მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის შერბილებას ითხოვს - 10 მარტი 2017

„რუსეთი უკვე დიდი ხანია მოითხოვს ამ კანონის შერბილებას ან სულაც გაუქმებას. მისი ინტერესი გასაგებია - საკუთარ მოქალაქეებს ააცილოს პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის გამო“

ufleba.ge

სახალხო დამცველმა საზოგადოებას სპეციალური ანგარიში წარუდგინა, რომელშიცოკუპირებული ტერიტორიების შესახებსაქართველოს კანონისა და პრაქტიკის ანალიზი და რეკომენდაციებია თავმოყრილი. ანგარიში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის, ეკონომიკური საქმიანობის, დე ფაქტო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისითოკუპირებული ტერიტორიების შესახებკანონსა და პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებსა და დაბრკოლებებს მიმოიხილავს და მათი აღმოფხვრის გზებს მიუთითებს.

ანგარიშში ასახული სახალხო დამცველის რეკომენდაციები მიმართულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ან/და მათთან მჭიდრო კავშირის მქონე ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ; ამასთან, საკითხთა სენსიტიურობიდან გამომდინარე, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები თუ პრაქტიკა შესაბამისი სამთავრობო უწყებების სრული კოორდინაციითა და  დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით შემუშავდეს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლებების  დაცვასა და სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

შესაბამისად, სახალხო დამცველის აზრით, საქართველომ უფრო მოქნილი უნდა გახადოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არალეგალური მიმართულებებიდან შესვლის წესი და უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის სასჯელის ზომა უნდა შემოიფარგლებოდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით, ნაცვლად ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა:

პრაქტიკის ანალიზით, ჩანს რომ  ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისათვის სასჯელი მხოლოდ იმ მცირე ნაწილს ეკისრება, რომელიც შემდეგ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოდის. ამასთან, ეს შეზღუდვა ვრცელდება საერთაშორისო ორგანიზაციებზე და მათ თანამშრომლებზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიების მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმიანობას ეწევიან“.

სახალხო დამცველი ასევე, მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების შესაბამისად, მთავრობამ უნდა შეიმუშავოს წამახალისებელი სამართლებრივი და ლოჯისტიკური მექანიზმი, მათ შორის განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი და გამოყოს ფინანსური რესურსი, რომელიც საშუალებას მისცემს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ადგილობრივ ინდივიდუალურ მეწარმეებს, მიკრო და მცირე ბიზნესებს, განავითარონ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მოქმედ ბიზნესებთან და მეწარმეებთან, ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით:

ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალ თაობას, სხვა საბუთები, გარდა არალეგიტიმური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებისა, ძირითადად არ გააჩნია. ხოლო, ვინაიდან, მოქმედი კანონის მიხედვით ასეთი დოკუმენტები არარაა, მათთვის, საქართველოს მოქალაქეობის დადგენა და შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღება გართულებულია. შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს ეფექტური მექანიზმი, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა პირებმა მარტივად შეძლონ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობისა და იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტების მიღება, რითიც შემდეგ შეეძლებათ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობა“.

სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს რეგულაციებისა და პრაქტიკის შესახებ დამატებით განხილვებში და იმედოვნებს, რომ მისი რეკომენდაციების საფუძველზე, მოქმედი საკანონმდებლო ნორმები და მათი აღსრულება ორიენტირებული იქნება ადამიანის უფლებათა დაცვასა და პატივისცემაზე.

ომბუდსმენის ამ წინადადებასთან დაკავშირებით, „ქრონიკა პლუსიექსპერტ ირაკლი ცქიტიშვილს ესაუბრება.

- ბატონო ირაკლი, რა შედეგებს გამოიწვევს სახალხო დამცველის აღნიშნული რეკომენდაციების შესრულება?

- 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პერიოდულად გაისმის მოწოდებები შეიცვალოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. კანონპროექტი პირველი მოსმენითაც კი იყო მიღებული წინა მოწვევის პარლამენტის მიერ, მაგრამ მისი შემდგომი განხილვა არ შედგა - ხალხმა ვერ გაიგო. ამის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები და მასთან დაახლოებული პირები იმავე თეზისებს დროდადრო შემოაგდებენ ხოლმე საზოგადოებაში, ალბათ, იმის მოსასინჯად, მზადაა ხალხი ასეთი რადიკალური ცვლილებისთვის, თუ ჯერ არა.

ბოლო დროს ეს მისია ომბუდსმენს აკისრია, რომელიც ჯერ კიდევ არასამთავრობო სექტორში ყოფნის დროს თაობდა ქართველების მხრიდან აფხაზებისთვის მობოდიშების აქციას. ასე ერქვა ამ კამპანიას - „ბოდიში“. და დევნილთა ნაწილს მწარედ ახსოვს ეს.

როგორც ჩანს, შემთხვევით არ აურჩევიათ უჩა ნანუაშვილი ამ გეგმების გამხმოვანებლად. გარკვეული პირები არასამთავრობო სექტორში მხარსაც კი უბამენ, რომ გააძლიერონ ეს პოზიციები. ცდილობენ ვენეციის კომისიას დაუკავშირონ ისინი და ამით მოახვიონ თავს მოსახლეობას, თითქოს ევროკავშირის და ევროპული სტრუქტურების მოთხოვნაა.

- კონკრეტულად რისი შეცვლა უნდათ?

- 1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო შესვლისათვის პირს დაეკისროს მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

თუ საქართველო სახელმწიფოა, მის ყველა საზღვარზე უნდა მოქმედებდეს ერთნაირი კანონი. მაგალითად, თუ ადამიანი თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის მხრიდან შემოვა უკანონოდ, მას შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ომბუდსმენი გვთავაზობს, რომ რუსეთის მხრიდან უკანონოდ შემოსულ პირებზე დაწესდეს შეღავათი - დაისაჯონ მხოლოდ ადმინისტრაციულად. რატომ კეთდება ასეთი შეღავათები რუსეთის მხრიდან ჩვენი საზღვრის დარღვევაზე? უფრო ლოგიკური განა არ იქნებოდა ამ ჩვენდამი მტრული სახელმწიფოს საზღვრებზე კონტროლის რეჟიმის უფრო გამკაცრება? ასეთი შეღავათი გამოიწვევს მხოლოდ საზღვრის დარღვევის გარკვეულწილად ლეგალიზებას, დარღვევათა რიცხვის ზრდას თან ისე, რომ არც სასჯელის შეეშინდებათ.

ომბუდსმენის რეკომენდაციის მომხრეები (და მათ შორის პაატა ზაქარეიშვილი) აცხადებენ, რომ ეს კეთდდება იმისთვის, რომ შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები არ დაისაჯონ ძალიან მკაცრად. მოდით ვნახოთ, ვინ შედის ამ ტერიტორიებზე: პირველ რიგში, რუსეთის მოქალაქეები. შეიძლება წარმოვიდგინოთ ის ფაქტი, რომ რუსეთის მოქალაქეებმა არ იციან, რომ საქართველოს კანონმდებლობას არღვევენ? ნუთუ 25 წლის გამანვალობაში მათ არ გაუგიათ ამ კანონის მოქმედების შესახებ? გამორიცხულია.

არიან უკრაინელები, არიან ტაჯიკები და უზბეკები. შუააზიელებს ნაკლებად აინტერესებთ, სად რა კანონი მოქმედებს, მათ თავიანთ გასაჭირი აქვთ - აფხაზეთში მოხვედრილები მერე რუსეთში ვერ ბრუნდებიან, იმიტომ, რომ არ აქვთ შესაბამისი ვიზები.

ასე რომ, საუბარი იმაზე, თითქოს მათ არ იციან და უნდა ვაპატიოთ, ზედმეტად გადაჭარბებულია. რუსეთის მოქალაქეების ასეთი რაოდენობით იქ ჩასვლა ეკონომიკურად აძლიერებს სეპარატისტულ რეჟიმებს და მათ სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ. სწორედ ამის წინააღმდეგ არის მიმართული დღეს მოქმედი კანონმდებლობა.

აქვე მინდა ვთქვა, რომ საუბარიორ რუსეთზე“, რომ თითქოს რუსეთის რიგითი მოქალაქე არაფერ შუაშია, როგორმე უნდა დამთავრდეს საქართველოში. მოსახლეობა, რომლის 80% უჭერს მხარს თავის ხელისუფლებას, რომელიც თავის მხრივ ახდენს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას, ისეთივე პასუხისმგებელია ამ ოკუპაციაზე, როგორც მისი ხელისუფლება.

არის კიდევ ერთი რამ, და ალბათ ყველაზე მთავარი - ქართული კანონმდებლობა აპრიორი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო შესვლისთვის. კანონი ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას. სასამართლოს პრეროგატივაა განსაზღვროს რომელი მათგანი აირჩიოს. ვფიქრობ, მოქმედი კანონმდებლობის პირობებშიც სასამართლოს შეუძლია მათ, ვინცშემთვხვევით მოხვდაოკუპირებულ ტერიტორიაზე, ჯარიმა დააკისროს. ამისთვის კანონის შეცვლა არ არის საჭირო. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ასევე, ჩაიდინა თუ არა დამრღვევმა სისხლის სამართლის დანაშაული და ამ შემთხვევაში უკვე შეუძლია თავისუფლება აღუკვეთოს.

გამომდინარე ზემოხსენებულიდან, რეკომენდებული ცვლილებები სრულებით არ შეესაბამება იმ მიზნებს, რომელთაც საფუძვლად უდებენ ამ ცვლილებების მხარდმჭერები. ამ ხელისუფლებას აქვს სხვა პრობლემა - კანონის აღსრულების.

როგორც იცით, გასულ წლებში, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, არაერთი ადამიანი იმყოფებოდა საქართველოში, ვინც მხილებულია ოკკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევაში. ნათელი მაგალითი, იტალიური მუსიკალური ჯგუფირიკი&პოვერი“, რომლის სოლისტებს მედლებიც კი აქვთ მიღებული ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისგან. თუმცა, საქართველოში ისინი ისე შემოუშვეს, რომ კრინტის კი არ დაუძრავთ. თუ საქართველოს ხელისუფლება არ სცემს პატივს თავის სახელმწიფოს და მის კანონებს, რა უნდა მოვთხოვოთ სხვას? პრობლემა ის კი არ არის, რა სასჯელი იქნება, პრობლემა ქვეყანაში დანაშაულზე სასჯელის გარდაუვალობის არარსებობაა. მთავარია, რომ კანონის დამრღვევის მიმართ გაიმართოს სასამართლო და სასამართლომ გამოიტანოს თავისი განაჩენი, რითაც ყველას მივანიშნებთ, რომ კანონი კანონობს. გადავახდევინებთ მათ 100 ლარს თუ 2000 ლარს - მეორეხარისხოვანი პრობლემაა. მთავარი მაინც დანაშაულისთვის სასჯელის გარდაუვალობაა და სწორედ აქ აქვს ამ ხელისუფლებას ჩავარდნები. ვფიქრობ, ეს კეთდება შეგნებულად, რათა უთხრან ხალხს - მოქმედი კანონი არ მუშაობს და ის შესაცვლელიაო, რასაც სწორედ ომბუდსმენის ხელით აკეთებენ დღეს.

- მაშ რატომ უნდათ კანონის შეცვლა, თუ ეს ცვლილებები ქართულ ინტერესებზე სრულებით არაა მორგებული?

- აქ მხოლოდ ერთი დასკვნა მოდის აზრად - რუსეთის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. რუსეთი უკვე დიდი ხანია მოითხოვს ამ კანონის შერბილებას ან სულაც გაუქმებას. მისი ინტერესი გასაგებია - საკუთარ მოქალაქეებს ააცილოს პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის გამო. და თუ მიაღწევს, მისი მოქალაქეები უფრო აქტიურად ივლიან ამ ტერიტორიებზე ისე, რომ არ მოერიდებიან შემდეგ თბილისში ჩამოსვლას და აქძმობა-მეგობრობაზესადღეგრძელოების თქმას... რაც სულაც არ ნიშნავს იმ ფაქტს, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. რუსეთის ინტერესია ასევე, რომ რუსეთის პოლიტელიტის წარმოადგენლებს, რომლებიც ხშირი სტუმრებია არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხელი არ შეეშალოთ საქართველოში ჩამოსვლაში სხვადასხვა მიზნებით. და სად არის საქართველოს ინტერესი ამ შემთხვევაში?

- რაც შეეხება შეღავათიან საგადასახადო რეჟიმს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე მეწარმეებისთვის?

- ეს საკითხი მოითხოვს მეტ გაშლას. საინტერესოა, თუ როგორი სახის მეწარმეებს გულისხმობს და რომელი ქვეყნის. შეიძლება შეღავათი დაუწესდეს იმ მეწარმეებს, რომლებიც ქართული კანონმდებლობით არიან დარეგისტრირებულნი და გადასახადებს საქართველოს ბიუჯეტში იხდიან. მაგრამ, ამ შემთხვევაში სხვა პრობლემა წარმოიქმნება - საგადასახადო ადმინისტრირების. ვინ გააკონტროლებს ამ მეწარმეებს საქმიანობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე? როგორ მოხდება იმ ბრუნვის აღრიცხვა, რომელიც მათ აქვთ ჩვენს მიერ უკონტროლო რეგიონებში და როგორ მოხდება მათი დაბეგვრა?

მე პირადად ვერ ვხედავ ვერანაირ მექანიზმს ამის განხორციელების. შედეგად მივიღებთ იმას, რომ მოქმედ ქართულ ეკონომიკურ სივრცეში ჩაბმული იქნებიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის უფლება და რომელთაც ლეგალური ბიზნესი გამოიყენებს არალეგალური ოპერაციებისთვის, მაგალითად, გადასახადების ზემოაღნიშნული შეღავათების უკან დამალვის მიზნით. ანუ, გვექნება ერთი დიდი შავი ხვრელი, როგორიც იყო თავის დროზე ერგნეთის ბაზრობა. ახლა მასშტაბები გაცილებით დიდი იქნება.

- შეეხება თუ არა აღნიშნული შეღავათები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ რუსულ კომპანიებს?

- ომბუდსმენის რეკომენდაცია, ალბათ, გულისხმობს რომ შეეხებათ, თუ ისინი საქართველოს სისტემაში იქნებიან რეგისტრირებულნი. დავუშვათ, ასეც მოხდა და რუსული კომპანია დარეგისტრირდა საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე შეღავათიან საგადასახადო პირობებში საქმიანობის საწარმოებლად. ვინ გააკონტროლებს რუსულ კომპანიას? ვინ იცის, რა ოპერაციებს ჩაატარებს ის იქ? და თუ შეღავათი გულისხმობს საერთოდ ნულოვან განაკვეთს, რათა მისი ადმინისტრირება არ მოხდეს, მაშინ მივიღებთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული კომპანიების საქმიანობის ლეგალიზებას ისე, რომ ამით საქართველო ვერც ეკონომიკურ, ვერც პოლიტიკურ ხეირს მიიღებს. მაშ რისთვის გვინდა ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქვეყნის ბიზნესისთის ხელშეწყობა?

ომბუდსმენის გულისტკივილი ადამიანის უფლებების გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე სრულებით გასაგებია, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც იქაური მცხოვრებლები თავად უჩივიან უფლებების დარღევას. მაგალითად, აფხაზებს რომ უთხრათ, მოვდივარ შენი უფლებების დასაცავად, გაეცინებათ... ისინი სულაც არ უჩივიან თავიანთი უფლებების დარღვევას, ყოველ შემთხვევაში მათ დაცვას ქართულ მხარეს სულაც არ სთხოვენ.

- მაშ რატომ ვთავაზობთ?

- გვგონია, რომ ამას დაინახავენ, გაიგებენ და დაიწყება შერიგების პროცესი? ძალიან შორს უნდა იყოს იქ არსებული მდგომარეობიდან, რომ ასე მიამიტურად იმსჯელო. სამწუხაროა, რომ აფხაზებთან და ოსებთანაცშერიგებისპროცესში ქართული მხრიდან თითქმის არავინ მონაწილეობს ისეთი, ვინც კარგად იცნობს მათ ჯიშსა და ჯილაგს, და მოხარშულად იციან, რას წარმოადგენენ ერთნიც და მეორენიც (სხვათა შორის, ეს იყო კიდევაც აფხაზების მოთხოვნა, რასაც ჩვენები უპირობოდ დაეთანხმნენ).

ის ხალხი კი, ვინც ამ პროცესებშია დღეს ჩართული, საერთოდტყემალზე ზისდა ასე გონია, რომ ევროპულ გამოცდილებას თუ გადმოაკოპირებს, ან ევროპულ რეკომენდაციას თუ გაითვალისწინებს, კარგად გამოჩნდება სხვების თვალში. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - ევროპული რეკომენდაცია კარგია წასაკითხად და მორგებულია ევროპელი ადამიანების აზროვნებაზე, ევროპულ რეალობაზე, სრულებით სხვა კულტურის ადამიანებზე, და ყველაზე მთავარი - მათი მიზანი ხშირ შემთხვევაში არა კონფლიქტების საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტაა, არამედ ამ კონფლიქტების რაც შეიძლება დიდი ხნის გაყინვა, რათა საქართველო არ გახდეს მათი თავის ტკივილი უკრაინისა და სირიის ამბებთან ერთან. არ იქნება უკრაინა და სირია, სხვა იქნება.

ევროპა დაინტერესებულია, პირველ რიგში, რომ რაც შეიძლება ნაკლები საფიქრალი ჰქონდეს სხვა ტერიტორიებზე და მეტად იყოს ორიენტირებული საკუთარ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. სრულებით გასაგები მიზანია - „ჯერ თავო და თავო და მერე სხვაო“, მაგრამ ჩვენ ხომ ჩვენი საფიქრალი გვაქვს პირველ რიგში და უნდა გავითვალისწინოთ მხოლოდ და მხოლოდ ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენი საკუთარი მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება.

საბოლოო ჯამში, ამ რეკომენდაციებიდან ვიგებთ ერთ რამეს - საქართველოს ხელისუფლება ორიენტირებულია კოჭი გაუგოროს რუსეთს და ევროპას, და სრულებით არ არის მოწადინებული საკუთარი ინტერესების დაიცვას ყველა ტრიბუნაზე, ყველა სივრცეში.

აფხაზების ამ ბოლო დროს გახშირებული ვოიაჟები ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა გამოფენებზე ამაზე კარგად მეტყველებს. იმის მაგივრად, რომ პრევენციაზე იმუშაონ, ჩვენი დიპლომატიური კორპუსი წინასწარ ემზადებოდეს ყველა გამოფენებისათვის მონაწილეთა სიების გამოთხოვით და აფხაზების მონაწილეობის შემთხვევაში მოახდინონ რეაგირება უფრო ადრე, ვიდრე ისინი უკვე იქნებიან წარმოდგენილი ამ გამოფენებზე, სამწუხაროდ, რეაგირება გვიწევს მას მერე, რაც მედიაში გაჟღერდება ეს ამბავი. ეს ნიშნავს ერთ რამეს - ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი არ არის საგარეო საქმეთა სამინისტროს №1 ამოცანა.

- გაიზიარებს თუ არა ხელისუფლება ომბუდსმენის რეკომენდაციებს?

- ამ ეტაპზე სრულიად ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ამაზე პასუხი გავცეთ - გაიზიარებს. უფრო მეტიც, ეს წინადადებები მომზადებულია ხელისუფლებაში, ანუფრო ზევითდა ზაქარეიშვილი და ნანუაშვილი მხოლოდ გამხმოვანებლად გვევლინებიან. საკითხავია, შეძლებს თუ არა ხელისუფლება ამ ცვლილებების მიღებას? გაჩუმდება საზოგადოება ამ უმსგავსობაზე ისევე, როგორც ბევრ სხვა რამეზე დუმს? ჯერჯერობით ვხედავთტვინის გამორეცხვისპროცესს, როდესაც პერიოდულობით შემოაგდებენ ამ ცვლილებებს და აკვირდებიან საზოგადოების რეაქციას. ალბათ ელოდებიან, როდის ეტყვის საზოგადოება - „კისერიმც გიტეხიათო“...

ქართული ხელისუფლების პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში უნდა გააქტიურდეს საერთაშორისო არენაზე. უნდა იყოს მეტი კომუნიკაცია ამ თემაზე საერთაშორისო წარმომადგენლებთან, ეს თემები უნდა ჟღერდეს მაღალი ტრიბუნებიდან და არა ისე, როგორც მორიგი რაღაც განცხადება, რომელსაც ჩვენი ბოლო დროის პრემიერები აკეთებდნენ და ნახევარ საათში არავის ახსოვდა რაზე იყო საუბარი. თუ მათ გამოსვლაზე საერთაშორის მედია დუმს, ჩათვალეთ, რომ არაფერი უთქვამთ. ამიტომ, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკა უნდა დაბრუნდეს საერთაშორისო მედიაში. ყველგან, სადაც უკრაინული საკითხი წამოიჭრება და საუბარი იქნება ყირიმის ანექსიასა და დონბასის ოკუპაციაზე, იქვე უნდა ჟღერდეს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. საგარეო საქმეთა სამინისტრო მეტ კოორდინაციაში უნდა იყოს ამ საკითხებში უკრაინულ მხარესთან, რათა ერთიანი ფრონტით გამოვიდეთ ოკუპანტის წინააღმდეგ. ეს უნდა იყოს კარგად გააზრებული და ერთიანი შეტევა პოლიტიკური ფრონტის ყველა ხაზზე.

მეორე საკითხი, რასაც ვურჩევდი ხელისუფლებას, და ზემოთაც ავღნიშნე - პრევენციაზე მუშაობა. არ უნდა მივცეთ საშუალება აფხაზურ თუ ოსურ მარიონეტულ რეჟიმებს მოახდინონ თავიანთი ფსევდოდამოუკიდებლობის პროპაგანდა საერთაშორისო არენაზე. ამისთვის საჭიროა რომ ყველა საელჩო მუდმივად იყოს საქმის კურსში, თუ რა ღონისძიებები ტარდება მათი განთავსების ქვეყნებში. მუდმივად უნდა ადევნონ თვალი მონაწილეებს და მოახდინონ რეაგირება საჭიროების შემთხვევაში. ჩვენ არ უნდა ვიგებდეთ, რომ სეპარატისტებმა აქა თუ იქ მოახდინეს თავიანთი თავის რეკლამირება, ეს ძირშივე უნდა აღიკვეთოს. პირიქით, უნდა გვიკვირდეს, რატომ არ ჩანან. მაგრამ, ამას მუშაობა სჭირდება და არა შოპინგებზე სიარული.

აუცილებელია, რომ ყოველი საერთაშორისო შეხვედრის შემდეგ სრული მოცულობით იქნეს გაჟღერებული შეხვედრის შედეგები (ის რაც ითქმის). რუსულ მხარესთან შეხვედრების შინაარსი არ უნდა იყოს საიდუმლო მოსახლეობისთვის, მით უმეტეს ხელშეკრულებები და შეთანხმებები. ყოველი ასეთი შეხვედრის შემდეგ რატომღაც სწორედ პირველი რუსული მხარე ავრცელებს ინფორმაციას და თავისებურად აწვდის მედიას შინაარსს, ქართულ მხარეს კი უკვე რეაგირება უწევს. ცნობილია, რომ პირველი ინფორმაცია ყველაზე მნიშვნელოვანია, რამეთუ თავიდანვე უყალიბებს მკითხველს და მსმენელს აზრის მიართულებას, ხოლო შემდგომ ინფორმაციებს ის უკვე სწორედ ამ ჩამოყალიბებული აზრის ჭრილში განიხილავს და აღიქვამს.

მაშ რატომ იძლევა ჩვენი საგარეო ინფორმაციას ყოველთვის დაგვიანებით? აქ საუბარია რუსული ინფორმაციული პროპაგანდის მიერ საკუთარი კლიშეების თავსმოხვევის პრევენციაზე. რატომ არ შეიძლება ამ შეხვედრის დასრულებისთანავე გაკეთდეს განცხადებები, რომლებიც იქნებ მთავარ თეზისებს (მიმართულებებს) მოიცავდეს, ხოლო მათი უფრო ღრმა ანალიზის მოწოდება და დეტალური ახსნა-განმარტება ცოტა მოგვიანებითაც შეიძლება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შსს გვიმტკიცებს, რომ ოკუპაციის ხაზი სრულად კონტროლდება, ყოველ კვირა იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზიდან. „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო“, ნათქვამია სწორედ ამაზე. საჭიროა საოკუპაციო ხაზის სრულად გაკონტროლება, რათა მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებს თავი იგრძნონ დაცულად. რუსების ან ოსების არასანქცირებული მოქმედების შემთხვევაში - მკაცრი რეაგირება და არა თავის მართლება და ოკუპანტების ნამოქმედარისგაპრავება“.

როგორც იმ შემთხვევაში იყო, როდესაცსაზღვრისაღმნიშვნელი ბანერი გადმოსწიეს, ხელისუფლება კი გვიცხადებდა, არაფერი მოხდაო, მათ მხოლოდ საბჭოთა რუკებით იხელმძღვანელეს და სამხრეთ ოსეთის საზღვარი გაასწორესო. გვეყო დაცინვა, გვეყო სხვის ინტერესებზე (აფხაზებზე, ოსებზე, რუსებზე, ევროპელებზე) ფიქრი და ზრუნვა, ყოველი მტკაველი უნდა დავიცვათ, ყოველი ჩვენი ადამიანი და არ ვეძებოთ საკუთარი უუნარობის გამამართლებელი საბუთი.

აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ შეიმუშაოს ადეკვატური მიდგომა დევნილების მიმართ. მაგალითად, ის ფაქტი, რომ აფხაზებს უფასოდ მკურნალობენ საქართველოს კლინიკებში, ხოლო დევნილებს ჩვეულებრივ უხდებათ საფასურის გადახდა და თანხების უქონლობის გამო ბევრი იღუპება ისე, რომ თვალსაც ვეღარასდროს შეავლებს მოწყურებულ აფხაზეთის მიწას, მათთვის სერიოზული პრობლემაა.

მათ ესმით ამ პოლიტიკური ნაბიჯის მნიშვნელობა, მაგრამ არ ესმით, რატომ ეპყრობა მათ თავად ხელისუფალი ისე, თითქოს უცხონი იყვნენ, თითქოს მათ ნაკლებად უჭირდეთ, თითქოს არ იყვნენ ერთიანი ქართული საზოგადოების ნაწილი. ამის მაგივრად აჟღერებენ ისეთ ინიციატივებს, რომელიც მიმართულია მათი ყოფის გაუარესებაზე, მათთვის სტატუსის შეჩერებაზე ან სტატუსთან მიბმული შემწეობის გაუქმებაზე და ასე შემდეგ.

ასეთ პირობებში დევნილი მოსახლეობა ერთხელაც გაილაშქრებს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ მისიაფხაზებთან და ოსებთან შერიგებისპოლიტიკის გამო, რომლის მსხვერპლი ისევ დევნილები ხდებიან.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარალმენტო დროებითი კომისია საერთოდაც უმოქმედოა. ადრე, როდესაც კომისიას ბატონი მალაშხია ხელმძღვანელობდა, ძალიან ბევრი რამ კეთდებოდა ამ კომისიის ფარგლებში ოკუპაციის საწინააღმდეგო პოლიტიკის ფარგლებში. ახალი ხელისუფლების პირობებში ამ კომისიამ სრულებით დაკარგა თავისი ფუნქცია და იქცა ხელისუფლების უაზრო ინიციატივების ლეგალიზების მექანიზმად. აუცილებელია ეს ორგანო უფრო აქტიური და უფრო საქმიანი გახდეს, მოწყდეს ჩვეულ საპარლამენტო-საკაბინეტო მუშაობას და კონკრეტული ინიციატივების გენერატორად გადაიქცეს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია