მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ავთანდილ სულაბერიძე: დღეისათვის 20-50 წლის შრომითი ემიგრანტები თითქმის ორჯერ აღემატებიან ქვეყანაში დაეჩენილ ამ ასაკის მოსახლეობას - 19 ნოემბერი 2017

„ქვეყნიდან გასული 1.7 მლნ-ზე მეტი მიგრანტიდან, მოსალოდნელია უკან აღარ დაბრუნდეს დაახლოებით 800 ათასი კაცი“

ufleba.ge

მიმდინარე წლის დასაწყისისთვის საქართველოს მოსახლეობა 3 718 200 ადამიანს შეადგენდა. ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 2016 წლის დასაწყისისთვის მოსახლეობის რიცხოვნობა 3 720 400 კაცი იყო, შესაბამისად, 1 წლის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა ქვეყანაში 2 200 ადამიანით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტი - 5 443 400 კაცი 1989 წელს იყო.

„საქსტატის“ ცნობით, 2017 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, 2 128 600 კაცი საქალაქო, ხოლო 1 589 600 ადამიანი სასოფლო დასახლებაში ცხოვრობს. 

2016-2017 წლებში სასოფლო და საქალაქო დასახლებაში მცხოვრებთა რიცხვს თუ შევადარებთ, დავინახავთ, რომ საქალაქო დასახლებაში მცხოვრებთა რაოდენობა თითქმის უცვლელია. კერძოდ, 2016 წლის დასაწყისში ეს რიცხვი - 2 128 500, შესაბამისად მოსახლეობის რიცხოვნობა 2017 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, 100 კაცით არის გაზრდილი. სასოფლო დასახლებაში კი პირიქით შემცირებულია. კერძოდ, თუ 2017 წლის დასაწყისისთვის 1 589 600 კაცი იყო, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში 1 591 900 კაცი იყო. 

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2017 წლის დასაწყისისთვის, მოსახლეობიდან 1 781 500 ქალი, ხოლო 1 936 700 მამაკაცია. რაც შეეხება ასაკობრივ დაყოფას, 2017 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 15 წელს ქვემოთ 724 100 ადამიანია; 15-64 წლის მოსახლეთა რიცხვი - 2 456 700-ია, ხოლო 65 წელს ზემოთ 537 400 კაცია.

ქვეყნის დემოგრაფიულ რეალობაზე „ქრონიკა პლუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, ავთანდილ სულაბერიძეს ესაუბრება.

- თუ ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებამდე დემოგრაფიული დაბერების დაბალ ინტენსივობას შობადობის და სიცოცხლის ხანგრძლივობის დაბალი დონე განაპირობებდა, 1992 წლიდან დემოგრაფიული დაბერების პროცესში გარე მიგრაციის სახით ახალი, მესამე დემოგრაფიული კომპონენტი ჩაერთო. დღეისათვის 20-50 წლის შრომითი ემიგრანტები თითქმის ორჯერ აღემატებიან ქვეყანაში დაეჩენილ ამ ასაკის მოსახლეობას. ქვეყნიდან გასული 1.7 მლნ.-ზე მეტი მიგრანტიდან, შეფასებითი გაანგარიშებით, მოსალოდნელია უკან აღარ დაბრუნდეს დაახლოებით 800 ათასი კაცი.

1992 წლიდან  მკვიდრდება მოსახლეობის აღწარმოების შეკვეცილი ტიპი. 2016 წლის 1 იანვრისათვის საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა,  1992 წელთან შედარებით 1 730 ათასით შემცირდა და 3720.4 ათას კაცს შეადგენს.

მოსახლეობა შემცირდა როგორც ქალაქად, ასევე სოფლად, მაგრამ  მოსახლეობის შემცირებამ ძირითადად სოფელი დააზარალა, რომლის მოსახლეობა 23,8% –ით, ხოლო ქალაქის – 6,3%-ით  შემცირდა.   წლიდან-წლამდე უკაცრიელი სოფლების რაოდენობა საქართველოში მატულობს. მხოლოდ 2002 წლის შემდეგ 2014 წლამდე საქართველოში კიდევ 60-ზე მეტი სოფელი გაუკაცრიელდა  და 223 სოფელი შეადგინა. 

მსოფლიოს ზოგად დემოგრაფიულ ვითარებასათან შედარებით, საქართველოში განსხვავებული მდგომარეობა ჩამოყალიბდა. დღეისათვის მოსახლეობის აღწარმოების თვალსაზრისით, საქართველო განვითარებული ქვეყნების, ხოლო გარე მიგრაციის თვალსაზრისით – ნაკლებად განვითარებული ქვეყნების მსგავსია.

დემოგრაფიული დაბერება საქართველოში ჯერ კიდევ 1959 წელს, არსებული „ბეიბი ბუმის“ დროს აღინიშნა, როდესაც 65 წელს გადაცილებულთა წილმა მოსახლეობის საერთო რაოდენობაში 7,7% შეადგინა. ამასთან დაბადებისას მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის ოფიციალური მაჩვენებელი 72,7 წელი, ოდნავ გაიზარდა და თითქმის დღევანდელ დონეს 73,0 წელს უტოლდებოდა, ანუ 1960-2014 წლებში იგი სტაგნაციით ხასიათდებოდა. რც თავის მხრივ, 1989 წლამდე, მოსახლეობის დაბერების დაბალ ტემპს განაპირობებდა.

1960-2014 წლებში  მოსახლეობა 6,7 წლით დაბერდა. აღნიშნული პოზიტიური იქნებოდა თუ მოსახლეობის საშუალო მედიანური ასაკი არ გაიზრდებოდა, მაგრამ იგი 37 წლამდე გაიზარდა და მსოფლიო მოსახლეობის საშუალო  მედიანურ ასაკს  8,5 წლით,   სომხეთის 5.2 წლით, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოთ კავკასიის ფედერალური ოლქის საშუალო მაჩვენებელს (30,5 წელი) – 7.1 წლით, აზერბაიჯანს – 9.2 წლით, ხოლო თურქეთს – 9.3 წლით აღემატება.

საქართველოში, დღეისათვის  მოსახლეობის გაფართოებული აღწარმოების დონეზე (215 ბავშვი 100 ქალზე) შობადობის ზრდის მიუხედავად, უახლოეს პერიოდში მისი შემცირების ფონზე, მოკვდაობის ზრდის პირობებში, მოსახლეობის ბუნებრივი კლების შედეგად, დეპოპულაციაა მოსალოდნელი. 2030 წლისთვის, შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი კრიტიკულ ზღვართან შედარებით 0,37 ბავშვით ნაკლები იქნება, რაც მიუთითებს მოსახლეობის შეკვეცილ აღწარმობაზე.  ეს კი, კიდევ უფრო გააუარესებს 2050 წლის დემოგრაფიულ პოტენციალს.  მიუხედავად შემცირებისა, ჩვილთა მოკვდაობა (13,9%) ისევე, როგორც დღეს, 2030 წლისთვის განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელზე მაღალი იქნება.

მართალია, გაიზრდება მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას, როგორც ორივე სქესისთვის (75,2 წელი), ასევე მამაკაცებისთვის ( 71,9 წელი) და ქალებისთვის (78,2 წელი), მაგრამ ეს მაჩვენებლები განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ასევე შესამჩნევად დაბალ დონეზე იქნება. ასევე მცირდება, მაგრამ მაინც საგანგაშოა მამაკაცთა და ქალთა დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობათა შორის სხვაობა, რაც დღეისათვის 7-8 წელს შეადგენს.

ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების გაუარესების   თვალსაზრით, ბევრად უფრო  ცუდადაა საქმე  რეგიონებში. დღეისათვის მოსახლეობის ბუნებრივი მატება აღინიშნება მხოლოდ თბილისში, აჭარაში, ქვემო და შიგა ქართლის რაიონებში, დანარჩენ  მხარეთა ცალკეულ რაიონებში კი დეპოპულაციაა.  2030 წლისთვის მოსალოდნელი მიგრაციის დადებითი სალდო, 0,3‰-ის ფარგლებშია, რაც უმნიშვნელოა, და, ფაქტობრივად, ნულოვანი სალდოს ფარგლებში 1000 კაცს შეადგენს. ქვეყნიდან ისევ მოსალოდნელია ახალგაზრდობის გადინება, თუმცა მათ რაოდენობას გადაფარავს  უცხოეთიდან დაბრუნებული 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა. 

ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობით გამოირჩევიან: ქვემო ქართლი, ხოლო შემდეგ აჭარა, თბილისი,შიგა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. დაბალია 15 წლამდე მოსახლეობის წილი დეპოპულაციის მქონე რეგიონებში რაჭა-ლეჩხუმში  და ქვემო სვანეთში, იმერეთში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთში. სამაგიეროდ, ამ რეგიონებში, განსაკუთრებით რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ყველაზე დაბერებული მოსახლეობაა. დაბერებული მოსახლეობის ყველაზე დაბალი წილი აჭარასა და ქვემო ქართლშია.   

ამასთან, გრძელდება დემოგრაფიული სტრუქტურის დეფორმაციის ტენდენცია. მოსახლეობის საერთო რაოდენობაში მცირდება ახალგაზრდობის  და იზრდება 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის წილი.  

- არცთუ სახარბიელო პროცესი როგორ გაგრძელდება? 

- როგორც აღვნიშნე, ქვეყნიდან ისევ გაგრძელდება ახალგაზრდობის გადინება, თუმცა 2030 წლისთვის მათ რაოდენობას გადაფარავს უცხოეთში შრომითი ემიგრაციიდან დაბრუნებული 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის ნაწილი. აღნიშნული კიდევ უფრო გაუარესებს, დღეისათვის უკვე დეფორმირებული, მოსახლეობის რეგრესულ ასაკობრივ სტრუქტურას. 

შობადობის შემცირების შედეგად, 2030 წლისთვის, მოსახლეობის საერთო რაოდენობაში 16,4%-მდე შემცირდება 15 წლამდე ასაკის და 16,9%-მდე გაიზრდება 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის წილი, ანუ ერთმანეთს გაუთანაბრდება, რაც მოსახლეობის დაბერების მაღალ დონეზე მეტყველებს. 

დემოგრაფიული დაბერება, 2030 წლისთვის, კრიტიკულ ზღვართან შედარებით 2,4-ჯერ მაღალი იქნება და შობადობის შემცირებასთან ერთად მას განსაზღვრავს ერთი მხრივ, დაბალ დონეზე მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდა, მეორე მხრივ, სამშობლოში 65 წელს გადაცილებულ ემიგრანტთა ნაწილის დაბრუნება. ამ ფონზე 66,6%-მდე მცირდება შრომისუნარიანი მოსახლეობის წილიც, რაც გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

საქართველოში  დემოგრაფიული დაბერების სტრურული თავისებურებების უკეთ შეფასებისთვის, მასზე მოქმედ ზოგიერთ დემოგრაფიულ მაჩვენებლს შევადარებთ ევროკავშირის და პოსტკომუნისტური ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს. 

- შევადაროთ...

- დემოგრაფიული დაბერების პირველი თავისებურება ისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებისგან საქართველო გამოირჩევა დემოგრაფიული დაბერების დაბალ დონესთან ერთად 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის შედარებით მაღალი დონით. ამ უკანასკნელის შედეგად საქართველოს შრომითი რესურსების შევსების რეზერვი მეტია.

მინიმუმ 1-დან 9 წლამდე ვარირებს საშუალო მედიანურ ასაკთა შორის სხვაობა. ანუ საქართველოს მოსახლეობა შედარებით უფრო ახალგაზრდულია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნების და რუსეთის.

მამაკაცთა სიცოცხლის ხანგრძლივობასა და საპენსიო ასაკს შორის სხვაობა, ევროპის, ქვეყნებთან შედარებით საქართველოში, რუსეთის შემდეგ ყველაზე დაბალია. ქალთა ანალოგიური მაჩვენებელი (18,7 წელი) საკმაოდ მაღალია და ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს აღემატება.

ბოლო მეოთხედი საუკუნის მანძილზე მედიანური ასაკი ყოველ ოთხ წელიწადში ერთი წლით იზრდება, რაც პრობლემებს უქმნის არა მარტო ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობას, არამედ ნეგატიური შედეგის მომტანია მაკროეკონომიკური ზრდისთვის.

მედიანური ასაკის ყოველი ერთი წლით მატება ამცირებს ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტის წარმოების პოტენციალს დაახლოებით  2.5 პროცენტით.  სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი 2016 წლისთვის 1990 წლის დონეზე რომ დარჩენილიყოს, მშპ-ის ზრდის ტემპი იქნებოდა არა 2.7 პროცენტი, არამედ სულ ცოტა 3.1 პროცენტი, ანუ 0.4 პროცენტული პუნქტით მეტი. აღნიშნულის შედეგად ბიუჯეტი დამატებით სულ ცოტა, 35-40 მილიონი ლარით გაიზრდებოდა, რაც საკმარისია თითოეული პენსიონერისათვის პენსიის ყოველთვიურად დაახლოებით 5 ლარით მომატებისათვის.

დემოგრაფიული ზეწოლის შემდგომი ზრდა, ბუნებრივია,  გამოიწვევს უფროსი ასაკის მოსახლეობისათვის სახსრების უფრო ინტენსიური გადანაწილების აუცილებლობას. მაგალითად, დღეისათვის (2017წ), საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებანი საპენსიო უზრუნველყოფაზე 2-ჯერ აღემატება 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიან შემოსავლებს. მაგრამ შემოსავლებისა და კეთილდღეობის დონით, ეკონომიკური მდგომარეობით პენსიონერთა კონტიგენტი იყო და რჩება მარგინალურ ჯგუფად, მაშინ როდესაც განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში საპენსიო ასაკის მოსახლეობა სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან უფრო დაცული, კეთილდღეობის უფრო მაღალი დონითა და ღარიბთა უფრო დაბალი წილით გამოირჩევა. 

მაგალითად, აშშ-ში ღარიბთა წილი საპენსიო ასაკობრივ ჯგუფში (<65 წ.) დაახლოებით 2-ჯერ უფრო დაბალია (7.1%), ვიდრე მთელ მოსახლეობაში (13.5%) და დანარჩენ ჯგუფებში (15.2%).  

ზოგადად, განსხვავებული დემოგრაფიული სტრუქტურა ქალაქად და სოფლად (ქალაქის მოსახლეობა საქართველოში 5 წლით ახალგაზრდაა სოფლის მოსახლეობაზე - მედიანური ასაკი შეადგენს, შესაბამისად, 35 წელს და 40 წელს), აისახება ქალაქისა და სოფლის შინამეურნეობების შემოსავლებსა და მათ წვლილში ქვეყნის მშპ-ის ფორმირებაში. 

საქართველოში სოფლად ცხოვრობს მთელი მოსახლეობის 42.8 პროცენტი, თუმცა აგრარულ სექტორში იქმნება ქვეყნის მშპ-ის დაახლოებით 1/10, ხოლო ეკონომიკის სხვა სფეროებში სოფლად მცხოვრებთა წვლილი, დაახლოებით 4-5 პროცენტია. ანუ სოფლად მცხოვრებთა წილი ქვეყნის ეკონომიკაში დაახლოებით 3-ჯერ ჩამორჩება მათსავე წილს ქვეყნის მოსახლეობის მთლიან რიცხოვნობაში. ეს კი ადეკვატურ ასახვას ჰპოვებს შინამეურნეობათა შემოსავლებისა და კეთილდღეობის სტრუქტურაში. 

მიუხედავად იმისა, რომ სოფლად უმუშევრობის დონე ქალაქის ანალოგიური დონესთან შედარებით 4.2-ჯერ დაბალია (შესაბამისად, 5.0 პროცენტი და 21.1 პროცენტი), შრომის დაბალი მწარმოებლურობის გამო, საშუალოდ, ერთი შინამეურნეობის საშუალო შემოსავლები სოფლად ქალაქთან შედარებით 1/5-ით, ხოლო მთლიანი ფულადი სახსრები - თითქმის 1/3-ით  დაბალია. „სამაგიეროდ“, სახელმწიფო ფინანსური სისტემიდან მიღებული ფულადი სახსრები (პენსიები სტიპენდიები, დახმარებები...) სოფლად ქალაქთან შედარებით დაახლოებით 1.3-ჯერ უფრო მეტია.  

ამდენად, დღის წესრიგში რჩება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ახალ, დაგროვებით სისტემასთან ერთად   ქვეყნის მთლიან შიგა პროდუქტის ფორმირებაში ცალკეული ასაკობრივი ჯგუფების წილობრივი მონაწილეობის მასშტაბების (ქვოტების) დადგენა ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის უკეთ განხორციელების მიზნით.

საქმე ისაა, რომ დემოგრაფიული დაბერება,  ქვეყანაში არსებული მაღალი უმუშევრობის და სიღარიბის დონის პირობებში კიდევ უფრო „ამძიმებს“  ხანდაზმულთა დემოგრაფიული დატვირთვის მაღალ მაჩვენებელს, რაც გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დინამიზმზე. მოსახლეობის ერთი წლით დაბერება იწვევს მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოების პოტენციალის თითქმის 2,5 - პროცენტიან შემცირებას. საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა ამჟამად, რომ 1990-იანი წლების დასაწყისის დონეზე იყოს, ჩვენ საშუალება გვექნებოდა დამატებით გვეწარმოებინა ამჟამინდელზე არანაკლებ 3.2 მლრდ. ლარით (15-პროცენტით) მეტი მთლიანი შიგა პროდუქტი, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მოგვეხდინა ამჟამინდელზე დაახლოებით 800 მილიონი ლარით მეტი სახსრების აკუმულირება და აღნიშნულის ხარჯზე ფაქტობრივად გაგვეორმაგებინა საშუალო პენსია სამუშაო  ასაკის მოსახლეობის მოსალოდნელი შემცირების შედეგად წარმოქმნილ დემოგრაფიული დეფიციტის პირობებში კიდევ უფრო გაიზრდება ხანდაზმულთა დემოგრაფიული დატვირთვა.  შესაბამისად გაიზრდება  დემოგრაფიული დეფიციტის სოციალურ ფასი, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოქმნის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საბიუჯეტო სახსრების მოძიებაში.

ამ ასპექტით არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ხანდაზმულთა დემოგრაფიულ დივიდენდს (მეორე დემოგრაფიული დივიდენდი), რაც განვითარებულ ქვეყნებში წარმატებით გამოიყენება. ამის პოტენციალი საქართველოსაც გააჩნია. მოსახლეობის 2002 წლის აღწერით, საქართველოში დარჩენილი უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მქონეთაგან სპეციალობით საქმიანობდა მხოლოდ 14,4 პროცენტი, მაშინ როდესაც უმუშევარი იყო თითქმის ყოველი მეორე დიპლომიანი სპეციალისტი (47.5%)]. საქსტატის 2014 წლის მონაცემებით საქართველოს 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის 45% ეკონომიკურად აქტიურია, რაც  მეორე  დემოგრაფიული დივიდენდის სახით, წარმატებით გამოყენების საშუალებას იძლევა, თუმცა გასათვალისწინებელია ზემოთ განხილული მისი ფორმირების არსებული დემოგრაფიული თავისებურებანი.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია