მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ანზორ საკანდელიძე: არცერთი შენობა-ნაგებობა სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე შემოწმებული არ არის - 14 ივნისი 2017

„50%-ზე მეტი ადამიანი სამშენებლო ეკოლოგიური ნორმების დაუცველობით გამოწვეული დაავადებებისგან იღუპება“

ufleba.ge

რატომ არ ხდება საქართველოში სეისმური და სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რა შედეგები გამოიწვია თავის დროზე მშენებლობის სამინისტროს გაუქმებამ, რატომ ყველა გაურბის აღნიშნულ სფეროში არსებულ უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებლობას,  რატომ არის რამდენიმე ათწლეულის წინ აღმოჩენილი აირი „რადონი“ კაცობრიობის მტრად შერაცხული, რა შედეგებს იწვევს ჩენში ელემენტარული სამშენებლო ეკოლოგიური ნორმების დაუცველობა, რატომ არის საჭირო მოსახლეობის აქტივობა, რათა მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე მუდმივი რისკის ქვეშ არ იმყოფებოდეს, ამ და სხვა საჭირბოროტო კითხვებით „ქრონიკა პლუსმა“ ასოციაცია „,მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშეს“ თავმჯდომარეს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორ ანზორ საკანდელიძეს მიმართა.

- პრობლემა ისაა, რომ საქართველოში დღემდე არცერთი შენობა-ნაგებობა  სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე შემოწმებული არ არის. ასეთი რამ მსოფლიოში არსად ხდება. არ არსებობს ნორმალური, ცივილიზებული ქვეყანა, სადაც შენობა-ნაგებობა ისე შენდებოდეს, რომ გამოყენებული მასალები სამშენებლო-ეკოლოგიურ სისუფთავეზე შემოწმებული არ იყოს. შემდეგ როცა მშენებლობა დამთავრდება და მისი მიღება-ჩაბარება ხდება, თვითონ ობიექტი არ შემოწმდეს სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე. აქედან საქართველოში არაფერი ხორციელდება. 

ჩვენ ამისთვის ვიბრძვით, რომ ასე გაგრძელება უბრალოდ აღარ შეიძლება. დღეს სამედიცინო სტატისტიკის მონაცემებია, რომ მსოფლიოში გარდაცვლილების 50%-ზე მეტი სამშენებლო ეკოლოგიური ნორმების დაუცველობით გამოწვეული დაავადებებისგან იღუპება. ამიტომ აღნიშნულ სფეროზე კონტროლი ყველგან გამკაცრებულია. 

საქართელოში კი აბსოლუტურად არაფერი კეთდება, არავინ არაფერს არ ამოწმებს. საბაჟოზე შემოსვლის დროსაც ამ საშენ მასალებს კონტროლს არავინ უწევს. ასევე მოსაპირკეთებელ, სანტექნიკის მასალებს არავინ ამოწმებს. 

როგორც გითხარით, ეს მოთხოვნები არც ნაგებობის მიღება-ჩაბარებისას არის გათვალისწინებული. სახელმწიფოს მიერ ასეთი უკონტროლობის პირობებში ხდება მშენებლობის მიღება-ჩაბარება. 

ეს ჩვენი წარმოუდგენელი რელობაა, როცა ევროკავშირისკენ მისწრაფება გვაქვს და ამ გზაზე გარკვეული მოთხოვნები გვაქვს შესასრულებელი. ამ დროს ევროკავშირის სივრცეში ადამიანებს კი არა, შინაურ პირუტყვს არ უშვებენ ისეთ სადგომში, რომელიც ეკოლოგიაზე სრულყოფილად შემოწმებული არ იქნება. 

- თქვენ რა ნაბიჯებს დგამთ ამ სფეროში სიტუაციის გასაუმჯობესებლად? 

- ამ პრობლემაზე ასობით სტატია და წერილი გვექნება გამოქვეყნებული. მივწერეთ ქალაქის მერიას, ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, ცენტრალურ ხელისუფლებას გავუგზავნეთ წინადადებები, მაგრამ ყურს არავინ აბარტყუნებს. 

ახლა თითქოს სამშენებლო კოდექსზე მუშაობენ. გავეცანით, მისი დამუშავების პროცესში თავიდან ჩვენ, მშენებლებიც ჩართული ვიყავით. მაგრამ იქიდან პროტესტის ნიშნად წამოვედით. იქ ჯერ გერმანელები მოიწვიეს და მერე სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.

ვეუბნებით, რად გინდათ ეს უცხოელები, ამაში ფულს რატომ ყრით, აქ საქართველოში არიან ამ საქმის სპეციალისტები, რასაც იმათ უხდით, ასჯერ ნაკლები, ორი კაპიკი გადაუხადეთ, სამოძრაო ფული მაინც მიეცით და ეს სამშენებლო კოდექსი ამდენხანს სრულად დამუშვებული იქნებოდა. მაგრამ ჩვენ ხალხს ამ საქმეს არ აკარებენ, ჩამოყავთ უცხოელები და აგერ საქმეს დღემდე საშველი ვერ დაადგა. 

ახლა თითქოს პარლამენტში მიმდინარეობს აღნიშნული კოდექსის განხილვა. ჩვენ რომ ვნახეთ, ეს არანაირი სამშენებლო კოდექსი არ არის. ეს რაღაც ზოგადი რახარუხა ფრაზებია, რაც არაფრისმომტანია. კიდევაც რომ მიიღონ, მოსახლეობას რაც აინტერესებს, ის ძირითადი ნორმები გათვალისწინებული არ იქნება. 

რეალურად, ეს არის სეისმური ნორმები, რომელიც სრულყოფილად კი არა, დოკუმენტში რაღაც კანტიკუნტად არის მოხსენიებული. სამშენებლო ეკოლოგიაზე აქ საუბარიც არ არის, ამაზე სიტყვაც ნახსენები არ არის. რაღაც ეფემერულ მომავალზე საუბრობენ, რომელიც ღმერთმა უწყის აქ როდის დადგება. 

მესამე, რაც ხალხს აინტერესებს, რათა ქვეყანაში სეისმური და სამშენებლო ეკოლოგიის ნორმები გათვალისწინებული და დაცული იყოს, ამისთვის აუცილებლად უნდა აღდგეს 2004 წელს გაუქმებული მშენებლობის სამინისტრო. ჩვენ იმავე წელს დაავარსეთ ასოციაცია „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ და ხმალამოღებული ვიბრძვით, რომ მშენებლობის სამინისტრო აღდგეს. სანამ ეს არ მოხდება, არაფერი ეშველება სამშენებლო, როგორ სეისმურ ასევე ეკოლოგიურ უსაფრთხოებას. 

მთელ მსოფლიოში აღნიშნული უსაფრთხოების დაცვის მთავარი გარანტი მშნებლობის სამინისტროა. ამიტომ მთელ მსოფლიოში მშენებლობის სამინისტრო არასდროს არავის გაუუქმებია. ის არსებობს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, არსებობს ყველა პოსტსაბჭოურ ქვეყანაში და ჩვენთნ 2004 წელს ბოლო მოუღეს.

ამის შემდეგ ქვეყანაში აღნიშნულ სფეროზე ყველანაირი კონტროლი მოიშალა. არის რაღაც ქაოსი, ძარცვა-გლეჯა და უბედურება მშნებლობის დარგში. ეს შედეგი მიიღეს და დღემდე არც სურთ ამ რეალობის გამოსწორება. 

- ამ რეალობაში შესაძლებლობის რა ფანჯარა არის დარჩენილი? 

- ამ ფონზე ჩვენ მშენებელთა ლიგა შევქმენით. რადგან არც მერიას და არც ცენტრალურ ხელისუფლებას რეაგირება არ აქვს, ჩვენ საკუთარი ძალებით (თავის დროზე უძლიერესი სამეცნიერო ინსტიტუტების ნარჩენებიდან) და არსებული საშუალებებით (რომელსაც ახალსაც დავამატებთ) სეისმური და სამშენებლო ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლას ვიწყებთ. ნებისმიერს, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს შეუძლია მოგვმართოს და ჩვენ უკვე მზად ვართ დავიწყოთ მუშობა. 

დღეს აქ ყველაფერი მოშლილია, ლიცენზირება-სერტიფიცირება გაუქმებულია, კანონი არ არსებობს, არავის ავალდებულებს, რომ ვინმემ ეს შეამოწმოს. ამიტომ თუ ვინმეს აინტერესებს რა გარემოში უწევს მას და მის ოჯახს ცხოვრება, იქ სამშენებლო ეკოლოგიური ნორმების დარღვევა რა დონეზეა და რა ემუქრება ამ ოჯახების წევრების ჯამრთელობასა და სიცოცხლეს, ჩვენ ამ ყველაფერს გავარკვევთ. მოგვმართეთ და ჩვენ უკვე დავიწყებთ ამაზე მუშაობას. 

ამის გაკეთება აუცილებელია. მაგალითისთვის, 30-40 წლის წინ აღმოაჩინეს აირი რადონი, რომელიც რაღაც უბედურებას წარმოადგენს. რეალურად, ეს კაცობრიობის მტერია, რომლის შესახებაც არც იცოდნენ და მანამდე რადიაციაში ერეოდათ. შემდეგ ცალკე გამოყვეს და რადიომეტრები ცალკე შეიქმნა. ცალკე დაიწყეს მისი შესწავლა და ღონისძიებების გატარება, რომ როგორმე ამ რადონისგან თავი დაიცვან. 

გაირკვა, რომ ეს რადონი უფერო, უსუნო, უგემოვნო გაზია, ამოდის მიწის ქერქიდან. მას გარკვეული პროცენტით მთის ყველა ქანი შეიცავს. რადგან მთის ქანებისგან შენდება ძირითადი საშენი მასალა, ქვიშა, ღორღი, ბეტონი, ცემენტი, სამშენებლო ლითონი, იქნება ეს სამშენებლო ბლოკი თუ ნებისმიერი სხვა მასალა, აუცილებელია, რომ მათი მოხმარების წინ ამ მასალებში რადონის შემცველობა განისაზღროს. რადგან შემდეგ აშენებულ შენობაში, კედლებიდან, სახურავიდან და ა.შ. ამ აირის გამოსხივება მოხდება. 

ჯერ ერთი, როდესაც შენობის დაპროექტებას დავიწყებთ, აუცილებლად გრუნტი უნდა შემოწმდეს, რადგან რადონი იქიდან ამოდის. თუ მისი მოდენა მაღალი კოცენტრაციითაა და უკვე საშიში დოზებით, იქ შენობის აგება არაფრით შიძლება. 

ამაზე საზღვარგარეთის ქვეყნებმა, განსაკუთრებით მექსიკამ 13 მილიარდი დოლარი დახარჯა. ასევე ინგლისი პროცესში აქტიურად არის ჩართული. იქ მიწებს წინასწარ ამოწმებენ და მსგავს ადგილებში აგება საერთოდ აღარ ხდება. ერთ-ერთ საგრაფოში შენობების 20-25 პროცენტი მარტო ამ რადონის გულისთვის დაანგრიეს. რადგან ამ ადგილებში, სახლებში ცხოვრება საშიშროებას წარმოადგენდა. 

სხვათა შორის, საქართველოში, გრუნტში რადონის შემცველობა საშიშ დონეზეა. როდესაც დავიწყებთ მშენებლობას, მოვაქცევთ ამ აირს კედლებსა და სახურავში, ის ინტენსიურად ამოდის, ნიადაგიდან შევა სარდაფებში, მერე პირველ სართულზე, ზემოთ ამოდის და ამ დახშულ სივრცეს ავსებს, კონცენტრაცია იზრდება და ამ გამოსხივებულ ნაწილაკებს ჩავისუნთქავთ.

ამ დარგის მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი სპეციალისტი პირდაპირ ამბობს, რომ ერთ მილიგრამის მემილიარდედი ნაწილაკი რომ ჩაისუნთქოს ადამიანმა, მისი ჯანმრთელობის საქმე დამთავრებული არისო. ასეთი გამაფრთხილებელი სტატიები ქვეყნდება და ამას არავინ არ აქცევს ყურადღებას. ამიტომ ეს ყველაფერი შესამოწმებელია. 

ჩვენ შეგვიძლიათ ეს ყველაფერი სამეცნიერო-კვლევით დონეზე შევისწავლოთ, მივცეთ დასკვნები თუ რა მდგომარეობაა სამშენებლო ეკოლოგიის მხრივ და რა ღონისძიების გატარებაა შესაძლებელი, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავიცილოთ. ამ ღონისძიებების გამტარებლებიც ჩვენში ჯერ კიდევ შემორჩენილი სპეციალისტები არიან. 

ხელისუფლებას კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობის ჯანმრთელობას მიხედონ და აღადგინონ მშენებლობის სამინისტრო. ამას აუცილებლად უნდა მივაღწიოთ, თორემ ჩვენი მოსახლეობა განწირულია ამ თვალსაზრისით. 

- სამშენებლო ეკოლოგიური ნორმების დაუცველობა ჩვენ რეალობაში რა შედეგებს იწვევს?

- სხვადასხვა დაავადებებს იწვევს, მძიმე ფორმის ალერგიებს, სიმსივნურ დაავადებებს, ამაზე სამედიცინო დასკვნებიც არსებობს. 

მაგალითად, სიმსივნური დაავადების გამომწვევ ფაქტორებში რადონი რიგით მეორე ადგილზე დადგა თამბაქოს შემდეგ. მაგრამ ეს უცბად არ ხდება. ხარ, ცხოვრობ შენ ბინაში, ნელ-ნელა იწამლები და უბედურებისკენ მიექანები. 

- ხელისუფლება რატომ არ დგამს აქტიურ ნაბიჯებს მდგომარეობის გამოსასწორებლად?

- როგორ გითხრათ, ხან უვიცობაა, ხანაც დაუდევრობა, თან არანაირი სამსახური არ არსებობს როგორც უკვე გითხარით. ვთქვათ, ქალაქის მერიაში ზედამხედველობის სამსახური რომ არის, ისინი ამბობენ, რომ ეს ჩვენ არ გვევალებაო; ეს ყველაფერი დეველოპერებზე, მშენებლებზე არის გადატანილი, მათ უნდა ააშენონ და ისინივე პასუხისმგებლები არიან ამ ყველაფერზეო, - აი ასეთ პასუხი აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს. 

ეს რაღაც ნონსენსია, სად ნახეს ასეთი რამ, რომ ვინც აშენებს, მასვე შეამოწმებინო მისი აშენებული? ხომ არ იტყვიან, ეს და ეს დარღვევები გვაქვსო. მერიის პასუხი კი ამაზე შორს არ მიდის. 

მშენებლობის სამინისტრო რომ გააუქმეს, ეკონომიკის სამინისტროში ათკაციანი დეპარტამენტი გააკეთეს, საიდანაც ორი თუ სამი არის მშენებელი. არანაირი დაფინანსება არ აქვთ, მარტო ხელფასებზე სხედან და მოკლედ, იქაც ნულოვანი დამოკიდებულებაა, ეს ჩვენ არ გვეხებაო. აბა ვის ეხება?

დღეს ქვეყანაში ვერ ნახავ დაწესებულებას, ვისაც ეს ეხება, ამიტომაც აუტანელი სიტუაციაა ამ სფეროში. ამიტომ ხაზს ვუსვამთ, რომ აუცილებელია მშენებლობის სამინისტროს აღდგენა. როდესაც აღდგება, ჩვენ აპარატურას და ყველაფერს აღნიშნულ სამინისტროს გადავცემთ, რათა გაგრძელდეს ეს საქმიანობა. 

ახლა მუშაობის დაწყვება გვინდა, რადგან ხალხი იღუპება და არც კი იციან, რომ იღუპებიან. ვერ გავიგეთ, ეს რა მთავრობა და ხელისუფლებაა. 

ხალხიც ცოტა უნდა გამოფხიზლდეს და საკუთარი თავი დაიცვას, რადგან მათი დამცველი დღეს არავინაა. აგერ სამშენებლო ეკოლოგია ერთია, ხოლო სეისმური მედეგობა მეორეა, მიწისძვრა კარზეა მომდგარი და არავინ არ ფიქრობს, აქ რა სახლებს აშენებენ.  

- ზოგაგად ე.წ. ურბანულ განვითარებაში რა ხდება, კორპუსების სიმაღლე, სივრცის დაკავება და ა.შ.

- ზუსტად გუშინ ჩემთან ოფისში მოვიდა ცნობილი იურისტი, პროკურორად, გამომძიებლად ნამუშევარი, ახლა ადვოკატია, სენსაციური საბუთი მომიტანა. 2014 წელს, ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობისას მისი ხელმოწერით გამოცემულია მთავრობის დადგენილება, რომ თუ საქართველოში სამშენებლო დარგის ნორმატიული კანონები არ გვაქვს, რადგან ჩვენ საბჭოთა კავშირის კანონმდებლობასთან ვიყავით მიბმული და მისი სამართალმემკვიდრე რუსეთია, შესაბამისად დადგენილებაში პირდაპირ მითითებულია, რომ ამ მხრივ რუსეთის დღევანდელ კანომდებლობაზე ვართ მიერთებული.

ჩვენ ისიც არ გვაქვს განსაზღვრული, შენობები ერთმანეთისგან რა მანძილით უნდა იყოს დაშორებული. სხვათა შორის, ეს პირდაპირ ეკოლოგიასთან არის დაკავშირებული.  ბუნებრივი ვენტილაციისა და იზოლაციის კანონი 2008 თუ 2009 წელს რომ გააუქმეს, ამის შემდეგ შენობები შენობებთან პირდაპირ მიატყუპეს. 

ჰოდა, ეს კაცი მეუბნებოდა, - მე შატბერაშვილის ქუჩაზე ორსართულიანი სახლი ავაშენე, რადგან გეოლოგები მოვიყვანე და მითხრეს, რომ აქ ორსართულიანზე მეტის აშენება არ შეიძლება, გრუნტი მეტს ვერ გაუძლებსო. იქ ახლა გვერდზე ორი რვასართულიანი კორპუსი ჩამიდგეს ისე, რომ გეოლოგებს ეს საკითხი საერთოდ არ შეუსწავლიათო; მთელ რვა სართულზე ახლა ბზარი შესამჩნევია, კორპუსი სადღაცაა ჩამოინგრევაო; ამაზე პასუხს არავინ მცემს, არც მერიაში და არც სხვაგანო; მერე მე თვითონვე აღმოვაჩინე ღარიბაშვილის ეს დადგენილება, მოსკოვიდან დამეხმარნენ (იქ ნაცნობები მყავს) და გამარკვიეს, თუ როგორ უნდა იყოს შენობები ერთმანეთისგან დაცილებულიო; ამის ნორმატიული აქტი გამომიგზავნესო. გამოირკვა, რომ ამ ორ შენობას შორის, როდესაც ერთი უფრო მაღალია, ამ პირობებში მეორესთან ამდენჯერვე მეტი დაშორება უნდა იყოსო. 

ღარიბაშვილის აღნიშნული დადგენილების შემდეგ საქართველოში წესით აღნიშნულმა ნორმამ უნდა იმოქმედოს. ამის მიხედვით კი, ყველა მაღალი შენობა მეზობლისგან ორჯერ მეტი მანძილით დაშორებული უნდა იყოს. ამიტომ 2014 წლის შემდეგ გაცემული ნებართვები მიტყუპებულ შენობებზე ყველა უკანონოა. 

აი ამაზე ვერაფერი მიპასუხეს. საკითხი იუსტიციის სამინისტროში კოლეგიაზეც კი გავიტანე, ყველამ ხელები აწია, ეს რა გაგვიკეთებიაო. 

არც არაფერი, მაინც თავისებურად აგრძელებენ მუშაობას. აქ ხომ სრული ქაოსი, სუფთა „ბარდაგია“ მშენებლობაში.

- ევროკავშირთან დაახლოება რა გავლენას მოახდენს?

- უნდა ნახონ იქ რა დირექტივებია სეისმომედეგობის, სამშენებლო ეკოლოგიის დაცვის კუთხით. განსაკუთრებით ენერგოფოეფექტურობის კუთხთ, პირდაპირ ვალდებულებაა, რომ ამ ენერგოეფექტურობის გარეშე შენობები არ უნდა ააშენო. ამ დროს რა და როგორ შენდება, თავად ხედავთ ამ ყველაფერს. ქაღალდზე ერთი რამ წერია და მას არავინ ყურადღებას არ აქცევს. აბსოლუტურად ყველაფერი ფორმალიზმში არის გადასული, - ფორმალური პასუხები, ასეთივე განხილვები, ფორმალიზმში ჩამხრჩვალია მთელი საქართველო, ეს არის და ეს.  

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია