მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ირაკლი ცქიტიშვილი: აფხაზები ეძებენ გზებს, თუ როგორ დაუკარგონ იქაურ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობა, მოწყვიტონ თბილისს - 22 აგვისტო 2017

"ოკუპაციის თვალსაზრისით „დიდი მნიშნველობა ნამდვილად არ აქვს იმ ფაქტს, ის 400 მეტრშია თუ 800-ში, რადგან საზღვარი გადის კავკასიონზე და რუსების ბოგინი საქართველოს მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე ჩვენთვის პრობლემურია“ 

ufleba.ge

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას მორიგი ულტიმატუმი წაუყენეს. 2018 წლის პირველი იანვრიდან რეგიონში მცხოვრებლებს ყველანაირი დოკუმენტი უუქმდებათ. ე.წ. აფახაზეთის რესპუბლიკაში საცხოვრებლად მათ ორი გამოსავალი აქვთ. აფხაზეთში ცხოვრების მსურველებმა ან უნდა აიღონ აფხაზური ე.წ. პასპორტები, ან აიღონ ბინადრობის ნებართვა. ბინადრობის ნებართვა გამორიცხავს საბუთის მფლობელის მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში და მას უზღუდავს ოკუპირებულ რეგიონში ქონების ფლობას. 

ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათი კანონმდებლობით ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა თუ პირი რუსეთის მოქალაქეა.

„ამ ხელში აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის ახალი პასპორტი მიჭირავს, მეორე დოკუმენტი კი იძლევა აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრების ნებართვას. მიზეზთა გამო, გალის რაიონის 96% საქართველოს მოქალაქეა. ეს ხალხი არ შეიძლება იყვნენ ერთდროულად აფხაზეთის და საქართველოს მოქალაქეები. აფხაზური კანონმდებლობა არ უშვებს ორმაგ მოქალაქეობას, გამონაკლისი მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებზე ვრცელდება,“ - აცხადებს გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თემურ ნადარაია.

ნადარაიას განცხადებით, ბინადრობის ნებართვის ქონა საბუთის მფლობელს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას გამორიცხავს.

„დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ დაიწყო აფხაზეთში ცხოვრების ნებართვის დოკუმენტის გაცემა, ამ დოკუმენტით არ გექნებათ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, პარლამენტში არჩევისა ან ქონების შეძენის უფლება, თუმცა შეძლებთ მიიღოთ განათლება, მართვის მოწმობა და აიღოთ კრედიტი და ა.შ. მაგრამ, თუ პირი უარს იტყვის საქართველოს მოქალაქეობაზე და 1994-99 წლებში ხცოვრობდა აფხაზეთში, მას შეუძლია აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება. ვისაც ქართული დოკუმენტები აქვს, უნდა იჩქაროს, იმიტომ, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან არც საბჭოთა პასპორტი და არც ფორმა ნომერი ცხრა აღარ იმოქმედებს. იმოქმედებს, მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი და ცხოვრების ნებართვა, დრო არც ისე ბევრია,“ - აღნიშნავს თემურ ნადარაია.

ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. 

ამ თემაზე „ქრონიკა პლუსი“ ექსპერტ ირაკლი ცქიტიშვილს ესაუბრება. 

- ბატონო ირაკლი,  რეალურად რა მიზნებს ისახავს გალში ახალი წლიდან დაგეგმილი ე.წ. პასპორტიზაცია? 

- პასპორტიზაციის საკითხი, ან რაიმე ისეთი დოკუმენტიც გაცემა, რომელიც გალის რაიონის მაცხოვრებლებს მისცემს საშუალებას იმოძრაონ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, დიდი ხანია მწვავედ დგას. 

რაულ ხაჯიმბამ, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე შეასრულა თავისი დანაპირები და გალის მოსახლეობას გაუუქმა ადგილობრივი „პასპორტები“. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ხაჯიმბასა და მისი რუსი კურატორების აზრით, ქართული მოსახლეობა ახდენდა საკმაოდ სერიოზულ გავლენას იქაური არჩევნების შედეგებზე, რაც ჯერ ბაღაფშის, ხოლო შემდეგ ანქვაბის არჩევით წარმოჩინდა. პასპორტების ჩამორთმევით ხაჯიმბამ ქართული გავლენა პოლიტიკური პროცესებზე მინიმუმამდე დაიყვანა.

მიუხედავად მისი დაპირებებისა, რომ პასპორტიზაციის საკითხს უახლოეს ხანში გადაწყვეტდა, გალის მოსახლეობა დღემდე ვერ იღებს იმ ფარატინა ქაღალდსაც კი, რომელსაც აფხაზური რეჟიმი გასცემს. დღემდე გრძელდება ბჭობა იმის შესახებ, თუ რა სახის სტატუსი უნდა ჰქონდეთ გალელებს. 

აფხაზები პრობლემას ხედავენ იმ ფაქტში, რომ გალის მოსახლეობის უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა და ისინი ამას არც მალავენ. ამიტომ გადაწყდა, რომ მათ ბინადრობის მოწმობები მიეცეთ. ეს დოკუმენტი გალელებს მისცემს საშუალებას თავისუფლად გადაადგილდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაგრამ არ მისცემს უფლებას მიიღონ მონაწილეობა ისეთ პოლიტიკურ პროცესებში, როგორიც არჩევნებია. 

გალის აფხაზური ადმინისტრაციის თავკაცმა, ნადარაიამ ამას წინათ ერთი საინტერესო სქემა გააჟღერა - მან შესთავაზა გალელ ქართველებს უარი თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე რუსეთის მოქალაქეობის სასარგებლოდ; ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი რუსულ მოქალაქეობას მიიღებენ, აფხაზური მხარე შეძლებს მათთვის „აფხაზური მოალაქეობის“ მინიჭებას, რადგან აფხაზურ რეჟიმს რუსეთთან „ორმაგი მოქალაქეობის“ შესახებ შეთანხმება გააჩნია. 

ეს განცხადება მიუთითებს მხოლოდ ერთ რამეზე - აფხაზები ეძებენ გზებს, თუ როგორ დაუკარგონ იქაურ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობა, მოწყვიტონ თბილისს და თავს მოახვიონ „აფხაზური იდენტობა“.

- რაც შეეხება სოხუმში პუტინის ვიზიტს და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ფონს, რომელიც სადღეისოდ იქ არსებობს? 

- რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიზიტი აფხაზეთში სამ ძირითად მიზანს ემსახურებოდა: პირველი და მთავარი - გზავნილი მსოფლიოს, რომ აფხაზეთი წარმოადგენს რუსული ინტერესების სფეროს და ეს მესიჯი იყო პასუხი საქართველოში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტზე. 

მეორე საკითხი: პუტინის ვიზიტი დაემთხვა საკმაოდ რთულ პერიოდს აფხაზეთში - კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესებას, რომელთა მსხვერპლი რუსი ტურისტები გახდნენ. თავისი ვიზიტისას პუტინმა საკმაოდ მწვავედ გაამახვილა ყურადღება რუსი ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. 

და მესამე საკითხი, რომელიც მეორეს არის მიბმული - ერთობლივი საინფორმაციო ცენტრის შექმნა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 

კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესება (რუსი ტურისტის მოკვლა, რუსეთიდან გადმოსახლებული ქალბატონის „დაუთოვება“, დიდი აფეთქება სამხედრო საწყობში, რომელსაც რუსი ტურისტები ემსხვერპლნენ) და, პირველ რიგში, აფხაზების რუსების მიმართ დამოკიდებულების გაუარესება, სერიოზული საფრთხეა პუტინის რუსეთის ინტერესებისათვის. 

სწორედ მათ დასაწყნარებლად და დასაშოშმინებლად გააჟღერა პუტინმა, რომ აფხაზეთი 6 მლრდ რუბლის დახმარებას მიიღებს. თუმცა დიდი ნდობა აფხაზებს, ალბათ, ამ დაპირებისა არ უნდა ჰქონდეთ, ვინაიდან ძველი დაპირებებიც კი არაა შესრულებული, რუსეთის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო. 

შესაბამისად, სიტუაცია შესაძლებელია საერთოდ გამოვიდეს რუსეთის კონტროლიდან და აფხაზებმა, რომლებიც დღემდე ითმენდნენ რუსებს (რომელთაც ვერასოდეს ვერ იტანდნენ, მაგრამ უწევდათ ნაძალადევი ღიმილი, რომ „დამოუკიდებლობისთვის“ მიეღწიათ), სერიოზული პრობლემები შეუქმნან „მამა-მარჩენალს“. სწორედ ეს აშფოთებს მოსკოვს და პუტინის ვიზიტისას ამ თემას ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი ეკავა.

- ამ ფონზე, რას გვეტყვით მრავალეროვნული წვრთნების „ღირსეული პარტნიორი 2017-ის“ მნიშვნელობაზე? 

- სანამ პუტინი აფხაზეთს სტუმრობდა, აღმოსავლეთ საქართველოში მრავალეროვანი სწავლებები „ღირსეული პარტნიორი 2017“ ტარდებოდა. ეს სწავლებები სერიოზული მესიჯია დასავლეთის, და პირველ რიგში აშშ-ს მხრიდან, რომ ისინი სერიოზულად უყურებენ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას. ამის შესახებ საკმაოდ სერიოზულად საუბრობენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში და საკმაოდ მკაცრად იყო გაჟღერებული ეს პოსტულატები მაიკ პენსის ვიზიტისას საქართველოში. 

მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გაჟღერდა, ეს სწავლებები მესამე ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული არ არისო, პუტინს მოსვენებას არ აძლევს ნატოს ჯარისკაცების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე. ქართული ქვედანაყოფების გაწვრთნა მისთვის არაკლები თავსატეხია. მას ჯერ ისიც ვერ მოუნელებია, თუ როგორი წინააღმდეგობა გაუწია ნატო-ს მიერ გაწვრთნილმა ქართულმა ჯარმა რუსებს 2008 წლის აგვისტოში. 

პუტინს ნამდვილად არ სურს მიიღოს თავის საზღვრებთან მის მიმართ ავად განწყობილი კიდევ ერთი ისრაელი (მხედველობაში მაქვს საქართველოს საჯარისო მომზადება), ამიტომ ის ყველა ღონეს მიმართავს ამის წინააღმდეგ, თუმცა რუსეთის შესაძლებლობები ამ სფეროში ძალიან შეზღუდულია. 

ამიტომაც ყველა საერთაშორისო სწავლება უპრობლემოდ ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე, მიუხედავად კრემლის ყაყანისა. საბედნიეროდ, მსოფლიოში არსებული ფონი არ აძლევს პუტინს საშუალებას განახორციელოს კიდევ ერთი მასშტაბური პროვოკაცია საქართველოს მიმართ, შესაბამისად, ჩვენ გეგმიურად უნდა განვახორციელოთ საჯარისო მზადება და სვლა ნატო-ში.

- ოკუპაციის ზონებში  მიმდინარე პროცესები, „საზღვრების“ გადმოწევა და ამაზე ჩვენი ხელისუფლების რეაგირება როგორია?

- „ბორდერიზაციის“ პროცესი, რომელსაც რუსი ოკუპანტი საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს, სერიოზულ თავსატკივარს წარმოადგენს საქართველოსთვის. ოკუპაციის ხაზი უკვე 400 მეტრშია ცენტრალური ავტომაგისტრალიდან. დიდი მნიშნველობა ოკუპაციის თვალსაზრისით ნამდვილად არ აქვს იმ ფაქტს, ის 400 მეტრშია თუ 800-ში, რადგან საზღვარი გადის კავკასიონზე და რუსების ბოგინი საქართველოს მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე ჩვენთვის პრობლემურია. 

სამწუხაროდ, დღეს რაიმე შესაძლებლობა ამ პროცესს შევუშალოთ, არ არსებობს. უნდა გაგრძელდეს საერთაშორის ძალისხმევის მობილიზება ოკუპაციის პრობლემის წინააღმდეგ, ამავე დროს აუცილებელია მოხდეს ოკუპაციის მთელი ზოლის პატრულირება. ეს უკანასკნელი აუცილებელია, რათა უზრუნველვყოთ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება, რომ არ ხდებოდეს ოკუპანტების გადმოსვლა კონტროლირებად ტერიტორიაზე და აქედან ხალხის გატაცება. 

აქამდე ეს პრობლემა ცხინვალის მიმართულებით იყო, ბოლო დროს კი აფხაზეთის მიმართულებითაც შეინიშნება მიუხედავად იმისა, რომ ენგურის ნაპირის კონტროლი საკმაოდ ადვილია ცხინვალის საოკუპაციო ზოლთან შედარებით. 

ოკუპანტები უპრობლემოდ გადმოდიან ენგურზე და ჩვენს მიერ „კონტროლირებადი“ ტერიტორიიდან სრულიად უკონტროლოდ მიჰყავთ ჩვენ მოქალაქეები.

ამასობაში საქართველოს ხელისუფლების პოზიცია „რუსეთის არგაზიღიანების“ სამსახურშია და ამას ფარავენ, როგორც „პროვოკაციის თავიდან აცილების მცდელობებს“. ასეთი უმოქმედობა ოკუპანტებს აძლევს საშუალებას სრულიად დაუსჯელად იმოქმედონ იმ ტერიტორიებზე, რომელიც წესით ჩვენს მიერ კონტროლირებადად იწოდება.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია