მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რომან გოცირიძე: ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა ფარატინა ქაღალდად დარჩება - 16 სექტემბერი 2016

„პროგრამა ხელისუფლების მიერ გატარებული იმ ძველი კურსის გაგრძელებაა, რომელმაც ქვეყანა კრიზისში შეიყვანა“

myrights.ge

თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა - ამ ლოზუნგით მიდის „ქართული ოცნება“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. პარტიის ლიდერების განცხადებით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის „შეუქცევადი განვითარების“ საფუძვლები უნდა შეიქმნას. მაგრამ 2012 წლის მთავარი დაპირებით, რომ 2016-სთვის ქართველებს „მეოთხე საუკეთესო წელში“ უნდა ეცხოვრათ, დღეს ამაზე კრინტსაც არავინ ძრავს.  

„ქრონიკა პლუსი“ „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო პროგრამის დეტალებზე „საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ თავმჯდომარეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, რომან გოცირიძეს ესაუბრება. 

- ბატონო რომან, როგორ აფასებთ ოცნების საარჩევნო პროგრამას?

- 1.ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა ხელისუფლების მიერ გატარებული იმ ძველი კურსის გაგრძელებაა, რომელმაც ქვეყანა კრიზისში შეიყვანა. აღნიშნული პროგრამის ძირითადი წყარო მთავრობის  მიერ მკვდრადშობილი, ეგრეთ წოდებული „პროგრამა 2020“ (რომელიც თავის დროზე  თაროზე შემოდეს) და მთავრობის ეგრეთ წოდებული  ოთხპუნქტიანი გეგმაა. ეს უკანასკნელი, სხვა არაფერია, თუ არა პრესრელიზი -  მოკლე და ზოგადი განცხადება, საიდანაც არ ჩანს, კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს მთავრობა და როდის. ამ დოკუმენტს  მთავრობის მიმდინარე ეკონომიკურ საქმიანობასთან საერთო არაფერი აქვს. 

2. ამ დოკუმენტით  ჩანს, რომ მთავრობას არ აქვს მომავლის ხედვა,  სჯერათ, რომ რასაც აკეთებდნენ  იყო  სწორი და არ აპირებენ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას.

ეს პროგრამა ისეთივე ფარატინა ქაღალდად დარჩება, როგორც მათი წინამორბედი დოკუმენტები, რადგან იგი რეალობას არის მოწყვეტილი და ვერ გახდება ქვეყნის განვითარების საფუძველი.

3. ქართული ოცნების ახალი საარჩევნო პროგრამა არის ეკლექტური, არარეალისტური დოკუმენტი.  ფაქტობრივად, ეს არის სამინისტროების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში და მომავალში გასაკეთებელ საქმეთა ჩამონათვალი, ტრადიციულად  გაჯერებული ცრუ დაპირებებით. 

ამ ვალდებულებების დიდი ნაწილის შესრულება ნავარაუდებია ქვეყნის ისედაც მწირი ბიუჯეტიდან, რაც სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკურ ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტად ჩარევის სურვილის დემონსტრირებაა.

4. პროგრამით, ქვეყნის ფინანსური რესურსები  სათანადოდ არაა შეფასებული, რის გამოც იგი დეკლარირებულის სურვილებიოს ერთობლიობაა და აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას. მასში გათვალიწინებული ღონისძიებები იმდენად ძვირია, რომ არა თუ ოთხი წლის, არამედ ორი ათეული წლის შემოსავლებიც ვერ გაწვდებოდა მის ხორცშესხმას, რომ არაფერი ვთქვათ მათ მიზანშეწონილებაზე. 

მაგალითად, კომიკურ სახეს იძენს ის დაპირება, რომ ოთხ წელიწადში სამ-ნახევარ მილიარდ დოლარს დახარჯავენ ახალი გზების მშენებლობაზე; ანუ 8 მილიარდ ლარზე მეტს, რაც საქართველოს თითქმის ერთი წლის ბიუჯეტია. ეს მაშინ, როდესაც ეს გზები მხოლოდ იდეის დონეზეა,  დაპროექტებაც კი არ არის დაწყებული, რომ არაფერი ვთქვათ მის ფინანსურ უზრუნველყოფაზე.

პროგრამის მიხედვით, ოთხ წელიწადში გაყვანილი უნდა იქნას 800 კილომეტრზე მეტი სიგრძის  გზა - მათ შორის თანამედროვე ავტომაგისტრალები, რომლებმაც ურთულეს გეოგრაფიულ  პირობებში უნდა გაიარონ. თვით ამ პროგრამაში მოცემული სტატისტიკის მიხედვით, ოცნების ხელისუფლება 2013-2015 წლებში   აშენებდა 28 კილომეტრის სიგრძის ავტობანს საშუალოდ წელიწადში. მხოლოდ ამ ორი მონაცემის - რეალურისა და საოცნებოს ერთმანეთთან შედარებაც საკმარისი იმის გასაცნობიერებლად, თუ რა უტოპიურ დოკუმენტთან გვაქვს საქმე.

მთავრობამ  უკვე  მშენებარე და ფინანსურად უზრუნველყოფილი გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები ჩაიბარა წინა ხელისუფლებიდან  და მათი წესიერად და დროულად ბოლომდე მიყვანაც კი ვერ შეძლო. მთავრობა, რომელმაც ოთხ  წელიწადში გორიდან ხაშურამდეც კი ვერ მიიყვანა დაწყებული პროექტი, ახალ-ახალი ზღაპრებით ცდილობს ამომრჩევლის გულის მოგებას.

5. პროგრამას ლაიტმოტივად გასდევს წინა ხელისუფლების საქმიანობის უსაფუძვლო კრიტიკა. ხშირად გამოყენებულია აშკარად დემაგოგიური ხერხები. მაგალითად, წერია, რომ „წინა ხელისუფლებიდან მივიღეთ დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი“. სინამდვილეში დოლარიზაცია გაიზარდა ამ ხელისუფლების პირობებში ლარის გაუფასურების გამო. 

ან კიდევ, თურმე შევარდნაძის დროს  უფრო ნაკლები ყოფილა უმუშევრობა, ვიდრე ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში: „წინა ხელისუფლებამ ქვეყანა 257 ათასი უმუშევრით  ჩაიბარა და მმართველობა 305 ათასი უმუშევრით დაასრულა. უმუშევრობის დონე კი 12,6 პროცენტიდან 15 პროცენტამდე გაიზარდა“ - ვკითხულობთ ამ არასერიოზულ პასაჟს დოკუმენტში.

6. ოცნების ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, პროგრამის მიხედვით უმუშევრობა შემცირებულა 12 პროცენტამდე და დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილა 56 ათასი ადამიანით. მომავალ ოთხ წელიწადში კი 200 ათას ახალი სამუშაო ადგილის შექმნას აპირებენ. ამ პოლიტიკით, მმართველობის ფორმით და საკადრო რესურსით ამის მიღწევა რომ შეუძლებელია, თვით მათ მიერ მოყვანილი სტატისტიკა გვაჩვენებს.

7. გვხვდება არასერიოზული მსჯელობები ინდუსტრიული განვითარების პროგრამის შექმნის შესახებ, რომელიც საფუძვლად დაედება სხვა გეგმას და რომლის ხორცშესხმის შედეგად ქვეყანა გადავა ინდუსტრიულ რელსებზე.

8. კვლავ საუბარია ასობით ქიმერულ საწარმოზე, რომელიც თვალით არავის უნახავს.

9. საუბარია რომელიღაც რეიტინგზე, სადაც საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა და არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის მიხედვით ქვეყანა მე-8-ე საპატიო ადგილიდან 24-ე ადგილამდე დაქვეითდა.

10.კვლავ სერიოზულად განიხილავენ პენსიონერთა დასაქმების ღიმილისმომგვრელ პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს იმ ბიზნესისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას, რომლებიც  ამ კატეგორიის ადამიანებს დაასაქმებენ.

11. ნაცვლად იმისა, რომ ჯანდაცვის სისტემა იყოს სოციალურად სამართლიანი, პირველ რიგში ორიენტირებული გაჭირვებულებზე, იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და ფინანსურად მდგრადი, კვლავ აპირებენ დღეს მოქმედი მფლანგველური  პოლიტიკის შენარჩუნებას. ნაცვლად ჯანმრთელობის სადაზღვევო სისტემაზე გადასვლისა, სადაც ყველა ხარისხის სადაზღვევო პაკეტში გათვალისწინებული იქნება მედიკამენტების დაფინანსებაც, აპირებენ „სტრატეგიული მედიკამენტების სახელმწიფო კონსოლიდირებულ შესყიდვას“. 

ამით, ისევე როგორც წამლების სუბსიდირებით, უნდათ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომბის გაზრდა. ესა მექნიზმი კიდევ უფრო მეტად შეუწყოფს ხელს საბიუჯეტო სახსრების ფლანგვას და კორუფციას. 

12. წარმატებულად არის შეფასებული ე.წ. ხვნა-თესვის პროგრამა, რომელსაც 349 მილიონი ლარი უშედეგოდ მოხმარდა. გაუგებარია, აპირებენ თუ არა მის გაგრძელებას.

13. არარეალისტურია დაპირება ენერგეტიკის სექტორში  3 მილიარდი ლარის ინვესტირების შესახებ, მაშინ როცა მიმდინარე ოთხ წელიწადში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი ენერგეტიკული პოლიტიკა იყო.

14. კვლავ ჰპირდებიან ბიუჯეტიდან ასეულობით მილიონობით ფულის დახარჯვას მიწისქვეშა გაზსაცავით დაწყებული ფეხბურთის კლუბები დამთავრებული. ამ უკანასკნელზე 265 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.

15. პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა  ბიუჯეტით შექმნილ და სამუდამოდ ბიუჯეტზე აკიდებულ ტექნოპარკს და  ე.წ. სტარტაპებს, დამწყები ბიზნესის პროექტით, რომლის ფარგლებში ახლახან გამოვლინდა გამარჯვებულები. 

ეს არის  არაეფექტიანი პროგრამა. ათეულობით მილიონი ლარი გაიფლანგება (უკვე იფლანგება) ჩვენი ბიუჯეტიდან ისეთ პროექტებზე, რომელსაც არასდროს დააფინანსებდა კერძო ბიზნესი; რომლის საქართველოში ან უცხოეთში დანერგვის შანსი არის მინიმალური, ხოლო თვით ამ სააგენტოსა და ცენტრის ბიუროკრატიის შენახვას ხმარდება და კიდევ უფრო მეტი ოდენობით მოხმარდება  ჩვენივე ფული. 

ეს რამდენიმე წელიწადში ნათლად გამოჩნდება. როგორც არაერთხელ მომხდარა, პასუხს არავინ აგებს. მაშინ სხვა მთავრობა იქნება. ესენი არავის ემახსოვრება. 

სახელმწიფო ფულის ხარჯვა სულ ფეხებზე ჰკიდია ჩინოვნიკს - დღეს არის, ხვალ არა!

სტარტაპებს არ სჭირდება მუდმივი ბიუროკრატილი სააგენტოს შექმნა და მრავალმინიონიანი შენობა-ნაგებობა  და ჩინოვნიკების აპარატის ჩამოყალიბება. 

თუ ხელისუფლებას მაინც და მაინც უნდა ამ სეგმენტის ამის სტიმულირება, უცხოეთში უნდა იქნას პროექტები გატარებული  საკონკურსო წნეხში და მერე მერე შეიძლებოდა ფულის გამოყოფა. 

აუთსორსინგი იაფია და ეფექტიანი. აქ კიდევ ერთ კარგ პროექტს ათასი მკვდარი აეკიდება და ამ ერთი წარმატებულის ხარჯზე უნდა ისხდნენ შტატში ასეულობით უსაქმურები... 

მექანიზმი, რაც მთავრობამ შექმნა და ახალ პროგრამაში აისახა, არის პარაზიტული. 

16. არის ისეთი დემაგოგიურიმ პასაჟებიც, როგორიცაა „გაგრძელდება ხარჯების ოპტიმიზაციი პროცესი, შეიზღუდება ადმინისტრაციული ხარჯები“.  სინამდვილეში, ბიუჯეტში საგრძნობლად გაიზარდა ბიუროკრატიული და არარაციონალური ხარჯები. რა უნდა გაგრელდეს, რაც არ იყო, უფრო ზუსტად-პირიქით იყო.

17. პროგრამით კვლავ აპირებენ სახელმწიფო ვალის არა მხოლოდ რაოდენობრივ ზრდას, არამედ მის მატებას მთლიან შიდა პროდუქტტან მიმართებაში. 

18. ცინიკურად გამოიყურება დაპირება, რომ „ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა იქნება ხელშეუხებელი“, მაშინ როცა დღემდე საკონსტიტუციო სასამართლოში არის გაჩერებული საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფის საქმე, რომელიც პოლიტიკური და კერძო მიზნების მისაღწევად იყო ინიცირებული.

19.  მრავლადაა ისეთი უსაფუძვლო მტკიცებები, როგორიცაა „საქართველოს რეგიონულ და ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბება“ და სხვა.

20. არაფერია კონკრეტული პენსიების ზრდასთან დაკავშირებით, თუმცა საუბარია სარისკო საპენსიო რეფორმაზე, რომელიც ითვალისწინებს კერძო დაგროვებით საპენსიო მოდელის დანერგვას, რომლის წინაპირობა არ არსებობს დღეს ქვეყანაში.

- და ამ ფონზე,  რას არ გვპირდებიან?                 

- არ გვპირდებიან პენსიების ზრდას;

- გადასახადების შემცირებას. სრულიად იგნორირებულია მცირე ბიზნესი;

- ბიზნესზე სახელმწიფო-ადმინისტრაციული წნეხის  შემცირებას (მაგ. აპირებენ გადასახადებისაგან თავის არიდების დეკრიმინალიზაციას, დღეს არსებული 50 ათასი ლარის ნაცვლად 100 ათას ლარამდე. ეს ლარის დევალვაციისა და ინფლაციის გამო თითქმის იგივეა, რაც იყო 2004 წელს და არ წარმოადგენს ბიზნესისათვის რაიმე ხელშესახებ შეღავათს);

- ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმას (თუმცა აპირებენ ახალი მარეგულირებელი ნორმების შემოღების შეზღუდვას, რაც ერთი და იგივე სულაც არ არის);

- ბიუროკრატიული და არაეფექტიანი ხარჯების შემცირებას;

- ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობის რადიკალური სამართლებრივი ნორმებისა და პროცედურების დანერგვას, სახელმწიფოსთან დავისას მოქალაქის უფლებების გაფართოებას;

- მასწავლებელთა ხელფასების  სწრაფ ზრდას  (მათი გეგმით, საშუალო ხელფასი გახდება 800 ლარი, რაც არ არის საკმარისი თანამედროვე და ხარისხიანი განათლების უზრუნველაყოფად);

- სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების რეალური მექანიზმების ამოქმედებას;

- პირად ცხოვრებაში ჩაურევლობას;

ყოველივე ამას ჰპირდება „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩვენ შევასრულებთ ჩვენს დანაპირებს.

- ბატონო რომან, აქვე შეგვიძლია იმაზეც ვისაუბროთ, რაც დღეს ქვეყანაში რეალურად ხდება... 

- 1. სუსტი ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის არათანაბარზომიერი შესრულება, ფისკალური და მონეტარული არასტაბილურობა, ექსპორტის კლება და სავაჭრო  ბალანსის დეფიციტის ზრდა, ინვესტიციების  კლება, უმუშევრობა, სიღარიბე  -  კვლავ რჩება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარ გამოწვევად. ამ  და მრავალი სხვა პრობლემის მიზეზი მთავრობის მიერ წარმოებულ არასწორ ეკონომიკური პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ. 

ისე დაამთავრა ხელისუფლებამ თავისი საქმიანობის ოთწლიანი ციკლი, რომ მას არასდროს ჰქონია ქაღალდზე გადატანილი პროგრამა და სამოქმედო გეგმა.  2020 წლამდე საქარველოს განვითარების პროგრამად წოდებული დოკუმენტი გამოქვეყნებისთანავე მკვდრადშობილ მასალად იქცა ლარის დევალვაციისა და სხვა მიზეზების გამო. 

მთავრობის შემდგომი ნაბიჯები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა მის მიერვე დამტკიცებულ  ამ პროგრამასთან. შემდეგ მთავრობა შეეცადა ახალი, ე.წ. ოთხპუნქტიანი გეგმა შეემუშავებინა, რომელიც მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის დოკუმენტი აღმოჩნდა.

2. კვლავ მძიმე მდგომარეობაა საგარეო ვაჭრობის სფეროში, რომელზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ლარის სტაბილურობა. 2016 წლის იანვარ-ივლისში  ექსპორტი ( 1,1 მილიარდი აშშ დოლარი) კვლავ განაგრძობს კლებას და იგი 12 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.  

იმპორტი (5, 4 მილიარდი აშშ დოლარი), 25 პროცენტითაა გაზრდილი, თუმცა უფასოდ შემოტანილი „ჩ“ ჰეპატიტის წამლების ღირებულების გარეშე, იმპორტის მოცულობა დაახლოებით იგივეა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდში. 

ექსპორტის კლების შემაშფოთებელი  მასშტაბები  კიდევ უფრო ნათლად ჩანს 2016 წლის მაჩვენებლების  2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებისას.  მისმა მოცულობამ 33 პროცენტით იკლო.  მიმდინარე წლის შვიდ თვეში ქვეყნიდან 544 მილიონი დოლარით ნაკლები ღირებულების საქონელი იქნა გატანილი, ვიდრე 2014 წელს.

ეკონომიკის საექსპორტო სექტორის შემცირება  იწვევს უმუშევრობის ზრდას და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების შემოსავლების შემცირებას, უარყოფითად მოქმედებს ლარის კურსის სტაბილურობაზე.

3. არასახარბიელო ტენდენცია შეიმჩნევა  უცხოურ  ინვესტიციებთან დაკავშირებითაც. ახლახან გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემების მიხედვით,  საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წელს 1,564 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. 

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, არამედ მისი შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. ეს უკანასკნელი უფრო ზუსტ წარმოდგენას გვიქმნის საინვესტიციო აქტივობაზე.

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო წლიური მოცულობა 2004 წლამდე იყო მშპ-ს 3 პროცენტის ფარგლებში. მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდა ვარდების რევოლუციის შემდეგ. კერძოდ:

2004 წელს ამ მაჩვენებელმა 9,7 პროცენტი შეადგინა

2005 წელს-7,0 პროცენტი,

2006 წელს-15,3 პროცენტი,

2007 წელს-19,8 პროცენტი,

2008 წელს-12,2 პროცენტი,

2009 წელს -6,1პროცენტი,

2010 წელს-7,0 პროცენტი,

2011 წელს- 7.7 პროცენტი,

2012 წელს-5,8 პროცენტი,

2013 წელს-5,8 პროცენტი,

2014 წელს-10,6 პროცენტი,

2015 წელს-11,2 პროცენტი.

2014 და 2015 წელს  ეს მაჩვენებელი გაზრდილია იმის გამოც,  რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, გამოხატული  დოლარში შემცირდა  ლარის დევალვაციის გამო  და ამ შემცირებულ სიდიდესთან  მიმართებით  ინვესტიციების  პროცენტული მონაცემები   უფრო მაღალი  აღმოჩნდა, ვიდრე ის იქნებოდა  ლარის გაუფასურების ფაქტორის გარეშე.

ამასთან, 2014 წელს სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურმა შეცვალა უცხოური ინვესტიციების აღრიცხვის მეთოდიკა, რამაც გამოიწვია მისი  ზრდა. ამიტომ,  ბოლო წლების მონაცემები 2014 წლამდე არსებულ მაჩვენებლებთან შესადარისი არ არის. ეს კი ქმნის უცხოური ინვესტიციების ზრდის ილუზიას.  

ბოლოს, ესეც შეიძლება მძიმე თემის გასამსუბუქებლად:

ქართული ოცნების პროგრამა რაღაცნაირად ჰგავს ქართული ოცნების სიას: ეკლექტურია, რეტროგრადულია, უტოპიურია, აქა-იქ მიმობნეულია საღი აზრიც, საერთო სურათის შესალამაზებლად...

სიაში არიან შევარდნაძის კადრები, ფულის ტომრები, ძველი ყაიდის მოაზროვნე ყოფილი პარლამენტარები და კოსმეტიკური ფუნქციის მატარებელი „ევროპული განათლების“ ახალგაზრდები. ეს უკანასკნელნი ძალიან შეამცირეს თავდაპირველად წარმოდგენილთან შედარებით. ისინი ვერ ფარავენ ოცნების სახეზე არსებულ შავ ლაქებს. 

ფეისბუქზე უკვე ტრიალებს ოცნების ახალი კლიპი, შეცვლილი სიმღერით. მოქალაქეთა კავშირის „გიხაროდენ“, დაწერილი მეჭიაურის პარტიის წევრ სეფიაშვილის მიერ, ორგანულად ჩაჯდა კლიპის ესთეტიკაში, განწყობილებაში და იდეოლოგიაში. 

ძალიან მაგარი მიგნებაა!

ახლგაზრდა ედუარდელები უკვე ასაკშიშესულები ბრუნდებიან?

ეს არ უნდა მოხდეს!

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია