მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ბოლო 10 თვის მონაცემებით, ოჯახური ძალადობის პირობებში 13 ქალი მოკლეს - 21 დეკემბერი 2016

ნონა ხიდეშლი: ევროპაში ნებისმიერი კანონი ქალზე მუშაობს, საქართველოში რატომღაც ყველაფერი ქალის საწინააღმდეგოა

ufleba.ge

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ 2016 წლის 10 თვის მონაცემებით, ოჯახური ძალადობის პირობებში 13 ქალი მოკლეს. ჯანმრთელობის დაზიანებისა და სხვა სასტიკი ფორმებით ჩადენილი ძალადობის რიცხვი კი, კვლავ მაღალია, პოლიციამ 2000-ზე მეტ შემთხვევაში გამოიყენა დაცვის ღონისძიება. უჩა ნანუაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ გასულ წლებთან შედარებით ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მაჩვენებლის გაიზარდა, თუმცა შესაძლო რისკების პრევენციისა და თითოეულ შემთხვევაზე ეფექტიანი რეაგირებისთვის უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო.

„ჩვენი შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ხშირ შემთხვევაში არ ხდება ძალადობის განმეორების რისკის შეფასება და მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი, ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება. 

არსებული გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ ძალადობის საქმეთა შესწავლისას გათვალისწინებული იქნას ქვეყანაში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული ვითარება და ყველა შემთხვევაზე ქმედითი ღონისძიებები გატარდეს“, – ამბობს ნანუაშვილი.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, ხელი შეუწყოს და დააჩქაროს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის საკითხებზე ევროსაბჭოს კონვენციის რატიფიცირება. ასევე, იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს, მოახდინონ ფემიციდის, როგორც გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის დეფინიციის განსაზღვრა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში.

ამ თემაზე „ქრონიკა პლუსი“ მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიის ინსტიტუტის დამფუძნებელს, ფსიქოლოგ ნონა ხიდეშელს ესაუბრება:

- უმძიმესი რელობის წინაშე ვდგავართ. ადამიანის უფლებების დაცვაში მსოფლიო ძალიან შორს წავიდა და ჩვენ ოჯახურ ძალადობას ვერ გავცდით. 

საინტერესოა ამ ყველაფრის წინაპირობები. ქალებთან დაკავშირებულ რამდენიმე პროექტში ვიყავი ჩართული. იურისტებთან ერთად ვმუშაობდით (აქტიური საუბრები გვქონდა) და აქ თავშივე ყველაზე ცუდი ქალის ქორწინებისადმი დამოკიდებულებაა. 

რასაკვირველია, პრობლემები მოდის აღზრდიდან, ცალსახად რელიიგიიდან, - ცოლებო, დაემორჩილეთ ქმრებს, შემდგომში ძალიან საგანგაში ფრაზა აღმოჩნდა. თითქოს ეს პოზიცია მამაკაცებისთვის წამახალისებელიც კი გახდა. 

მე არ ვიცი, საერთოდ, მორჩილებაზე რატომ უნდა ვილაპარაკოთ. სხვაგან შეიძლება ყველაფერი განსხვავებულად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენთან განათლების მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა, ზოგადი განვითარება კრიტიკულ დონეზეა, ცნობიერების განვითარებაზე საერთოდ არ ვსაუბრობ, - შუა საუკუნეებია. 

ამ ფონზე ეს ძალადობრვი გამოვლინებები ხდება. ტრადიციებიდანაც გამომდინარე ამ ყველაფრის საგანგაშოდ წახალისება მიმდინარეობს. 

მოკლედ, ფესვები აუცილებლად აღზრდაში უნდა ვეძებოთ; სოციუმის ქალისადმი დამოკიდებულებაში, ასევე რელიგიაში და ახალი თაობის სხვანაირად აღზრდა უნდა დავიწყოთ.

ჩვენ ქალებს უნდა ჩავუნერგოთ, რომ მათ აქვთ უფლებები, აბსოლუტური უფლება, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება ჰქონდეთ; რომ ქორწინება არ არის სავალდებულო და თუ მაინც ეს სურს (ოჯახის ფენომენი ისეთია, ვერავინ შეეხება), ქალმა უნდა იცოდეს თავისი უფლებები და მისი რეალიზაცია.

ასევე ქალის მშობლები სწორედ იმ ტრადიციებიდან გამომდინარე ძალიან ბევრ რამეზე თავს იყრუებენ. 

როდესაც გამოკითხვასავით ვატარებდით, ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ უამრავი ქალი ამართლებს თავის ასეთ მდგომარეობას, ამბობს, რომ დიახ, ის ქმარია და აქვს ამის და ამის უფლება...

ამას კიდევ ერთი ფაქტორი ძალიან ხელს უწყობს, რომ ქალებს საკუთარი პროფესია არ აქვთ. ახლა რაღაცას ყველა ამთავრებს და გარკვეული წარმოშობის დიპლომი ლამის ყველას აქვს. მაგრამ არ არსებობს სათანადო მოტივაცია. თავიდანვე ისე ზრდიან, რომ შენ მთავარია გათხოვდე და ეს სარფიანად გააკეთო. 

ცუდ რამეს ვიტყვი,- თვითონაც ეძებენ ხოლმე ასე ვთქვათ უშრომელ, უზრუნველ ცხოვრებას. როგორც ფსიქოლოგი უამრავ ქალთან ვმუშაობ და შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი დამოკიდებულება რეალურად არსებობს. 

მოკლედ, პრობლემის თავი და თავი ჩვენ გონებაში, ფსიქიკაშია, დანარჩენი უკვე ამ ყველაფრის სავალალო შედეგია. ეს თავისთავად ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა და წარმოაჩენს ჩვენი, როგოც ერის, საზოგადოების განუვითარებლობას. 

- ამ რეალობაზე ქვეყანაში არსებული სოციალ-ეკონომიკური ფონი როგორ მოქმედებს?

- რასაკვირველია, ცალსახად მოქმედებს. ქალს (უკვე შემდგომში შვილებთან დარჩენით) საშუალება არ აქვს წავიდეს და დაიწყოს დამოუკიდებელი ცხოვრება. მოგეხსენებათ, ჩვენი საშუალო ხელფასით გამორიცხულია ბინაც გქონდეს, ბავშვებიც უზრუნველყო...

თვითონ კანონიც კაბალურია. მთელ ევროპაში ნებისმიერი კანონი ქალზე მუშაობს, საქართველოში რატომღაც ყველაფერი ქალის საწინააღმდეგოა. 

მეგობარი ადვოკატი მყავს და ახლახან მიყვებოდა, - სარჩელს განიხილავდა, სადაც ქმარი და დედამთილი რძალსა და სამ შვილს, უბრალოდ, სახლიდან ყრიან. ისინი მართლაც ქუჩაში გაუშვეს და ქალმა სასამართლოს გზით ვერაფერ შედეგს ვერ მიაღწია. იმ საერთო სახლიდან ვერაფერი წამოიღო და ძალიან საგანგაშო პირობებში ცხოვრობდნენ. 

სამწუხაროდ, კანონი არ გვიცავს და სოციალურ-ეკონომიკური ფონიც საშინელია. და ამ ფონზე, საქართველოში ქალისთვის ცხოვრება ძალიან რთულია. 

მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი, მებრძოლი და შემდგარი ადამიანი ვარ (არ ვარ ის ქალი, რომელიც რაღაცაზე უკან იხევს), აქ ცხოვრება ძალიან მძიმეა. ძალიან ბევრ რამეს უნდა ებრძოლო, რომ მოიპოვო თავისუფლება. უნდა ებრძოლო ტრადიციებს, სტერეოტიპებს, - ოჯახიდან დაწყებული, მეზობლები, ნათესავები, სოციუმი, შემდგომში უკვე ოჯახები... ამ ბიუროკრატიას პირდაპირ ეჯახები, - მუშაობ, სწავლობ, მაგრამ შედეგი ნაკლებია.

კარიერასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ვინც ჩემთან ინდივიდუალურად დადის, ხშირად ნევროზული ფონი  სწორედ სახლში ჯდომის ნიადაგზე აქვთ ჩამოყალიბებული. ყველას ერთნაირად ცხოვრება არ შეუძლია. ზოგში არის დიდი ენერგია და ტემპერამენტი, მას სჭირდება აქტიური ცხოვრება. 

ზოგს ქმარი არ უშვებს, უბრალოდ, საშუალებას არ აძლევს, რომ გავიდეს და იმუშაოს. 

ქალებს ვასწავლი, რომ მათ წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ. ვუხსნი, რომ ლოდინი ვიღაც ზეციდან მოვა და შენ თავისუფლებასა და ბედნიერებას მოგანიჭებს, ასეთი რამ დედამიწაზე არ არსებობს, რომ შენი ცხოვრებისთვის შენ თვითონვე უნდა იბრძოლო. 

ზოგს უკვე ორი და სამი შვილი ჰყავს, გვიან აღმოჩნდნენ ასეთ მდგომარეობაში, გვიან გააცნობიერეს თავიანთი სავალალო მდგომარეობა. ამ დროს მასზე ხორციელდება ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა. სამწუხაროდ, მათ ეკონომიკური მხარე, ელემენტარული დასაყრდენი ბაზა არ გააჩნიათ. სახელმწიფოს არ აქვს პროგრამები მარტოხელა დედებზე, რეალურად, არანაირი თანადგომა არ გვაქვს. 

თუ რაიმე მსგავსი ხდება, იქაც იმდენი ბიუროკრატია, რომ ლაპარაკის დონეზე რჩება ყველაფერი, შედეგი უმნიშვნელოა.

ერთ რამეს ცალსახად ვიტყვი,- ჩვენთან სახელმწიფო ქალს არ იცავს. 

- რით არის ეს გამოწვეული?

- პატრიარქალური სახელმწიფოა. ნახეთ, სათავეშიც ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილი. ჩინოვნიკები უფრო მამაკაცები არიან. როდესაც ამ კანონებს ადგენდნენ, ვერ გეტყვით რას ითვალისწინებდნენ. რაღაც ევროპულ ღირებულებებზე ვსაუბრობთ და ყველამ იცის რა ხდება იგივე გერმანიაში, საფრანგეთში... ასევე ისრაელში ნახეთ რა კანონებია, რომ ქალმა შვილებთან ერთად დამოუკიდებლად შეძლოს ცხოვრება. 

მე იგივე იურისტებს მივმართავ, რატომ არავის არ სურს აქ ქალების ულებების რეალური დაცვა, როდესაც ეს თემა საუბრებს არ ცდება. 

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ამ მხრივ რელიგიის პოზიციაც ძალიან საგანგაშოა, რომელიც ყოველთვის ცალსახად მამაკაცის მხარეს იჭერს. ალბათ, ეს ყველაფერი პატრიარქალური აზროვნებიდან მოდის და...

ამ კანონებს ვინც წერს, ისიც ჩვენივე სოციუმიდან გამოსულია, აქ მაღალი ცივილიზაციიდან არ ჩამოდიან და მოქმედ კანონებს ისინი არ გვიქმიან. სავარაუდოდ, არგებენ იმ სტერეოტიპებსა და ტრადიციებს, რაც ჩვენთან გაბატონებულია.

საერთოდ, ყველა ქვეყანა, რომელიც ასე აპელირებს ტრადიციაზე, რელიგიაზე, პატრიარქალურია, იქ ქალი ყველგან დაჩაგრულია. გადახედეთ მუსულმანურ ქვეყნებს და თქვენ ნახავთ იქ ქალისთვის რა საგანგაშო ვითარებაა, საერთოდ არსებობას ვგულისხმობ. 

- თქვენთან აუდიენციაზე მოსულები ძირითადად რა გამოწვევებზე ამახვილებენ ყურადღებას?

- ფსიქიკური დარღვევა ბევრნაირია. მაგრამ, უბრალოდ, ძალიან ბევრი შემთხვევა მაქვს ქალებთან, რომლებიც უშუალოდ მეუღლისგან შევიწროებული არიან. ისეთი შემთხვევებიც კი მქონია, როდესაც ადამიანი თავის ისტორიას ყვება და უსმენ, ხვდები, რომ ის რაღაც ეგზოტიკური ნივთია მამაკაცისთვის, რომელთანაც ის ცხოვრობს. არის შვილების მომვლელი, ოჯახში მხოლოდ და მხოლოდ მოსამსახურის ფუნქციები აქვს და მისთ.

ისეთი პაციენტიც მყოლია (თითქოს განათლებული ცოლ-ქმარია), რომელმაც მითხრა, - ჩაცმის უფლებაც კი არ მაქვს ისე, როგორც ეს მე მინდა, სხვანაირად გარეთ უბრალოდ ვერ გავალო. არ ვიცი, ეს უკვე სრული კატასტროფაა.

ძირითადად ასეთი მეთოდებით ქალის ნებელობა, ასევე მისი შემოქმედებითი ენერგია ითრგუნება და ეს ყველაფერი ნევროზის სახით უბრუნდება. ანუ ქალები ძალიან სერიოზულად (ფსიქოლოგიურად)  მამაკაცებზე დამოკიდებული არიან. 

უმეტეს შემთხვევში ამ სურათს ეკონომიკური მხარე განაპირობებს. მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ეს მხარე წინწამოწეული არ არის; რაღაც აღზრდა, ტრადიცია თუ სტერეოტიპები, რაც ჩაუნერგეს, ქალს იმის საშუალებას არ აძლევს, რომ ხმა ამოიღოს და თავისი უფლებებისთვის იბრძოლოს. ეს რაღაც დანაშულად მიაჩნია, რადგანარც საკუთარი დედ-მამა, არც და-ძმა და ა.შ. არ მოუწონებს. ამიტომ მთლიანად დამოკიდებულია და ამ მდგომარეობიდან ვერაფრით გამოდის.

გაგეცინებათ და ხანდახან იმის ახსნაც მჭირდება, რომ შენ ხარ ადამიანი, შენ ხარ თავისუფალი ადამიანი, რომ ისეთივე უფლებები გაქვს, როგორიც ყველას. რომ შენ დაიბადე მარტო, მოკვდები მარტო, რომ ფსიქიკის სტრუქტურა შენთვისაც და მამაკაცისთვისაც იგივეა, - ახლა წამოიდგინეთ, რა სავალალო მდგომარეობას ვაწყდები ხოლმე. 

ქალი, რომელიც თითქოს ბავშვობიდან დაჩაგრულია, დათრგუნულია და ვერც კი ბედავს და ცდილობს, - ვაიმე რამეს ხომ არ ჩავდივარ, რამეს ხომ არ ვაშავებო, ამაზე იტანჯება, როდესაც საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას იწყებს. 

პრობლემა ფსიქიკაშია. ამიტომ ვამბობ, რომ საჭირო პროგრამები სკოლიდანვე უნდა ჩავრთოთ. უნდა იყოს ტრენინგები, რომ პატარა გოგონები მოტივირებულები გავხადოთ სწავლაზე, განათლებაზე და არა ნაადრევ ქორწინებასა და შვილებზე. როცა აბსოლუტურად აღარ გაქვს იმის დრო, რომ რაღაც ფასეული შექმნა. უკვე მიჯაჭვული ხარ როგორც მონა, თუნდაც იმიტომ, რომ წასავლელი აღარსად გაქვს. პროფესია კი გაქვს, მაგრამ იმ პროფესიაში რა უნდა გააკეთო, ისიც აღარ იცი. 

- ამგვარი მდგომარეობა მერე ოჯახზე როგორ აისახება?

- ძალიან ცუდად აისახება. ასეთ ოჯახებში გაზრდილი ბავშვებიც პრობლემურები ხდებიან. ისინიც თავისებურად სტერეოტიპებითა და კომპლექსებით დამძიმებული ხდებიან. 

ერთი ქალბატონი მიყვებოდა, - იმის გამო, რომ თვითონ განერვიულებულია, ვეღარ ამყარებს ბავშვებთან ურთიერთობებს, სულ ყვირის, სულ ჩხუბზე მომართულია და ამით ბავშვებიც ძალიან ითრგუნებიან. მერე უკვე თვლიან, რომ მას რაღაც სჭირს, რომ აი შენ უკვე ავად ხარ და ა.შ. ეს ქალს ორმაგად თრგუნავს, ის ნერვებს ვეღარ იკავებს, ვერავისთან ვერ ახერხებს ამ ემოციის გამოტანას და ხდება შვილებზე ძალადობა. 

რასაკვირველია, ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვი ასევე ვეღარ ახერხებს ნორმალურად ურთიერთქმედებას. ყველა ერთნაირად ძლიერი და მოტივირებული არ იბადება. ისინი ითრგუნებიან, იკეტებიან და ცდილობენ, ამ სახლებიდან თვითონაც გაიქცნენ. 

ნაარდევი ქორწინების უმრავლესობისას, როდესაც იკვლევ, თუ რატომ დაქორწინდნენ 17-18 წლის ასაკში, გიყვებიან, რომ ძალიან მძიმე სიტუაცია ჰქონდათ; რომ მამა ძალადობდა დედაზე, დედას არაფერი შეეძლო, ხოლო მას ამის ყურება არ შეეძლო; პირველივე შემხვედრს ცოლად გაყვა და იგივე დრამა და სცენარი გამეორდა. 

აი ხომ ხედავთ, როგორ ჯაჭვურ რეაქციას იწვევს ეს ყველაფერი. ამიტომ მივიჩნევ, რომ ჩვენ როგორც საზოგადოება სადღაც უნდა გავჩერდეთ. პოლიტიკოსები, არაპოლიტიკოსები, სასულიერო პირები, მოაზროვნეები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები, ექიმები, მასწავლებლები უნდა გავერთიანდეთ ამ საქმეში. მით უმეტეს, როცა ჩვენ ყოფაში ამ ყველაფერს ასეთი საზარელი მკვლელობების სახე მიეცა. 

ხშირად პატრულის ჩარევაც საპირისპირი შედეგის მომტანი ხდება. ერთი ადვოკატი ქალბატონის მონაყოლს მეუბნებოდა, რომ როდესაც ოჯახურ ძალადობაზე პატრული გამოვიძახე, მისი მხრიდან ცინიკური დამოკიდებულება იყოო; ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ მას მამაკაცის მხარე ეჭირა, რადგან თვითონვე ამბობდა, რომ მეც ცოლი მყავს და რას ქვია ასე გავაკეთეო.  

მაგრამ ყველგან ხომ ჩვენი სოციუმიდან გამოსული ადამიანები მუშაობენ? ყველა სფეროში პატრიარქალური აზროვნებაა გაბატონებული და ის, ვინც რეალურად ქალს უნდა იცავდეს, საბოლოო ჯამში ნებით და უნებლიედ მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს.

- გამოსავალი სად არის, სად უნდა გავჩერდეთ და ადეკვატური ნაბიჯები გადავდგათ?

- პირველ რიგში პატრიარქალურ დამოკიდებულებაზე უნდა გავჩერდეთ, ჩვენ რელიგიაში მუდმივ ხაზგასმაზე მამაკაცის უფლებებთან დაკავშირებით, ბავშვების აღზრდა სკოლიდან უნდა დავიწყოთ... 

ახლა, სხვათა შორის, ძალიან საინტერესო პროექტში ვარ ჩართული, ეს არის ლიკა ყაზბეგის წარმტებული ქალი პოდიუმზე, - ძალიან წამახალისებელი ღონისძიებაა (თავისებურად  ლამაზი შოუა და შემგარ ქალებს გულისხმობს, რომლებიც გამოდიან და სხვადასხვა ტანსაცმელს აჩვენებენ). ესეც ერთგვარი სტიმულია, რომ ვიღაცამ შეგხედოს, მოუნდეს, რომ ისიც ასევე წარმატებული, შემგდარი იყოს.

ჩვენ ბავშვებს უნდა ვაჩვენოთ, თუ რამდენი შეუძლია ქალს. უნდა მოვუყვეთ ცნობილი, წარმატრებული ქალბატონების ბიოგრაფიები, ამ მონაკვეთების სასკოლო პროგრამებში შეტანაც კი შეიძლება. როგორ და რამდენი იშრომეს ცნობილმა და წარმატებულმა ქალებმა, რომ თავი დაეღწიათ და წარმატებისთვის მიეღწიათ, როგორ გადალახეს ეს ბარიერები და ა.შ. 

გვჭირდება განათლებაში რესურების ჩადება. ოჯახებიც უნდა დაფიქრდნენ, რისთვის სწირავენ საკუთარ შვილებს, რატომ უნდა გაწირო შვილი იმისთვის, რომ ვიღაცის ოჯახში წავიდეს და შემდგომში სულ დათრგუნული იყოს. 

ამიტომ ძალიან ბევრი საუბრები, ლექციები და ტრენინგები გვჭირდება. სკოლებიდან დანერგვა, რომ გოგონებმა პირველ რიგში უნდა იზრუნონ საკუთარ განათლებაზე, დამოუკიდებლობაზე, საკუთარ უფლებებზე... და შემდგომში ოჯახების არჩევისას უფრო წარმატებული გამოვა, ღალატიც ნაკლები იქნება და მეტი პატივისცემა. 

ჩვენ ამ გზით გაცილებით ჯანსაღი თაობაც გვეყოლება. შეხედავენ, რომ დედა სადღაც დათრგუნული კუთხეში კი არ ზის, არამედ ის ძლიერი ქალია, გნებავთ დიასახლისი, მაგრამ აბსოლუტურად იცის საკუთარი უფლებები და ასევე ლაღად ზრდის საკუთარ შვილებს.              

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია