მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა ხდება თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრებში? - 12 აგვისტო 2016

„გაარკვიეთ, რომელმა ნაძირალამ გასცა ასეთი ბრძანება, რომ სოციალური მუშაკი ასე მოიქცეს“

myrights.ge

„ქრონიკა პლუსის“ რესპონდენტი არმაზ ბაკურაძე ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს ღიად მიმართავს და სოციალური მომსახურების სფეროში არსებულ პრობლემებზე ქმედითი რეაგირებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სოცმომსახურების ცენტრებში მოკალათებული ყოფილი ნაციონალები, თუ მექრთამე „ქართული ოცნების“ წევრები, თავიანთი არაკეთილსინდისიერი საქმიანობით მოსახლეობის ამბოხებას ეწევიან, რაც „ქართული ოცნებას“ ძალიან ძვირი დაუჯდება. მისივე შეფასებით, ასეთი საქმიანობით, ადრე თუ გვიან, „ქართული ოცნება“ ამ ქვეყნიდან გაქრება.

„ქრონიკა პლუსის“ არმაზ ბაკურაძეს ესაუბრება:

- მივმართავ მინისტრს, ბატონო დავით, ამ წერილში აღნიშნული პრობლემა მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, ჩვენი ქვეყნის გაჭირვებული მოქალაქეების საკეთილდღეოდ. მოგმართავთ როგორც ამ სისტემის ხელმძღვანელს. 

სოციალური მომსახურების ცენტრებში მოკალათებული ყოფილი ნაციონალები, თუ მექრთამე „ქართული ოცნების“ წევრები, თავიანთი არაკეთილსინდისიერი საქმიანობით მოსახლეობის ამბოხებას ეწევიან, რაც „ქართული ოცნებას“ ძალიან ძვირი დაუჯდება.

- კონკრეტულად რა ხდება?

- საქმე შემდეგშია: როდესაც გაჭირვებული მოქალაქე დახმარების შესახებ განცხადებას წერს, შემდეგ მრავალი დღის განმავლობაში უფლება არა აქვს ერთი წუთით დატოვოს სახლი, სანამ მას სოციალური მუშაკები არ შეამოწმებენ. რაღაც წუთების განმავლობაში ტოვებენ აღნიშნულ მისამართს, თუ პიროვნება ადგილზე არ დახვდათ (ვისთანაც შესამოწმებლად მივიდნენ), არანაირი სატელეფონო შეტყობინება არ კეთდება (თუნდაც ერთი წუთით ადრე).

ასე მოხდა ჩემ მიმართ 2016 წლის აპრილის თვეში. ამ თვეს შემთხვევით გავიგე, რომ ასეთი ცენტრები არსებობდა. როგორც პენსიონერს და მეორე ჯგუფის ინვალიდს (რომელსაც ოჯახის ყველა წევრი დაეღუპა), თურმე მეკუთვნოდა ერთი ფარატინა ქაღალდი, რომლითაც საჯარო რეესტრის სახლებში არსებული, თეა წულუკიანის მახინჯი კანონების წინააღმდეგ გამომადგებოდა, - ზოგიერთი ცნობის აღებას უფასოდ შევძლებდი და წვალებით ნაგროვებ 1200 ლარს არ დავხარჯავდი.

მაისის ბოლოს აღრიცხვაზე, ხელმეორედ, იგივე განყოფილებაში დავდექი. საქმე გლდანი-ნაძალადევის ცენტრს ეხება. 

ივნისის შუა რიცხვებში, იმ დღეს, როდესაც ბანკში პენსიის მისაღებად რიგში ვიდექი, სოციალური მუშაკი შესამოწმებლად მოსულა, რადგან არ დავხვდი, ტერიტორია წამებში დატოვა მაშინ, როცა ერთი სატელეფონო ზარის შემდეგ სამ წუთზე ადრე მოვიდოდი სახლში.

- ასეთი პრობლემა სხვებსაც შექმნიათ?

- ალბათ, უამრავ მოქალაქეს აქვს ასეთი პრობლემა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სოციალური მუშაკების ასეთი საქციელი „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს. მათ უამრავ მოქალაქესთან აქვთ კონტაქტი, ასეთი საქმიანობით კი, ადრე თუ გვიან, „ქართული ოცნება“ ამ ქვეყნიდან გაქრება.

გაარკვიეთ, რომელმა ნაძირალამ გასცა ასეთი ბრძანება, რომ სოციალური მუშაკი ასე მოიქცეს.

არ მჯერა, რომ თქვენმა ხელქვეითმა ზაზა სოფრომაძემ არ იცის არსებული სიტუაცია, თუნდაც ერთ, გლდანი-ნაძალადევის ცენტრში. თუ არ იცის, უნდა ასწავლოთ, როგორ მოიქცნენ ის და მისი ხელქვეითები. 

გარდა ამისა, ამ ცენტრის ხელმძღვანელობა გამოირჩევა ცინიკური დამოკიდებულებით გაჭირვებული ადამიანების მიმართ.

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაჩაგვრა საქართველოს არც ერთ ხელმძღვანელს არ ვაპატიე. არც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას ვაპატიებ.

სწორედ ამიტომ თქვენი გაზეთის მეშვეობით ღიად მივმართავ სერგეენკოს, - როდესაც თქვენ დაინიშნეთ მინისტრად, უამრავ ადამიანს ვუთხარი, რომ ქვეყანაში ყველაზე წესიერი კაცი იყავით. 

გაიხსენეთ, ჩვენ ორივეს რა დროს და რა ხალხთან გვაქვს ნამუშევარი „გუმარის“ გუნდში.  ზუსტ მონაცემებს გარკვეული მიზეზების გამო არ ვასახელებ. ვარ საკავშირო ჩემპიონატის 7 ოქროს, 5 ვერცხლის მედლის მფლობელი, მაქვს 2 მსოფლიოს რეკორდი, მეორე ჯგუფის ინვალიდ სპორტსმენთა შორის. 

გარდა ამისა, 14 წლის განმავლობაში ვიყავი საქართველოს ნაკრები გუნდის წევრი და მრავალგზის ჩემპიონი, ჯანსაღ სპორტსმენთა შორის (არც სპორტის სახეობას ვასახელებ, ის ყველაზე სრული სპორტის სახეობაა).

იმედი მაქვს, ზემოთ აღნიშნულ პრობლემას დადებითად გადაწყვეტთ. არ მისცემთ უფლებას გლდანი-ნაძალადევის ცენტრის ხელმძღვანელობას და მის ხელქვეითებს ფეხქვეშ გათელონ გაჭირვებული ადამიანები. 

ეტყობა, მათ მფარველები ჰყავთ თქვენს სამინისტროში, რომ ბედავენ თავიანთ უფლებებს გადააჭარბონ.

გაიხსენეთ, რომ არსებობს სადღაც გაჭირვება, ერთ დროს თქვენც გიჭირდათ, არ დაგავიწყდეთ.

თორემ სხვა მთავრობა პასუხს თქვენ მოგთხოვთ, მიზეზები მრავალი იქნება, თუნდაც ეს ერთი, რომლის შესახებაც მოგახსენეთ.

რაც შეეხება გლდანი-ნაძალადევის ცენტრის მუშაკებს, შეიძლება გამოძვრნენ ზოგიერთი დანაშაულიდან, სხვა მთავრობის მოსვლისას. ისინი ყველაფერს თქვენ დაგაბრალებენ. ასეთ სისტემაში მომუშავე ადამიანებს, არ უნდა ჰქონდეთ დაუსჯელობის სინდრომი – ისინი სიმღერის მასწავლებლები არ არიან, ბატონო დავით.

ამ პრობლემატიკაზე კომენტარისთვის, სოციალური მომსახურების  სააგენტოს საზოგადობასთან ურთიერთობის განყოფილებას დავუკავშირდით, საიდანაც ასეთი შინაარსის პასუხი მივიღეთ:

- სოციალური მომსახურების სააგენტოს აქვს თავისი დადგენილი წესები, რომლის მიხედვითაც ხდება ბენეფიციარების გადამოწმება. სააგენტო არცერთ ბენეფიაციარს წინასწარ არ ატყობინებს სოციალური აგენტის ვიზიტის შესახებ. სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ აგენტის ვიზიტის შემდეგ ბენეფიციარს ავტომატურად უწყდება დახმარება. პროცედურა შემდეგნაირია - სოცაგენტი 3 ვიზიტს ახორციელებს ბენეფიციარის შინამეურნეობის შესამოწმებლად.თუკი ამ სამი ვიზიტის დროს  ოჯახის არცერთი წევრი არ დახვდა სახლში, აგენტი წერს, რომ ვერ ხერხდება ოჯახის წევრებთან ეხვედრა და ასეთ შემთხვევაში მათ შეუჩერდებათ საარსებო შემწეობის გაცემა ხელახალ გადამოწმებამდე. 

თუკი ოჯახი ნამვდილად ცხოვრობს მითითებულ მისამართზე,ის აუცილებლად შეიტყობს აგენტის ვიზიტის შესახებ და შეუძლია კვლავ მიმართოს სააგენტოს გადამოწმების თხოვნით.

დაგვეთანხმებით, რომ ადამიანი რომელსაც საარსებო შემწეობის მიღების სურვილი აქვს, ხშირ შემთხვევაში არ გააჩნია ხოლმე სამსახური და არც სხვა საცხოვრებელი ფართი, სადაც შეიძლება იმყოფებოდეს. შესაბამისად, ძალიან იშვიათია შემთხვევა, როდესაც 3 ვიზიტის დროს აგენტს ოჯახის არცერთი წევრი არ ხვდება შინ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია