მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ირაკლი ალასანია: ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძვით, ეს არის რეფერენდუმი შეუსრულებელი დაპირებებისა და არაკომპეტენტურობის წინააღმდეგ - 06 ოქტომბერი 2016

"ხალხს არ უყვარს მოღალატეები, არავის არ უყვარს მოღალატე"

myrights.ge

სოციოლოგიური კომპანია "ჯი-ეფ-კეის" ბოლო გამოკითხვის შედეგებით, "თავისუფალი დემოკრატები" ქართული ოცნებისა და "ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ მესამე ადგილზეა. პარტია დედაქალაქსა თუ რეგიონებში აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს. გორის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია თანაპარტიელებთან ერთად 8 ოქტომბერს  გამარჯვებისთის იბრძვის.  

"ქრონიკა პლუსი" პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს, ირაკლი ალასანიას ესაუბრება:

- ბატონო ირაკლი, როგორ აფასებთ "ქართული ოცნების" ხელისუფლების ოთხწლიან მუშაობას, რა გაკეთდა, რა ვერ შესრულდა და რატომ?

- უპირველესად, კოალიცია ქართული ოცნების შეფასებას იმ საქმეებთან ერთად დავიწყებ, რაც ერთად გავაკეთეთ, როდესაც ჩვენ კოალიციაში ერთ-ერთი წამყვანი ძალა ვიყავით. მინდა აღვნიშნო, რომ რაზეც კი სახელისუფლებო მართვის ინსტრუმენტებთან ხელი მიგვიწვდებოდა, მაქსიმუმი გავაკეთეთ.

ქვეყნის თავდაცვის სისტემაში ჯარისკაცების ცხოვრება გავაუმჯობესეთ, ხელფასები 25%-ით მოვუმატე. ასევე საერთაშორისო მისიებში ჩვენი ჯარისკაცებს ხელფასები 300 დოლარით გავზარდეთ. ყველა ომში დაღუპულის ოჯახს ათასლარიანი კომპენსაციები დავუნიშნეთ. მივაღწიეთ ასოცირების შეთანხმებას, უელსის სამიტზე კონკრეტული შედეგი მივიღეთ.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი თავისუფალი დემოკრატების ლიდერობით ხდებოდა, მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს კოალიციის მიღწევა იყო. რადგან ერთ მთავრობაში ვიყავით და ერთ საქმეს ვემსახურებოდით.

სამწუხაროდ, როდესაც კონკრეტულად საჰაერო თავდაცვის სისტემაზე მუშაობა დავიწყე, ეს განხეთქილების ვაშლი აღმოჩნდა ქართული ოცნების ლიდერებთან. ამას ის მოყვა, ამ ხელშეკრულებისთვის ხელი რომ არ მომეწერა, 5 უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეს.

მე რომ მაშინ ხმა არ ამომეღო და არ წამოვსულიყავი, დღეს ქართულ საზოგადოებასთან მისასვლელი პირიც არ მექნებოდა. ამიტომ მივიჩნევ, რომ ეს იყო ყველაზე სერიოზული შეცდომა, სამარცხვინო შავი ლაქა, რომელიც ამ ხელისუფლებას აქვს, - აბსოლუტურად უდანაშაულო 5 ადამიანი, ორი ოფიცერი, სამი სამოქალაქო პოლიტიკური ნიშნით ჩასვეს ციხეში.

მერე ისიც კარგად დავინახეთ, რომ სასამართლოს სააკაშვილისდროინდელი მურუსიძე მართავს. თავის მხრივ, პროკურატრას ის ხალხი მართავს, ვინც სააკაშვილის დროს ბიზნესმენებს ფინანსური პოლიციიდან ატერორებდა; პრაქტიკულად, ხალხს აწამებდა.

ეს ყველაფერი ძალიან ნათლად წარმოჩინდა, როდესაც სწორედ კაბელების საქმეზე სასამართლო და პროკურატურა ერთიანი ჩანაფიქრით გამოიყენეს, რომ ამ ადამიანებისთვის პატიმრობა მიესაჯათ.

ეკონომიკური მიმართულება, სამწუხაროდ, ყველაზე წარუმატებელი აღმოჩნდა. მე იმედი მქონდა, რომ თავად ივანიშვილს (როდესაც პრემიერი იყო), როგორც გამოცდილ ბიზნესმენს იდეები ექნებოდა საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის, ინვესტიციების აქტიურად მოზიდვისთვის და .. მაგრამ ეს იმედი, როგორც მთელ საქართველოს მეც გამიცრუვდა.

რეალურად, არ მახსოვს მისგან ერთი იდეა წამოსულიყო, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას ან ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას შეეხებოდა.

ამიტომ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, იმაზე, რომ დღეს ფასები ყველაფერზე გაზრდილია და ყველა ოჯახში შემოსავალი შემცირებულია, სრული პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას ეკუთვნის. თავი ვერ გაართვეს იმ ამოცანებს, ეკონომიკურ გამოწვევებს, რაც მათ დღის წესრიგში იდგა. ქვეყანაში შემცირდა ინვესტიციები, აღარ შემოდის იმ რაოდენობით, როგორიც ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელია.

თქვენ მკითხეთ, რა იყო ამის მთავარი მიზეზი - ეს არის საქმის უცოდინრობა, ისინი, უბრალოდ, არაპროფესიონალები არიან, მხოლოდ ნათესაურ-ნეპოტისტური პრინციპით ინიშნებიან ძალიან საპასუხისგებლო თანამდებობებზე, როგორც რეგიონულ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებაში.

ამიტომ ქართველ ხალხს, საზოგადოებას არ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ ხელისუფლების ამარა დავტოვოთ. ქართული ოცნება ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს.

მაგრამ არავის არ სურს ოთხი წლისწინანდელ ძალადობრივ წარსულში დაბრუნება, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ერქვა. და მე ვთვლი, რომ ალტერნატიულ ძალას სწორედ ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები წარმოვადგენთ; ვისაც გვაქვს კომპეტენცია, გამოცდილება და მართვის შესაძლებლობა, რომ ქვეყანა მომავლისკენ წავიყვანოთ.

ჩვენ ქვეყანას წარსულში არ ვტოვებთ. არცერთ პოლიტიკურ ძალასთან კინკლაობაში შესული არ ვართ. არ ვესვრით ტალახს, ისე, როგორც ამას სხვები აკეთებენ. მე და ჩემი პარტია ორიენტირებული ვართ, როგორ შევცვალოთ უკეთესობისკე მოქალაქეების ცხოვრება. უკეთესი ეკონომიკა და უკეთესი ცხოვრება ერთმანეთზე გადაჯაჭვულია და ამიტომ ჩვენი შეთავაზება, პლატფორმა, ყველაზე კომპლექსურად წარმოდგენილი ხედვაა ქვეყნის განვითარებისთვის. სადაც უსაფრთხოება, თავდაცვა, ეკონომიკა, სოციალური და სოფლის მეურნეობის ხედვები გაერთიანებულია.

- რატომ აღგიდგნენ წინ თავის დროზე საჰაერო თავდაცვის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას, ამის მთავარი მიზეზი რა იყო?

- ჩემ ერთ-ერთ მთავარ ამოცანას (რასაკვირველია, ღიად, მთავრობასთან შეთანხმებულად) წარმოადგენდა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხო ცა შეგვექმნა. ძალიან კარგად გვახსოვს, რომ 90-იან წლებში და 2008 წელს ბრძოლების დროს ყველაზე დიდი საფრთხე იქიდან მოდიოდა, რომ ჩვენ შესაბამისი საჰაერო თავდაცვა არ გვქონდა. ჩვენი უსაფრთხოების აქილევსის ქუსლი სწორედ ეს არის.

აქ თავდაცვას ხაზს ვუსვამ. თუ დაცული არ ხარ, თუ მოწონააღმდეგე არ თვლის, რომ შენზე შემოტევა ძვირად დაუჯდება, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის ძალიან ადვილი სამიზნე ხდები. ამიტომაც წლინახევრის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ვმუშაობდი ჩვენ პარტნიორებთან იმისთვის მიგვეღწია, რომ ჩვენთვის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის ტექნიკა გადმოეცათ.

ეს შეთანხმება საფრანგეთთან მიღწეული იქნა. გახსოვთ საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტი ჩამოვიდა. ჩვენ მას, ასევე ჩემ კოლეგა თავდაცვის მინისტრს მოველაპარაკეთ. წვლილი შევიტანეთ და ჯარი გავუშვით ცენტრალურ აფრიკაში ფრანგებთან ერთად, რომ იქ უსაფრთხოება დაეცვათ.

ამ ყველაფერმა შესაძლებლობების ფანჯარა გააჩინა, რომ საფრანგეთს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღო და მიიღეს კიდეც. აქ მთელი მთავრობა იყო ჩართული. მე ჩაყვანილი მყავდა ფინანსთა მინისტრის მოადგილეც, რათა ფინანსური საკითხები ისე დაგველაგებინა, რომ აღნიშნული კომპლექსების შეძენისას გადახდა მხოლოდ შვიდი წლის მერე გვიწევდა. ამისთვის ყველაფერი წინასწარ გამართული იყო.

წინა ღამით, როდესაც მემორანდუმზე ხელი უნდა მომეწერა, დამირეკეს და მითხრეს, რომ ხელმოწერაზე უარი მეთქვა და დრო გამეჭიმა. ეს წარმოუდგენელი ამბავი იყო. ამით საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და პარტნიორობასაც დიდი საფრთხე ემუქრებოდა. რახან ეს ყველასთან შეთანხმებული იყო და ვერ მითხრეს კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მომეწერა ხელი, მე მაინც მოვაწერე მემორანდუმს ხელი.

დღეს რომ საფრანგეთთან ეს საქმე რეალურად გრძელდება (4 წლის დაპაუზების მერე, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს), ეს სწორედ იმ ხელმოწერის საშუალებითაა.

მაგრამ მეორე დღეს, გამთენიისას, 5 უდანაშაულო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს, ორი ოფიცერი, სამი სამოქალაქო პირი. ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ განხეთქილებისა და ჩვენი კოალიციიდან წამოსვლის მთავარი მიზეზი გახდა.

ვპასუხობ თქვენ შეკითხვას, თუ ეს რატომ მოხდა - მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პირველი, ვისაც ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერება არ აწყობდა, ეს მოწინააღმდეგეა, ვისაც ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს. ეს არის რუსეთის ფედრაცია. ამიტომაც გამოვედი და განვაცხადე,რომ საფრთხე ექმნება თავდაცვისუნარიანობას და ჩვენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ეს გამართლდა კიდეც. რადგან ხელისუფლებიდან ჩემი წამოსვლიდან 6 თვის განმავლობაში შეთანხმებებს ხელს არავინ აწერდა. მხოლოდ ჩვენი მხრიდან კრიტიკისა და ღია გამოსვლების შემდეგ იძულებული გახდნენ ეს კონტრაქტი გაეგრძელებინათ. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ამ კუთხით ხმა ამოვიღეთ და შედეგს მივაღწიეთ.

ამიტომ ხაზს ვუსვამ, ამაზე უარი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებში შედიოდა.

- თქვენ ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც "რესპუბლიკელებთან" ერთად არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობდით, ამას რა ეშველება?

- ერთადერთი, რაც ამას ეშველება ის არის, რომ 8 ოქტომბერს საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს თავისუფალ დემოკრატებს, შემოხაზონ 27; რადგან ჩვენ ვართ პროფესიონალური ძალა, ვინც ჩვენი ქვეყნის ჩრდილოვანი მართვა გამოვაშკარავეთ. და აქ ერთადერთი გზა ის არის, რომ ივანიშვილს პარლამენტში არ ჰქონდეს უმრავლესობა. ეს ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს.

თუკი პარლამენტში უმრავლესობა შეინარჩუნეს, გაგრძელდება ქვეყნის არაფორმალური მართვა და ამას წყალი არ გაუვა. ამიტომ არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. ეს არჩევანი უნდა გავაკეთოთ არა ცუდსა და უარესს შორის (როგორიც ოცნება და ნაციონალური მოძრაობაა), არამედ ყოველთვის უკეთესი უნდა ავირჩიოთ. სრული ობიექტურობით ასეთი არჩევანი თავისუფალი დემოკრატები ვართ და ამიტომ ეს გადამწყვეტი მხარდაჭერა  ჩვენ უნდა მოვიპოვოთ.

- წინასაარჩევნო პროცესში რა პრობლემებს გამოყოფთ?

- პირველ რიგში, ყველაზე დიდი პრობლემა ისევ უსაფრთხოებაა. უშიშროების სააგენტო ჩართულია წინასაარჩევნო პროცესებში.

უნდა აღინიშნოს, რომ ძალადობრივი ქმედებები, როგორიც სააკაშვილის რეჟიმს ახლდა, დღეს არ არის. ეს ხალხის, მთელი საზოგადოების დამსახურებაა. ხალხს აღარ ეშინია, თორემ საზოგადოება რომ შეშინებული იყოს, მასზე კიდევ უფრო მეტ ზეწოლას მოახდენდნენ. ეს სწორედ 2012 წლის გამარჯვების მონაპოვარია.

მაგრამ სამწუხაროა, რომ რეგიონში პრაქტიკულად ყველაფერს უშიშროების სამსახური წყვეტს. არც გამგებელს, არც გუბერნატორს, არც ადგილობრივ თვითმმართველობას არანაირი ძალა არ აქვს. ჩემი ამოცაა ის იქნება, რომ უშიშროების სტრუქტურების სრული დეპოლიტიზაცია მოვახდინო.

მე ეს გავაკეთე, როდესაც თავდაცვის სამინისტროში ვიყავი. პრაქტიკულად, სამხედრო პოლიცია პოლიტიკურ პოლიციას წარმოადგენდა. რადგან პოლიტიკური ნება მქონდა, სამხედრო პოლიცია თვის თავს დავამგვანე. ის აღარავის ერჩოდა, აღარ დაძვრებოდა და სხვისი პირადი ცხოვრების ქექვით აღარ იყო დაკავებული. ეხმარებოდა ჯარს თავისი საქმის შესრულებაშიროცა პოლიტიკური ნება არსებობს, ასეთი საქმეების მოგვარება ადვილად შეიძლება.

ამიტომ ყველა ჩვენ მოქალაქეს პირობას ვაძლევ, რომ პროკურატურის, უშიშროების, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთლიანად საჯარო სამსახურის  სრულ დეპოლიტიზაციას განვახორციელებ.

- უშიშროება რომ მართავს აღნიშნულ პროცესებს, ეს თქვენ პარტიასთან მიმართებაში რაში გამოიხატება?

- არაერთი მცდელობა იყო ჩვენ მაჟორიტარ კანდიდატებზე, რომ გადაეფიქრებინათ და არჩევნებზე დამოუკიდებლად წასულიყვნენ. ამის შესახებ ჩვენ შესაბამის სტრუქტურებს, მათ შორის წინასაარჩევნო უწყებათაშორის ჯგუფს შევატყობინეთ.

ძალიან ბევრი პროვოკაცია ხორციელდებოდა, პარტიაში კადრების შემოგზავნა და შემდეგ გასვლის ინსცენირება... მაგრამ ამან ჩვენ ვერაფერი დაგვაკლო. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ როდესაც ადამიანები ასეთ ნაბიჯს დგამენ, პირველ რიგში დარტყმის ქვეშ საკუთარ თავს აყენებენ. ხალხს არ უყვარს მოღალატეები, არავის არ უყვარს მოღალატე.

აქედან გამომდინარე, მიხარია კიდევაც, რომ ვინც წასასვლელი იყო წავიდა. ვისაც ბრძოლა არ შეუძლია, თავისუფალ დემოკრატებთან არაფერი ესაქმება.

- ხვდებით მოსახლეობას დედაქალაქსა თუ რეგიონებში, რას ხედავთ მათში, რა უმთავრესი პრობლემები აწუხებს ჩვენ საზოგადოებას?

- უპირველესი პრობლემა იმედგაცრუებაა. უიმედობა, რომელიც ქართული ოცნების შეურსულებელმა დაპირებებმა გააჩინა.

მერე ნიჰილიზმი და ასეთივე დამოკიდებულება ზოგადად პოლიტიკოსების იმართ. ამიტომ მე მთელი ჩემი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ისევე როგორც თავისუფალი დემოკრატების სხვა მაჟორიტარები სწორედ ამ ჩატეხილი ხიდის აღდგენას, ნდობის მოპოვებას ვცდილობთ. ნდობა მხოლოდ ერთადერთი ქმედებით შეიძლებ მოიპოვო. ადამიანს ვერაფერს ისეთს ვერ დაპირდები, რომ ამით გააკვირვო. დაპირებები სხვა პოლიტიკური ძალებისგანაც უამრავია.

ამიტომ საზოგადოებას ჩვენივე წარსულს ვახსენებთ. რომ ჩვენ ვართ პარტია, რომელსაც ადამიანებისთვის არაფერი დაგვიშავებია. არასოდეს გადაგვიდგამს სახელმწიფოსა და ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი. ყოველთვის, სადაც კი შეგვეძლო საქმეს ვაკეთებდით. და ამ გზით აღვადგენთ ნდობას ჩვენ მიმართ.

ხალხისგან თითქმის ყველგან ერთი და იგივე განწყობას ვხვდებით, - მათ არ სურთ არსებული ვითარება და ქართული ოცნების ხელისუფლებაში დატოვება; არ უნდათ ნაციონალური მოძრაობის ძალადობრივ წარსულში დაბრუნება და ამიტომ მაქვს იმ იმედის საფუძველი, რაზც გესაუბრებით.

კერძოდ, გადაუწვეტელი ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა ჩვენ პარტიას, თავისუფალ დემოკრატებს მხარს დაუჭერს.

- რას სთავაზობთ "თავისუფალი დემოკრატები" ქართულ საზოგადოებას, მთავარი წინადადებები რომ ჩამოვაყალიბოთ...

- მთავარი, ჩვენ ვართ გამორჩეულად პროფესიონალური გუნდი, რომელიც სახელმწიფოებრივად ვაზროვნებთ და სხვებისგან განსხვავებით არც ერთ კაპიკს სახლში არ წავიღებთ. ანტიკორუფციულ რეალურ ნაბიჯებს განვახორციელებთ. როდესაც ბიუჯეტიდან სამმილიარდნახევარი ტენდერებზე მიდის, პრაქტიკულად, მთელი ეს სისტემა კორუფციისთვის ღიაა. და მე სიტყვას ვაძლევ, რომ მთელ ამ კორუფციულ სისტემას დავალაგებ.

ამ თანხებიდან 500 მილიონი, ნახევარი მილიარდი, რომელიც დღეს იპარავენ, ხალხს დაუბრუნდება და ჩვენ პენსიებს სამას ლარამდე გავზრდით. აქედან 300 მილიონი ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით იქნება და 500 მილიონი სწორედ ტენდერებისა და შესყიდვების სისტემიდან წამოვა.

პენსია სამას ლარამდე გაიზრდება, მაგრამ არა 2017 წელს, რადგან ამ წლის ბიუჯეტი ამ მთავრობას უკვე დადგენილი აქვს.

მეორე - მინიმალური ხელფასი კანონით განსაზღვრული იქნება. სამ ლარზე ნაკლებად მონურ მუშაობას აღარავის ვაპატიებთ, ეს კანონით იქნება დადგენილი და დაქირავებული დამქირავებლისგან დაცული იქნება. რაც უფრო დაცულ სამუშაო ატმოსფეროშია ადამიანი, უფრო პროდუქტიულია, უფრო მეტის შექმნა შეუძლია.

მესამე - რეალურად განვახორციელებთ საბანკო რეგულაციების რეფორმას. მიკროსაფინანსოებს უფლება არ ექნებათ, რომ ასეთი მაღალი პროცენტები დააწესონ. 30%-ია ერთი თვის გადაცილების შემდეგ და ჩვენი მოსახლეობა წელში გაწყვეტილია.

ასევე გავატარებთ საპენსიო რეფორმას. დაგროვებითი პენსია იქნება და ფინანსური ქაღალდების ბაზარსაც შევუქმნით ჩვენ ქვეყანას.

მცირე და მიკრობიზნესი იქნება ჩემი მხარდაჭერის მთავარი საგანი. მათ რეალურად ხელს შევუწყობთ, რომ რაც შეიძლება მეტად გაიზარდონ და დასაქმდნენ, სხვა ადამიანები დაასაქმონ.

განათლებაში ჩავდებთ ყველაზე დიდ ფულს. მთლიანი შიდა პროდუქტის 5% დაიხარჯება განათლებზე. ჩვენი სკოლები წელში გაიმართება. პედაგოგებს ექნებათ მხრდაჭერა განვითარდნენ და ჩვენ მოსახლეობას უფრო ხარისხიანი განათლება მისცენ.

ასევე ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით იმ კანონის ინიციატორები, რომელიც უიმედო საბანკო ვალების ჩამოწერას ეხება. ბანკებთან ერთად უფრო მეტ ადამიანს ჩამოვაწერთ ამ ვალებს. ანუ ადამიანი სისტემაში გაშავებული აღარ იქნება და უფრო მეტს ექნება საშუალეა, რომ ეკონომიკურ აქტივობაში ჩაერთოს.

- წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებული აუდიო თუ ვიდეოკადრები რამდენად მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს კენჭისყრის შედეგებზე?

- არ მგონია. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რა ბუნების იყო ნაციონალური მოძრაობის სააკაშვილისდროინდელი რეჟიმი. ამაზე დამოკიდებულება უკვე ჩამოყლიბებული აქვთ. ასევე ძალიან კარგად ხედავს, თუ რამდენი დაპირება ივანიშვილის და ქართული ოცნების შეუსრსულებელი დარჩა; და ადამიანების მეხსიერებიდან ამასაც ვერავინ წაშლის.

ამიტომ ვამბობ, რომ ხალხს არ სურს ხელისუფლება ქართული ოცნების ამარა დატოვოს; არ უნდა წარსულს დაუბრუნდეს, რასაც ძალადობრივი სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენდა. ბოლო დრომდე ამომრჩევლის 40%-მდე ჩამოუყალიბებელი იყო.

ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, სწორედ თავისუფალ დემოკრატებში დაინახავენ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ქვეყნის მართვა შეუძლია.

- რა შედეგებს ელოდებით არჩევნებზე?

- ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძვით. რვაში ჩვენი საზოგადოება ვერდიქტს გამოიტანს. მე ვიტყოდი, რომ ეს არჩევნები არის რეფერენდუმი არა ძალადობის წინააღმდეგ (რაც პრაქტიკულად 2012 წელს იყო), არამდ ეს რეფერენდუმია შეუსრულებელი დაპირებებისა და არაკომპეტენტურობის წინააღმდეგ.

სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ კომპეტენტურ ძალას (ვისაც ზურგი გაკეთებული საქმეებით გამაგრებული აქვს), თავისუფალ დემოკრატებს დაგვიჭერენ მხარეს.

- როგორ წარმოგიდგენიათ მომავალი პარლამენტი და შესაძლო კოალიცია?

- კარგი შეკითხვაა და ხალხს ეს აინტერესებს. მაგრამ დღეს ის დრო არ არის, რომ ჩვენ დავიწყოთ მარჩიელობა პარლამენტში ვინ რა პროცენტით შევა. 8 ოქტომბერი დადგება, დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში ძლიერად ვიქნებით წარმოდგენილი.

დღეს ვერ ვხედავთ ვერცერთ პოლიტიკურ ძალას, ვისთანაც ალიანსის ჩამოყალიბება შეიძლება. მაგრამ მომავალში, როდესაც ხალხი საკუთარ ხმას მისცემს პოლიტიკურ ძალებს, დავიწყებთ ფიქრს, თუ როგორ წავწიოთ წინ ჩვენი ქვეყანა.                        

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია