მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„სტაციონარს გარეთ სერვისი არ არსებობს, პაციენტი ბრუნდება დანგრეული, გაუბედურებული...“ - 04 დეკემბერი 2016

„ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ უვლის პენსიონერებსა და ფსიქიკურად დაავადებულებს“

myrights.ge

ქვეყანაში ფსიქიკური დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით, სადღეისოდ რა მდგომარეობა გვაქვს, რამდენად პასუხობს სახელმწიფო თავისი სერვისებით არსებულ გამოწვევებს, კონკრეტულად ბედიანის კლინიკა რა პრობლემების წინაშე დგას, არსებული რესურსების გათვალისწინებით, რა შედეგები გაქვთ კოლექტივს იგივე მკურნალობის პროცესში, რამდენად ხშირია პაციენტების უკან დაბრუნება, როგორ უნდა გაუმჯობესდეს არსებული მდგომარეობა,?

„ქრონიკა პლუსი“ ფსიქიატრიის დარგში არსებულ მდგომარეობაზე შპს ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორს, ავთო ვანაძეს ესაუბრება.

- ბატონო ავთო, ქვეყანაში ფსიქიკური დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით რა მდგომარეობა გვაქვს?

- ჩვენი კლინიკის გადასახედიდან, დაავადების შემთხვევათა ზრდა არცთუ დიდია, მაგრამ პირველადი ავადმყოფობების გარკვეული მატებაა.  

რომ გითხრათ, ეს სურათი კატასტროფულია, კონტექსტიდან და საზოგადოების საერთო განვითარების სურათიდან ამოვარდნილიაო, ასე ნამდვილად არ არის. ამას ჩემი კლინიკის და რეგიონის გადმოსახედიდან გეუბნებით. წინა წლებთან შედარებით, შეიძლება ადამიანები უფრო განათლებული გახდნენ და ფსიქიატრებთან ვიზიტიც უფრო ხშირი გახდა. ადამიანები ამ ყველაფერს უფრო ნაკლებად მალავენ. 

- პირველად გამოვლინებებში რას გულისხმობთ?

- როგორც მოგეხსენებათ, ფსიქიკური აშლილობა, მისი დიაგნოზების დიდი რაოდენობა ქრონიკულია. სამწუხაროდ, ასეა. პირველადს ჩვენ იმას ვუწოდებთ, როდესაც ადამიანს არ აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის არც სიმპტომატიკა, არც ობიექტურ- სუბიექტური ნიშნები და გამოვლინდება, - ასეთმა მომენტებმა იმატა. 

შესაბამისად, ამას საზოგადოების განათლებას ვუკავშირებ. უფრო განვითარდა ეს პროცესი, მეტი ურთიერთობაა ინტერნეტსივრცეში და ა.შ. შედეგად, მოუხშირეს ფსიქიატრებთან ვიზიტს და ვფიქრობ ყველაფერი ამის ხარჯზეა. 

ხოლო იმას, რომ რაღაცის გამო მოიმატა ფსიქიკურმა დაავადებამ, ვერ დავადასტურებ. ასე ნამდვილად არ არის. 

- განათლების როლი ახსენეთ... 

- ადამიანები მიხვდნენ, რომ ჩაკეტილობა, კუსტარული მკურნალობა დაუშვებელია. რაღაც ინდივიდუალიზმი უკვე გამორიცხეს და მიხვდნენ, რომ ფსიქიატრის დახმარება აუცილებელია. 

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამას მოსახლეობა უფრო მიხვდა, ვიდრე ის, ვინც უნდა მიხვდეს და უფრო დააფასოს ფსიქიატრის მუშაობა.

- რამდენად პასუხობს სახელმწიფო თავისი სერვისებით არსებულ გამოწვევებს, კონკრეტულად თქვენთან რა პრობლემების წინაშე დგახართ?

- აბსოლუტურად ყველა კლინიკა ერთი და იგივე პრობლემურ მდგომარეობაში იმყოფება. 

პირველი პრობლემა, - მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს ფსიქიატრიულ სივრცეში, ბედიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში (ამის შესახებ როგორც ჟურნალისტს შეგიძლიათ ოფიციალურად გაიგოთ) როგორც ექიმზე, ასევე ექთანზე ყველაზე მაღალი ხელფასებია (ვსაუბრობ შესაბამისობაზე სხვა კლინიკებთან შედარებით, რასაც თავისი სუბიექტური მიზეზები აქვს და არა ის, რომ ყველაზე გამორჩეულები ვართ. უბრალოდ, ჩვენ შედარებით ნაკლები ხარჯი გვაქვს), დარგში მომუშავეების სახელფასო ანაზღაურება მაინც ძალიან მწირია. არანაირი შეღავათები არ არის. თუ იმას არ გავითვალისწინებთ, რომ ჩემი კლინიკა, საბედნიეროდ, მაღალმთიან რეგიონში მოხვდა და ექიმებსა და ექთნებს ის გარკვეული მიზერული შეღავათები შეეხო. 

თორემ ფსიქიატრიას, როგორც ერთ-ერთ სერიოზულ და მძიმე პროფესიას, სხვა მედიცინის დარგებთან არანაირი განსხვავება არ აქვს. 

გარდა ამისა, საუბარია ინფრასტრუქტურაზე, რომელზეც მარტო მე კი არა, „სიპიტმაც“, სახალხო დამცველმაც კრიტიკული ყურადღება გაამახვილა. ამ თემას უამრავი გადაცემა მიეძღვნა, როდესაც არსებული ინფრასტრუქტურა კრიტიკას ვერ უძლებს. ეს საერთოდ შეუსაბამოა ადამიანის სტანდარტთან, ევროსტანდარტებზე აქ საუბარიც არ არის. 

- საშუალოდ თქვენთან ანაზღაურება როგორია?

- დატვირთვიდან გამომდინარე ძალიან მიზერულია, მაგრამ მოგახსენებთ, რომ ექიმის დარიცხული ხელფასი 1500 ლარია; ექთნის დარიცხული ხელფასი 700-800 ლარია, მორიგი ექთნის, რომელიც ოთხ დღეში ერთხლ მორიგეობს, 300 ლარია და სანიტრის ხელფასი 450-ლარამდეა...

- რამდენადაც მესმის, თქვენთან დატვირთვა გაცილებით მეტია...

- ძალიან დიდი დატვირთვაა. ეს განსაკუთრებით ექიმებსა და ექთნებს ეხება, რომლებსაც დიდი ჯაფა უწევთ. ახლა როგორ შეიძლება ერთ ფსიქიატრს 30 და 40 პაციენტი ჰყავდეს? ეს მარტო ჩემ კლინიკას არა, სხვებსაც ეხება. აქ ხშირად 50 და სამოც პაციენტზეა საუბარი. 

ფსიქიატრის მოვალეობაა პაციენტთან ურთიერთობა, კონტაქტი, მასთან მუშაობა. ახლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ერთი კაცი როგორ იმუშავებს 40, 50, 60 პაციენტთან? იგივე პრობლემაა თითქმის ყველა კლინიკაში, აქ დიდ დაწესებულებებზეა საუბარი, ქალაქგარე კლინიკებზე.

- უფრო საიდან მოდიან თქვენთან პაციენტები, აქ გეოგრაფიასაც ვგულისხმობ...

- ჩვენთან ყველა კუთხიდან მოდიან პაციენტები. მაგრამ უფრო ქვემო ქართლსა და კახეთს ვემსახურებით. ამ ბოლო დროს ძალიან გაიზარდა ვიზიტების რაოდენობა სამცხე-ჯავახეთიდან. ეს იმანაც განაპირობა, რომ ნინოწმინდიდან წალკამდე გზა გაკეთდა.

გარდა ამისა, ცოტა რომ დავიტრაბახოთ ხომ შეიძლება?

- თქვენთვის შეიძლება...

- კლინიკის ავტორიტეტისა და რეიტინგის გათვალისწინებითაც მოდიან ჩვენთან პაციენტები, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. ამას თვითონ პაციენტები და დისპანსერის მთავარი ექიმებიც დაგიდასტურებენ. 

- როგორ უნდა გაუმჯობესდეს არსებული მდგომარეობა, თქვენ ამისთვის რა გზებს ხედავთ?

- ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოჰყვება ფსიქიატრიულ სფეროში გაუმჯობესებაც. არ მახსოვს გამოთქმის ზუსტი ფორმულირება, მაგრამ დაახლოებით ასეა, - ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ უვლის პენსიონერებსა და ფსიქიკურად დაავადებულებსო, - ასეთი ცნობილი ფრაზაც არსებობს.

ამიტომ დღევანდელი ეკონომიკური გამოწვევები რაც არის, დარგიც ამ ყოფაშია. ახლა ხელისუფლების მეხოტბედ არ ჩამთვალოთ, რადგან დროშას მოყოლილი მთავარი ექიმი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ის პირობები, რაც ქვეყანაშია და ეკონომიკური გამოწვევებია, მასთან შესაბამისობაშია დღევანდელი ფსიქიატრიის დარგიც. 

მაგრამ უკეთესი იქნება, თუ, ელემენტარულად, არსებულ ფასებთან მიმართებაში მაინც მოხდება დაწესებულების დაფინანსების გაზრდა. თორემ ნამდვილად შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩვენ ახლავე ჰოლანდიის და გერმანიის ტიპის ფსიქიატრიული დაწესებულებას შევქმნით. დღესდღეობით ღარიბი ქვეყანა ვართ და ამ პრობლემატიკას ნამდვილად საერთო სახელმწიფოებრივად ვუყურებთ. 

მაგრამ ასეც არ შეიძლება, ღარიბი ქვეყანა ვართო ვიძახოთ და ფსიქიატრების ბეჭებზე გადაიაროს ამ ყველაფერმა. მით უმეტეს, ვფიქრობ, რომ დარგს მეტი ყურადღება სჭირდება. თორემ დღეს ექიმების საშუალო ხელფასთანაც ვერ მიდის ფსიქიატრების შრომის ანაზღაურება, სამწუხაროდ ასეა. 

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ მაინც, ასე თუ ისე, ფსიქიატრთან ურთერთობას პაციენტი გაურბის; და, იმის აღიარებას, რომ მასთან იყო, ასეთი პრობლემები დახვდა ფსიქიატრიულში და ა.შ. ხშირად, საზოგადოების ზეწოლის შედეგად ხდება ნებისმიერ დარგში ეკონომიკური თუ ფინანსური დახმარება. ამიტომ საზოგადოების ზეწოლაც ნაკლებია ხელისუფალზე, რომ ამ დარგს უფრო მეტი ყურადღება მიექცეს.

- არსებული რესურსების გათვალისწინებით, რა შედეგები გაქვთ კოლექტივს იგივე მკურნალობის პროცესში?

- შედეგი ის არის, რომ რეიტინგიდან გამომდინარე, დაწესებულება ასი საწოლიდან 150 საწოლამდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული სიშორის მიუხედავად, ავადმყოფთან დენადობა არის. ამას ნამდვილად არ ვუჩივით. 

პირიქით, ჩვენ გვსურს სტაციონარის უფრო დიდი სივრცე დავტვირთოთ. სამწუხაროდ, არსებული ინფრასტრუქტურა ხელს არ გვიწყობს. 

საერთოდ, შედეგზე საუბარი ძალიან ძნელია, როდესაც სტაციონარს გარეთ სერვისი არ არსებობს ან ძალიან აბსურდული სახითაა. რომელზეც ტელევიზიის პირველ არხზე და სხვა გადაცემებშიც ვთქვი, - ამ რეალობის გათვალისწინებით, სრულფასოვანი პეიზაჟის შექმნა შეუძლებელი ხდება. 

ამიტომ თქვენ რომ შვლის ნუკრი გაზარდოთ და ჯუნგლებში გაუშვათ, მას პირველივე შემხვედრი შეჭამს, ხომ ასეა? როდესაც აქ ადამიანს მდგომარეობიდან გამოვიყვანთ, რომ იტყვიან სოციუმთან ადაპტაციისთვს მაქსიმალურად მოვამზადებთ და ე.წ. ჯუნგლების საზოგადოებაში ვუშვებთ, სწორედ შესაბამის შედეგს ვიღებთ. 

აქ მოვარჩენთ ცუდი ნათქვამია, მდგომარეობიდან გამოგვყავს, მივაღწევთ რემისიას, იმ მდგომარეობას, რომ პაციენტი შეიძლება საზოგადოებას დაუბრუნდეს; მიდის, საზოგადოება სამწუხაროდ მას ცოტა შიშითა და დაზაფვრით უყურებს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ტელეგადეცემებს, სადაც საუბარია, რომ ფსიქიკურად დაავადებულმა აქ ის მოკლა, აქ ეს გააკეთა და ა.შ. ხაზგასმა კეთდება, რომ ეს იმიტომ გააკეთა, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ამიტომ ეშინია, საზოგადოების ნაწილსაც ამაში ვერ გაამტყუნებ. 

ამიტომ იწყებ აგრესია, ავადმყოფის პროვოცირება, მას არანაირი დაცვა არ აქვს, პრაქტიკულად, არანაირი სოციალური სამსახურები არ მოქმედებს და ა.შ.

არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად პიარზე არიან გადასულები და ავადმყოფის რეალურად მიხედვაზე არანაირი ორიენტაცია არ აქვთ. ამიტომ ეს პაციენტი ისევ სტაციონარში ბრუნდება. ანუ სახელმწიფოს პაციენტი გაცილებით ძვირი უჯდება, ვიდრე პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციების სტაციონალური სერვისების განვითარება დაუჯდებოდა. ის ისევ სტაციონარში ბრუნდება, დანგრეული, გაუბედურებული...

არის ხშირი შემთხვევები, როდესაც ჩვენ არ ვიცით როგორ მივმართოთ პაციენტი, სად გავწეროთ. მას სტაციონარს გარეთ ვინმე დამცველი არ ჰყავს. რეალურად, ასეთი მდგომარეობაა.

თორემ ისე ტელევიზიით იცოცხლეთ, რეკომენდაციები და ჭკუის დარიგება მათი გამოგონილია.

- აქედან გამომდინარე, ხშირია პაციენტების უკან დაბრუნება?

- ძალიან ხშირია. სტაციონარების ასეთი გადატვირთულობა (ფსიქიატრიულ დაწესებულებებზეა საუბარი) იქიდან არის გამოწვეული, რომ ამ ხალხს უბრალოდ წასასვლელი არსად აქვს. ვიმეორებ, სტაციონარს გარეთ სერვისი არ არსებობს. რაც არის, ისიც ძალიან გაუკუღმართებული და უშედეგოა. ყბდაღებული ე.წ. მობილური ჯგუფები, რომელიც ევროპიდან აიღეს, ძალიან ძვირადღირებული სერვისია. 

აი ამ ძვირადღირებული სერვისით შეიძლება გააძლიერი ამბულატორია, სოციალური სამსახურები, ტრენინგები ჩაუტარო, რომ ამ ხალხს ელემენტარული უნარები გამოუმუშავდეს. იმისთვის, რომ ამ ხალხს შეეძლოს თავი დაიცვას საზოგადოების აგრესიისგან ის იმ დიდი სტიგმისგან, რომელიც სამწუხაროდ, საზოგადოებაში დღემდე არსებობს.

- გამოსავალი სად არის, მარტო სახელმწიფომ კი არა, მთლიანად საზოგადოებამ რა უნდა გააკეთოს, რომ ამ სფეროში ვითარება გაუმჯობესებისკენ წავიდეს?

- აქ ერთადერთ გამოსავალს ვხედავ და ამის თქმის უფლებას ალბათ ჩემი პრაქტიკაც მაძლევს. 

პირველი, - უნდა გაიზარდოს საზოგადოების განათლებულობა და არა ჭკუის დარიგება. 

მეორე, - სახელმწიფოს შესაძლებლობებით ამბულატორიული ქსელის განვითარება უნდა მოხდეს, ამის უფრო დაქსაქსვა. და უნდა გამარტივდეს ურთიერთობები თუნდაც ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და სახელმწიფოსთან. 

არ შეიძლება, მეც, ფსიქიატრიულ დაწესებულებას, რომელიც სულს ღაფავს (ფინანსური კუთხით ვამბობ) იგივე მოთხოვნა დამიწესოს სახელმწიფომ საგადასახადო თუ სხვა კუთხით, როგორც უწესებს შპს რკინიგზასა და შპს აეროპორტს, რომლებსაც ეკონომისტებისა და იურისტების მთელი კასკადის დაქირავება შეუძლიათ.  

მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ კოლექტივებთან დალაპარაკება და სააქციო საზოგადოებად გადაკეთება უნდა მოხდეს. ამით კოლექტივის უფრო მეტი დაინტერესება, რომ მათ აღნიშნულ დაწესებულებებს ისე უყურონ, როგორც კერძო საკუთრებებს. 

მესამე, ალბათ დაწესებულებები ნაწილობრივ სახელმწიფო ქვემდებარობიდან უნდა გამოვიდნენ და მათი განკერძოება მოხდეს; ამ გზით ინვესტორების დაინტერესება, თორემ აქ სხვა გამოსავალი საეჭვოა რომ იყოს.

- მთავრობას აქვს შესაბამისი ნება, რომ ზემოაღნიშნული ნაბიჯები გადადგას?

- ნამდვილად აქვს ამის ნება და რესურსი. მე ახლა ასევე ასოციაციის ბორდის წევრი ვარ და იყო მუშა შეხვედრები, ასევე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან, ინვესტორების მხრიდან გამოხმაურებები. რასაკვირეველია, ჩვენი კრიტიკის შემდეგ რამდენიმე ინვესტორის წინადადება დაწუნებულ იქნა, რადგან უკეთესს არ გვთავაზობდნენ. პირიქით, გაუარესებიკენ იყო მიმართული. მათი აზრი მხოლოდ მოგებისკენ იყო მომართული და არა პაციენტზე ორიენტირებული.

მოკლედ, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს ხედვაც გამომუშავებული აქვს. შეიმუშავეს სტრატეგიული გეგმა, ფსიქიატრიის განვითარების გენერალური გეგმა და იმედი მაქვს, რომ ეს როგორც ყველაფერი თაროზე შემოდებული არ დარჩება. თუმცა ძალიან ცუდი რამ უნდა ვქთვა, მე ვერ ვხედავ ამ გეგმის განვითარების სწორი მიმართულებით წინსვლას. ჯერჯერობით ასეა და იმედს არ ვკარგავ, რადგან დღეს სახელმწიფოსგანაც და ჩვენი მხრიდანაც მოტივაცია დიდია.            

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია