მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"სამუშაო ადგილებზე წელიწადში 42 ადამიანი იღუპება და 80 ადამიანი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე ტრავმებს იღებს" - 22 დეკემბერი 2016

"არ არსებობს შრომის ტექნიკური ინსპექცია, არ გვაქვს კანონი "სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ", არ გვაქვს რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის არც ერთი კონვენცია, რომელიც შრომის უსაფრთხოების საკითხებს ეხება" 

ufleba.ge

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, 2016 წლის 3 დეკემბერს, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის პატარიძის სახელობის მაღაროზე, 22:30 საათზე, უბედური შემთხვევის შედეგად ელმავლის მემანქანემ პაატა ღავთაძემ სიცოცხლისთვის არათავსებადი ტრავმა მიიღო, რომელიც ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

პირველადი ინფორმაციის თანახმად, პაატა ღავთაძემ ცარიელი ვაგონები უბნის "ასაქცევში" დატოვა და თვითონ დატვირთული ვაგონების გამოსატანად მაღაროში შევიდა. უკან მადნით დატვირთული ვაგონები წამოიყვანა და "ასაქცევს" მიუახლოვდა, ელმავლიდან თავი გამოყო რათა დაენახა პარალელურ ლიანდაგზე მდგარი ცარიელი ვაგონები და ორ შემადგენლობას შორის არსებული მცირე მანძილის გამო თავზე ტრავმა მიიღო.

პროფკავშირის თავმჯდომარის, თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, პაატა ღავთაძის დაღუპვის ფაქტს სპეციალური კომისია შეისწავლის. მისივე თქმით, აღნიშნული კომისია დაადგენს იყო თუ არა ეს უბედური საწარმოო შემთხვევა. ღავთაძე მაღაროში მემანქანედ 3 წელი მუშობდა.

სახალხო დამცველი მაღაროელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციების მიღება და მათი შესრულების მკაცრი მონიტორინგი.

"სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს მაღაროელის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციების მიღება და მათი შესრულების მკაცრი მონიტორინგი, რომელიც მინიმუმადე შეამცირებს სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას. 

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს სამთო–სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევით.

სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყონებლივ დაიწყოს კონკრეტული ქმედითი ღონისძიებების გატარება შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დასაქმებულთა ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფისათვის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N81 კონვენციის (შრომის ინსპექციის შესახებ), N129 კონვენციის (სოფლის მეურნეობაში შრომის ინსპექციის შესახებ), N155 კონვენციისა (შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ) და ევროპის სოციალური ქარტიის მე–3 მუხლის (უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება) რატიფიცირების პროცესი.

ჭიათურის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების პრობლემების სიმწვავეს", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. 

თავის მხრივ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ უკვე არაერთი შემთხვევა გვაქვს, როცა ადამიანები იღუპებიან და აქ არა მხოლოდ შრომის უფლებებზე, არამედ სიცოცხლის უფლებაზე შეიძლება ვისაუბროთ. ნაცვლიშვილის თქმით, როცა ადამიანი შრომობს და მას არ აქვს შრომის უსაფრთხო პირობები, ამას ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო და დამსაქმებელი, ეს ძალიან შემაშფოთებელია 21-ე საუკუნეში. 

"ძალიან შემაშფოთებელია, რომ ამის გამო ადამიანები იღუპებიან. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი 21-ე საუკუნეში. ამას მრავალი განმაპირობებელი აქვს, თუმცა მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს შრომითი ინსპექცია, რომელიც მოახდენს ობიექტების ინსპექტირებას, რომ მსგავსი პრობლემებისგან მაქსიმალურად იყოს დაცული ადამიანები. არ ვფიქრობ, რომ ის მდგომარეობა რომელიც შრომითი უფლებების მიმართულებით არის შექმნილი, არის მხოლოდ სოციალური და შრომითი უფლებები. ჩვენ უკვე არაერთი შემთხვევა გვაქვს, როცა ადამიანები იღუპებიან და ვფიქრობ, აქ უკვე შეიძლება არა მხოლოდ შრომის, არამედ სიცოცხლის უფლებაზე დაისვას საკითხი", - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. 

მისივე თქმით, აღნიშნული მძიმე მდგომარებით რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო და ქვეყანაში უსაფრთხო შრომითი პირობები მხოლოდ დეკლარირებული ღირებულება არ უნდა იყოს. 

"ქრონიკა პლუსი" მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელს, თამაზ დოლაბერიძეს ესაუბრება:

- ბოლო ინფორმაციით, პაატა ღავთაძემ ცარიელი ვაგონები უბნის "ასაქცევში" დატოვა და თვითონ ელმავლით დატვირთული ვაგონების გამოსატანად შევიდა მაღაროში. უკან მადნით დატვირთული ვაგონები წამოიყვანა და "ასაქცევს" მიუახლოვდა; მოძრავი ელმავლიდან ტანის მთლიანი კორპუსით გადმოიწია და უკან მიტრიალდა, რათა დაენახა თუ როგორ გადმოივლიდა ლიანდაგის შეერთების ადგილს (ეგრეთ წოდებულ კრესტავინას) ის დატვირთული ვაგონები (რომლებიც მის ელმავალს ჰქონდა ჩაბმული). 

ამ დროს კი ზურგით დაეჯახა იმ ცარიელ ვაგონებს, რომელიც პარალელურ ლიანდაგზე იყო გაჩერებულ მდგომარეობაში. ყოველივე ამის შედეგად პაატა ღავთაძემ სავარაუდოდ ხერხემლის, ნეკნებისა და შინაგანი ორანოების დაზიანება მიიღო, რაც, საბოლოო ჯამში, მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.

შემთხვევის ადგილზე შსს-ს საგამოძიებო ორგანომ იმუშავა, გარდაცვლილს კი ტექნიკური და სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.

გამოძიების დასრულების შემდეგ შეიქმნება ფაქტის კვლევის კომისია, რომელშიც პროფკავშირის შრომის ინსპექტორების ჩართვასთან დაკავშირებით კომპანიამ თანხმობა უკვე განაცხადა. ამ ეტაპზე შეუძლებელია გაკეთდეს შეფასებები ბრალეულობასა და პასუხისმგებლობის შესახებ, რადგან კონკრეტული დეტალები მხოლოდ კვლევის შემდეგ იქნება ცნობილი, თუმცა იმის თქმა კი ნამდვილად შეიძლება, რომ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე.

2007 წლიდან 2016 წლამდე სტატისტიკის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, სამუშაო ადგილებზე წელიწადში 42 ადამიანი იღუპება და 80 ადამიანი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე ტრავმებს იღებს, დინამიკა კლებადი არ არის, უფრო მეტიც, 2015 წლის 12 თვეში რამდენი სასიკვდილო შემთხვევაც იყო, 2016 წელს იმდენივე იყო 6 თვის მონაცემებით.

ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისა და შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის სამსახურის საქმიანობა არაეფექტურია და აუცილებელია როგორც შრომის ინსპექციის შექმნა და სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის მიღება, ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის იმ კონვენციების რატიფიცირება, რომელიც შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას ეხება.

სახელმწიფო სტრუქტურებს, პროფკავშირებს, მასმედიას და არასამთავრობო სექტორს ამჟამად მხოლოდ იმის შესაძლებლობა გააჩნია, რომ მომხდარი ფაქტის შემდეგ მოახდინოს რეაგირება, შესაბამისად, აუცილებელია შრომის უსაფრთხოების მართვის იმგვარი სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საპრევენციო ხასიათის პროცესებს.

- გამოძიების დასრულების შემდეგ კონკრეტულად რა დეტალების გამორკვევა დაევალება ფაქტის კვლევის კომისიას? 

- პროფკავშირის შრომის ტექნიკური ინსპექტორი, რომელიც ფაქტის კვლევის კომისიაში იმუშავებს, კვლევის პროცესში დაინტერესდება შემდეგი საკითხებით: 

1. შემთხვევის დადგომისას ხომ არ იმყოფებოდა პაატა ღავთაძე ზეგანაკვეთური შრომის პროცესში და თუ ასე იყო, დოკუმენტურად გაფორმებული იყო თუ არა ეს გარემოება; 

2. როგორი იყო განათების ხარისხი შემთხვევის ადგილას და შეესაბამებოდა თუ არა დადგენილ ნორმებს; 

3. პაატა ღავთაძეს აღნიშნული სამუშაო უნდა შეესრულებინა მარტო, თუ უნდა ჰყოლოდა დამხმარე; 

4. წესრიგში იყო თუ არა ლიანდაგის ის მონაკვეთი, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა; 

5. რატომ დასჭირდა პაატა ღავთაძეს მთლიანი ტანის კორპუსით ელმავლის გაბარიტების გარეთ გადმოწევა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები...

- მანამდე კიდევ ერთხელ ჩამოვაყალიბოთ, რა სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე? 

- არ არსებობს შრომის ტექნიკური ინსპექცია, არ გვაქვს კანონი "სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ", არ გვაქვს რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის არც ერთი კონვენცია, რომელიც შრომის უსაფრთხოების საკითხებს ეხება.  

ყოველივე ამის შედეგად სამუშაო ადგილებზე დასაქმებულებს ექმნებათ ისეთი სამუშაო გარემო, როდესაც იძულებული ხდებიან შრომის უსაფრთხოების ნორმები დაარღვიონ. შრომის ნორმების დასაქმებულთა მიერ დარღვევას, ხშირ შემთხვევაში პირდაპირ ან ირიბად  დამსაქმებლების მიერ შრომით-სამართლებრივი ნორმების დარღვევა იწვევს.

- ამ ფონზე, რა შედეგი მოაქვს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისა და შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის სამსახურის საქმიანობას? 

- აღნიშნული დეპარტამენტი 2015 წელს შეიქმნა, შესაბამისად, 2015 და 2016 მისი სამუშაო წლები იყო. როგორც შრომის სამინისტროს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რამდენიმე ათეული კომპანიის მონიტორინგი მოახდინეს კიდეც. თუმცა რამდენიც სამუშო ადგილებზე მთელი 2015 წლის განმავლობაში გარდაიცვალა (41 ადამიანი), 2016 წლის ივნისის მონაცემებით გარდაცვლილი თითქმის იმდენივე (40 ადამიანი) იყო. 

ამ დეპარტამენტის მუშაობა ეფექტური რომ არ არის სტატისტიკაც გვაჩვენებს.

- გამოსავალი სად არის? 

- უნდა შეიქმნას შრომის ინსპექცია, როგორც შრომის კანონმდებლობის და მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების აღმასრულებელი ორგანო. მას უნდა ჰქონდეს უფლება ყოველგვარი წინასწარ გაფრთხილებისა და მიწვევის გარეშე შეამოწმოს საწარმო და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კომპანიებზე სანქციების დაწესების უფლება უნდა ჰქონდეს. 

ამ ინსპექციის ფუნციებში უნდა შედიოდეს შრომით-სამართლებრივი საკითხების გაკონტროლება და მასთან დაკავშირებულ დარღვევებზე რეაგრებაც.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ჭიათურაში, მაღაროში მემანქანის მხრიდან შრომითი უსაფრთხოების ნორმები უხეშად იგნორირებული იყო. 

ზაქარია ზალიკაშვილი: კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" პიარ დირექტორი:

- დაიღუპა ელმავლის მემანქანე. რაც გვაქვს წინასწარი მონაცემები, დაზარალებულის მხრიდან უხეშად იგნორირებული იყო შრომითი უსაფრთხოების ნორმები. საქმე 204-ე მუხლით კვალიფიცირდება და პროკურატურას გადაეცა. გარემოებები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. წინასწარი მონაცემები, ჩვენი შრომითი უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებს ეყრდნობა.

კომპანია შრომითი უსაფრთხოების სტანდარტებს მაღლა აყენებს. 

სახელმწიფოში სტანდარტები დადგენილი და გაწერილი ყოველი პროფესიული დარგის მიხედვით (ვინც მაღალ ძაბვაზე, სიმაღლეებზე მუშაობს და ა.შ.) დახვეწილი არ არის და ამ მხრივ, ძალიან დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი. 

სტატისტიკის თანახმად, წინა წლებთან შედარებით, საწარმოო ტრავმები შემცირებულია, თუმცა შემთხვევები მაინც ხდება.

უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ძიება მიზეზებს ადგენს, ეს არის შრომითი უსაფრთხოების ნორმების უხეში იგნორირება და დარღვევა.

სანამ კომპანიაში თანამშრომელს მიიღებენ, მათ ორკვირიანი ინტენსიური ტრენინგი უტარდებათ მხოლოდ შრომით უსაფრხოებაში, წელიწადში ორჯერ ყველას უტარდება შრომითი უსაფრთხოების ინტენსიური ტრენინგი, ხოლო, რაიმე შემთხვევის დადგომისას, პრეცენდენტული გარჩევა ხდება. ამასთან ჯგუფი, რეგულარულად ამოწმებს რამდენად იცავენ თანამშრომლები შრომით უსაფრთხოებას მაღაროში, ქარხნებში, ღუმელებთან და ა.შ.

შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოცდილ მუშებში უფრო ხდება, ვიდრე ახალბედებში.

კომპანია გარდაცვლილი მემანქანის დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს, ბრალეულობის შესახებ კი ინფორმაცია მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია