მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„სისი ლოუნის“ რეკლამები ტრანსგენდერი და ფინანსური სიდუხჭირის ადამიანების მიმართ უარყოფითი სტერეოტიპების გაძლიერებას უწყობს ხელს - 07 დეკემბერი 2016

„საქართველოში იმრავლა იმ ანგელოზთა გუნდმა, რომელიც წუხს ჩვენ სიღარიბეზე და მხოლოდ იმაზე ქადაგებენ, რომ მივიდეთ, გამოვართვათ ფული და გავხდეთ ბედნიერები“ 

myrights.ge

საქართველოს სახალხო დამცველი შპს „სისი ლოუნს“ დისკრიმინაციული სტერეოტიპების შემცველი რეკლამების მოხსნისკენ მოუწოდებს. ომბუდსმენს მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ ტელევიზიით და ინტერნეტით გავრცელებული რეკლამები ერთი მხრივ, ტრანსგენდერი, მეორე მხრივ, კი ფინანსური სიდუხჭირის მქონე ადამიანების მიმართ უარყოფითი სტერეოტიპების გაძლიერებას უწყობს ხელს.

„შპს „სისი ლოუნის“ ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში წარმოდგენილია სცენა, თუ როგორ ეწევიან ადამიანები პროსტიტუციას. რეკლამის მთავარ პერსონაჟ – მამაკაცს აცვია კაბა და ახურავს პარიკი (სავარაუდოდ გაშარჟებულია ტრანსგენდერი ადამიანი). რეკლამის ბოლოს მას ურეკავს დედა, რომელსაც იგი ეუბნება, რომ არ სცალია, მუშაობს. 

მეორე სარეკლამო რგოლში დედა შვილის ყულაბიდან იპარავს ფულს. ამ დროს ოთახში შემოდის გაოცებული შვილი, დედა ცდილობს გაიქცეს და ბავშვს ობობით აშინებს. 

მესამე რეკლამაში შვილიშვილს ეტლით მოსარგებლე ბებია მიჰყავს ლომბარდში. შვილიშვილი ლომბარდში აბარებს ეტლს, ბებია კი ზურგზე მოკიდებული მოჰყავს.

სახალხო დამცველმა არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლებას შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს დისკრიმინაციული სტერეოტიპების წახალისების თავიდან აცილების ინტერესთან მიმართებით და შპს „სისი ლოუნს“ მიმართა, ამოიღოს რეკლამები სატელევიზიო და ინტერნეტ სივრციდან, ხოლო მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი შინაარსის შემცველი რეკლამების გავრცელებისგან და სარეკლამო რგოლების მომზადებისას პატივი სცეს ადამიანის ღირსებას“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ამ თემაზე „ქრონიკა პლუსის“ პირველი რესპონდენტი „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი, ექსპერტი პაატა შეშელიძეა: 

- ბატონო პაატა, როგორ აფასებთ ზოგადად ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოღვაწეობას, როდესაც კრედიტებს ძალიან მაღალი პროცენტით გასცემენ? 

- არ მიმაჩნია, რომ ეს საშინელი კრედიტებია. ეს არის სესხი, რომელიც ბაზარზე ვიღაცას სჭირდება და ვიღაც მზად არის, რომ ამას მოემსახუროს. ეს არის ჩვეულებრივი ფინანსური ოპერაცია, რომელიც ჯანსაღია საბაზრო სისტემის ფარგლებში. 

კონკრეტული ადამიანების უპასუხისმგებლობა, მათი უუნარობა, რომ გაისტუმრონ სესხი, არ შეიძლება სესხის გამცემს დაბრალდებს. ის ხომ აღნიშნულ კრედიტს თავისი რისკით გასცემს? ამიტომ მინდა გთხოვოთ მართებული ტონის შერჩევა, როდესაც ამ თემაზე მასალას მოამზადებთ.

რაც შეეხება რეკლამას, აქ ჩვენ ძალიან ვიწრო მიმართებაზე ვსაუბრობთ. ანუ კონკრეტული კომპანიის ხედვაზე და ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შეეხოს თვითონ იმ ბიზნესს, როგორც ასეთი.  

პირადად ჩემს გემოვნებას ეს რეკლამები, რა თქმა უნდა, არ პასუხობენ. მაგრამ, ამავე დროს, მე ზუსტად არ ვიცი, ისინი რომელ კანონს არღვევენ. 

ვფიქრობ, რომ კეთილსინდისიერი ადამიანი, ერთი-მეორე კომპანიის რეკლამას შეხედავს, აღმოაჩენს, რომ ამ კომპანიასთან მუშაობა უბრალოდ არ ღირს, რადგან სისულელეებს აკეთებს და სხვასთან წავა.

ამიტომ, საბოლოო ჯამში, ის თავისი რეკლამის განთავსებით კლიენტს კი არ მოიზიდავს, არამედ განიზიდავს. 

ასე რომ, ვფიქრობ, თუ ეს უგემოვნო რეკლამა თუ სცენები რაღაცნაირად უხეიროდ არის მოფიქრებული, თვითონ ეს „სისი ლოუნია“ თუ რაც არის, ამ ყველაფერზე თავისი კლიენტურით აგებს პასუხს. 

თუ ეს რეკლამა გარკვეულ ძალადობისკენ მოუწოდებს და რაღაც სიყალბეს შეიცავს, მაშინ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სასამართლოს მიმართოს და სწორედ სასამართლოს ძალით განამტკიცოს თავისი სიმართლე და გაამტყუნოს ეს ორგანიზაცია. ესეაა და ეს.

მე ვფიქრობ, რომ საბაზრო სისტემაში საკმარისი რესურსები არსებობს, რომ პასუხი გაეცეს ყველა ამ კითხვას, რაც მე დამისვით.

- მაინც რამდენად საჭიროა საკანონმდებლო რეგულაციების დაწესება (ამაზე კარგა ხანია საუბრობენ), გარკვეული ბარიერის დაწესება სესხის პროცენტებზე?

- ამის დაწესება არ არის საჭირო ზრდასრული ადამიანების ურთიერთობებისთვის. ეს ბარიერები სინამდვილეში მიმართული იქნება მომხმარებლის და არა კომპანიის წინააღმდეგ; რადგან ვიღაცას აუკრძალავ ისეთი სერვისის მიღბას, რაც მას რეალურად სჭირდება. და ეს არ არის გონივრული გადაწყვეტილება.

სინამდვილეში, ნებისმიერი რეგულირება ყველაზე მძიმედ მომხმარებელს აწვება. ამიტომ ეს აბსურდია და ამის გაკეთება, უბრალოდ, არ შეიძლება. 

სოსო ცისკარიშვილი, "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი, ექსპერტი:

- ცოტა შორიდან დავიწყებ. ადრე ჩვენ ქვეყანას ყვავილების ქვეყანა ერქვა და ხშირად ვმღეროდით კიდეც ამ ტექსტით სიმღერებს. ახლა რომ გადახედო ჩვენ ქალაქებს, სამწუხარო რეალობას აღმოვაჩენთ, რადგან ლომბრადების ქვეყანა გავხდით. 

ლომბარდი, თავისთავად, უკვე სასოწარკვეთის სიმბოლოა ადამიანისა, რომელიც იძულებულია საკუთარი ნივთი (რომელიც მისთვის საჭირო იყო და რა გაჭირვებით შეიძინა, ესეც საკითხავია) გაასხვისოს. მას უდგება ჟამი, როდესაც პურის ფულის საშოვნელად მიდის და ლომბარდს ბოლო გადანახულ ნივთს აბარებს. 

არ გვამყოფეს ლომბარდის სტრუქტურირება ქვეყანაში და აგერ თითქმის ნახევარი წელიწადია ჩვენ მედიასივრცეში შემოვარდა გაუთავებელი რეკლამა, რომ უნდა მიხვიდე, ფული აიღო და დრო გაატარო. 

არანაირი ინფორმაცია არ არსებობს იმის თაობაზე, თუ რატომ გახდნენ ასეთი გულუხვები სხვადასხვა ფსევდოკომპანიის პირობებით დახუნძლული ასეთი სუბიექტები. ან რა შესაძლებლობა აქვთ რაიმე ფინანსური შედეგის დადგომის სამართლიანობისთვის ან თანაგრძნობისთვის?

ტელევიზიის ყველა არხზე ვისმენთ, რომ საქართველოში იმრავლა იმ ანგელოზთა გუნდმა, რომელიც წუხს ჩვენ სიღარიბეზე და მხოლოდ იმაზე ქადაგებენ, რომ მივიდეთ, გამოვართვათ ფული და გავხდეთ ბედნიერები. 

მაგრამ ამ ფრაზებს მიღმა სულ სხვა რეალობა არსებობს. რა მოელის ადამიანს, რომელიც ფინანსურ, არც თუ პატიოსან საქმიანობაში გაცნობიერებული არ არის? 

გარდა ამისა, ათასობით თანამემამულე გვყავს, რომელმაც საკუთარ თავში ვერ მოიძია იმდენი გონება, რომ უკანასკნელი თავშესაფარი ბინის სახით სხვადასხვა ბანკისთვის არ მიენდო. რომლებიც, რასაკვირველია, სხვადასხვა კანონის მიხედვით მოქმედებენ, მაგრამ წარმოდგენას არ აძლევენ საკუთარ კლიენტს რა ელის მას, თუ ვერ მოახერხებს გაისტუმროს ბანკის ვალი.

როგორც ჩანს, გამოჩნდნენ „ნიჭიერები“, რომლებსაც არ ძალუძთ საქართველოში ბანკების რაოდენობა გაზარდონ და ახლა აღმოაჩინეს პატარა ფანჯრები სხვადასხვა შენობაში, საიდანაც შეიძლება ვიღაცას გაუწოდო თანხა და, პრაქტიკულად, საკუთარი მძევალი გახადო. რადგან შემოსავლის რაიმე მინიმუმი თუ არსებობს ოჯახის შესანახად, რასაკვირველია, ის არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ასი ლარი იქნება, თუ ათასი მიიღო და მერე უმტკივნეულოდ დააბრუნო.

ჩვენი მოსახლეობისთვის არანაირი განმარტებები არ არსებობს, თუ რა საფრთხის შემცველია ასეთი ტიპის გარიგება. ეს მხოლოდ მაშინ ჩანს, როცა რომელიმე ტელეკომპანია აცრემლებულ, საკუთარი ბინებიდან გამოსახლებულ უპოვარ ჩვენ თანამემამულეებს გაგვაცნობს ხოლმე საკუთარი ეკრანიდან, 

ახლა, არ ვიცი ბატონმა ომბუდსმენმა რა კრიტერიუმით აარჩია ერთი ასეთი მსუნაგი სუბიექტი. მას სრულად ვენდობი და გული მწყდება, რომ დღევანდელი ჩვენი ომბუდსმენის მსგავსი სახელმწიფოზე ჩაფიქრებული პირები არცთუ ბევრი გვყავს.

ამიტომ, ჯერ ერთი, მარტივი საშუალება უნდა იყოს იმისთვის, რომ ადამიანებს თავი შევაკავებინოთ. იყო ერთი რჩევა ცოტა ხნის წინ ეთერში გაჟღერებული, როდესაც ლარი უფასურდებოდა; კერძოდ, ყველას ბანკისთვის მიგვემართა და მათგან საკუთარი ბანკირის ინსტიტუტით დაჯილდოებული ვყოფილიყავით.

ახლა რა რჩევა იქნება ამ გაძვალტყავებული ჩვენი თანამემამულეების დასამშვიდებლად და გონზე მოსაყვანად, ჯერ არავის გამოუცხადებია. 

ამიტომ, უპირველესად, ჩვენი ფინანსური და ასევე სამართალდამცველი სისტემები უნდა ხვდებოდნენ საკუთარ ვალდებულებას. ესმოდეთ, ეს მათი პირდაპირი მოვალეობა არის თუ არა, იყვნენ გულწრფელნი ჩვენ საზოგადოებასთან. და თუ არც იმის ეჭვი აქვთ, რომ ამ ადამიანებს შეიძლება უარესი შედეგი დაუდგეთ (ვინც ასეთ ანკესზე წამოეგება), რასაკვირველია, უკვე სხვა სახის წინააღმდეგობა შეიძლება რეჟიმისთვის არცთუ სასიამოვნო აღმოჩნდეს. 

ამით შეიძლება უფრო რთული იყოს ის მომავალი, რომელიც მუდმივად გვსურს, რომ უკეთესი იყოს.

- დღემდე ამ პრობლემას საკანონმდებლო დონეზე რატომ არ აწესრიგებენ, უპირველესად, სესხებზე ბარიერების დაწესებას ვგულისხმობ...

- მკითხველები ჟურნალისტებისგან ველოდებით, რომ ვიცოდეთ სახელი, გვარი და საქმიანობის ფორმატი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფისა, რომელმაც ასე მეცხე ტალღასავით შემოაგდო ფინანსურ სივრცეში უთავბოლო შეთავაზებები საზოგადოების „მხადრასაჭერად“. სასურველია ვიცოდეთ, რა სახის მომგებიანი პროცესია გაღარიბებული ადამიანების ნახევარსაათიანი კმაყოფილება იმ სირთულეებთან შედარებით, რაც მსესხებელს სესხის აღების მეორე დღიდან დაუდგება. 

თვითონ ის ფაქტი, რომ სახელმწიფო სტრუქტურები სდუმან, იმაზე მიგვანიშნებს, რომ მათ კარგად იციან ვისი თამადობითაა ამ სახის ბიზნესის დღეგრძელობა. მით უმეტეს, „ქრონიკა პლუსის“ შესაძლებლობიდან გამომდინარე თვალყური უნდა ვადევნოთ, თუ რა შედეგები მოაქვს ასეთ „გულუხვ ქმედებას“ უკვე რამდენიმე ასეული სუბიექტისგან, რომლებიც რატომაც არ ცდილობენ, რომ თავად წარმოუდგნენ ჩვენ საზოგადოებას.            

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია