მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ბეტონის ყუთებში მყარად გამოკეტილი შშმ პირების ქვეყანა - 25 დეკემბერი 2016

მთავარი პრობლემა პასუხისმგებელ პირთა უმოქმედობაა“

გერა მამულაშვილი (ბლოგი)

თავდაპირველად, გთავაზობთადამიანის უფლებათა ცენტრისბოლო განცხადებას განსჯისთვის. არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას მიმართავს, გაატაროს მკაცრი ადმინისტრაციული ზომები და სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყვიტოს თბილისის №67 სკოლის დირექტორსა და ამავე სკოლის პედაგოგს.

ადამიანის უფლებათა ცენტრისამართლებრივ დახმარებას უწევს მოქალაქეს, რომელიც ითხოვს მისი შვილისთვის განათლების სრულფასოვანი მიღებისთვის ქმედითი ღონისძიებების გატარებას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უფროსკლასელ ..- აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები და ამას თან ერთვის თანაკლასელთა მხრიდან სისტემატიური ფიზიკური და ვერბალური ძალადობა, რასაც ხელს უწყობს სკოლის დირექტორის, დამრიგებლისა და სხვა პასუხისმგებელ პირთა უმოქმედობა.

ზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კანონის 33- მუხლისქვეპუნქტის თანახმად, ..- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დაუწესოს შეღავათები მისი სწავლისა და აღზრდისთვის აუცილებელი პირობების შესაქმენლად. თუმცა, რეალურად არ ხორციელდება ისეთი ძირითადი უფლების დაცვაც კი, როგორიცაა სკოლის ტერიტორიაზე მყოფი მოსწავლეების უსაფრთხოება.

მთავარი პრობლემა პასუხისმგებელ პირთა უმოქმედობაა. 2015 წლის დეკემბერში ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში მშობლის, ..- განცხადების საფუძველზე, მშობლის თანდასწრებით გააფრთხილეს ..- თანაკლასელი, რათა შემდგომში აღარ მიეყენებინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კლასელისთვის შეურაცხყოფა და დაეცვა სკოლის შინაგანაწესი. ამის მიუხედავად, ძალადობა ისევ პერმანენტული ხასიათის იყო, კვლავ გრძელდებოდა ..- მიმართ ბულინგი.

2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის მაისამდე მოსწავლე .. არ ცხადდებოდა სკოლაში, ვინაიდან მისთვის გაუსაძლისი იყო დაცინვისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ობიექტად ყოფნა.

ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის მე-7 მუხლის მიხედვით, შშმ ბავშვების მიმართ სახელმწიფომ ყველა ზომებს უნდა მიმართოს, რათა შშმ ბავშვები სხვა ბავშვების თანასწორად სარგებლობდნენ ადამიანის უფლებებითა და ყველა ფუნდამენტური თავისუფლებით.

ზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-8 ნაწილით, მოსწავლეს უფლება აქვს, დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან. ამავე კანონის მე-20 მუხლით, სკოლა ვალდებულია, ძალადობის, ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფაზე დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

..- უფლებებისა დასაცავად არ ხორციელდება არც საერთაშორისო და არც ეროვნული კანონმდებლობის დათქმა, ვინაიდან ბოლო 2 წლის განმავლობაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების უმოქმედობის გამო ვერ აღიკვეთა მის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა. ამის გამო .. სკოლაში თვეების განმავლობაში არ გამოცხადებულა. შედეგად დაირღვა მისი განათლების უფლება.

შშმ მოსწავლე .. დღესაც უარს ამბობს სკოლაში სწავლაზე, რისი მიზეზიც მის მიმართ განხორციელებული გაუსაძლისი დაცინვა და ფიზიკური შეურაცხყოფაა.

ადამიანის უფლებათა ცენტრიგანათლების მინისტრისგან მოითხოვს, გატარდეს მკაცრი ადმინისტრაციული ზომები და სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდეს პირებს, რომლებიც უმოქმედობით მონაწილეობას იღებენ შშმ მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში”, - ნათქვამია განცხადებაში.

...

თუ ამ კონკრეტულ საკითხში მთავარი პრობლემა პასუხისმგებელ პირთა უმოქმედობაა, ზოგადად, არსებულ მდგომარეობაში დამნაშავე ქვეყანაში არსებული ის ძალადობრივი გარემოა, რაც, უპირველესად, სკოლასა და ბავშვებზე აისახება. საბჭოური სკოლის შენობებიც კი ციხის კორპუსებს ჰგავსო, შენიშნა მოაზროვნემ. ხოლო აქ სუსტის დაჩაგვრა სამამულოკაიბიჭობისყველაზე მახინჯი გამოხატულებაა, რადგანავადმყოფი საწოლში უნდა ..., ძმაო“.

მთავარი ბოროტმოქმედი სისხლში ღრმად ჩამჯდარი ბრბოს ფსიქოლოგიაა, რომელიც თავის გზაზე სუსტსა და დაუცველს, უბრალოდ, ანდგურებს.

...

შტრიხები ჩვენივე ყოფიდან

ოთო სავარჯიშოდ კუსტბის ფერდობის სარბენ ბილიკზე გამოდის. ის აუტიზმით არის დაავადებული. ყოველდღე, ერთი და იმავე დროს იწყებს და ამთავრებს ფიზიკურ დატვირთვას. ერთადერთი გამონაკლისი ბუნების ჭირვეულობაა (წვიმა, სეტყვა, თოვლი), როცა არ ჩანს და ეს ყველასთვის თვალშისაცემი ხდება. ის ხომ ერთადერთი ადამიანია, ვინც ყველა მოსეირნე-მოვარჯიშის შესახებ მონაცემები ზეპირად იცის, - ოჯახის წევრები, ნათესავები, თითოეულის სახელები, სამუშაო ადგილები, სიდედრ-სიმამრების წარმომავლობა, გარე ბიძაშვილების ცხოვრება და მოღვაწეობა და .. ვინმეს თუ შორეული ნათესავის რამე მონაცემი დაავიწყდება, ოთოს მიმართავს და ისიც დახმარებისთვის ყოველთვის მზადაა.

ასევე ერთი და იმავე კითხვების დასმა, მათი მრავალჯერ გამეორება უყვარს. უცხოს უკვირს, ხოლო აქ მოვარჯიშეებისთვის ჩვეულებრივი ამბავია, რადგან ის აქ ყველას ძმაა და არავის დააჩაგვრინებენ. ბუნებისა და ფიზიკური აქტივობის წყალობით, აუტისტი ოთო აქ ყველაზე კონტაქტური და საყვარელი ადამიანია და უიშვიათესად მისი არყოფნაც მოვარჯიშეებისთვის თვალშისაცემია.

ამასთან, საოპერო ხელოვნების დიდი მოყვარულიცაა და პრემიერას არ აცდენს. ხანდახან იმასაც კითხულობს ხოლმე: „მამაჩემმა მითხრა, რომ ნურავის გადაეკიდები და ერთ და იგივე კითხვას ბევრჯერ ნუ უსვამო, მიპასუხე, ხომ მართალია მამაჩემი?“, - ამ დროს ფართოდ გახელილ თვალებში იმხელა ადამიანური სევდა და სინანული აქვს, რომ ყველა ეთანხმება და ამ თანხმობის თქმაშიც იქ არავინ იღლება.        

ხვიჩა აფხაზეთიდან დევნილია. მშობლიური კუთხიდან გამოდევნის შემდეგ მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად დედაქალაქის ერთ-ერთსაერთოშიდაიწყო ცხოვრება. ქვედა კიდურები ყოველთვის აწუხებდა და ამის გამო უფთხილდებოდა კიდეც. მსახვრალ ბედს სად წაუხვალ? წლების შემდეგ მაინც იძულებული გახდა, რომ შშმ პირების ეტლში ჩამჯდარიყო. ამის შემდეგ კორპუსის მეოთხე სართულზე ასვლა-ჩამოსვლა შუძლებელი გახდა, აქ (მით უმეტეს, ძველ კორპუსებში) ხომ ამისთვის არანაირი პირობები არ არსებობს.

დევნილმა ოჯახმა იმდენი ფხა გამოიჩინა, რომ ქვემოთ, ეზოში, ერთი ოთახი ამოაშენა და ამით ხვიჩას, ისედაც რთული ცხოვრება შეუმსუბუქა. ეტლიდან საკუთარი ფეხით ვეღარ ადგება, მაგრამ მისთვის ერთგვარი კომპენსაცია ავტომანქანის ტარებაა. თქვენ უნდა ნახოთ, ამ დროს თვალები როგორ ძველებურად ანთებული აქვს. ნამდვილი სიცოცხლე ხომ მოძრაობაშია და ხვიჩაც ერთ ადგილზე არ ჩერდება.

ალიკას ბოლო ხანს მხრების ტკივილები დაეწყო. ძალიან უნდოდა, რომ ყველაფერი ოპერაციის გარეშე დასრულებულიყო, მაგრამ კაცი ბჭობდა, ეშმაკი იცინოდაო. მიენდო დასტაქრებს და საკუთარი ნებით დაწვა სამედიცინო დანა-მაკრატლების ქვეშ. ოპერაცია თითქოს წარმატებით დასრულდა. გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ხერხემალს ზედმეტი რაღაცები მოაშორეს და რეაბილიტაციის შემდეგ ალიკა ნორმალურ, აქტიურ ცხოვრებას უნდა დაბრუნებოდა.

არ გამოვიდა ეს ამბავი. ტკივილები თითქმის ჩაცხრა, მაგრამ დამოუკიდებლად ვერაფრით ვეღარ გაიარა. ვისთან აღარ იყო მისული. სხვა ექიმებმა უთხრეს, რომ ოპერაცია დარღვევებით ჩატარდა და თანმდევი დაზიანების გამო, ის ძველებურად ვეღარ გადაადგილდებოდა. ალიკას თქმით, ვის რას დაუმტკიცებ ან რაღა აზრი აქვს, როცა ჯანმრთელობის ურემი გადაბრუნებულია? დარჩა სოფელში სავარძლისა და შვილის ამარა, რომლის დახმარებითაც ახერხებს ნაბიჯის გადადგმას. დღეს ნანობს ოპერაციას და ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში ყოფნას ისევ ტკივილების ატანა მერჩივნაო.

იაშა ქვემო ქართლის ერთ-ერთი დიდი სოფლის ნამდვილი კოლორიტია. ბავშობიდან ფსიქიკურად განუვითარებელია და ამის გამო ოჯახმა შესაბამისი საქმეც გამოუყო, - დილიდან საღამომდე საქონელს მწყემსავს. სოფელში ვინმეს თუ მუსიკალური ნიჭი აქვს განვითარებული, ეს პირველ რიგში იაშაა. ისე წაუმღერებს და სტვენასაც მიაყოლებს ხოლმე, რომ გარეული ფრინველების ღუღუნს არაფრით ჩამოუვარდება. გენიოსმა თქვა, ღმერთი ადამიანებს ჩიტების ჭიჭკჭიკითაც გვესაუბრებაო. ჰოდა, იაშა თავისი სოფლის კოლორიტობასთან ერთად, ცხოვრებაში ნაცადი თილისმაცაა. აქ ვისაც გაუჭირდება იაშასპირდება“, რომ ოღონდ გაუმართლოს და მისთვის არაფერს დაიშურებს. მართლაც, აქ ამბობენ, რომ იაშასთვისდაპირებულიყველაფერი სასიკეთოდ სრულდება, რადგან ის ხომ ღვთის შვილია და უფალი კიდევ თავისივე სახიერს გასაჭირში არასოდეს მიატოვებს.

ამის გამო იაშა სოფლის ყველა ოჯახში სასურველი სტუმარია, ეს მანაც იცის და არც ერთ დღეობას არ აცდენს. განსაკუთრებით ქორწილები ახარებს, როცა ცეკვა-თამაშით გულს იჯერებს. აი გლოვის დღეებზე რა მოგახსენოთ, მხრებჩამოშლილი სადღაც ეზოს კუთხეში დგას ან ზის ხოლმე და ხმას ვერ ამოაღებინებ.   

ასევე აფხაზეთიდან დევნილ იზოს ბოლო 25 წლის განმავლობაში, გაგიკვირდებათ და საკუთარი ვინაობა ვერ დაუმტკიცებია. საქმე ისაა, რომ ომის დაწყებისას ის თბილისში სწავლობდა და მხოლოდ სტუდბილეთი ჰქონდა. მერე ისიც სადღაც დაკარგა და დარჩა ყოველგვარი პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე. 90-იანებში, გარკვეული პერიოდი სამუშაოდ თურქეთშიც იყო. მძიმე წლები მასზეც აისახა და დღეს მის მდგომარეობას ქრონიკული (მისივე შეფასებით, მოურჩენელი) ნევროზი ჰქვია, რაც სრულფასოვან ცხოვრებასა და მუშაობაში ხელს უშლის. ვის არ მიმართა, რომ მისი ვინაობის დადგენა მომხდარიყო. ბოლოს ახალგაზრდა იურისტებმა ურჩიეს, რომ სასამართლოსთვის მიემართა. ახლა ბაჟის გადასახდელი ფული არ აქვს და ელოდება როდის შეძლებს ნანატრი პასპორტის აღებას.

- სიკვდილის შემდეგ მაინც ხომ უნდა შემეძლოს იმის დამტკიცება, რომ ნამდვილად იზოლდა ... ვარო“, - დაღონებული იტყვის ხოლმე

...

შშმ პირებისთვის ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა სახეზეა და ყვირის. ეს ყველაფერი ნაძალადევის რაიონში ცნობილიპანდუსითარც იწყება და არც მთავრდება. მაგალითად, ეს არის გადასავლელი ხიდების .. პანდუსები, რომელზეც შშმ პირის გადაყვანა, უბრალოდ, საშიშია. სკოლის მოსწავლეები ამას სასრიალოდ იყენებენ. ეს ხომ რეალურად ბობსლეის ტრასას უფრო ჰგავს, ზამთრის ოლიმპიადამდელს, რომელსაც ჩვენი სპორტსმენი, ნოდარ ქუმარიტაშვილი შეეწირა. ამიტომ ჯერ არ მინახავს, რომ მაგ. ვაკის ხიდზე შშმ პირი გადასულიყოს. ერთადერთი შშმ ქალბატონი (დამოუკიდებლად მოძრაობის უნარის მქონე) იყენებს ამ ხიდს, ისიც მოწყალების სათხოვნელად.

...

რატომ ვერ ვხედავთ, სად არიან ჩვენი საზოგადოების შშმ პირები? უბრალოდ, არ ჩანან, რადგან საზოგადოებამ ისინი ბოლომდე გარიყა. საუბრები უფლებებზე ლიტონ სიტყვებად რჩება, ეს ადამიანები კი სადღაც თავის სამყაროში არსებობენ, სადაც მომავლის იმედის აუტანელი ნაკლებობაა.

...

რა უფლებები აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებგაეროს 2006 წლის კონვენციის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სხვა პირთა თანაბრად აქვთ:

სიცოცხლის უფლება

კანონის წინაშე თანასწორობის უფლება

მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება

პიროვნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება

წამების ან სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელისაგან თავისუფლებლების უფლება

ექსპლუატაციისძალადობისა და შეურაცხყოფისაგან თავისუფლების უფლება

პიროვნების ხელშეუხებლობის  უფლება

მოქალაქეობისა და გადაადგილების თავისუფლება

დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ჩართვის უფლება

აზრისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება

საცხოვრებლისა და ოჯახის პატივისცემის უფლება

განათლების უფლება

ჯანმრთელობის უფლება

შრომისა და დასაქმების უფლება

ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის და სოციალური დაცვის უფლება

პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება

კულტურულ, სპორტულ, გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის  უფლება

ჩვენი სახელმწიფო გაეროს ამ კონვენციის ხელმომწერია, მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ ხმამაღლა დავსვათ კითხვა, - აქედან რამდენი უფლება არის უზრუნველყოფილი საქართველოში?

...

როდესაც საზოგადოება თავის აბსოლუტურად ჯანმრთელ წევრებს ვერ სთავაზობს სწავლის, დასაქმების, განვითარების რეალურ შესაძლებლობებს, იქ შშმ პირების სრულფასოვან დაცვაზე საუბარი შეუძლებელი ხდება. ამიტომ ჯერ პრობლემა უნდა ვაღიაროთ, მას თავისი სახელი დავარქვათ და მერე დავსახოთ რეალური გზები არსებული ყინულის გასალღობად.

ფიზიკური თუ სულიერი დარღვევა, რომლის შედეგად ადამიანს სხვა უნარები უვითარდება, საბოლოოდ, არა სამედიცინო პრობლემად, არამედ მისივე უპირატესობად იქცევა, - ეს ცნობილი ფსიქოლოგების დაკვირვების შედეგია. ზუსტი ფორმულირება ვერ გავიხსენე და ჩემეული სიტყვათწყობითაა, თორემ დამერწუნეთ, ნათქვამის შინაარსი არ დარღვეულა. ჰოდა, ბატონებო, რამდენი პოტენციური გენიოსი გვყავს სახლში გამოკეტილი, რომელსაც ვმალავთ და გამოჩენის გვრცხვენია?

....

და ბოლოს, „განათლება სინათლეა, ხოლო უსწავლელობა ბოროტება“, ამიტომ ჩვენ ამ მტკივნეული სფეროს გაუმჯობესება მეტი განათლებითა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებით უნდა დავიწყოთ. სხვა შემთხვევაში ისევ წლები გავა და შეგვრჩება ბობსლეის ტრასისმაგვარი „პანდუსები“ და საუბრები ადამიანებზე, რომლებიც „ბი-ბი-სი-ს“ შეფასებით, ბეტონის ყუთებში მყარად გამოკეტილი გვყავს.     

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია