მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნატა ფერაძე: მერია სარეკრეაციო ზონებს აჭრის და მშენებლობებზე თანხმობას გასცემს - 09 ნოემბერი 2016

„სტრატეგიასთან სრულიად შეუთანხმებელად მიდის „მზიურის“ ათვისება“

myrights.ge

„პარტიზანი მებაღეების“ წარმომადგენელის, ნატა ფერაძის განცხადებით, „თბილისის მერიამ დაგვიბარა და დიდი ზარ-ზეიმით წარგვიდგინა „მზიურის“ რეაბილიტაციის გეგმა, სტრატეგია, რომელიც იყო ძალიან კარგი და გკვირვებულები დავრჩით იმდენად კარგი იყო“. მისივე თქმით, მოგვიანებით მიხვდა ეს რაც იყო.

„ახლა ვხვდები ეს რაც იყო, ეს იყო მორიგი ბოლის გაშვება... იმ სტრატეგიასთან სრულიად შეუთანხმებელად მიდის „მზიურის“ ათვისება. ის ისტრატეგია იყო მოხმაურე „პარტიზანი მებაღეების“ და სხვა არასამთავრობოების გასაჩუმებელი, როგორც სოსკა ჩაგვიდეს პირში და დავიჯერეთ. სინამდვილეში არაფერი არ შეზღუდულა, ფაქტი სახეზეა, ისევ იგივეა, სამი უზარმაზარი კორპუსი შენდება სარეკრეაციო ზონაში“,  - ამბობს ნატა ფერაძე.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ცნობით, „მზიურის“ შესასვლელის ორივე მხარეს ბეტონის გისოსებით ამოქოლვა ემუქრება. 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობას მერიამ და საკრებულომ მწვანე შუქი რამდენიმე თვის წინ აუნთეს.

ამ პრობლემატიკაზე „ქრონიკა პლუსი“ მოძრაობა „პარტიზანი მებაღეების“ ერთ-ერთ ლიდერს, ნატა ფერაძეს ესაუბრება:

- მერიის მხრიდან წარმოდგენილი სტრატეგია, მზიურის განვითარების კონცეფცია ძალიან ეკომეგობრული და კარგი იყო. ამის მერე ჩვენ კონტაქტი გვაქვს ჯგუფთან, რომელმაც ეს გეგმა შეიმუშავა და ყველა სამუშაო, რომელიც დღემდე მზიურში მიმდინარეობს, მასთან შეთანხმების გარეშე კეთდება. 

ანუ ეს სტრატეგია, რომელშიც მერიამ ალბათ დიდი თანხა გადაიხადა და კარგი გამოვიდა, ფარატინა ქაღალდად დარჩა. ისევე, როგორც მერიის მიერ დაწერილი სხვა, უმეტესი სტრატეგიები. ამის რეალიზაციას არ აკეთებენ და, პირიქით, იმის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებენ, რაც დოკუმენტში წერია.

ეს სამუშაო ჯგუფი კატეგორიული წინააღმდეგია თუნდაც ახლა მიმდინარე, მდინარე ვერეს კალაპოტის ბეტონში ჩასმის, რაც სამომავლო კონცეფციას სრულიად ეწინააღმდეგება. 

რეალურად, ეს ყველაფერი მერიის მხრიდან მორიგი ბოლის გაშვება იყო, რათა ენახვებინა, თუ რა კარგ სტრატეგიას წერენ. იმის საჩვენებლად, რომ მერიამ ასევე ძალიან კარგი გარემოსდაცვითი სტრატეგიადაწერა, - ეს ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა გააკეთა, რომელსაც ასევე არაფერს ეკითხებიან. 

ჩვენ კონტაქტი გვაქვს ასევე ქალაქგეგმარებით ჯგუფთან, რომელიც გენერალურ გეგმაზე მუშაობს. მის დასრულებამდე ცხრა თვე არის დარჩენილი. იგივე პრობლემა აქვს ამ ჯგუფს, რომელმაც ნახევარი უკვე იმუშავა. კონტრაქტში წერია, რომ მერიამ დიდ მშენებლობებთან დაკავშირებით გენგეგმის ჯგუფს საკითხები სავალდებულოდ უნდა შეუთანხმოს. 

ამის ერთ-ერთი მაგალითი თბილისის ზღვაზეა, სადაც მერიამ ცოტა ხნის წინ უზარმაზარი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაანონსა, რაზეც ქალაქგეგმარებით ჯგუფმა კატეგორიული უარი უთხრა. ეს იმ დასაბუთებით, რომ არანაირად არ ჯდება ქალაქგეგმარებასა და გენერალურ გეგმაში. თუმცა მერიამ ესეც უგულვებელყო და აღნიშნულ მშენებლობას აგრძელებს.

ანუ დედაქალაქის მერიის სტრატეგიები რეალობას სრულიად მოწყვეტილია. კიდევ ცალკე რაღაც თანხების ათვისება ხდება და მეტი არაფერი. რეალურად, ჩვენ ჯერ არ გვინახავს მერიის მერ დაწერილი, თუნდაც ძალიან კარგი სტრატეგიის განხორციელება.

- „მზიურთან“ დაკავშირებით ის კარგი სტრატეგია მაინხც რას ითვალისწინებს?

- რამაც ჩვენ მოგვხიბლა ის იყო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე განაშენიანება საერთოდ არ იგულისხმებოდა. თუ არ ვცდები, ეს სივრცე სამ ზომად იყო დაყოფილი - ეს იყო სპორტული, საგანმანათლებლო და სარეკრეაციო ზონები. მთლიანად, გმირთა მოედნიდან თუ არ მეშლება ოქროყანამდე ველობილიკი ადიოდა. წყალდიდობის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო რეზერვუარები, სადაც კი ეს მოდიდებული მდინარე დაგუბდებოდა და წყალდიდობის საშიშრობას შექმნიდა.

საკმაოდ გრძელი სტრატეგია იყო და ძირითადი კონცეფცია ეს იყო, რაც ჩამოვთვალე.

- ამ დროს იგივე მრავალსართულიან განაშენიანებასთან დაკავშირებით რა ხდება მიმდებარე ტერიტორიაზე?

- არაერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. ამ პროექტის ფარგლებში (რაც ახლა მერიაში შეტანილია), მშენებლობის ნაწილი  სამშენებლო ზონაში უწევთ და ნაწილი შუა სარეკრეაციო ზონაში კეთდება. რასაკვირველია, ეს პროცესი ხეების გაჩეხვას გულისხმობს. ასევე დღემდე ისიც ვერ გავარკვიეთ, სად ვარაუდობენ ამ პირობებში ავტოპარკირებას. 

რასაკვირველია, სტრატეგიაში მოვლენების ამ გზით განვითარება საერთოდ ნახსენები არ იყო. პირიქით, სტრატეგია სრულიად საწინააღმდეგო შინაარსის მატარებელი იყო. 

ამ კორპუსების მშენებლობა მწვანე საფარის ხარჯზეც დაუშვებელია; და ამ საფარზე სულ რომ არ გადავიდნენ და ბარაკული ტიპის დასახლების ადგილზე აშენდეს, ეს სრულიად გუსაძლისს გახდის ისედაც უმძიმეს საავტომობილო კოლაფსს, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე, კონკრეტულად იმ ქუჩაზეა, რომელიც მზიურში გამავალ მაგისტრალს უერთდება. რომელიც ისედაც ძალიან ვიწრო ქუჩაა მაგისტრალთან შესაერთებლად და იქ გაუთავებლად საცობებია. 

ამ ქუჩაზე არის საბავშვო სკოლაც, აქ აქ არის ტროტუარი და ეს მშენებლობა არანაირ ქალაქგემარებაში არ ჯდება. 

იმაზე აღარ არის საუბარი, რომ კიდევ სარეკრეაციო ზონების ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი. მზიური და ვაკის პარკი ორადორი შედარებით დიდი სივრცეა ვაკეში, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. მერია თეორიულად საუბრობს, რომ უნდა გავუფრთხილდეთ და გავზარდოთ სარეკრეაციო ზონები, რეალურად კი, დღითი-დღე აჭრიან ამ ზონებს და ხეების ჭრასა და მშენებლობებზე რიგ-რიგობით თანხმობას გასცემენ.

- როდესაც მუშა ჯგუფები ერთზე საუბრობენ და მერიიის სამსახურები მეორეს აკეთებენ, ეს რა რეალობაზე მიგვანიშნებს?

- იმას, რომ მერია კომპლექსურად არ მუსაობს, სურვილი არ აქვთ, რომ ერთიანი ხედვით იმოქმედონ. ასევე არ გაითვალისწინოს ის სტრატეგიები, რის შემკვეთიც თავადვე არის. 

მთელი მუშაობა მხოლოდ იმწუთიერ ფინანსურ მოგებაზე მიდის, რაც გრძელვადიან პროგნოზში ქალაქისთვის ეკონომიკურად წამგებიანია, ჯანმრთლობისთვის საზიანოა, ქალაქის იმიჯს სერიოზულად ურტყამს და ყველაფერს საფრთხის ქვეშ აყენებს. 

ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ გვყავს სრულიად უუნარო მერია, რომელსაც საკუთარი სტრატეგიის განხორციელებაც კი არ შეუძლია; და არ აქვს ამის სურვილიც. ეს სტრატეგიები მხოლოდ ხალხის მოსატყუებლად იქმნება. თუმცა ხალხი უკვე მიეჩვია რა არის მერიის სტრატეგია და აღარავის სჯერა, რომ ეს ფარატინა ქაღალდები რაღაცის მომტანი იქნება. 

ეს კიდევ ცალკე გაფლანგული ბიუჯეტი გამოდის. სამწუხაროდ, არსებული რეალობა მხოლოდ ამას გვიჩვენებს. 

- ვაკის პარკი ახსენეთ, სადამდე მივიდა იმ სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებული პროცესი?

- ვაკის პარკზე ცოტა ხანში აქციას ვგეგმავთ. სასამართლომ ვაკის პარკის სტატუსი მერიას მიუბრუნა განსახილველად და მერიას ნებისმიერ დროს შეუძლია ისევ ამ ადგილზე მშენებლობის ნებართვა გასცეს. 

ამის პრევენციისთვის პარტიზანმა მებაღეებმა მერიას მივმართეთ, რომ იმ ზონას, სადაც ეს მშენებლობა იგეგმებოდა, ლანდშაფტური ზონის სტატუსი მინიჭებოდა; რაც უკვე თავისთავად გამორიცხავს იქ ნებისმიერ მშენებლობას. 

ორი დღის წინ ჩვენ მერიისგან მივიღეთ უარი და ამ ზონას სტატუსი არ შეუცვალეს. ახლა  შემდგომი მოქმედებისთვის სათნადო კონსულტაციები უნდა გავიაროთ. იმ ზონას, თუნდაც საკუთრებაში რომ დარჩეს, ლანდშაფტური ზონის სტატუსი უნდა მიენიჭოს, რის შედეგადაც იქ უკვე ყოველგვარი მშენებლობა გამორიცხული იქნება.

- დედქალაქის სხვა პარკებსა და სარეკრეაციო ზონებში რა მდგომარეობა გვაქვს?

- ისედაც ცოტა პარკები გვაქვს და რეაბილიტაციის პროცესი, რასაც მერია ატარებს, ძალიან არასწორად მიმდინარეობს. ეს თუნდაც პატარ სკვერებს ეხება, სადაც მოსახლეობამ უკვე ისწავლა, რომ ხეები ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ასე თუ ისე ვუფთხილდებით. თუმცა ჩვენ არ გვაქვს ცნობიერება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასევე არაბეტონიზირებული, არაასფალტირებული საფარი. 

მერიას პარკების რეაბილიტაცია ასე ესმის, რომ რაც შეიძლება მეტი ბეტონი დაასხას და ასფალტი დააგოს.  თუნდაც ვერის ბაღში, რომელშიც ზაფხულში ცხელ დღეებში ჩავდიოდით და სიცხეს თავს ვაფარებდით, აღარ შეისვლება მას მერე, რაც იქ ბეტონის ფილები დააგეს, - ისეთ სიმხურვალეს გამოსცემს. ეს წყლის ნაკადებსაც ნაკლებად შეიწოვს და ეკოლოგიისთვის არანაკლებ მავნეა, ვიდრე ხეების ჭრა. ამ მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

ახლა კოლაფსურ მდგომარეობაში მყოფ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე (სადაც საბურთალოს გამგეობა ბრჭყალებში სკვერის რეაბილიაციას იწყებს), დაახლოებით 30 ხის მოჭრას და ბეტონის დასხმას აპირებენ. ისედაც ამხელა ბეტონიან სივრცეში, სადაც ერთადერთი პაწაწუნა კუნძულია, სადაც კი შეიძლება მოსახლეობამ თავი შეაფაროს. 

ანუ აქ დიზაინის უმეცრება და ისევ, ალბათ, თანხების გათეთრებაა. 

ახლა კიდევ ვაკე-საბურთალოს გზაზე, თამარაშვილზე, მთლიანად გრძელ ხეივანში საფარი დააგეს. რომელიც თავის დროზე, როგორც ტრამვაის გასავლელი გზა აშენებულ იქნა და როგორც ამბობენ, სამ-ოთხ წელიწადში ეს ტრამვაი კვლავ უნდა აღდგეს. 

უზარმაზარი თანხა ჩაიდო, რომ იქ ისევ ბეტონით გაეკეთებინათ ის სავალი ნაწილი, სადაც ადამიანი არ დადის, რადგან იქ ფეხით სავალი სივრცე არ არის. 

- გამოსავალი სად არის, რომ არსებული მდგონარეობა გამოსწორებისკენ წავიდეს?

- პირველ რიგში, ეს არის სამოქალაქო ცნობიერება, რომ მოვითხოვოთ და გავითვითცნობიეროთ, რომ ეს ქალაქი მარტო ქალაქის მერიის არ არის. ქალაქი მოსახლეობისაა და ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი პოზიცია და სურვილი. გამოსავალი პოლიტიკური ნებაა, რომ ყველაფერი სწორად შესრულდეს. 

ცოტა გრძელვადიანი, მაგრამ აუცილებელია განათლება, რომ ვიცოდეთ, რა არის სწორი სკვერის დიზაინი, სწორი ურბანული განვითარება, სწორი ქალაქგეგმარება და ა.შ. ყველგან კორპუსის ჩაკვეხებითა და ბეტონის დასხმით ქალაქი კი არ უკეთესდება, არამედ საცხოვრისად გამოუსადეეგარი ხდება, - ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ.  

რასაკვირველია, ქალაქი უნდა განვითარდეს, თუმცა ის რაც დღეს თბილისში ხდება, არა განვითარება, არამედ რეგრესია. განვითარებას სჭირდება ერთიანი ხედვა და ამ დროს არანაირი კომუნიკაცია არ არის საკრებულოსა და მერიას შორის, მერიასა და მოსახლეობას შორის, მოსახლეობასა და გამგეობებს შორის. ეს კომუნიკაცია უნდა აღდგეს და ყველა თანაბრად უნდა იყოს ჩართული ქვეყნის განვითარების პროცესში.              

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია