მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი: თბილისი განაშენიანებული კონტურის შიგნით უნდა განვითარდეს - 18 აგვისტო 2017

„სატრანსპორტო მოძრაობასთან დაკავშირებული იერარქია უნდა შეიცვალოს, უპირატესობა ფეხით მოსიარულეს უნდა მიეცეს“

ufleba.ge

დედაქალაქის დღევანდელ განვითარებაში ქაოტური პროცესები რომ სასწრაფოდ მოწესრიგებას მოითხოვს, ამაზე მგონი არავინ დავობს. „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე თბილისის განვითარების გენერალური გეგმის ძირითად საკითხებზე საუბრისას აცხადებს, რომ სატრანსპორტო მოძრაობასთან დაკავშირებული იერარქია უნდა შეიცვალოს და უპირატესობა ფეხით მოსიარულეს მიეცეს. სალუქვაძემ აღნიშნავს, რომ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის რჩევა დედაქალაქის ინტენსიური განვითარებაა.

„ჩვენ ქალაქს ინტენსიურ განვითარებას ვურჩევთ და არა ექსტენსიურს, ამაზე ავაგეთ მთელი ჩვენი პროექტი. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ქალაქის განაშენიანებული ნაწილის გარეთ ლანდშაფტური ტერიტორიები, სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები. უნდა შევუნარჩუნოთ საცხოვრებელი წესი იმ დასახლებებს, რომლებიც შემოერთებულ ტერიტორიებზეა, მათ შორის ზოგიერთი საკურორტოა. ამავე დროს ოპტიმალურად უნდა გამოვიყენოთ ქალაქის შიგნით არსებული ტერიტორიები“, - ამბობს სალუქვაძე. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პოლიცენტრულობა, რაც ქალაქის გადაწყობასა და თანაბრად განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს. სალუქვაძემ ტრანსპორტთან დაკავშირებითაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ უპირატესობა ფეხით მოსიარულეს უნდა მიეცეს: 

„სატრანსპორტო დერეფანი, ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, სადაც შეიძლება გაიაროს როგორც ავტობუსმა, ისე ტრამვაიმ. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელშეწყობა. საერთოდ უნდა ამოტრიალდეს სატრანსპორტო მოძრაობასთან დაკავშირებული იერარქია, რომელიც არსებობს, უპირატესობა უნდა მიეცეს ფეხით მოსიარულეს. ჩვენთან ყველაფერი კეთდება და გაკეთდა ათწლეულების განმავლობაში იმისთვის, რომ ყველაზე დაჩაგრული იყოს ფეხით მოსიარულე, არადა, ყველაზე მეტი ფეხით მოსიარულეა დღეს თბილისში“.

სალუქვაძე ველობილიკებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ არ შეიძლება ბილიკების ქაოტურად მოწყობა: „არ შეიძლება ეს საველოსიპედო ბილიკები უსისტემოდ და ქაოტურად მოეწყოს. ყველაფერი გეგმაზომიერად უნდა მიმდინარეობდეს. გენერალური გეგმის გარეშე როგორი ქალაქი შეიძლება მივიღოთ ამას ვხედავთ როგორც კი გავალთ შენობიდან“.  

„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მერიისადმი შეთავაზებულ წინადადებებზე უფრო კონკრეტულად „ქრონიკა პლუსი“ ორგანიზაციის დირექტორს, მამუკა სალუქვაძეს ესაუბრება:

- ბატონო მამუკა, რა ნაბიჯებს ითვალისწინებს თქვენი წინადადებები?

- ჩვენ მოვიძიეთ, მოვიპოვეთ მასალები, გავაკეთეთ ანალიზი ამ მიმართულებებით, რომელშიც არამხოლოდ ქალაქგეგმარებითი, არამედ სხვადასხვა მომიჯნავე დარგის სპეციალობებიც ჩართულია. ანალიზის შედეგად ჩამოყალიბდა ის, რაც ქალაქს ბევრი წლის განმავლობაში არ ჰქონია. მიწათსარგებლობის კუთხით ქალაქს დავუსახეთ, თუ როგორ უნდა განვითარდეს, ამ კუთხით რა მიმართულებებია პრიორიტეტული, რადგან, მოგეხსენებათ, ჩვენ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ვაკეთებთ და არა სტრატეგიებს და ა.შ. 

კონცეფციაში სამი ძირითადი მიმართულება გამოვყავით, რომელშიც მერე შეიძლება სხვა საკითხებიც ჩართული იყოს. პირველი კომპაქტური ქალაქია. ინტენსიური განვითარება სწრაფად განვითარებას და რაღაცების ჩაშენებას არ ნიშნავს. ქალაქში არსებობს განაშენიანებული ტერიტორიის კონტური და ასევე გაუნაშენიანებელი, სადაც სასოფლო მიწები, ლანდშაფტური ტერიტორიები, სატყეო მიწებია. ჩვენ ვამბობთ, რომ იმ გათვლების, დემოგრაფიული კვლევისა და იმ რესურსების საფუძველზე, რომელიც ქალაქს გააჩნია (და რომელიც ჩვენთან გაკეთდა), მოდით ქალაქი უკვე განაშენიანებული კონტურის შიგნით განვითარდეს და არ დავიწყოთ ახალი ტერიტორიების საცხოვრებელ კვარტლებად და ა.შ. გამოყენება. 

რა თქმა უნდა, თუ საზოგადოებრივი ინტერესი იქნება, რომ იქ რაღაც სპორტული ობიექტი მოეწყოს და ა.შ. ეს შეიძლება გაკეთდეს კიდეც. კი ბატონო, გარკვეულწილად, ეს ქალაქის განაშენიანებული კონტურის გარეთ მოხდეს, მაგრამ ქალაქგარეთ საცხოვრებლად ახალი ტერიტორიების გამოყოფა სწორად არ მიგვაჩნია. ბევრი რამე არსებობს ამის საწინააღმდეფოდ.

პირველ რიგში ის, რომ უკვე გაცემული ნებართვების ძალიან დიდი რაოდენობაა, ეს ათწლეულების განავლობაში გაცემული დოკუმენტებია. დაახლოებით, 6,5 მილიონ კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართზე ნებართვები არის გაცემული, რომლიდანაც ბევრი ჯერ არ აშენებულა. აქედან სულ შეიძლება 20, 30 პროცენტი იყოს აშენებული. დანარჩენი როგორც ჩანს აშენდება, რადგან ჩვენ არსებული ნებართვების რეალობის წინაშე დავდექით. 

ამავე დროს, ქალაქში არის ტერიტორიები, რომელიც გასაღებითაა ჩაკეტილი და მას არავინ იყენებს. ეს ე.წ. ყოფილი საწარმოო ტერიტორიებია, რომელიც ქალაქისთვის ასევე გარკვეულ რესურსს წარმოადგენს. ასეთი კი დაახლოებით 800 ჰექტარი ტერიტორიაა, რაცა პატარა ფართობი ნამდვილად არ არის. 

იმაზეც ვიფიქროთ, თუ ვიღაცის ახირებაა, რომ მაინცდამაინც ქალაქგარეთ რაღაც თავისუფალ ტერიტორიაზე უნდა ავაშენოო, ეს შემდეგ ქალაქისთვის დამატებით ხარჯების გაღებას გამოიწვევს. ეს იქნება საინჟინრო კომუნიკაციების, გზების მიყვანა, რაღაც სერვისის ობიექტები უნდა შეიქმნას დ ა.შ. როგორც წესი, ეს წლებზეა გათვლილი, მანამდე იმ დასახლებებს რეალურად არაფერი ექნებათ და ყველაფრისთვის ისევ ქალაქში ირბენენ. რაც ისევ ქალაქს გადატვირთავს და მის შესაძლებლობებს არაეფექტურად გამოიყენებს. 

ამიტომ ინტენსიური განვითარება ნიშნავს, რომ ქალაქის ცენტრთან ერთად მისი გარეუბნებიც უნდა განვითარდეს. არ შეიძლება ვარკეთილში მცხოვრები ადამიანი მძიმე მდგომარეობაში იყოს და არანაირი სერვისი არ ჰქონდეს, მხოლოდ ვაკისა და რუსთაველის მაცხოვრებელი კარგ მდგომარეობაში იყოს, რადგან ყველაფერი აქვე, გვერდზე აქვს. 

აქედან გამომდინარე, ჩვენ ე.წ. პოლიცენტრული არეალები მოვნიშნეთ. ანუ ვამბობთ, რომ ქალაქს ერთი ცენტრი კი არ უნდა ჰქონდეს, პირიქით, ეს ცენტრი მაქსიმალურად უნდა გამოვათავისუფლოთ, შევზღუდოთ იქ გარკვეული მშენებლობები, სერვისების განთავსება და ეს ყველაფერი გადავიტანოთ იქ, სადაც მოსახლეობის დიდი რაოდენობა ცხოვრობს, ანუ გარეუბნებში. მე ისევ ქალაქის განაშენიანებულ ტერიტორიაზე ვსაუბრობ, ეს არის ვაზისუბანი, დიდი დიღომი, გლდანი...

იქ გარკველწილად ჩამოყალიბებულია ცენტრის ფუნქციები, მაგრამ ჩვენ გაძლიერებაზე, სერვისების დამატებაზე ვსაუბრობთ. გვაქვს ასეთი გათვლები, რეკომენდაციები, თუ რა სახის ობიექტები შეიძლება განვითარდეს ამა თუ იმ ტერიტორიაზე. მათ შორის გაძლიერდეს საინჟინრო, საგზაო ინფრასტრუქტურა და ა.შ. მიმოსვლა შესაძლებელი იყოს, ვთქვათ, დიდი დიღმიდან ადამიანი მარტო ერთ ავტობუსს არ ელოდებოდეს, არსებობდეს სატრანსპორტო კორიდორი, რომელიც დანარჩენ ქალაქს ძალიან კარგად დააკავშირებს და ასეთი კორიდორები მოვნიშნეთ კიდეც ჩვენს ნამუშევარში.

- მეორე მიმართულებაზე გადავიდეთ...

- მეორე დიდი მიმართულება - თბილისი მწვანე ქალაქია. თუ ვინმე შემოგვედავება, რომ დედაქალაქი კარგად გამწვანებულია, ეს მის სინდისზე იყოს, ალბათ, მან უკეთესად იცის. მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ თბილისის განაშენიანებულ ნაწილში ძალიამ მწირია გამწვანებისა და რეკრეაციის წილი. დაახლოებით, ეს შეიძლება იყოს სამნახევარი, ოთხი კვადრატული მეტრი ერთ ადამიანზე. თან კიდევ ერთი ფაქტორია, რომ უკვე რამდენიმე ათწლეულია, თბილისში ახალი საპარკო მშენებლობა არ ყოფილა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამას მივაქციოთ მნიშვნელოვანი ყურადღება და ამისთვის გარკვეული გზებიც დავსახეთ. მოვნიშნეთ გარკვეული ტერიტორიები, სადაც შეიძლება სწორედ ამ გამწვანებისა და რეკრეაციის განვითარება. 

მაგალითად, პირდაპირ ვითხოვთ, რომ იგივე დიღმის ჭალების ტერიტორიაზე (ის ნაწილი, რომელიც შესაძლებელია განაშენიანებისგან დავიცვათ, იქაც წლების წინ განაშენიანების პროცესი წავიდა) საპარკე ზონა გაკეთდეს. ამისთვის მოვნიშნოთ საზღვრები, რომ იქ უკვე შენობების ჩასმა აღარ მოხდეს. ეს იმიტომაც გვინდა, რომ იქ მტკვრის ბუნებრივი სანაპიროა. მოგეხსენებათ, ასეთი სანაპიროები ბევრი აღარ დარჩა. ჩრდილოეთ ნაწილში ეს დიღმის ჭალების ტერიტორიაა და ქვემოთა ნაწილში ფონიჭალისკენაა, დანარჩენი შემოსაზღვრულია და ეს ძალიან კარგად იცით.  

ასევე თბილისის მერიას შევთავაზეთ, რომ თემქაზე, ხევძმარის ხეობაში საპარკო ზონა გაკეთდეს.  საკმაოდ დიდი ტერიტორიაა და იქ ასევე შეიძლება სპორტული ზონაც იყოს და ა.შ. მოკლედ, სავსებით შეიზლება ეს ტერიტორია კარგად მოეწყოს, მოსახლეობამაც მიიღოს ამაში მონაწილეობა და იგრძნონ, რომ ყურდღება ექცევათ, შემდეგ ამით ისარგებლონ, ჩავიდნენ და დაისვენონ.

სხვა ტერიტორიებზეც არის საუბარი, როგორც გითხარით, ფონიჭალისკენაც შეიძლება საპარკო ზონის მოწყობა. ბუნებრივია, ქალაქის შიგნით ამგვარი ტერიტორიების გამოძებნა ჭირს. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვზღუდავთ ყველანაირი მშენებლობის საშუალებას, სადაც უკვე ჩამოყალიბებული რეკრეაციული ტერიტორიებია. მაგალითად, იპოდრომის ტერიტორია, ლანდშაფტურ ტერიტორიებად მივიჩნიეთ კუსტბა, ლისის ტბა და ა.შ. ანუ ის ტერიტორიები, რომლებიც ყველანაირი ჩარევისგან მაქსიმალურად უნდა დავიცვათ, რადგან ამის პრეცენდენტები არსებობს და თქვენ ეს მოგეხსენებათ. 

დიდი ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ იქნებ მცირე მდინარეების გახსნის საშუალება მოგვეცეს. ამისთვის ჩვენ გარკვეული არეალები შევარჩიეთ. ბევრი მცირე მდინარე კოლექტორში მოთავსებულია, ან საცხოვრებლების შუა წელში გადის, ან პირდაპირ მასზე ზემოთ განაშენიანებაა. რაც ძალიან ცუდი პრეცედენტია და ამის შედეგი უკვე ვიწვნიეთ, როდესაც ვერეს ხეობაში სტიქიური მოვლენები მოხდა. იქ არამარტო საცხოვრებელი იტბორებოდა, არამედ მსხვერპლიც იყო.

ამიტომ გვინდა, რომ სადაც შესაძლებელია მდინარის ნაპირები გაიხსნას და ამ ხეობებსა და სანაპიროებს (რომლებიც თბილისში მრავლადაა) რეკრეაციული ფუნქცია მიენიჭოს. დღეს ეს ადგილები ნაგავსაყრელებად ქცეულია და ასევე იქ დაუმთავრებელი მშენებლობებია. ამის შემდეგაც შეიძლება ვიღაცებმა იქ მშენებლობა დააპირონ და ა.შ. ამიტომ იქ, სადაც შესაძლებელია, ეს ტერიტორიები უნდა გამოთავისუფლდეს და რეკრეაციის ფუნქცია მივანიჭოთ, რომ ადამიანებისთვის დასვენების საშუალებად იქცეს. ესეც არაა პატარა ტერიტორია, დაახლოებით 400 ჰექტარია, მცირე მდინარეების ხეობები რომ გამოთავისუფლდეს და რეკრეაციული ზონები მოეწყოს. 

- სატრანსპორტო პრობლემატიკას რაც შეეხება?

- ჩვენი კანცეფციის ნაწილი, კარგად შეკავშირებული ქალაქი იმას ნიშნავს, რომ სატრანსპორტო პრობლემატიკა იმ დონეზე უნდა იყოს, რასაც თბილისის მიწათსსარგებლობის გენერალური გეგმა და, საერთოდ, გენერალური გეგმა საზღვრავს. ჩვენ ათი ათასიან მასშტაბში ვმუშაობთ, ყველა კვანძისა და მოძრაობის ორგანიზებას არ ვაკეთებთ, რადგან ეს დეტალურ დაგეგმარებას ითხოვს; რაც შემდეგი ეტაპის დოკუმენტებია და ამაზე მერიამ კონკურსი ან ტენდერი უნდა გამოაცხადოს, ეს მისი გასაკეთებელია. ეს არის სატრანსპორტო მოდელირება იმისთვის, რომ ჩვენ თითოეული კვანძის დონეზე გადაწყვეტები მივიღოთ. 

ვიმეორებ, ამ მიმართულებით ქალაქს გარკვეული ნაბიჯები გადადგმული აქვს, სატრანსპორტო სტრატეგია უკვე არსებობს. ასევე შიდამეურნეობების კვლევაა გაკეთებული სატრანსპორტო კუთხით, ანუ ვინ როგორ იყენებს მანქანას, - ახლა სატრანსპორტო მოდელირება არის გასაკეთებელი.

ჩვენ რაც დავსახეთ, ეს სატრანსპორტო დერეფნებია, მათ შორის ერთ-ერთი გამჭოლი დერეფანია, რომელიც დღეს ქალაქში არ არსებობს. ვიცით, რომ არის ორი სანაპირო ზოლი, სანაპირო-სატრანსპორტო მაგისტრალი. მაგრამ კიდევ ერთი მძლავრი ზოლი, ქალაქის ერთი კუთხიდან მეორემდე უწყვეტად რომ შეძლოს მანქანების გატარება, სწორედ ასეთი მოვნიშნეთ ერთ-ერთ სატრანსპორტო დეფრეფნად. 

მეორე სატრანსპორტო დერეფანი დიდი დიღმიდან მაღლივ კორპუსამდე და მესამე მაღლივი კორპუსიდან ორთაჭალაში, გულუას მოედნამდე იქნება. ჩვენ ხშირად ტრამვაისთან და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, რომელიც შეიძლება უფრო შემდგომ ეტაპზე გაკეთდეს, როცა ამისთვის გარკვეული ფინანსებიც გაჩნდება. მანამდე, ამ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოკვეთილი პრიორიტეტი უნდა არსებობდეს. 

ასევე დღეს არსებული იერარქია უნდა ამოვატრიალოთ (ყველა ევროპულ ქალაქში რეალურად ასეა). ჩვენთან რა არის პრიორიტეტული? დამეთანხმებით, რომ ეს კერძო ტრანსპორტია, აქ ხომ ყველაფერი მას ექვემდებარება და ემორჩილება, ტროტუარიც კი დღეს მის საკუთრებაშია. სწორედ ამას უნდა ვეცადოთ, რომ ეს ქალაქი უპირველესად ფეხით მოსიარულისთვის იყოს, შემდეგ ველოსიპედისტებისთვისაც სათანადოდ კომფორტული უნდა იყოს. რამდენადაც თვალი უნდა დავხუჭოთ, ამ ქალაქში არიან ველოსიპედისტები და თუ ხელს შევუწყობთ, რომ ადამიანებმა ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ, მაშინ ამის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს იქ, სადაც კი ეს შესაძლებელია. 

ამასაც ველოქსელის განვითარების კონცეფციის, პროექტის შემუშავება სჭირდება. სამწუხაროდ, ბევრი ასეთი კვლევები არ გვაქვს. ამიტომ ეს გასაკეთებელია, ასე იქცევიან ქალაქები, სადაც ჩვენ მოგვწონს ყოფნა, უცხოეთს ვგულისხმობ. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ და აქ სხვა გამოსავალი არ არსებობს. 

საჯარო ტრანსპორტი ცალსახად პრიორიტეტი უნდა იყოს და მხოლოდ შემდეგ შეიძლება ჩვენ ვიზრუნოთ კერძო მანქანებზე. ეს კერძო მანქანები რომ შეიზღუდება, ესეც რეალობაა, რადგან მართლა არ შეიძლება, რომ მათ ბოლომდე შეიწირონ ამ ქალაქში  ყველაფერი, მათ შორის ეკოლოგიური მდგომარეობა. დადიან იქ, სადაც მიგვაჩია, რომ ეს საჭირო არ არის. 

ამიტომ ქალაქში საჯარო ტრანსპორტის განვითარებისთვის ძალიან კარგი პირობები უნდა შეიქმნას. ამისთვის აუცილებელია პარკირების ძალიან კარგი და მოქნილი სისტემა ჩამოყალიბდეს, რეალური სისტემა და არა ისეთი, როგორიც დღეს ქალაქში მოქმედებს. 

ასევე დაახლოებით 8-10 განივი კავშირი გვაქვს მონიშნული კონკრეტულ ტერიტორიებზე, რომელმაც მარცხენა სანაპირო მარჯვენასთან უნდა დააკავშიროს. იცით, რომ რკინიგზის გადატანის საკითხი ისევ ამოვწიეთ და ვთქვით, ეს სწორი წინადადება იყო. ვამბობთ, რომ შეიძლება და აუცილებელიცაა ამის გაკეთება. სწორედ მის ადგილას გაივლის დედაქალაქის უწყვეტი საავტომობილო გზა. 

ხშირად იმაზე საუბრობენ, რომ რკინიგზის გადატანა იმისთვის უნდათ, რომ იქ საცხოვრებლები ააშენონო. ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი მიდგომა გვაქვს. ვცდილობთ, რომ გადაჭარბებული მშენებლობა შევზღუდოთ, რადგან როგორც მოგახსენეთ 6,5 მილიონ კვადრატულ მეტრზე ნებართები უკვე გაცემულია. ასე რომ, ეს ძალიან დიდი რესურსია, მოთხოვნა ნამდვილად არ არის და ამიტომ კიდევ საცხოვრებლების ნებისმიერ ტერიტორიაზე დაშვება გამორიცხულია. 

პირიქით, გამოთავისუფლებული ტერიტორიები მაქსიმალურად გამწვანებისა და რეკრეაციისთვის უნდა გამოვიყენოთ. ის, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, რომ თავი კომფორტულდ იგრძნოს, ელემენტარულად სუნთქვის საშუალება მოგვეცეს... აგერ ზაფხულია და გრძობთ თბილისში რა მდგომარეობაა, ეს რეალობა კიდევ უფრო გართულდება, თუ მსგავსი რადიკალური ნაბიჯები არ გადავდგით.

აი ეს სამი ძირითადი ნაწილია, სადაც, რასაკვირველია, ბევრი დამატებითი საკითხიც შედის. 

- ამ წინადადებების კონკრეტული ადრესატები ვინ არიან და რა რეაგირებას იღებთ მათგან?

- ამაზე საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა და დამკვეთი დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურია. ამიტომ ჩავთვალოთ, რომ დამკვეთი თბილისის მერიაა. ჩვენ ასეთი დავალება გვქონდა და მათ ყოველ სამ თვეში ერთხელ გარკველი დოკუმენტაციის ჩამონათვალს ვაძლევდით. ისინი მიღება-ჩაბარების ფორმით ამ ყველაფერს იბარებდნენ, იქ შენიშვნებიც იყო, გასწორებაც და ა.შ. მოკლედ, სამუშაო პროცესია. 

შედეგად, სქელტანიანი დოკუმენტი დავდეთ, იქ უამრავი რუკაა, რომელიც სხვა დროს არ გაკეთებულა. მარტო 70-მდე თემატური რუკაა, აღარაფერს ვამბობ იმ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, როგორიც შეზღუდვების, სტრუქტურული ფუნქციებისა და ზონირების რუკაა. 

საერთოდ, ეს არ არის ყველას დოკუმენტი, ეს ძირითადად არქიტექტურის სამსახურისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტია. თუმცა არ შეიძლება არქიტექტურის სამსახურმა ამით ნებართვები გასცეს. ამიტომ ჩვენ თავიდანვე მოვნიშნეთ ტრიტორიები, სადაც პირველ რიგში უნდა განხორციელდეს შემდეგი ეტაპის ქალაქგეგმარებითი დოკუმენტები, როგორც ეს კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ეს განაშენიანების რეგულირების გეგმებია, ხოლო პარამეტრები, მოცულობები, კონკრეტული ზონირება სწორედ ამ დოკუმენტის მეშვეობით უნდა მოხდეს. და უკვე ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა შეიძლება გასცეს შესაბამისი ნებართვა. 

აი ასეთი სიტუაციაა, საბოლოოდ, ეს დოკუმენტი საკრებულომ უნდა დაამტკიცოს და შემდეგ ის უკვე ნორმატიული დოკუმენტი გახდება. 

- რამდენად ელოდებით მერიის მხრიდან თქვენი წინადადებების სათანადოდ გათვალისწინებას?

- რთული საკითხია და ეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ. ჩვენ ხელშეკრულება ნოემბერში გვიწყდება, მანამდე ვცდილობთ ეს დოკუმენტი მაქსიმალურად სრულყოფილი იყოს, ყველა საკითხი მასში შევიდეს. და თუ რაღაც დასჭირდებათ, ბუნებრივია, ჩვენ მათ მივეხმარებით ყოველგვარი დაფინანსებისა და ამის გარეშე. ეს იმიტომ, რომ ამ დოკუმენტის მიმართ უბრალოდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. შემდეგ ჩვენი ჩარევა უკვე პრაქტიკულად გამორიცხული იქნება. რადგან ვართ ორგანიზაცია, რომელმაც კონკურსი გაიმარჯვა და ხელშეკრულება დაიდო. ამის შემდეგ ჩვენ მერიის ორგანო არ ვართ, რომ ადგილზე ვიჯდეთ, რაღაცები ვასწოროთ და ვაკეთოთ.

ამავე დროს, ჩვენ შევთავაზეთ, რომ თვითონ მერიის წიაღში სტრუქტურა ჩამოყალიბდეს (ზუსტად როგორი იქნება, ვერ გეტყვით), რაგან ვფიქრობთ, რომ არქიტექტურის სამსახური თავს ვერ გაართმევს იმას, რომ მართოს და ამ პროცესებს მონიტორინგი გაუწიოს, რაც მიწათსარგებლობის გენგეგმას შეეხება. ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა შეიძლება ნებართვები გასცეს, მაგრამ აუცილებელი იქნება გარკვეული ორგანო. როდესაც ინსტიტუცია ინსტიტუციისთვის არ უნდა იყოს, იქ არ უნდა იყვნენ ისეთი არაკომპეტენტური ადამიანები, რომლებიც უბრალოდ დასხდებიან და ამაში ხელფასს აიღებენ.

ეს უნდა იყოს ძალიან კარგად ჩამოყალიბებული ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მუდმივად იმუშავებს ტექნიკურ დავალებებზე, განაშენიანების რეგულირების გეგმებისთვის კონკურსების მოწყობაზე, ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობაზე და ა.შ. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ჩვენ რეალურ შედეგს დავუცადოთ. 

ნამდვილად არ გვინდა, რომ ეს თაროზე შემოსადები დოკუმენტი იყოს, რადგან ამ ყველაფერში ძალიან დიდი ენერგია ჩავდეთ და ასევე ძალიან დიდი სიყვარული ჩვენი ქალაქის მიმართ. ეს უბრალო სიტყვები არ არის, მახსოვს რამდენად რთული გზა გამოვიარეთ. ძალიან ძნელია ისეთ ქალაქზე მუშაობა, როგორიც თბილისია, ამაში ჩვენი პარტნიორები ძალიან დაგვეხმარნენ, გერმანელი, ფრანგი პარტნიორები ყვავს. ახალი ევროპული მიდგომები მათთან ერთად გავიარეთ და ქალაქს შევთავაზეთ. 

ამიტომ თუ ამ პროექტის განხორციელება მოხდება, ძალიან კარგი შედეგები მიიღება და ამის დანახავა შეეძლება მოსახლეობას.

სხვათაშორის, გარკვეული ღონიძიებები ასე გავწერეთ, ყველაფერი სწრაფად, საშუალო ვადაში და უკვე ხანგრძლივ ვადაში უნდა განხორციელდეს. ასე რომ, რაც უფრო ბევრი ღონისძიება სწრაფად განხორციელდება, ჩვენ ამით გარემოს დავიცავთ კიდეც, მას მაქსიმალურად შევინარჩუნებთ, ქალაქი სწორად განვითარდება და არსებულ ქაოტურ პროცესებსაც რაღაცნაირად შევაჩერებთ. 

ეს სრულიად აუცილებლია, თუ ჩვენ ყველას ეს ქალაქი გვიყვარს და თუ არ გვიყვარს, მაშინ ეს სხვა საქმეა.    

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია