მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
როგორ ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი წელიწადნახევარი უშუქოდ და უგაზოდ? - 13 დეკემბერი 2016

„ჩემი შვილი ძალიან განიცდის, -  სად უნდა წავიდეთო. ამის გამო რამდენჯერმე ფანჯრიდან ჩამოიყვანეს, რომ აქ უბედურება არ დატრიალებულიყო“

myrights.ge

აფხაზეთიდან დევნილი ელიკო გიორგაძის ოჯახი თითქმის წელიწადნახევარია უშუქოდ და უგაზოდ ცხოვრობს. მდგომარეობას კიდევ უფრო ის ამძიმებს, რომ ქალბატონ ელიკოს ფსიქიკურად დაავადებული ქალიშვილი ჰყავს. დევნილმა ოჯახმა არაერთხელ მიმართა სახელისუფლებო ორგანოებს აუცილებელი დახმარების მისაღებად, თუმცა საკმარისი შედეგის გარეშე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მთავრობის შესაბამისი სტრუქტურები ყურად იღებენ ამ მტკივნეულ პრობლემას და მის სასწრაფოდ გადაწყვეტაზე იზრუნებენ.   

„ქრონიკა პლუსი“ ელიკო გიორგაძეს ესაუბრება:

- გლდანის პირველ მიკრორაიონში, 16-ე კორპუსში, მეათე სადარბაზო, 187-ე ბინაში ვცხოვრობთ. 

- საიდან მოხვდით აღნიშნულ ბინაში?

- ჩემმა ყოფილმა მეუღლემ ეს ბინა 1994 წლის დეკემბერში შეიძინა. ჯერ კიდევ სოხუმიდან მასთან დაცილებულები მოვდივართ და რაც ეს ბინა შეიძინა, ჩვენ აქ დავრჩით და მან ქალაქ რუსთავში მეორე, ერთოთახიანი ბინა იყიდა. ყოფილი მეუღლე დღემდე იქ ცხოვრობს. 

შემდეგ, 2013 წლის დეკემბრის ბოლოს გადაწყვიტა, რომ ეს ბინა იპოთეკით დაეტვირთა. 2015 წლის ექვს მაისს ბინა უკვე გაიყიდა. ამავე დროიდან ბინის მეპატრონე ჩემი შვილის ბინის ქირას იხდიდა, თვეში 300 ლარის ოდენობით. 

2015 წლის მარტიდან კომუნალური გადასახადები ვეღარ გადავიხადეთ, ამიტომ წელიწადი და 5 თვეა შუქისა და გაზის გარეშე ვართ დარჩენილები. 

რამდენჯერმე მივმართეთ დევნილთა სამინისტროს, სოზარ სუბარს, დევნილების საქმეების შემსწავლელი დეპარტამენტის უფროსს მურად აბლოთიას, რეზო ქობალიას, ლევან სიგუას, დღემდე უშედეგოდ. 

შემდეგ ავდექი და ხელისუფლების პირველ პირებს მივმართე. პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილის, პრეზიდენტს... 

ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილსაც მივმართე თხოვნით, - ყურადღება მომაქციეთო. არავითარი ყურადღება არ მომაქციეს, ივანიშვილმა პასუხიც კი არ გამომიგზავნა. 

ავდექი და სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს მივმართე. მან ძალიან ბევრი დაბეჭდილი საბუთი გამომიგზავნა, იქიდან დევნილთა სამინისტროში გადაგზავნილი. სახალხო დამცველმა მითხრა, - ქალბატონო ელიკო, თქვენი უფლებები დარღვეულია და მოდით გასაუბრებაზეო. რა თქმა უნდა, მასთან ვიყავი. მიწერილი საბუთები კიდევ ერთხელ გამომიგზავნა, მაგრამ დღემდე ამას შედეგი არ მოყოლია. 

2016 წლის 15 ივლისს პირველ არხზე ჩვენთან დაკავშირებული გადაცემა გავიდა. ჩემთან მოვიდა ორი ჟურნალისტი, რომლებმაც არ მითხრეს, რომ პირდაპირი ჩართვა იქნებოდა დევნილთა სამინისტროსთან. მე სასწრაფოდ ბინას ვითხოვდი, რადგან დღესდღეობით ქუჩაში ვარ დატოვებული. 

თურმე მეორე მხრიდან მურად აბლოთია ყოფილა ჩართული, რომელსაც უთქვამს, რომ ქალბატონ ელიკოს რამდენჯერმე მივმართე, მაგრამ შეხვედრაზე არ მოვიდაო (დღესაც მურად აბლოთიას ტელეფონის ნომერი დაწერილი მაქვს, ვურეკავ და არ მპასუხობს). 

მაშინ კი შევხვდი და ვეუბნები - ბატონო მურად, ეს როგორ გეკადრებათ, როდის დამიკავშირდით-მეთქი. 

- თქვენ ცხინვალელი ელიკო გიორგაძე მეგონეთო, - ასე მიპასუხა. 

- ახლა ამაზე საუბარი მივატოვოთ, რა ვთქვი და რა არ ვთქვი და საქმეზე გადავიდეთო; მე თქვენთან აპლიკაციას შევავსებთო. 

ხაზს ვუსვამ, რომ ფსიქიკურად დაავადებული შვილი მყავს, 2006 წლიდან დღემდე სოციალურად დაუცველები ვართ, რეალურად, ბინა გაყიდული გვაქვს და ჩათვალეთ, რომ ქუჩაში ვცხოვრობთ, თან არანაირი შემოსავალი არ გაგვაჩნია, - ამიტომ აბლოთიამ მითხრა, რომ თქვენთან აპლიკაციის შემავსებლებს გამოვუშვებო. 

2016 წლის 10 აგვისტოს ჩვენთან აპლიკაციის შესავსებად 2 ადამიანი მოვიდა. შეავსეს და წავიდნენ, დღევანდლამდე არ ვიცით, რა ხდება, ბინა როდის უნდა მივიღოთ, როგორი პირობებით და ა.შ. თურმე უნდა შეგვატყობინონ, რომ ეს აპლიკაცია განვიხილეთო, მაგრამ ამას არავინ გვატყობინებს. 

კიდევ ბინის ქირასთან დაკავშირებით მოვიდნენ, თვეში სამას ლარს გადაგიხდითო.  მცირე თანხები მხოლოდ სამჯერ ჩაგვირიცხეს. ლამის წელიწადნახევარი გაზისა და შუქის გარეშე ვართ, ორწელიწადნახევარი სხვის გაყიდულ ბინაში ვცხოვრობ ავადმყოფი შვილით და 2016 წლის აგვისტო, სექტემბერსა და ოქტომბერში მხოლოდ 150-150 ლარი ჩამირიცხეს თვეში. 

ჯერ ერთი, ვინ აქირავებს ბინას 150 ლარად, სად უნდა წავიდე, რომ ამ ფასად ბინა ვნახო?

მთელმა კორპუსმა იცის, რომ ჩემი შვილი ძალიან განიცდის, -  სად უნდა წავიდეთო. ამის გამო რამდენჯერმე ფანჯრიდან ჩამოიყვანეს, რომ აქ უბედურება არ დატრიალებულიყო. როდემდე უნდა ვითმინოთ ეს უმსგავსობა და არაადამიანობა, რატომ, ასეთი რა დავაშავეთ? როდის გვექნებ საშველი, როდესაც აფხაზეთიდან დევნილებს ბინას მოგვცემენ? 1993 წლიდან მოყოლებული დღემდე სამინისტრო ათი თეთრისთვისაც არ შეგვიწუხებია. არც კომპენსაცია, არც ბინა და არც არაფერი. 

ნუთუ დევნილები არ ვართ? იძულებით გადმოყრილები ვართ და ჩვენც ხომ უნდა მოგვაქციონ ყურადღება? სოხუმი ჩვენი ნებით ხომარ დაგვიტოვებია, ხომ გამოგვყარეს, და ამ დროს ვერ წარმომიდგენია ეს მთავრობა ყურადღებას ვის აქცევს.

მე ნამდვილად არ მოველოდი, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, თანაც ამ წინასაარჩევნოდ ყურადღებას არ მომაქცევდა. ჩემი ყოფილი მეუღლე ინვალიდია, რკინის ხელჯოხებით დადის. ალბათ, მივიდოდა საარჩევნო უბანზე და ივანიშვილის პარტიას ხმას მისცემდა. ჩვენ რასაკვირველია, სამივემ, დედამ და შვილებმა ხმა მივეცით ოცნებას. 

ახლა მაინტერესებს, სამმა ადამიანმა, ქალებმა, გაზისა და შუქის გარეშე როგორ უნდა გავძლოთ? გარეცხვა, დაუთოება არ გვინდა? რა უნდა გავაკეთოთ ამ პირობებში ხალხო, ვის აქცევს ეს ხელისუფლება ყურადღებას? 

- ფაქტია, რომ უკვე სხვის ბინაში გიწევთ ცხოვრება, მაგრამ გაზი და შუქი რა პირობებში გამოგითიშეს?

- 2015 წლის 17 სექტემბერს ერთ-ერთმა ქალბატონმა (ვინაობის დასახელება არ მსურს) შუქი და გაზი გაგვითიშა. მივმართეთ სასამართლოს, კარგი ადვოკატიც გვიცავდა, რომ ბინიდან პირდაპირ ქუჩაში არ გამოვეყარეთ. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად დაუცველები ვართ, ინვალიდი შვილი მყავს, იმ ქალბატონმა მაინც განაცხადა, რომ შუქს არავითარ შემთხვევაში არ ჩავურთავო. დღემდე ასეთ მდგომარეობაში ვართ.

ნუთუ საქართველოში ჩვენზე მძიმე პირობებში მყოფი ადამიანები კიდევ არიან?

გამოსავალი ისაა, რომ სახელმწიფომ, როგორც აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს ბინა უნდა მოგვცეს. მეტი რა დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმი უნდა გვქონდეს, როდესაც უსინათლობასა და სიცივეში ვიყინებით. ასეთ პირობებში რაღა უნდა დაგვემართოს, რომ მერე აღმოგვიჩინონ „დახმარება?“ 

ამიტომ ყველა კომპეტენტურ ორგანოს ვთხოვთ დაგვეხმარონ და საკუთარი ჭერი გვაღირსონ. ნუთუ ჩემს 24 საათი მწოლიარე შვილს ეს არ ეკუთვნის?         

„ქრონიკა პლუსი“ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე მონიტორინგს გააგრძელებს და მიღებულ შედეგებს მკითველს აუცილებლად გააცნობს. 

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია