მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პროფკავშირები, ომბუდსმენი და ებერტის ფონდი მინიმალური ხელფასის დასადგენად გაერთიანდნენ - 27 სექტემბერი 2016

„საქართველოში არსებული მინიმალური ხელფასი ევროპაში ყველაზე დაბალია, მსოფლიოში კი ბოლოდან მეოთხეა, უგანდას, ბურუნდისა და ყირგიზეთის შემდეგ“

myrights.ge

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებობო მინიმუმზე ნაკლებ ხელფასს დღეს ჯამურად 62 000-მდე ადამიანი იღებს. საქართველოში არსებული მინიმალური ხელფასი ევროპაში ყველაზე დაბალია. მსოფლიოში კი ბოლოდან მეოთხეა, უგანდას, ბურუნდისა და ყირგიზეთის შემდეგ. შრომის სამართლიანი ანაზღაურება ორგანული კანონით უნდა განისაზღვროს, - ეს ვალდებულება ამ ეტაპზე შესრულებული არ გვაქვს. მინიმალური ხელფასი საშუალო ხელფასის არანაკლებ 25-30% უნდა იყოს, რაც მსოფლიო ბანკის კრიტერიუმებით საშუალო  დონეა და საქართველოსთვის დღეს 230-280 ლარამდე შუალედში თანხას შეადგენს“, - აცხადებენქრონიკა პლუსთანპროფკავშირების გაერთიანებისა და სახალხო დამცველის მკვლევარები, რომლებიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებენ. მათ მოვუსმინოთ

თამარ სურმავა, პროფესიული კავშირების გაერთიანება, იურისტი:

- საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სახალხო დამცველის ოფისთან ერთად, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, ვახორციელებთ პროექტს, რომელიც საქართველოში მინიმალური ხელფასის პოლიტიკის კვლევას ეხება. აღნიშნული პროექტის მიზანია მინიმალურ ხელფასთან და საარსებო მინიმუმთან დაკავშირებული მიდგომების/პოლიტიკის გაანალიზება, საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით ერთობლივი რეკომენდაციების შემუშავება, შემდგომში ხელისუფლებისათვის წარდგენის მიზნით; ქვეყნის მოსახლეობაში მინიმალური ხელფასისა და საარსებო მინიმუმის სოციალ-ეკონომიკური ღირებულების და მნიშვნელობის პოპულარიზება. როგორც ზემოთ აღვნიშნეკვლევაში ვეხებით როგორც მინიმალურ ხელფასთან, ასევე  საარსებო მინიმუმთან დაკავშირებულ საკითხებს, ვაანალიზებთ თუ რამდენად შესაბამისობაშია საქართველოში არსებული საარსებო მინიმუმის გამოთვლის სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან.    აღნიშნულ  პროექტს  აპრილიდან ვახორციელებთ და იგი ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის  ფინალური კონფერენციით დასრულდება, სადაც პროფესიული კავშირების გაერთიანება და სახალხო დამცველის ოფისი ერთობლივ  რეკომენდაციებს გავაჟღერებთ

პროექტის ფარგლებში აპრილიდან მოყოლებული საზოგადოების ყველა დაინტერესებულ მხარეს აქტიურად ვხვდებით. მათ შორის დასაქმებულებს, დამსაქმებელებს, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და სახელისუფლო ორგანოების წარმომადგენლებს. როგორც შეხვედრებიდან გამოიკვეთა, მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული საკითხები საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილისთვისაა ცნობილი.

დღეის მდგომარეობით ასეთი რეალობა გვაქვს: ქვეყანაში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია პრეზიდენტის ბრძანებულებით. მინიმალური ხელფასის ოდენობა კერძო და საჯარო სექტორში მკვეთრად განსხვავებულია. კერძო სექტორში 20 ლარს, ხოლო საჯაროში - 135 ლარს შეადგენს. ცხადია, რომ მითითებული თანხები ძალიან დაბალია და პრაქტიკულად, ნულოვან ნიშნულს უტოლდება.

საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული რეგულაციის პირობებში, შემოსავლების სამსახურის მონაცემების შესაბამისად, საქართველოში 100 ლარამდე ხელფასი 25 ათას ადამიანს აქვს, ხოლო 100 ლარიდან  163  ლარამდე 37 ათას ადამიანს. რაც იმას ნიშნავს, რომ შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებობო მინიმუმზე ნაკლებ ხელფასს დღეს ჯამურად 62 000-მდე ადამიანი იღებს.  

ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემებიც კი ცხადყოფს ქვეყანაში მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული მიდგომის შეცვლის, მის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანის აუცილებელობას და, ამასთანავე, მინიმალური ხელფასის განსაზღვრის მიზნებისათვის საარსებო მინიმუმის გამოანგარიშებაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის საჭიროებას.

სახალხო დამცველის ოფისთან ერთად შემუშავებული რეკომენდაციები შეეხება, როგორც მინიმალური ხელფასის განსაზღვრის კრიტერიუმებს, ასევე განსაზღვრული მინიმალური ხელფასის გადასინჯვისა  და  მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მექანიზმებს.

გიორგი ჭანტურიძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ეკონომიკური ანალიტიკოსი:

- როგორც თამარმა აღნიშნა, საქართველოში ას ლარს ქვემოთ ხელფასი 25 ათას ადამიანს აქვს, 163 ლარს ქვემოთ (რომელიც მაისში ერთი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის საარსებო მინიმუმი იყო) ხელფასს 62 ათასი ადამიანი იღებს. ხოლო 274 ლარს ქვემოთ (რაც საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმია) ანაზღაურება 130 ათას ადამიანს აქვს.

საქართველოში არსებული მინიმალური ხელფასი ევროპაში ყველაზე დაბალია. მსოფლიოში კი ბოლოდან მეოთხეა, უგანდას, ბურუნდისა და ყირგიზეთის შემდეგ.

მინიმალური ხელფასის შეფასებისას მისი და საშუალო ხელფასის თანაფარდობას იყენებენ. ეს მაჩვენებელი ევროპაში დაახლოებით 30-დან 50%-მდეა. საქართველოს შემთხვევაში კი მხოლოდ 2% გვაქვს. მსოფლიო ბანკის მონაცემებითა და კრიტერიუმებით, 20%- ქვემოთ მაჩვენებელი ძალიან დაბალია; 20-დან 50-მდე ნორმალური მაჩვენებელია, ხოლო 50%- ზემოთ ძალიან მაღალია.

კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომლითაც მინიმალური ხელფასი ფასდება, ეს არის მისი თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან ერთ სულ მოსახლეზე. ეს თანაფარდობა დაახლოებით იგივე პროპორციითაა ევროპის ქვეყნებში - 30-დან 50 პროცენტამდე. აღმოსავლეთ ევროპაში ეს მაჩვენებელი შედარებით დაბალია ვიდრე დასავლეთში, თუმცა საქართველოს მსგავსი სიტუაცია არცერთ ქვეყანაში არ არის. საქართველოში ეს მაჩვენებელი მხოლოდ სამი პროცენტია.

ასევე, როგორც წესი, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მინიმალური ხელფასი უფრო მაღალია, ვიდრე საარსებო მინიმუმი. ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში პირიქითაა, საარსებო მინიმუმი უფრო მეტია, ვიდრე მინიმალური ხელფასი. საქართველოს შემთხვევაშიც ასეა და აქაც ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს, მინიმალური ხელფასი კერძო სექტორში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმის 12,8%-ია, ხოლო ოჯახის საარსებო მინიმუმის 7,6%.

საქართველოში საარსებო მინიმუმი შემდეგნაირად იანგარიშება - 70%-ად აღებულია სასურსათო კალათა, ხოლო დანარჩენი 30% პროცენტი არასასურსათო ხარჯებია. ევროპის ქვეყნების უმეტესობაში ეს პროპორცია 50/50- შეადგენს. იქ გათვალისწინებულია ბევრი ისეთი ხარჯი, რომელიც საქართველოში პირდაპირ განსაზღვრული არ გვაქვს. ასეთია მაგალითად განათლებაზე, კულტურაზე, მედიცინაზე, მედიკამენტებზე, კომუნალურ გადასახადებზე ხარჯები. ევროპაში ასევე გათვალისწინებულია დაზოგვაზე გაწეული და გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის საჭირო ხარჯები.

ამას გარდა, .. „ლივინგ ვეიჯისგამოთვლისას ითვალისწინებენ ოჯახის ზომას და ამ ოჯახში დასაქმებულთა რაოდენობასანუ იმას, თუ რამდენი ადამიანის უზრუნველყოფა უწევს ერთ კონკრეტულ დასაქმებულს თავისი ხელფასით. საქართველოს შემთხვევაში, როგორც წესი, ერთ ადამიანზე კეთდება აქცენტი და, ძირითადად, მხოლოდ შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმს აქცევენ ყურადღებას, მაშინ, როცა დასაქმებულის უკან შეიძლება იდგეს მთელი ოჯახი, რომელსაც სხვა შემოსავალი არ გააჩნია.

საბოლოოდ ვფიქრობთ, რომ, იმისთვის, რომ ნეგატიური ეკონომიკური ეფექტი მცირე  იყოს, ქვეყანაში მინიმალური ხელფასის ზრდა ეტაპობრივად უნდა მოხდეს. მინიმუმ ორ ეტაპად, ორი წლის განმავლობაში. ვფიქრობთ, რომ მინიმალური ხელფასი საშუალო ხელფასის არანაკლებ 25-30% უნდა იყოს, რაც მსოფლიო ბანკის კრიტერიუმებით საშუალო  დონეა და საქართველოსთვის დღეს 230-280 ლარამდე შუალედში თანხას შეადგენს.

ლიკა წიკლაური, სახალხო დამცველის აპარატის, სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

- უკვე აღინიშნა, რომ მინიმალური ხელფასი პრეზიდენტის ბრძანებულებით არის გაწერილი. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ორგანულ კანონშისაქართველოს შრომის კოდექსიპირდაპირ წერია, რომ შრომითი ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია მხარეთა შეთახმებაზე. პრეზიდენტის ბრძანებულება იერარქიულად კანონზე ქვემდგომი აქტია, შესაბამისად, გამოდის, რომ კანონიდან გამომდინარე, მხარეთა შეთანხმებით შრომის ანაზღაურებად ნებისმიერი თანხა შეიძლება განისაზღვროს, მათ შორის პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები ოდენობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ამ საკითხის (მინიმალური ხელფასი ან სამართლიანი ანაზღაურება) კანომდებლობის დონეზე რეგულირება მოხდეს. მით უფრო, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ არის ჩანაწერი, რომ შრომის სამართლიანი ანაზღაურება ორგანული კანონით უნდა განისაზღვროს, - ეს ვალდებულება ამ ეტაპზე შესრულებული არ გვაქვს.

არსებობს მთელი რიგი საერთაშორისო აქტები, რომლებიც ასევე აღიარებენ მუშაკის უფლებას მიიღოს სამართლიანი ანაზღაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით ვხვდებით სხვადასხვა განმარტებებს, მაგრამ ძირითადად მოიაზრება, რომ სამართლიან ანაზღაურებად მიიჩნევა ის თანხა, რომელიც მუშაკსა და მისი ოჯახის წევრებს ნორმალური არსებობის შესაძლებლობას მისცემს. ანუ მას მინიმალური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას აძლევს, სახელმწიფოს დამატებითი დახმარების გარეშე. ჩვენ შემთხვევაში მინიმალურ ხელფასად დადგენილი  თანხა ძალიან არაადეკვატური და არარელევანტურია. ასევე გასათვალისწინებელის ის გარემოებაც, რომ თავად საარსებო მინიმუმის დათვლის მექანიზმშიც მთელი რიგი ხარვეზებია. და ვერაფრით ჩაითვლება, რომ ეს საარსებო მინიმუმი რეალურად საკმარისია ნორმალური არსებობისთვის.

მიგვაჩნია, რომ სამართლიან მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული საკითხები საკანონმდებლო დონეზე უნდა განისაზღვროს. ცხადია, ისიც გვესმის, რომ ეს რაღაც სტაბილური თანხა ვერ იქნება. სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას თუ გადავხედავთ (სადაც მინიმალური ხელფასი დადგენილია), ყველგან მისი ოდენობის გადახედვის მექანიზმიც არის გათვალისწინებული, ეს გარკვეული პერიოდულობით ხდება. უმეტეს ქვეყანაში ეს ყოველწლიურად კეთდება, ზოგან წელიწადში ორჯერაც, ხოლო ზოგ შემთხვევაში, ორ წელიწადში ერთხელ, ქვეყანაში ინფლაციის დონის, ასევე საშუალო ხელფასის ზრდისა და სხვადასხვა ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით.

ზოგ ქვეყანაში მინიმალური ანაზღაურების განსაზღვრა ცალმხრივად, სახელმწიფოს მიერ ხდება, ზოგან კი ითვალისწინებენ ხოლმე დასაქმებულებისა და დამსაქმებლების რეკომენდაციებს და შემდგომ მათ საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას მინიმალური ხელფასის ოდენობის ცვლილებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ბულგარეთის, ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როდესაც დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისგან შემდგარი ორგანო შეიმუშავებს რეკომენდაციებს, თუ რამდენი უნდა იყოს ეს ოდენობა. შემდეგ მთავრობა/შესაბამისი სამინისტრო ამ თანხის დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს

ასევე ეფექტური ინსპექტირების მექანიზმის არსებობა აუცილებელი იქნება. ერთია, როდესაც კანომდებლობით რაღაც მინიმალურ სტანდარტებს ვადგენთ და, ფაქტობრივად, დამსაქმებლის ვალდებულებას ვაკისრებთ, რომ დასაქმებულს ამაზე ნაკლები არ გადაუხადოს. თუმცა თუ ამის კონტროლის მექანიზმი არ იარსებებს, შესაძლებელია ეს უბრალოდ ჩანაწერად დარჩეს და ცხოვრებაში ამის რეალურად დანერგვა და აღსრულება არ მოხდეს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ უნდა არსებობდეს ინსპექტირების ეფექტური მექანიზმი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ამ ვალდებულების შესრულების პერიოდულად გადამოწმება. შესაბამისად, დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია, რომ გარკვეული სანქციებიც გაწერილი იყოს.

სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება შევისწავლეთ, სადაც მინიმალური ხელფასი არის დადგენილი. თითქმის ყველა ქვეყანას გარკვეული სანქციები აქვს გაწერილი. ძირითადად, ეს ჯარიმის სახითაა, თუმცა ზოგ ქვეყანაში უფრო მძიმე პასუხისმებლობაც არის გათვალისწინებული, როგორიცაა მაგალითად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა თავისუფლების აღკვეთის სახით.

ნიკო თათულაშვილი: სახალხო დამცველის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარამენტის უფროსი:

- იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით კანონმდებლობაში რაღაც ცვლილებები შევიტანოთ, პრაქტიკა შევცვალოთ და თითოეული მოქალაქისთვის ცხოვრება უფრო უკეთესი გავხადოთ, ამისთვის საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ საერთაშორისო მაგალითები განგვეხილა. მაგალითისთვის, შევისწავლეთ ინგლისი, გერმანია, ისევე, როგორც აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნები.

როდესაც 90-იან წლებში ინგლისში საუბარი დაიწყო, თუ როგორ შემოეღოთ მინიმალური ხელფასი, პირველი რაც გააკეთეს, მინიმალური ხელფასის კომისია შექმნეს. ჩამოყალიბდა ოფიციალური კომისია, რომელშიც როგორც დასაქმებულთა, დამსაქმებელთა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე აკადემიური წრის მეცნიერ-მუშაკები შედიოდნენ.  9 ადამიანისგან დაკომპლექტებული კომისია მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი წლის განმავლობაში დადიოდა და არსებულ ვითარებას სწავლობდა.

ამ შესწავლის საფუძველზე დეტალური რეკომენდაციები დადეს, საიდანაც სახელმწიფომ რაღაცები გაითვალისწინა, რაღაცები არა. ამ გზით ქვეყანაში მინიმალური ხელფასი დაადგინეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს კომისია ერთჯერადად არ შექმნილა, მუდმივმოქმედია. მისი ძირითადი ფუნქციაა, რომ მინიმალური ხელფასის გარკვეული პერიოდულობით გადახედვა უზრუნველყოს.

იგივე ბრიტანეთი ნეოლიბერალური აზროვნების ქვეყანაა და მათი პოლიტიკოსებისთვის, დამსაქმებლისთვის მიუღებელია, რომ ბიზნესს ზედმეტი ხარჯი დააწვეს. მიუხედავად ამისა, ფიქრობენ, რომ ეს სწორი გამოსავალია. რადგან ეს არის გზა, როდესაც ქვეყანაში .. საშუალო ფენა იქმნება. როდესაც ადამიანს იმდენი ანაზღაურება აქვს, რამდენიც საარსებოდ სჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ ასეთი კომისია ჩვენთანაც  არსებობდეს. ეს შეიძლება იყოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, რომელიც ზოგადად შრომითი უფლებების მიმართულებით მუშაობს.

მეორე ასპექტი ამ ყველაფერზე კონტროლის განხორციელებაა. მექანიზმი ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. მაგალითად, ინგლისში გადასახადების აკრეფაზე პასუხისმგებელი ორგანოა  პასუხისმგებელი იმაზე, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულს მინიმალური ხელფასი გადაუხადოს და არ დაჩაგროს. ჩვენ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს შრომის ინსპექცია, რომელის ქმედუნარიანობაზეც უფლებადამცველები დიდი ხანია ვსაუბრობთ.

შედეგებთან და ეფექტებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ როდესაც ყველა ქვეყანაში არსებულ სიტუაციას გადავხედეთ, ძალიან ხშირად დამსაქმებელი იმაზე აპელირებდა, რომ მინიმალური ხელფასის შემოღება გამოიწვევდა ადამიანების გათავისუფლებას, ბიზნესის მიერ სამუშაო ადგილების შემცირებას და ამით დასაქმებულების უფლებებსა და ინტერესებს უფრო მეტი ზიანი მიადგებოდა. მაგრამ თითქმის ყველა შემთხვევაში ზიანი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ამაზე დამსაქმებელთა ორგანიზაციები საუბრობდნენ. იგივე ინგლისში, გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ზიანი გაცილებით ნაკლები იყო.

რასაკვირველია, თუ მინიმალური ხელფასის კომისია შეიქმნება (რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იქნება) სერიოზული კვლევა უნდა ჩატარდეს და ფრთხილად შეირჩეს ის შუალედი, რომელიც არ დააზიანებს და არ დახურავს ბიზნესს, მაგრამ ამავდროულად ადამიანებს საშუალებას მისცემს, რომ ღირსეულად იცხოვრონ, შვილს განათლება მისცენ, ჩაიცვან და, უბრალოდ, შიმშილით არ მოკვდნენ, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.  ამას ძალიან ფრთხილად თუ გავაკეთებთ, ზარალი მინიმალური იქნება და ყველა მოგებული დარჩება.   

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია