვიყვანეთ. მთელ ამ უბედურებაში, როცა დისშვილის ოჯახში სამი ცხედარი მისვენია, ესეც დამემატა. 

ახლა რაც შეეხება კოორდინატებს, რუსებს ზუსტი კოორდინატები არც სჭირდებოდათ. მარშრუტი თუ გაიგეს, გაყვებიან იმხელა ტექნიკა აქვთ, თანამგზავრული და სხვ. მოკლედ, მაშინ ჩაიფრინეს და ეს დაბომბვა განახორციელეს. და ის, რომ ქართველებმა დაბომბესო, ამაზე საქმე უნდა აღიძრას. ეს არის ჩვენი მეზობლის, დღესდღეობით მოწინაღმდეგის მიერ გაკეთებული საქმის ქართველებზე გადაბრალება; ცრუ ინფორმაციაა, რომლითაც ავნებ საკუთარ ქვეყანას. ამას პლუს, ეს ჩეჩნებსა და ქართველებს შორის შუღლის ჩამოგდების მცდელობაა. 

- რამდენი ადამიანი დაიღუპა ამ ოპერაციისას, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 40-მდე ადამიანი შეეწირა...

- ტყუილია. პირველად ჯოლოგუამ რომ დარეკა და დანაღმული არ არისო (იქით უნდა წავსულიყავით), მე სხვა მხარეს წავედი, იქ ერთი ჯგუფი იყო, რომელმაც არ დაგვიჯერა და აფეთქების შედეგად ორი კაცი დაიღუპა. გადასვლისას, პირველივე დღეს მოხდა ეს ამბავი. სხვათაშორის, ისინი გენურის გამოვაყოლე, რატომღაც მისი იქიდან მოშორება მინდოდა. 

ამის მერე ქვემოთ რომ ჩავედით, იქ ერთი ქართველი დაგვეღუპა, სახელად რუსლანი ერქვა და ერთიც იქითა მხარეს რომ ჩავედით, გვითხრეს, რომ გადაგვივარდაო. კუტუზოვს თვალი სტკიოდა, ვერ გაარჩია და კლდეზე გადაიჩეხა. ხოლო დაბომბვისას 8 კაცი დაიღუპა, ეს 12 კაცი არის დაღუპული სულ. 

- საუბარია იმაზეც, რომ თქვენ აფხაზეთის ტერიტორიაზე  რუსებთან გადადიოდით და თქვენ შორის ინფორმაციის გაცვლას ჰქონდა ადგილი...

- გასაგებია, ჯერ ერთი, მე საიდან გადავიდოდი, როცა 24 საათი ერთად ვიყავით მე და გელაევი. როგოროც კი შევხვდით, იმის მერე სულ ასე ვიყავით. როცა გზას გავუდექით, ერთი წუთით არ დავშორებულვართ, დაზვერვაზეც ერთად დასვდიოდით, ყველგან ერთად ვიყავით. მეც იმის შიში მქონდა, რომ ვიღაცამ არ დაგვაღალატოს და მე არ დამბრალდეს-მეთქი. ამათ ვაჯობე. ამიტომ მგონია, რომ ეს ჩიტი ან თვითონ არის იმათგან, ან მოგზავნილია მათ მიერ.

ახლა აქ მე რას ვხედავ. მაშინდელი მთავარი მოქმედი გმირები არ არის ნახსენები. ამიტომ ის ინფორმატორი სწორედ მათი მოგზავნილი მგონია. ეს ირაკლი ალასანია ან ანზორ მარგიანია. ეს ორი ადამიანია, რომლებიც ამ საქმის შუაგულში იყვნენ და არ ჩანდნენ ხოლმე. მარგიანი ვითომ შსს-დან გაგდებული იყო, სინამდვილეში მთლიანად ჩართული იყო და ვფქირობ, რუსულ უშიშროებასთან ერთად მუშაობდა.

- ანუ თქვენ რუსულ მხარესთან კონტაქტს გამორიცხავთ?

- არანაირი შეხვედრა არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ ეკლესიაში შემიძლია დავიფიცო, რომ არანაირი მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა. როგორც კი შევხვდით გელაევთან და მოძრაობა დავიწყეთ, ერთი წუთით არ ვტოვებდით ერთმანეთს, რომ ორივეს ერთმანეთის იმედი გვქონოდა. 

- მაშინ ალასანიას და მარგიანს რა მოტივაცია ჰქონდათ მთელ ამ ორომტრიალში?

- ჯერ ერთი, რა უნდოდათ ჩეჩნებს კოდორის ხეობაში, რა ესაქმებოდათ? ანუ ეს თავიდანვე ჩაფიქრებული ავანტიურა იყო, რაც რუს და ამერიკელ გენერლებთან ერთად იყო განხორციელებული .

- მიზანი?

- პირველ რიგში, კოდორის ხეობის ჩაბარება, რაც მერე ალასანიამ გააკეთა. 2004-ში მას კოდორის ხეობა ჩავაბარე, თავის თავზე აიღო, რომ ცოცხალი თავით ხეობას არავის ჩააბარებდა. ალასანიამ, მე ვიქნები პასუხისმგებელი, რომ კოდორის ხეობა არ ჩაბარდებაო. აფხაზეთის ტერიტორიის 30% სწორედ მას გადავაბარე, 14 წლის განმავლობაში სისხლით მოტანილი ხეობა. 

ვუთხარი, თუ თქვენ ჩემი თავი არ გაწყობთ, კი ბატონო, მომხსენით სამსახურიდან, მივდივარ და ვინმე ადგილობრივი დანიშნეთ, უამრავი აგენტი გყავთ, ვინც გაწყობთ ის დანიშნეთ, ოღონდ გუბერნია არ გააუქმოთ, რადგან თუ ამას გააკეთებთ, აფხაზეთის მთავრობას დაუქვემდებარებთ, მან გაგრა, სოხუმი, ოჩამჩირე, გალი ჩააბარა და ეს ისე გააკეთეს, რომ გული ერთხელაც არ აჩუყებიათ, ისინი კოდორისთვის თავს არ გაწირავენ და კოდორელები გაწირავენ, თავს არ დაანებებენ, არ გაყიდიან-მეთქი.

ალასანიამ მაინც დაუქვემდებარა, - არა, იქ ახლა მე ვარ თავმჯდომარეო. შენ ყოველთვის ხომ არ იქნები, იქნებ დაგაწინაურონ, იქიდან გაგიშვან, მერე პასუხისმგებელი ვინ იქნება-მეთქი. მაინც მე ვიქნები პასუხისმგებელიო, - მითხრა ალასანიამ.     

ახლა ვის რაში აწყობდა ეს ყველაფერი: რუსებს აწყობდათ, რომ ხეობა მაშინვე აეღოთ, მიზეზი ჰქონდათ და ეს მიზეზი ქართველებმა მისცეს. ამერიკელებს აწყობდათ, რომ აქ ტერორისტებზე ესაუბრათ. ეს თავად ახსენეს, ხომ გახსოვთ ელჩმა რიჩარდ მაილსმა თხასავით რომ გაგვყიდა? და იმ წელს ჩვენთან მიიღეს კანონი ამერიკელებთან მიმართებაში. კერძოდ, ამერიკელი საზღვარზე რომ შემოდის და საბუთს გაჩვენებს, არ გაქვს უფლება გაუსინჯო თუ რა ბარგი მოაქვს და ვინ მოყავს. კანონი იმ წელს მიიღეს და ერთი წავიდა ამის წინააღმდეგ, ისიც სვანი კაცი იყო. ლევან პირველმა არ მისცა ხმა მაშინ აღნიშნულ გადაწყვეტილებას. 

ჩეჩნებს იმიტომ აწყობდათ, რომ საერთაშორისო ტერორისტის წოდება მიიღეს და ალ-ქაიდა ფულის გადახდას დაგვიწყებსო. გაეროს ხალხს იმიტომ აწობდა, რომ მანამდე თუ ხელფასი 5 ათასი ჰქონდათ, გაუხდათ 15 ათასი. ანუ სამჯერ გაეზარდათ, ე.წ. რისკის ზონაში სამსახურისთვის. თუ ვინმეს აინტერესებს, აბა გადაამოწმოს ყველაფერი ასე თუ არ არის. ამიტომ მთელი მსოფლიო მაფია ჩვენ წინააღმდეგ იყო შეკრული. 

ასევე ეს აწყობდა ჩვენ მაშინდელ და მომავალ ხელისუფლებას, ნაციონალები აგერ პანკისში გელაევთან ყოველდღე არ დარბოდნენ? ბარამიძე და სხვები რამდენჯერ მინახია, დაძაბულობის დროს რომ ჩავიდოდი ხოლმე. გზა გაიწმინდეს გზა, შევარდნაძის ხელისუფლებას ყველანაირად სახელი გაუფუჭეს, ჩვენ ამღორძინელები ვართო და საქართველო ბრჭყალებში ააღორძინეს. 

- ამ ოპერაციის შედეგად აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის რამე პერსპექტივა თუ არსებობდა?

- ეს ოპერაცია მართლაც ჩვენ მხარდასაჭერად რომ განხორციელებულიყო, აფხაზეთის დაბრუნება კი არა, მე ეგრევე გავაკეთებდი ანკლავს და ამისთვის ფსხუ მინდოდა რომ ამეღო. ეს არის სოხუმის თავზე რუსული ქალაქი თუ დაბა, სადაც მეორე მსოფლიო ომისდროინდელი უამრავი ქართველი დამარხულია. ფსხუს და წებელდის ანკლავად აღება მინდოდა. როგორც კოდორის ხეობა მქონდა შენარჩუნებული, მათაც ასევე შევინარჩუნებდი. ეს სამი კერა მოწინააღმდეგს უკვე იძულებულს გახდიდა, რომ სალაპარაკოდ წამოსულიყო რაღაცაზე. 

ეს მთლიანად მთაგორიანი რაიონია, პირდაპირ კავკასიონზეა. მე უკვე აკადემია მაშინ დამთავრებული მქონდა და არსებობს მთიან-ტყიანი ადგილები, სადაც ვერც თანამგზავრიდან ვერაფერს გახდები თუ ჭკვიანურად იმუშავებ და ტექნიკა ხელში არაფერი დაიკავე. იქ პირველყოფილივით, პარტიზანულად უნდა იომო და არანაირი კავშირი ხელში არ უნდა გქონდეს. იმხელა ტყეებია იქ, რომ მაშინ ატომური ბომბი უნდა დაგარტყას და ამით ხომ თვითონაც დაიღუპება. დანარჩენი ვერაფერს იზამენ. 

ამის შანსი იყო თუ ისევ ეს ყველაფერი მოსკოვიდან მართვადი არ იქნებოდა. თავიდან 16 კაცით შევინარჩუნე კოდორის ხეობა, ხომ არ გგონიათ სხვანაირად იყო? მე ვიცოდი, რომ 21-ე საუკუნეა და არავინ წამოვა სიკვდილზე, მთავარია იქ შენ ადგილზე მაგრად დახვდე. როდესაც ის დარწმუნებულია, რომ შენი მეთაური მისია და ზურგში მოღალატე გყავს, რომელიც გესვრის, მაშინ მოდის, არ ეშინია არაფრის.

- დღევანდელ რეალობში კოდორის ხეობის და მთლიანად აფხაზეთის დაბრუნების რა პერსპექტივა არსებობს?

- დღეს ერთადერთი შანსი არსებობს, ეს არის აფხაზებთან თბილი ლაპარაკი და შერიგება. ამასთან, ყოველგვარი ცრუ ინსტიტუტი მოსაშორებელია. ყველა ჟურნალისტი, რომელიც ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს აფხაზებისა და ქართველების გადასაკიდებლად, გასაჩუმებელი არიან. 

საქართველოში უნდა აღდგეს ცილისწამების მუხლი, რომელიც 2005-ში გააუქმეს. ეს იმისთვის მოხდა, რომ ნებისმერ ადამიანს შეუძლია რამე დაგაბრალოს და მერე იმართლე თავი. ამ ხელისუფლებამაც ეს რატომღაც არ აღადგინა, რადგან გარედან ზეწოლაა. ეს უხოელების იარაღია, რომ რომელიმე პატრიოტული ძალის წინააღმდეგ გამოიყენონ. არჩევნებში ვიღებ მონაწილებას, სარჩელის დრო არ მაქვს, მაგრამ კობალაძე შეიტანს სარჩელს და მე კიდევ ჩვენებას მივცემ. 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია