მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ზურაბ ბაქრაძე: სოციალური პრობლემაა, რომ ვიღაც ერთი ადამიანი თანამედროვეობისთვის სრულიად შეუფერებლად იქცევა, როგორც ფეოდალი - 15 სექტემბერი 2016

„ავტორიტარულად, ფორმალური წესების დარღვევით, ხალხის ნების გაუთვალისწინებლად, ერთი ადამიანის სურვილით მოხდა მთელი ამ ქედის ათვისება“

myrights.ge

„პანორამა თბილისის“ გრანდიოზული მშენებლობის წინააღმდეგ ვნებები არ ცხრება.  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში „პანორამა თბილისის“ პროექტთან დაკავშირებით სარჩელი წარადგინა. სარჩელის მიხედვით, საია იმ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას მოითხოვს, რომლის საფუძველზეც „სოლოლაკის მაღლობის“ და „სოლოლაკის ბაღების“ სამშენებლო ნებართვები გაიცა. 

საია-ს იურისტი, სულხან სალაძემ აცხადებს, რომ თბილისში არსებულ ისტორიულ ლანდშაფტის დაცვის ზონაში მშენებლობა აკრძალულია. 

„სარჩელი „პანორამა თბილისის“ პროექტში ორ სამშენებლო ნებართვას ეხება. ერთი ეს არის „სოლოლაკის მაღლობი“ და მეორე „სოლოლაკის ბაღები“. საქმე იმაშია, რომ ეს სამშენებლო ნებართვა გაცემულია ქალაქ თბილისში არსებულ ისტორიულ ლანდშაფტის დაცვის ზონაში, რაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის თანახმად, იმ ტიპის შენობა-ნაგებობების გამართვა, რომლებიც მყარად არიან დაკავშირებული მიწასთან ისტორიული ლანდშაფტის ზონაში, კანონით არის აკრძალული“, - ამბობს სალაძე.

ამ პრობლემატიკაზე „ქრონიკა პლუსი“ ქალაქგეგმარების სპეციალისტს, ზურაბ ბაქრაძეს ესაუბრება. 

- ბატონო ზურაბ,  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ამ სარჩელის მიმართ თქვენი დამოკიდებულება როგორია?

- საიას სარჩელი სამართლიანია, რადგან აღნიშნული პროექტი თავის ბევრ ნაწილში ფორმალურ სამართალს არღვევს. ამდენად საჩივარს მხარს ვუჭერ. 

- ჩამოვაყალიბოთ რას არღვევს ეს პროექტი?

- თბილისს აქვს ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა, რომელშიც მკაცრად არის გაწერილი შეიძლება თუ არა მშენებლობა, საერთოდ, რა ფორმებით შეიძლება მშენებლობა. ამ ლანდშაფტის ხელყოფა დაუშვებელია. 

„პანორამა თბილისი“ ამ ლანდშაფტს არღვევს, თან მნიშვნელოვანწილად არღვევს, მასზე დამანგრევლად მოქმედებს, ამიტომ იქ აშენება არ შეიძლება. 

ასევე აქ არის დაცული ზონა, კულტურული მემკვიდრეობის კანონი არეგულირებს ასეთი ზონების რეჟიმებს. და ერთ-ერთი ეს ზონა, ისტორიული განაშენიანების დაცვის მონაკვეთში ხვდება. დამატებით კიდევ ორი სხვა ობიექტი - „თავისუფლების მოედანზე“ და ერეკლეს ქუჩაზე ასევე არღვევს ამ ზონის დადგენილ, დამცავ რეგულაციებს. 

ე.ი. ფორმალურად რომ ვილაპარაკოთ, ხელჩასაჭიდი ნამდვილად არის. ამასთან, სხვა რაღაცებიც არის ხელჩასაჭიდი. მაგალითად, საქმის წარმოებას რომ გავყვეთ, თუ როგორ დაიწყო მთის ჭრა სოლოლაკის ზემოთ, იმ დროისთვის მშენებლობის უფლება ჯერ არც არსებობდა; როგორ გაიცა მერე მშენებლობის უფლება შეთითხნილ საფუძველზე, რომ ეს მე-5 კატეგორიის მშენებლობაა; რომელიც სპეციალურად გააკეთეს იმისთვის, რომ მერიას კი არ გაეცა მშენებლობის უფლება, არამედ ეს ეკონომიკის სამინისტროს გაეკეთებინა. 

ამ ყველაფრის დანახვა შეიძლება სასამართლოს წარმოებისას, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად გაკეთდა. ესეც დარღვევაა, აბა რა არის? დარღვევაა ისიც, რომ საერთოდ მშენებლობის უფლება არ არსებობდა და ისე დაიწყეს კლდის ჭრა. კლდის ჭრა კიდევ  მშენებლობაა. აქ ასევე დაირღვა კანონი, გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით. 

ასევე ხელჩასაჭიდი იყო ის, რომ ქვემოთ წყლის პირას, მოსახვევის პირას მშენებლობის ნებართვა სულ სხვა ნაგებობაზე იყო გაცემული, ამათ კი სულ სხვაგან დაიწყეს. მართალია იგივე მიწის ნაკვეთზე, მაგრამ სულ სხვა, უზარმაზარი მიწის ნაკვეთია. ზემოთ მთის მოჭრა დაიწყეს და ა.შ. 

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ რეალური მავნებლობის გარდა, რაც ამ პროექტს მოაქვს ქალაქისთვის, იმ შინაარსობრივი მავნებლობის გარდა (რაც, რა თქმა უნდა, გადამწყვეტია), სახეზეა სამართლებრივი დარღვევები, ამას შეიძლება მომჩივანი მხარე ჩაეჭიდოს და სასამართლო მოიგოს. 

- თქვენ ახსენეთ ეკონომიკის სამინისტროს „სპეციალურად მიღებული“ გადაწყვეტილება. რა მოტივაციით სარგებლობდნენ ისინი, როდესაც ამ ტიპის ნებართვას გასცემდნენ, თქვენი პოზიცია როგორია?

- არავითარი არსებითი, შინაარსობრივი არგუმენტაცია მათ არ უნდა ჰქონდეთ. მათ მიიღეს ბრძანება ზემოდან, რომ ეს გაეკეთებინათ. ფონდი, რომელიც ამას აშენებს, ფაქტობრივად, ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს. მშენებლობის სამინისტრომ, შესაბამისმა ორგანომ მიიღო ასეთი სიტყვიერი ბრძანება, რომ ეს გაეკეთებინა და გააკეთეს კიდევაც. 

თქვენ კონკრეტულად მშენებლობის ნებართვის გაცემას გულისხმობთ, ხომ?

- დიახ, ამაზე ვამბობ...

- ეს იყო არაფორმალური დაკვეთა და ეს დაკვეთა შეასრულა გია კაკაურიძემ, ზედამხედველობისა და რაღაც დეპარტამენტის უფროსი იყო ეკონომიკის სამინისტროში. მან გასცა ამის ნებართვა, როგორც ვიცი. 

- ზემოთ მავნებლობა ახსენეთ, რატომ ვნებს ეს მშენებლობა დედაქალაქს და არსებულ ლანდშაფტს?

- ეს ლანდშაფტი თბილისისთვის განსაკუთრებული ღირებულების მქონეა, თბილისელთა იდენტობის ერთ-ერთი ელემენტია. ეს კულტურული ლანდშაფტია, სადაც თბილისია ჩაწერილი. ეს არის ბუნებრივი ლანდშაფტი, კულტურული განაშენიანების ერთობლიობაა. 

და აი, ამ ლანდშაფტში განსაკუთრებულ როლს თამაშობს სოლოლაკის ქედი, რომლის თავშიც არის ნარიყალა. ზემოთ იყო კომკავშირის ხეივანი, ასე გრძელდება შემდეგ იმ ადგილამდე, სადაც კლდე მოჭრეს. 

ამ ადგილზე პირველი დანაშაული ქალაქის მმართველობის მიერ იქნა ჩადენილი, როდესაც  ტერიტორია გასხვისდა და ბიძინა ივანიშვილმა თავისი სასახლე აიშენა. და შემდეგი ნაბიჯი იყო უკვე აი ეს მშენებლობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სასახლის შემდეგ გაგრძელებას წარმოადგენს. 

ეს მავნებლობაა იმიტომ, რომ ამით თბილისის იდენტობის განმსაზღვრელი მთავარი ლანდშაფტური ღირებულება დაინგრა. ნარიყალა თავისი ამ ქედით, სიმბოლური სახის, სიმბოლური მნიშვნელობის ობიექტია თბილისისთვის და სწორედ ამაზე მოხდა დარტყმა. 

ეს ერთი და ამას მოჰყვება კიდევ სხვა რაღაცები. ერთ მხარეს სოლოლაკია, მეორე მხარეს ბოტანიკური ბაღი. ეს ამ მიკროლანდშაფტისთვის განმსაზღვრელია და ამ ყველაფერს ასეთი ტიპის მშენებლობა ანგრევს. 

მეორე მხრივ, ეს როგორ გაკეთდა, მთელი საქმის წარმოება როგორ წავიდა, ესეც არის მავნებლობა. როდესაც ავტორიტარულად, ფორმალური წესების დარღვევით, ხალხის ნების გაუთვალისწინებლად, ერთი ადამიანის სურვილით მოხდა მთელი ამ ქედის ათვისება. ესეც მავნებლობა, ოღონდ უკვე სოციალური მავნებლობა. სამართლებრივი სახელმწიფოსთვის შეუფერებელი საქმის წარმოებაა და ესეც მავნებლობაა.

- ეს მშენებლობა, ასეთი ტიპის დარღვევები პერსპექტივაში რა შედეგებს გამოიწვევს?

- ერთი მხრივ, ქალაქი დაკარგავს თავის სახეს, თავის იდენტობას დაკარგავს. ყველა ქალაქს ყველაზე ძვირფასი ეს იდენტობა აქვს. ადამიანები ვინც იქ ცხოვრობენ, ნაწილობრივ ამ იდენტობით ცხოვრობენ. ეს იმ ხალხის სამშობლოა, ეს სამშობლო სხვას ხომ არ უნდა  ჰგავდეს? 

ასევე თავისთავად ცხადია, რომ თვითონ არ უნდა ჰგავდნენ სხვას, ხომ? ეს ყველაფრიდან უნდა გამომდინარეობდეს, გარემოდანაც, მათ შორის  სოციალური გარემოდან, მაგრამ ასევე თვითონ მატერიალური გარემოდანაც. 

აი, ეს შედეგი ექნება, რომ თბილისი იდენტობას დაკარგავს. მნიშვნელოვანწილად დაკარგა უკვე ამ ახალი მშენებლობებით. და აი, ამ უძველეს ნაწილში ასეთი უხეში ჩარევით ამ იდენტობასაც დაკარგავს... 

მეორე, ეს არის სოციალურ-სამართლებრივი დარტყმა, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი პრეცედენტია ავტორიტარიზმის. ეს უკვე სოციალური პრობლემაა, რომ ვიღაც ერთი ადამიანი  თანამედროვეობისთვის სრულიად შეუფერებლად იქცევა; იქცევა როგორც ფეოდალი, თვლის გარემოს თავის საკუთრებად, როგორც უნდა ისე მოქმედებს და ხელქვეითები ჰყავს ხელისუფლებაში, რომლებიც ამის საშუალებას მას აძლევენ. 

ასეთი პრეცედენტის შექმნა არის საზოგადოებისთვის მავნებლური. 21-ე საუკუნეში ფეოდალიზმის დრო აღარ არის და ეს ადამიანი სხვებს ექცევა, როგორც თავის ყმებს ან ხელქვეითებს. და აი, ესეც ერთ-ერთი მძიმე შედეგი იქნება, რაც ამ მშენებლობას მოჰყვება.

- მკითხველს რომ ავუხსნათ, სადამდეა მისული ეს მშენებლობა, რა რეალობაა ადგილზე ამჟამად?

- სოლოლაკის ქედზე მთელი ეს ბორცვი მოჭრილია, ჯერ საკუთრივ მშენებლობა არ უნდა იყოს დაწყებული. მაგრამ, სხვათა შორის, კლდის მოჭრაც ფორმალურად მშენებლობად ითვლება. კონსტრუქციების მოწყობა ჯერ არ დაწყებულა, რამდენადაც ვიცი. მაგრამ მთელი მთა არის მოჭრილი და ამით უკვე ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. 

თავისუფლების მოედანზე, ცეკავშირის სახლის ადგილას, ამ ტიპის რეჟიმისთვის სრულიად შეუსაბამო, მიუღებელი შენობა არის დაგეგმილი. ეს მშენებლობა უკვე დაიწყო, კონსტრუქციები, საძირკველი უკვე გაკეთებულია, კედლის სიმაღლეები უკვე ამოყვანილია. 

ზუსტად არ ვიცი რა მდგომარეობაშია ქვემოთ, ერეკლე მეორეს ქუჩაზე. იქ უნდა დაენგრიათ სახლი და აეშენებინათ, ზუსტად არ ვიცი, რა მდგომარეობაა. თუმცაღა მთელი ეს საქმე შორს წასულია.  

მაგალითად, ცეკავშირის სახლის ადგილას, თავისუფლების მოედანზე Κ-მეორე კოეფიციენტი გადაამეტეს და 7,8 მისცეს. ეს იმ დაპირების საწინააღმდეგოდ, რომელიც დღევანდელმა ქალაქის ხელისუფლებამ არჩევნების წინ გაახმოვანა. მაშინ თქვა, რომ კოეფიციენტების გადამეტებას შეწყვეტს და ცოტა ხნის მერე, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, გადაამეტეს, თან საშინლად გადაამეტეს... 

7,8 რაღაც საოცარი გადამეტებაა, არცერთ ევროპულ ქვეყანაში ასეთი კოეფიციენტი არ არსებობს. ასე გადაამეტეს და სრულიად შეუფერებელ რაღაცებს აშენებენ, თან აი,  ასეთი თვითნებობით, იმიტომ, რომ ზემოდან მოვიდა ბრძანება.

- ამის გათვალისწინებით, რამდენად შესაძლებელია კიდევ ამ მშენებლობის შეჩერება?

- ეს ხელისუფლებისა და ძალაუფლების საქმეა. თუ უნდათ, ვინმეს რომ მოუნდეს ეს, ძალაუფლების მქონეს (როცა ამის ფორმალური უფლება აქვს), ამის შეჩერება შეიძლება. რადგან იმწუთშივე აღმოაჩენს დარღვევებს, საქმის წარმოების დარღვევებს. ეს იქნება ფორმალური საფუძველი ამის შეჩერების, მაგრამ ასეთი ადამიანები ჯერჯერობით არ ჩანან.  

- მაშინ ისიც ვთქვათ, საიას ამ საჩივარს რა შედეგი ექნება, რა შეიძლება მივიღოთ ამით?

- თუ სასამართლო დამოუკიდებელია, მაშინ ის დაინახავს ამ სამართლებრივ წინააღმდეგობას, სამართლებრივ გაუმართაობას და გააუქმებს მშენებლობის ნებართვას. ვიმეორებ, ეს იმ შეთხვევაში თუ სასამართლო დამოუკიდებელია.

- ისიც ვთქვათ, გამოსავალი სად არის, რომ მომავალში მსგავსი ტიპის დაერღვევები და მშენებლობები არ განხორციელდეს დედაქალაქში?

- ქალაქგანვითარების პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. უფრო სწორად, თანამედროვე ევროპულ ყაიდაზე აწყობილი ქალაქგანვითარების პოლიტიკა უნდა შედგეს. დღეს ქალაქს ასეთი პოლიტიკა არ აქვს. თუ ასეთი პოლიტიკა შეიქმნება, მაშინ მისი სამართლებრივი და ინსტიტუციური საფუძვლები ჩამოყალიბდება. შემდეგ ასეთი ტიპის ამოვარდნები შეუძლებელი იქნება, პროცესი ინსტიტუციურად იქნება გამართული. როგორც აღვნიშნე, სამართლებრივად, კანონმდებლობის დონეზე და ინსტიტუციურადაც. აქ აღმასრულებელ ძალაუფლების, მერიის როლსაც ვგულისხმობ. 

ქალაქგანვითარების პოლიტიკის საფუძველზე თუ ეს წესი ჩამოყალიბდა, მაშინ რეალურად გამორიცხული იქნება ასეთი რამ განმეორდეს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია