მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა პრევენციულ ზომებს უნდა მიმართონ ადამიანებმა, რათა გრიპის შემთხვევები თავიდან აირიდონ? - 26 დეკემბერი 2016

„გრიპის საწინააღმდეგო აცრა ყოველ წელს, გრიპის სეზონის დაწყებამდე, საუკეთესო საშუალებაა რათა: შემცირდეს გრიპის რისკი; შემცირდეს მძიმე დაავადებების, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილის რისკი; თავიდან ავიცილოთ გრიპის ოჯახის წევრებზე, მეგობრებსა და სხვა ადამიანებზე გავრცელების ალბათობა“

ufleba.ge

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად გრიპის გავრცელება პრობლემატური ხდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით 4 საოჯახო დახმარების ცენტრი 24-საათიან რეჟიმში სწორედ ვირუსულ ინფექციებზე მოახდენს დროულ რეაგირებას.  პირველადი დახმარებით სარგებლობა უფასოდ არის ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის  მინისტრის განცხადებით, „ამ სეზონის გაზრდილი ავადობის სურათი უკვე გამოკვეთილია და ჩვენ გვაქვს დაახლოებით იგივე სიტუაცია, რაც მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გვქონდა“. დავით სერგეენკოს თქმით, გრიპისმაგვარი ვირუსით ავადობის გაზრდილი სურათი უკვე სახეზეა. 

„ეს არ არის ეპიდემია. მას თავის მახასიათებელი აქვს - 500-ზე მეტი დაავადებული 100.000 მოსახლეზე. საბედნიეროდ, ამ დროის მდგომარეობით, ავადობის რიცხვი არის 100.000 მოსახლეზე - 254“, - აღნიშნავს სერგეენკო. 

ჯანდაცვის მინისტრი ვირუსული ინფექციების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გაზრდილი მიმართვიანობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სასწრაფოს მუშაობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებისთვის, ალტერნატიული სადისპეტჩერო ამოქმედდება. 

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მიმართვიანობა. არსებული მდგომარეობით, რეაგირების გარეშე 550-ზე ზარი დაფიქსირდა. ამ გამოძახებების უმრავლესობა გრიპის სიმპტომების გამო იყო. ამდენად სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გაააქტიუროს იგივე პროტოკოლი, რითაც უწყება სამი კვირის განმავლობაში, მიმდინარე წლის იანვარში მუშაობდა. 

შეიქმნება ახალი სადისპეტჩერო, სადაც ასეთი ჩივილების მქონე პაციენტების ზარები გადამისამართდება და ამ დაავადებების მართვას უკვე ოჯახის ექიმები განახორციელებენ. დამატებით საოჯახო მედიცინის ცენტრები გაიხსნება, რომლებიც 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღეს იმუშავებენ და ეს იქნება ქმედითი ზომები, რათა გაზრდილი ავადობის სურათი მნიშვნელოვნად შემცირდეს“. 

დავით სერგეენკომ საგანმანათლებლო უწყებებში სასწავლო პროცესის შესახებ სტანდარტული პროტოკოლის ამოქმედებაზე გააკეთა აქცენტი. თუკი საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოუცხადებლობა 40%-ს გადააჭარბებს, სასწავლო პროცესი 3 დღით შეწყდება. 

„სასწავლო დაწესებულებებში, ბაღებსა და სკოლებში სტანდარტული პროტოკოლი ამოქმედდება. ყოველდღიური შეტყობინების საფუძველზე, თუკი გამოუცხადებლობა 40%-ს აღემატება, ასეთი დაწესებულება 3 დღის განმავლობაში დაიკეტება“, - განმარტავს მინისტრი. 

ქვეყნის პირველმა ექიმმა მოსახლეობას ვირუსული ინფექციების გავრცელებისგან თავის დასაცავად ხელების ჰიგიენის, პრევენციული ღონისძიებების გატარებისა და ექიმთან დროული მიმართვის შესახებ რეკომენდაცია მისცა. 

ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და მოსახლეობას გრიპისმაგვარი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, სასწრაფოს ნაცვლად პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში მიმართვის რეკომენდაცია მისცა.

სამინისტროსვე ინფორმაციით, ამ დრომდე პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს 50-მდე ვირუსულმა პაციენტმა მიმართა. მიმართვიანობის შესახებ ინფორმაციას ადგილზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ბერძული გაეცნო. 

გრიპის სიმპტომის მოტივით შესული გამოძახებები 112-დან პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში მისამართდება. 24-საათიან სამუშაო რეჟიმში თბილისის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის 4 ცენტრი უკვე მუშაობს. ახალი პროტოკოლი თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის განსატვირთად ამოქმედდა. 

ამ დროისთვის, უწყვეტ რეჟიმში, საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი (წინამძღვრიშვილის ქ. #57), კლინიკა „მედკაპიტალის" გლდანის (გამარჯვების ქ. #1), საბურთალოსა (გამრეკელის ქ. #19) და სამგორის (მოსკოვის გამზირი, კვ. 4, კორპ. 3) რაიონული ფილიალები ფუნქციონირებს. ოჯახის ექიმები პაციენტებს სატელეფონო კონსულტაციას და ადგილზე სამედიცინო მომსახურებას უწევენ. საჭიროების შემთხვევაში კი ბინაზე გადიან.

ამ თემაზე „ქრონიკა პლუსი“ ექსპერტს ჯანდაცვის საკითხებში, ირაკლი სასანიას ესაუბრება:

- გრიპის ეპიდემიაზე საუბარს კონკრეტული ციფრები სჭირდება და ასეთი მონაცემები მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გააჩნია. ეს ასევე ოჯახის ექიმის ინსტიტუტზეა დამოკიდებული, რომელიც პაციენტებს უშუალოდ ნახულობს, თუკი ასეთ სტატისტიკას აწარმოებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეპიდემიის ზღვარზე უკვე კონკრეტული ციფრები მეტყველებს ხოლმე და ამაზე თეორიული საუბარი უშედეგო იქნება.

- ადამიანებმა რა პრევენციულ ზომებს უნდა მიმართონ, რათა გრიპის შემთხვევები მაქსიმალურად თავიდან აირიდონ?

- მაქსიმალურად სუფთა ჰაერზე უნდა იყვნენ; მოერიდონ თავშეყრის ადგილებს (სადაც ბევრი ხალხია), თუმცა ეს წინასაახალწლო პერიოდში საკმაოდ რთული იქნება. ხშირად დაიბანონ ხელები, რაც შეიძლება მეტი ხილი მიირთვან და მიიღონ ვიტამინები.

- ხალხში ხშირად ჩვეულებრივ გრიპსა და ე.წ. ვირუსზე, ანუ გართულებულ შემთხვევაზე საუბრობენ; აქვს თუ არა ასეთ დამოკიდებულებას რამე საფუძველი სეზონურ ინფექციასთან დაკავშირებით?

- თავისთავად, გრიპი ვირუსული დაავადებაა. ალბათ, აქ გაციებასა და გრიპს შორის გარკვეული განსხვავება იგულისხმება. ეს ყველაფერი შეიძლება დაკავშირებული იყოს იმუნიტეტის დაქვეითებასთან, დაბალ ტემპერატურაზე ყოფნასთან, რომელიც გარკვეული კუთხით ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც შეიძლება იყოს გამოხატული.  

მაგრამ რასაც გრიპი ჰქვია, ეს თავისთავად ვირუსული დაავადებაა და მისი სხვადასხვანაირი ფორმები არსებობს. 

- ჯანდაცვის სისტემის ზომები რამდენად საკმარისია გრიპის შედეგების წინააღმდეგ საბრძოლველად?

- პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ გრიპის აბსოლუტურად აღმოფხვრა და მისი ელიმინაცია მოახდინო. რეალურად, ქვეყანაში გრიპის ვაქცინაცია ხდება, კონკრეტული სამედიცინო ცენტრები არსებობს, რომლებიც გამოვლინებების წინააღმდეგ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრი საკმაოდ ხშირად გამოდის და საჭირო რეკომენდაციებს იძლევა, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა ამ მდგომარეობაში და ვის უნდა მიმართოს; იმაზე, თუ გრიპის შემთხვევების რა ნიშნებია გავრცელებული და ასეთი სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცნენ და ა.შ.

ამიტომ, საკმაოდ მობილიზებული და ორგანიზებულია ეს ყველაფერი. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ხელისუფლება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტები საკმაოდ კარგად მუშაობენ.

- რამდენად აუცილებელია გრიპის ნიშნებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება?

- ამაზე განცხადებები იმდენად ხშირად კეთდება, რომ მგონი ამ პრობლემის შესახებ მოსახლეობაში უკვე ყველამ იცის. ამიტომ ჩემი აზრით, ამ საკითხში ზედმეტი პანიკის დათესვა არც ღირს. თუ რაღაც საგანგაშო სიტუაციაა, ამ ინფორმაციას ყველაზე კარგად ისევ და ისევ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტები ფლობენ, - ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი. 

ასე რომ, ისინი უფრო მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რამდენად საჭიროა ასეთი განცხადებების გაკეთება, - თუ რამდენად მწვავეა ეს მდგომარეობა. 

ცნობისთვის (ჯანდაცვის სამინისტროსვე ინფორმაციით):

- გრიპი შეიძლება იყოს სერიოზული, თუ თქვენ 65 წელზე მეტი ასაკის ხართ. გრიპთან დაკავშირებული სიკვდილობის 80-90% 65 წელზე მეტი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებში ხდება. ასაკის მატებასთან ერთად, იმუნური სისტემა სუსტდება და ნაკლებად ეფექტურად უმკლავდება სხვადასხვა ინფექციებს, მათ შორის გრიპს. 

ამიტომ, ასაკოვან ადამიანებში, ახალგაზრდებთან შედარებით მომატებულია გრიპის გამო ჰოსპიტალიზაციის რისკი.

რა არის გრიპი?

გრიპი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე უმეტესად ხველებით, ცემინებითა და ახლო კონტაქტით ვრცელდება. ჩვეულებრისამებრ, გრიპის ეპიდემია ზამთარში ხდება. გრიპით შესაძლოა დასნებოვნდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი.

რა არის გრიპის სიმპტომები?

ცხელება და შემცივნება, ხველა, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი და დაღლილობა. გრიპის სიმპტომები მოულოდნელად ვლინდება და შესაძლოა, გაგრძელდეს რამოდენიმე დღიდან ორ კვირამდე. ადამიანების უმეტესობა სწრაფად გამოჯანმრთელდება. 

ზოგჯერ, გრიპმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სერიოზული გართულებები, როგორიცაა პნევმონია, ბრონქიტი და სიკვდილიც კი. გრიპმა შესაძლოა დაამძიმოს ჯანმრთელობის არსებული ისეთი პრობლემები, როგორიცაა გულის და ფილტვების დაავადებები.

რა არის გრიპისაგან დაცვის საუკეთესო საშუალება?

გრიპის საწინააღმდეგო აცრა ყოველ წელს, გრიპის სეზონის დაწყებამდე, საუკეთესო საშუალებაა რათა:

- შემცირდეს გრიპის რისკი;

- შემცირდეს მძიმე დაავადებების, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილის რისკი;

- თავიდან ავიცილოთ გრიპის ოჯახის წევრებზე, მეგობრებსა და სხვა ადამიანებზე გავრცელების ალბათობა.

არის გრიპის ვაქცინა უსაფრთხო?

აცრა უსაფრთხოა. გრიპის ვაქცინის ნებისმიერი გვერდითი ეფექტი ჩვეულებრისამებრ მცირედაა გამოხატული და შესაძლოა მოიცავდეს ნანემსარის შეწითლებასა და შესიებას. ზოგ შემთხვევაში ვლინდება თავისა და კუნთების ტკივილი, ცხელება, დაღლილობა და გულისრევა. ეს გვერდითი ეფექტები მსუბუქადაა გამოხატული და გრიპისაგან განსხვავებით, სწრაფადვე გაივლის.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია