მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ ეზღუდებათ პატიმრებს საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობა? - 13 თებერვალი 2017

„პატიმრები წერილობით იმასთან დაკავშირებითაც გვწერდნენ, რომ ჩვენ ადვოკატებთან  კავშირს ვერ ახორციელებდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ადვოკატები სიაში შეყვანილი არ იყვნენ“

ufleba.ge

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ეწინააღმდეგება მსჯავრდებულთათვის საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის შეზღუდვას, რასაც ბოლო პერიოდში ადგილი აქვს პენიტენციურ დაწესებულებებში. განცხადების თანახმად, როგორც მაღალი რისკის, ისე დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები დაწესებულებებში სატელეფონო კავშირის შეზღუდვასა და კონტროლზე საუბრობენ, რის გამოც ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ამით მსჯავდებულთა უფლებების დარღვევა ხდება. მათივე განცხადებით, არაერთი მცდელობის მიუხედავად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საკითხზე რეაგირებას არ ახდენს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მსჯავრდებულთათვის საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის შეზღუდვას ეწინააღმდეგება, რასაც ბოლო პერიოდში ადგილი აქვს პენიტენციურ დაწესებულებებში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ განცხადებით მომართეს როგორც მაღალი რისკის, ისე დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულებმა. პატიმრები საუბრობენ პენიტენციურ დაწესებულებაში სატელეფონო კავშირის შეზღუდვასა და კონტროლზე.

კერძოდ, პატიმრებისათვის სავალდებულო გახდა სპეციალური ბლანკის შევსება, სადაც მათ უნდა მიუთითონ ტელეფონის ნომრები (5 ნომერი განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში და 10 - დაბალი რისკის დაწესებულებაში), ამ ნომრების მფლობელთა სახელი, გვარი და მათი ნათესაური კავშირი პატიმართან. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პატიმრები სატელეფონო კავშირის განხორციელებას ვერ შეძლებენ.

2016 წლის პირველი იანვრიდან სატელეფონო კავშირების შეზღუდვა გავრცელდა ბრალდებულ პატიმრებზეც. ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრის შეზღუდვის უფლება სასამართლოდან გადაეცა მხოლოდ გამომძიებელს და პროკურორს. სატელეფონო ნებართვის გაცემაზე ერთპიროვნული კონტროლის უფლება პროკურორსა და გამომძიებელს შესაძლებლობას აძლევს, ბრალდებულთან მიაღწიონ მათთვის სასურველ გარიგებას.

გარდა ამ პრობლემებისა, „ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის“ ცნობილი გახდა პენიტენციურ დაწესებულებებში უცხო ქვეყნის მოქალაქე-პატიმართა კორესპონდენციით სარგებლობის უფლების დარღვევის შესახებ.

უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრები კორესპონდენციის გაგზავნის უფლებით ფაქტობრივად ვერ სარგებლობენ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ამ კატეგორიის მსჯავრდებულებს კორესპონდენციის გაგზავნისას უწევთ, სულ მცირე, 90 ლარის გადახდა. აღნიშნული საფასური 10-ჯერ აღემატება ჩვეულებრივ საფოსტო მომსახურების საფასურს, რითაც საქართველოს მოქალაქე პატიმრები სარგებლობენ. სამინისტრო პირდაპირ არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულებს საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებთან. შეუსაბამოდ მაღალი ტარიფის გამო, უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებული პრაქტიკულად მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს პატიმრობის კოდექსით გარანტირებული-კორესპონდენციის გაგზავნის უფლებით.

„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ კომუნიკაცია ჰქონდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან, რომელიც სხვადასხვა არგუმენტებით ამართლებს მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევის ბოლოდროინდელ პრაქტიკას“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ა/ო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატს, ნესტან ლონდარიძეს ვესაუბრებით:

- ქალბატონო ნესტან, რას ემყარება გადაწყვეტილება, როცა პატიმარმა 5 თუ ათი ტელეფონის ნომერი უნდა მიუთითოს?

- ჩვენმა ცენტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მივმართეთ და ვითხოვეთ ინფორმაცია, თუ რით რეგულირდება აღნიშნული გადაწყვეტილება. ასეთი პასუხი გვაქვს, რომ ეს დაწესებულების დებულებით რეგულირდება. ანუ ყველა დაწესებულებას ცალ-ცალკე თავისი დებულება გააჩნია.

- ეს განმარტება თქვენთვის რამდენად საკმარისია?

- ამასთან დაკავშირებით ჩვენი მიდგომა შემდეგში მდგომარეობს. რა თქმა უნდა, ზოგადი რეჟიმების, კანონმდებლობის მიხედვით მითითებულია დრო და შესაძლებლობები, თუ როგორ უნდა ახორციელებდნენ პატიმრები სატელეფონო ზარებს. თუმცა ჩვენი პრეტენზია განსხვავებულ მიდგომას ემყარებოდა. როდესაც სასჯელაღსრულების სამინისტრომ კომენტარი გააკეთა, პრობლემას სხვანაირად განმარტავდნენ. კერძოდ, ნათქვამი იყო, რომ მხოლოდ მკაცრი რეჟიმის, ეს განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში ხორციელდებოდა, რაც არასწორია. ჩვენ ხელთ არაერთი განცხადება გვაქვს, რომელიც სხვა დაწესებულებებიდანაა და იმაზე საუბრობენ, რომ მათ დარეკვის შესაძლებლობა არ აქვთ.

დარეკვის შესაძლებლობის შეზღუდვაში ვგულისხმობთ, რომ ვალდებული არიან ერთი თვით ადრე მიუთითონ სატელეფონო ნომრები, სადაც ასევე თვის განმავლობაში ზარის განხორციელებას შეძლებენ. ეს ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს დასახელებული.

ჩვენ არ ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ დარეკვის უფლება მთლიანად შეზღუდული აქვთ. არა, დარეკვის უფლება აქვთ მხოლოდ იმ ნომრებზე, რასაც წინასწარ შევსებულ ბლანკში მიუთითებენ. ნომრის ცვლილება შეიძლება, რაც რამდენიმე კვირით ადრე უნდა განახორციელონ.

პატიმრები წერილობით იმასთან დაკავშირებითაც გვწერდნენ, რომ ჩვენთან, ჩვენ ადვოკატებთან კავშირს ვერ ახორციელებდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ადვოკატები ზემოაღნიშნულ სიაში შეყვანილი არ იყვნენ.

-  სატელეფონო კავშირების შეზღუდვა რის საფუძველზე გავრცელდა ბრალდებულ პატიმრებზეც?

- ბრალდებულებთან დაკავშირებით პრობლემა ცოტა სხვა რაღაცას ეხებოდა, როდესაც ზარის განხორციელებისას პროკურორის ნებართვაზე არიან დამოკიდებული. რეალურად, ეს იმ კუთხით გამოიყენებოდა, რომ მათთან გარიგება ხდებოდა, - მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა მათთვის ნებართვის მიცემა, თუ ისინი პროკურატურის მიერ შეთავაზებულ პირობებს დაეთანხმებოდნენ.

ანუ კომუნიკაციის შეზღუდვასთან დაკავშირებით განსხვავებული პრობლემა იყო. თუმცა ჩვენ გავაერთიანეთ, რადაგან ზოგადად ეს პატიმრობას და პატიმრებთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ეხებოდა.

აქ მესამე თემაც არის გაერთიანებული, ეხება საფოსტო გზავნილებს, რომელიც განსხვავებულად რეგულირდება იმ პატიმრებისთვის, რომლებსაც, ვთქვათ, საზღვარგარეთ წერილის გაგზავნა სურდათ. ეს მათ 90 ლარი უჯდებოდათ, როდესაც სხვა პატიმრებს წერილის გაგზავნა გაცილებით ნაკლები უღირდათ.

- ეს მიუთითებს თუ არა აშკარა დარღვევის ფაქტებზე?

- რასაკვირველია, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ცალსახად დარღვევაა და პატიმრებისთვის კომუნიკაციის შეზღუდვაა. მივიჩნევთ, რომ პატიმრების რეაბილიტაციისათვის საჭიროა უპირველესად ახლობლებთან და ნათესავებთან აქტიური კონტაქტი ჰქონდეთ. მათი სრული იზოლაცია არ უნდა ხდებოდეს და აქ კიდევ სხვა პრობლემასაც ვაწყდებით. იმას, რომ წინასწარ მოთხოვნილი არ უნდა იყოს ის ინფორმაცია, თუ ვისთან აპირებს პატიმარი დარეკვას თვის განმავლობაში.

გარდა ამისა, წინასწარ მითითებული უნდა იყოს სახელი და გვარი, თუ ვის ეკუთვნის ტელეფონი, სადაც დარეკვას აპირებენ. ჩვენ სწორედ ამაში საფრთხეს ვხედავთ და მიგვაჩნია, რომ ასე არ უნდა ხდებოდეს.

აქვე ერთი ინფორმაციაც მსურს მოგაწოდოთ. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ეს თემა გავავრცელეთ, უკვე არაერთმა პატიმარმა ინფორმაცია მოგვაწოდა, რომ მათ ამ ეტაპისთვის ეს შეზღუდვა მოხსნილი აქვთ. თუმცა ჩვენთვის უცნობია ეს რეჟიმი რამდენ ხანს გაგრძელდება.

აგერ ხელთ მაქვს სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და შემიძლია ზუსტად წაგიკითხოთ:

- წინასწარ განსაზღვრული ნომრების მითითებით მსჯავრდებულთა სატელეფონო საუბრები ხორციელდება მხოლოდ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში. აღნიშნული საკითხი რეგულირდება პატიმრობის კოდექსის 66 მე-3 პრიმა მუხლის მესამე ნაწილითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ დამტკიცებული შესაბამისი პენიტენციალური დაწესებულების დებულებით.

ასევე ჩვენ ვთხოვდით ეცნობებინათ რაიმე გამონაკლისი არსებობდა თუ  არა საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. რაზეც ჩვეც გვაცნობენ, რომ ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ახალი რეგულაციების შემოღება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

ეს იყო სამინისტროს პასუხი იმასთან დაკავშირებით, რაზედაც ჩვენ მათ განმარტება მოვთხოვეთ.

- გარკვეული პროგრესი მიღწეულია...

- დიახ, გარკველი შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ვერაფერს გეტყვით ეს რამდენხანს იქნება. უმჯობესია, ამაზე უკვე სამინისტრომ ისაუბროს.

თუმცა როდესაც აქცენტი იმაზეა, რომ ეს მხოლოდ განსაკუთრებული რისკის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კეთდებოდა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ჩვენ არაერთი პატიმრის წერილი გვაქვს, სადაც იმაზეა საუბარი, რომ მსუბუქი რეჟიმის დაწესებულებებშიც ანალოგიური რეჟიმი ვრცელდებოდა. განსხვავება ტელეფონის ნომრებს შორის იყო. თუ მაღალი რისკის დაწესებულების შემთხვევაში ხუთ ნომერზეა საუბარი, მსუბუქზე უკვე 10 ნომერი იყო.   

- უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საკომუნიკაციო პრობლემაზე ისაუბრეთ, აქაც პატიმრები თვითონ დაკიკავშირდნენ?

- დიახ, ამაზეც პატიმრები განცხადებებს გვწერენ და გვთხოვენ, რომ რეაგირება მოვახდინოთ. უცხოელი პატიმრების უმეტესობას საქართველოში ახლობლები არ ჰყავთ, რომ მათთან კავშირი იქონიონ. ამიტომ მათ წერილობით უწევთ ურთიერთობა თავიანთ ნათესავებთან. თითო წერილის გაგზავნა  90 ლარი უჯდებათ. ეს რამდენჯერმე აღემატება იმ თანხას, რის გადახდაც საქართველოს მოქალაქეებს უწევთ თავიანთ ნათესავებთან ურთიერთობისას.

- რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რომ ასეთ დაწესებულებებში მსგავს შეზღუდვებს ნაკლებად ჰქონდეს ადგილი?

- პირველ რიგში, სისტემის ფარგლებში გარკვეული რეჟიმის გადახედვა უნდა მოხდეს, ტელეფონის ნომრებზე ეს შეზღუდვა უნდა მოიხსნას.

ჩვენ იმაზე არ ვსაუბრობთ, რომ განუსაზღვრელი რაოდენობის ზარების განხორციელების უფლება ჰქონდეთ. მაგრამ აქ თუნდაც რეჟიმების მიხედვით გარკვეული განსხვავება უნდა იყოს. წინასწარ მითითება არ უნდა ხდებოდეს იმ ნომრების, რომლეზედაც შემდგომში ზარები უნდა განხორციელდეს.

რაც შეეხება საფოსტო გზავნილებს, აქ უკვე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიაზეა საუბარი. ალბათ, სატენდერო წინადადების გადახედვაც უნდა მოხდეს და უკეთესი წინადადების შეთავაზება, იგივე პატიმრების რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე.   

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია