მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„საქართველოს უსახლკაროთა პრობლემების გადაჭრის სტრატეგია არ გააჩნია“ - 21 დეკემბერი 2016

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ნარკოდამოკიდებულ პირებს, თავშესაფრებით სარგებლობა არ შეუძლიათ“

ufleba.ge

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მინიტორინგის ცენტრი“ აცხადებს, რომ სადღეისოდ ქართულ სახელმწიფოს არ გააჩნია უსახლკარობის ხედვა და მასთან ბრძოლის სტრატეგია, ინფორმაცია მის გამომწვევ მიზეზებსა და უსახლკაროთა რაოდენობაზე, ასევე უსახლკაროთა პრევენციისა და რეაგირების ერთიანი სისტემა. არასამთავრობო ორგანიზაციის სპეციალურ კვლევაში აღნიშნულია, რომ უსახლკაროთა პრობლემა საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში მას სათანადო ყურადღება არ ეთმობა. დოკუმენტის ავტორები ქვეყნის ხელმძღვანელობას უსახლკაროთა პრობლემების გადაჭრის გრძელვადიან გეგმის შემუშავებას სთავაზობენ. 

„კვლევამ აჩვენა, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან უსახლკარობასთან ბრძოლის პოლიტიკის არქონა და სუსტი მუნიციპალური პოლიტიკა ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევას სრულიად ფრაგმენტარულს ხდის და ადგილობრივ დონეზე თანამედროვე და ეფექტური მიდგომების შემუშავებას გამორიცხავს“, - აღნიშნულია კვლევაში. 

ორგანიზაცია ქვეყნის ხელმძღვანელობას რეკომენდაციით მიმართავს  შემუშავდეს ერთიანი სტრატეგია, რომელიც კვლევის მონაცემებს დაეყრდნობა. ავტორებს მიაჩნიათ, რომ სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩართული უნდა იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის აპარატი და თვით უსახლკაროები. 

კვლევაში აშნიშნულია, რომ უსახლკარობის დაძლევის გრძელვადიანი სერვისები, მათ შორის სოციალური საცხოვრისის და საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის პროგრამები ფაქტიურად არ მოქმედებს, რაც, თავის მხრივ, უსახლკაროთა მდგომარეობის შეცვლას შეუძლებელს ხდის. 

„თბილისში 86 ათასი პოტენციურად უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს. უკიდურესი სიღარიბის მიუხედავად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არქონის გამო, უსახლკარო პირებს არ შეუძლიათ დარეგისტრირება სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ასევე მათთვის მიუწვდომელია სოციალური დახმარება“, - აღნიშნულია დოკუმენტში. 

„მცირე საფინანსო რესურსები და სერვისები, რომლებიც მოკლევადიან და გადაუდებელ საჭიროებებზეა მიმართული, უსახლკაროთა პრობლემებს გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ გადაჭრის“, - ხაზს უსვამენ კვლევის ავტორები. 

2015 წლის ნოემბრიდან მიმდინარე წლის აგვისტომდე, მხოლოდ თბილისის რაიონულ ადმინისტრაციებს უსახლკაროთა სტატუსის რეგისტრაციის თხოვნით 2 ათას 750 მოქალაქეზე მეტმა მიმართა. კომისიამ მხოლოდ 501 განაცხადი განიხილა. აქედან დადებითი რეკომენდაცია 275 პირზე გაიცა, უარი მიიღეს 191 შემთხვევაში. 

ადრე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დედაქალაქში აღწერა ჩაატარეს და უსახლკაროების მონაცემთა ბაზა შექმნეს. აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 3 ათას ოჯახს არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი და პრაქტიკულად ცხოვრობენ ქუჩაში. ამ მონაცემთა ბაზაში მოხვდნენ ოჯახები, რომლებმაც დაკარგეს სახლები სტიქიური უბედურების შედეგად, იპოთეკური კრედიტისა ან სოციალური პრობლემების გამო. იქ არ შევიდა მონაცემები უძულებით გადადგილებულ პირთა შესახებ, რადგან მათი პრობლემებით შესაბამისი სამინისტროა დაკავებული.

თათული ჭუბაბრია, იურისტი, კვლევის ავტორი: 

- დღეს არ არსებობს უსახლკარობის სტრატეგია, ასევე სამოქმედო გეგმა, საქართველოში არ არსებობს არანაირი სტატისტიკა, რომელიც ამ უსახლკარო ადამიანებს აღრიცხავდა, ასევე აღრიცხავდა მათ საჭიროებებსა და უფლებრივ მდგომარეობებს

უსახლკარობა და სათანადო საცხოვრისის არქონა საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, თუმცა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეებში ეს საკითხი არასათანადოდ არის აღიარებული. პრობლემის სიმწვავის მიუხედავად არ ხდება ამ გამოწვევის წინაშე მდგარ პირთა საჭიროებების, ასევე უსახლკარობისა თუ სათანადო საცხოვრისის არქონის ფორმების და გამომწვევი მიზეზების შესწავლა. 

უსახლკარობის პრობლემის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა არის კოორდინაციის არარსებობა სახელმწიფო უწყებებს შორის. 

სახელმწიფოს დღეს არ გააჩნია კოორდინაციის მექანიზმები ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე პოლიტიკის წარსამართავად. ასევე ცენტრალური ხელისუფლება სათანადო დონით არ აწარმოებს იმ პოლიტიკას, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტებს შეეძლებოდათ პრობლემების აღმოფხვრა და სამოქმედო გეგმის შესრულება. 

ამიტომ, ის, რომ დღეს გარკვეული ვალდებულებები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს აკისრიათ, არ წყვეტს პრობლემას, რადგანაც არ არსებობს საერთო გეგმა. მწვავე საკითხებს შორის არის ასევე ინტეგრული ხედვის არ არსებობა უსახლკარობის პოლიტიკის სხვა პოლიტიკასთან, როგორიცაა დასაქმება, ჯანდაცვა, თუნდაც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკა. 

ასევე დამატებით პრობლემა არის დისკრიმინაციული მიდგომა, რომლის მიხედვითაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ნარკოდამოკიდებულ პირებს, თავშესაფრებით სარგებლობა არ შეუძლიათ.

ეროვნული კანონმდებლობა ვიწროდ განმარტავს საცხოვრისის უფლების შინაარსსა და მას უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფას უკავშირებს. ამასთან, უსახლ-კარო პირის ცნების ბუნდოვანება ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა უსახლკარობის სხვადასხვა გამოვლინების ამ ცნებაში მოქცევასთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა საცხოვრისის საჭიროების მქონე არაერთი ჯგუფი ცნების მოქმედებით არეალის მიღმა დატოვოს. 

კვლევაში „უსახლკარობა სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკა“ წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები სახელმწიფოს მიერ უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის კონკრეტული მიმართულებების შექმნის, გაძლიერების და გაუმჯობესების მიზნით. კვლევა სახელწოდებით „უსახლკარობა სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკა“ არასამთავრობო ორგანიზაციამ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს გააცნო.

თავის მხრივ სახალხო დამცველი იმ სისტემურ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც უსახლკარო პირების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის კუთხით დგას სახელმწიფოში. კერძოდ, ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული უსახლკარობის დასაძლევად საჭირო სამოქმედო გეგმა; არ არსებობს უსახლკარო პირების შესახებ მონაცემთა ბაზები, რის შედეგადაც უცნობია ქვეყანაში უსახლკარობის რეალური მასშტაბები; ეროვნულ დონეზე არსებული უსახლკარო პირის დეფინიცია არ ფარავს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სათანადო საცხოვრებლის უფლების ფარგლებში გათვალისწინებულ სუბიექტებს.

ამ თემაზე „ქრონიკა პლუსი“ სათნოების სახლ „კათარზისის“ ხელმძღვანელს, ზაურ ალადაშვილს ესაუბრება:

- ბატონო ზაურ, რატომ არ არსებობს ქვეყანაში უსახლკარობის სტატისტიკა და რამდენად გამოხატულია ეს პრობლემა?

- კვლევის შედეგებს, რომ საქართველოში უსახლკარობის რეალური სტატისტიკა არ არსებობს, ვეთანხმები. ასეთი სტატისტიკა ბოლო 15 წლის განმავლობაში მე საერთოდ არ გამიგია. ადრე რა ხდებოდა, ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. 

ამასთან ვფიქრობ, რომ პრობლემა ბევრად უფრო მწვავე ადრეულ წლებში იყო, ვიდრე დედაქალაქის მერია მაშინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით გააკეთებდა უსახლკაროთ თავშესაფარს, რომელიც დღეს ლილოში ფუნქციონირებს. 

პრინციპში, იქ მხოლოდ თბილისელებს იღებენ და ციფრიც შესატყვისია. მათი რაოდენობა ბევრად დიდია, თუ საქართველოს მასშტაბს ავიღებთ. დედაქალაქის ფარგლებს გარეთ დღეს ქვეყანაში რაიმე თავშესაფარი არ გვაქვს. 

ანუ, თუ ადამიანი თბილისში ჩაწერილი ან დარეგისტრირებული არ არის და რეალურად უსახლკაროდ დარჩა, მისი მიღება ლილოს თავშესაფარში და არც ხვაგან არ ხდება. სადღეისოდ, უსახლკაროთათვის მარტო ეს ობიექტი ფუნქციონირებს. 

აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, პრობლემა მწვავეა. 

თუ შევადარებთ, როგორ ხდება განვითარებულ ქვეყნებში აღნიშნულ პრობლემატიკაზე მუშაობა, ჩვენ მხოლოდ ამ საკითხის გადაჭრის საწყის ეტაპზე ვიმყოფებით. ასე რომ, სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს.

- სტატისტიკის არარსებობას რას უკავშირებთ?

- ალბათ, იმ კონკრეტული ადამიანების თუ სამსახურის უყურადღებობას თუ გულგრილობას, ვინც ამ პრობლემით უნდა იყოს დაკავებული. 

გარდა ამისა, თვითონ ეს საკითხიც მარტივად შესასწავლი არ გახლავთ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს გადამფრენი ჩიტების სტატისტიკას შევადაროთ (რამდენი ჩიტი გადაიფრენს საქართველოზე და ა.შ.), მაგრამ ეს ამ თემას რაღაცით მაინც ჰგავს. რადგან ჩვენ არ ვიცით, სად უნდა ვეძიოთ ისინი, ვინც არსად არ არის რეგისტრირებული.    

თბილისში ამის გაკეთება მეტ-ნაკლებად შესაძლებელია, რადგან არის კომპაქტური ადგილები. ზამთრის პირობებში ისინი იკრიბებიან იმ ადგილებში, სადაც მეტი სითბო გამოდის. ვთქვათ, მეტროსადგურების სიახლოვეს; ან ეს ყოფილი ნანგრევებია, მიტოვებული შენობების ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია პატარა კოცონის გამართვა, გათბობა და ა.შ. 

რაიონებში ეს ყველაფერი ძალიან რთულადაა. რეგიონში ეს პრობლემა პრაქტიკულად შეუსწავლელი, აუთვისებელი ყამირია.

- ამ სიტუაციაში რაიონში მცხოვრებ უსახლკაროებს რა გამოსავალი აქვთ?

- იცით, მე მაგალითად კითხვას ცოტა სხვანაირად დავსვამდი, - ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანების პრობლემა ისევე იყოს გადაჭრილი, როგორც ვცდილობთ, რომ თბილისის ფარგლებში გადავჭრათ. რადგან რეალურად მათ არანაირი გამოსავალი არ აქვთ. 

ვთქვათ, ფული გინდათ და არ გაქვთ, ბინა გინდათ და არ გაქვთ, საჭმელი გინდათ და არ მოგეპოვებათ, რა გამოსავალი გაქვთ? 

ამიტომ ძალიან რთულია აქ რაიმე კანონიერ, ლეგალურ და ცივილიზებულ გამოსავალზე საუბარი.

- „კათარზისის“ სახლი სადღისოდ რა შემხებლობაშია ამ პრობლემატიკასთან?

- სადღეისოდ არანაირ პირდაპირ მიმართებაში არ გახლავართ. ჩვენ მასთან შეხებაში, ალბათ, ერთადერთი არასამთავრობო კი არა, სამთავრობოც ვიყავით, როდესაც ამ თემაზე უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ვმუშობდით (ცოტა მეტი თუ არა). ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან მოყვანილი, შემდგომ გადამისამართებული უსახლკაროების სტატისკიკის შედგენა  დაახლოებით 20 წლის წინ დავიწყეთ. 

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ეს თემა თავის ხელში აიყვანა, ბუნებრივია, პრობლემამ ჯერ მოსკოვის გამზირზე უსახლკაროთა თავშესაფარში გადაინაცვლა, სადაც „კათარზისი“ პრაქტიკულად ოპერირებდა. ხოლო მას მერე, რაც ლილოში სტაციონარული შენობა ააშენეს და იქ გადავიდნენ, რაც საქალაქო სამსახურმა ეს პრობლემა საკუთარ თავზე აიღო, „კათარზისი“ აღნიშნულ თემას ჩამოშორდა. 

- სათნოების სახლში რამდენი ბენეფიციარი გყავთ?

- თუ თბილისის ორგანიზაცია იგულისხმება, ჩვენ 310 ბენეფიციარი გვყავს. უფრო სწორად, ყოველდღიურად 310 სადილი კეთდება იმ საერთო სტატისტიკაზე დაკვირვებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენთან ვაწარმოებთ. 

რეალურად, აღრიცხვაზე დაახლოებით 500-მდე ადამიანია. მაგრამ ჩვენ ვიცით, კონკრეტულად როგორ ხდება ხოლმე, ბენეფიციართა ამ რაოდენობის არსებობის პირობებში რამდენი ადამიანი ახერხებს ყოველდღიურად ასაკიდან გამომდინარე ჩვენთან მოსვლას. და ამიტომაც ყოვედღიურად 310 სადილი კეთდება.

- თქვენთან ადგილზე რამდენი რჩება?

- 14 საწოლი ადგილი გვაქვს.

- რის გაუმჯობესებას ცდილობთ?

- თუკი რაიმე შესაძლებელია, ყველაფრის გაუმჯობესებისკენ მივისწრაფვით. რადგან იმისკენ ვართ მიმართული, რომ არცერთი წუთით ადგილზე არ ვიდგეთ. შენ თუ ადგილზე დგახარ და არ ვითარდები, ეს იმას ნიშნავს, რომ უკან მიდიხარ. ამიტომ ჩვენი დევიზი წინ სიარულია. 

- მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების გზაზე რას მიაღწიეთ?

- თუ დღეს ჩვენ ხანდაზმულებს უკეთესი სადილი აქვთ, ვიდრე 5-6 წლის წინ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით რაღაცას მივაღწიეთ. 

თუ თქვენ იმ მანსარდას გულისხმობთ, რომელიც ჩვენ შენობას დააშენეს და გვინდოდა, რომ ეს ჩვენ განკარგულებში დარჩენილიყო, არის კიდეც დღეს ჩვენ მფლობელობაში. 

პირველი რიგის ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ამ გამოთავისუფლებულ 700 კვადრატულ მეტრ სივრცეში მოთავსებული იქნას საქართველოში პირველი კლასიკური ჰოსპისი, რომელიც თავის თავზე ხანდაზმულებზე ზრუნვის მთელ ციკლს აიღებს. აქ უკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანებზე ზრუნვის სრული ციკლი იგულისხმება.    

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია