მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„სამინისტრო დევნილთა ნაწილისთვის 45-ლარიანი დახმარების გაუქმებას აპირებს“ - 21 თებერვალი 2017

ufleba.ge

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და გასახლების სამინისტრო დევნილთა ნაწილისთვის 45-ლარიანი დახმარების გაუქმებას აპირებს. ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ნუგზარ წიკლაურმა და ბესო წერედიანმა ისაუბრეს.

ჩვენ ხელში ჩაგვივარდა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ სამინისტრო აპირებს დაწიოს შემოსავლის 1 250-ლარიანი ზღვარი, ასევე დახმარება შეუწყდეს იმ პირებს, ვინც არ არიან დაბადებულები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და მათ, ვინც ქორწინებაში იმყოფებიან არადევნილებთან.

ამ დოკუმენტის ამოქმედება ძალიან მძიმე ჰუმანიტარულ პრობლემებსა და სოციალურ კრიზისს გამოიწვევს, რადგან დევნილთა უმრავლესობა სწორედ ამ შემწეობებზე დამოკიდებულია.

სრულიად შესაძლებელი იქნებოდა ხელისუფლებას ეზრუნა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე და ამ შემთხვევაში არანაირი საფრთხე ამ პროგარამას არ დაემუქრებოდა. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების უცოდინრობამ, არაკომპეტენტურობამ, კორუმპირებულობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საზოგადოების ყველაზე უფრო დაუცველი ნაწილი - დევნილები დადგნენ ასეთი მძიმე საფრთხის ქვეშ“.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დევნილთა სამინისტროს მოუწოდებს ხელი აიღოს ასეთი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანაზე.

ამ თემაზე  „ქრონიკა პლუსი“ „დევნილთა პარტიისთავმჯდომარეს, ლელა გულედანს ესაუბრება.

- ქალბატონო ლელა, როგორ აფასებთ მოსალოდნელ რეფორმას?

- ასეთი სტრატეგია თავის დროზენაციონალებმაშექმნეს, რომ დევნილების აღნიშნული დახმარება გაუქმდებოდა. მაშინაც ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა. სხვა საკითხია, დღევანდელ სამინისტროზე რას ვისაუბრებ.

- მაშინ ამას რით ხსნიდნენ?

- აღნიშნული სტრატეგიის შექმნაში უცხოელები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები ჩართული იყვნენ. მაგრამ ეს ფორმალობა იყო და ისეთი დოკუმენტი შექმნეს, როგორიც მაშინდელ მმართველებს აწყობდათ. ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ დევნილების განსახლების პოლიტიკა უნდა გაგრძელებულიყო, რათა ამ გზითფული ეკეთებინათ“. ძალიან კარგად ვიცით, 2008-შიც რამხელა თანხება დაიხარჯა.

- მაგრამ განსახლების პოლიტიკა დევნილთა შემწეობის გაუქმებას ხომ არ გულისხმობდა?

- იქ პირდაპირ წერია, რომ შემწეობა მხოლოდ სტატუსიდან გამომდინარე დარიგებული არ იქნებაო. ანუ შემწეობა საჭიროებიდან გამომდინარე დარჩებოდა. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“  მთავრობამ ეს სტრატეგია არ შეცვალა, მიდგომებიც იგივე დარჩა. ყველაფერი ისევ უცხოელების დირექტივებით ხორციელდება. სამეთვალყურეო საბჭოში თავს არავინ შეგაყოფინებს. ამ ფონზე, რატომ ითხოვენ თუნდაც დონორები შემწეობის გაუქმებას, ჩემთვის გაუგებარია.

როცა ევროპაში ჩადიხარ, დევნილის სტატუსის გათვალისწინებით შემწეობა პირდაპირ გენიშნება. იქ არავინ გეკითხება, ეს დახმარება გჭირდება თუ არა. მაშინ ქვეყანაში ეკონომიკა ისე უნდა იყოს განვითარებული და სოციალური მდგომრეობა იმ დონეზე გვქონდეს, რომ დასაქმება უდიდეს პრობლემას არ წარმოადგენდეს. კი, კედლები დაუკანონე, მაგრამ რა ჭამოს ადამიანმა?

მე პირადად ამის მეტი შემოსავალი არ მაქვს. დღეს უმუშევარი ვარ, ჩემი და სამი ბავშვის 180 ლარი მაქვს, იცით, როგორ ველოდები ამ დახმარებას თვიდან თვემდე? რაღაც საქმეს ხომ მიკეთებს? დავრჩები ყოველგვარი შემწეობის გარეშე.

მე რომ ასეთ დღეში ვარ (პარტიას შემოწირულობა არ გვაქვს), ამხელა პასუხისმგებლობა მაკისრია (სამ შვილს მარტო ვზრდი), სხვამ რაღა უნდა გააკეთს? კიდევ კარგი და მეხმარება, მაგრამ როდემდე უნდა დამიდგეს გვერდში? სამუშაოს ვერაფრით ვპოულობ. ვერც პარტიას ვაფინანსებ.

საარჩევნოდქართულ ოცნებასუანგაროდ დავეხმარე, ყველანაირად გვერდში ამოვუდექი, რათა ხელისუფლების შიგნიდან ამეღო პასუხისმგებლობა (ოპოზიციიდან არაფერი გამოდიოდა). რამდენი წელია ოპოზიციაში ვართ და ვერანაირი შედეგი ვერ დავდეთ. თვითონ სახელმწიფოსაც გამოვადგები და საკუთარ თავსაც რეალიზებას გავუკეთებ-მეთქი. ვინ არ დაასაქმეს, მე ეს ვერ შევძელი. მაგრამ ეს სხვა თემაა.

მოკლედ, დევნილთა დახმარების გაუქმება ერთგვარი პოლიტიკური ნებაა, რადგან ეს სახელმწიფო სტრატეგიაში ადრეც იყო და დღესაც ასეა იმ ფონზე, როცა ხალხს, თვითონ დევნილებს არაფერს ეკითხებიან.

ნაციონალებმაცგაიხსენონ, როგორ ყრიდნენ ადამიანებს ავტობუსებიდან...

ეს სამინისტრო ხალხს პატივისცემით მაინც ეპყრობა და ნორმალურად მაინც ელაპარაკება. კომუნიკაციაც უკეთესია და შედარება არ არის.

- მოდით მკითხველისთვის დავაზუსტოთ, განსახლების შემთხვევაში დევნილებს სტატუსი ხომ უნარჩუნდებათ?

- ღმერთმა ნუ ქნას, რომ ბინის გადაცემის შემთხვევში სტატუსიც გააუქმონ, რადგან ჩათვალეთ დასაბრუნებელი აღარავინ გვეყოლება და ამით აფხაზეთის საკითხიც ერთხელ და სამუდამოდ დამთავრებული იქნება.

რაც შეეხება დახმარებას, ამ საკითხის გადაწყვეტა .. საჭიროებიდან გამომდინარე ხდება. ამ საკითხში ვითომ საერთაშორისო მრჩევლების წინადადებას ეყრდნობიან. რას ნიშნავს საჭიროება? მაშინ ინდივიდუალურად იმუშაონ ყველა ოჯახთან და დაადგინონ, ვის სჭირდება ეს 45 ლარი და ვის არა.

თან კარგაც იცით, ეს 45 ლარიც რის ხარჯზე გაორმაგდა, ერთი ჯიბიდან, ერთ დევნილს ამოუღეს და მეორეს ჩაუდეს. ანუ დღეს 1250 ლარიანი ხელფასი ვისაც აქვს, მას 45ლარი აღარ ეძლევა.

- ამ ხელისუფლებამ რატომ არ შეცვალა წინამორბედის სტრატეგია?

- არცერთი სახელმწიფო უწყების სტრატეგია ამ ქვეყანაში არ შეცვლილა. და თუ იგივე ხედვით ხელმძღვანელობ, მაშინ რა ოპოზიცია გამოდიხარ? ახალი ხედვით ხომ უნდა მოხვიდე? ამ ფონზე, კონფლიქტების მოგვარების, განსახლების და ნებისმიერი სხვა უწყების სახელმწიფო სტრატეგია არ შეცვლილა.

ასევე მესმის, რომ სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდა და თანხების გამოთავისუფლება ხდება. ბიუროკრატიული აპარატი ძალიან გაზრდილია, სააკაშვილის დროსაც დიდი იყო. ჩვენთან სახელმწიფო უწყებებში დაახლოებით 26% მუშაობს, როცა ევროპაში ეს მაჩვენებელი ერთი და ორი პროცენტია. როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები შენზე ბევრად ძლიერია, მას ვერაფრით მოერევი.

აღნიშნული ბიუროკრატიული აპარატი, ფაქტობრივად, იგივე დარჩა. ხარჯებმა პირიქით მოიმატა, შტატები გაიზარდა და .. ამან ბიუჯეტის დეფიციტი შექმნა. ანუ თანხების გამოთავისუფლება ხდება. ახლა მთავრობის დავალებაა, რომ ყველა უწყებიდან ას-ასი კაცი გაუშვან, თვითონ სუბარმაც გაათავისუფლა ადამიანები.

თან დევნილების განსახლების ბიუჯეტი მწირია და შეიძლება მინისტრი გამოუვალ მდგომარეობაშიც იყოს. ადრეც არ იყო კარგი მდგომარეობა, სუბელიანს 10 მილიონი ჰქონდა და დღეს ბიუჯეტი 70 მილიონია. მაგრამ ეს თანხა არსებულ საჭიროებებთან მიმართებაში დიდი არაფერია, იმდენი პრობლემაა დევნილ მოსახლეობაში მოსაგვარებელი.

ამ ფონზე ვერც სესხს იღებენ, რადგან ისედაც 9 მილიარდიანი ვალი გვაქვს.

მაგრამ ის მაინც თქვან, სად სურთ გამოთავისუფლებული თანხების გაშვება. ისევ ჯიბიდან ჯიბეში გადატანა ხდება, თუ რას უზამენ ამ თანხას? დევნილებისთვის სხვა რამ კეთდება, თუ ამ ფულს ისევ განსახლებაში გაუშვებენ? ამ ბიუჯეტის მონიტორინგიც ძალიან რთულია. თან დევნილებშიც კონსოლიდირებული ძალა არ არის და მათ ჩანაფიქრი ადვილად გაუვათ. დევნილმა რაც უნდა იხმაუროს, ამ პროცესზე გავლენას მაინც ვერ მოახდენს.

ამიტომ როგორც ვხედავ, ეს ფაქტობრივად გადაწყვეტილი საკითხია. საჯაროდ ახსნან მაინც რეფორმის არსი, ჩვენი პრეტენზია სწორედ ამაში მდგომარეობს. ეს ჩუმად ნუ კეთდება. ხალხისთვის აქამდეც უნდა ეთქვათ, რომ გვიჭირს და ამის გაკეთებას ვაპირებთო. აქეთ ხალხი გაღიზიანებულია, - ამდენი მანქანები, პრემიები, სახელფასო დანამატები გაიცემა... ცოდვაა ეს ხალხი, აუხსნან მაინც, საჯარო განხილვები მოაწყონ. მოისმინონ მათი აზრი დაგეგმილ ცვლილებებზე.

- ფიქრობთ, რომ ეს სათანადოდ არ ხდება?

- ჭორის დონეზე ვიცით, რომ რაღაც დოკუმენტი უკვე გამზადებულია და დევნილებმა მის შესახებ კონკრეტული არაფერი იციან. დოკუმენტის შემუშავებისას საქმის კურსი ხომ უნდა ვიყოთ? რატომ უნდა ვიჭორაოთ? გამოდის, რომ ხისტად უნდა გადაწყდეს აღნიშნული საკითხი.

მათთვისაც უკეთესია, რომ ამას ერთი ამბავი არ მოყვეს. მოამზადე, გააფრთხილე, აუხსენი ამ ხალხს და... ყველა უწყებას ხალხთან მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს, სამწუხაროდ, ეს არ ხდება.

ცენტრალიზებულად რომ მოდის მსგავსი გადაწყვეტილებები და მასზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ ვახდენთ, ეს ძალიან სამწუხაროა. ამ თანხებს კიდევ რაში დახარჯავენ, კეთილი ინებონ და ხალხს ესეც აუხსნან.

ვიმეორებ, თუ საჭიროებაზე მიდის საუბარი, ადგნენ და ყველა დევნილი ოჯახის მდგომარეობა დაწვრილებით შეისწავლონ. დაადგინონ სჭირდება თუ არა კონკრეტულ ოჯახს ეს 45 ლარი. ვაცხადებ, რომ მე ეს მჭირდება.

- ხარჯები ახსენეთ, რა დანახარჯები უნდა შეამციროს ხელისუფლებამ, რომ დევნილთა აღნიშნულ შემწეობას არ შეეხოს?

- ეს დახმარება 100 მილიონი ლარი ჯდება, ბიუჯეტისთვის იმხელა თანხა არ არის, რომ ამით სასწაული ზარალი განიცადოს. ქვეყანაში უამრავი არაფრისმკეთებელი ბიუროკრატიული სტრუქტურაა, ათასობით სსიპ-ია და გააუქმონ, რაღა მაინცდამაინც საცოდავ ხალხს უუქმებენ ამ მიზერულ 45 ლარს?

ბოლოს და ბოლოს, თუ ამ სამინისტროს საკმარისი ფინანსური რესურსი არ აქვს, მთავრობა მაქსიმალურად უნდა ეხმარეობოდეს, რათა ელემენტარული ვალდებულებები შეასრულოს. მთელი მთავრობა, პრემიერი ამისთვის მობილიზებული უნდა იყოს, რათა ამ ხალხს არაფერი მოაკლდეს. იმასაც გეტყვით, რომ ხალხი ამ დახმარების გაორმაგების მოლოდინში იყო და მოხსნაზე ხომ საერთოდ საუბარიც ზედმეტია.

ამიტომ მთელი მთავრობა მობილიზებული უნდა იყოს, რომ რამენაირად ამ მთავრობას, მინისტრს დავეხმაროთ, მოხსნა კი არა, იქნებ გავაორმაგოთ და .. ამ შემთხვევაში ვიღაცამ თავისი უნდა დათმოს, მაგრამ... მთავრობის სხდომაზე ამასთან დაკავშირებით ჭიდაობა მიდის ხოლმე, არავის არ სურს კუთვნილი რესურსის გადასროლა, როცა გაჭირვებულ ხალხზე არავინ ფიქრობს. ის ელემენტარული რესურსი კი ძალას წარმოადგენს.

დარწუნებული ვარ აქაც დევნილებისთვის თანხას ვერავინ გაიმეტებს, რაც ჩვენი ბრალიცაა. დევნილი საზოგადოება თავის დროზე ხმას არ ვიღებთ, კონსოლიდაცია დღემდე ვერ მოვახდინეთ, ისეთ ძალას არ წარმოვადგენთ, ვისაც რეალურ ანგარიშს გაუწევენ. ამ დროს, ვისაც როგორც სურს ისე გადაგვივლიან ხოლმე და, ალბათ, ამას ვიმსახურებთ კიდეც. მიჭირს ამის თქმა, მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით.

პროექტში აღნიშნულია, რომ სამინისტრო აპირებს დაწიოს შემოსავლის 1 250-ლარიანი ზღვარი, ასევე დახმარება შეუწყდეს იმ პირებს, ვინც არ არიან დაბადებულები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ასევე ვინც ქორწინებაში იმყოფებიან არადევნილებთან...

- ზღვარის დაწევაზე საუბარი უკვე ხალხის დაცინვაა. და ოჯახში ერთ-ერთი რომ არადევნილია, მას შემწეობა ისედაც არ ერიცხება.

აქ დაბადებული ბავშვებისთვის სტატუსის განსაზღვრა კი ცოტა სხვა საკითხია. ამაზე მეც ვფიქრობ, რათა ეს სახელმწიფოსთვის დაუსრულებელი პრობლემატიკა არ იყოს. დევნილად რეალურად ის მიიჩნევა, ვინც საომარი მდგომარეობიდან წამოვიდა და აქ დაბადებული დევნილად არც უნდა ითვლებოდეს. ამაში ვერ შეედავები. მაშინ ამით დაიწყონ, არ მისცენ დევნილის სტატუსი და ამით თავისთავად 45 ლარიც არ მიეცემა.

- მთლიანობაში აღნიშნული რეფორმა რა შედეგებს გამოიტანს?

- რა გითხრათ, ხალხში ძალიან დიდი უკმაყოფილება იქნება, ყური მოვკარი ხელმოწერები შეიძლება შეგროვდეს და .. ვნახოთ, საქმის კურსი ვართ და ვიმოქმედებთ. ხელმოწერების შეგროვების წინააღმდეგი არ ვარ და მხარში დავუდგები.

მაგრამ სიმართლე გითხრათ, დევნილების დიდი იმედი არ მაქვს. დაველოდებით მოვლენების განვითარებას.

ასევე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პოზიციას არავინ ითვალისწინებს. მას არც ხალხი, არც ცენტრალური ხელისუფლება არაფრად მიიჩნევს.

- ასე რატომ ხდება?

- უფუნქციოა, რეპუტაცია შელახული აქვს, ხალხის გვერდში არასოდეს არ იდგნენ. ხალხისთვის რეალურად ვერაფერს აკეთებენ, ხმასაც კი ვერ იღებენ... ზოგადად, დევნილ მოსახლეობასაც ეს მთავრობა არ უყვარს, მათ მარადმწვანე დეპუტატებს ვუწოდებთ. იმ დროიდან მოყოლებული მხოლოდ საკუთარ სამუშაო ადგილებს უფრთხილდებიან და ეს მთავრობა ერთი და იგივე ხალხის ხელშია. ეს ერთგვარი მაფიაა, რომელსაც სხვათა შორის ვერც ერთი მთავრობა ვერ ერევა. ამ საკითხში მათ აზრსაც არც არავინ გაუწევს ანგარიშს.            

დავამატებ, რომ პარლამენტში ტერიტორიული მთალიანობის აღმდგენი დროებითი კომისია არ შექმნილა, ესეც ცუდი სიგნალია. ალბათ, მალე აფხაზეთის მთავრობას დახურავენ, მერე შერიგების სამინისტროს და დევნილთა სამინისტროსაც და მორჩება ამით ყველაფერი.

საკონსტიტუციო ცვლილებებშიც აფხაზეთის საკითხი არ ფიგურირებს. საერთოდ, ამ პროცესში ჩვენ ვერ ვმონაწილეობთ, არ მოგვცეს ამის საშუალება.

ქართული ოცნებისსაარჩევნო პროგრამაში დევნილებზე ერთი სიტყვა არ არის, არც კონფლიქტებზე, - ეს თემა მათ არ აწუხებთ.

სოზარ სუბარის ბრიფინგი დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით

დევნილის სტატუსს არავინ ეხება. ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ დევნილთა დახმარების სისტემა გახდეს უფრო მეტად ეფექტური და უფრო მეტად ორიენტირებული გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ დევნილებზე და არა იმ ადამიანებზე, ვისაც ეს დახმარება არ სჭირდებათ“, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, თითოეული თეთრი, რომელიც ამ რეფორმის საშუალებით დაიზოგება ისევ და ისევ სოციალურად დაუცველი დევნილების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მშენებლობების ტემპების დაჩქარებას მოხმარდება.

დიდი ხანია ვაპირებთ დევნილთა დახმარების სისტემის რეფორმას, ეს არ არის ახალი ამბავი, ამის შესახებ ნათლად და მკაფიოდ წერია 2015-2016 წლების დევნილთა სახელმწიფო დახმარების სტრატეგიაში, რომელიც მიღებულია მთავრობის სხდომაზე 2015 წლის 4 თებერვალს და სწორედ ამის განხორციელების მორიგ ეტაპზე გადავდივართ, ეს რეფორმა დიდი ხანია დაწყებულია.

მე არ მომისმენია და შეიძლება უკვე თქვეს კიდევაც, რომ თითქოს დევნილის სტატუსს ვაუქმებთ, თუ არ უთქვამთ უკვე დაიწყებენ ამის შესახებ ყვირილს. პირდაპირ მინდა წინასწარ ვთქვა, რომ ეს არის ტყუილი, დევნილის სტატუსს არავინ არ ეხება. ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ დევნილთა დახმარების სისტემა გახდეს უფრო მეტად ეფექტური და უფრო მეტად ორიენტირებული გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ დევნილებზე და არა იმ ადამიანებზე, ვისაც ეს დახმარება არ სჭირდებათ.

მაგალითისთვის გეტყვით, რომ ამ რეფორმის პირველი ეტაპი გატარდა 2013 წელს, ეს იყო ერთგვარი დასაწყისი და მაშინ ფინანსთა სამინისტრომ აღმოაჩინა დევნილი ოჯახები, რომელთა წლიური შემოსავალი 3 მილიონ ლარს აღემატებოდა. ამ დევნილი ოჯახების ყველა წევრი იღებდა 45 ლარს. მე მგონი გასაგებია, რომე ეს არის არასწორი, ეს არის სახელმწიფო ფინანსების არაეფექტური ხარჯვა. ეს თანხა უნდა მოხმარდეს იმ დევნილებს, ვისაც ნამდვილად სჭირდებათ დახმარება. მაშინ რეფორმა გატარდა, ოღონდ ეს იყო მხოლოდ ნაწილობრივი რეფორმა, კერძოდ, 45 ლარიანი დახმარება იმ ადამიანებს მოეხნათ, ვისი თვიური შემოსავალიც აღემატება 1250 ლარს. 3 მილიონი ლარის შემოსავლის მქონე ბიზნესმენს ეს დახმარება მოეხსნა, თუმცა მისი ოჯახის ყველა წევრს დარჩა კანონით უფლება, რომ მიიღოს ეს დახმარება, რაც დამეთანხმებით, არ არის ნორმალური და ეს არის სახელმწიფო სახსრების არასწორი ფლანგვა.

ახლა რას გულისხმობს ეს რეფორმა, პირველ რიგში თითოეული თეთრი, რომელიც ამ რეფორმით დაიზოგება მოხმარდება ისევ და ისევ დევნილებს, მოხმარდება სოციალურად დაუცველი დევნილების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათ სოციალურ დახმარებებს, მოხმარდება ამ დევნილებისთვის შემოსავლის წყაროების ზრდასა და გაჩენას, ამაში იგულისხმება დასაქმების პროგრამები და ასე შემდეგ. რაც ყველაზე მთავარია მოხმარდება მშენებლობებს და დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, რომ დავაჩქაროთ მშენებლობების ტემპები. გაძლევთ პირობას, ეს რეფორმა ამ მხრივ მოგვცემს ძალიან სერიოზულ წინსვლას და უფრო ნაკლები გაჭირვებული დევნილი გვეყოლება.

რაც ყველაზე საოცარია ჩემთვის ეს არისნაციონალური მოძრაობისაქტივისტებისა და ამ მოძრაობის სხვადასხვა ანასხლეტების ყვირილი ამ თემაზე. განსაკუთრებით გაოცებული ვარ, როდესაც ბრიფინგს ამ თემაზე მაშინდელი მინისტრის კობა სუბელიანის მოადგილე წერედიანი ატარებს. წერედიანი იყო მინისტრის მოადგილე 2008 წლის 4 დეკემბერს, როდესაც მაშინდელმა მთავრობამ, ამ სამინისტროს წარდგინებით, მიიღო დადგენილება, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ყველა დევნილს, რომელმაც მიიღო სახლი, რომელმაც მიიღო ბინა, რომელმაც მიიღო კომპენსაცია ან მიიღებს ბინას ან კომპენსაციას უწყდება ეკონომიკური დახმარება სახელმწიფოსგან.

როგორ იღებდნენ მაშინ ბინებსა და კომპენსაციებს და როგორ ხდებოდა დაკანონება, როგორ ხდებოდა დევნილების გამოყრა და გადასახლება ფოცხოეწერში, ბაკურციხეში თუ სხვაგან, ეს თქვენ ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ. დღეს, ვინც იღებს ბინას, ან იპოთეკურ სესხის დაფარვის პროექტში მონაწილეობს ეს არის აბსოლუტურად ნებაყოფლობითი პროცესი, მაშინდელისგან განსხვავებით.

ასევე იგეგმება გარკვეული ნოვაციების შემოტანა ბინებით დაკმაყოფილების პროცესში. ჩვენ ვმუშაობთ ამ ნოვაციებზე. გეტყვით ერთ-ერთ ნოვაციას, რომელიც უკვე განვახორციელეთ, ეს არის იპოთეკური სესხების დაფარვაში დახმარება. ასევე ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც გულისხმობს რომ თუ დევნილ ოჯახს არ აქვს სახლის მშენებლობა დამთავრებულა ან აქვს მიწა სადაც საცხოვრებლის აშენებას აპირებს შეიძლება გამოვუყოთ გარკვეული თანხა. ამ რეფორმის გატარებასთან ერთად მსგავსი ნოვაციების გატარება იქნება შესაძლებელი.

მინდა ვთქვა, რომ ამ რეფორმის გატარებას დაჟინებით ითხოვენ სახელმწიფოსგან, 2003 წლიდან მოყოლებული, ყველა ის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დევნილთა საკითხებზე მუშაობენ. პირიქით, ბრალს გვდებდნენ, რომ მთავრობას არ გვაქვს პოლიტიკური ნება. დიახ, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება. ამას სჭირდებოდა მომზადება და ჩვენ ახლა მზად ვართ ამისთვის. ამ საკითხზე 2016 წლის ნოემბრიდან ვმუშაობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ანუ იმათთან ვინც უშუალოდ ჩართული იყო ამ რეფორმის მომზადებასა და ლობირებაში თავის დროზე.

გარდა ამისა, მე მქონდა შეხვედრა ექსპერტებთან და მათაც წარვუდგინე ეს იდეები. ამ დღეებშიც ვაპირებ ეს შეხვედრები გავაგრძელო. ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის გადაგზავნილი მთავრობასა და პარლამენტში. თუმცა, მე ჩემი იდეების შესახებ მქონდა მთავრობასთან ლაპარაკი, გუშინ მქონდა შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე ლიდერთან და პრაქტიკულად მათი მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს, რომ ეს რეფორმა უნდა გატარდეს. რა მოდელით გატარდება ეს რეფორმა ამაზე ჯერ არ არსებობს კონსენსუსი, იმიტომ რომ მიდის მუშაობა. მუშაობის პროცესში განხილული იყო აბსოლუტურად მიუღებელი მოდელებიც, მოდელები რომლებიც მისაღებია, მაგრამ ისეთ ეფექტს ვერ მოგვცემს, როდესაც მიდის მუშაობა მაგიდაზე უნდა დაიდოს ყველა წინადადება.

მე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ვუახლოვდებით საჭირო მოდელს და როგორც კი დონორებთან, ექსპერტებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ამ მოდელზე ჩამოვყალიბდებით, მერე გავაცნობთ ამას მთავრობასაც, პარლამენტსაც უშუალოდ დევნილ საზოგადოებას, ლეგიტიმურ სტრუქტურებს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და იმ ხუთი მუნიციპალიტეტს, როგორიც არის კოდორის, თიღვის, ერედვის და ასე შემდეგ. მათთან ჩვენ ჯერ არ დაგვიწყია ამ თემაზე მუშაობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, 2016 წლის ნოემბრიდან დღემდე ინტენსიურად და ნაკლები ინტენსივობით მანამდე მიდიოდა მუშაობა იმ არასამთავრობოებთან და დონორებთან, რომლებიც იყვნენ ინიციატორები მსგავსი რეფორმების.

ეს პროცესი არ ხდებოდა ზურგს უკან, 2016 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მე ამის შესახებ ვილაპარაკემაესტროსადაპალიტრა ტვ“-ის ეთერში, დეტალები არ დამიკონკრეტებია, თუმცა იმას, რომ ამ რეფორმას ვატარებთ ვამბობ ყველგან და ყოველთვის და ამას გავაკეთებთ აუცილებლად, რომ დავეხმაროთ გაჭირვებულ დევნილებს.

სანამ მოდელზე არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, თანხებზე ლაპარაკი შეუძლებელია. მე შემიძლია გითხრათ ამ სამინიტროს ბიუჯეტი არის 85 მილიონი ლარი, აქედან 70 მილიონი ლარი ხმარდება დევნილთა ბინებით დაკმაყოფილებას. ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი, რომ სანამ დაბრუნდებიან, ყველა დევნილს ჰქონდეს ღირსეული ცხოვრების პირობები. მაშინ როცა დევნილთა სოციალურ დახმარებებზე მთლიანობაში იხარჯება 150-160 მილიონი და ამ თანხის დიდი ნაწილი არ არის ეფექტური, იმიტომ რომ ადამიანებს ვურიგებთ 45 ლარს, მიუხედავად იმისა, მის ოჯახს სჭირდება ეს თუ არ სჭირდება. ჩვენ ვაპირებთ დავეხმაროთ იმათ ვისაც ეს სჭირდება და ეს არანაირად არ ეხება სტატუსს. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა რომელიც ვამბობთ, რომ დევნილს უნდა ჰქონდეს ისეთივე ღირსეული საცხოვრებელი პირობები საკუთრებაში, როგორიც აქვთ ქვეყნის დანარჩენ მოქალაქეებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია