მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თბილისის მერიას „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტისკენ მოუწოდებენ - 05 დეკემბერი 2016

„ამით ხალხიც უკვე დაიღალა, ოთხი წელი ვუსმენთ, ერთი მხარე მეორეს ეჩხუბება, ეს ბოლო თავს იცავს და ამით მძღოლისთვის არაფერი უმჯობესდება“ 

ufleba.ge

„სითი პარკის“ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ ცხრება. თბილისის საკრებულოს დეპუტატები ალეკო ელისაშვილი და დავით ზურაბიშვილი თბილისის მერიისგან მოითხოვენ, რომ გაწყვიტოს ხელშეკრულება კომპანიასთან, პირგასამტეხლოს თანხა 25 მილიონი ლარი აისახოს 2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში და მომავალი ერთი წლის მანძილზე პარკირება მართოს თბილისის მერიამ. 

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, 2014 წლის აგვისტოდან მოყოლებული (როცა თბილისის მერი დავით ნარმანია საქმიანობას შეუდგა) „სითი პარკმა“ თბილისის მოსახლეობის ჯიბიდან 62 მილიონი ლარი ამოიღო, „აქედან დედაქალაქის ბიუჯეტში ჩარიცხა 18 მილიონი ლარი, ხოლო 43 მილიონზე მეტი კომპანიამ სახლში წაიღო“. ელისაშვილის თქმით, „სითი პარკს“ არ აუშენებია არც ერთი ავტოსადგომი, თეთრიც კი არ დაუხარჯავს პარკირების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, მისი ხარჯი არის მინიმალური და შემოიფარგლება თანამშრომელთა ანაზღაურებით, მათი ფორმებით, საღებავის ფულით და ევაკუატორებისთვის საწვავით. მისივე თქმით, მხოლოდ ერთი წლის მანძილზე აღნიშნულმა კომპანიამ სახლში წაიღო 31 მილიონი ლარი. 

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, „სითი პარკს“ 2025 წლამდე აქვს კონტრაქტი მერიასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ასე გაგრძელდა, აღნიშნული კომპანია მოსახლეობის ჯიბეებიდან კიდევ 270 მილიონ ლარის ამოიღებს. 

„ჩვენ ვთავაზობთ თბილისის მერიას, რომ გაწყვიტოს კონტრაქტი „სითი პარკთან“. 2017 წლის ბიუჯეტში ჩაიდოს პირგასამტეხლოს თანხა 25 მილიონი ლარი, რომელიც ჩვენ „სითი პარკს“ უნდა გადავუხადოთ და გავწყვიტოთ ურთიერთობა ამ კომპანიასთან. პარკირება უნდა იყოს მუნიციპალური სერვისი და მერია უნდა მართავდეს მას ერთი წლის მანძილზე. შემდეგ შეიძლება ეს ვადა ან გახანგრძლივდეს, ან ახალი ტენდერი გამოცხადდეს. შემოსული თანხა კი უნდა მოხმარდეს დედაქალაქის პარკირების ინფრასტუქტურის შექმნას“, - ამბობს ელისაშვილი. 

თავის მხრივ, დავით ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატის მხრიდან იყო მკაფიო დაპირება, რომ „სითი პარკის“ პრობლემას მოევლებოდა ან გადაიხედებოდა ხელშეკრულება ან გაწყდებოდა. ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარი დაიწყო, მაგრამ დამთავრდა კიდეც. დავით ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ მათ ინიციატივას საზოგადოება და სხვა დეპუტატებიც შეუერთდებიან. 

საპასუხოდ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ სიამოვნებით დაელოდება კონკრეტულ ციფრებს, - „მხოლოდ ერთი ციფრის დასახელება, რა შემოსავალს იღებს „სითი პარკი“ წლის განმავლობაში, გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არ არის“. მისივე თქმით, ამას მეტი არგუმენტი სჭირდება, მას ეჭვი ეპარება, რომ პარკირებისაგან ერთ წელიწადში 25 მილიონი ლარის ამოღება შესაძლებელი იქნება, თუ ამ პარკირებას დედაქალაქის მერია განახორციელებს. 

ნარმანიას თქმით, როდესაც დედაქალაქის ბიუჯეტის 2017 წლის პროექტს საკრებულოში წარადგენს, დიდი სიამოვნებით მოისმენს საკრებულოს დეპუტატების კონკრეტულ მოსაზრებებს და გაანგარიშებებს, რას მოაკლონ თანხები, რათა „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში მერიამ „სითი პარკს“ პირგასამტეხლო 25 მილიონი ლარი გადაუხადოს. 

ამ თემაზე „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელს, დავით მესხიშვილს ვესაუბრებით:

- თბილისის მერიამ თავიდანვე საკუთარი თავი ჩიხში შეიყვანა, რადგან ეს პრობლემა სრულიად პოლიტიკური შინაარსის გახდა. ამას უკვე წინასაარჩევნო დაპირებასთან არანაირი შეხება არ აქვს. რეალურად, ეს ყველაფერი პოლიტიკური დაპირისპირების საგანია. 

თავის დროზე, ქალაქის მერმა და დღევანდელი ხელისუფლების ძალიან ბევრმა წარმომადგენელმა გასცეს დაპირება, რომ ქვეყნიდან გააგდებდნენ სითი პარკს და ა.შ. ისე რომ, ეს ხელშეკრულება მგონი ნანახიც არ ჰქონდათ.  

ამიტომ ამ საკითხში თბილისის მერი თავიდანვე კონფრონტაციული იყო. მახსოვს, იგივე „სითი პარკის“ წარმომადგენლების შეხვედრის მცდელობა და თანახმა იყვნენ დედაქალაქის მერიასთან ყველანაირი მოლაპარაკება ეწარმოებინათ. ნარმანიამ ეს დიალოგი არანაირად არ წარმართა; პირიქით, კონფლიქტში შევიდა და საბოლოოდ მივიღეთ ძალიან სერიოზული კრიზისი, რაც მძღოლებსა და ქალაქში პარკირების პრობლემაზე აისახება. ეს დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

გარკველ ეტაპზე ვითომ რაღაცები მოგვარდა, მაგრამ დღესაც ადგილები საკმარისი არ არის, ავტომობილების რაოდენობა იმატებს, არც გამოსავალი ჩანს. და, მოკლედ რომ ვთქვათ, მერია „სითი პარკთან“ ერთად სერიოზულ ჩიხშია შესული, საიდანაც გამოსვლა, პირდაპირ მინდა გითხრათ, ძალიან რთული იქნება. 

რაც შეეხება 25 მილიონის პირგასამტეხლოს გადასახდელს. მე თუ მკითხავთ, თბილისის მერიას თუ უნდოდა, რომ ქალაქში დამატებითი პარკირების ადგილები შექმნილიყო, ამაში არავინ ხელს არ უშლიდა. ნებისმიერი კომპანია შეუძლია შემოიყვანოს და ინვესტირება განახორციელებინოს, დამატებითი პარკირების ადგილები შექმნას. ანუ ამით სპეკულირება, რომ მე ხელს „სითი პარკი“ მიშლისო, ტყუილია. ასე ნამდვილად არ არის. მერიას შეეძლო დამატებითი ბერკეტები აემუშავებინა და მსხვილი ინვესტიცია განეხორეციელებინა. 

ახლა რომ დეპუტატები 25-მილიონიან პირგასამტეხლოზე საუბრობენ, ამ ფულს სიამოვნებით ჩავადებინებდი მერიაში, დამატებითი პარკირების ადგილების მოსაწყობად. ამ გზით მთელ სისტემას გავაუმჯობესებდი. 

ამიტომ სწორად არ მიმაჩნია, რომ თბილისის მერიამ ჯარიმა ჩვენი ჯიბეებიდან უნდა გადაიხადოს. ამაში გამოსავალს ვერ ვხედავ. 

საბოლოოდ, ჩვენ ასეთი პრობლემა გვაქვს. მე არც ერთ შემთხვევაში „სითი პარკს“ არ ვიცავ. მიმაჩნია, რომ კომპანიას შეეძლო, ჯერ კიდევ შეუძლია კეთილი ნება გამოხატოს და გარკვეული ინვესტიციები შემოიტანოს ქვეყანაში. მაგრამ მისი პოზიცია ემყარება იმას, რა ხელშეკრულებაც მასთან არის გაფორმებული. 

რაც შეეხება აღნიშნული ხელშეკრულების შინაარსს, მიმაჩნია, რომ წინა ხელისუფლებას, ალბათ, მასში რაღაც დეტალები და ნიუანსები გამოეპარა. თუნდაც ის, რომ შეთნხმება 2025-წლამდეა  გაფორმებული. ვფიქრობ, რომ ასეთი რამ ან გამოეპარათ, ან ვერ გეტყვით რა მოხდა, - ასეთი ხანგრძლივობით ხელშეკრულების დადება არ მგონია სწორი ყოფილიყო.

თავიდან, რაღაც ეტაპზე სივრცე დახაზულიც კი არ იყო, საგზაო ნიშნები არ გვქონდა და ა.შ. ესენი მოწესრიგდა, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ხელშეკრულებაში შემდგომი განვითარებები უნდა გათვალისწინებული ყოფილიყო. 

და თუ „სითი პარკი“ ახდენს ევაკუაციას, მერწმუნეთ, რომ ყველა კომპანია, რომელიც წარმოდგენილი იქნება, მოახდენს აღნიშნულ გადაყვანას. ახლა, ავტობუსის გაჩერებაზე რომ დგას ავტომობილი, მისი ევაკუაცია უნდა მოხდეს. თუ იქ შეზღუდული შესაძლებლობის პირის პანდუსია დაყენებული, რასაკვირველია, მისი ევაკუაციაც უნდა განხორციელდეს. ანუ ეს რეალურად არაფერს შეცვლის. 

თუ კიდევ საუბარია, რომ ამას „სითი პარკი“ რატომ ახორციელებს, საგზაო ნიშანს, დგომა- გაჩერება აკრძალულია თვითონ მერია დგამს. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ აღმასრულებელი ორგანო ვინც არის, ამის ევაკუაცია უნდა მოახდინოს. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო პოპულისტურ მსჯელობასთან გვაქვს საქმე. 

ერთადერთ გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ თბილისის მერია მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს, დამატებით არ გადაიხადოს ეს 25 მილიონი. 

ან შეიძლება ეს წინასწარ შეთანხმებულია, მერიამაც იცის, რომ ამის გადახდას აპირებს და ამიტომ აგორდა აღნიშნული თემა. მოვლენების განვითარების ამ ვარიანტსაც არ გამოვრიცხავ.

მაგრამ ვფიქრობ, რომ თბილისის მერიას მოლაპარაკების რესურსი აქვს, რომელსაც სამწუხაროდ არ იყენებენ. მერია პირდაპირ კონფლიქტზე გადავიდა. რადგან მე უშუალოდ „სითი პარკის“ წარმომადგენლებისგან ვიცი, რომ ისინი მზად იყვნენ თბლისის მერიასთან წასულიყვნენ ნებისმიერ თანამშრომლობაზე, თუ კი ის გონივრული იქნებოდა. 

- თუ ეს თანამშრომლობა არ შედგება და არსებული მდგომარება გაუმჯობესებისკენ არ წავა, რამდენად მართებული იქნება „სითი პარკთან“ დადებული ხელშეკრულების 2025-წლამდე გაგრძელება?

- თუ თანამშრომლობა არ შედგა, რასაკვირველია, პრობლემა ძალიან რთულდება. და, ალბათ, იურისტების ჩართულობით კონტრაქტის გადახედვა უნდა მოხდეს. ‘

მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს მერიას ხელს არ უშლის იმისთვის, რომ განახრციელოს ინვესტიციები და ქვეყანაში პარკირების დამატებითი ადგილები შექმნას. მე რამდენადაც ვიცი, „სითი პარკი“ იმაზეც კი იყო თანახმა, რომ ეს აღარ ყოფილიყო მისი ექსკლუზიური საქმიანობა. მაგრამ მერია ამ მოლაპარაკებაზე არ წავიდა.

თუ არანაირი შეთანხმება არ შედგა და ასე შემდეგ, ეს კონფრონტაციული დამოკიდებულება ძალიან სერიოზული პრობლემაა მძღოლებისთვის. ბუნებრივია, იურისტების ჩართულობით უნდა გადახედილ იქნეს ეს ხელშკრულება და რაც შეიძლება უმტკივნეულოდ დასრულდეს ეს პროცესი. 

ზოგადად, ამით ხალხიც უკვე დაიღალა. უკვე ოთხი წელი ვუსმენთ, ერთი მხარე მეორეს ეჩხუბება, ეს ბოლო თავს იცავს და ამით მძღოლისთვის არაფერი არ უმჯობესდება. 

მაგრამ არცერთ შემთხვევაში იმას ნუ ფიქრობენ, რომ სხვა კომპანია თუ შემოვა, ავტომობილის ევაკუაცია აღარ მოხდება და, უი, რა კარგიაო. ასე არ იქნება. წესრიგი ნებისმიერ შემთხვევაში მაინც იქნება. 

უბრალოდ, მძღოლისთვის აქ სირთულე ის არის, რომ არ იქმნება დამატებითი პარკირების ადგილები, არ უმჯობესდება სისტემა, არ ვითარდება პარკირების თანამედროვე ტექნოლოგიები და უამრავი სხვა რამ არ ხდება ქვეყანაში. დღეს ჩვენი პარკირების სისტემა ერთ ადგილზე გაჩერდა. ეს სწორედ ზემოაღნიშნული დაპირისპირების გამო მოხდა. 

- რატომ არ ახორციელებს დედაქალაქის მერია საჭირო ინვესტირებას ამ სფეროში?

- წინასაარჩევნოდ ამაზე კონკრეტული დაპირება იყო გაკეთებული და მოსმენილი მაქვს, რომ ის დამატებით ინვესტირებას მოიზიდავდა პარკირების სფეროში. 

ამ დროს რეალური სურათი შემდეგნაირი გვაქვს;

თბილისში პარკირებისთვის 32 600 ადგილი არის გამოყოფილი. აქედან გამოდის, რომ პარკირების ერთ ადგილზე 13 ავტომობილი მოდის. რადგან თბილისში ავტომობილების რაოდენობა 400 ათასს გადასცდა. ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ არის კრიზისი. 

თავისთავად, პრობლემას კიდევ ის ართულებს, რომ ამ პარკირების ადგილების 20% (ჩვენი მონიტორინგის შედეგად) მიტაცებულია კერძო პირების ან იგივე იურიდიული პირების მხრიდან. მაგალითად, გინახავთ, კორპუსის წინ ვიღაც ტერიტორიას რომ შემოიღობავს, ვიღაც სახლის წინ რომ იღობავს და იკანონებს ადგილს. რაზეც ყურადღების მიპყრობა ზედამხედველობის სამსახურის პირდაპირი ფუნქციაა. 

ასევე სახეზე არიან ე.წ. „სტაიანშჩიკები“, ათასგვარი რკინის კონსტრუქციებით. ასევე მიკროავტობუსების ბოლო გაჩერებები, რომლებიც საზოგადოებრივ ადგილებს იკავებენ. არც ერთი კერძო კომპანიის, მათ შორის „მარშრუტკების“ ადგილი იქ არ არის. ამავე დროს, სივრცე კერძო ტაქსების მიერ დაკავებულია და ა.შ. 

ბუნებრივია, რომ კრიზისი სახეზეა. ანუ გამოდის, რომ 13 კი არა, უკვე 15-16 ავტომობილი მოდის პარკირების ერთ ადგილზე. 

ამიტომ მერიამ პარკირების პრობლემის მოგვარება შემდეგნაირად უნდა დაიწყოს:

პირველი - სწორედ ამ აუცილებელი სივრცის პრობლემას უნდა გადახედოს, რა ადგილებიც არის, ის მძღოლამდე მაქსიმალურად მივიდეს. და იყოს თავისუფალი არჩვანი. 

მეორე - ეს არის მრავალსართულიან შენობებზე ნებართვების გაცემა (რომელიც კვლავ გრძელდება), 12-13 სართულიანი შენობები ისე შენდება, რომ ხაზგასმით ვამბობ, არცერთი ადგილი პარკირებისთის გათვალისწინებული არ არის. ამის ნათელი მაგალითია კეკელიძის გაგრძელებაზე, ნინო ჟვანიას ქუჩა. ეს პროცესი სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. 

მესამე საკითხი - მერია ტროტუარზე პარკირების აკრძალვაზე კი საუბრობს (აპირებს აკრძალოს იქ, სადაც ეს გამოყოფილი იყო), მაგრამ შემდგომ ეს სატრანსპორტო საშუალებები იმ ადგილზე გადავიდნენ, სადაც ისედაც აკრძალული იყო. ანუ პრობლემა პირიქით გართულდა. 

სანამ რეალურ ალტერნტივას ვერ სთავაზობ, არანაირ აკრძალვა შედეგს ვერ მოიტანს. თუ ბიუჯეტიდან ვერ აკეთებ და დახარჯვა არ გინდა, მაშინ კერძო კომპანიებთან მოლაპარაკება უნდა გქონდეს. 

ახლა წარმოიდგინეთ, მე არასამთავრობო ორგანიზაციას მეკონტაქტებიან და მეკითხებიან, თუ როგორ შეიძლება ამ ბიზნესის წარმოება. თვითონ ხელისუფლების წარომადგენლები უფრო რომ გააქტიურდნენ, რეალურად შესაძლებელია ამ სფეროში ინვესტიციის მოზიდვა. მაგრამ რატომღაც ვერ ახერხებენ. ამის ძირითადი მიზეზი რა არის, ვერ გეტყვით.

მოდით ასე ვთქვათ, ახლა პარკირების პრობლემების გადაბრალება თუ გვინდა, „სითი პარკი“ ამისთვის საუკეთესო საშუალებაა, რომ ეს ყველაფერი მას ავკიდოთ. მაგრამ ეს მერიას არ ათავისუფლებს იმ პასუხისმგებლობისგან, რომ მოიზიდოს ინვესტიცია, მოამრავლოს ადგილები, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ ეს შესაძლებელია. და თუ ეს შესაძლებელი არ არის, მაშინ ეს ყველაფერი იურისტებს ანახონ. 

ჩვენი პრობლემა მარტო „სითი პარკი“ არ არის და სწორედ ამის თქმა მსურს.   

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია