მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიჩქარის გადაჭარბებაზე და უწყვეტი ხაზის გადაკვეთაზე სანქციის გამკაცრებას მოითხოვენ - 11 აგვისტო 2016

„უნდა შემცირდეს მაჩვენებელი, როდესაც წლის განმავლობაში გზებზე 600 ადამიანი დაღუპული და დაახლოებით 10 ათასი დაშავებული გვყავს“

myrights.ge

საქართველოს გზებზე გახშირებული საგზაო შემთხვევები ის პრობლემაა, რომელიც დროულად რეაგირებას საჭიროებს. ა/ო „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ საგზაო უსაფრთხოების კუთხით რამდენიმე რეფორმის გატარებას მოითხოვს. ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევები და დაშავებულთა რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა. 

„32%-ით გაიზარდა ქვეითად მოსიარულეთა დაშავების რაოდენობაც. რაც შეეხება ბავშვთა ტრავმატიზმსა და სიკვდილიანობას, ის 28%-ით არის გაზრდილი. 2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაიცვალა 600-ზე მეტი და დასახიჩრდა 10 000-ზე მეტი ადამიანი. საქართველო გარდაცვლილთა და დაშავებულთა ამ უმძიმესი მაჩვენებლით ევროპაში იკავებს პირველ ადგილს. აღნიშნულ ფაქტებზე პასუხისმგებლობას მთლიანად ვაკისრებთ ხელისუფლებას“, - აცხადებს მესხიშვილი. 

„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ რეფორმები შვიდი მიმართულებით უნდა გატარდეს. 

ჩვენი პირველი რესპონდენტი დავით მესხიშვილია: 

- კატეგორიულად მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შესრულდეს შემდეგი პუნქტები: 

1. გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უუნარო და უმოქმედო ხელმძღვანელი პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში ტრანსპორტის პოლიტიკაზე და რომელთაც ევალებათ მგზავრთა მძღოლთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ეს სისტემა არის კომუნისტური კორუფციული ნარჩენი და არ არის ორიენტირებული სიახლეების დანერგვაზე. სისტემაში უნდა გატარდეს ძირეული თანამედროვე რეფორმები. 

2. ამ ბაზაზე უნდა შეიქმნას მოდერნიზებული სტრუქტურა, რომელიც შეიმუშავებს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიას და პასუხისმგებელი იქნება ქვეყანაში ევროდირექტივების დანერგვაზე. ასევე პრიორიტეტად დაისახავს ასოცირების ხელშეკრულებაში არსებული პუნქტების იმპლემენტაციას. 

3. გადამზადნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საერთაშორისო ექსპერტების მიერ საგზაო მოძრაობის დარეგულირების სფეროში და უსაფრთხოების საკითხებში. საპატრულო პოლიციამ აღასრულოს კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა და დაიწყოს დარღვევებზე მკაცრი რეაგირება. 

4. ვინაიდან ყოველი მეოთხე ავტომობილი ავტომაგისტრალზე აჭარბებს სიჩქარეს 130 კმ/სთ-ზე და ამავე დროს ვიცით, რომ სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი არის სიჩარის გადაჭარბება, უნდა გამკაცრდეს სანქცია სიჩქარის გადაჭარბებაზე და უწყვეტი ხაზის გადაკვეთაზე, სავალდებულო უნდა გახდეს მიკროავტობუსებისთვის და ავტობუსებისთვის სიჩქარის ჩამწერი ტაქოგრაფების გამოყენება. 

5. სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ ტექდათვალიერების ცენტრები, რომლებიც ფუნქციონირებენ, ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვების საფუძველზე, სადაც საქალაქთაშორისო ტრანსპორტი (ავტობუსები, მიკროავტობუსები) კორფუციულად გადიან ტექდათვალიერებას. 

6. ყველა მუნიციპალიტეტისთვის უნდა გახდეს პრიორიტეტი ქვეითად მოსიარულეთა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. 

7 უნდა დადგინდეს „შავი წერტილები“ ქვეყნის მასშტაბით და გატარდეს პრევენციული ღონისძიებები, ავტოსაგზაო შემთხვევების მოხდენის ძირითადი მიზეზები უნდა შეისწავლონ კომისიური წესით სხავადსხვა დარგის ექსპერტების ჩართულობით და შესწავლა უნდა მოიცავდეს გზის საფარს, საგზაო ნიშანს, მონიშვნას და სხვა გარემო პირობებს“, - განაცხადა მესხიშვილმა. 

„ქრონიკა პლუსი“  ა/ო „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარს, ეკა ლალიაშვილს ესაუბრება:

- ვეთანხმები დათო მესხიშვილის მოსაზრებებს სიჩქარის გადაჭარბებაზე, ჯარიმის გაზრდაზე, ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე და ა.შ. ამას დავამატებდი ქულათა სისტემის შემოტანის საჭიროებას, უკონტაქტო პატრულირების შემოღებას... რეალურად, ჩვენ ამისთვის საკანონმდებლო პროექტი მომზადებული გვაქვს და ის პარლამენტში დევს. 

ამ სიახლეების დანერგვას და არსებული კანონმდებლობით ჯარიმის ამაღლებას (სიჩქარის გადაჭარბებაზე და ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე) შედეგი მოყვება. საუბარია სტრუქტურების მხრიდან გარკვეული ნაბიჯების გადადგმაზე. აქ გარკვევით მსურს დავამატო, რომ ჩვენში მართვის სტილი უნდა შეიცვალოს. უწყებებიდან იქ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო და ეკონომიკის სამინისტრო რის ნახსენები, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა ქვეყანაში უსაფრთხო ტრანსპორტის არსებობა; და, ზოგადად, საგზაო უსაფრთხოების არსებობა. 

დღეს ტრანსპორტი გვაქვს, მაგრამ გზებზე საგზაო უსაფრთხოება აბსოლუტურად არ არსებობს. აქედან გამომდინარე, საჭიროა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში დევს. უსწრაფესი ტემპით უნდა დაიწყოს ნაბიჯების გადადგმა და ამ ყველაფრის განხორციელება. 

აუცილებლად უნდა შემცირდეს მაჩვენებელი, როდესაც წლის განმავლობაში გზებზე 600 ადამიანი დაღუპული და დაახლოებით 10 ათასი დაშავებული გვყავს. ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს, მაგრამ წავიდეს შემცირებისკენ და არა ზრდისკენ, როგორც სამწუხაროდ დღეს შეინიშნება. 

- სადამდე მივიდა პროცესები საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიასთან და თუნდაც იმ კანონპროექტთან დაკავშირებით?

- რაც შეეხება სტრატეგიას, ეს ძალიან გაწელილი პროცესია. ვიცით, რომ სამოქმედო გეგმა უნდა გავიდეს მთავრობაზე, მან დაამტკიცოს და მერე ამაზე მუშაობა უნდა დავიწყოთ. ძალიანაც რომ გვინდოდეს, ამას სწრაფად ვერ გავაკეთებთ. მაგრამ თუ ეკონომიკურმა უწყებამ ამაზე მუშობა არ დაიწყო, რეალურად წლები გადის და შედეგი არ ჩანს.

ჩვენ 2013 წლის შემდეგ საგზაო უსაფრთხოების სფეროზე არც დოკუმენტი გვქონია და ქვეყანას ამ მიმართულებით პრაქტიკულად არც უმუშავია. ამიტომ გამორიცხული არ არის, ეს დრო კიდევ უფრო გაიწელოს, იმისთვის, რომ ამ საკითხზე საერთოდ აღარ ვიზრუნოთ. 

პროცესი, პრაქტიკულად, შენელებულია, რაც მიუღებელია. 

კანონპროექტს რაც შეეხება, ის სხვადასხვა კომიტეტებში სამჯერ მოისმინეს და პლენარულ სხდომაზე უნდა გასულიყო. სწორედ პლენარულამდე არ მივიდა აღნიშნული კანონპროექტის განხილვა. გარკვეულ პუნქტებთან დაკავშირებით წინააღმდეგობები იყო, რამაც, ფაქტობრივად, შინაგან საქმეთა სამინისტრო შეაფერხა. ახალ პარლამენტს იმ იმედით ელოდებიან, რომ ამ კანონს ის უკვე მიიღებს.

მაგრამ ჩვენ, არასამთავრობოები, იგივე დათოს ორგანიზაცია და სხვებიც ბოლო თვეები ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით პარლამენტთან და სამინისტროსთანაც. გვინდოდა, რომ მოგვესწრო გაზაფხულზე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ კანონპროექტის გატანა და დამტკიცება. შეხვედრა გვქონდა იურიდიულ კომიტეტში, სადაც ამ პაკეტს კურირებენ. მაგრამ თქვეს, რომ ახლა ძალიან ბევრი კანონები გვაქვს მისაღები და ამას დროში ვერ ვასწრებთო; მოდით ახალ პარლამენტს დაველოდოთო. 

მაგრამ ჩვენ ამ პროცესში გარკვეული ვართ და ვგრძნობთ პასუხისმგებლობასაც. ბოლო პერიოდში ძალიან მძიმე შემთხვევების მომსწრე გავხდით და ქულათა სისტემის შესახებ კანონი ჩვენ ყველას დაგვეხმარეობდა, რომ ურჩი, აგრესიული მძღოლების ქცევა შეგვეცვალა და რაღაც პროცენტულად მაინც შეგვემცირებინა საგზაო შემთხვევები. ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი. ილუზია არ გვქონია, რომ ეს 100%-ით მოხდება, მაგრამ ეს კანონი და მისი მკაცრი აღსრულება ამას დიდწილად ხელს შეუწყობდა.

ამიტომ ველოდებით ახალ პარლამენტს. მანამდე არ ვჩერდებით, სექტემბრიდან ადვოკატირებას გავაგრძლებთ. მომავალ საპარლამენტო ლიდერებთან წინასწარვე გვსურს ადვოკატირების კამპანიის ჩატარება, რათა ახალ პარლამენტში ბევრად ზურგგამაგრებული ვიყოთ, რათა კანონი გავიდეს.

- ბრძანეთ, რომ გვაქვს ტრანსპორტი, მაგრამ არა საგზაო უსაფრთოება. ვის ეკისრება მეტი პასუხისმგებლობა ამ მნიშვნელოვან სფეროზე?

- ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სამინისტროები. ვთქვათ, ინფრასტრუქტურას ეკუთვნის საქალაქთაშორისო გზებზე პასუხისმგებლობა. ეკონომიკის სამინისტრო თითქოსდა ტრანსპორის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია. საპატრულო პოლიცია უკვე კანონმდებლობის აღსრულებაზე...

ეს სამინისტროები (ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა თუ შსს) სხვადასხვა მიმართულებას ემსახურებიან. საუბარია ტრანსპორტის უსაფრთხოებაზე, გზების რეაბილიტაციასა და კანონმდებლობის აღსრულებაზე. მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ იმისთვის გვჭირდება, რომ გამართული, კომფორტული და უსაფრთხო გზები გვქონდეს. 

რეალურად, ეს კომფორტი და უსაფრთხოება ამ შემთხვევაში არავის ეხება. როდესაც საგზაო შემთხვევებისას პასუხისმგებლობაზე ვამახვილებთ ყურადღებას, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება მძღოლს და ვამბობთ, რომ სიჩქარის გადაჭარბება ან არასწორი მანევრირება მოხდა. ამ დროს სხვა საკითები პრაქტიკულად არ განიხილება.

არავინ ამბობს, რომ ის გზა, მაგალითად, არასწორად იყო გაკეთებული ან რაღაც აკლდა მას და ამიტომ მოხდა აღნიშნული შემთხვევა. თუნდაც ბოლო გახმაურებული შემთხვევა გავიხსენოთ, როდესაც ახალგაზრდები დაიღუპნენ. 

მაგალითს გეტყვით, რომ კარგად დავინახოთ რა სიტუაციაა. ნორმალურ ქვეყანაში როდესაც საგზაო შემთხვევა ხდება, სრული შესწავლა მიმდინარეობს თუ რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი. იქ უკვე ექსპერტები ადგენენ, რომ შეიძლება სიჩქარე მაღალი იყო, მაგრამ ასევე შეიძლება იყო ინფრასტრუქტურული გაუმართაობის მომენტი, რაღაც სხვა დეტალები, ხედვის პრობლემა და ა.შ. რის გამოც ეს შემთხვევა მოხდა.

ჩვენთან ასეთი სრულფასოვანი შესწავლა, უბრალოდ, არ ხდება. რადგან არ გვაქვს ამის არც გამოცდილება, ამ შემთხვევაში არც კვალიფიკაცია და, რეალურად, ამაზე დაწვრილებით არც ვსაუბრობთ. 

არასამთავრობო ორგანიზაციები ამ თემაზე აქტიურად ვმუშაობთ. გვინდა, რომ თვითონ საგზაო უსაფრთხოების ცნება დამკვიდრდეს ჩვენი ქვეყნის რეალობაში. როდესაც შემთხვევა ხდება, უფრო სხვა კუთხით მივუდგეთ ამ ყველაფერს. მარტო მძღოლზე კი არ გადავიტანოთ პასუხისმგებლობა, არამედ აღნიშნულმა უწყებებმა, თვითონ ხელისუფლებამ იგრძნოს თავისი წილი პასუხისმგებლობა. 

თუ იქ რაღაც ხარვეზია, მანქანის გაუმართაობის მომენტია და სხვა, ამისთვის ქვეყანაში უსაფრთხო ტრანსპორტი უნდა გვქონდეს. ჩვენ იგივე ტექდათვალიერებისკენ მივდივართ, ავტოპარკის გაახალგაზრდავებისკენ და ა.შ. ანუ იქ რა ხარვეზებიც გვაქვს, სახელმწიფომ ამ ყველაფრის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოს, მხოლოდ მძღოლზე არ გადაიტანოს პასუხისმგებლობა, რაც ძალიან მარტივი ამბავია.

ანუ იქითკენ მივიდივარ, რომ ჩვენ ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების ცნება უნდა დამკვიდრდეს. ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ხელისუფლების გასაკეთებელია და რაღაც პასუხიგებლობის წილი მანაც უნდა აიღოს საკუთარ თავზე. 

როდესაც კონკრეტულად ინფრასტრუქტურის გაუმართაობის პრობლემაა, ხელისუფლებამ უნდა თქვას, რომ დიახ, მინისტრი ვალდებულია ეს ხარვეზი გამოესწორებინა. თუ სამინისტრომ თავის დროზე ამის გაკეთება ვერ მოახერხა (შესაბამისად, ამან მსხვერპლი გამოიწვია) ამ დროს აუცილებელი არ არის, რომ პასუხისმგებელმა პირებმა დაკავებული პოზიციები შეინარჩუნონ. 

ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სხვა ქვეყნების გამოცდილება, როდესაც თანამდებობის პირები თანამდებობიდან გადამდგარან. როდესაც რაღაც მომხდარა იმის გამო, რომ მათზე დაკისრებული მოვალეობა სათანადოდ ვერ შეურსულებიათ. 

ჩვენთან არც ერთი სამინისტრო არ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. როდესაც ბოლო შემთხვევები ასეთი მძიმე შედეგებით დამთავრდა, არც ერთი თანამდებობის პირი არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ ეს ვიღაცის, რომელიღაც უწყების კონკრეტული შეცდომის შედეგი იყო. ეს მიდგომა არ გვაქვს. 

როდესაც ხელისუფლება მიხვდება, რომ აქ მისი წილიც არის, მისი უმოქმედობის შედეგად ხდება ასეთი მოვლენები, მაშინ უკვე ვიტყვით, რომ ჩვენი თანამდებობის პირები საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნავენ. 

- რატომ არ იჩენს ხელისუფლება შესაბამის დამოკიდებულებას და ამ შემთხვევაში გამოსავალი რა არის?

- ისევ კანონს ვუბრუნდები. როდესაც პარლამენტში შეხვედრები გვქონდა და შს სამინისტროს კანონპროექტის დროულად მიღებაზე ვამახვილებდით ყურადთებას, მაშინ იქიდან ძალიან აღშფოთებული წამოვედით. რადგან მივხვდით, რომ ეს პარლამენტი უბრალოდ ვერ იაზრებს თავის წინ პასუხისმგებლობას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი აღნიშნულ შემთხვევში მისი მოქმედება. სლოგანიც კი გვქონდა, რომ ამ პირობებში პარლამენტის უმოქმედობა დანაშულია. 

მათ ამ კანონის მიღებით შეეძლოთ ძალიან ბევრი სიცოცხლის გადარჩენისთვის ხელი შეეწყოთ. ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა სხვა სახელისუფლები შტოებთან მიმართებაშიც. 

რაც შეეხება გამოსავალს, რახან ხელისუფლებ ამ პასუხისმგებლობას ვერ იაზრებს, არასამთავრობოები მუდმივად ფხიზლად უნდა ვიყოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ახალ მთავრობასთან, ახალ ადამიანებთან, პოლიტიკოსებთან (ვისაც ამ მნიშვნელოვანი საკითხის გაგება-გააზრება ექნება) უფრო მიზანმიმართულად ვიმოქმედებთ. მათთან კომუნიკაციის შედეგად მივაღწევთ მიზანს, რასაციგივე კანონმდებლობის მიღება ჰქვია. 

საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიასთან დაკავშირებით დაჩქარებული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. უნდა განვსაზღვროთ, მომავალი რამდენიმე წლის განმავლობში რა მიზნები გვაქვს, - რამდენად გვინდა გზებზე საგზაო შემთხვევების შემცირება; დავსახოთ ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, ეს იქნება ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების კუთხით და ა.შ. 

საჭიროა სამოქალაქო გაცნობიერების ინტენსიური კამპანიები, სკოლებში სწავლება და ამ საჭირბოროტო საკითხებზე ყურადღების გამახვილება. ამ მიმართულებით მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გარკვეული პერიოდის მერე კონკრეტულ შედეგებს მივაღწიოთ. 

ამისთვის ხელისუფლებას კონკრეტული გეგმა უნდა ჰქონდეს. სათნადოდ დაგეგმვისა და გაზომვის გარეშე, ამის მიღწევა გამორიცხულია. ამისთვის საჭიროა ადამიანური, ფინანსური რესურსი. და თუ ხელისუფლებას საგზაო შემთხვევების შემცირება უნდა, ახალგაზრდების და არამხოლოდ მათი გადარჩენა ჩვენ გზებზე, მაშინ თავისი ბიუჯეტიდანაც ფინანსები უნდა გამოყოს იმისთვის, რომ ეს სფერო დარეგულირდეს.   

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია